ჟენესი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა]

Jeunesse v. the Netherlands [GC]

საჩივრის ნომერი - 12738/10

მოპასუხე სახელმწიფო - ნიდერლანდები

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 3.10.2014

შედეგი: დაირღვა მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მუხლი 8-1 - ოჯახური ცხოვრების პატივისცემა),

არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა

მატერიალური ზიანი – უარი ეთქვა

განსხვავებული აზრი: არა

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8-1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადი)

შეფასების ზღვარი

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთ აბაზაში განთავსების მიზნით.

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 178

ოქტომბერი 2014

ჟენესი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 12738/10

Jeunesse v. the Netherlands [GC] - 12738/10

გადაწყვეტილება 3.10.2014 [დიდი პალატა]

მუხლი 8

მუხლი 8-1

ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

უარი ოჯახური ცხოვრების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მიცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები: დარღვევა

ფაქტები – მომჩივანი, სურინამის მოქალაქე, 1997 წელს ჩავიდა ნიდერლანდებში ტურისტული ვიზით და ვიზის ვადის გასვლის შემდეგ აგრძელებდა იქ ცხოვრებას. იგი დაქორწინდა ჰოლანდიის მოქალაქეზე და შეეძინათ სამი ბავშვი. მომჩივანმა რამდენჯერმე შეიტანა განცხადება ბინადრობის ნებართვაზე, მაგრამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რადგან მას არ ჰქონდა თავის წარმოშობის ქვეყანაში ნიდერლანდების წარმომადგენლობის მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვა. 2010 წელს მან ოთხი თვე გაატარა პატიმრობაში დეპორტაციის მოლოდინში. საბოლოოდ, ორსულობის გამო იგი  გაათავისუფლეს.

სამართალი – მუხლი 8: სასამართლო დაეყრდნო თავის მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვით, როცა ოჯახური ცხოვრება შეიქმნა იმ დროს, როცა მონაწილე პირებმა იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანის საიმიგრაციო სტატუსის გამო ოჯახური ცხოვრების მდგრადობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დასაწყისიდანვე იქნებოდა არასაიმედო, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეობის არმქონე ოჯახის წევრის ოჯახისგან განცალკევება ჩაითვლებოდა მე-8 მუხლის დარღვევად მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ტურისტული ვიზის ვადის გასვლის შემდგომ მომჩივანი უკანონოდ იმყოფებოდა მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ნიდერლანდებში ბინადრობის სტატუსის მოწესრიგების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სანამ ამ სახელმწიფოში ოჯახურ ცხოვრებას დაიწყებდა, მომჩივანს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი მდგომარეობის  არასაიმედოობა.

რაც შეეხება განსაკუთრებულ გარემოებებს, მომჩივნის ოჯახის ყველა წევრი იყო ჰოლანდიის მოქალაქე, რომელთაც ჰქონდათ უფლება ესარგებლათ ოჯახური ცხოვრების უფლებით ნიდერლანდებში. გარდა ამისა, მომჩივნის მდგომარეობა არ იყო სხვა პოტენციური მიგრანტების მსგავსი, რადგან ის დაიბადა ნიდერლანდების მოქალაქედ, თუმცა, მოგვიანებით 1975 წელს დაკარგა მოქალაქეობა სურინამის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად. მისი მისამართი ყოველთვის ცნობილი იყო ადგილობრივი ორგანოებისთვის, რომლებმაც დაუშვეს მისი ნიდერლანდებში ბინადრობა 16 წლის განმავლობაში. ასეთმა ხანგრძლივმა პერიოდმა საშუალება მისცა მას დაემყარებინა და განევითარებინა ძლიერი ოჯახური, სოციალური და კულტურული კავშირები ჰოლანდიაში. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა დანაშაულებრივი წარსული და მის ოჯახს გაუჭირდებოდა სურინამში დასახლება. ხელისუფლების წარმომადგენელმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ასევე არ გაითვალისწინეს ის, თუ რა გავლენას მოახდენდა მომჩივნის შვილებზე მათი დედისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება. მათ ასევე მხედველობაში არ მიიღეს ან არ შეაფასეს მომჩივნისთვის ნიდერლანდებში ცხოვრებაზე უარის თქმის პრაქტიკულობის, მიზანშეწონილობის და პროპორციულობის შესახებ მტკიცებულებები. ამ ფაქტორთა კუმულატიურად გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მდგომარეობა ნამდვილად  გამონაკლისი ბუნების იყო. შესაბამისად, ნიდერლანდებში ოჯახური ცხოვრების შენარჩუნების მომჩივნის პირად ინტერესსა და მიგრაციის გაკონტროლების ხელისუფლების საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი არ იქნა დაცული.  

დასკვნა: დარღვევა (თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ)

მუხლი 41: 1,714 ევრო არამატერიალური ზიანისთვის; მატერიალური ზიანი არ დაკმაყოფილდა.

(იხ. ასევე, Butt v. Norway, 47017/09, 4 დეკემბერი 2012; Nunez v. Norway, 55597/09, 28 ივნისი 2011, საინფორმაციო ბარათი 142)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსთვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes