გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ

GUSINSKIY v. RUSSIA

საჩივრის ნომერი :70276/01  Summary

მოპასუხე სახელმწიფო: რუსეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  19/05/2004

შედეგი: დაირღვა მე-5 მუხლი

დაირღვა მე-18 მუხლიმე-5 მუხლთან ერთად

არამატერიალური ზიანი- დარღვევის დადგენა საკმარისია

ხარჯები და დანახარჯები- ნაწილობრივ მიკუთვნებულ იქნა

 

 

საკვანძო სიტყვები: (მუხლი 5) თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება

(მუხლი 5-1-c) გონივრული ეჭვი

(მუხლი5-1) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება

(მუხლი18) უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები

(მუხლი 18) გაუმართლებელი მიზნებით შეზღუდვა

 (მუხლი41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადად)

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

ფაქტები: 1952 წელს დაბადებული მომჩივანი ZAO Media Most-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მთავარი აქციონერი გახლავთ. აღნიშნული მედია საშუალება კერძო მედია კომპანიაა, რომელიც პოპულარული სატელევიზიო არხის NTV-ს მფლობელი იყო. 1999 წლის 2 ნოემბერს მომჩივანი ბ-ნმა ნიკოლაევმა, პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა, დაკითხა. გამოძიების ჩანაწერის მიხედვით დაკითხვა შეეხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ კომპანიასთან, FGP RGK-სთან,დაკავშირებულ გამოძიებას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ნორმების დარღვევით, სამაუწყებლო ლიცენზიის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის, OOO Russian Video‑სთვის, გადაცემას.

დაკითხვის შემდეგ შევსებულ იქნა ოქმი, რომელსაც ორივე მხარემ ხელი მოაწერა. მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა შეემოწმებინა გაკეთებული ჩანაწერები და დაემატებინა კომენტარები. გამომძიებელმა ოქმში აღნიშნა, რომ მომჩივანი დაჯილდოვებულ იქნა ხალხთა მეგობრობის ორდენით. გაზპრომის მიმართ არსებული დავალიანების გამო ZAO Media Most 2000 წელს ჩაერთო დავაში გაზპრომთან, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ბუნებრივი აირის მონოპოლისტ კომპანიასთან. მას შემდეგ რაც გაზპრომმა მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა, მოსკოვში მედია კომპანიის ოფისები გაჩხრიკეს. რამდენიმე დოკუმენტი და სხვა მასალები ამოღებულ იქნა მტკიცებულების სახით მიიჩნიეს რა, რომ  Media Most -ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილი ჰქონდა კონფიდენციალურობის დარღვევას. 2000 წლის 15 მარტს ბ-ნმა ნიკოლაევმა მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო. აღნიშნული საქმე შეუერთდა კიდევ ერთ საქმეს, რომელიც ქონების  მითვისებასთან დაკავშირებით  OOO Russian Video-ს აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ იყო აღძრული. ორივე საქმეში ბრალდება ეხებოდა Russian Video-სა და OOO Russian Video-ს შორის არსებულ საქმიან ურთიერთობას, სახელდობრ, Media Most -ის OOO Russian Video-სთან შერწყმას და ამ უკანასკნელის კაპიტალის გაზრდას, რომელიც თითოეული აქციონერის წილთა განაწილებაზე აისახებოდა.

2000 წლის 11 ივნისს მომჩივანს ჩაბარდა უწყება, რომლის მიხედვითაც სხვა სისხლისსამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით მოწმედ იქნა გამოძახებული. მიუხედავად იმისა, რომ იგი იმ დროისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, მან მოახერხა და დაბრუნდა რუსეთში. დაბარებულ დროს გამოცხადების შემდეგ, იგი ბ-ნი ნიკოლაევის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად დააპატიმრეს. ბრძანების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების საფუძველზე, ბ-ნი ნიკოლაევი მიიჩნევდა, რომ თაღლითობა, რის ჩადენაშიც მომჩივანს ედებოდა ბრალი, საზოგადოებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, რომელიც თავისუფლების აღკვეთით უნდა აღმოფხვრილიყო და რომ მომჩივანს შეიძლებოდა მართლმსაჯულებისათვის ხელი შეეშალა. მომჩივანი პატიმრობაში 16 ივნისამდე იმყოფებოდა. აღნიშნულ პერიოდში იგი ორჯერ დაიკითხა. 14 ივნისის დაკითხვას მომჩივნის ადვოკატებიც ესწრებოდნენ. დაკითხვის დროს მას მიეწოდა ინფორმაცია, რომ ბრალი ედებოდა თაღლითობაში, კერძოდ, ბრალდება ეფუძნებოდა იმას, რომ 1996-1997 წლებში, სხვადასხვა საზოგადოების დაფუძნების მეშვეობით, სამაუწყებლო ფუნქციები თაღლითური გზით იქნა გადაცემული Russian Video-დან, სახელმწიფო კომპანიიდან, OOO Russian Video-სთვის, კერძო კომპანიისათვის. 2000 წლის 15 ივნისს მომჩივნის ადვოკატებმა შეიტანეს საჩივარი, რომ მომჩივნის დაკავება უკანონო იყო, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 90-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მომჩივანს 2000 წლის 26 მაისის ამნისტიის აქტის და ხალხთა მეგობრობის ორდენის საფუძველზე შეეძლო ამნისტიით ესარგებლა. გარდა ამისა, ისინი დაობდნენ, რომ დაკავების ბრძანება გაცემულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 90-ე, 92-ე და 96-ე მუხლების დარღვევით, ვინაიდან არ არსებობდა გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც ბრალის წაყენების გარეშე მომჩივნის დაკავებას გაამართლებდა. აგრეთვე, მიუთითებდნენ, რომ დაკავება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, არ იყო აუცილებელი მისი გამოყენება და წარმოადგენდა გადაჭარბებულ შეზღუდვას. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობდა რაიმე საფუძველი იმისა, რომ წარმოშობილიყო ეჭვი მომჩივნის მიერ მართლმსაჯულების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. 2000 წლის 16 ივნისს ბ-ნმა ნიკოლაევმა ბრალი წაუყენა მომჩივანს. იმავე დღეს იგი ადვოკატების თანდასწრებით დაკითხეს. მომჩივანმა არ მოაწერა ხელი ოქმს, ვინაიდან მისი განცხადებით ვერ ხვდებოდა თუ რაში ედებოდა ბრალი. მან ოქმში აღნიშნა, რომ წაყენებული ბრალდება სამართლებრივად აბსურდული იყო და იგი ბრალს არ აღიარებდა. მან აგრეთვე მიუთითა, რომ გამოძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები მისი დისკრედიტაციისათვის იყენებდნენ და მოითხოვა დაუყოვნებელი გათავისუფლება. იმავე დღეს ბ-ნმა ნიკოლაევმა მომჩივანი  ქვეყნის დატოვების აკრძალვის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მომჩივნის დაკავების პერიოდში პრესისა და მასმედიის მინისტრმა მას შესთავაზა სისხლისსამართლებრივი გამოძიების შეწყვეტა იმ შემთხვევაში თუ მომჩივანი Media Most -ს გაზპრომის მიერ განსაზღვრული თანხს სანაცვლოდ გაზპრომს მიყიდდა. მომჩივნის ციხეში ყოფნის პერიოდში გაზპრომმა სთხოვა მას ხელი მოეწერა შეთანხმებისათვის, რომლის საპასუხოდაც მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების წარმოება შეწყდებოდა. გაზპრომსა და მომჩივანს შორის შეთანხმებას ხელი 2000 წლის 20 ივლისს მოეწერა, რის შემდეგაც მომჩივნის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და შესაბამისად, მის მიერ ქვეყნის დატოვების აკრძალვაც გაუქმდა, რითიც ისარგებლა მომჩივანმა და მან იმავე დღეს დატოვა რუსეთი. მომჩივნის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ Media Most -მა უარი განაცხადა შეთანხმების შესრულბაზე, ამტკიცებდა რა, რომ იგი იძულების შედეგად იქნა მიღწეული.

2000 წლის 27 სექტემბერს ბ-ნმა ნიკოლაევმა მომჩივნის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გაზპრომის მიერ წარდგენილი განცხადება გახლდათ. გაზპრომის განცხადების მიხედვით გამოძიებულ უნდა ყოფილიყო თუ რაში გაიხარჯა Media Most-ის ფონდი და, აგრეთვე, გამოეძიათ აღნიშნული თანხა მიზნის შესაბამისად იყო თუ არა დახარჯული და კომპანიამ ხომ არ დაარღვია რაიმე კანონმდებლობა. 2000 წლის 1 ნოემბერს ბ-ნმა ნიკოლაევმა გასცა უწყება, რომლის მიხედვითაც მომჩივანი გამოიძახეს 14 ნოებმერს, სადაც მისთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ და დაეკითხათ. გამომდინარე იქედან, რომ იგი არ გამოცხადდა, ბ-ნმა ნიკოლაევმა გასცა სისხლისსამართლებრივი დევნის ბრძანება. მომჩივანი 2000 წლის 11 დეკემებრს საერთაშორისო დაკავების ორდერის მიხედვით ესპანეთში დააპატიმრეს. 2000 წლის 22 დეკემბერს იგი 5,5 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობა შიდა პატიმრობით შეუცვალეს. ესპანეთის სასამართლოების მიერ საქმის შესწავლის შემდეგ, მომჩიბნის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნას მომჩივნის ექსტრადაციის თაობაზე უარი ეთქვა.

მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით დაობდა, რომ მის წინააღმდეგ პატიმრობა გამოყენებული იქნა მის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვის არ არსებობის პირობებში და რომ მისი დაკავება არ შეესაბამებოდა შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს და რომ არ ყოფილა გათვალისწინებული ამნისტიის შესახებ კანონის დებულებები.

მომჩივანი დაობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება ორივე ეპიზოდში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწეს.

სამართალი: მომჩივანი დაობს, რომ არცერთი გამოძიება არ ეფუძნებოდა ,,გონივრულ ეჭვს’’. სტრასბურგის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფით განმტკიცებული ,, თავისუფლების უფლება’’ გაგებულ უნდა იქნეს ინდივიდუალური თავისუფლების კლასიკური გაგებით, რაც გულისხმობს პირის ფიზიკურ თავისუფლებას. გამომდინარე იქედან, რომ რუსეთის ხელისუფლებას მომჩივანი Media Most-ის საქმესთან დაკავშირებით არ დაუკავებისა, შესაბამისად, მომჩივანს არ შეუძლია იდაოს, რომ იგი მე-5 მუხლის დარღვევის მსხვერპლს წარმოადგენს. ამდენად, სასამართლო ,,გონივრული ეჭვის’’ არსებობას Russian Video-ს საქმესთან დაკავშირებით განიხილავს.

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს იმისათვის, რომ გონივრული ეჭვის საფუძველზე განხორციელებული დაკავება გამართლებული იყოს, აუცილებელი არ არის პოლიციას მოპოვებული ჰქონდეს ბრალდების წარსადგენად საკმარისი მტკიცებულებები. აგრეთვე აუცილებელი არ არის, რომ დაკავებულ პირს წარედგინოს ბრალი ან წარდგენილი იქნეს სასამართლოს წინაშე. დაკითხვისთვის დაკავების მიზანი არის ეჭვების დადასტურებით ან გაქარწყლებით  სისხლისსამართლებრივი გამოძიების განვითარება. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ეჭვს გონივრული საფუძველი უნდა ჰქონდეს წარმოადგენს თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების წინააღმდეგ არსებულ მნიშვნელოვან გარანტიას. ის ფაქტი, რომ ეჭვი კეთილსინდისიერად არსებობს საკმარისი არ არის. სიტყვები ,,გონივრული ეჭვი’’ გულისხმობდა იმგვარი ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს დააჯერებდა, რომ პირს შესაძლოა ჩადენილი აქვს დანაშაული.

საგამოძიებო ორგანოებს წარმოეშვათ ეჭვი, რომ მომჩივანმა სახელმწიფო კომპანიას თაღლითურად ჩამოართვა სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი 10 მილიონი ამერიკული დოლარით შეაფასეს და მიიჩნიეს, რომ მომჩივნის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენდა.

ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას შეეძლო ,,დაერწმუნებინა ობიექტური დამკვირვებელი’’, რომ მომჩივანს შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდა დანაშაული.

მომჩივანი, აგრეთვე, ამტკიცებდა, რომ დაკავება არ იყო ,,კანონიერი’’, რადგაბ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დაცვა არ განხორციელებულა. კერძოდ, ადგილი არ ჰქონია ,,გამონაკლის შემთხვევას’’, რათა ბრალის წაყენებამდე მისი დაკავება გამართლებული ყოფილიყო. გარდა ამისა, არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომ იგი ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას და ჭეშმარიტების დადგენას. მომჩივანი, ასევე, ჩიოდა, რომ მისი დაკავება არ იყო ,,კანონიერი’’, რადგან ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად იგი გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნისაგან.

სადაც დაკავების ,,კანონიერების’’ საკითხი განიხილება, სტრასბურგის სასამართლო, პირველ ყოვლისა, აფასებს რამდენად იქნა დაცული ეროვნული კანონმდებლობის მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური მოთხოვნები. აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლო მოითხოვს, რომ თავისუფლების აღკვეთა უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებს. ადგენს რა, რომ ნებისმიერი თავისუფლების აღკვეთა უნდა განხორციელდეს ,,კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფი მოითხოვს, რომ ნებისმიერ დაკავებას ან დაპატიმრებას შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. აგრეთვე, იგი მოითხოვს, რომ კანონმდებლობა თავსებადი იყოს კანონის უზენაესობის პრინციპთან, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყველა მუხლში. ამ თვალსაზრისით კანონის ხარისხი გულისხმობს იმას, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას უნდა იყოს საკმარისად გასაგები და ნათელი, რათა თავიდან იქნეს არიდებული თვითნებობის ყველა რისკი.

წინამდებარე საქმეზე, მომჩივანი ბრალის წაყენებამდე დაპატიმრეს. მსგავსი პატიმრობა წარმოადგენდა ზოგადი წესიდან გამონაკლისს, რომელიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით აღკვეთის ღონისძიებები გამოყენებულ უნდა ყოფილიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნებოდა ბრალი. ამ წესიდან გადახვევა გათვალისწინებული იყო 90-ე მუხლით, ,,გამონაკლის შემთხვევებში’’. არ ყოფილა მითითებული, რომ ეს წესი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო პირისათვის თავისუფლების აღკვეთა, აკმაყოფილებდა მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნას. ამის ფონზე, საჭირო არ არის გამოკვლეულ იქნეს აკმაყოფილებდა თუ არა მომჩივნის მდგომარეობა აღნიშნული ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს. რაც შეეხება ამნისტიას, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ დაპატიმრების ,,კანონიერება’’ ძირითადად გულისხმოს ეროვნულ კანონმდებლობასთან თავსებადობას. უპირველეს ყოვლისა ეროვნული ხელისუფლების, სახელდობრ, სასამართლოების პრეროგატივაა განმარტოს და გამოიყენოს შიდა კანონმდებლობა. მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქედან, რომ მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით ეროვნული კანონმდებლობის შეუსრულებლობა წარმოადგენს კონვენციის დარღვევას, ევროპულ სასამართლოს შეუძლია და უნდა გამოიყენოს გარკვეული უფლებამოსილება, რათა შეამოწმოს იქნა თუ არა შესრულებული აღნიშნული კანონმდებლობა. მთავრობა დაეთანხმა, რომ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, გამომძიებელს, როდესაც მან შეიტყო ხალხთა მეგობრობის ორდენის შესახებ, უნდა შეეწყვიტა მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი პროცედურები. თუმცა, მთავრობა ამტკიცებდა, რომ გამომძიებელმა ეს ინფორმაცია პირველად 2000 წლის 16 ივნისს შეიტყო. ისინი არ უარყოფდნენ, რომ ჯილდოს შესახებ ინფორმაცია 1999 წლის 2 ნოემბერს იმავე გამომძიებელმა შეავსო. ამრიგად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ 2000 წლის 13 ივნისს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ ან გონივრულად შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო, რომ იცოდნენ, იმის თაობაზე, რომ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება უნდა შეჩერებულიყო. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას.

მომჩივანი, აგრეთვე, დაობდა, რომ ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. იგი ამტკიცებდა, რომ მისი დაპატიმრებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგი აიძულეს გაეყიდა მისი მედია ბიზნესი გაზპრომისათვის იმ პირობებით, რომელიც არ იყო მომგებიანი.

სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ კონვენცის მე-18 მუხლი არ იყო ავტონომიური და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კონვენციის სხვა მუხლთან ერთად. თუმცა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მე-18 მუხლის დარღვევას სხვა მუხლთან მიმართებით, მაგრამ იმგვარად, რომ მხოლოდ იმ მუხლის დარღვევის განხილვისას, დარღვევა არ დადგინდეს. როდესაც გამოკვლეული უნდა იყოს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეაფასოს დაკავება გამოყენებულ იქნა თუ არა სხვა მიზნებით, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფით. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების და პატიმრობის მიზანი არ არის იგი გამოყენებულ იქნეს კომერციული გარიგებების სტრატეგიად. ის ფაქტი, რომ გაზპრომმა მომჩივანს თხოვა ხელი მოეწერა შეთანხმებისათვის მაშინ, როდესაც იგი ციხეში იმყოფებოდა, აგრეთვე, ის, რომ სახელმწიფო მინისტრმა ხელმოწერით დაამოწმა აღნიშნული შეთანხმება და შემდგომ სახელმწიფო გამომძიებელმა განახორციელა შეთანხმების იმპლემენტაცია სისხლისსამართლებრივი გამოძიების შეჩერების, ადასტურებდა იმას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა გამოყენებულ იქნა მომჩივანზე ზეგავლენის მოსახდენად. მსგავს გარემოებებში სტრასბურგის სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის ,,ც’’ ქვეპუნქტის თანახმად თავისუფლების შეზღუდვა, გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით არსებული გონივრული ეჭვის საფუძველზე კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოს წინაშე წარსადგენად. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მე-5 მუხლთან ერთად.

დასკვნა: აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას და კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მე-5 მუხლთან ერთად.