იორგიჩი გერმანიის წინააღმდეგ

(Jorgic v. Germany)

საჩივრის ნომერი - 74613/01   PDF

მოპასუხე სახელმწიფო - გერმანია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 12/10/2007

შედეგი: სასამართლომ ნაწილობრივ დაუშვებლად ცნო,

არ დარღვეულა კონვენციის არც მე-6 (1) მუხლი და არც მე-5-1,

არ დაირღვა მე-7 მუხლი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი მე-7) არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

(მუხლი მე-7-1) Nullum crimen sine lege- არ არის დანაშაული კანონის გარეშე

(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო ანხილვის უფლება

(მუხლი მე-6) სისხლის სამართლის სამართალწარმოება

(მუხლი მე-6-1) სამართლიანი განხილვა

(მუხლი მე-6-1) მხარეთა თანასწორობის პრინციპი

(მუხლი მე-6-3-დ) მოწმეთა გამოძახება

(მუხლი მე-6-1) კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო

(მუხლი მე-5) თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება

(მუხლი მე-5-1-ა) უფლებამოსილი სასამართლო

(მუხლი მე-5-1) კანონიერი დაპატიმრება

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #99

ივლისი, 2007

 

იორგიცი (Jorgic) გერმანიის წინააღმდეგ - 74613/01

გადაწყვეტილება 12.7.2007 [V სექცია]

მე-7 მუხლი

მუხლი 7.1

Nullum crimen sine lege

განმცხადებლის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ გენოციდის ცნების განმარტება შეუსაბამოდ ფართო იყო: დარღვევას არ ქონდა ადგილი

მე-6 მუხლი

სისხლის სამართალწარმოება

მუხლი 6.1

კანონის საფუძველზე შექმნილი ტრიბუნალი

განმცხადებლის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ გერმანიის სასამართლოებს არ ქონდათ მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევებისთვის, მათ შორის ბოსნიაში ჩადენილი გენოციდისთვის, მისი გასამართლების იურისდიქცია: დარღვევას არ ქონდა ადგილი

 

ფაქტები: 1995 წლის დეკემბერში ბოსნიიდან გერმანიაში დაბრუნებისას განმცხადებელი დააკავეს 1992 წლის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში გენოციდში მონაწილეობის ბრალდებით. მის წინააღდეგ არსებული ბრალდება მოიცავდა გასამხედროებული ჯგუფის შექმნას და სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და მკვლელობებს, ასევე პირადად მის მიერ ამ მოსახლეობის წარმომადგენელთა სიცოცხლის მოსპობას. საბოლოო ჯამში მას მსჯავრი დაედო inter alia გენოციდისა და მკვლელობისთვის და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსათვის წარდგენილ განაცხადში ის ჩიოდა, რომ გერმანულმა სასამართლოებმა არასწორად გაიგეს მის გასამართლებაზე მოქმედი იურისდიქცია და მათი მხრიდან გენოციდის განმარტებას არ ქონდა სამართლებრივი საფუძველი გერმანიის კანონმდებლობაში ან საერთაშორისო საჯარო სამართალში. ამ უკანასკნელ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა ამ საქმეზე, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ განსახილველ სამართალდარღვევებს ადგილი ქონდა ბოსნიაში, რადგანაც არსებობდა ლეგიტიმური კავშირის იქ არსებულ გერმანიის სამხედრო და ჰუმანიტარულ მისიებთან და განმცხადებელი 20 წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობდა და იქვე დააპატიმრეს. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიიჩნევდა რომ საერთაშორისო საჯარო სამართლით მას ჩამორთმეული ქონდა ამ საქმის განხილვის უფლება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე (ICTY) უარი განაცხადა სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ უნივერსალური იურისდიქციის პრინციპზე დაყრდნობით. რაც შეეხება გენოციდის დანაშაულის განმარტებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გამოთქმა „ჯგუფის განადგურება“ გულისხმობს ჯგუფის, როგორც გამორჩეული სოციალური ნაწილის განადგურებას და არა მის განადგურებას ბიოლოგიურ-ფიზიკური მნიშვნელობით. მან დაადგინა, რომ განმცხადებელი მოქმედებდა ბოსნიის ჩრდილოეთში მუსლიმთა ჯგუფის განადგურების განზრახვით. საკონსტიტუციო სასამართლომ განმცხადებლის საკონსტიტუციო საჩივარი არ მიიღო განსახილველად, დაადგინა რა, რომ არ დარღვეულა სისხლის სამართლის კანონის უკუძალის არ არსებობის პრინციპი, რამდენადაც შესაბამის ნორმათა ინტერპრეტაცია განჭვრეტადი იყო და შეესაბამებოდა საერთაშორისო საჯარო სამართალში მათ მოქმედებას.

კანონმდებლობა: მუხლი 5.1.a და მუხლი 6.1 - გენოციდის შესახებ კონვენციის და გენოციდის ბრალდებით განმცხადებლის გასამართლებაზე მათი იურისდიქციის შესახებ გერმანული სასამართლოების განმარტება ფართოდ განმტკიცებულია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პრეცედენტულ სამართალში და ICTY-ის წესდებასა და პრეცედენტულ სამართალში. უფრო მეტიც, ICTY-ის წესდების 9.1 მუხლი ადასტურებს გერმანიის სასამართლოების ხედვას ICTY-ისა და ეროვნული სასამართლოს კონკურენტულ იურისდიქციაზე, რომელიმე ქვეყნის ეროვნული სასამართლოების შეზღუდვის გარეშე. გერმანული სასამართლოების მიერ შესაფარდებელი დებულებებისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის წესების განმარტება არ იყო დაუსაბუთბელი. შესაბამისად, მათ გენოციდის ბრალდებით განმცხადებლის გასამართლებაზე იურისდიქციის დასადგენად მყარი საფუძვლები ქონდათ. აქედან გამომდინარე, დაცული იყო განმცხადებლის გასამართლება „კანონის საფუძველზე შექმნილი ტრიბუნალის მიერ“ (მუხლი 6.1) და კანონიერი დაპატიმრება „კომპეტენტური სასამართლოს მიერ“ (მუხლი 5.1) მსჯავრდების შედეგად.

დადგენილება: დარღვევას ადგილი არ ქონდა (ერთხმად).

მე-7 მუხლი - მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სახელმწიფო ორგანო ამჯობინებს გენოციდის დანაშაულის ვიწრო განმარტებას, უკვე რამდენიმე სახელმწიფო ორგანომ, გერმანული სასამართლოების მსგავსად, უპირატესობა მიანიჭა ფართო განმარტებას. ამ ვითარებაში [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა განმცხადებლის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. შესაბამისად, გენოციდის დანაშაულის ეროვნული სასამართლოებისეული განმარტება შეიძლება დასაბუთებულად ჩაითვალოს სამართალდარღვევის შესატყვისად და შესაბამის დროს განმცხადებლის მიერ გონივრულად განჭვრეტადად. ვინაიდან ეს მოთხოვნები დაცული იყო, გერმანული სასამართლოების გადასაწყვეტი იყო ეროვნული კანონმდებლობის თანახმად გენოციდის დანაშაულის რომელ განმარტებას გაიზიარებდნენ.

დადგენილება: დარღვევას ადგილი არ ქონდა (ერთხმად).