მატიეკი პოლონეთის წინააღმდეგ

Matyjek v. Poland

საჩივრის ნომერი: -38184/03

მოპასუხე სახელმწიფო: პოლონეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  24/04/2007

შედეგი: 

წინასწარი პრეტენზიები გაერთიანდა საქმის არსებით მხარესთან და არ დაკმაყოფილდა (სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების არ ამოწურვა)

დაირღვა მე-6(1)+ მე-6(3) მუხლი

მატერიალური ზიანი- მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

არამატერიალური ზიანი- დარღვევის დადგენა საკმარისი იყო

ხარჯები და დანახარჯები (შიდასახელწმიფოებრივი სამართალწარმოება) - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

ხარჯები და დანახარჯების ანაზღაურება- კონვენციის სამართალწარმოება

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები :

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6-1) სისხლის სამართლის ბრალდება

(მუხლი 6) სისხლის სამართალაწარმოება

(მუხლი 6-1) სამართლიანი სასამართლო განხილვა

(მუხლი 6-1) მხარეთა თანასწორობა

(მუხლი 6-1) დაცვის უფლება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლო სპრეცედენტულ სამართალზე No. 96

აპრილი 2007

Matyjek v. Poland - 38184/03

გადაწყვეტილება 24.4.2007 [სექცია IV]

მუხლი 6

სისხლის სამართალწარმოება

მუხლი 6-1

საქმის სამართლიანი  განხილვა

ლუსტრაციის სამართალწარმოებაში საქმის მასალებთან წვდომის შეზღუდვა, რომელმაც საჯარო სამსახურიდან პოლიტიკოსის დროებითი დისკვალიფიკაცია გამოიწვია: დარღვევა

ფაქტები:  1997 წლის კანონი, ,,1944-1990 წლებში საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირების მიერ სახელმწიფოს უშიშროების სამსახურში მუშაობის ან მომსახურების გაწევის ან მათთან თანამშრომლობის გამომჟღავნების შესახებ ლუსტრაციის აქტი“, ითვალისწინებდა სანქციებს, თუკი ლუსტრაციის სასამართლო აქტის შესაბამისად გაკეთებულ განაცხადს მცდარად მიიჩნევდა. ეს მოიცავდა სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლებას და ათი წლის განმავლობაში გარკვეული იურიდიული ან პოლიტიკური თანამდებობების დაკავების აკრძალვას. ცალკეული კანონმდებლობა ზღუდავდა საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომას.

მომჩივანმა, რომელიც პარლამენტის წევრი იყო, განაცხადა, რომ არ თანამშრომლობდა კომუნისტური პერიოდის საიდუმლო სამსახურებთან. 1999 წელს მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა იმ საფუძვლით, რომ მან მოიტყუა, როდესაც უარყო  საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობა.  საქმის მასალების ნახვისათვის მომჩივანი უნდა მისულიყო   ლუსტრაციის სასამართლოს ე.წ. „საიდუმლო რეესტრში“. მას არ მისცეს დოკუმენტებისათვის ასლის გადაღების ან რაიმე ჩანაწერების თან წაღების უფლება. სააპელაციო სასამართლომ, რომელიც პირველის ინსტანციის ლუსტრაციის სასამართლო იყო, შემდგომი განხილვებისას, 1999 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ მომჩივანმა ტყუილი თქვა თავის განცხადებაში და სინამდვილეში თანამშრომლობდა საიდუმლო სამსახურებთან. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მას ჩაბარდა, თუმცა სამოტივაციო ნაწილი ჩაითვალა „საიდუმლოდ“ და ამგვარად, მისი ნახვა მხოლოდ „საიდუმლო რეესტრში“ იყო შესაძლებელი. 2000 წლის თებერვალში იმავე სააპელაციო სასამართლომ, ამჯერად როგორც მეორე ინსტანციის ლუსტრაციის სასამართლომ, უარი თქვა მომჩივნის საჩივარზე. შემდგომი საკასაციო საჩივრით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება  და გადაგზავნა საქმე ხელახალი მოსმენისათვის მეორე ინსტანციის ლუსტრაციის სასამართლოში იმ მიზეზით, რომ  მომჩივნის წინადადება, გამოეძახათ ორი დამატებითი მოწმე, არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით, 2000 წელს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავჯდომარემ გააუქმა საქმეში არსებულ ყველა მასალასთან დაკავშირებული გასაიდუმლოების შეზღუდვები. 2001 წელს, საჯარო განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება და საქმე პირველი ინსტანციის ლუსტრაციის სასამართლოში გადააგზავნა. ნაწილობრივ in camera ჩატარებული საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლომ გადაწყვეტილებაში კვლავ დაადგინა, რომ მომჩივანმა მოიტყუა თავის განაცხადში. აპლიკანტის შემდგომი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სამართალი: ლუსტრაციის ზომების გამტარებელმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იმ პირებმა, რომლებსაც ეხება ეს ზომები, ისარგებლონ სრული პროცედურული გარანტიებით. იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ყოფილიყო  სიტუაციები, როდესაც არსებობდა ყოფილი კომუნისტური რეჟიმის დროს წარმოებული დოკუმენტების საიდუმლოდ შენახვის დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, ეს  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება წარმოშობილიყო იმ მნიშვნელოვანი დროის გათვალისწინებით, რომელიც გავიდა მას შემდეგ რაც დოკუმენტები შეიქმნა. მთავრობას ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რომ დაემტკიცებინა ასეთი ინტერესის არსებობა ინდივიდუალურ საქმეებში. სისტემა, რომელშიც სასამართლო პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო ყოფილი საიდუმლო სამსახურების აღდგენილი ქმედებების  მნიშვნელოვან მოცულობაზე, მაშინ როდესაც შესაბამისი მასალები კვლავ საიდუმლოდ მიიჩნეოდა და ნებისმიერი გადაწყვეტილება მათი გასაიდუმლოების შესახებ ახლანდელი საიდუმლო სამსახურების ხელში იყო, ასეთ პირებს მკაფიოდ არახელსაყრელ პირობებში აყენებდა. მოცემულ საქმეში ოთხი ფაქტორი მიუთითებდა ადეკვატური გარანტიების არარსებობაზე. პირველი, სულ მცირე, მომჩივნის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი კლასიფიცირებული იყო „უმაღლეს საიდუმლოდ“ და ამ კატეგორიის გაუქმების უფლებამისილება სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავჯდომარეს ჰქონდა. ასეთი ვითარება შეუსაბამო იყო პროცედურულ სამართლიანობასთან. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ სამართალწარმოების დაწყების შემდეგ მომჩივანს მისცეს მისი საქმის სასამართლო მასალებზე წვდომა, ეს წვდომა მაინც მრავალ შეზღუდვას ექვემდებარებოდა: იგი ვერ გააკეთებდა დოკუმენტების ასლებს და შეეძლო, გაცნობოდა საიდუმლო მასალებს მხოლოდ ლუსტრაციის სასამართლოს საიდუმლო რეესტრში. ნებისმიერი ჩანაწერი უნდა გაკეთებულიყო სპეციალურ ბლოკნოტში, რომელიც შემდგომ ილუქებოდა და ინახებოდა საიდუმლო რეესტრში და მისი გამოყენება არ შეიძლებოდა ლუსტრაციის სასამართლოს წინაშე. იგივე წესები გავრცელდა საქმის განხილვის დროს გაკეთებულ ჩანაწერებზეც, რომელთა დიდი უმრავლესობა ჩატარდა in camera. იდენტური შეზღუდვები გავრცელდა მომჩივნის ადვოკატზეც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დოკუმენტის კონფიდენციალურობა გაუქმდა 2000 წლის დეკემბერში, შეზღუდვები კვლავ ვრცელდებოდა ახალ დოკუმენტებზე, რომელიც შემდგომში დაემატა საქმის მასალებს. იმის გათვალისწინებით თუ რა იყო მომჩივნისათვის რისკის შემცველი ლუსტრაციის სამართალწარმოებაში -  მისი რეპუტაცია და ათი წლით საჯარო სამსახურის აკრძალვის რისკი - მისთვის მნიშვნელოვანი იყო საქმის მასალებისადმი შეუზღუდავი წვდომა, ჩანაწერებით შეუზღუდავი სარგებლობა და შესაბამისი დოკუმენტების ასლების მოპოვების შესაძლებლობა. მესამე, მთავრობის არგუმენტს, რომ საჯარო ინტერესის კომისარი (Commissioner of the Public Interest)ექვემდებარებოდა იმავე შეზღუდვებს კონფიდენციალური დოკუმენტების ხელმისაწდვომობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე, უარი ეთქვა, ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით მას ჰქონდა იგივე უფლებამოსილებები, რაც სახელმწიფო ბრალმდებელს, ყველა იმ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობის უფლების ჩათვლით, რომელიც ეხებოდა ასევე ამ პირს და რომელიც შექმნილი იყო ყოფილი უშიშროების სამსახურების მიერ. ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის დეკემბრის და 2000 წლის თებერვლის გადაწყვეტილებები მომჩივნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რომლითაც ბოლო გადაწყვეტილებამ იგი მისი საპარლამენტო თანამდებობის ადგილის დაკარგვის საფრთხის ქვეშ ჩააყენა, მას მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის შესახებ შეატყობინეს და არ ჰქონდა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ მისულიყო საიდუმლო რეესტრში, თუკი სურდა, რომ გაცნობოდა წერილობით ახსნა-განმარტებას.

დოკუმენტების კონფიდენციალურობამ და მომჩივნის საქმის მასალებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვებმა, ასევე სამართალწარმოებაში საჯარო ინტერესის კომისრის პრივილეგირებულმა პოზიციამ, სერიოზულად შეკვეცა მომჩივნის შესაძლებლობა, შეწინააღმდეგებოდა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს. ამგვარად, ლუსტრაციის სამართალწარმოებამ და კუმულაციურად წესების გავცრელებამ მომჩივანს ფაქტობრივად არარეალური მტკიცების ტვირთი დააკისრა და არ იქნა დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

დასკვნა: მუხლი 6(1)-ის დარღვევა მუხლ 6(3)-თან ერთად  (ერთხმად).

Article 41 –დარღვევის დადგენა საკმარისი იყო სამართლიანი დაკმაყოფილებისათვის.

იხ. აგრეთვე Turek v. Slovakia (no. 57986/00), გამოქვეყნებული საინფორმაციობარათში no. 83.

 

©  ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes