ჰამალაინენი ფინეთის წინააღმდეგ (დიდი პალატა)

Hämäläinen v. Finland [GC]

საჩივრის ნომერი - 37359/09

მოპასუხე სახელმწიფო - ფინეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 16/07/2014

შედეგი: არ დარღვეულა მე-8 მუხლი, არ დარღვეულა მე-14 და მე-8 მუხლი კავშირში, არ დარღვეულა მე-14 და მე-8 მუხლები კავშირში.

არამატერიალური ზიანი –

მატერიალური ზიანი –

არამატერიალური ზიანი -

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8) პოზიტიური ვალდებულება

(მუხლი 8–1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 12) ქორწინების უფლება

(მუხლი 12) მამაკაცები და ქალები

(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 14) მსგავსი გარემოება

(მუხლი 18) დისკრიმინაცია

(მუხლი 14) სქესი

შეფასების ზღვარი

პროპორციულობა

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 176

ივლისი 2014

Hämäläinen v. Finland [GC] - 37359/09

განჩინება 16.7.2014 [დიდი პალატა]

მუხლი 8

პოზიტიურივალდებულება

მუხლი 8-1

ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

სქესის ცვლილების შემდგომ მომჩივნისთვის მდედრობითი საიდენტიფიკაციო ნომრის მიცემაზე უარი მანამ, სანამ ქორწინება სამოქალაქო პარტნიორობაში არ გადაიზარდა: არ არის დარღვევა

ფაქტები – ფინური კანონმდებლობის მიხედვით ქორწინება მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგნელებს შორის არის ნებადართული. თუმცა, რადგან ერთსქესიან წყვილებს არ აქვთ ქორწინების ნებართვა, მათ შეუძლიათ გააფორმონ სამოქალაქო პარტნიორობა. მომჩივანი დაიბადა მამაკაცად და 1996 წელს იქორწინა ქალზე. 2002 წელს წყვილს შეეძინა ბავშვი. 2009 წელს მომჩივანმა სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მან სახელი შეიცვალა, იგი ვერ ახერხებდა საიდენტიფიკაციო ნომრის მდედრობითი სქესის შესაბამისად შეცვლას ვიდრე მისი მეუღლე მათი ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნას არ დათანხმდებოდა, ან სანამ წყვილი არ განქორწინდებოდა. ორივეს, მომჩივანსა და მისი მეუღლეს სურდათ ქორწინების შენარჩუნება, რადგან განქორწინება იქნებოდა მათი რელიგიური მრწამსის საწინააღმდეგო. ისინი, ასევე, მიიჩნევდნენ, რომ სამოქალაქო პარტნიორობა არ უზრუნველყოფდა მათ და მათ ბავშვს იმავე გარანტიებით, როგორითაც ქორწინება.

ევროპული სასამართლოს მიმართ საჩივარში მომჩივანი, inter alia,დავობდა, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, როდესაც მისი ახალი სქესის სრული აღიარების პირობა ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნა გახდა. 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, ასევე, არ დარღვეულა მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში. (იხ. საინფორმაციობარათი 162).

სამართალი – მუხლი 8: საკითხი, რომელიც სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა იყო ის თუ რამდენად წარმოშობდა მომჩივნის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება  სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, განეხორციელებინა ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროცედურა, რომელიც მომჩივანს საშუალებას მისცემდა, რომ, მისი ახალი სქესი სამართლებრივად აღიარებული ყოფილიყო, ქორწინებაში ყოფნისას.

სასამართლომ გაიმეორა, რომ კონვენცია არ ავალდებულებდა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას. ქორწინების კონტექსტში სქესის შეცვლის შედეგების რეგულირება დიდწილად, თუმცა არა მთლიანად, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შეფასების ზღვრის ფარგლებში ექცევა. გარდა ამისა, კონვენცია არ მოითხოვდა რაიმე დამატებით სპეციალურ ღონისძიებებს მომჩივნის მსგავსი სიტუაციების დასარეგულირებლად. დიდმა პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობდა ევროპული კონსენსუსი ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ, აგრეთვე, არ არსებობდა კონსენსუსი იმ სახელმწიფოებშიც, რომლებიც არ უშვებდნენ ერთსქესიანთა ქორწინებას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო სქესის აღიარების საკითხი უკვე არსებული ქორწინების შემთხვევაში (მომჩივნის საქმეში არსებული შემთხვევა). მართლაც, სახელმწიფოთა უმეტესობას არ გააჩნდა სქესის აღიარების მარეგულირებელი რაიმე სახის კანონმდებლობა. კონსენსუსის არ არსებობის და არსებული მგრძნობიარე მორალური და ეთიკური საკითხების გათვალისწინებით, ფინეთს ეძლეოდა შეფასების ფართო ზღვარი, ორივე შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას - შეექმნა თუ არა კანონმდებლობა ტრანსსექსუალების პოსტ-ოპერაციული ახალი სქესის სამართლებრივი აღიარების შესახებ და ჩარეულიყო დადგენილ ნორმებში, რათა საჯარო და პირად ინტერესებს შორის ბალანსისთვის მიეღწია.

ფინური კანონმდებლობა ითვალისწინებდა სამ შესაძლებლობას მომჩივნისთვის.  სტატუს კვოს შენარჩუნების ან განქორწინების გარდა, აპლიკანტის საჩივარი, უპირველს ყოვლისა, ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნისკენ იყო მიმართული, რომელსაც მისი მეუღლის თანხმობა ესაჭიროებოდა. მთავრობის განცხადებით, შესაბამისი კანონმდებლობის მიზანი იყო ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში არსებული განსხვავებული პრაქტიკის გაერთიანება და სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის შეთანხმებული მოთხოვნების დაწესება. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლის თანხმობა იქნებოდა მიღებული, ეს უზრუნველყოფდა, როგორც ახალი სქესის სამართლებრივ აღიარებას, ასევე, წყვილის ურთიერთობის დაცვას. სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან ფინური სისტემის თანახმად ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნა ავტომატურად ხორციელდებოდა, მეუღლის თანხმობა სქესის ცვლილების რეგისტრაციაზე წარმოადგენდა ელემენტარულ მოთხოვნას თითოეული მეუღლის მეორის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებისგან დასაცავად.

გარდა ამისა, მომჩივანი და მისი მეუღლე არ დაკარგავდნენ არცერთ უფლებას, თუ მათი ქორწინება რეგისტრირებულ პარტნიორობად გადაკეთდებოდა. აქედან გამომდინარე, მაგალითად, საპენსიო უფლებების შეფასების მიზნით, ურთიერთობის ხანგრძლივობის გამოანგარიშება მოხდებოდა ქორწინების თარიღიდან და არა ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნის თარიღიდან.

ოჯახური ცხოვრების საკითხებთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ, სამოქალაქო პარტნიორობა გავლენას არ მოახდენდა მომჩივნის  მამობის უფლებაზე, რადგან აღნიშნულის ნამდვილობა უკვე ქორწინების პერიოდში დადგინდა. სქესის შეცვლას ასევე არ ექნებოდა სამართლებრივი შედეგები მზრუვნელობის ვალდებულებასთან, მეურვეობასთან, ან ბავშვის რჩენასთან მიმართებით, რადგან აღნიშნული პასუხისმგებლობა ფინეთში ეფუძნებოდა მშობლის სტატუსს, სქესისა თუ ურთიერთოების ხასიათისგან დამოუკიდებლად. ამდენად, სამოქალაქო პარტნიორობაზე გადასვლა გავლენას ვერ მოახდენდა მომჩივნის ოჯახურ ცხოვრებაზე.

მართალია, სამწუხარო იყო, რომ მას არასწორი საიდენტიფიკაციო ნომრის გამო უხერხულობა ექმნებოდა ყოველდღიურად, მომჩივანს ჰქონდა რეალური  შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, მეუღლის თანხმობით, შეეცვალა არსებული მდგომარეობა ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობაზე გარდაქმნით. სასამართლოს თვალსაზრისით, ახალი სქესის სამართლებრივად აღიარების წინაპირობად მსგავსი მოთხოვნის დადგენა არ იყო არაპროპორციული, რადგან ეს წარმოადგენდა რეალურ შესაძლებლობას, რომელიც უზრუნველყოფდა ერთსქესიან წყვილთა კანონიერ დაცვას, რაც თითქმის ქორწინების იდენტური იქნებოდა. მცირედი განსხვავება ამ ორ სამართლებრივ კონცეფციას შორის არ იყო საკმარისი საფუძველი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით, ფინური სისტემა არასრულყოფილად მიჩნეულიყო. წინამდებარე საქმეში, სისტემა, მთლიანობაში, არ იყო არაპროპორციული და სამართლიანი ბალანსი მოწინააღმდეგე ინტერესებს შორის მიღწეულ იქნა.

დასკვა: არ არის დარღვევა (თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ).

დიდმა პალატამ, ასევე, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში და ერთხმად დადგინდა, რომ არ იყო აუცილებელი მომჩივნის საჩივრის მე-12 მუხლის ფარგლებში განხილვა, რადგან იგი უკვე განხილულ იქნა მე-8 მუხლთან მიმართებით.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
რეგისტრატურის მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes