იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (summary)

 საქმის დასახელება    -   იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ 

საჩივრის ნომერი  -  73235/12  Summary

მოპასუხე სახელმწიფო    -  საქართველო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   12/05/2015

შედეგი:  დაირღვა მე-14+3 მუხლი- დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14- დისკრიმინაცია) (მუხლი 3- დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, წამების აკრძალვა, ეფექტური გამოძიება, პოტიზიური ვალდებულებები)

დაირღვა მე-14+11 მუხლი დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14-დისკრიმინაცია) (მუხლი 11 - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, პოზიტიური ვალდებულებები, მუხლი 11(1)- მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება) არამატერიალური ზიანი - მიაკუთვნეს (მუხლი 41 - არამატერიალური ზიანი, სამართლიანი დაკმაყოფილება)

განსხვავებული აზრი: კი

 

 

 

საკვანძო სიტყვები: (მე-3 მუხლი) წამების აკრძალვა,

(მე-3 მუხლი)  დამამცირებელი მოპყრობა,

(მე-3 მუხლი) ეფექტური გამოძიება,

(მე-3 მუხლი) არაადამიანური მოპყრობა

(მე-3 მუხლი) პოზიტიური ვალდებულებები

(მე-10 მუხლი) გამოხატვის თავისუფლება (ზოგადად)

(მე-10(1) მუხლი) გამოხატვის თავისუფლება

(მე-11 მუხლი) შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

(მე-11 მუხლი) პოტიზიური ვალდებულებები

(მე-11(1) მუხლი) მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

(მე-14 მუხლი) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მე-14 მუხლი) დისკრიმინაცია

(35-ე მუხლი) დასაშვებობის კრიტერიუმი

(41-ე მუხლი) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადად)

(41-ე მუხლი) სამართლიანი დაკმაყოფილება

(41-ე მუხლი) არამატერიალური ზიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

ფაქტები: საქმის საფუძველია საჩივარი (no. 73235/12) რომელიც სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ, 2012 წლის 17 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია- იდენტობამ და საქართველოს 14-მა მოქალაქემადამიანისუფლებათადაძირითადთავისუფლებათადაცვისევროპულიკონვენციის („კონვენცია“) 34-ემუხლისსაფუძველზე წარადგინა.მომჩივნები დაობდნენ, რომ კერძო პირების მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა და ის ფაქტი, რომ,  2012 წლის 17 მაისს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, პოლიციამ ვერ უზრუნველყო დემონსტრაციის მონაწილეთა დაცვა, წარმოადგენდა კონვენციის მე-3, მე-11 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევას.

 

ყველა  მომჩივანი, გარდა პირველი მომჩივნისა, რომელიც 2010 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული იურიდიული პირი გახლდათ, ცხოვრობდა თბილისში. პირველმა მომჩივანმა, ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებათა ხელშესაწყობად და დასაცავად დაფუძნებულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დედაქალაქის ცენტრში მშვიდობიანი მარშის ორგანიზება დაგეგმა. მარშის გამართვამდე, 2012 წლის 8 მაისს, პირველმა მომჩივანმა თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა მისი განზრახვის შესახებ, რომ აღნიშნულ დღეს აპირებდა მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვას. მან ხელისუფლებას აცნობა დაგეგმილი მარშრუტი, რომელიც დაიწყებოდა თბილისის საკონცერტო დარბაზთან და გაგრძელდებოდა ორბელიანის მოედნისკენ. მომჩივანმა ხელისუფლებას, ასევე, აცნობა მონაწილეთა სავარაუდო ოდენობა. გარდა ამისა, იმის ფონზე, რომ წინასწარ განჭვრეტადი იყო საქართველოში ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ განწყობილ პირთა პროტესტი აღნიშნული მარშის მიმართ და ზოგადად, სექსუალური უმცირესობის მიმართ მტრული დამოკიდებულების საერთო ფონზე, მომჩივანმა ორგანიზაციამ განსაკუთრებით მოთხოვა ხელისუფლებას, რომ სავარაუდო ძალადობის აღსაკვეთად, უზრუნველეყო საკმარისი დაცვა. 2012 წლის 14 მაისს თბილისის მერიამ დაადასტურა პირველი მომჩივნის მოთხოვნის მიღება და საპასუხოდ, მათ განუმარტა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული დემონსტრანტების უფლებები და ვალდებულებები.  2012 წლის 15 მაისს, მომჩივან ორგანიზაციას დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ჩინოვნიკი, რომელმაც დააზუსტა დაგეგმილი მარშის დეტალები და ორგანიზატორებს დაუდასტურა, რომ მსვლელობის მშვიდობიანად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად, პოლიციის ძალები მობილიზებული იქნებოდა.

 

მეორე მომჩივანმა სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი განცხადება, სადაც დეტალურად აღწერდა ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს. 2012 წლის 17 მაისს, დაახლოებით დღის 1 საათზე, ლგბტ საზოგადოების წევრები, ორგანიზაცია ,,იდენტობის“ წარმომადგენლები და სხვა ლგბტ აქტივისტები, მათ შორის 13 მომჩივანი, - დაახლოებით 30 ადამიანი, შეიკრიბნენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან. მათ ხელთ ეპყრათ ბანერები ისეთი სლოგანებით, როგორიცაა ,,მე ვარ გეი“, ,,მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი“, ,,სიყვარული არის სიყვარული“, ,,გახდი ფერადი“, ისევე, როგორც ცისარტყელას დროშები და ქოლგები. როგორც შეთანხმებული იყო, თბილისის საკონცერტო დარბაზთან საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. დემონსტრაციის დაწყებიდან მალევე, ორი რელიგიური ჯგუფის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ძმობის, წევრები მივიდნენ თბილისის საკონცერტო დარბაზის მიდამოებთან. ადგილზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ლგბტ მსვლელობის წევრებს ინტერვიუებს ართმევდნენ. მარშის დაწყების ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში, ზემოაღნიშნულმა რელიგიური ჯგუფის წევრებმა ზოგიერთი ლგბტ დემონსტრანტი გააჩერეს და მათთან კამათი დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არავის ჰქონდა გეი პარადის გამართვის და ,,მანკიერების“ ხელშეწყობის უფლება, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა ზნეობრივ ღირებულებებსა და ქართულ ტრადიციებს. აღნიშნულის საპასუხოდ, დემონსტრანტები ცდილობდნენ მშვიდად ეპასუხათ, რომ ეს არ იყო გეი პარადი, არამედ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად გამართული საზოგადოებრივი ღონისძიება. როდესაც ლგბტ დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, იქ მათ ასამდე ან უფრო მეტი კონტრდემონსტრანტი დახვდათ, რომლებიც აგრესიულები იყვნენ და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. კონკტრდემონსტრანტებმა დემონსტრანტებს გზა გადაუკეტეს, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ისინი ალყაში მოაქციეს იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდა მათი გადაადგილება. დემონსტრანტებს ემუქრებოდნენ, რომ მიაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხჰყოფას და ადანაშაულებდნენ რომ იყვნენ ,,ავადმყოფები“, ,,ამორალურები“ და ,,გარყვნილები“. მათ მიმართ ისმოდა სხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებიც, როგორიცაა ,,პიდარასტი“ და ,,ცოდვილი“. ამ დროს, საპატრულო პოლიციის მანქანები, რომლებიც თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მიაცილებდნენ დემონსტრანტებს, უეცრად შემთხვევის ადგილს ჩამოშორდნენ. საფრთხის ქვეშ მყოფმა ლგბტ მსვლელობის მონაწილეებმა, პოლიციას დაურეკეს და აცნობეს მათ საშიშროების თაობაზე და მოსთხოვეს დამატებითი ძალების გამოგზავნა. სანამ ისინი  პოლიციის დამატებითი ძალების მოსვლას ელოდნენ, დემონსტრანტებმა შემთხვევის ადგილზე რამდენიმე პოლიციელი შენიშნეს, თუმცა, როდესაც მათ მიუახლოვდნენ და დახმარება სთხოვეს, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ ისინი არ იყვნენ საპატრულო პოლიციის წევრები და რომ მომხდარში ჩარევა მათ მოვალეობაში არ შედიოდა. ლგბტ მსვლელობის მონაწილეების მიმართ აგრესია გრძელდებოდა და დაახლოებით ოცი ოცდაათი წუთის შემდეგ, კონტრდემონსტრანტებმა ზოგიერთ აქტივისტს ბანერები გამოგლიჯეს ხელიდან და დახიეს. კონტრდემონსტრანტები გადავიდნენ ფიზიკურ თავდასხმაზე და მსვლელობის წინა რიგში მყოფ პირებს ხელს კრავდნენ და მუშტებს ურტყამდნენ. აღნიშნული თავდასხმის შედეგად, მე-6 მომჩივანი წააქციეს, ცემეს და წიხლები ურტყეს. ცოტა ხნის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საპატრულო პოლიციის მანქანა მივიდა. ზოგიერთმა სამართალდამცავმა შეაჩერა მე-6 მომჩივნის ცემის ფაქტი. პოლიციის თანამშრომლებმა დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის ჩადგომის მეშვეობით, ერთმანეთს დააშორეს. ამავე დროს, აგრესიული კონტრდემონსტრანტები კვლავ განაგრძობდნენ განსაკუთრებით დაუნდობელ მუქარას, მათ შორის, რომ მსვლელობის მონაწილეები ,,ცოცხლად უნდა დაიწვან“ და ,,განადგურდნენ“. მესამე მომჩივანმა, რომელიც სხვა ლგბტ დემონსტრანტებთან ერთად ტროტუარზე იდგა, პოლიციას სთხოვა, რომ დემოსტრანტების დასაცავად უფრო აქტიური ღონისძიება გაეტარებინათ.  პოლიციამ საპასუხოდ იგი იძულების მეშვეობით საპატრულო პოლიციის მანქანაში მოათავსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც იგი, დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში, დაკავებული ჰყავდათ. მას არ წარუდგინეს ოფიციალური ახსნა-განმარტება მის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც შემდგომში მთავრობამ განმარტა,  გაბრაზებული კონტრდემონსტრადებისაგან მისი დაცვის მიზნით, პოლიცია უბრალოდ ეცადა  იგი შემთხვევის ადგილიდან განერიდებინა. იდენტობის სამი თანამშრომელი - მეექვსე, მეშვიდე და მეათე მომჩვანი- პოლიციამ, ასევე, დააპატიმრა. ისინი აიძულეს ჩამსხდარიყვნენ პოლიციის მანქანაში; მანქანით ქალაქის გარშემო მოატარეს და დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მიაბრუნეს.  როგორც მთავრობამ შემდგომში განმარტა, მათი მოკლევადიანი დაკავების მიზეზი ორგვარი იყო: თავიდან აერიდებინათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - საგზაო მოძრაობის შეფერხება და მათი დაცვა კონტრდემონსტრანტების თავდასხმისაგან. მეორე, მესამე და მეთოთხმეტე  მომჩივნებს, განვითარებული მოვლენების შედეგად, მიადგათ ჯანმრთელობის ზიანი.

 

2012 წლის 18 მაისს მოჩივანმა ორგანიზაციამ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა. საჩივრები დაფუძნებული იყო ცამეტი პირის მიერ წერილობით განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე. მე-14 და მე-6 მომჩივანისათვის დაუდგენელი პირის მიერ ჯანმრთელობის მცირე დაზიანების მიყენების ფაქტის თაობაზე სისხლის სამართლის გამოძიების საქმის წარმოება, რომელიც 2012 წლის 19-სა და 24 მაისს დაიწყო, ახლაც გრძელდება.  აღნიშნული პირებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არ მომხდარა. რაც შეეხება პოლიციასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივარს, მომჩივანმა ორგანიზაციამ 2012 წლის 26 მაისს მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის წერილი, სადაც იგი აცხადებდა, რომ დემონსტრაციის დროს პოლიციის ქმედებები არ იყო უკანონო და ამრიგად, არ არსებობდა მათ წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების საჭიროება.

 

სამართალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ვალდებულება თავიდან აიცილოს კერძო პირების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობა, ისევე, როგორც გამოიძიოს დისკრიმინაციულ მოტივსა და ძალადობის აქტს შორის შესაძლო კავშირი, შეიძლება მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ასპექტში, მაგრამ ასევე შეიძლება, მიჩნეული იყოს მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებად,  დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოს  მე-3 მუხლით დაცული ფუნდამენტური უფლება. აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეულ საქმეზე ფაქტებისა და ბრალდების ბუნების გათვალისწინებით. წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, რამაც განაპირობა მათი არასათანადო მოპყრობა,  იყო ჰომოფობიური და ტრანსფობიური ქვეტექსტის მქონე. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მათი დაცვა და შემდგომში სათანადო გამოძიების განხორციელება. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების ყველაზე შესაბამისი გზა იქნება მომჩივნების საჩივრის განხილვა კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით მე-14 მუხლთან ერთად.

 

ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-3 მუხლის ფარგლებში არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. აღნიშნული მინიმუმის შეფასება შედარებითია: ის დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, როგორიცაა მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგები და, ზოგიერთ შემთხვევებში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. გარდა ამისა, მე-3 მუხლი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური არასათანადო მოპყრობით; ის, ასევე, მოიცავს ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას. მოპყრობა დამამცირებლად შეიძლება დაკვალიფიცირდეს თუ ის მსხვერპლში იწვევს შიშს, ტკივილსა და არასრულფასოვნების განცდას, რამაც შეიძლება დაამციროს და შეურაცხჰყოს იგი. სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც ასეთი, მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს მაშინ, როდესაც იგი მიაღწევს სისასტიკის ზღვარს, როგორიც არის ადამიანის ღირსების შეურაცხჰყოფა. უფრო კონკრეტულად, ჰეტეროსექსუალი უმრავლესობის წინასწარ შეხედულებაზე დაფუძნებული მოპყრობა, რომელიც მიმართულია ჰომოსექსუალი უმცირესობის მიმართ, თავსდება მე-3 მუხლის ფარგლებში.  კონვენციის 1 მუხლი, მე-3 მუხლთან ერთად აღებული, სახელმწიფოებს აკისრებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყონ, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირები დაცულნი იყვნენ მე-3 მუხლით აკრძალული არასათანადო მოპყრობისაგან, რაც გულისხმობს, ასევე, კერძო პირების მიერ განხორციელებულ ამგვარ მოპყრობას. ეს ვალდებულება მოიცავს მესამე პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისაგან პირის ან პირების დაცვას, ისევე, როგორც გონივრული ნაბიჯების გადადგმას, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასათანადო მოპყრობა, რომლის თაობაზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ. ძალადობრივი შემთხვევების გამოძიებისას, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრიათ ვალდებულება მიიღონ ყველა გონივრული ზომა, რათა გამოამჟღავნონ დისკრიმინაციული მოტივები. ხელისუფლებამ უნდა მიმართოს ყველა ღონეს, რაც გონივრულად საჭიროა, რათა შეაგროვოს და უზრუნველყოს მტკიცებულებები, გამოიყენოს ყველა პრაქტიკული საშუალება სიმართლის დასადგენად და მიიღოს სრულად დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილება.

ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოება გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა. ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ლგბტ საზოგადოების წევრების მიმართ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია ნეგატიური დამოკიდებულება. მართლაც, მსვლელობის მონაწილეთა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის შეჯახებისას, ეს უკანასკნელნი საუბრობდნენ იმგვარი ენით, რაც განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო. კონტრდემონსტრანტთა ჰომოფობიური ნიუანსები აშკარად გამოჩნდა ზიზღით გაჯერებულ მათ ქმედებებში და ლგბტ დროშებისა და პოსტერების განადგურებაში. დამატებით, ისინი იმუქრებოდნენ სერიოზული ზიანის მიყენებით, მათ შორის იყო მკვლელობის მუქარაც, იყენებდნენ სიტყვებს, როგორიცაა ,,განადგურება“ და ,,ცოცხლად დაწვა“. სიტყვიერ თავდასხმებს ზოგიერთი მომჩივნის მიმართ მოჰყვა რეალური ფიზიკური თავდასხმა. ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეკითხვა, ზოგიერთი მომჩივნისათვის მიყენებული სხეულის დაზიანებამ მიაღწია თუ არა გარკვეული სიმძიმეს, ნაკლებად რელევანტური იყო. ცამეტივე მომჩივანი გახდა სიძულვილის ენის და აგრესიული ქმედების სამიზნე. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარშემორტყმულნი იყვნენ გაბრაზებული პირებით, რომლებიც მკვლელობით იმუქრებოდნენ და ქაოსურად ახორციელებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რითიც მუქარის რეალობის დემონსტრაციას ახდენდენ და აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ ჰომოფობიური წინასწარი შეხედულება დამამძიმებელი ფაქტორის როლს თამაშობდა, სიტუაცია იწვევდა გაძლიერებულ შიშსა და შფოთვას.  სიტყვიერი -და სპორადულად ფიზიკური- ძალადობის მიზანი აშკარად იყო მომჩივნების იმგვარად დაშინება, რომ მათ შეეწყვიტათ ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვა. მომჩივანთა ემოციური შფოთვის განცდა აგრეთვე გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ პოლიციის დაცვა არ იყო თავის დროზე ან ადეკვატურად უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ მოპყრობა აუცილებლად გამოიწვევდა მომჩივნებში შიშის, ტკივილისა და დაუცველობის განცდას, რაც არ არის თავსებადი ადამიანის ღირსების პატივისცემასთან და აღწევს სისასტიკის ზღვარს  კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში მე-14 მუხლთან ერთად აღებული.

 

ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის ორგანო წინასწარ კარგად იყო  ინფორმირებული ლგბტ საზოგადოების განზრახვის თაობაზე, 2012 წლის 17 მაისს თბილისის ცენტრში გაემართათ მარში. ორგანიზატორებმა განსაკუთრებით თხოვეს პოლიციას დაცვის უზრუნველყოფა, რადგან წინასწარგანჭვრეტადი იყო ჰომოფობიური და ტრანსფობიური შეხედულების მქონე პირების მიერ დემონსტრაციის მიმართ პროტესტის გამოხატვა. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდა ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მოწყვლად საზოგადოებასთან დაკავშირებით გამართულ საჯარო ღონისძიებასთან ასოცირებული რისკის თაობაზე და, შესაბამისად, ვალდებული იყო უზრუნველეყო გაძლიერებული სახელმწიფო დაცვა. თუმცა, მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების, მშვიდობიანი დემონსტრანტებისათვის უზრუნველეყო კერძო პირებისაგან გაძლიერებული დაცვა, შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ შეზღუდული რაოდენობის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც თავდაპირველად იმყოფებოდნენ აქციაზე, როდესაც სიტყვიერი თავდასხმის განხორციელება დაიწყო, ჩამოშორდნენ შემთხვევის ადგილს და ამრიგად, მათ დაუშვეს დაძაბულობა ფიზიკურ დაპირისპირებად გადაქცეულიყო. იმ დროს, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ჩარევა გადაწყვიტეს, მომჩივნებისა და დემონსტრაციის სხვა მონაწილეების მიმართ უკვე განხორციელებული იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც კი. უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელებს ყველაზე აგრესიული კონტრდემონსტრანტები შეეკავებინათ იმ მიზნით, რომ მშვიდობიანი მსვლელობა გაგრძელებულიყო, მათ დააპატიმრეს და  მოახდინეს ზოგიერთი მომჩივნის ევაკუაცია- იმ დაზარალებულების, რომელთა დასახმარებლადაც უხმეს მათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2012 წლის 17 მაისის მსვლელობის დროს შიდა ხელისუფლებამ ცამეტი ინდივიდუალური მომჩივნისათვის ვერ უზრუნველყო ადეკვატური დაცვის მიწოდება.

 

სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ შიდა ხელისუფლებამ ცამეტი მომჩივნის მიერ არასათანადო მოპყრობის თაობაზე, ვერ უზრუნველყო სათანადო გამოძიების წარმოება. შესაბამისმა ხელისუფლებამ ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი გამოძიების განხორციელების ნაცვლად, გაურკვეველი მიზეზების გამო შეამცირა გამოძიების ფარგლები და გახსნა ორი ერთმანეთისგან განცალკევებული საქმე, რომელიც მხოლოდ ორი მომჩივნის ფიზიკურ დაზიანებებს შეეხებოდა.  აღსანიშნავია, რომ გამოძიებას ორ წელზე მეტია მნიშვნელოვანი პროგრესი არ განუცდია და იგი კვლავ განხილვის ადრეულ სტადიაზეა, სადაც მომჩივნებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სხვადასხვა ნორმებს, რომელთა მიხედვითაც სისხლისსამართლებრივი გამოძიების წარმოების დაწყება უფრო შესაბამისი იქნებოდა. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, განაცხადა, რომ გამოძიებისათვის შესაძლებელი უნდა ყოფილიყო შესაძლო თავდამსხმელების სიის შემცირება. პირველ რიგში, ცნობილი ფაქტი იყო, რომ კონტრდემონსტრაციაში ორი რელიგიური ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას და, მეორე რიგში, შეჯახების ვიდეო ჩანაწერი ყველაზე აგრესიული თავდამსხმელების ნათელ კადრებს შეიცავდა.

ყველა მტკიცებულების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 17 მაისს მომჩივნებზე განხორციელებული თავდასხმა შეგულიანებული იყო მათ მიერ, ვისავ საქართველოში ლგბტ საზოგადოების მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვს. გარდა ამისა, ძალადობამ, რომელიც შედგებოდა სერიოზული მუქარისა და სიძულვილის ენისაგან და აგრეთვე, სპორადიკული ფიზიკური შეურაცხყოფისაგან,   გამოიწვია შიში, შფოთვა და დაუცველობის განცდა, რაც საკმარისად მძიმე იყო იმისათვის, რომ მიეღწია კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ზღვარს მე-14 მუხლთან ერთად აღებული.

 

დასკვნა: სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე, ადგილი ჰქონდა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მე-3 მუხლის პოზიტიური ვალდებულების დარღვევას მე-14 მუხლთან ერთად აღებული.

 

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლთან დაკავშირებული მომჩივნების საჩივარი ეფუძნება ბრალდებებს, რომ მათ ფიზიკურ მთლიანობაზე კერძო პირების თავდასხმამ, ძალადობის პირისპირ პოლიციის პასიურობასთან ერთად, ჩაშალა მათი მშვიდობიანი აქცია.

მე-11 მუხლის კონტექსტში, სასამართლო ხშირად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პლურალიზმი და დემოკრატია დაფუძნებულია მრავალფეროვნების/განსხვავებულობის აღიარებასა და პატივისცემაზე. განსხვავებული ინდივიდუალურობის მქონე პირებისა და ჯგუფების ჰარმონიული ურთიერთობა სოციალური ინტეგრაციის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა პლურალიზმსა და შემწყნარებლობას. აღნიშნულ კონტექსტში, მან დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევაში ინდივიდის ინტერესი უნდა დაექვემდებაროს ჯგუფის ინტერესს, თუმცა დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის შეხედულებები ყოველთვის უპირატესია: დაცული უნდა იყოს ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს უმცირესობების სამართლიან და სათანადო მოპყრობას და დომინანტების მიერ ძალადობის თავიდან არიდებას.

სტრასბურგის სასამართლომ დასაწყისში აღნიშნა, რომ ეს საკითხი მხარეებს შორის სადაოც კი არ არის და დაადგიინა, რომ 2012 წლის 17 მაისს მომჩივანთა მშვიდობიანი მსვლელობის ჩაშლა, რომელიც ორგანიზებული იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, უდავოდ წარმოადგენდა კონვენციის მე-11 მუხლში ჩარევას, რომელიც წაკითხული უნდა იქნეს მე-10 მუხლის შესაბამისი პრინციპების ფონზე. კონვენცია იცავს გამოხატვის საჯარო ფორმებს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვას და სხვადასხვა სექსუალური უმცირესობების ფუნდამენტალური უფლებების ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ადგილობრივ ორგანოებს 2012 წლის 8 მაისს მიეცათ წინასწარი გაფრთხილება 2012 წლის 17 მაისს მშვიდობიანი მსვლელობის ორგანიზების განზრახვის თაობაზე, მათ ვერ მოახერხეს აღნიშული ცხრა დღის გამოყენება მოსამზადებელი სამუშაოსათვის. ისინი ვალდებულნი იყვნენ გამოეყენებინათ ნებისმიერი შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციასთან დაკავშირებით გაეკეთებინათ შემწყნარებელი, არაორაზროვანი, შემრიგებლური პოზიციის მქონე საჯარო განცხადებები, ისევე, როგორც პოტენციური სამართალდამრღვევები გაეფრთხილებინათ შესაძლო სანქციის თაობაზე. გარდა ამისა, ლგბტ მსვლელობის შედეგიდან აშკარა იყო, რომ დემონსტრაციის ადგილზე განლაგებული საპატრულო პოლიციის ოფიცრების რაოდენობა არ იყო საკმარისი. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ შიდა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, რომ 2012 წლის 17 მაისის მსვლელობა, რომელიც ორგანიზებული იყო პირველი მომჩივნის მიერ და რომელშიც მონაწილეობას იღებდა დანარჩენი 13 მომჩივანი,   მშვიდობიანად გამართულიყო.

 

დასკვნა: შესაბამისად, ხელისუფლებამ დაარღვია კონვენციის მე-11 მუხლით მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება მე-14 მუხლთან ერთად.

 

მომჩივნები ასევე დაობდნენ, კონვენციის მე-5(1) მუხლის დარღვევით, მათ  უკანონოდ შეეზღუდათ თავისუფლება, რაც გამოიხატა რომ მათი საპატრულო პოლიციის მანქანაში იძულებით განთავსებით და დემონსტრაციის ადგილიდან ევაკუაციით, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საჩივრებზე არ მიიღო კონვენციის 35(1) მუხლიდან გამომდინარე, რადგან მომჩივნებს ამოწურული არ ჰქონდა შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები.