ლავრეჩოვი ჩეხეთის წინააღმდეგ

 

LAVRECHOV v. THE CZECH REPUBLIC

საჩივრის  ნომერი: 57404/08  Summary

მოპასუხე სახელმწიფო: ჩეხეთი

გადაწყვეტილების თარიღი: 20.09.2013

განსხვავებული აზრი: დიახ

შედეგი: არ დარღვეულა  კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი - საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი -საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება)

საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად ცნეს.

 

 

 

საკვანძო სიტყვები: (მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) საკუთრების დაცვა

(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება

პროპორციულობა

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

ფაქტები: მომჩივანი, რომელიც 1952 წელს დაიბადა და  ცხოვრობს რუსეთში. იგი გახლდათ რუსული კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ჩეხურ კომპანია ს.-ში წილი იყიდა.მომჩივანი, 1995 წლის 8 აგვისტოდან, კომპანია ს.-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 1996 წლის 27 თებერვლიდან, თავმჯდომარე იყო.  1995-96  წლებში იგი უკანონოდ იქნა გადაყენებული აღნიშნული თანამდებობიდან ჩეხი პარტნიორების მიერ. შემდგომში კომპანია გაკოტრდა. 2001 წელს მას ბრალი დასდეს თაღლითობაში და მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მან მოითხოვა გირაოს საფუძველზე გათავისუფლება და  4, 000 000 ჩეხური კრონის გადახდა შესთავაზა. მოთხოვნაში მითითებული ჰქონდა, რომ მან იცოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ დანაწესის შესახებ, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იყო გირაოს თანხის ჩამორთმევა. 2002 წლის 17 იანვარს ოსტრავას ადგილობრივმა სასამართლოს დააკამყოფილა გირაოს საფუძველზე გათავისუფლების მოთხოვნა, თუმცა თანხა 10 000 000 ჩეხურ კრონს შეადგენდა. თანხა გამართლებული იყო ბრალდების სიმძიმით და შემდგომში მისი  მიმალვის საფრთხის არსებობით. იგი უნდა დარჩენილიყო ჩეხეთში, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას და უნდა დასწრებოდა მის ბრალდებასთან დაკავშირებულ საქმის განხილვას. თუ აღნიშულს არ შეასრულებდა, იგი დაკარგავდა გირაოს თანხას. 2002 წლის 7 ივნისს ადგილობრივმა სასამართლომ მომჩივანს უფლება მისცა ჩეხეთი 2002 წლის 18 ივნისამდე დაეტოვებინა და რუსეთში წასულიყო, იმ პირობით, რომ დაესწრებოდა საქმის პირველ მოსმენას, რომელიც 2002 წლის 19-21 ივნისს იყო დანიშნული. ეს მეოთხე მოთხოვნა იყო, რომელიც მომჩივანს დაუკმაყოფილეს. 2002 წლის თებერვლიდან ივნისამდე პერიოდში, მომჩივანი სამჯერ ესტუმრა რუსეთს, თუმცა ის ყოველთვის ბრუნდებოდა. 2002 წლის 17 ივნისს, მომჩვანმა ადვოკატს აცნობა, რომ 2002 წლის 14 ივნისს, მას მოსკოვში მოპარეს პასპორტი და რომ იგი ახალ პასპორტს ამზადებს. შედეგად, საქმის განხილვა 7-9 აგვისტოს გადაიდო. მომჩივანს უწყება ჩეხეთში, საცხოვრებელ ადგილას, გაეგზავნა, თუმცა იგი დაბრუნდა სასამართლოში, რადგან ვერ ჩააბარეს მას. სასამართლო ადვოკატის მეშვეობითაც ეცადა მისთვის უწყების ჩაბარებას. ადვოკატმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა რუსეთში მომჩივნის პირდაპირი საკონტაქტო ინფორმაცია და რომ მან უწყება თანაბრალდებულის მიერ მიცემულ მისამართზე გააგზავნა.რადგან მომჩივანს კვლავ არ ჰქონდა ახალი პასპორტი და იგი აპროტესტებდა საქმის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, აგვისტოში ჩანიშნული სხდომა გაუქმდა. 2003 წლის 12 მარტს ადგილობრივმა სასამართლომ, ვინაიდან მომჩივნისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია, ჩეხეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ფედერაციას და ინტერპოლს ჰკითხა, მიმართა თუ არა მომჩივანმა, ახალი პასპორტის გაკეთების მოთხოვნით, შესაბამის ორგანოებს. აღნიშნული თარიღი მხარეებს შორის სადავოა. მთავრობა ამტკიცებს რომ მან 2003 წლის 28 თებერვალს გააკეთა აღნიშნული მოთხოვნა, ხოლო მომჩივნის განცხადებით - 2003 წლის 2 აპრილამდე მიმართა. მომჩვანმა სასამართლოს არ აცნობა, რომ მან ახალი პასპორტი მოიპოვა. სასამართლომ შემდეგი სხდომა 2004 წლის 6-8 სექტემბერს ჩანიშნა და 2004 წლის 28 მარტს, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, მას რუსეთში უწყება გაუგზავნა. მან გააფრთხილა მომჩივანი, რომ ის ფაქტები, რომ ჩეხეთის ვიზის მოპოვებისათვის განცხადება არ ჰქონდა წარდგენილი, რჩებოდა რუსეთში და სასამართლოსთან ურთიერთობას არ ამყარებდა, ეწინააღმდეგებოდა გირაოს პირობებს, რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო სისხლის სამართალწარმოებისათვის თავის არიდებად და თანხის ჩამორთმევა გამოეწვია. მომჩვანს ასევე აცნობეს შესაძლებლობა, რომ საქმის განხილვა მისი არ ყოფნის დროსაც შეიძლებოდა გამართულიყო. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჩეხეთის ხელისფულების წარმომადგენლებს აცნობა, რომ მომჩივანი მითითებულ მისამართზე არ არის რეგისტრირებული და მისი ადგილსამყოფელი მათთვის უცნობი იყო, შესაბამისად, უწყების ჩაბარებაც ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, მომჩვანმა შეიტყო სხდომის თაობაზე და 2-12 სექტემბრის პერიოდში მოკლევადიანი ვიზა მოიპოვა. 2004 წლის 2 სექტემბერს მომჩვანმა სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით ფაქსი გაუგზავნა, მიუთთებდა ჯანმრთელობის პრობლემებზე და აცხადებდა, რომ მას ახალი ადვოკატები ჰყავდა, რომელთაც საქმის შესასწავლად დრო ესაჭირებოდათ. მან არ მიუთითა რუსეთში მისი საცხოვრებელი მისამართი. შედეგად, სასამართლო ვალდებული იყო, კიდევ ერთხელ გადაედო საქმის განხილვა. 2005 წლის 6 დეკემბერს სასამართლომ გადაწყვიტა საქმე მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განეხილა. მან განაცხადა, რომ მომჩივანი, ქვეყნის გარეთ ყოფნით, თავს არიდებდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებას და რომ 2002 წლის ივნისის შემდეგ, იგი ჩეხეთში არ ჩასულა. სასამართლომ მომჩივნის მიერ საქმის განხილვის გადადების მიზნით დასახელებული მიზეზი სრულებით არაადეკვატურად მიიჩნია. იგი აღნიშვანვდა, რომ მან გირაოს პირობებს არ სცა პატივი, რომლის თანახმადაც, დაესწრებოდა საქმის განხილვას და ჩეხეთში, საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე დარჩებოდა. 2006 წლის 23 ოქტომბერს სასამართლო გაამართლა მომჩვანი, დაადგინა, რომ მას არ ჰქონდა ჩადენილი რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული და რომ იგი ჩართული იყო გამჭვირვალე სამეწარმეო საქმიანობაში. 2007 წლის 28 ივნისს, აღნიშნული გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. 2007 წლის 1 ნოემბერს ადგილობრივმა სასამართლომ, მომჩივნის მოთხოვნის შედეგად, დაადგინა, რომ გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მომჩივანს, რადგან მას არ მიეცა სრული ინფორმაცია გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.2007 წლის 5 დეკემბერს, უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მომჩვანს უნდა ჩამოერთვას გირაოს თანხა. იგი აღნიშნავს, რომ მომჩვნისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გირაოს თანხის ჩამორთმევის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის თაობაზე ფორმალურად არ აცნობეს, რადგან გირაოს თაობაზე მისი მოთხოვნა შეიცავდა მითითებას, რომ მისთვის ცნობილი იყო მსგავსი შესაძლებლობა. მომჩივანმა აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საკონსტიტუციო საჩვარი წარადგინა, დაობდა, რომ უსამართლო იყო მისთვის ამხელა თანხის ოდენობის ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედება არ განუხორციელებია. 2008 წლის 3 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

მომჩივანი დაობდა, რომ გირაოს თანხის ჩამორთმევა, მას შემდეგ, რაც იგი გამართლდა სისხლის სამართლის საქმეზე, წარმოადგენდა 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლის დარღვევას.

სამართალი: სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ გირაოს თანხის ჩამორთმევა წარმოადგენდა სახელმწიფოს ჩარევას მომჩივნის საკუთრების უფლებაში. სასამართლო საქმეს განიხილავს კონვენციის 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლის 1 პარაგრაფის 1 წინადადებაში განმტკიცებული ზოგადი წესის ფონზე. სასამართლო აცხადებს, იმისათვის, რომ ჩარევა იყოს აღნიშნულ დათქმასთან შესაბამისობაში, იგი უნდა იყოს კანონიერი, საერთო ინტერესის მქონე და პროპორციული, იმისათვის რომ დაიცვას ,,სამართლიანი ბალანსი“ საზოგადოების საერთო ინტერესების მოთხოვნასა და ინდივიდების ფუნდამენტალური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის (იხილეთ,Beyeler v. Italy [GC], ნომ. 33202/96, § 107, ECHR 2000‑I, და Gladysheva v. Russia,  § 65). ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, ერთი მხრივ, მისაღწევი მიზნის მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, მომჩვანზე დაკისრებული ტვირთი, მათ შორის ჩარევის სიმძიმე და მომჩივნის ქმედება. რაც შეეხება ,,კანონიერების“ მოთხოვნას, სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში, არაფერი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უმაღლესმა სასამართლომ სამართლებრივი დებულებები შეცდომით ან თვითნებურად გამოიყენა. არც არსებობს რაიმე ვარაუდი, რომ შესაბამისი სამართლის ნორმები არ იყო ხელმისაწვდომი, ზუსტი და განჭვრეტადი. შესაბამისად, გირაოს თანხის ჩამორთმევა აკმაყოფილებდა კანონიერების მოთხოვნას. სასამართლო მიიჩნევს, რომ თანხის ჩამორთმევა ემსახურებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანს და, ზოგადად, დანაშაულის პრევენციასა და მასთან ბრძოლას, რაც ცალსახად მიეკუთვნება 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლით გათვალისწინებულ საერთო ინტერესს. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნულ ინტერესს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევს. რაც შეეხება პროპორციულობის ტესტს, სასამართლო აცხადებს, რომ გირაოს თანხა იყო დაახლოებით 400,000 ევრო, რაც მნიშვნელოვანი თანხაა. მიუხედავად ამისა, გირაოს თანხის პროპორციულობის განხილვის დრო გირაოს შეფარდების პერიოდია და არა, როდესაც აღნიშნული თანხაა ჩამორთმეული. წინამდებარე საქმეში მომჩივანი არ ამტკიცებდა, რომ თავდაპირველი გირაოს ოდენოდა იყო არაგონივრული. სასამართლო ასევე აცხადებს, რომ უზრუნველყოფის თანხის წარმოდგენა, მან აშკარად სწრაფად და დიდი გაჭირვების გარეშე შეძლო. მოცემულ საქმეზე ძირითადი საკითხი არის ის, რომ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება თამაშობს თუ არა როლს გირაოს თანხის ჩამორთმევაზე. ამ კონტექსტში სასამართლო აცხადებს, რომ გირაოს მიზანი არის სისხლის სამართლის საქმის სათანადო წარმოების უზრუნველყოფა და კერძოდ, ბრალდებულის სხდომაზე გამოცხადების უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, მომჩივნის მიერ გირაოს პირობების შეუსრულებლობამ, მნიშვნელოვნად შეაფერხა საქმის განხილვა. მომჩივანი არ გამოცხადდა არცერთ ჩანიშნულ სხდომაზე და სასამართლოსთან არ უთანამშრომლია, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ არღვევდა გირაოს პირობებს. განხილვა რამდენჯერმე გაუქმდა, რამაც განაპირობა სამართალწარმოების ხანგრძლივობის გადაჭარბება და სასამართლოს წინაშე, მომჩივნისთვის უწყების ჩაბარებასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები წამოიჭრა.

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ მომჩივანი გამართლდა, თავისთავად არ ნიშნავს ბრალდების უკანონობას. პირის მსჯავრდებულად ცნობისათვის სხვადასხვა სტანდარტი არსებობს, ძირითადად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, და იმისათვის, რომ პირს ბრალი დაედოს, ხშირად აღნიშნავენ, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, პირის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე.  შესაბამისად, არის საქმეები, სადაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, თუმცა სამართალწარმოება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდებით არ სრულდება. მიუხედავად ამისა, მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს მაინც აქვს სამართალწარმოების სათანადოდ ჩატარების ლეგიტიმური ინტერესი. შესაბამისად, გირაოს თანხის ჩამორთმევასთან სამართალწარმოების შედეგს არ აქვს უშუალო კავშირი. საკითხი მდგომარეობს შემდეგში, იყო თუ არა თანხის ჩამორთმევა  სამართალწარმოების დროს გირაოს პირობების დარღვევასთან მიმართებით პროპორციული.

ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე, გირაოს თანხა მომჩივანს მისთვის დოკუმენტების ვერ ჩაბარების გამო, არ ჩამოერთვა. უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი, წლების განმავლობაში ქვეყნის გარეთ ყოფნით, თავს არიდებდა სისხლისსამართლებრივ დევნას. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს თავდაპირველად შეიძლება სხდომაზე ვერ დასწრების ობიექტური მიზეზები ჰქონდა, იგივე არ შეიძლება ითქვას იმ პერიოდზე, როდესაც მან ახალი პასპორტი მოიპოვა. მომჩივანს რამდენჯერმე მიეცა სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობა. საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მომჩივნის საქციელი მიუთითებდა მის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისგან თავის არიდებაზე, არ იყო უსაფუძვლო.

გამომდინარე იქედან, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო, რომ მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში  იგი არღვევდა გირაოს პირობებს - იგი ვალდებული იყო ადგილობრივი სასამართლოსთვის მკაფიოდ და ცალსახად ეცნობებინა რუსეთში მისი მისამართი და სასამართლოსთან რეგულარული კონტაქტი შეენარჩუნებინა, რათა თავიდან აერიდებინა რუსეთში ოფიციალური დოკუმენტების გაგზავნიდან მომდინარე სირთულეები. მომჩვანმა ვერ შეძლო ამის გაკეთება. 2002 წლის 8 ივლისის მომჩივნის ადვოკატის წერილი, აღნიშნულ გარემოებებში, საკმარისად ვერ ჩაითვლება. წერილი მხოლოდ აცხადებდა, რომ მომჩივანს რუსეთში ჰქონდა ოფიციალური მისამართი, თუმცა იგი რაიმე გზით არ მიუთითებდა თუ სად სურდა შეტყობინების მიღება. უფრო მეტიც, 2004 წლის 2 სექტემბერს მომჩვანმა სასამართლოს აცნობა, რომ იგი ვერ გამოცხადდებოდა პროცესზე, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა სასამართლოსთვის კვლავ არ უცნობებია საკუთარი მისამართი.

საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლო დასძენს, რომ გირაოს ჩამორთმევა იყო სრულად შეჯიბრებითი პროცესის შედეგი, სადაც მომჩივანს საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდა. შიდა სასამართლოებმა ყურადღებით შეისწავლეს შესაბამისი საკითხები და სრულყოფილად დაასაბუთეს გადაწყვეტილებები. კონვენციის 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლის პროცედურული მოთხოვნები სრულად იყო დაცული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩვნის გირაოს თანხის ჩამორთმევის გადაწყვეტილება იცავდა ,,სამართლიან ბალანსს“ საზოგადოების საერთო ინტერესების საჭიროებებს და მომჩივნის  უფლებების მოთხოვნებს შორის.

 

დასკვნა:  სტარსბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი არ დარღვეულა