ფირალი ორუჯოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

PIRALI ORUJOV v. AZERBAIJAN

საჩივრის ნომერი: 8460/07

მოპასუხე სახელმწიფო:  აზერბაიჯანი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  03/02/2011

შედეგი: 

 დაირღვა მე-6(1) მუხლი

განსხვავებული აზრი: არა

 

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი  6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

 

მომჩივანი, ფირალი მაჰარამ ოგლუ ორუჯოვი, არის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც 1958 წელს დაიბადა და ცხოვრობს ბაქოში. წინამდებარე საქმე ეხება აპლიკანტის საჩივარს მის წინააღმდეგ 2005 წლის ივნისში დაწყებული სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების უსამართლობასთან დაკავშირებით. მას ბრალად ედებოდა ქონების განზრახ განადგურების მცდელობა. ორუჯოვი ევროსასამართლოს წინაშე ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მას, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევით, არ ჩაბარებია უწყება საკასაციო სასამართლოს წინაშე საჩივრის განხილვის შესახებ; გარდა ამისა, აპლიკანტი ასაჩივრებდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ პრესისთვის მიცემულ ერთობლივ განცხადებას მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების თაობაზე. აპლიკანტი აცხადებდა, რომ მოცემულ საქმეში მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფით განმტკიცებული უდანაშაულობის პრეზუმფცია.

2010 წლის 19 იანვრის წერილით მთავრობამ აცნობა სასამართლოს ცალმხრივი დეკლარაციის გაკეთების შესახებ იმ მიზნით, რომ გადაეწყვიტა საჩივრით წამოჭრილი საკითხები.

დეკლარაციის მიხედვით:

,,მთავრობა - ცალმხრივი დეკლარაციის მეშვეობით- გამოთქვამს სურვილს, აღიაროს, რომ წინამდებარე საქმეზე, საკასაციო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოება არ შეესაბამებოდა სამართლიანობის მოთხოვნას.

ამრიგად, მთავრობა მზადაა მომჩივანს კომპენსაციის სახით საერთო ჯამში 1,000 AZN (ათასი მანათი) გადაუხადოს. მთავრობის მოსაზრებით აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ადეკვატურ ანაზღაურებას და კომპენსაციას და შესაბამისად, იგი მისაღები იყო.

მთავრობამ ევროსასამართლოს მოუწოდა საჩივარი საქმეთა სიიდან ამოერიცხა’’.

2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით მომჩივანი არ დაეთანხმა მთავრობის ცალმხრივ დეკლარაციას, აღნიშნა რა, რომ მთავრობამ არ აღიარა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფის დარღვევა. იგი ასევე ასაჩივრებდა მთავრობის მიერ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობას, რადგან ის საკმაოდ მცირე იყო.

ევროსასამართლომ განაცხადა, რომ, კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი  პარაგრაფის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მას მოპასუხე მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე შეუძლია ამორიცხოს საჩივარი საქმეთა სიიდან მაშინაც, კი როდესაც მომჩივანს სურს საჩივრის განხილვის გაგრძელება.

ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა, რომ საკასაციო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოება არ შეესაბამებოდა სამართლიანობის მოთხოვნას და მან სურვილი გამოთქვა აპლიკანტისთვის კომპენსაციის სახით 1,000 AZT გადაეცა. თუმცა, სასამართლო შენიშნავს, რომ მთავრობამ საქმის ხელახლა განხილვის ვალდებულება, რათა უზრუნველეყო, რომ ეროვნულ დონეზე საქმის ხელახლა განხილვა აკმაყოფილებდა კონვენციის მე-6 მუხლით მითითებულ სამართლიანობის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დარღვევის ბუნება იმგვარია, რომ აპლიკანტის სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევის შედეგების აღმოფხვრა შეუძლებელია საქმის ხელახლა განხილვის გარეშე. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ ეროვნული კანონმდებლობა შესაძლებელს ხდის სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვას მაშინ, როდესაც ევროსასამართლოს მიერ დადგენილის კონვენციის დარღვევა. თუმცა, ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის გადასინჯვის შესაძლებლობას ევროსასამართლის განჩინების საფუძველზე, სადაც აგრეთვე მოცემულია უფლების დარღვევა.

ამრიგად, სასამართლო უარს აცხადებს საჩივრის საქმეთა სიიდან ამორიცხვაზე და აგრძელებს საქმის განხილვას.

აპლიკანტი ასაჩივრებდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევას იმ საფუძვლით, რომ მას არ ეცნობა საკასაციო სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის თაობაზე და შესაბამისად მას წაერთვა შესაძლებლობა დასწრებოდა აღნიშნულ სხდომას.

მთავრობამ განაცხადა, რომ აპლიკანტი სათანადოდ იყო ინფორმირებული საკასაციო სასამართლოში სხდომის შესახებ. მათ წარმოადგინეს უწყების ასლი, რომელიც ხელმოწერილი იყო საკასაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ და სადაც მითითებული იყო მომჩივნისა და მისი ადვოკატის მისამართები. აპლიკანტი კვლავ აცხადებდა, რომ მას და მის წარმომადგენელს უწყება არ მიუღიათ.

ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სადავო არ გახლდათ ის გარემოება, რომ მომჩივანი საკასაციო სასამართლოს სხდომას არ დასწრებია.  თუმცა, მხარეები დავობდნენ იმასთან მიმართებით,  იყო თუ არა აპლიკანტი წინასწარ ინფორმირებული სხდომის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ წარმოადგინა უწყების ასლები, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ უწყებას არ ჰქონდა ფოსტის შტემპელი; მტავრობას არ წარმოუდგენია რაიმე სხვა მტკიცებულება იმასტან დაკავშირებით, რომ აპლიკანტს ან მის ადვოკატს ნამდვილად გაეგზავნა სასამართლო უწყება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დარწმუნდა, რომ მომჩივანს ჩაბარდა სასამართლო უწყება ან სხვაგვარად ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ.

სასამართლო აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია მოიცავს მხარეთა ტანასწორობის უფლებას; სისხლის სამართლის სამართალწარმოება უნდა იყოს შეჯიბრებითი - ეს ფუნდამენტალური უფლებაა და გულისხმობს იმას, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა წარმოადგინონ კომენტარები მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით.

გარდა ამისა, ევროკონვენციის მე-6 მუხლი, მთლიანობაში, უზრუნველყოფს, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდების ქვეშ მყოფი პირი ესწრებოდეს სასამართლო პროცესს და ეფექტურად მონაწილეობდეს მასში. მოცემულ საქმეში რთული წარმოსადგენია, როგორ შეეძლო მომჩივანს აღნიშნული უფლებების განხორციელება სასამართლო სხდომამდე გაფრთხილების მიღების გარეშე. უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბრალმდებელი ესწრებოდა საკასაციო საჩივრის განხილვა; მან წარადგინა ზეპირი არგუმენტები, რომლის თანახმადაც მომჩივნის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მსჯავრდება ძალაში უნდა დარჩენილიყო. საკასაციო სასამართლო ვალდებული იყო გაეტარებინა ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავდა მომჩივნის სასამართლო პროცესზე დასწრების უზრუნველყოფას, რათა შენარჩუნებულიყო სამართალწარმოების შეჯიბრებითი ბუნება. თუმცა, არ არსებობს რაიმე მიმანიშნებელი გარემოება იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ნამდვილად ჩაბარდა თუ არა მომჩივანს უწყება. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დუმდა მომჩივნის სამართალწარმოებაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით.

ევროსასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს წინაშე მიმდინარე სამართალწარმოება არ შეესაბამებოდა სამართლიანობის მოთხოვნას. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.

მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ პრესისთვის გაკეთებული ერთობლივი განცხადება არღვევდა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას, რაც გარანტირებული იყო კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფით.

მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს საჩივრის ამ ნაწილთან მიმართებით არ ამოუწურავს შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები. აპლიკანტი არ დაეთანხმა მთავრობის ამ პოზიციას და ითხოვდა მისი საჩივრის განხილვას. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საჭირო არ იყო იმის განხილვა ამოწურა თუ არა მოჩივანმა შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რადგან მას უნდა დაეცვა ექვსთვიანი წესი. ვინაიდან აპლიკანტმა არ დაიცვა კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფთან დაკავშირებით წარდგენილ მის საჩივარს უარი უნდა ეთქვას.