დე სოუზა რიბეირო საფრანგეთის წინააღმდეგ

De Souza Ribeiro v. France [GC]

საჩივრის ნომერი: 22689/07    PDF

მოპასუხე სახელმწიფო: საფრანგეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 13/12/2012

შედეგი: წინასწარი პრეტენზია გაერთიანდა საქმის არსებით გარემოებებთან და არ დაკმაყოფილდა (მუხლი 34 - მსხვერპლი)

მე-13 + 8 მუხლის დარღვევა - უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე (მუხლი 13 - ეფექტური საშუალება) (მუხლი 8.2 - კანონით დაგდენილი ჩარევა)

მუხლი 8.1 - ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

პირადი ცხოვრების პატივისცემა

მუხლი 8 - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(გაძევება) (ბრაზილია)

მატერიალური ზარალი - საჩივარი არ დაკმაყოფილდა

არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: კი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8) გაძევება

(მუხლი 8.1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 8.1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 8.2) ჩარევა

(მუხლი 8.2) კანონით დადგენილი

(მუხლი 13) უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე

(მუხლი 13) ეფექტური საშუალება

(მუხლი 34) ინდივიდუალური განაცხადი

(მუხლი 34) მსხვერპლი

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]

შეფასების ზღვარი

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საქმეში დე სოუზა რიბეირო საფრანგეთის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა, რომელის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:

ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი,

ფრანსუაზა ტიულკენსი,

ნინა ვაიჩი,

ლეხ გარლიცკი,

კორნელიუ ბირსანი,

ბოსტან მ. ზუპანჩიჩი,

ალვინა გულუმიანი,

ეგბერტ მეიერი,

დავიდ თორ ბიორგვინსონი,

ინეტა ზიმელი,

პაივი ჰირველა,

ზდრავკა კალაიდჯიევა,

ნებოისია ვუჩინიჩი,

ანგელიკა ნუსბერგერი,

პაოლო პინტო დე ალბუკერკე,

ერიკ მოსე,

ანდრე პოტოცკი, მოსამართლეები,

და მაიკლ ო ‘ბოილი, გამწესრიგებლის მოადგილე,

2012 წლის 21 მარტსა და 19 სექტემბერს გამართული საიდუმლო თათბირის შედეგად, აცხადებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ბოლოს მოხსენიებულ დღეს:

 

პროცედურა

1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№ 22689/07) საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეიტანა ბრაზილიელმა მოქალაქემ ბ-ნმა ლუან დე სოუზა რიბეირომ (“მოსარჩელე“) 2007 წლის 22 მაისს.

2. მოსარჩელე წარმოდგენილი იქნა ქ-ნი დ. მონჟე საღაილის მიერ, რომელიც არის ადვოკატი და საქმიანობს კრეტეისა და საფრანგეთის გვიანაში. საფრანგეთის მთავრობის („მთავრობა“) წარმომადგენლობა გასწია მისმა აგენტმა ქ-ნმა ე. ბეიაღმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივ საკითხთა დირექტორმა 

3. საჩივარში მოსარჩელეს ნაგულვები აქვს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, ცალ-ცალკე და კონვენციის მე-13 მუხლთან ერთობლიობაში, კერძოდ იმის გამო, რომ მას არ გააჩნდა გაძევების შესახებ ბრძანების კანონიერების გადასინჯვის შესაძლებლობა მის აღსრულებამდე.

4. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეხუთე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე (§1) მუხლი). 2009 წლის 9 თებერვალს სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა მთავრობისათვის ეცნობებინა საჩივრის თაობაზე. კონვენციის 29-ე (§1) მუხლისა და რეგლამენტის 54A მუხლის შესაბამისად, გადაწყდა, რომ ერთობლივად მომხდარიყო საჩივრის განხილვა როგორც მისაღებობის, ისე არსებით საკითხებზე.

5. 2011 წლის 30 ივნისს მეხუთე სექციის პალატამ, რომელის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დინ შპილმანი, პრეზიდენტი, ელიზაბეტ ფურა, ჟან-პოლ კოსტა, კარელ იუნგვერტი, მარკ ვილიგერი, იზაბელ ბერო-ლეფევრი და ენ ფაუერი, მოსამართლეები, და კლაუდია უესთერდიკი, სექციის გამწესრიგებელი, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივარი გამოაცხადა ნაწილობრივ მისაღებად, და ხუთი ხმით სამის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ არსებობდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში. გადაწყვეტილებას თან დაერთო მოსამართლეების შპილმანის, ბერო-ლეფევრისა და პაუელის ერთობლივი გამიჯნული აზრი. 

6. 2011 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელემ მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა (კონვენციის 43-ე მუხლი). 2011 წლის 28 ნოემბერს დიდი პალატის კოლეგიამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

7. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის (§§ 4 და 5) და რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.   

8. მოსარჩელემ და მთავრობამ დიდ პალატას წარუდგინეს წერილობითი მოსაზრებები. ერთობლივი წერილობითი მოსაზრებები წარადგინეს აგრეთვე შემდეგმა ორგანიზაციებმა: Groupe d’information et de soutien des immigrés („მიგრანტთა დახმარებისა და ინფორმაციის ჯგუფი“; GISTI – “Immigrants Information and Support Group”), Ligue française des Droits de l’Homme(„ადამიანის უფლებათა საფრანგეთის ლიგა“; LDH – “Human Rights League”)) და Comité inter-mouvements auprès des évacués (CIMADE), რომელთაც სასამართლომ საქმეში წერილობითი ჩართვის ნება მისცა (კონვენციის 36-ე (§ 2) და რეგლამენტის  44-ე (§ 3) მუხლები). 

9. საქმის მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, 2012 წლის 21 მარტს (რეგლამენტის 59-ე (§3) მუხლი ). 

სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:

(a)    მთავრობის მხრიდან

ქ-ნი   ა. -ფ; ტისიე, საფრანგეთის მთავრობის თანა-აგენტი, ადამიანის უფლებათა სექციის თავმჯდომარე, სამართლებრივ საკითხთა  დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგენტი

ბ-ნი  ბ. ჟადო, საპროექტო მდივანი, სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი, საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო;

ბ-ნი  ს. ამბეღი, იმიგრაციისა და ინტეგრაციის გენერალური მდივნის იურიდიული მრჩეველი;

ქ-ნი   კ. სალმონი, სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ საქმეთა თავმჯდომარის მოადგილე, ზღვისიქითა ტერიტორიების მთავარი დელეგაცია, მრჩევლები;

(b)   მოსარჩელეთა მხრიდან:

ქ-ნი  დ. მონჟე-საღაილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს საფრანგეთის გვიანაში, დამცველი,

ქ-ნი   ლ. ნავენეკ ნორმანდი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს ვალ დე მარნში, მრჩეველი. 

სასამართლომ მოისმინა ქ-ნ მონჟე საღაილისა და ქ-ნ ტისიეს მიმართვები, ისევე როგორც მათი პასუხები მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე.

 

ფაქტები

I.  საქმის გარემოებები

 

10. მოსარჩელე დაბადებულია 1988 წლის 14 ივნისს და ცხოვრობს ღემიღ მონჟოლიში, საფრანგეთის გვიანაში, რომელიც არის საფრანგეთის ზღვისიქითა „ დეპარტამენტი და რეგიონი “ სამხრეთ ამერიკაში.  

11.  საფრანგეთის გვიანაში იგი ბრაზილიიდან ჩამოვიდა 1992 წელს ოთხი წლის ასაკში, და იქ ერთი წელი სწავლობდა სკოლაში, სანამ უკან დაბრუნდებოდა ბრაზილიაში 1992 წელს. 

12.  1995 წელს, ტურისტული ვიზის მეშვეობით იგი დაბრუნდა კაიენაში, საფრანგეთის გვიანაში, სადაც იგი შეუერთდა თავის მშობლებს, რომლებსაც გააჩნდათ ცხოვრების მუდმივი ბარათი, და თავის ორ დასა და ორ ძმას, რომელთაგან ერთ მათგანს გააჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა; ხოლო დანარჩენ სამს კი, რამდენადაც დაბადებულნი იყვნენ საფრანგეთის მიწაზე, უფლება ჰქონდათ მიემართათ მის მოსაპოვებლად. დედის მხრიდან მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ ბრაზილიაში. 

13.  1996 წლიდან 2004 წლამდე მოსარჩელე საფრანგეთის გვიანაში სწავლობდა დაწყებით და საშუალო სკოლებში. რამდენადაც მას არ გააჩნდა ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სათანადო საბუთები, და შესაბამისი ასაკის მიღწევამდე (იხ. ქვემორე 26-ე პარაგრაფი) არ ჰქონდა უფლება მიემართა მათ მოსაპოვებლად, 2004 წელს იგი იძულებული იყო მიეტოვებინა სკოლა თექვსმეტი წლის ასაკში. 

14. 2005 წლის 25 მაისს მოსარჩელე დაპატიმრებულ იქნა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვის საფუძველზე.  2006 წლის 17 მაისის ბრძანების საფუძველზე კაიენას არასრულწლოვანთა სასამართლომ მასზე დააწესა სასამართლო ზედამხედველობა და აუკრძალა მას საფრანგეთის გვიანას დატოვება.

15.  2006 წლის 25 ოქტომბერს კაიენას არასრულწლოვან საქმეთა სასამართლომ მოსარჩელეს მიუსაჯა ორი თვით პატიმრობა გადავადებით და ორწლიანი საგამოცდო ვადით. მასვე, კოკაინის უნებართვო ფლობისათვის დაეკისრა ვალდებულება, თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე გაევლო საწვრთნელი კურსები და ეცნობებინა ამის შესახებ ხელისუფლებისათვის. ამ განაჩენის აღსასრულებლად, მოსარჩელემ დაიწყო პროფესიული წვრთნის კურსებზე სიარული, რომელიც დაგეგმილი იყო 2006 წლის 13 ოქტომბრიდან 2007 წლის 30 მარტამდე და წარმოადგენდა სოციალურ-პროფესიული ორიენტაციისა და საფრანგეთის გვიანაში ინტეგრაციის სქემის ნაწილს. 

16.  2007 წლის 25 იანვარს მოსარჩელე და მისი დედა გაჩერებული იქნენ საგზაო შემოწმების დროს. რამდენადაც მან ვერ შეძლო საფრანგეთის მიწაზე მისი ყოფნის კანონიერება დაემტკიცებინა, იგი დააპატიმრეს. 

17. იმავე დღეს, დილის 10 საათზე, მის წინააღმდეგ გამოცემულ იქნა ადმინისტრაციული გაძევებისა (arrêté préfectoral de reconduite à la frontière) და ადმინისტრაციული პატიმრობის ბრძანებები. გაძევების ბრძანებაში აღნიშნული იყო:  

“- ითვალისწინებს რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, მიღებულს 1950 წლის 4 ნოემბერს, და კერძოდ მის მე-3 და მე-8 მუხლებს.

...

-  როდესაც  საფრანგეთის გვიანას DDPAF-ის [Départment Border Police] 2007 წლის 25 იანვრის № 56 ანგარიშის მიხედვით, ზემოაღნიშნული პირი :

-  ვერ ამტკიცებს საფრანგეთის მიწაზე შემოსვლის კანონიერებას;

-  რჩება საფრანგეთის ტერიტორიაზე უკანონოდ;  

-  როდესაც წინამდებარე საქმის გარემოებებში შესაბამისი უცხოელის მიმართ გამოცემული უნდა იქნეს ადმინისტრაციული გაძევების ბრძანება,

-  როდესაც ამ პირს განემარტა თავისი უფლება წარადგინოს თავისი მოსაზრება წერილობით;

-  როდესაც მოცემული საქმის გარემოებებში, არ არსებობს პირის ოჯახური ცხოვრების უფლებაში არაპროპორციული ჩარევა;

-  როდესაც უცხოელი არ ამტკიცებს, რომ დაექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აკრძალულ სასჯელსა ან მოპყრობას თავისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების (ან მისი ცხოვრების ჩვეულ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია უკან დაბრუნება) შემთხვევაში,

...

[მოსარჩელის] გაძევება შესაბამისად ნაბრძანები იქნება. “ 

18. 2007 წლის 26 იანვარს, 15.11 საათზე მოსარჩელემ გააგზავნა სამი ფაქსი კაიენას ადმინისტრაციულ სასამართლოში.

პირველი მათგანი მოიცავდა საჩივარს გაძევების ბრძანების სასამართლო გადასინჯვის, მისი გაუქმებისა და ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით. თავისი საჩივრის მხარდასაჭერად, მოსარჩელე კერძოდ ამტკიცებდა, რომ ბრძანება გაცემული იყო იმ კოდექსის L. 511-4 (2) მუხლის დარღვევით, რომელიც არეგულირებდა უცხოელთა და თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყანაში შესვლისა და ცხოვრების საკითხებს (Code de l’entrée et du séjour des étrangers et demandeurs d’asile – “CESEDA”) (იხ. ქვემორე 26-ე პარაგრაფი), და, კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით ასევე იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ აშკარად არასწორად შეაფასა ის შედეგები, რომლებსაც მისი გაძევება გამოიწვევდა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრებისათვის. მისი განმარტებით, იგი საფრანგეთის ტერიტორიაზე შევიდა ცამეტი წლის ასაკის მიღწევამდე, რომ იგი ცხოვრობდა იქ ჩვეულებრივ საწყისებზე, თუნდაც იმიტომ, რომ მის ორივე მშობელს გააჩნდა მუდმივი ცხოვრების ნებართვა, მის ძმას საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა მოპოვებული, ხოლო მისი დანარჩენი და-ძმა კი საფრანგეთის მიწაზე იყვნენ დაბადებული. შემდეგ იგი აღნიშნავდა, რომ იმყოფებოდა ორწლიანი საგამოცდო ვადის  პირობების დაცვის ვალდებულების ქვეშ, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პატიმრობა ემუქრებოდა, და რომ პრობაციის ბრძანების შესაბამისად მას უკვე დაწყებული ჰქონდა მექანიკის სასწავლო კურსის გავლა.

მეორე ფაქსი მოიცავდა სასამართლოსადმი გადაუდებელ საჩივარს გაძევების ბრძანების აღსრულების გადადების მოთხოვნით მისი კანონიერების მიმართ სერიოზული ეჭვების არსებობის გამო. თავისი საჩივრის გასამყარებლად იგი ასევე დაეყრდნო კონვენციის მე-8 მუხლს და გაიმეორა სასამართლო კონტროლის აუცილებლობის თაობაზე წარდგენილი არგუმენტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მას თავისი პირადი და ოჯახური ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთის გვიანაში ჰქონდა გატარებული.

19. 26 იანვარს, საღამოს 4 საათზე, მოსარჩელე გაგზავნილ იქნა ბელემში, ბრაზილიაში.

20. იმავე დღეს, კაიენას ადმინისტრაციული სასამართლოს გადაუდებელ საჩივართა მოსამართლემ მოსარჩელის გაძევების გადადების შესახებ გადაუდებელი საჩივარი აზრდაკარგულად გამოაცხადა, ვინაიდან მისი დეპორტაცია უკვე განხორციელებული იყო.

მოსარჩელემ დაუყოვნებლივ მიმართა სამართლებრივი დახმარების მისაღებად ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ Conseil d’Etat-თვის მიმართვის მიზნით. 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით Conseil d’Etat-ს სამართლებრივი დახმარების უწყებამ უარი უთხრა მის საჩივარს „ იმ საფუძვლების არასაკმარისობის გამო, რომლებიც დაარწმუნებდა სასამართლოს “.

21. 2007 წლის 6 თებერვალს მოსარჩელემ შეიტანა გადაუდებელი საჩივარი ძირითად თავისუფლებათა დასაცავად  (requête en référé liberté) კაიენას ადმინისტრაციულ სასამართლოში. კონვენციასა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, მან გაასაჩივრა ხელისუფლების სერიოზული და აშკარად უკანონო ჩარევა მის უფლებაში, ეწარმოებინა თავისი ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება და ესარგებლა ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლებით. მან მოითხოვა, რომ საფრანგეთის გვიანას პრეფექტს მისცემოდა ინსტრუქცია, მოეხდინა მისი დაბრუნების ორგანიზაცია ოცდაოთხ საათში ბრძანების მიღებიდან, ასევე, მისთვის შესაძლებლობის მიცემა ეფექტიანად დაეცვა თავი კონვენციის სავარაუდო დარღვევისაგან, და თავის ოჯახთან შეერთება იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ პრეფექტურა საფრანგეთის გვიანაში მისი დარჩენის უფლების საკითხს განიხილავდა.

2007 წლის 7 თებერვლის ბრძანებით კაიენას ადმინისტრაციული სასამართლოს გადაუდებელ საჩივართა მოსამართლემ უარი უთხრა საჩივარს, მიიჩნია რა არსებითად, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ღონისძიება, მისი ინტერესებისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით, წარმოადგენდა მუდმივ ღონისძიებას, მაშინ როდესაც გადაუდებელ საჩივართა მოსამართლეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებების გატარება შეძლო.

22. 2007 წლის აგვისტოში მოსარჩელე უკანონოდ დაბრუნდა საფრანგეთის გვიანაში. 

23.  2007 წლის ოქტომბერში კაიენას ადმინისტრაციულმა სასამართლომ ჩაატარა საქმის მოსმენა, სადაც განიხილა მოსარჩელის ადრინდელი საჩივარი სასამართლო გადასინჯვის თაობაზე (იხ. ზემორე მე-18 პარაგრაფი). 2007 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით მან გააუქმა გაძევების ბრძანება. კერძოდ მან აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცებით იგი საფრანგეთში დაბრუნდა 1995 წელს, შვიდი წლის ასაკში, და ამის შემდეგ იქ ცხოვრობდა ჩვეულებრივ საწყისებზე, და რომ მან თავისი მტკიცების დასადასტურებლად წარმოადგინა სკოლის სერთიფიკატი, რომლის ავთენტურობაც სასამართლოს არ გაუხდია საკამათო. მან დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის დედას გააჩნდა მუდმივი ცხოვრების ნებართვა და რომ მისი მამა ასევე ცხოვრობდა საფრანგეთის გვიანაში. სასამართლომ შემდეგ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს საზედამხედველო ბრძანების შესაბამისად, იგი დაკავებული იქნა საფრანგეთის გვიანაში 2005 წელს და აეკრძალა მისი ტერიტორიის დატოვება. მან მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა CESEDA-ს L. 511-4 (2) მუხლით დადგენილი პირობები, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაძევების ბრძანება არ უნდა გაცემულიყო მის წინააღმდეგ.

მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის გვიანას პრეფექტს გამოეცა მისი ცხოვრების ნებართვა გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება აუცილებლობით არ გულისხმობდა დროებითი ცხოვრების ნებართვის გაცემას, რამდენადაც საჩივარი მხოლოდ გაძევების ბრძანების გაუქმებას მოითხოვდა. თუმცა, სასამართლომ დაადგინა სამთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პრეფექტს მოსარჩელის ცხოვრების სტატუსის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. 

24.  2009 წლის 16 ივნისს საფრანგეთის გვიანას პრეფექტურამ მოსარჩელეს გადასცა „სტუმრის“ ცხოვრების ნებართვა, რომლის მოქმედება გრძელდებოდა ერთი წლით, მაგრამ არ იძლეოდა მუშაობის ნებართვას. გამოძიებამ გამოავლინა, რომ ხელისუფლებამ „ სტუმრის “ სტატუსით ცხოვრების ნებართვა შეცდომით გასცა. 2009 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელეს გადაეცა ახალი ცხოვრების ნებართვა „ პირადი და ოჯახური ცხოვრების “ მოტივით. იგი დათარიღებული იყო 2009 წლის ივნისის უკანა რიცხვით, ძალაში იყო ერთი წლით და იძლეოდა მუშაობის უფლებას.

ცხოვრების ეს ნებართვა არ იქნა განახლებული მისი ვადის ამოწურვის დროს 2010 წლის 15 ივნისს, რამდენადაც ვერ იქნა წარდგენილი დოკუმენტები, რაც მისი განახლებისათვის იყო აუცილებელი. 2010 წლის 14 ოქტომბერს მოსარჩელეს გადაეცა ახალი ცხოვრების ნებართვა, რომელიც ძალაში იყო 2010 წლის 16 ივნისიდან 2011 წლის 15 ივნისამდე; იგი შემდგომ განახლებულ იქნა 2012 წლის 15 ივნისამდე. მოსარჩელეს ამჯერად გააჩნია ცხოვრების განახლებადი ნებართვა „ პირადი და ოჯახური ცხოვრებისათვის “ .

 

II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა

 

25. საფრანგეთის გვიანა არის საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი  (département) და რეგიონი. კონსტიტუციის 73-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტებსა და  რეგიონებში საფრანგეთის კანონები გამოიყენება ავტომატურად, თუმცა, რეგულაციები შეიძლება ითვალისწინებდეს ამ ტერიტორიებზე არსებულ თავისებურებებსა და შეზღუდვებს. როდესაც საქმე შეეხება იმიგრაციის კანონმდებლობას, ზღვისიქითა ტერიტორიებზე გამოიყენება რეჟიმი, რომელიც დადგენილია თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყანაში შემოსვლისა და ცხოვრების მარეგულირებელი კოდექსით (CESEDA), გარკვეული განსხვავებებით.

A. დებულებები, რომლებიც არეგულირებენ უცხოელთა ცხოვრებას

26CESEDA -ს იმ დროისათვის ძალაში მყოფი დებულებები შემდეგია:

მუხლი L. 313-11

“ გარდა შემთხვევებისა, როდესაც მათი არსებობა წარმოადგენს საჯარო წესრიგისათვის საფრთხეს, დროებითი ცხოვრების ნებართვა „ პირადი და ოჯახური ცხოვრებისათვის “ გაიცემა ავტომატურად:

(1) უცხოელის მიმართ, მისი მეთვრამეტე დაბადების დღის მომდევნო წელს, ... როდესაც სულ მცირე ერთ მშობელს მაინც გააჩნია ცხოვრების დროებითი ან სრული ნებართვა ...;

(2) უცხოელის მიმართ, მისი მეთვრამეტე დაბადების დღის მომდევნო წელს, ... როდესაც მას რაიმე საშუალებით შეუძლია დაამტკიცოს, რომ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობდა საფრანგეთში, სულ მცირე, მის ერთ რომელიმე კანონიერ, ბიოლოგიურ ან მშვილებელ მშობელთან, ცამეტი წლის ასაკიდან, და შვილად აყვანა შეესაბამებოდა L. 314-11 მუხლით დადგენილ პირობებს;L. 311-7 მუხლით დადგენილი პირობების დაცვა საჭირო არ არის; ...”

მუხლი L. 511-4

“საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება არ მოეთხოვებათ, ან არ დაექვემდებარებიან გაძევების ბრძანებას ამ თავის დებულებების საფუძველზე:

(1)  ...;

(2) უცხელები, რომლებსაც რაიმე საშუალებით შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ისინი ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ საფრანგეთში სულ მცირე ცამეტი წლის ასაკიდან; ...”

27.  ეს დებულებები გამოიყენება საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ჩათვლით.

B. გაძევების ღონისძიებები და ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრება  

1.  გამოსაყენებელი ძირითადი კანონმდებლობა

28. გაძევების ღონისძიებები იმ დროისათვის რეგულირდებოდა CESEDA-ს მეხუთე წიგნით (Book V of the CESEDA), რომელიც მიღებული იქნა 2006 წლის 24 ივლისს მიღებული № 2006-911 კანონით. იგი მოიცავდა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვებისა (მუხლი L. 511-1-I) და ადმინისტრაციული გაძევების (მუხლი L. 511-1-II) ვალდებულებებს. 

29. უცხოელის მიმართ, რომელიც ვერ დაამტკიცებდა, რომ იგი კანონიერად შევიდა საფრანგეთში, ან რომელიც უკანონოდ რჩებოდა იქ, და ვისაც ვერ მიენიჭებოდა რაიმე სხვა საფუძვლით საფრანგეთში დარჩენის ნებართვა, შეიძლებოდა გამოცემულიყო ქვეყნის დატოვების ბრძანება, კერძოდ ადმინისტრაციული გაძევების ბრძანების ფორმით (CESEDA-ს L. 511-1 - L. 511-3 მუხლები). 

30. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მოთავსებულ უცხოელს, ჩვეულებრივ აცნობებდნენ მისი უფლებების შესახებ და მას გააჩნდა სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობა, რომელსაც უზრუნველყოფდა პატიმრობის ცენტრის ასოციაცია. ასეთი ასოციაციები წარმოადგენდა იურიდიულ ორგანიზაციებს, რომლებსაც დადებული ჰქონდათ შეთანხმება თავშესაფრის მაძიებლებზე პასუხიმგებელ სამინისტროსთან, და რომელთა მიზანს წარმოადგენდა ამ უცხოელების ინფორმირება და მათი დახმარება უფლებების განხორციელების საქმეში. 2007 წელს მხოლოდ CIMADE იყო წარმოდგენილი საფრანგეთის ადმინისტრაციული პატიმრობის ცენტრებში. 2010 წლიდან სხვა კიდევ ოთხი ასოციაცია იყო ამ ცენტრებში წარმოდგენილი: Ordre de Malte, ოჯახური მიგრანტების სოციალური მომსახურების ასოციაცია (ASSFAM), France Terre d’Asile და Forum des Réfugiés. 

31. ადმინისტრაციული გაძევების თაობაზე ბრძანების წინააღმდეგ საჩივრის შეტანა შესაძლებელი იყო ადმინისტრაციულ სასამართლოში ამ ბრძანების ჩაბარებიდან ორმოცდარვა საათში (CESEDA-ს L. 512-2 მუხლი). საჩივარი იწვევდა გაძევების ბრძანების აღსრულების შეჩერებას, მაგრამ იგი არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას უცხოელის ადმინისტრაციულ პატიმრობაში მოთავსებისათვის. უცხოელის დეპორტაცია აკრძალული იყო გასაჩივრების ამ ვადის ამოწურვამდე, ხოლო თუ საქმე გადაცემული იყო სასამართლოში - სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე (CESEDA-ს L. 512-3 მუხლი). გადაწყვეტილებები გაძევების ბრძანებისა და დანიშნულების ქვეყნის თაობაზე მიიღებოდა ცალ-ცალკე. თუ დანიშნულების ქვეყნის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდებოდა გაძევების ბრძანებასთან ერთად, საჩივარს ასევე გააჩნდა აღსრულების შემაჩერებელი ძალა (CESEDA-ს L. 512-3 მუხლი). 

32. გასაჩივრება ხორციელდებოდა სასამართლო კონტროლის გზით, რომელიც არ მოიცავდა კომპენსაციის საკითხის განხილვას. შესაბამისად, ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება ფოკუსირებული იყო მხოლოდ გაძევების ბრძანების კანონიერების გადამოწმებაზე. სასამართლო ამოწმებდა საჯარო პოლიტიკის საფუძვლების პროპორციულობას იმ ძირითად უფლებებთან მიმართებაში, რომლებსაც უცხოელი ეყრდნობოდა. საჩივრის განხილვისას, რომელიც შეტანილი იყო იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც განისაზღვრა ქვეყანა, სადაც უცხოელი უნდა გაგზავნილიყო, სასამართლო ამოწმებდა კონვენციის მე-3 მუხლთან მის შესაბამისობას. იგი ასევე არკვევდა, იყო თუ არა გაძევების ბრძანებით დასახული კანონიერი მიზანი პროპორციული იმ ჩარევასთან მიმართებაში, რომელიც განხორციელდა უცხოელის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში, რომელიც კონვენციის მე-8 მუხლით იყო დაცული.  

33. ადმინისტრაციულ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო სამოცდათორმეტი საათის განმავლობაში. 

34. ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა შეიძლებოდა იმ სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს პრეზიდენტთან, რომელსაც შესაბამისი ტერიტორიული იურისდიქცია გააჩნდა, ანდა მის მიერ დელეგირებულ პირთან. აპელაციას გააჩნდა აღსრულების შემაჩერებელი ძალა (ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის R. 776-19 მუხლი). 

35.ადმინისტრაციული გაძევების ბრძანების გაუქმების შედეგები გადმოცემული იყო CESEDA-ს  L. 512-4 მუხლში. პირველ რიგში, იგი იწვევდა ნებისმიერი ადმინისტრაციული პატიმრობისა თუ შინაპატიმრობის შეწყვეტას. ამის შემდეგ უცხოელს გადაეცემოდა დროებითი ცხოვრების ნებართვა ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ მისი საქმის განხილვის დასრულებამდე. დაბოლოს, გაძევების საკითხებზე პასუხისმგებელი მოსამართლე არ ეხებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული ხელისუფლებისათვის უცხოელის დაქვემდებარების საკითხს; ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 911-2 მუხლის საფუძველზე იგი იმავდროულად ავალებდა პრეფექტს გადაეწყვიტა, ეკუთვნოდა თუ არა უცხოელს ცხოვრების ნებართვა „ იმის მიუხედავად, მიმართავდა თუ არა იგი ამის თაობაზე“ და „დაედგინა ვადა, რომლის განმავლობაშიც ამ უცხოელის მდგომარეობა უნდა გადამოწმებულიყო“ (იხ. მაგალითად, Conseil d’Etat, 13 ოქტომბერი 2006, საჩივარი № 275262, M. Abid A.). 

36. თუმცა, ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გაძევების ბრძანებას აუქმებდა, არ ავალდებულებდა პრეფექტს ცხოვრების ნებართვის გაცემას, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება არ შეეხებოდა ცხოვრების ნებართვაზე უარის გაუქმებას (იხ.Conseil d’Etat -ს 2002 წლის 22 თებერვლის წამყვანი გადაწყვეტილება, საჩივარი №  224496, Dieng, რომელსაც სხვებიც მიჰყვნენ). ეს წესი გამოიყენებოდა მაშინაც, როდესაც გაძევების ბრძანების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არსებით საფუძვლებს, როგორსაც წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, პირის მდგომარეობის გადამოწმება საკმარისი იყო არსებით საფუძვლებზე დაყრდნობით გაძევების ბრძანების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების სრული აღსრულებისათვის. თუმცა, პრინციპი res judicata ადმინისტრაციულ ხელისუფლებას უკრძალავდა გამოეცა გაძევების ახალი ბრძანება იმავე საფუძვლით, გარემოებათა შეცვლის დამტკიცების გარეშე. 

37. ეს დებულებები (იხ. ზემორე 28-36 პარაგრაფები) ნაწილობრივ შესწორდა იმიგრაციის, ინტეგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ 2011 წლის 16 ივნისს მიღებული № 2011-672 კანონით, რომელმაც მოახდინა უკანონო უცხოელების გაძევების ჰარმონიზაცია. ადმინისტრაციული გაძევების ღონისძიებების თაობაზე  პრეცედენტული სამართლით მანამდე შემუშავებული მიდგომები ძირითადად ვრცელდება წინამდებარე საქმის მიმართ.

2.  საფრანგეთის გვიანაში გამოყენებული კანონმდებლობა

38. CESEDA-ს იმ დროისათვის ძალაში მყოფ შესაბამის დებულებებში ვკითხულობთ:

მუხლი L. 514-1

“ ამ ნაწილის მიზნებისათვის შემდეგი დებულებები უნდა იქნეს გამოყენებული საფრანგეთის გვიანასა და სან მარტინში:

(1) საკონსულოს ხელისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში, გაძევების ბრძანება ვერ აღსრულდება ბრძანების ჩაბარებიდან ერთი მთლიანი დღის განმავლობაში.

(2) წინა პარაგრაფის დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად, უცხოელი, რომელსაც ებრძანა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება, ან ვის წინააღმდეგაც გამოცემული იქნა ადმინისტრაციული გაძევების ბრძანება და რომელიც საკითხს განსახილველად გადასცემს ადმინისტრაციულ სასამართლოს, იმავდროულად აყენებს აღსრულების შეჩერების საკითხსაც.

შესაბამისად, L. 512-1 და L. 512-2 - L. 512-4 მუხლების დებულებები [ როდესაც პრეფექტის მიერ გაცემული გაძევების ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე ორმოცდარვა საათის განმავლობაში, გაძევების ბრძანების აღსრულების გადადების შედეგით] ვერ იქნება გამოყენებული საფრანგეთის გვიანასა და სან მარტინში.”

39. ორდინარული ფრანგული კანონმდებლობისაგან განსხვავებით, შესაბამისად, (იხ. ზემორე 31-ე პარაგრაფი), ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს გაძევების ბრძანების აღსრულებას. ამ გამონაკლისმა, რომელიც თავდაპირველად შემოღებული იქნა დროებით, შემდეგ შეიძინა მუდმივი ხასიათი საფრანგეთის გვიანაში მამულის უსაფრთხოების კანონის (Homeland Security Act) მეშვეობით (2003 წლის 18 მარტის კანონი № 2003‑239).

40. როდესაც კონსტიტუციის 61-ე მუხლის საფუძველზე საკონსტიტუციო საბჭოს მოსთხოვეს გადაემოწმებინა ამ ღონისძიების საფრანგეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, მან დაადასტურა ასეთი შესაბამისობის არსებობა. თავის 2003 წლის 13 მარტის № 2003-467 გადაწყვეტილებაში კონსტიტუციის 73-ე მუხლთან ამ ღონისძიების შესატყვისობის გადამოწმებისას, საკონსტიტუციო საბჭომ აღნიშნა:

“(მამულის უსაფრთხოების კანონის) 141-ე და 142-ე მუხლები მოიცავს სპეციალურ დებულებებს... რომლებიც მუდმივად მოქმედებს საფრანგეთის გვიანასა და სან მარტინის მუნიციპალიტეტში, გვადელუპაში; ამ დებულებების მიხედვით, ზოგიერთი უცხოელისათვის ცხოვრების ნებართვაზე უარი არ წარედგინება ცხოვრების ნებართვის კომიტეტს აზრის გამოსათქმელად 1945 წლის 2 ნოემბრის ბრძანების მე-12 quater ნაწილის მიხედვით; და გაძევების ბრძანების გასაჩივრებას არ იწვევს აღსრულების გადადების შედეგს.

მოსარჩელე MPs ამტკიცებს, რომ 141-ე და 142-ე მუხლებით დადგენილი მუდმივი სპეციალური რეჟიმი წარმოადგენს კონსტიტუციურად დაცულ უფლებებსა და გარანტიებში, კერძოდ კი დაცვის უფლებაში ჩარევას, და შორს სცილდება ზღვისიქითა departments-ის კანონმდებლობის იმ რეგულაციებს, რომლებიც ნებადართულია კონსტიტუციის 73-ე მუხლით.

იმ მიზნით, რომ მხედველობაში მიეღო გარკვეული ვითარება და მიმდინარე სირთულეები, რომლებსაც ხელისუფლება აწყდებოდა საერთაშორისო სახალხო მოძრაობის გამო საფრანგეთის გვიანასა და გვადელუპის დეპარტამენტის სან მარტინის მუნიციპალიტეტში, პარლამენტმა შეინარჩუნა სპეციალური რეჟიმი, რომელიც დადგენილი იყო 1945 წლის 12 ნოემბრის ზემოაღნიშნული ბრძანების მე-12 quater და მე-40 ნაწილებით, კონსტიტუციით სავალდებულოდ მიჩნეული ბალანსის დაურღვევლად საჯარო პოლიტიკასა და კონსტიტუციით დაცულ უფლებებს შორის. შესაბამისი პირები განაგრძობენ ადმინისტრაციული ღონისძიების წინააღმდეგ გასაჩივრების უფლებით სარგებლობას, სახელდობრ, ადმინისტრაციულ სასამართლოში გადაუდებელი საჩივრით მიმართვის უფლებით სარგებლობას. განსაკუთრებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების განსაკუთრებულ მიზანთან, კანონმდებლობა არ არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. რეგულაციები არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 73-ე მუხლს ...”

41. უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს მსგავს გამონაკლისებს სხვა კიდევ ექვს ზღვისიქითა „დეპარტამენტსა და რეგიონში“ თუ დასახლებაში (გვადელუპა, მაიოტი, ვალისი და ფუტუნა, სან-ბართლემი, სან-მარტინი, ფრანგული პოლინეზია) და ახალ კალედონიაში.

C.  გადაუდებელი საჩივარი

42. სამართლებრივი დებულებები, რომლებიც არეგულირებენ გადაუდებელ საჩივრებს აღსრულების შეჩერების ანდა ძირითად თავისუფლებათა დაცვის მოთხოვნით (référé suspension or référé liberté), ავტომატურად გამოყენებადია საფრანგეთის გვიანაში, სწორედ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას საფრანგეთში. ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის შესაბამის დებულებებში აღნიშნულია:

მუხლი L. 521-1

“როდესაც შეტანილია საჩივარი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების - მათ შორის უარის თაობაზე - გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით, გადაუდებელ საჩივართა მოსამართლეს შეუძლია გასცეს ბრძანება, რომ გადაწყვეტილების ან მისი ზოგიერთი შედეგის აღსრულება შეჩერდეს, როდესაც საკითხის გადაუდებელი ხასიათი ამას მოითხოვს, და როდესაც წამოყენებულია საფუძვლები, რომლებიც შესაბამისი მტკიცებულებების მიხედვით წარმოშობენ სერიოზულ ეჭვებს გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე.

როდესაც გამოიცემა ბრძანება აღსრულების შეჩერების თაობაზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განისაზღვროს საჩივრის ბედი გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის თვალთახედვით. აღსრულების შეჩერება, ყველაზე უფრო გვიან მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როდესაც საჩივრის განხილვის შედეგად დადგინდა გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა.”

მუხლი L. 521-2

“როდესაც შეტანილია გადაუდებელი საჩივარი, გადაუდებელ საჩივართა მოსამართლეს შეუძლია გამოსცეს ბრძანება ნებისმიერი ღონისძიების შესახებ, რომელიც აუცილებელია ძირითად თავისუფლებათა დასაცავად, რომლებიც დაირღვა უხეშად და აშკარად უკანონო ფორმით საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ან საჯარო სამსახურის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი კერძო სამართლის ორგანიზაციის მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას. გადაუდებელ საჩივართა მოსამართლემ საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმოცდარვა საათში.“

43. საქმის განხილვისას, რომელიც შეეხებოდა საფრანგეთია გვიანას, Conseil d’Etat-მ, ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსისL. 521-1 მუხლზე მითითებით, დაადგინა:

“საკითხის გადაუდებლობა ამართლებს ადმინისტრაციული ღონისძიების აღსრულების შეჩერებას, თუ მისი აღსრულება, საკმარისად სერიოზულად და დაუყოვნებლივ ზიანს მიაყენებს საჯარო ინტერესს, მომჩივნის მდგომარეობას ანდა მის იმ ინტერესებს, რომელთა დაცვასაც ის ცდილობს. გადაუდებელ საჩივართა მოსამართლემ, რომელსაც გადაეცა საჩივარი ცხოვრების ნებართვაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, უნდა შეაფასოს საკითხის გადაუდებლობა, მისი მიზეზები და გაითვალისწინოს, თუ რა დაუყოვნებლივ ზიანს მიაყენებს ცხოვრების ნებართვაზე უარის თქმა შესაბამისი ინდივიდის პრაქტიკულ მდგომარეობას. როგორც მუხლი L. 514-1 იმ კოდექსისა, რომელიც არეგულირებს უცხოელთა და თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყანაში შემოსვლისა და ცხოვრების საკითხებს, ითვალისწინებს, ამავე კოდექსის მუხლი L. 512-1 არ ვრცელდება საფრანგეთის გვიანაში; უცხოელის საჩივარი ცხოვრების ნებართვაზე უარის წინააღმდეგ, რომელსაც იმავდროულად თან ახლავს საფრანგეთის ტერიტორიის დატოვებისა და რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრების ვალდებულება, არ აჩერებს საფრანგეთის ტერიტორიის დატოვების აღსრულებას.“

44.   ამგვარ გარემოებებში, Conseil d’Etat იმ დასკვნამდე მივიდა, რომ:

“პერსპექტივა, რომ გაძევების ღონისძიება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს ... შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც მახასიათებელი გადაუდებელი ვითარებისა, რომელიც გადაუდებელ საჩივართა მოსამართლეს შესაძლებლობას აძლევს, შეაჩეროს აღსრულება ცხოვრების ნებართვაზე უარის გადაწყვეტილებისა, რომელსაც თან ახლავს საფრანგეთის ტერიტორიის დატოვების ვალდებულება ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 521-1 მუხლის შესაბამისად (Conseil d’Etat, 9 ნოემბერი 2011, M. Takaram A., №  346700, Lebon collection).

D. უსაფრთხოების ეთიკის ეროვნული კომისიის აზრი № 2008-9

45. 2008 წლის 23 იანვარს შეტანილი საჩივრის საპასუხოდ, უსაფრთხოების ეთიკისეროვნულმა კომისიამ (Commission nationale de déontologie de la sécurité) განიხილა გარემოებები, რომელშიც ბ-ნი C.D., ბრაზილიის მოქალაქე, 2007 წლის 12 ნოემბერს გააჩერა საფრანგეთის გვიანას დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მობილური საგამოძიებო რაზმმა და აიყვანა პატიმრობაში მის გაძევებამდე, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა ექვსი საათის შემდეგ, როდესაც იგი მიყვანილი იქნა საავადმყოფოში კაიენაში. 

46. თავის 2008 წლის 1 დეკემბრის აზრში უსაფრთხოების ეთიკის ეროვნულმა კომისიამ მიუთითა:

“საფრანგეთის გვიანას სასაზღვრო პოლიციაში, 2006 წლიდან 2008 წლის 30 იანვრამდე პერიოდში - როდესაც მობილური საგამოძიებო რაზმის ორი სახელმწიფო ავტობანის საპატრულო ერთეული იქნა დაშლილი - ისეთი სამუშაო მეთოდებისა და მონაცემთა მოპოვების პრაქტიკის არსებობაზე, რომელიც ფორმალურად კანონიერი პროცედურის საფარველის ქვეშ სისტემატიურად არღვევდა სისხლისსამართლებრივი პროცედურის ყველა პრინციპსა და, განსაკუთრებით, დაპატიმრებულ პირთა ყველაზე უფრო ელემენტარულ უფლებებს ... თავიანთ ანგარიშებში მითითებული შესაბამისი დროის განზრახ გაყალბებით ან წინასწარ დაბეჭდილი ფორმების გამოყენებით, რამდენადაც დატუსაღებულ ან დაპატიმრებულ პირებს ერთმეოდათ მათი უფლებები მანამდე, სანამ ჯერ კიდევ გააჩნდათ შესაძლებლობა გამოეთქვათ თავიანთი სურვილები საქმესთან დაკავშირებით.

კანონის დარღვევის სწორედ ამ სისტემატიური და ხანგრძლივი პრაქტიკის გამო ... კომისია მტკიცე რეკომენდაციას იძლევა, რომ:  ...

განხორციელდეს დისციპლინური ღონისძიებები ყველა იმათ მიმართ ... ვინც წააქეზა, განახორციელა ანდა დაუშვა მათი ასე ხანგრძლივად არსებობა ...“

უფრო ზოგადად, კომისიამ მოითხოვა, რომ ყველას, ვინც ზღვისიქითა ტერიტორიებზე მსახურობდა, გაეთვალისწინებინათ, რომ:

...

უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისას, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით მრავალი გაძევების განხორციელებას, არანაირი ფორმით არ უნდა მიეყენებინათ ზიანი პროცესის ხარისხისა და კანონიერებისათვის;

და რა კანონიერი ნაბიჯებიც არ უნდა გადაედგათ დაკავების შემდეგ - პატიმრობაში დატოვება, პირადობის შემოწმება, ადმინისტრაციული პატიმრობა - შესაბამის პირებს გააჩნდათ განსაზღვრული უფლებები, და რომ პოლიციის ვალდებულებას შეადგენდა ამ უფლებების შესახებ მათი ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე, რათა მიეცათ მათთვის თავიანთი უფლებებით ეფექტიანად, და არა მოჩვენებითად, სარგებლობის შესაძლებლობა.

 

III.  შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტები და პრაქტიკა

A.  ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები

1.  მინისტრთა კომიტეტი

47.   2005 წლის 4 მაისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო „ ოცი სახელმძღვანელო იძულებითი დაბრუნების შესახებ“. შესაბამის სახელმძღვანელოებში მითითებულია:

სახელმძღვანელო 2. გაძევების ბრძანების მიღება

გაძევების ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.

1. გაძევების ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასპინძელი ქვეყანა განიხილავს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას და დარწმუნდება, რამდენადაც ეს გონივრულად არის მოსალოდნელი, რომ ბრძანების აღსრულების შემთხვევაში გაძევების საფრთხის წინაშე მყოფ პირს არ ემუქრება:

  1. სიკვდილით დასჯის, ან წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისადმი დაქვემდებარების რეალური საფრთხე;  
  2. მკვლელობის, ან წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისადმი დაქვემდებარების რეალური საფრთხე კერძო პირების მხრიდან, თუკი მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლებას, ან სახელმწიფოს ან მისი მნიშვნელოვანი ტერიტორიის მაკონტროლებელ პარტიებსა ან ორგანიზაციებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ან სურვილი არა აქვთ უზრუნველყონ სათანადო და ქმედითი დაცვა; ან
  3.  სხვაგვარი ვითარება, რომელიც საერთაშორისო სამართლისა თუ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე გაამართლებდა საერთაშორისო დაცვის მინიჭებას.

2. გაძევების ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის განხილვის შედეგად დარწმუნდება, რომ დასაბრუნებელი პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებებში შესაძლო ჩარევა პროპორციულია და ემსახურება დასახულ კანონიერ მიზანს.

...

სახელმძღვანელო 5. მისაგებელი გაძევების ბრძანების წინააღმდეგ

1. გაძევების ბრძანება, ან პროცესი, რომელსაც გაძევების ბრძანებამდე მიჰყავს საქმე, უნდა უზრუნველყოფდეს ქმედით მისაგებელს მიუკერძოებელი წევრებისაგან შემდგარი კომპეტენტური ხელისუფლების ან ორგანოს წინაშე, რომლებიც დამოუკიდებლობის გარანტიებით სარგებლობენ. კომპეტენტურ ხელისუფლებას ან ორგანოს უნდა გააჩნდეს გაძევების ბრძანების გადასინჯვის უფლებამოსილება, მათ შორის მისი აღსრულების დროებითი გადადების შესაძლებლობა.

2. მისაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო პროცედურული გარანტიებით და გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები:

– მისაგებლის გამოყენების ზღვრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს არაგონივრულად მცირე.

– მისაგებელი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რაც კერძოდ იმას გულისხმობს, რომ როდესაც გაძევების ობიექტს არ გააჩნია აუცილებელი სამართლებრივი დახმარებისათვის საჭირო საშუალებები, მას იგი უნდა მიენიჭოს უფასოდ, სამართლებრივი დახმარების თაობაზე არსებული შესაბამისი ეროვნული ნორმების შესაბამისად.

–  როდესაც დასაბრუნებელი პირი ამტკიცებს, რომ მისი გაძევება გამოიწვევს მისი უფლებების იმგვარ დარღვევას, რაც 2.1. სახელმძღვანელოშია მითითებული, მისაგებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი მტკიცების მკაცრად ზედმიწევნითი შემოწმება.

3.  მისაგებლის გამოყენება უნდა იწვევდეს აღსრულების გადადებას, როდესაც დასაბრუნებელ პირს გააჩნია საფუძვლიანი მტკიცება, რომ იგი დაექვემდებარება ადამიანის უფლებებისადმი საწინააღმდეგო მოპყრობას, რაც 2.1. სახელმძღვანელოშია მითითებული. ”

2. ადამიანის უფლებათა კომისარი

48. ადამიანის უფლებათა კომისარმა გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ევროპის კავშირში შესვლის მსურველი უცხოელების უფლებებსა და გაძევების ბრძანების აღსრულებას (CommDH(2001)19). 2001 წლის 19 სექტემბრის ეს რეკომენდაცია მოიცავდა შემდეგ პარაგრაფს:

“11. არსებითია, რომ სასამართლო მისაგებელი ECHR-ს მე-13 მუხლის გაგებით უზრუნველყოფილი იყოს არა მარტო კანონით, არამედ პრაქტიკაშიც, როდესაც პირს ნაგულვები აქვს, რომ კომპეტენტურმა ხელისუფლებამ დაარღვია ან შესაძლოა დაარღვია ECHR-თი გარანტირებული უფლება. ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი უნდა უზრუნველყოფილი იქნეს ყველასათვის, ვისაც სურს გააპროტესტოს უკან დაბრუნების ღონისძიება (refoulement) ანდა გაძევების ბრძანება. მისაგებლის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს გაძევების ბრძანების აღსრულების გადადება, სულ მცირე მაშინ, როდესაც ნავარაუდევია ECHR-ს მე-2 ან მე-3 მუხლების დარღვევა. “  

B. ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 16 დეკემბრის 2008/115/EC დირექტივა საერთო სტანდარტებისა და პროცედურის შესახებ წევრ სახელმწიფოებში უკანონოდ დარჩენილი მესამე ქვეყნების მოქალაქეთა უკან დასაბრუნებლად („დაბრუნების დირექტივა“)

49.  დირექტივის მე-5, მე-12 და მე-13 მუხლებში აღნიშნულია შემდეგი:

მუხლი 5

“არგაძევება, ბავშვის უწინარესი ინტერესები, ოჯახური ცხოვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა

დირექტივის განხორციელებისას, წევრმა სახელმწიფოებმა მხედველობაში უნდა მიღონ:

(a) ბავშვის უწინარესი ინტერესები;  

(b) ოჯახური ცხოვრება; 

(c)  მესამე ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

და გაუძევებლობის-ის პრინციპის დაცვა. “

თავი III

პროცედურული უზრუნველყოფა

მუხლი 12

“ფორმა

1. დაბრუნების გადაწყვეტილება და, თუ გამოცემულია, შესვლის ამკრძალავი გადაწყვეტილება, და ასევე გადაწყვეტილება უკან დაბრუნების თაობაზე უნდა გამოცემული იქნეს წერილობით და მოიცავდეს ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, ისევე როგორც ინფორმაციას ხელმისაწვდომი სამართლებრივი მისაგებლის თაობაზე...”

მუხლი 13

“მისაგებელი

1. მესამე ქვეყნის შესაბამის მოქალაქეებს უნდა მიენიჭოთ ქმედითი მისაგებელი, ან გაასაჩივრონ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება, ან მიაღწიონ მის სასამართლო გადასინჯვას, როგორც ეს 12(1) მუხლშია მითითებული, კომპეტენტური სასამართლო ან ადმინისტრაციული ხელისუფლების ან კომპეტენტური ორგანოს წინაშე, რომლებიც შედგებიან მიუკერძოებელი წევრებისაგან, დამოუკიდებლობის გარანტიებით რომ სარგებლობენ.

2.1-ლ პარაგრაფში მითითებულ ხელისუფლებას ან ორგანოს უნდა გააჩნდეს დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლებამოსილება, როგორც ეს 12(1) მუხლშია მითითებული, მათ შორის აღსრულების დროებით გადადების შესაძლებლობა, თუკი დროებითი გადადება უკვე არ გამოიყენება ეროვნული კანონმდებლობით. ...”

C. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებები საფრანგეთის მეოთხე პერიოდული ანგარიშის თაობაზე.

50. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-40 მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2008 წლის 10 ივლისს განიხილა საფრანგეთის მეოთხე პერიოდული ანგარიში (CCPR/C/FRA/4). 2008 წლის 22 ივლისს, მან მიიღო ამ ანგარიშის შესახებ მისი დასკვნითი მოსაზრებები (CCPR/C/FRA/CO/4), რომელშიც აღნიშნული იყო შემდეგი: 

“... არ არსებობს სასამართლოსათვის დახმარებისათვის მიმართვის შესაძლებლობა პირებისათვის, რომლებიც დეპორტირებული არიან მაიოტის ზღვისიქითა ტერიტორიიდან, რომელთა რაოდენობაც შეადგენს 16,000 უფროს ადამიანსა და 3,000 ბავშვს ყოველწლიურად, აგრეთვე მათთვის, ვინც დეპორტირებული არიან საფრანგეთის გვიანადან. ...

 მხარე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ უცხოელი მოქალაქეების, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლების დაბრუნება შეფასდეს სამართლიანი პროცედურის მეშვეობით, რაც მთლიანად გამორიცხავს რისკს იმისა, რომ ესა თუ ის პირი დაბრუნების შემთხვევაში  აღმოჩნდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზული რისკის ქვეშ.

დოკუმენტების არმქონე უცხოელ მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებლებს სათანადოდ უნდა ეცნობოთ და უზრუნველეყოთ მათი უფლებები, მათ შორის, უფლება თავშესაფრის მოთხოვნისა, უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობით. მხარე სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დეპორტაციის ბრძანებას დაქვემდებარებულ ყველა ინდივიდს გააჩნდეს ადეკვატური დრო თავშესაფრის განცხადებით მიმართვისათვის, თარჯიმნის დახმარების ხელმისაწვდომობით, და გასაჩივრების უფლება აღსრულების გადადების შედეგით.“ (ბოლო ორი პარაგრაფი ორიგინალურ ტექსტში გამოკვეთილია). 

 

სამართალი

I.  საქმის დიდი პალატის წინაშე განხილვის ფარგლები

51. დიდი პალატის წინაშე წარდგენილ თავის მოსაზრებებში მთავრობამ წარმოადგინა წინასწარი შეპასუხება კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით. თუმცა, თავის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში პალატამ საჩივარი ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის არარსებობის თაობაზე (კონვენციის მე-13 და მე-8 მუხლები ერთობლიობაში) გამოაცხადა მისაღებად, ხოლო საჩივარი მოსარჩელის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის თაობაზე (კონვენციის მე-8 მუხლი ცალკე აღებული) - მიუღებლად. პალატამ უარყო უკანასკნელი საჩივარი, როგორც კონვენციასთან ratione personae შეუთავსებელი, რამდენადაც მოსარჩელე არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო „ მსხვერპლად “ კონვენციის 34-ე მუხლის გაგებით. ამიტომ დიდი პალატა განიხილავს პალატის მიერ მისაღებად ცნობილ საჩივარს, რამდენადაც დიდი პალატისათვის გადაცემული „ საქმე “ არის საჩივარი, რომელიც პალატის მიერ მისაღებად არის ცნობილი (სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის იხ. K. და T. ფინეთის წინააღმდეგ [GC], № 25702/94, §§ 140-141, ECHR 2001-VII, და Taxquet ბელგიის წინააღმდეგ[GC], № 926/05, § 61, ECHR 2010).

II. კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში

52. მოსარჩელის მტკიცებით, საფრანგეთის კანონმდებლობის საფუძველზე მას არ გააჩნდა ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევასთან მიმართებაში, რაც მის ბრაზილიაში გაძევებას  მოჰყვა შედეგად. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-13 მუხლს მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, რომლებშიც მითითებულია:

მუხლი 8

„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი და მიმოწერა.

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა და მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. “

მუხლი 13

„ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა. “

 

A.  პალატის გადაწყვეტილება

53.  თავის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გაძევების შესახებ ბრძანება, როგორც უკანონო, კაიენას ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 2007 წლის 18 ოქტომბერს, ანუ, ბრაზილიაში მისი გაგზავნიდან თითქმის ცხრა თვის შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ 2009 წლის 16 ივნისამდე მის მიმართ არ იქნა გამოცემული ცხოვრების ნებართვა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა კანონიერად ეცხოვრა საფრანგეთის გვიანაში. ამ საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ ბრაზილიაში მისი გაგზავნის დროისათვის წამოიჭრა სერიოზული საკითხი კონვენციის მე-8 მუხლთან მისი გაძევების შესატყვისობის თაობაზე. მან მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა „ საფუძვლიანი “ საჩივარი კონვენციის მე-13 მუხლის მიზნებისათვის და სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაგებით. გარდა ამისა, მან განიხილა საჩივარი არსებითად, და ასევე იმ მისაგებლის ქმედითობა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მოსარჩელისათვის საფრანგეთის გვიანაში. პალატამ მიიჩნია, რომ მისაგებელი, რომელიც მოსარჩელეს ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე გააჩნდა, მას აძლევდა შესაძლებლობას, რომ მისი გაძევების ბრძანება გამოეცხადებინათ უკანონოდ, და ამის შედეგად მოეპოვებინა ცხოვრების ნებართვა. ამის მიუხედავად, რამდენადაც ამ მისაგებელს არ გააჩნდა აღსრულების გადადების ძალა, მოსარჩელე გაძევებული იქნა მანამდე, სანამ ადმინისტრაციული სასამართლო მის საქმეს განიხილავდა. პალატამ შემდეგ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გაძევებას საბოლოოდ არ გაუწყვეტია ოჯახური კავშირები, რამდენადაც მას შესაძლებლობა მიეცა უკან დაბრუნებულიყო საფრანგეთის გვიანაში მისი დეპორტაციიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ - თუმცაღა, უკანონოდ - და გადაეცა ცხოვრების ნებართვა. მათ შორის იმის გათვალისწინებით, თუ შეფასების თავისუფლების რა ფარგლები გააჩნია სახელმწიფოს ასეთ საკითხებში, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.

 

B. დიდი პალატისათვის წარდგენილი მხარეთა მოსაზრებანი

1. მთავრობა

(a) მოსარჩელის „ მსხვერპლის “ სტატუსი

54. მთავრობის აზრით, მოსარჩელე ვეღარ დაამტკიცებდა რომ წარმოადგენდა „მსხვერპლს“ კონვენციის 34-ე მუხლის გაგებით, ანდა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე. 

მათ განაცხადეს, რომ შიდა ხელისუფლებამ აღიარა და შემდეგ გამოასწორა კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა მოსარჩელისათვის ცხოვრების ნებართვის მიცემით. გარდა ამისა, გაძევების ბრძანების აღსრულების ნაცვლად, ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, და იგი არ უნდა შემოფარგლულიყო ოდენ პროცესის დასრულებით მოცემულ საქმეში, რაც მისაგებლის ქმედითობაზე მეტყველებდა.

55. საქმის მოსმენის დროს მთავრობამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელის უკანონო სტატუსი საფრანგეთის გვიანაში მისი დაკავების მომენტისათვის წარმოადგენდა მისი მხრიდან გამოჩენილი დაუდევრობის შედეგს, რამდენადაც მას არ მიუმართავს თავისი ადმინისტრაციული სტატუსის მოსაწესრიგებლად, იმის მიუხედავად, რომ მას ავტომატურად შეეძლო ცხოვრების ნებართვის მოპოვება. მთავრობის თქმით, ეს გარემოება ამ საქმეს აშკარად განასხვავებდა საქმისაგან Gebremedhin [Gaberamadhien] საფრანგეთის წინააღმდეგ (№ 25389/05, ECHR 2007‑II), სადაც მოსარჩელემ, ერიტრეელმა მოქალაქემ, საფრანგეთში შესვლა მოითხოვა, როგორც თავშესაფრის მაძიებელმა. ამ ხსენებულ საქმეში, სასამართლოს რომ არ გამოეცა შუალედური ღონისძიების ბრძანება, ფაქტი, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გააჩნდა აღსრულების შემაჩერებელი ძალა, შეუძლებელს გახდიდა შიდა ხელისუფლებისათვის გამოესწორებინა კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა. მოსარჩელეს ამ საქმეზე, წინამდებარე საქმის მოსარჩელისაგან განსხვავებით, შესაბამისად გააჩნდა „ საფუძვლიანი “ სამდურავი.

(b) შესაბამისობა კონვენციის მე-13 მუხლთან მე-8 მუხლთან ერთობლიობაში

56.  სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, მთავრობა ამტკიცებს, რომ მისაგებლის ქმედითობა, აღსრულების გადადების თვალსაზრისით, ძირითადად, არ იყო პირობითი ხასიათისა მე-13 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, გარდა შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელი იყო წარმოშობილიყო „პოტენციურად შეუქცევადი (გამოუსწორებელი) ზიანი“, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-3 მუხლისა და მე-4 ოქმის მე-4 მუხლის მოთხოვნებს. წინამდებარე საქმეში, გადაწყვეტილება მოსარჩელის გაძევების შესახებ გასაჩივრებული იყო ადმინისტრაციულ სასამართლოში, რომელმაც გააუქმა იგი, და ნება დართო მოსარჩელეს დაბრუნებულიყო საფრანგეთის გვიანაში. შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნდა ქმედით მისაგებელზე ხელმისაწვდომობა. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელის ოჯახური კავშირები საბოლოოდ არ იქნა გაწყვეტილი და მის გაძევებას არ გამოუწვევია გამოუსწორებელი ზიანი. გაძევების მომენტისათვის მოსარჩელე იყო თვრამეტი წლისა, მარტოხელა, შვილების გარეშე და სრულიად ჯანმრთელი. იგი გაიგზავნა ქვეყანაში, სადაც მისი ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ და შესაძლებლობა მიეცა დაბრუნებულიყო საფრანგეთის გვიანაში და კვლავ გაეგრძელებინა იქ თავისი ცხოვრება ყოველგვარი ინციდენტის გარეშე. მთავრობის აზრით, აქედან გამომდინარეობდა, რომ მას გააჩნდა ქმედითი მისაგებელი. 

გარდა ამისა, მთავრობამ მიიჩნია, რომ პალატამ გამოიყენა a priori მიდგომა, დაასაბუთა რა, რომ მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ხელისუფლების ჩარევა, პრინციპულად, არ წარმოადგენდა გამოუსწორებელს, თუკი საქმე არ შეეხებოდა იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ჩარევას შედეგად მოსდევდა ინდივიდის ტრაგიკული დასასრული ანდა როდესაც იგი წარმოადგენდა განსაკუთრებით ადვილად მოწყვლადს. მთავრობის შეხედულებით, ასეთი სპეციფიკური საქმეები მოხვდებოდა მე-3 მუხლის მოქმედების ქვეშ, ხოლო მისაგებელს კი ექნებოდა აღსრულების ავტომატურად შემაჩერებელი ძალა. მოსარჩელის საქმე ხვდებოდა მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში და წარმოადგენდა „ პოტენციურად გამოუსწორებელი ზიანის არარსებობის “ ილუსტრაციას. 

57. მთავრობის განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ როგორ შეიძლებოდა პირადი თუ ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევას მოჰყოლოდა გამოუსწორებელი ზიანი. ვინაიდან საფრანგეთის გვიანაში მის უკანონო დაბრუნებას თან ახლდა რისკი, მისი მხრიდან კანონის დარღვევა ისეთ პირობებში, როდესაც იგი მისი სააპელაციო საჩივრის თაობაზე ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას არც კი დაელოდა, უნდა მიჩნეულიყო მის პირად პასუხისმგებლობად. ბოლოს, მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ შიდა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მას ქვეყანაში დროებით დარჩენის ნება მიეცა. ფაქტი, რომ თავდაპირველად, ხელისუფლებას არ მიეცა შესაძლებლობა მისთვის ცხოვრების ნებართვა მიეცა 2009 წლის 16 ივნისამდე, მოსარჩელის ბრალით მოხდა, რამდენადაც მან ვერ მოახერხა წარედგინა აუცილებელი დოკუმენტები და არ განახორციელა არავითარი ძალისხმევა თავისი მდგომარების რეგულირებისათვის, როდესაც იგი ამ მიზნით გამოიძახეს. 

58. მთავრობის აზრით, საფრანგეთის გვიანაში დაწესებული გამონაკლისები ხვდებოდა სახელმწიფოებისათვის მინიჭებული შეფასების თავისუფლების ფარგლებში, როგორც გამოხატულება იმ ვალდებულებებისა, რომელიც მათ კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე დაეკისრათ. აღსრულების გადადების მისაგებლიდან გამონაკლისის დაწესება გამართლებული იყო საფრანგეთის გვიანაში უკანონო იმიგრაციის განსაკუთრებული წნეხით. უკანონო იმიგრაცია და კრიმინალური ქსელი, რომელიც ამას აადვილებდა, წახალისებული იყო განსაკუთრებული ტოპოგრაფიული თავისებურებების წყალობით, რომელიც საზღვრებს ადვილად გამტარს ხდიდა, ხოლო მათ ეფექტიან დაცვას კი - შეუძლებელს. გარდა ამისა, საფრანგეთის გვიანას პრეფექტის მიერ გამოცემული გაძევების ბრძანებების დიდი ოდენობის გათვალისწინებით, აღსრულების ავტომატურად შემაჩერებელი მისაგებლის შემოღებას შეეძლო გამოეწვია ადმინისტრაციული სასამართლოების გადატვირთვა და ზიანი მიყენება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ინტერესისათვის. გამონაკლისი ასევე გამართლებული იყო საფრანგეთის გვიანაში ერთგვარი წონასწორობისა და იმ ორმხრივი კავშირების შენარჩუნების საჭიროებით, რომლებიც საფრანგეთს მეზობელ ქვეყნებთან გააჩნდა.

59. ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა აღსრულების ავტომატურად გადადების მისაგებელი, ფართოდ გამოიყენებოდა აღსრულების შეჩერების მიზნით გადაუდებელი საჩივრების წარდგენის პრაქტიკა, რაც გამოიყენა კიდევაც მოსარჩელემ. საქმის მოსმენის დროს, მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ Conseil d’Etat-ს მიერ ამ საკითხებზე გამოტანილი გადაწყვეტილება იყო ახალი და მისი ზუსტი ფარგლები დაზუსტებას საჭიროებდა. ეს გადაწყვეტილება, როგორც ირკვეოდა, გადაუდებელ საჩივართა მოსამართლეს აძლევდა გაძევების ბრძანების აღსრულების შეჩერების უფლებას, როდესაც არსებობდა ბრძანების ნებისმიერ დროს აღსრულების რისკი და სერიოზული მიზეზები მის კანონიერებაში დასაეჭვებლად (იხ. ზემორე 43-ე და 44-ე პარაგრაფები).

60. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი თანმიმდევრული, მთავრობამ აღნიშნა, რომ იყო. არ არსებობდა აღსრულების გადადების ძალის მქონე მისაგებლის საჭიროება, როდესაც მე-13 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში განიხილებოდა. ასეთ საქმეებში სასამართლო სწორად ახდენდა დასახულ მიზანთან მიმართებაში გაძევების პროპორციულობის შეფასებას. ამ დროს, სასამართლო იყენებდა პრეცედენტული სამართლით დადგენილ კრიტერიუმებს (მაგალითისათვის, იხ: Boultif შვეიცარიის წინააღმდეგ  № 54273/00, ECHR 2001‑IX). ასე რომ, მისაგებლის ქმედითობა არ იყო პირობითი ხასიათისა. საქმის მოსმენის დროს მთავრობამ დასძინა, რომ ამ პრინციპიდან გადახვევა შეარყევდა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანამიმდევრულობასა და სიცხადეს.

61.  მთავრობამ მოუწოდა სასამართლოს შეენარჩუნებინა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.  

2.  მოსარჩელე

(a)  მსხვერპლის სტატუსი

62. მოსარჩელის აზრით, ისევე, როგორც ზემოთ მითითებულ Gebremedhin-ის საქმეში, მას ჯერ კიდევ შეეძლო ემტკიცებინა, რომ წარმოადგენდა მსხვერპლს კონვენციის 34-ე მუხლის გაგებით. მისი შეხედულებით, კონვენციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა უკვე სახეზე იყო იმ დროისათვის, როდესაც ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. საქმის მოსმენის დროს მან განმარტა, რომ მისი დაკავებისა და გაძევების დროისათვის მას ახალი შესრულებული ჰქონდა თვრამეტი წელი და საფრანგეთის კანონის მიხედვით, მას 2007 წლის ივნისამდე უნდა მოეხდინა თავისი მდგომარეობის დარეგულირება (იხ. ზემორე 26-ე და 27-ე პარაგრაფები). ამის მიუხედავად, იგი გააძევეს და აიძულეს დამდგარიყო საფრთხის ქვეშ კონტრაბანდისტებისათვის ფულის გადახდის დროს საფრანგეთის გვიანაში უკანონო გზით დასაბრუნებლად.

მიუთითა რა პალატის მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი საჩივარი იყო საფუძვლიანი და მისი გაძევების მომენტისათვის წამოჭრიდა სერიოზულ საკითხებს.

(b) შესაბამისობა მე-13 და მე-8 მუხლების ერთობლიობასთან

63. მოსარჩელემ გააკრიტიკა გამონაკლისი საფრანგეთის გვიანას კანონმდებლობიდან, რომელმაც აღუკვეთა მას ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი დაეცვა თავისი საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე. 

64. მან განმარტა, რომ იმის საპირისპიროდ, რაც პალატამ გადაწყვიტა, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლების დარღვევას შეეძლო გამოეწვია პოტენციურად გამოუსწორებელი ზიანი უცხოელის გაძევების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში შედეგები შეიძლებოდა ყოფილიყო გამოუსწორებელი და შეუქცევადი, და ეს მართლაც ასე იყო, სულ მცირე, ფსიქოლოგიურად. არ შეიძლებოდა ex post facto შეეფასებინათ ის გარემოება, რომ მას ბედმა გაუღიმა და მოახერხა საფრანგეთის გვიანაში დაბრუნება მისი უკანონო გაძევების შემდეგ. არც ის იყო მისაღები, რომ იგი იძულებული გახდა გადაეხადა გასამრჯელო კონტრაბანდისტებისათვის საფრანგეთის გვიანაში დასაბრუნებლად, რაც წარმოადგენდა დიდ საფრთხეს მისთვის, რამდენადაც ხელისუფლებას დასჭირდა ორი წელი სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად, იმ სამი თვის მაგივრად, რაც მათ გააჩნდათ. მოსარჩელის აზრით, ის ფაქტი, რომ მას ორი წელი დასჭირდა ცხოვრების ნებართვის მისაღებად, გამოწვეული იყო „ დაძაბული“ ურთიერთობით ადმინისტრაციულ ხელისუფლებასთან, რომელმაც მას მოსთხოვა უამრავი დოკუმენტის წარდგენა, რომელთაგან ყველა როდი იყო საქმესთან შესაბამისი. 

65.  მოსარჩელემ აღნიშნა იმ ვითარების რეალურობა, რაც საფრანგეთის გვიანაში არსებობდა, კერძოდ, ის გარემოება, რომ ყოველწლიურად ორმოცი ათასი უკანონოდ შემოსული უცხოელიდან ათი ათასი ინდივიდის გაძევება ხდებოდა. ეს ციფრები იმაზე მიუთითებდა, რომ შეუძლებელი იყო მათ გაძევებამდე ჯეროვნად გადასინჯულიყო თითოეულ ინდივიდთან დაკავშირებული ვითარება. გაძევების ბრძანებების უმრავლესობის აღსრულება ხდებოდა ორმოცდარვა საათში მხოლოდ ნაჩქარევი და ზერელე შემოწმების შემდეგ, ხოლო ხელმოწერა კი ხდებოდა დიდი რაოდენობის დოკუმენტებზე ერთობლივად, რაც გამოავლინა კიდევაც უსაფრთხოების ეთიკის ეროვნული კომისიის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ(იხ. ზემორე 45- და 46-ე პარაგრაფები).მათ განიხილეს ყველა ტიპის საქმე, მათ შორის შემთხვევები, როდესაც მშობლები იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი შვილები, რომლებსაც შემდეგ მზრუნველობისათვის აბარებდნენ სხვა პირებს, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა მათ ოჯახურ ცხოვრებას. გამოუსწორებელი ზიანის შესაძლებლობა უდიდესი იყო ისეთ პირობებში, როდესაც არ ხდებოდა არავითარი წინასწარი შემოწმება ხელისუფლების ან სასამართლოს მხრიდან. 

66. მოსარჩელე შემდეგ შეეხო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ბავშვის განზრახ მოტაცების საქმეებზე, რომლის მიხედვითაც, დროის გასვლას შეეძლო გამოეწვია გამოუსწორებელი შედეგები ბავშვსა და მშობლებს შორის ურთიერთობაზე, როდესაც ბავშვი მათთან არ ცხოვრობდა. მისი აზრით, ასეთი მიდგომა უნდა გადმოტანილიყო უცხოელთა გაძევების შემთხვევებზეც.

67. გარდა ამისა, მისი მტკიცებით, მე-8 მუხლთან მიმართებაში მოთხოვნა მისაგებლისა, რომელსაც ექნებოდა აღსრულების გადადების ძალა, შესაბამისობაში იქნებოდა პრეცედენტული სამართლის ძირითად ტენდენციასთან, რომელიც დაფუძნებული იყო გადაწყვეტილებით საქმეზე Čonka ბელგიის წინააღმდეგ  (№ 51564/99, ECHR 2002‑I) და ლოგიკურად გაზრდიდა სასამართლოს სუბსიდიურ როლს. 

68. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხებში სახელმწიფოებისათვის გადაცემული შეფასების თავისუფლების ფარგლები ვარ გაამართლებდა საფრანგეთის გვიანაში კანონით დაწესებულ გამონაკლისებს იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაც საფრანგეთს ჰქონდა აღებული კონვენციის უფლებების დაცვის საქმეში.

69. დაბოლოს, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პალატის გადაწყვეტილება არ იყო თანხვედრაში ევროპის კავშირის მოთხოვნებთან, კერძოდ, ევროპული პარლამენტისა და საბჭოს  2008/115/EC დირექტივასთან.

3.  Groupe d’information et de soutien des immigrés (GISTI), Ligue française des droits de l’homme et du citoyen (LDH) and Comité inter‑mouvements auprès des évacués (CIMADE), მესამე მხარედ ჩაბმულები

70. მესამე მხარედ ჩაბმულებმა თავიანთ ერთობლივ წერილობით მიმართვაში განმარტეს, რომ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები ხასიათდებოდა იმ კანონებიდან გამონაკლისების დაწესებით, რომლებიც იმიგრანტების უფლებებთან მიმართებაში საფრანგეთის ძირითად ტერიტორიაზე გამოიყენებოდა. ეს ტერიტორიები ფაქტობრივად გამოყენებული საიმიგრაციო პოლიტიკისა და პოლიციის პრაქტიკის გამოსაცდელად. მაგალითად, საფრანგეთის გვიანაში, საფრანგეთის ძირითადი ტერიტორიისაგან განსხვავებით, პოლიციას შეეძლო განეხორციელებინა პირადობის შემოწმება პროკურორის წინასწარი ნებართვის გარეშე. დროებითი განთავსების ადგილებში პირობები არადამაკმაყოფილებელი იყო, ხოლო გაძევება კი საფრანგეთის გვიანადან ხდებოდა დაუყოვნებლივ და მასობრივად. 2010 წელს, მაგალითად, 6,073 პირი იქნა გაგზავნილი დროებით ადმინისტრაციული განთავსების ცენტრში, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ ოცდათვრამეტი პირისათვის, და 4,057 მათგანი გაძევებულ იქნა საშუალოდ 1,4 დღის გასვლის შემდეგ. იმავე წელს 6,073 პირიდან მხოლოდ 717 (11,8%) პირი წარედგინა თავისუფლებისა და პატიმრობის მოსამართლეს. მესამე მხარედ ჩაბმულთა განმარტებით, ასეთი შედეგები სწორედ იმას უკავშირდებოდა, რომ არ არსებობდა აღსრულების შეჩერების ძალის მქონე მისაგებელი, რაც ეწინააღმდეგებოდა კონვენციით დაცულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საპირისპიროდ,  აღსრულების შეჩერების ძალის მქონე ასეთი მისაგებელი არ არსებობდა თვით უცხოელების მიმართაც, რომლებიც ამტკიცებდნენ კონვენციის მე-2 და მე-3 ანდა მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას.

71. განზრახვას იმ გამონაკლისისა, რაც არსებობდა აღსრულების შეჩერების ძალის მქონე მისაგებელთან მიმართებაში, და ასევე პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდებისა, წარმოადგენდა უკანონოდ შემოსული უცხოელების გაძევების გაადვილება. პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდები გაკრიტიკებულ იქნა უსაფრთხოების ეთიკის ეროვნული კომისიის მიერ, რომელმაც განიხილა რამდენიმე სერიოზული საქმე 2008 წელს (მათ შორის იმ პირის სიკვდილის შემთხვევა, რომელიც დატუსაღებული იქნა პოლიციის მიერ და შემდგომ აყვანილი ადმინისტრაციულ პატიმრობაში). კაიენას განთავსების ცენტრიდან გაძევების სიხშირე წარმოადგენდა 80%-ს (მაშინ როდეს ეს მაჩვენებელი საფრანგეთის ძირითად ტერიტორიაზე მერყეობდა 20%-დან 30% შორის). ხშირად, გაძევება გამოიხატებოდა უკანონო უცხოელების მდინარის გადაღმა თვითმფრინავით გადაყვანით, რაც საერთოდ არ მოითხოვდა არავითარ დროს (4 საათზე ნაკლებს). ბრაზილია იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საფრანგეთს დადებული ჰქონდა შეთანხმება მიეღოთ საფრანგეთის გვიანადან გაძევებულები, რაც შესაძლებელს ხდიდა ბრაზილიელი მოქალაქეობის მქონე პირების გაძევებას ყოველგვარი ფორმალობის გარეშე. ბრაზილიაში გამგზავრება უზრუნველყოფილი იყო ყოველდღიურად და შესაბამისი პირების დაკავება ხდებოდა ისეთი მცირე დროით, რომ CIMAD-ისათვის ძალზე რთული იყო დახმარებოდა მათ სამართლებრივ ფორმალობებში.

72. პრაქტიკულად, გაძევების შემთხვევათა დიდი უმრავლესობა ხორციელდებოდა სასამართლო შემოწმების გარეშე, გაძევების ბრძანებები გადაეცემოდა შესაბამის პირებს და აღსრულება ხდებოდა მისი კანონიერების შემოწმების ყოველგვარი გარანტიების არარსებობის პირობებში. CIMADE-მა აღნიშნა, მაგალითად, რომ ზოგიერთი პირი გაძევებული იქნა აღსრულების შეჩერების თაობაზე გადაუდებელი საჩივრის წარდგენის შემდეგ - მანამდე, სანამ განთავსების ცენტრი მიიღებდა შეტყობინებას საქმის მოსმენის შესახებ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგაც. შესაბამისი პირის გაძევების შემთხვევაში, გადაუდებელი საჩივარი ჰკარგავდა აზრს და სასამართლო წყვეტდა პროცედურას. 

73. დაპატიმრებული პირები ხშირად მიმართავდნენ პრეფექტურას გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით. პრეფექტურას გააჩნდა მოქმედების სრული თავისუფლება ამ საკითხებში. ეს წარმოადგენდა CIMADE -ის მთავარ საშუალებას სარჩელის წარსადგენად, რასაც ხშირად მოჰყვებოდა პოზიტიური შედეგი. დაპატიმრებულთა პირადი მდგომარეობა ხშირად იყო სერიოზული. 

74. ამ კონტექსტში  CIMADE-მა განიხილა პატიმართა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევის მრავალი შემთხვევა: ბავშვების განცალკევება მშობლებისაგან და მოსავლელად მათი ნაჩქარევად მიბარება უცხოებისათვის; ოჯახების დანგრევა, მშობლების გამოგლეჯა შვილებისაგან, დედისა და შვილის იძულება შეეწყვიტათ ძუძუთი კვება და სხვ.; მან ასევე აღნიშნა ათასობით ბავშვის შესახებ, რომლებიც დაკავებული იქნენ მოუხერხებელი განთავსების ცენტრებში, საიდანაც გაგზავნილ იქნენ მშობლებთან ერთად თუ მათ გარეშე. 

75. საბოლოო ჯამში, მესამე მხარედ ჩართულთა დასკვნის მიხედვით,  გაძევების ღონისძიების წინააღმდეგ აღსრულების გადადების ძალის მქონე საჩივრის შეტანის შესაძლებლობის შემოღება წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას. ასეთი მისაგებლის არარსებობა შესაბამის პირებს აყენებდა მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ და ზოგჯერ გამოუსწორებლად არღვევდა მათ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს; უშვებდა საფრანგეთის ტერიტორიაზე ისეთი გამონაკლისების არსებობას, რაც (ევროპული) სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ხვდებოდა.

C. სასამართლოს შეფასება 

1.  მოსარჩელის მსხვერპლის სტატუსი

76. სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის წინასწარი შეპასუხება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა მსხვერპლს, ისე მჭიდროდ უკავშირდება მოსარჩელის საჩივრის არსს, რომ იგი უნდა შემოწმდეს საჩივრის არსებითი განხილვის დროს. 

2. შესაბამისობა  მე-13 მუხლთან კონვენციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში

(a) ძირითადი გამოსაყენებელი პრინციპები

77. იმიგრაციის კანონებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლომ თანმიმდევრულად დაადასტურა, რომ, როგორც კარგად დამკვიდრებული საერთაშორისო სამართალი და მათი სახელშეკრულებო ვალდებულებათა საგანი, სახელმწიფოებს გააჩნიათ უფლება, გააკონტროლონ უცხოელთა ქვეყანაში შესვლა, ცხოვრება და გაძევება. კონვენცია არ უზრუნველყოფს უცხოელთა კონკრეტულ ქვეყანაში შესვლისა და ცხოვრების უფლებას, და, თავიანთი ამოცანიდან გამომდინარე - შეინარჩუნონ საჯარო წესრიგი - ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ სისხლის სამართალდარღვევაში მსჯავრდებული უცხოელის გაძევების უფლება. თუმცა, ამ სფეროში მათი გადაწყვეტილება, რამდენადაც ეს შეიძლება წარმოადგენდეს მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილით დაცულ უფლებაში ჩარევას, უნდა შეესაბამებოდეს კანონს, ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. Boultif, ზემოთ მითითებული, § 46, და Üner ჰოლანდიის წინააღმდეგ [GC], № 46410/99, § 54, ECHR 2006‑XII). 

კონვენციის 1-ლი მუხლის ძალით, გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ხელისუფლებას. სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვა შესაბამისად წარმოადგენს სუბსიდიურ, დამატებით დაცვას ეროვნულ სისტემებთან მიმართებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებებს. ასეთი სუბსიდიური ხასიათი მკვეთრად გამოვლენილია კონვენციის მე-13 და 35 (§1) მუხლებში (იხ. Kudła პოლონეთის წინააღმდეგ [GC], № 30210/96, § 152, ECHR 2000‑XI). 

78. მისაგებლის ქმედითობა, მე-13 მუხლის გაგებით, არ არის დამოკიდებული მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგის დადგომაზე. არც ისაა სავალდებულო, რომ ამ დებულებაში მითითებული „ხელისუფლება“ აუცილებლობით იყოს მხოლოდ „სასამართლო“. ამის მიუხედავად, მისი უფლებამოსილება და შეთავაზებული პროცედურული გარანტიები შესაბამისი უნდა იყოს იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა მისაგებელი ქმედითი (იხ. Klass და სხვები გერმანიის წინააღმდეგ, 6 სექტემბერი 1978, § 67, სერია A №28). როდესაც შესაბამისი „ხელისუფლება“ არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლებას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი დამოუკიდებლობა (იხ. მაგალითად, Leander შვეციის წინააღმდეგ, 26 მარტი, 1987, §§ 77 და 81-83, სერია A № 116, და Khan გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, № 35394/97, §§ 44-47, ECHR 2000‑V) და ის პროცედურული გარანტიები, რომლითაც იგი მოსარჩელეს უზრუნველყოფს (იხ. mutatis mutandis, Chahal გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 15 ნოემბერი, 1996, §§ 152-154, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიში 996‑V). ასევე, მაშინაც კი, თუ ერთი რომელიმე მისაგებელი, თავისთავად ვერ აკმაყოფილებს მე-13 მუხლის მოთხოვნებს, მისაგებელთა ერთობლიობა, რომელიც შიდა სამართლით არის უზრუნველყოფილი, შეიძლება დამაკმაყოფილებლად შეფასდეს (იხ. Rotaru რუმინეთის წინააღმდეგ, [GC], № 28341/95, § 69, ECHR 2000‑V).

79. იმისათვის, რათა მე-13 მუხლით გათვალისწინებული მისაგებელი ქმედითად ჩაითვალოს, იგი უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული და პრაქტიკულადაც ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იმ გაგებით, რომ მის გამოყენებას ხელი არ უნდა შეეშალოს მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად (იხ. Çakıcı თურქეთის წინააღმდეგ[GC], №  23657/94, § 112, ECHR 1999‑IV). 

80. ამის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკუთრივ საპასუხო ღონისძიების სისწრაფეს, რამდენადაც სრულიადაც არ არის წარმოუდგენელი, რომ მისაგებლის ადეკვატური ბუნება მისი მეტისმეტი ხანგრძლივობის გამო დაიკარგოს (იხ. Doran ირლანდიის წინააღმდეგ,№ 50389/99, § 57, ECHR 2003‑X). 

81. როდესაც საჩივარი შეეხება ვარაუდს, რომ პირის გაძევებას შეიძლება მოჰყვეს კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობისადმი მისი დაქვემდებარების რეალური საფრთხე, იმის გათვალისწინებით, თუ მნიშვნელობასაც ანიჭებს სასამართლო ამ დებულებასა და იმ ზიანის გამოუსწორებელ ბუნებას, რაც სავარაუდო წამების ან არასათანადო მოპყრობის საფრთხის რეალიზაციის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას, მისაგებლის ქმედითობა მე-13 მუხლის მიზნებისათვის იმპერატიულად მოითხოვს, რომ საჩივარი ექვემდებარებოდეს ეროვნული ხელისუფლების მხრიდან ზედმიწევნით ყურადღებით განხილვას (იხ. Shamayev და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ № 36378/02, § 448, ECHR 2005‑III), მკაცრ და დამოუკიდებელ შემოწმებას იმისას, არსებობს თუ არა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობისადმი დაქვემდებარების შიშის არსებითი საფუძვლები (იხ. Batı და სხვები თურქეთის წინააღმდეგ № 33097/96 და 57834/00, § 136, ECHR 2004‑IV). ასეთ შემთხვევაში, ქმედითობა ასევე მოითხოვს, რომ შესაბამის პირს გააჩნდეს ხელმისაწვდომობა აღსრულების ავტომატურად გადადების ძალის მქონე მისაგებელზე (იხ. Gebremedhin [Gaberamadhien],ზემოთ მითითებული, §66, და Hirsi Jamaa და სხვები იტალიის წინააღმდეგ [GC], № 27765/09, § 200, 23თებერვალი, 2012). იგივე პრინციპები გამოიყენება, როდესაც გაძევება მოსარჩელეს აყენებს კონვენციის მე-2 მუხლით დაცული მისი სიცოცხლის უფლების დარღვევის რეალური საფრთხის წინაშე. დაბოლოს, მოთხოვნა, რომ მისაგებელს უნდა გააჩნდეს აღსრულების ავტომატურად გადადების ძალა, დადასტურებული იქნა მე-4 ოქმის მე-4 მუხლის საფუძველზე შემოტანილი საჩივრების განხილვის შედეგად (იხ. Čonka, ზემოთ მითითებული, §§ 81-83, დაHirsi Jamaa და სხვები, ზემოთ მითითებული, § 206). 

82. ამისაგან განსხვავებით, როდესაც გაძევება გასაჩივრებულია იმ საფუძვლით, რომ ნავარაუდევია პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევა, მისაგებლის ქმედითობისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს, რომ მას გააჩნდეს აღსრულების ავტომატურად გადადების ძალა. ამის მიუხედავად, იმიგრაციის საკითხებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული საჩივარი, რომ გაძევება საფრთხის ქვეშ დააყენებს უცხოელის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, მე-13 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში მოითხოვს, რომ სახელმწიფომ ინდივიდისათვის უზრუნველყოს ქმედითი შესაძლებლობა დეპორტაციის ან ცხოვრების ნებართვაზე უარის გასაჩივრებისათვის, და რომ შესაბამისი საკითხები განხილულ იქნეს საკმარისი პროცედურული გარანტიების დაცვითა და გულდასმით შესაბამისი შიდა ფორუმის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ადეკვატურ გარანტიებს (იხ. M. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ,  № 41416/08, §§ 122-132, 26 ივლისი, 2011, და, mutatis mutandis, Al-Nashif ბულგარეთის წინააღმდეგ, № 50963/99, § 133, 20 ივნისი, 2002).

(b)  ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეზე

83. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხი შეეხება მისაგებლის ქმედითობას, რომელიც გამოიყენა მოსარჩელემ საფრანგეთის გვიანაში მისი გაძევების მომენტისათვის კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე მისი საჩივრის დასაცავად. ამასთან მიმართებაში სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს გაიმეოროს, რომ იმიგრაციის საქმეებზე, როგორიც არის მოსარჩელის საქმე, მისი ერთადერთი საზრუნავი, სუბსიდიურობის პრინციპის გათვალისწინებით, არის შიდა პროცედურების ეფექტიანობის გადამოწმება და იმაში დარწმუნება, რომ ამ პროცედურების დროს ადამიანის უფლებები დაცული იყო. (იხ. mutatis mutandis, M.S.S. ბელგიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ [GC], № 30696/09, §§ 286‑287, ECHR 2011, და I.M. საფრანგეთის წინააღმდეგ, № 9152/09, § 136, 2 თებერვალი, 2012). 

84. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ კონვენციის მე-13 მუხლი არ მიდის ისე შორს, რომ მოითხოვოს მისაგებლის რაიმე კონკრეტული ფორმა; ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ამ მიმართებით გადაცემული აქვთ შეფასების თავისუფლების ფარგლები (იხ. Vilvarajah და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ  30 ოქტომბერი, 1991, § 122, სერია A № 215, და, სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის, იხ. G.H.H. და სხვები თურქეთის წინააღმდეგ № 43258/98, § 36, ECHR 2000‑VIII). 

85. წინამდებარე საქმეში მოსარჩელემ, მის გაძევებამდე, გამოიყენა მისაგებელი, რაც ხელმისაწვდომი იყო საფრანგეთის გვიანაში ძალაში მყოფი სისტემის საფუძველზე: მან შეიტანა საჩივარი ადმინისტრაციულ სასამართლოში მისი გაძევების ბრძანების გადასამოწმებლად, ისევე როგორც, გადაუდებელი საჩივარი მისი აღსრულების შეჩერების მოთხოვნით; შემდეგ, მან ასევე შეიტანა გადაუდებელი საჩივარი იმავე სასამართლოში მისი ძირითადი უფლებების დასაცავად. 

86.  შესაბამისად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, მიიღო თუ არა მოსარჩელემ რეალურად სარგებელი - შეძლო თუ არა ეფექტიანი გარანტიებით დაეცვა თავი გაძევების ბრძანების აღსრულებისაგან, სავარაუდოდ რომ არღვევდა მე-8 მუხლს. 

87. სასამართლო თავს ვალდებულად თვლის, უწინარესად მიუთითოს მოვლენათა ქრონოლოგია წინამდებარე საქმეზე. 2007 წლის 25 იანვარს მოსარჩელის დაკავების შემდეგ, გამოცემული იქნა მისი გაძევების ბრძანება  და იგი იმავე დღის დილის 10 საათზე გადაცემული იქნა ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დეპორტირებულ იქნა მომდევნო დღის საღამოს 4 საათზე. შესაბამისად, იგი საფრანგეთის გვიანადან გაგზავნილ იქნა ოცდა თექვსმეტ საათზე ადრე მისი დაკავებიდან. 

სასამართლო, მოსარჩელის მსგავსად, აღნიშნავს, რომ საფრანგეთის გვიანას პრეფექტის მიერ გამოცემული გაძევების ბრძანების დასაბუთება მოკლე და სტერეოტიპული იყო (იხ. ზემორე მე-17 პარაგრაფი). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შეტყობინება ბრძანების შესახებ მოსარჩელეს გადაეცა დაუყოვნებლივ მისი დაკავებისთანავე. ეს ელემენტები ნათლად მეტყველებს ხელისუფლების მხრიდან მოსარჩელის მდგომარეობის ნაჩქარევ და ზერელე განხილვაზე. 

88. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარეები არ თანხმდებიან იმაზე, თუ რა მიზეზებს ეყრდნობოდა მოსარჩელის გაძევების ბრძანება. მთავრობის თქმით, საფრანგეთის გვიანაში მოსარჩელის უკანონო მდგომარეობა მისივე დაუდევრობით იყო გამოწვეული, რამდენადაც მან არ გადადგა ნაბიჯები მისი ადმინისტრაციული სტატუსის დასარეგულირებლად. მეორე მხრივ, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი მეთვრამეტე დაბადების დღის მომდევნო წლის განმავლობაში მას კვლავ შეეძლო მიემართა თავისი სტატუსის რეგულირებისათვის და იგი ნებისმიერ შემთხვევაში დაცული იყო საფრანგეთის ტერიტორიიდან მისი რაიმე ფორმით გაძევებისაგან. 

89. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მოსარჩელე ამტკიცებს, როდესაც იგი პირველად გამოცხადდა შიდა სასამართლოების წინაშე (იხ. ზემორე მე-18 პარაგრაფი), მისი დაკავების დროისათვის მისი უკანონო მდგომარეობის მიუხედავად, იგი დაცული იყო საფრანგეთის კანონმდებლობით ნებისმიერი ფორმით გაძევებისაგან (იხ. CESEDA-ს მუხლი L.511-4). ეს იყო კაიენას ადმინისტრაციული სასამართლოს დასკვნა, რომელმაც მოსარჩელის მიერ წინასწარ წარდგენილ მტკიცებულებათა განხილვის შემდეგ გაძევების ბრძანება უკანონოდ მიიჩნია (იხ. ზემორე 23-ე პარაგრაფი).

90. შემდეგ, 2007 წლის 26 იანვრისათვის, საფრანგეთის ხელისუფლება უკვე აშკარად ფლობდა იმის მტკიცებულებებს, რომ მოსარჩელის გაძევება არ იყო კანონის შესაბამისი და ამიტომ, იგი შესაძლოა წარმოადგენდა კონვენციის მე-8 (§2) მუხლით გათვალისწინებულ მის უფლებაში ჩარევას (იხ. ზემორე მე-18 პარაგრაფი). პალატის მსგავსად, დიდი პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ბრაზილიაში გაძევების მომენტისათვის წამოიჭრა სერიოზული საკითხი კონვენციის მე-8 მუხლთან მისი გაძევების შესაბამისობის თაობაზე (იხ. ზემორე 53-ე პარაგრაფი). 

91.  რაც შეეხება საკითხს, თუ რა შესაძლებლობები გააჩნდა მოსარჩელეს მისი გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, სასამართლო აღნიშნავს, რომ CIMADE-ის დახმარებით მან შეძლო მიემართა კაიენას ადმინისტრაციული სასამართლოსათვის. სასამართლოს აზრით, ის სასამართლო, სადაც საჩივარი იქნა შეტანილი, აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენტურობის მოთხოვნებს, რაც აუცილებელია მე-8 მუხლთან დაკავშირებული საჩივრების განსახილველად. 

92.  თუმცა, სასამართლო იმეორებს, რომ აღსრულების გადადების ბუნებისათვის ზიანის მიუყენებლად, იმისათვის, რათა მისაგებელი ქმედითად ჩაითვალოს და აცილებულ იქნეს თვითნებური გადაწყვეტილების რაიმე რისკი, უნდა არსებობდეს ჭეშმარიტი ჩარევა სასამართლოს ან „ ეროვნული ხელისუფლების “ მხრიდან. 

93. ვერ ვიტყვით, რომ კომპეტენტური „ეროვნული ხელისუფლებისათვის“ წარდგენილი მასალები განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გაიმეოროს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი შეიცავდა ცხადად ახსნილ სამართლებრივ დასაბუთებას. გაძევების ბრძანების გაპროტესტებისას მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გაძევება ეწინააღმდეგებოდა კონვენციას და ამასთანავე უკანონო იყო საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვითაც. მან მიუთითა, inter alia, CESEDA-ს მუხლი L. 511-4 და წარადგინა დეტალური მტკიცება იმისა, რომ თავისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უდიდესი ნაწილი საფრანგეთის გვიანაში ჰქონდა გატარებული (იხ. ზემორე მე-18 პარაგრაფი); ამ გზით კი აჩვენა, რომ მისი საქმე იმსახურებდა იმის გარანტიას, რომ მისი საქმე მართებულად ყოფილიყო განხილული (იხ.mutatis mutandis, I.M. საფრანგეთის წინააღმდეგ, ზემოთ მითითებული, § 155). 

შემდეგ, და უწინარეს ყოვლისა, სასამართლო ვალდებულია აღნიშნოს, რომ 2007 წლის 26 იანვარს[1] დღის 3 საათზე ადმინისტრაციული სასამართლოსათვის მიმართვის შემდეგ, მოსარჩელე დღის 4 საათზე დეპორტირებული იქნა ბრაზილიაში. სასამართლოს შეხედულებით, ასეთი შემჭიდროებული ვადის გასვლა გამორიცხავს ყოველგვარ შესაძლებლობას იმისა, რომ სასამართლოს სერიოზულად განეხილა გარემოებები და სამართლებრივი არგუმენტები კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის სასარგებლოდ თუ მის საწინააღმდეგოდ გაძევების ბრძანების აღსრულების პირობებში. 

ამის შედეგია ის, რომ მისი გაძევების მომენტისათვის მოსარჩელის მიერ შეტანილი საჩივარი და მის პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული გარემოებები ვერ იქნა ეფექტიანად განხილული რომელიმე ეროვნული ხელისუფლების მიერ. კერძოდ, წინამდებარე საქმის ფაქტების თანმიმდევრობის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ არ მომხდარა არავითარი არსებითი სასამართლო განხილვა არც მოსარჩელის შუამდგომლობებისა და არც მისი გადაუდებელი საჩივრისა შუალედური ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 

94.  მაშინ როდესაც გადაუდებელი პროცედურა თეორიულად წარმოადგენდა შესაძლებლობას, რომ სასამართლოს განეხილა მოსარჩელის არგუმენტები, და, აუცილებლობის შემთხვევაში შეეჩერებინა გაძევების ბრძანების აღსრულება, ამის რეალურად განხორციელების ყოველგვარი შესაძლებლობა გაქრა იმ მეტისმეტად მცირე დროის გამო, რაც გავიდა სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვასა და გაძევების ბრძანების აღსრულებას შორის. ფაქტობრივად, გადაუდებელ საჩივართა მოსამართლეს აღარაფერი შეეძლო მოემოქმედა გარდა იმისა, რომ საჩივარი აზრდაკარგულად გამოეცხადებინა. ამგვარად, მოსარჩელე დეპორტირებულ იქნა მხოლოდ ადმინისტრაციული ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე.

შედეგად, წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სიჩქარემ, რაც გამოვლენილი იქნა გაძევების ბრძანების აღსრულებისას, შედეგად გამოიწვია ის, რომ არსებული მისაგებელი გახდა არაეფექტური პრაქტიკაში და შესაბამისად - ხელმიუწვდომელი. სასამართლოს კარგად ესმის მისაგებელზე სწრაფი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, მაგრამ სისწრაფე არ უნდა გადაიქცეს მისგან სარგებლის მიღების დაბრკოლებად ან გაუმართლებელ ხელის შემშლელ ფაქტორად; სისწრაფეს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მისაგებლის პრაქტიკულ ეფექტიანობასთან მიმართებაში.

95. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ  იმგვარი ფორმა, როგორითაც განხორციელდა მოსარჩელის გაძევების ბრძანების აღსრულება, იყო გადაჭარბებულად ნაჩქარევი და თვით დაუდევარიც კი. აღნიშნულ გარემოებებში, გაძევებამდე, მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაძლებლობა, რომ გაძევების ბრძანების კანონიერება გადასინჯული ყოფილიყო საკმარისად საფუძვლიანად ეროვნული ხელისუფლების მხრიდან, რომელიც დაიცავდა შესაბამის პროცედურულ გარანტიებს (იხ. ზემორე 79-ე პარაგრაფი). 

96. რაც შეეხება საფრანგეთის გვიანას გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და იქ არსებულ იმიგრაციის წნეხს, მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს ფაქტორები ამართლებდა ორდინარული კანონმდებლობიდან დაწესებულ გამონაკლისებს და იმ ფორმას, როგორითაც ეს გამონაკლისები პრაქტიკაში ხორციელდებოდა. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ამგვარ ანალიზს. სავსებით ცხადია სახელმწიფოთა საჭიროება შეებრძოლონ უკანონო იმიგრაციას და გააჩნდეთ ამისათვის აუცილებელი საშუალებები შიდა მისაგებლის ორგანიზაციისას იმგვარად, რომ შეეძლოთ მხედველობაში მიიღონ გარკვეული სახელმწიფოებრივი შეზღუდვები და ვითარებანი. 

თუმცაღა, მართალია, სახელმწიფოებს გადაცემული აქვთ გარკვეული მოქმედების თავისუფლება იმ საკითხში, თუ როგორ შეასრულონ კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ მოქმედების ამ თავისუფლებამ არ უნდა გამოიწვიოს, როგორც ეს ამ საქმეში მოხდა, მოსარჩელისათვის იმ მინიმალურ პროცედურულ გარანტიებზე უარის თქმა პრაქტიკაში, რომლებიც თვითნებური გაძევებისაგან თავის დასაცავად არის აუცილებელი. 

97. დაბოლოს, რაც შეეხება სასამართლოთა გადატვირთულობისა და ამის გამო მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს, სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მსგავსად, მე-13 მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, ისე მოაწყონ თავიანთი სასამართლო სისტემა, რომ სასამართლოები წაყენებულ მოთხოვნებს პასუხობდნენ. ამასთან მიმართებაში, მე-13 მუხლის მნიშვნელობა კონვენციის სისტემის სუბსიდიური ბუნების შენარჩუნების საქმეში უნდა გამახვილებულ იქნეს (იხ. mutatis mutandis, Kudła, ზემოთ მითითებული, § 152, და Čonka, ზემოთ მითითებული, § 84). 

98. ზემოხსენებული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს პრაქტიკულად არ გააჩნდა  ქმედითი მისაგებელი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე წარდგენილ თავის საჩივართან დაკავშირებით მის დეპორტაციამდე. ეს ფაქტი არ იქნა გამოსწორებული არც მისთვის ცხოვრების ნებართვის მიცემით. 

99. შესაბამისად, სასამართლომ უნდა უარყოს მთავრობის წინასწარი შეპასუხება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს დაკარგული აქვს „მსხვერპლის“ სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის გაგებით, და მიიჩნევს, რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.  

 

III.  კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

100.  კონვენციის 41-ე მუხლი მიუთითებს: 

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მარალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს. “

1. ზიანი

101. მოსარჩელე მოითხოვს 32,000 ევროს (EUR) მატერიალური ზიანისათვის, რომელიც მისი განმარტებით მოიცავს შვიდი თვის განმავლობაში ბრაზილიაში ცხოვრებისა და საფრანგეთის გვიანაში უკანონოდ დაბრუნებ ხარჯებს. იგი ასევე მოიცავს ზიანის ოდენობას იმ ფაქტის გამო, რომ ვერ შეძლო დასწრებოდა საწვრთვნელ კურსს, რომლის გავლაც ევალებოდა მისი გაძევების დროისათვის, როგორც სასამართლო ზედამხედველობის განხორციელების მოთხოვნის ნაწილი, და აგრეთვე იმ ფაქტის გამო, რომ ვერ შეძლო მუშაობის დაწყება მანამდე, სანამ არ მოიპოვა ცხოვრების ნებართვა „ პირადი და ოჯახური ცხოვრების “ საფუძვლით. 

102.  მოსარჩელე ასევე ითხოვს 10,000 ევროს მორალური ზიანისათვის.

103. მთავრობა ამ თანხებს აშკარად გადაჭარბებულად მიიჩნევს. მატერიალურ ზიანთან მიმართებაში, მათ აღნიშნეს, რომ სავარაუდო დარღვევა შეეხებოდა მოსარჩელის გაგზავნას ბრაზილიაში და არა მისთვის ცხოვრების ნებართვის მიცემის საკითხს. ამის გამო, მათი თქმით, არა არსებობს კავშირი კონვენციის სავარაუდო დარღვევასა და იმ ფაქტს შორის, რომ მას არ მიეცა მუშაობის ნებართვა. მთავრობამ განმარტა, რომ იმ დროისათვის მოსარჩელე არ მუშაობდა და არც ეძებდა სამუშაოს. 

104.რაც შეეხება ნაგულვებ მორალურ ზიანს, მთავრობამ აღნიშნა, რომ კონვენციის დარღვევის აღიარება, თავისთავად, საკმარისი სამართლიანი დაკმაყოფილება იქნებოდა მისთვის.  

105. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზობრივ კავშირს კონვენციის დარღვევასა და მატერიალურ ზარალს შორის, რომელიც მოსარჩელემ სავარაუდოდ განიცადა და უარყოფს შესაბამის მოთხოვნას. 

106. თუმცაღა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ნამდვილად უნდა განეცადა ჭეშმარიტი წუხილი და გაურკვევლობა, რომელიც ვერ ანაზღაურდება მხოლოდ კონვენციის დარღვევის აღიარებით. საბოლოო ჯამში, სამართლიანობის საწყისებზე, როგორც ამას 41-ე მუხლი მოითხოვს, იგი მოსარჩელეს ანიჭებს 3,000 ევროს (EUR) მორალურ ზიანთან მიმართებაში.

2. ხარჯები

107. მოსარჩელე მოითხოვს 2,500 ევროს ხარჯებისათვის, რომელიც მან გასწია შიდა სასამართლოებში. მან ვერ წარმოადგინა ვერავითარი დოკუმენტი ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად. რაც შეეხება პროცესს (ევროპული) სასამართლოს წინაშე, მოსარჩელის დამცველმა განაცხადა, რომ მის კლიენტს არ გააჩნდა შემოსავალი და 2009 წლამდე აღკვეთილი ჰქონდა მუშაობის შესაძლებლობა. დამცველმა წარუდგინა მას ხარჯები და ჰონორარი შესაბამის ინვოისებთან ერთად - ერთი მათგანი პალატაში, ხოლო მეორე მათგანი კი დიდ პალატაში  წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით. ეს ორივე ინვოისი მან წარმოუდგინა სასამართლოსაც, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი ხარჯების წინასწარი გათვლა. პირველი ინვოისი ერთობლივად მოიცავს 14,960 ევროს, ხოლო მეორე - 7,120 ევროს. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მას მიენიჭა სამართლებრივი დახმარება (ევროპული) სასამართლოს წინაშე წარმოებული პროცედურისათვის. 

108. მთავრობამ ეს ხარჯები არაპროპორციულად მიიჩნია. შიდა სასამართლოებში წარმოებულ პროცესებთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს, რომ მოთხოვნილი თანხები არ შეესაბამებოდა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ კრიტერიუმებს. რაც შეეხება (ევროპულ) სასამართლოში წარმოებულ პროცესს, მთავრობამ მიიჩნია, რომ 3,000 ევრო წარმოადგენდა გონივრულ თანხას გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, რასაც უნდა გამოკლებოდა მიღებული სამართლებრივი დახმარების შესაბამისი თანხა. 

109. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ხარჯებისათვის  შესაძლებელია მხოლოდ იმ თანხის მინიჭება, რომელიც რეალურად და აუცილებლობის გამო იქნა გაწეული მოსარჩელის მიერ, და გონივრულია რაოდენობრივად. წინამდებარე საქმეში სასამართლო უარყოფს მოთხოვნას ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შიდა სასამართლოებში წარმოებული პროცესისათვის, რამდენადაც ვერავითარი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. 

110. შემდეგ, მოსარჩელის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ თავდაპირველად, როდესაც იგი ბრაზილიაში იქნა დეპორტირებული, და შემდეგ, როდესაც მას არ გააჩნდა საფრანგეთის გვიანაში ცხოვრების ნებართვა, რომელიც მას მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა, ამ პერიოდში იგი მატერიალური სახსრების გარეშე იყო დარჩენილი. ამგვარ გარემოებებში იგი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა მიენიჭოს თანხა, რომელიც მისმა დამცველმა წინასწარ გაიღო მისთვის ჰონორარის სახით. თუმცა, ეს თანხა უნდა შესწორდეს იმ ფაქტის გამო, რომ სასამართლომ ჰპოვა დარღვევა მოსარჩელის მხოლოდ ერთ მოთხოვნასთან, კერძოდ, მე-13 და მე-8 მუხლების ერთობლიობასთან მიმართებაში. 41-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც გონივრულია რაოდენობრივად, და მოსარჩელის მიერ გაწეულია რეალურად და აუცილებლობიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევის აღიარების მიზნით. სასამართლო, შესაბამისად, უარყოფს დანარჩენ მოთხოვნას ხარჯების თაობაზე (იხ. Mutatis mutandis, I.M. საფრანგეთის წინააღმდეგ, ზემოთ მითითებული, § 171). 

111. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მის ხელთ არსებული დოკუმენტების მხედველობაში მიღებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მოსარჩელისათვის 12,000 ევროს მინიჭებას მის წინაშე წარმოებული პროცესის ხარჯებისათვის. რაც შეეხება სამართლებრივ დახმარებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია მოსარჩელემ თავდაპირველად წარმოადგინა სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა, მაგრამ მან ვერ დაასრულა აუცილებელი ფორმალობა. შესაბამისად, რამდენადაც მას არ მინიჭებია სამართლებრივი დახმარება სასამართლოს წინაშე პროცესისათვის, ამიტომ არც მინიჭებული თანხის შესაბამისი შემცირება მოხდება.

3. საურავი (საჯარიმო საპროცენტო სარგებელი)

112. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის ზღვრული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.

 

ამ მიზეზთა გამო, სასამართლო ერთხმად,

1. არსებით საკითხებთან აერთიანებს მთავრობის წინასწარ შეპასუხებას  კონვენციის მე-13 და მე-8 მუხლების ერთობლიობის საფუძველზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით და უარყოფს მას;

2. მიიჩნევს, რომ დარღვეულია კონვენციის მე-13 მუხლი კონვენციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში;

3. მიიჩნევს

(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მოსარჩელეს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები:

(i) EUR 3,000 (სამი ათასი ევრო) გადასახადთან ერთად, რომელიც შეიძლება ექვემდებარებოდეს დაბეგვრას, მორალური ზიანისათვის;

(ii) EUR 12,000 (თორმეტი ათასი ევრო) გადასახადთან ერთად, რომელიც მოსარჩელისათვის შეიძლება ექვემდებარებოდეს დაბეგვრას, გაწეული ხარჯებისათვის;

(b) რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე ზემოხსენებულ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება პროცენტები ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის ზღვრული საპროცენტო განაკვეთის ტოლი განაკვეთით, რასაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.

4. უარყოფს მოსარჩელის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.

შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად და გამოცხადებულია საქმის საჯარო მოსმენისას ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2012 წლის 13 დეკემბერს.

 

მაიკლ ო’ ბოილი                                      ნიკოლას ბრატცა

გამწესრიგებლის მოადგილე                    პრეზიდენტი

 

კონვენციის 45-ე (§2) მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე (§2) მუხლის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განცალკევებული აზრები:

- მოსამართლე კალაჯიევას თანხვდენილი აზრი;

- მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს თანხვდენილი აზრი, რომელსაც შეუერთდა მოსამართლე ვუჩინიჩი. 

 ნ.ბ.

მ.ო’ბ.

განცალკევებული აზრები არ არის გადათარგმნილი, მაგრამ ისინი თან ახლავს გადაწყვეტილების ინგლისურ და ფრანგულ ოფიციალურ ტექსტებს, რომელთა ნახვაც შესაძლებელია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013

The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013

Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

 

[1]გასწორებულია 2012 წლის 18 დეკემბერს: ტექსტში მითითებული იყო „2011 წლის 26 იანვარი “.