გრეი გერმანიის წინააღმდეგ

Gray v. Germany

საჩივრის ნომერი  -  49278/09

მოპასუხე სახელმწიფო    -   გერმანია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   22/05/2014

შედეგი: პირველადი პრეტენზია დაუშვებლად იქნა ცნობილი (35-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფი-  შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა)

არ დარღვეულა მე-2 მუხლი, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლის 1-ლი პარაგრაფი - ეფექტური გამოძიება) (პროცედურული ასპექტი)

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება

(მუხლი 2-1) ეფექტური გამოძიება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 174

მაისი 2014

გრეი გერმანიის წინააღმდეგ - 49278/09

Gray v. Germany

გადაწყვეტილება 22.5.2014  [სექცია V]

მუხლი 2

მუხლი 2-1

ეფექტური გამოძიება

გაერთიანებულ სამეფოში გარდაცვლილი პაციენტის სიკვდილზე პასუხისმგებელი გერმანელი ექიმის წინააღმდეგ სიხლისსამართლებრივი საქმის დაწყება გერმანიაში: არ დარღვეულა

ფაქტები – მომჩივნის მამა გაერთიანებულ სამეფოში, მის სახლში, გერმანელი ექიმის  სამედიცინო შეცდომის შედეგად გარდაიცვალა; აღნიშნული ექიმი კერძო დაწესებულებამ შეარჩია, რათა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში (British National Health Service) ემუშავა. დიდ ბრიტანეთში ექიმის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე აღიძრა. დიდი ბრიტანეთის პროკურატურის მიერ იურიდიული დახმარების შესახებ თხოვნის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლების ორგანოებმა,  ასევე, დაიწყეს სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება, რის შედეგადაც ექიმი დამნაშავედ გამოცხადდა, მისი დაუდევრობით გამოწვეული მომჩივნის მამის სიკვდილის გამო. გერმანიაში ჩატარებული სამართალწარმოების მიხედვით, გერმანიის ხელისუფლების ორგანოებმა არ შეასრულეს ევროპული დაკავების ბრძანება (ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე გამოცემული ბრძანება), რომელიც ექიმის წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოში გაიცა; გერმანიის ხელისუფლების ორგანოებმა უარი განაცხადეს ექიმის ექსტრადიციაზე. ამრიგად, გაერთიანებულ სამეფოში ექიმის წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი საქმე  უნდა შეწყვეტილიყო.

სამართალი – მე-2 მუხლი (პროცედურული ასპექტი): გერმანიაში ჩატარებულმა სისხლისსამართლებრივმა ღონისძიებებმა საგამოძიებო ორგანოებს საშუალება მისცა  დაედგინათ მომჩივნის მამის სიკვდილის მიზეზი და, შესაბამისად, ექიმის პასუხისმგებლობა. არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების გადაწყვეტილება, ექიმი დამნაშავედ ეცნოთ წინასასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გამართლებულ იქნა.

რაც შეეხება მომჩივანთა ბრალდებებს, რომ ისინი საკმარისად არ იყვნენ ჩართულნი გერმანიაში მიმდინარე სამართალწარმოებაში, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ გერმანული სისხლისსამართლებრივი პროცესის წესების მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოები არ იყვნენ ვალდებულნი, მომჩივანთათვის საკუთარი ინიციატივით ეცნობებინათ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების დაწყების ან მისი შემდგომი განვითარების შესახებ. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ამ საქმეში, ასეთი ვალდებულება, ასევე,  არ წარმოიშობოდა კონვენციის მე-2 მუხლის 1-ელ პარაგრაფში გათვალისწინებული პროცედურული მოთხოვნების მიხედვით.

თუმცა იმ შემთხვევებში, სადაც სიკვდილთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფო პირების პასუხისმგებლობას ეხებოდა, მე-2 მუხლის 1-ლი პარაგრაფი მოითხოვდა, რომ ოჯახის წევრები და ნათესავები ჩართულნი ყოფილიყვნენ პროცედურებში იმდენად, რამდენადაც ამას მათი ლეგიტიმური ინტერესების დაცვა მოითხოვდა. აღნიშნულისგან განსხვავებით, მე-2 მუხლით გათვალისწინებული, სამედიცინო სფეროში დაუდევრობასთან დაკავშირებული, პროცედურული ვალდებულება, აუცილებლად არ მოითხოვდა სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობას, შესაბამისად, შეიძლება სადავო იყოს, იყო თუ არა მომჩივნის, როგორც შთამომავლის, საქმეში ჩართვა საჭირო, რადგან მომჩივნის საქმეში, პროკურატურის წარმომადგენლებს ასეთი სამართლებრივი დაცვის საშუალების მიღების უფლება საკუთარი ინიციატივით გააჩნდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნები ჩართულები იყვნენ ექიმის წინააღმდეგ არსებულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში. იქედან გამომდინარე, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას საქმის გარემოებები საკმარისად იქნა დადგენილი,მომჩივანთა მთავარ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა, სასამართლოს საქმის შეფასების კუთხით ახალს არაფერს შესძენდა. ნამდვილად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხდომა ჩაინიშნებოდა, მომჩივნებს არ ექნებოდათ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება იმ მიზნით, რომ სასამართლოს უფრო მძიმე სასჯელი დაეწესებინა. შესაბამისად, არ არსებობდა რაიმე გარემოება, რაც შიდასახელმწიფო სამართალწარმოებისას გარდაცვლილის შთამომავლების ლეგიტიმური ინტერესების უპატივცემულობაზე მიუთითებდა.

სინამდვილეში აპლიკანტები ჩიოდნენ იმაზე, რომ, ექიმს მსჯავრი არა გაერთიანებულ სამეფოში, არამედ გერმანიაში დაედო, სადაც ის შესაძლოა უფრო მძიმე სასჯელს დაქვემდებარებოდა. თუმცა, გერმანიის სახელმწიფო ორგანოები, მას შემდეგ, რაც, სიკვდილის დადგომაში ექიმის მონაწილეობის შესახებ გაიგეს,  ვალდებულნი იყვნენ დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება და შესაბამისი შიდა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით გერმანიის ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ საფუძვლები, რომ არ მოეხდინათ ექიმის ექსტრადიცია. კონვენციის მე-2 მუხლით განმტკიცებული პროცედურული გარანტიები არ შეიცავს უფლებას ან ვალდებულებას, რომ ბრალდებულს  კონკრეტული სასჯელი განსაზღვრული ქვეყნის შიდა სამართლის მიხედვით დაეკისროს.

სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების გარდა, გერმანიის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, ასევე, ჩატარდა ექიმის კომპეტენციისა და საექიმო საქმისთვის მზაობის თაობაზე გამოძიება, სადაც მომჩივნებს შესაძლებლობა მიეცათ წარმოედგინათ დამატებითი ინფორმაცია. სადისციპლინო სამართალწარმოების შედეგად, ექიმს საყვედური გამოეცხადა და დაჯარიმდა.

შესაბამისად, გერმანიის ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყვეს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რათა განესაზღვრათ მომჩივნის მამის გარდაცვალების მიზეზი და, აგრეთვე, ექიმის პასუხისმგებლობა. არ არსებობდა რაიმე ფაქტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიებები და სამართალწარმოება, რომლებიც გერმანიის ხელისუფლების ორგანოების ინიციატივით განხორციელდა, კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებულ გარანტიებს არ შეესაბამებოდა.

დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes