ჯელიჩი ხორვატიის წინააღმდეგ

Jelić v. Croatia

საჩივრის ნომერი - 57856/11

მოპასუხე სახელმწიფო - ხორვატია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 12/6/2014

შედეგი - წინასწარი პრეტენზია ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა (მუხლი 35-3 – Ratione temporis ),

საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი,

დაირღვა მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (მუხლი 2-1 - ეფექტიანი გამოძიება) (პროცედურული ასპექტი)

არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა

მატერიალური ზიანი - უარი ეთქვა

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება

(მუხლი 2-1) ეფექტიანი გამოძიება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 35-3) Ratione temporis

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადი)

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 175

ივნისი 2014

ჯელიჩი ხორვატიის წინააღმდეგ - 57856/11

Jelić v. Croatia - 57856/11

გადაწყვეტილება 12.6.2014 [I სექცია]

მუხლი 2

მუხლი 2-1

ეფექტიანი გამოძიება

მკვლელობის ბრძანების გამცემი ოფიცრის სისხლისსამართლებრივი დევნა, მკვლელობის უშუალოდ ამსრულებლების მიმართ ასეთი დევნის განხორციელების გარეშე: დარღვევა

ფაქტები – 1991 წლის ნოემბერში, მომჩივნის ქმარი, რომელიც წარმოშობით ეთნიკურად სერბი იყო, სახლიდან გაიტაცეს. მოგვიანებით ის გარდაცვლილი იპოვეს. შვიდი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა ეფექტიანი ღონისძიებები მკვლელობის გამოსაძიებლად. 1999 წლის სექტემბერში სისაკის პოლიციამ (Sisak Police) დაიწყო ხალხის გამოკითხვა 1991-1995 წლებში სისაკში მოკლულ სერბებთან დაკავშირებით, მათ შორის - მომჩივნის ქმრის შესახებაც. რამდენიმე ხნის შემდეგ მოწმემ დაასახელა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ სერბების მკვლელობაში, მათ შორის მომჩივნის ქმრის მკვლელობაშიც. 2013 წელს კი სისაკის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულში, რომელიც გულისხმობდა მათ მკვლელობებს.

სამართალი – მუხლი 2 (პროცედურული ასპექტი): მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი ქმრის მკვლელობის გამოძიება იყო არაადეკვატური, რადგან დანაშაულის არცერთი უშუალო ამსრულებელი, რომელიც დაასახელა მოწმემ, არ უცვნიათ ბრალდებულად, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულად ცნეს. სასამართლო დაეთანხმა იმ მოსაზრებას,  რომ გარკვეული გაჭიანურება ომისა და ომის შემდგომი პერიოდის განმავლობაში სერბი სამოქალაქო პირების მკვლელობის გამოძიების პროცესში განპირობებული იყო ხორვატიაში არსებული ზოგადი სიტუაციით, რადგან ხორვატია იყო ომგამოვლილი სახელმწიფო და მას სჭირდებოდა დრო, რათა მოეწესრიგებინა სახელმწიფო აპარატი და საჯარო მოხელეებს შეეძინათ გამოცდილება. თუმცა, ასეთი სირთულეები ხელისუფლების ორგანოებს არ ათავისუფლებს კონვენციის მე-2 მუხლით ნაკისრი პროცედურული ვალდებულებებისგან.

2003 წლისთვის ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, რომლის დახმარებით შესაძლოა მომხდარიყო დანაშაულის უშუალო ამსრულებლებისა და მომჩივნის ქმრის მოკვლის ბრძანების გამცემი პირების იდენტიფიკაცია. შესაბამისად, ასეთი ინფორმაციის არსებობა ავალდებულებდა ხელისუფლებას, მიეღო უფრო ქმედითი საგამოძიებო ზომები. მართალია, ზუსტად ვერ დგინდებოდა, საკმარისი იყო თუ არა ხელისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია პირების გასასამართლებლად, მაგრამ ასეთი ინფორმაციის ფლობა გულისხმობდა ყველა იმ შესაძლო საშუალების გამოყენების ვალდებულებას, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა მკვლელობის გარემოებების დადგენა, რათა ხელისუფლებას დაეცვა მე-2 მუხლით ნაკისრი პროცედურული ვალდებულებები. განსახილველ საქმეში ხარვეზები, რომელიც ხელს უშლიდა გამოძიების ეფექტიანად ჩატარებას, ვერ იქნებოდა გამართლებული მხოლოდ ბრძანების გამცემ პირთა მსჯავრდებულად ცნობით. ომის დანაშაულების დროს მხოლოდ მეთაურთა დასჯა პირადი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს დანაშაულის ჩამდენ დაქვემდებარებულ პირებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი თანამდებობის პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, ხორვატიის მიერ მე-2 მუხლით ნაკისრი პროცედურული ვალდებულებები კვლავ ავალდებულებდა ხელისუფლებას, განეხორციელებინა მას სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის სავარაუდო უშუალო ამსრულებლების მიმართ სწრაფად და გონივრულ ვადებში. სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიების გაჭიანურება მაშინ, როცა მოწმეებმა  დაასახელეს დანაშაულის უშუალო ამსრულებლების სახელები, წარმოადგენდა კონვენციის მე-2 მუხლით ნაკისრი ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების განხორციელების ვალდებულების დარღვევას.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41: 20,000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes