ვიეზერი და შპს ბიკოს ბეტელინგუნგენი ავსტრიის წინააღმდეგ

(Wieser and Bicos Beteiligungen GmbH v. Austria)

საჩივრის ნომერი - 74336/01     PDF

მოპასუხე სახელმწიფო - ავსტრია

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 16.10.2007

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი მე-8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი მე-8-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი მე-8-2) დანაშაულის პრევენცია

(მუხლი მე-8-2) კანონით დადგენილი

(მუხლი მე-8-2) უფლების ბოროტად გამოყენებისგან დაცვა

(მუხლი მე-8-1) მიმოწერის პატივისცემის უფლება

(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება- ზოგადად

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #101

ოქტომბერი, 2007

ვიეზერი და შპს ბიკოს ბეტელინგუნგენი (Wieser and Bicos Beteiligungen GmbH) ავსტრიის წინააღმდეგ - 74336/01

გადაწყვეტილება 16.10.2007 [IV სექცია]

მე-8 მუხლი

მუხლი 8.1

მიმოწერის პატივისცემა

ადვოკატის კომპიუტერულ სისტემაში ელექტრონული მონაცემების ძიებისა და ამოღებისას პროცედურული გარანტიების დაუცველობა: დარღვევა

 

ფაქტები: პირველი განმცხადებელი იყო იურისტი და მეორე განმცხადებლის, ჰოლდინგური კომპანიის, მესაკუთრე და გენერალური მენეჯერი. მეორე განმცხადებელი კი თავის მხრივ ფლობდა სხვა კომპანიას, ნოვამედს. ორივე კომპანია მდებარეობდა პირველი განმცხადებლის იურიდიულ ოფისში. იტალიის სახელმწიფო ორგანოებისგან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების თხოვნით მიმართვის შედეგად, რეგიონულმა სასამართლომ კომპანიის სათაო ოფისის ჩხრეკის შესახებ ბრძანება გასცა. პოლიციის ოფიცრები ჩხრეკისას, რაც პირველი განმცხადებლისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის თანდასწრებით მიმდინარეობდა, ეძებდნენ მეორე განმცხადებელთან და ნოვამედთან დაკავშირებულ წერილობით დოკუმენტაციას. თუ პირველი განმცხადებელი აპროტესტებდა რომელიმე დოკუმენტის ადგილზე შესწავლას, ეს დოკუმენტი ილუქებოდა და ინახებოდა რეგიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ყველა ამოღებული და დალუქული დოკუმენტის სია ოქმში აისახა, რომელსაც ხელს აწერდნენ პირველი განმცხადებელი და ოფიცრები. პარალელურად, ოფიცერთა სხვა ჯგუფი სწავლობდა პირველი განმცხადებლის კომპიუტერს და გააკეთეს რამდენიმე დოკუმენტის ასლი დისკზე. ამ ჩხრეკას IT სპეციალისტი და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. თუმცა არანაირი ოქმი არ მომზადებულა დღის ბოლომდე. ოქმში მითითებული იყო რომ ოფიცრებს არ მოუხდენიათ მთელი სერვერის კოპირება, არამედ ეძებდნენ ამ ორი კომპანიის და სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილთა სახელებს. ამის შემდეგ გამომძიებელმა მოსამართლემ პირველი განმცხადებლის თანდასწრებით გახსნა დალუქული დოკუმენტები. რამდენიმეს ასლი გადაიღეს და დაუმატეს საქმის მასალებს, ხოლო დანარჩენი დაუბრუნეს პირველ განმცხადებელს იმ საფუძვლით, რომ მათი გამოყენება წინააღმდეგობაში მოდიოდა მისი პროფესიული საიდუმლოების მოვალეობასთან. პირველმა და მეორე განმცხადებელმა ეროვნულ სასამართლოებს საჩივრით მიმართეს იმის თაობაზე, რომ ელექტრონულ მონაცემებთან მიმართებით ჩატარებული ჩხრეკითა და ამოღებით დაირღვა პირველი განმცხადებლის პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება. თუმცა მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

კანონმდებლობა: განმცხადებლების ელექტრონული მონაცემების ჩხრეკა და ამოღება წარმოადგენდა მათი „კორესპოდენციის“ პატივისცემის უფლებაში ჩარევას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობდა სპეციალური ნორმები დოკუმენტების ამოღებაზე და ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული სამართლის მიხედვით ეს წესები ასევე ვრცელდებოდა ელექტრონულ მონაცემებზე. ეს ჩხრეკა და ამოღება ემსახურებოდა დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, მაშინ როდესაც დაცვის გარანტიები უზრუნველყოფილი იყო წერილობითი დოკუმენტების ამოღებასთან მიმართებით, მათი დაცვა არ მოხდა ელექტრონულ მონაცემებთან მიმართებით. კერძოდ კი ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს არ ქონდა საშუალება სათანადოდ ედევნებინა თვალყური ჩხრეკისთვის, ოქმი მომზადდა ძალიან გვიან და არც პირველ განმცხადებელს და არც ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს არ ეცნობათ ჩხრეკის შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ პირველი განმცხადებელი არ იყო მეორე განმცხადებლის კონსულტანტი, ის მოქმედებდა როგორც სხვა მრავალი კომპანიის კონსულტანტი, რომელთა წილებსაც ფლობდა. უფრო მეტიც, ამოღებული ელექტრონული მონაცემები მეტწილად შეიცავდა იმავე ინფორმაციას რაც წერილობითი დოკუმენტების სახით არსებობდა და რომელთა ნაწილიც გამომძიებელმა მოსამართლემ პირველ განმცხადებელს დაუბრუნა, როგორც პროფესიული საიდუმლოების ნაწილი. შესაბამისად, არსებობს იმის გონივრული ვარაუდი, რომ ამოღებული ელექტრონული მონაცემები ამ ინფორმაციას შეიცავდა. პოლიციის ოფიცრების მიერ იმ პროცედურული გარანტიების დაუცველობამ, რომლებიც „თვითნებობის“ პრევენციას და ადვოკატის პროფესიული საიდუმლოს დაცვას ემსახურება, პირველი განმცხადებლის ელექტრონული მონაცემების ჩხრეკა და ამოღება დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით არაპროპორციული გახადა.

დადგენილება: დარღვევა (ოთხი ხმა სამის წინააღმდეგ).

41-ე მუხლი - 2 500 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.