სავომირ მუსია პოლონეთის წინააღმდეგ

Sławomir Musiał v. Poland

საჩივრის ნომერი: -28300/06

მოპასუხე სახელმწიფო: პოლონეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  20/01/2009

შედეგი:

დაირღვა მე–3 მუხლი – წამების აკრძალვა (მუხლი 3– დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა) (მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი)

მოპასუხე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ინდივიდუალური ღონისძიებები (მუხლი 46–2 – ინდივიდუალური ღონისძიებები)

არამატერიალური ზიანი– დაკმაყოფილდა

მატერიალური ზიანი– საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები :

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა

(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}

(მუხლი 46) გადაწყვეტილებათა სავალდებულო ძალა და აღსრულება

(მუხლი 46–2) გადაწყვეტილების აღსრულება

(მუხლი 46–2) ინდივიდუალური ღონისძიებები

პოზიტიური ვალდებულებები

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე    No. 115

იანვარი 2009

სლავომირ მუსიალი პოლონეთის წინააღმდეგ - 28300/06

გადაწყვეტილება 20.1.2009 [სექცია IV]

მუხლი 3

დამამცირებელი მოპყრობა

არაადამიანური მოპყრობა

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სერიოზული ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის არასაკმარისი სამედიცინო მზრუნველობისა და პატიმრობის პირობების უზრუნველყოფა: დარღვევა

მუხლი 46

მუხლი 46-2

გადაწყვეტილების აღსრულება

სახელმწიფოს მოეთხოვებოდა მომჩივნის სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაყვანისა და, ზოგადად, პატიმრობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პატიმრებისათვის

ფაქტები: მომჩივანი ადრეული ბავშვობიდან ეპილეფსიით იყო დაავადებული; მას ასევე  დაუსვეს შიზოფრენიისა და სხვა სერიოზული ფსიქოლოგიური აშლილობების დიაგნოზი. მან სცადა თვითმკვლელობა და ჩაუტარდა სტაციონალური მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 2005 წელს იგი დააკავეს ყაჩაღობისა და ცემის ბრალდებით და ამის შემდეგ იგი დაკავებული იყო სხვადასხვა წინასწარი პატიმრობის ცენტრში,  ფსიქიატრიული გარემო პირობების გარეშე. მისი მდგომარეობა (ამ პერიოდში, განგრძობითად) მოითხოვდა ფსიქიატრიულ ზედამხედველობას. რამდენიმე შემთხვევაში იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საგანგებო მკურნალობისათვის ჰალუცინაციებისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ. იგი ორჯერ მიიღეს ფსიქიატრიულ განყოფილებებში რამდენიმე კვირით დაკვირვებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საჩივარში იგი ჩიოდა პატიმრობის პირობებზე,  გადატვირთულობაზე, ანტისანიტარიული მდგომარეობის, ინვაზიის და  რეკრეაციული პირობების არარსებობის ჩათვლით. მთავრობა ბრალდებათა ძირითად ნაწილს შეედავა, თუმცა აღიარა ციხის გადატვირთულობის პრობლემა. აპლიკანტი ასევე ჩიოდა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის არასათანადო სამედიცინო მზრუნველობისა და მკურნალობის მიწოდებისთვის და განაცხადა, რომ ნაცვლად პატიმრობის განყოფილებისა იგი უნდა ყოფილიყო შესაფერის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

ორ რეკომენდაციაში (R(98)7 and Rec(2006)2) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა პატიმართა საჭიროებებზე, რომელთა ფსიქიკური ჯანმრთელობა შეუფერებელია ციხეში პატიმრობასთან; რეკომენდაციებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აღნიშნული პირები დაპატიმრებულნი უნდა იყვნენ შესაფერისად აღჭურვილ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები არაა სამართლებრივად სავალდებულო წევრი სახელმწიფოებისათვის, ევროპულმა სასამართლომ უახლეს გადაწყვეტილებებში Rivière v. France, 11 ივლისი 2006, საინფორმაციო ბარათი no. 88; და Dybeku v. Albania, 18 დეკემბერი 2007, საინფორმაციო ბარათი no. 103) ყურადღება გაამახვილა ამ ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე.

სამართალი: მუხლი 3 – (a)  დასაშვებობა (სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა): მომჩივნის ფსიქიატრიული პრობლემები ისეთი იყო, რომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოლოდინი ან მისთვის მოეთხოვათ,  პროცედურების სკურპულოზურად შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუტანია ფორმალური საჩივრები რელევანტური დებულებების შესაბამისად, პენიტენციურმა ორგანოებმა იცოდნენ მისი მდგომარეობის შესახებ, გამომდინარე იქედან, რომ მან სამედიცინო მზრუნველობისა და პატიმრობის პირობების შესახებ საკითხი წამოჭრა მისი გათავისუფლებისათვის სასამართლოსადმი მიმართულ თითოეულ განცხადებაში  და ასევე  ომბუდსმენისადმი ცალკე განაცხადში, რომლებიც (ყველა მათგანი) დაუსაბუთებულობის გამო არ დაკმაყოფილდა. ამრიგად, მომჩივანი საკმარისად ეცადა, რომ მისი მდგომარეობის შესახებ ხელისუფლების ორგანოების ყურადღება მიეპყრო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმალურ საჩივარს არ ექნებოდა წარმატების საკმარისი პერსპექტივა, ვინაიდან ციხის გადატვირთულობა საკონსტიტუციო სასამართლომ სტრუქტურულ პრობლემად მიიჩნია, რომელიც გავლენას ახდენდა ციხის მოსახლეობის დიდ ნაწილზე; ციხის უფროსებმა, პრობლემის აღიარების მიუხედავად, გადაწყვიტეს შეემცირებინათ მინიმალური სივრცის მოთხოვნა. სამოქალაქო სასამართლოებში მიმართვა მხოლოდ ფინანსურ ანაზღაურებას უზრუნველყოფდა და არ შეცვლიდა მომჩივნის მდგომარეობას. ბოლოს,  საკონსტიტუციო სასამართლოსადმი სარჩელი არ იქნებოდა ეფექტიანი, ვინაიდან, მიუხედავად სასამართლოს მიერ იმის დადგენისა, რომ არაკონსტიტუციური იყო პატიმრების მოთავსება გაურკვევლად შეზღუდულ პირობებში, მომჩივნის ძირითადი ჩივილი იყო არაადეკვატური სამედიცინო მზრუნველობა და სპეციალიზირებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება. მხოლოდ ისეთი სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომელიც მთლიანად მიემართებოდა მის საჩივარს და არა მხოლოდ მის რომელიმე ასპექტს, შესაძლოა შეეთავაზებინა უფლების რეალური  აღდგენა.

დასკვნა: პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (ერთხმად).

(b)  არსებითი მხარე: პირობები: ხალხით გადატვირთულობა, ვარჯიშსა და რეკრეაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, სუსტი ჰიგიენური და სანიტარული პირობები – არ იყო სათანადო ჩვეულებრივი პატიმრებისათვის, მითუმეტეს ნაკლებად სათანადო იყო იმ პირისათვის, რომელსაც ჰქონდა ფსიქიკური აშლილობის ისტორია და საჭიროებდა სპეციალიზირებულ მკურნალობას. ფსიქიკური აშლილობის მქონე დაკავებული პირები იყვნენ უფრო მგრძნობიარენი არასრულფასოვნებისა და უძლურებისადმი.  ამგვარად, უფრო მეტი ყურადღება იყო საჭირო,  ასეთ საქმეებში კონვენციის შესაბამისობის შემოწმებისას. მომჩივნის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ბუნებამ იგი უფრო მოწყვლადი გახადა, ვიდრე საშუალო პატიმარი და არადამაკმაყოფილებელ პირობებში მის დაკავებას შეეძლო გაემწვავებინა მისი წუხილი, ტკივილი და შიში. ყველაზე მეტად, ხელისუფლების ორგანოების მიერ პატიმრობაში ყოფნის ძირითად პერიოდში მომჩივნის შესაბამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან სპეციალიზირებული ფსიქიატრიული კამერით უზრუნველყოფილ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსების განუხორციელებლობამ,  დააყენა იგი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის რისკის ქვეშ; და აღნიშნულ გარემოს  მასში სტრესი და მღელვარება უნდა გამოეწვია. მათ ასევე უგულვებელყვეს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებთან დაკავშირებით. ამგვარად, არასათანადო სამედიცინო მზრუნველობასა და პირობებს, რომელშიც მომჩივანი იმყოფებოდა აშკარად ჰქონდა ზიანის მომტანი ეფექტი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მისი ბუნების, ხანგძლივობის და სიმკაცრის გამო, მოპყრობა რომელსაც მომჩივანი დაექვემდებარა, უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც არაადამიანური და დამამცირებელი.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41 – 10,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის

მუხლი 46 – ზოგადი ღონისძიებები: პოლონეთის საპატიმრო დაწესებულებებში გადატვირთულობის,  შესაბამისად, არასათანადო საცხოვრებელი და სანიტარული მდგომარეობის პრობლემის სერიოზული და სტრუქტურული ბუნების გათვალისწინებით, უნდა გატარდეს აუცილებელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებები საპატიმროს სათანადო პირობებით უზრუნველსაყოფად, კერძოდ კი, იმ პირებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული მზრუნველობა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ინდივიდუალური ღონისძიებები: პოლონეთს მოეთხოვა, შეძლებისდაგვარად მალე გადაეყვანა მომჩივანი სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, რომელიც უზრუნველყოფდა მას აუცილებელი ფსიქიატრიული მკურნალობითა და მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობით.

 

©  ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes