იასინსკისი ლატვიის წინააღმდეგ

Jasinskis v. Latvia

საჩივრის ნომერი: - 45744/08

მოპასუხე სახელმწიფო: ლატვია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  21/12/2010

შედეგი: 

დაირღვამე–2 მუხლი (მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი)

დაირღვა მე–2 მუხლი (პროცედურული ასპექტი)

არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები :

(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება

(მუხლის 2–1) ეფექტიანი გამოძიება

(მუხლი 2–1) სიცოცხლე

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}

 


 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე   No. 136

დეკემბერი 2010

იასინსკისი ლატვიის წინააღმდეგ - 45744/08

გადაწყვეტილება 21.12.2010 [სექცია III]

მუხლი 2

პოზიტიური ვალდებულებები

მუხლი 2-1

ეფექტიანი გამოძიება

სმენადაქვეითებული და მეტყველების უნარდაქვეითებული ადამიანის არაადეკვატური სამედიცინო მკურნალობა პოლიციის საპატიმროში: დარღვევა

ფაქტები – ღამით, მეგობრებთან ერთად დალევის შემდეგ, მომჩივნის ვაჟი, რომელიც იყო სმენადაქვეითებული და მეტყველების უნარდაქვეითებული, გადმოვარდა კიბეებიდან და დაიზიანა თავი და დაკარგა გონება რამდენიმე წუთით. გამოძახებულ პოლიციას შეატყობინეს მომხდარის და ვაჟის გრძნობის ორგანოების შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ. იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში გამოფხიზლებისათვის, სასწრაფოსათვის დალოდების გარეშე, რომელიც ასევე ამავე პერიოდში იქნა გამოძახებული. პოლიციის მორიგე ოფიცერმა შენიშნა ნაკაწრი ვაჟის სახეზე, თუმცა როდესაც სასწრაფო დაუკავშირდა პოლიციას, მათ შეიტყვეს, რომ არ იყო საჭირო სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ვაჟი უბრალოდ მთვრალი იყო. მას შემდეგ რაც იგი  საკანში მოათავსეს, ვაჟი აბრახუნებდა კარებსა და კედლებზე გარკვეული ხნით, მაგრამ უშედეგოდ. მას არ ჰქონდა პოლიციის ოფიცრებთან კომუნიკაციის რაიმე შესაძლებლობა, ვინაიდან როგორც ჩანს, არც ერთ მათგანს არ ესმოდა ჟესტების ენა და ბლოკნოტი, რომელსაც იგი, როგორც წესი, იყენებდა კომუნიკაციისათვის, მას ჩამოართვეს. მომდევნო დღეს, მისი საპატიმროში მიყვანიდან შვიდ საათში, პოლიციის ოფიცრები უშედეგოდ ცდილობდნენ მომჩივნის ვაჟის გაღვიძებას და მიუხედავად იმისა, რომ მან მოახერხა თვალების გახელა, სხვა მხრივ იგი იყო ურეაქციო. მომდევნო შვიდი საათის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჩათვალეს, რომ ვაჟს „მეტისმეტად დიდხანს ეძინა“, პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო და საბოლოოდ იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მხოლოდ მომჩივნის არაერთგზისი მოთხოვნით. იგი გარდაიცვალა რამდენიმე საათის შემდეგ და თანმდევმა გვამის გაკვეთამ დაადასტურა თავისა და ტვინის მრავალგზის დაზიანებები, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი.

თანმდევი გამოძიების ფარგლებში, გამოიცა ექსპერტიზის დასკვნა მომჩივნის ვაჟისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნული იყო პოლიციის განყოფილებაში მისდამი განხორციელებულ მოპყრობაში არსებული დეფექტების შესახებ, როგორიცაა მისი დაკავების პერიოდში მისი მდგომარეობის შესახებ არაინფორმირებულობა და დაყოვნებები სასწრაფოს გამოძახებაში. პოლიციის დეპარტამენტმა,  სადაც ვაჟი იყო დაკავებული, ასევე დაიწყო შიდა მოკვლევა მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. თუმცა მან შეწყვიტა გამოძიება სამჯერ, ვინაიდან დაასკვნა, რომ მორიგე ოფიცრები მოქმედებდნენ შესაბამისი სამართლისა და რეგულაციების ფარგლებში. თითოეული ეს გადაწყვეტილება გააუქმა კომპეტენტურმა პროკურატურამ. გამოძიების შეწყვეტის შესახებ მესამედ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ; მომჩივნის დაჟინებული მოთხოვნით, საქმე საბოლოოდ  შიდა უსაფრთხოების ბიუროს (Bureau of Internal Security) გადაეცა შემდგომი გამოძიებისათვის. სხვა მოწმეების დაკითხვის შემდეგ, ბიურომ საბოლოოდ გადაწყვიტა გამოძიების შეწყვეტა და დაადგინა, რომ პოლიცია მოქმედებდა სათანადო ზედამხედველობით. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მომჩივნის საჩივრებს უარი ეთქვა.

სამართალი – მუხლი 2

(a)  მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი – სასამართლომ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იყვნენ განსაკუთრებით მოწყვლადი საპატიმროში და რომ პოლიცია სათანადოდ იყო ინფორმირებული მომჩივნის ვაჟის გრძნობის ორგანოების შეზღუდული შესაძლებლობებისა და მათი დაზიანების შესახებ.  თუმცა, მას არ ჩაუტარეს სამედიცინო შემოწმება, როდესაც წაიყვანეს საპატიმროში, მაშინ როდესაც მათ განსაკუთრებულად მოეთხოვებოდათ ასე მოქცევა, წამების აკრძალვის შესახებ ევროპული კომიტეტის (European Committee for the Prevention of Torture (CPT) სტანდარტებით. მათ ასევე არ მისცეს მას საშუალება, მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,  მას შემდეგაც კი, რაც იგი აბრახუნებდა კარებზე და კედლებზე გამოსაფხიზლებელ საკანში. იმის გათვალისწინებით, რომ ის იყო სმენადაქვეითებული და მეტყველების უნარდაქვეითებული, პოლიციას  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ჩათვლით, ჰქონდა მკაფიო ვალდებულება, სულ მცირე, მიეცა მისთვის კალამი და ფურცელი, რათა მას შეძლებოდა, თავისი წუხილების შესახებ ეცნობებინა მათთვის. და ბოლოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის გარემოება, რომ თითქმის შვიდი საათი გავიდა ვაჟის მიერ „გაღვიძებაზე უარის თქმასა“ და სასწრაფოს გამოძახებას შორის. დაახლოებით თოთხმეტი საათის განმავლობაში გამოღვიძების შეუძლებლობა რთულად თუ აიხსნება უბრალო სიმთვრალით. შეჯამებისათვის, თითქმის შვიდი საათის განმავლობაში მსხვერპლის გაღვიძების შეუძლებლობის შემდეგ, პოლიციელებმა ვერ მოახერხეს ვერც სამედიცინო რჩევის მოძებნა და ვერც სასწრაფოს გამოძახება, რითაც პოლიციამ ვერ მოახერხა საკუთარი ვალდებულების შესრულება, დაეცვა მისი სიცოცხლე.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

(b)  პროცედურული ასპექტი – ვაჟის გარდაცვალებაზე პირველადი გამოძიება ჩაატარა იმავე ორგანომ, რომელიც ჩართული იყო იმ პროცესებში, რამაც მომჩივნის ვაჟის სიკვდილი გამოიწვია. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო ეფექტიანი, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა საგამოძიებო დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტს. გამოძიების ჩატარება თავის თავზე აიღო  შიდა უსაფრთხოების ბიურომ, რომელმაც დაკითხა პოლიციის ხუთი ოფიცერი, რომლებიც იყვნენ პოლიციის განყოფილებაში სიკვდილის წინა დღეს და შეადგინა დასკვნა, რომელიც ემთხვეოდა ამ საქმეში ჩართული პოლიციის დეპარტამენტის შიდა მოკვლევის მიერ მიღებულ დასკვნას. ბიუროს დამოუკიდებლობის შესახებ ზოგადი დასკვნების გაკეთების გარეშე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩატარებული გამოძიებას ჰქონდა ხარვეზები რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, გარდაცვალებიდან დაახლოებით თვრამეტი თვის გასვლამდე გამოძიება არ გადაცემულა იმ პროცესებში ჩართული დაწესებულებებიდან და ბიუროს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი. დამოუკიდებელი ორგანოს უფრო მყისიერი რეაქცია შესაძლებელს გახდიდა, შეგროვებულიყო მეტი მტკიცებულება, მაგალითად, იმ პათოლოგისგან, რომელიც ატარებდა გვამის გაკვეთას ან ვაჟის დაცემის ადგილიდან ან საკნიდან, სადაც ის იყო დაპატიმრებული. მეორე რიგში, ბიუროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ უზრუნველყო რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი ყოფილიყო პოლიციის ოფიცრების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგენისათვის, მაგალითად, გამოფხიზლების ცენტრში (Sobering-up Centre) სამედიცინო მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებით. გამომძიებლებმა არც ის შეაფასეს, დაკავებისას ვაჟისათვის სამედიცინო გამოკვლევაზე უარი და თანმდევი სამედიცინო  დახმარების დაყოვნება შესაბამისობაში იყო თუ არა პოლიციის ვალდებულებებთან შიდასახელმწიფოებრივი სამართლისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპეციალურ საჭიროებებთან. და ბოლოს, სასამართლოს არ შეეძლო, უყურადღებოდ დაეტოვებინა ის ფაქტი, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებლობამ გადაინაცვლა  პოლიციასა და სხვადასხვა პროკურატურის ოფისებს შორის სამჯერ.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41: 50,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.

 

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes