ილგარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

Ilgar Mammadov v. Azerbaijan

საჩივრის ნომერი - 15172/13

მოპასუხე სახელმწიფო - აზერბაიჯანი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 22/05/2014

შედეგი: დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი, დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლი, მე-6 მუხლი, მე-18 და მე-5 მუხლები ერთობლიობაში

არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა

მატერიალური ზიანი – უარი ეთქვა

არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

(მუხლი 5–1) კანონიერი დაკავება და პატიმრობა

(მუხლი 5–1-C) კომპეტენტური სამართლებრივი ორგანოს წინაშე წარდგენა

(მუხლი 5-1-c) გონივრული ეჭვი

(მუხლი 5-4) პატიმრობის კანონიერების შემოწმება

(მუხლი 6) სამართლიან სასამართლოზე უფლება

(მუხლი 6–2) უდანაშაულობის პრეზუმფცია

(მუხლი 18) უფლებებით სარგებლობაზე შეზღუდვის დაწესება

(მუხლი 18) შეზღუდვები არანებადართული მიზნებით

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება - (ზოგადი)

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 174

მაისი, 2014 წელი.

იგლარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ - 15172/13

განჩინება 22.5.2014 [I სექცია]

 

მუხლი 18

 

შეზღუდვები არაკეთილსინდისიერი მიზნებით

 

მომჩივნისთვის თავისუფლების შეზღუდვა სხვა მიზნით, ვიდრე გონივრული ეჭვის საფუძველზე კომპეტენტური სამართალდამცავი ორგანოს წინაშე მისი წარდგენაა- დარღვევა

 

ფაქტები - მომჩივანი იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობას და აწარმოებდა პირად ინტერნეტ ბლოგს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე კომენტარს აკეთებდა. 2013 წლის 24 იანვარს იგი გაემგზავრა ქალაქ ისმაილში, სადაც წინა დღით აჯანყებას ჰქონდა ადგილი. მომჩივანი თავის შთაბეჭდილებებს ბლოგ-პოსტებში აღწერდა,  სადაც აცხადებდა, რომ ხელისუფლების ვერსია მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით,  შესაძლოა ყოფილიყო სიცრუე და მოვლენათა გადაფარვის მცდელობა. მომდევნო დღეს გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ მომჩივანმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც გამოიწვია ქვეყანაში ვითარების გამწვავება და რომელიც იქნებოდა სრულად გამოძიებული, ასევე, მოხდებოდა მისი ქმედების სამართლებრივად შეფასება. მომჩივანი დაიბარეს  დაკითხვაზე 3 საკითხთან დაკავშირებით მანამ, სანამ მას სისხლისსამართლებრივ ბრალდებას წაუყენებდნენ და პატიმრობაში დააბრუნებდნენ. მომჩივნის საჩივრები, გამოყენებული პატიმრობის ზომის გაუქმებასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.

 

სამართალი - მე-5 მუხლი §1(c): მთავრობას არ წარმოუდგენია მომჩივნის მტკიცებების გამაბათილებელი რაიმე კონკრეტული არგუმენტი, რომ არ არსებობდა ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს აღძრავდა,  მომჩივანის მიერ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის განხორციელებასთან დაკავშირებით, რაშიც მას ბრალი ედებოდა. კერძოდ, პროკურატურის ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის მითითებული არცერთი მოწმის ჩვენება ან სხვა კონკრეტული ინფორმაცია, რომელსაც შესაძლოა წარმოეშვა ეჭვი მომჩივნის ბრალეულობის შესახებ. არც სასამართლოს წინაშე არ მომხდარა რაიმე ამგვარი სახის მტკიცებულების წარდგენა, რომლის საფუძველზეც სასამართლო მომჩივნის პატიმრობაში დატოვებას დაადგენდა. პროკურატურის მხრიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანი და ზოგადი მითითებები დაუდგენელ ,,საქმის მასალებზე’’, არაზუსტი განცხადებები, ინფორმაციის ან კონკრეტული საჩივრების არ არსებობა ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად, რათა დაკმაყოფილდეს ეჭვის ,,გონივრულობა’’, რომლის საფუძველზეც მომჩივნის დაკავება და დაპატიმრება გამართლდებოდა.

 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მე-6 მუხლი §2: სასამართლო მუდამ ხაზს უსვამდა საჯარო პირების მიერ თავიანთ განცხადებებში სიტყვების შერჩევის მნიშვნელობაზე მანამ, სანამ პირს გაასამართლებდნენ და ის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის დამნაშავედ გამოცხადდებოდა. მომჩივანის საქმეში, სადავო განცხადებები არ გაკეთებულა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ფარგლებში, არამედ, აღნიშნული განხორციელდა მთავარი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი განცხადებით მედიისთვის. მთავრობა ამტკიცებდა, რომ განცხადების მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან, ისმაილში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ, კერძოდ, მათი განზრახვა, რომ გამოეძიებინათ მომჩივნის ამ მოვლენებში ჩართულობა. მთლიანობაში, ეს განცხადება შეფასდა, როგორც აუცილებლობის მიღმა განხორციელებული დისკრეცია და წინდაუხედაობა. გაკეთებული განცხადებით, რომ მომჩივნის ქმედებები იყო ,,მართლსაწინააღმდეგო’’ და ,,დადგინდა, რომ მომჩივანმა მიმართა ადგილობრივ მაცხოვრებლებს..., რათა წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის, არ დამორჩილებოდნენ სახელმწიფო პირებს და გაედაეკეტათ გზები’’. ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასწარ, არსებითად გადაწყვიტეს ის, რაც სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასებით უნდა დადგენილიყო. აღნიშნულმა სადავო განცხადებამ გავლენა იქონია საზოგადოებრივ აზრზე და ვიდრე მომჩივანის დამნაშავეობა კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცდებოდა, შექმნა წარმოდგენა, რომ იგი დამნაშავე იყო.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 18: მომჩივნის დაკავება კავშირში იყო მის მიერ ბლოგზე გაკეთებულ განცხადებებთან, კერძოდ, 2013 წლის 28 იანვრის ბლოგპოსტთან, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას წყაროზე მითითებით და რომელიც, ისმაილში განხორციელებულ საპროტესტო ტალღის ,,ნამდვილ მიზეზებს’’ ნათელს ჰფენდა. მთავრობა აღნიშნული ინფორმაციის გადაფარვასა და საზოგადოებისგან დამალვას ცდილობდა, რომელიც პრესამ უმალვე აიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებას პირდაპირ არ მიუთითებია მომჩივნის ბლოგ-პოსტებზე, ბრალდებები აპლიკანტის წინააღმდეგ პირველად გამოითქვა ოფიციალურ პრეს-განცხადებაში, რომელიც მისი პოსტიდან მეორე დღესვე გაკეთდა და იმავე დღეს მოხდა მისი დაბარება პროკურატურაში დაკითხვის მიზნით. საქმის მასალებში არაფერი მიუთითება იმაზე, რომ პროკურატურას ჰქონდა რაიმე ობიექტური ინფორმაცია რომელიც bona fide ეჭვს აღუძრავდა მომჩივნის წინააღმდეგ, ასევე არაფერი მიანიშნებდა, რომ პროკურატურას მის დაკავებამდე ჰქონდა ასეთი ინფორმაცია ან მოწმეთა ჩვენებები.  ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებდნენ, რომ სადავო ღონისძიებების რეალურ მიზანს წარმოადგენდა მომჩივნის გაჩუმება ან დასჯა მთავრობის კრიტიკისა და იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც მას სიმართლედ მიაჩნდა და რომლის დამალვასაც მთავრობა ცდილობდა. ამდენად, მომჩივნისთვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა სხვა მიზნით და არა დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველზე კომპეტენტური სამართლებრივი ორგანოს წინაშე წარსადგენად.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი.

მუხლი 41: 20,000 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურება; სარჩელი მატერიალურ ზიანთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა.

(იხილეთ ასევე Lutsenko v. Ukraine, 6492/11, 3 ივლისი 2012, საინფორმაციო ბარათი 154; და Tymoshenko v. Ukraine, 49872/11, 30 აპრილი 2013, საინფორმაციო ბარათი 162)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
რეგისტრატურის მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes