მუსტაფა და არმაღან აკინი თურქეთის წინააღმდეგ
MUSTAFA AND ARMAĞAN AKIN v. TURKEY
საჩივრის ნომერი: N4694/03 summary
მოპასუხე სახელმწიფო: თურქეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 06.04.2010
შედეგი: დაირღვა მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებელია
მატერიალური ზიანი- უარი ეთქვა
არამატერიალური ზიანი- დაკმაყოფილდა
განსხვავებულიაზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 8(1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადად)
ფაქტები: მომჩივნები შესაბამისად დაიბადნენ 1957 და 1988 წელს და ცხოვრობენ ოდემისში. 1999 წელს, პირველი მომჩივნის ცოლმა დაიწყო განქორწინების პროცედურა და მოითხოვა ორივე შვილის, არმაღანის (მეორე მომჩივნის) და 1993 წელს დაბადებული მისი უმცროსი დის, დამლას, მისთვის მიკუთვნება.
ოდემის პირველი ინსტანციის სასამართლომ 2000 წლის 23 ივნისს განქორწინების თაობაზე მოთხოვნა დააკმაყოფილა. გაითვალისწინა რა მხარეთა შემოსავლები და ბავშვების ასაკი, ოდემის სასამართლომ არმაღანის მეურვეობა მამას, ხოლო დამლას მეურვეობა დედას მიაკუთვნა. 2000 წლის 30 ნოემბერს პირველმა მომჩივანმა ოდემის სასამართლოს თხოვა დროებითი ღონისძიების მიღება, რომლის მიხედვითაც ერთ შაბათ-კვირას მას ეყოლებოდა ორივე შვილი, ხოლო შემდგომ შაბათ-კვირას მის ყოფილ მეუღლეს. იგი ამტკიცებდა, რომ ამგვარად ბავშვები ერთმანეთთან კავშირს არ გაწყვეტდნენ და ამასთანავე მას შეეძლებოდა ყოველ მეორე შაბათ-კვირას ორივე შვილთან ერთად ყოფილიყო. 2000 წლის 19 დეკემბერს ოდემის პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა, მიიჩნია რა, რომ მეურვეობასთან დაკავშირებული მისი გადაწყვეტილება მართებული იყო.
მომჩივანმა წარუმატებლად გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების გადასინჯვისა და შეცვლის თაობაზე მოთხოვნა 2001 წლის 8 თებერვალს არ დაკმაყოფილდა. 2001 წლის 11 სექტემბერს პირველმა მომჩივანმა შვილისა და საკუთარი სახელით სარჩელი აღძრა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ. იგი ამტკიცებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ იმავე ქალაქში, სადაც მის ქალიშვილი და ყოფილი ცოლი, თან ტერიტორიულად ძალიან ახლოს, სასამართლო გადაწყვეტილებით დაშვებული არ იყო ბავშვებს ერთმანეთი ენახათ და მას დრო ორივე შვილთან ერთად გაეტარებინა. იგი დაობდა, რომ აღნიშნული შეზღუდვა ბავშვებში შეუქცეველ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევდა. ქუჩაში შემთხვევით შეხვედრის დროსაც კი, დედა ბავშვებს ერთმანეთთან დალაპარაკებას უკრძალავდა. პირველი მომჩივანი ითხოვდა, რომ მის შვილებს ყოველ შაბათ-კვირას შეძლებოდათ ერთმანეთის ნახვა.
ოდემის სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა 2002 წლის 1 თებერვალს არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საჭიროება მშობლებსა და შვილებს შორის მჭიდრო კავშირის გაუმჯობესებისა, დამლასთვის ყოველი მეორე შაბათ-კვირის მამასთან გატარება იქნებოდა გარემოს მუდმივი ცვლილება და დაუპირისპირდებოდა მის დისციპლინას.
აპლიკანტმა გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილება და საჩივარში საკასაციო სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე მიუთითა. მითითებული გადაწყვეტილებების მიხედვით, გამოყენებადი სამართალი ეროვნული სასამართლოებისაგან მოითხოვდა, უზრუნველეყოთ, რომ ბავშვებთან წვდომის შესახებ შეთანხმებებს განქორწინებული მშობლების შვილებისათვის ერთმანეთის ნახვაში ხელი არ შეეშალათ. იგი, აგრეთვე, აცხადებდა, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებს დიდი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა. მომჩივანმა საკასაციო სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ და-ძმას ერთმანეთი ორ წელზე მეტია, არ უნახავთ.
საკასაციო სასამართლომ 2002 წლის 29 აპრილს საჩივარი არ დააკმაყოფილა, მიიჩნია რა, რომ ოდემის სასამართლომ ,,ადეკვატურად შეისწავლა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები და რომ სასამართლოს დასკვნა თავსებადი იყო გამოსაყენებელ კანონმდებლობასთან’’. აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე შემდგომ მოთხოვნას უარი ეთქვა 2002 წლის 15 ივლისს. შეცვლის თაობაზე მოთხოვნაში მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ბავშვებს ერთმანეთი თითქმის სამი წელია არ უნახავთ და რომ სამართლებრივი დაცვის ეს საშუალება იყო მათ მიერ ერთმანეთის ნახვის ბოლო შანსი.
საქმის წარმოება ევროსასამართლოს წინაშე
მომჩივნები დაობდნენ, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვებს ერთმანეთის ნახვას უკრძალავდა, წარმოადგენდა მათი ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევას, კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მნიშვნელობის ფარგლებში.
მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენდა მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. უფრო მეტიც, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით შიდა სასამართლომ ვერ უზრუნველყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა.
მთავრობის განცხადების მიხედვით, შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბავშვებს ერთმანეთის ნახვას არ უკრძალავდა, ვინაიდან ისინი ერთ სამეზობლოში ცხოვრობდნენ და მათი კონტაქტი შესაძლებელი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნების მოთხოვნა რომ დაკმაყოფილებულიყო, დამლა ერთ შაბათ-კვირას დედასთან გაატარებდა, ხოლო მეორეს - მამასთან. აღნიშნული, მთავრობის მოსაზრებით, მის განვითარებაზე ცუდად აისახებოდა.
ევროსასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის 1 პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (იხ.,Cılız v. the Netherlands, საჩ. ნომ. 29192/95, § 59, ECHR2000-VIII). აღნიშნულის მსგავსად, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო მეორე მომჩივან არმაღანსა და მის დას შორის, რომელთან ერთადაც იგი ერთ სახლში ცხოვრობდა, 2000 წელს მშობლების განქორწინებამდე (იხ., inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130.) აღნიშნავს რა, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ოჯახური ცხოვრების არსებობის ფაქტი, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, ადეკვატურად იქნა თუ არა დაცული მომჩივნების ოჯახური ცხოვრების უფლება.
ევროსასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების ,,პატივისცემის’’ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს. თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია. ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვრით (იხილეთ,Tuquabo-Tekle and Others v. the Netherlands, საჩ. ნომ. 60665/00, § 42, 2005 წლის 1-ლი დეკემბერი).
წინამდებარე საქმეში ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ოდემის სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების განცალკევების თაობაზე წარმოადგენდა მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. აღნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ და-ძმას უკრძალავდა ერთმანეთის ნახვას, არამედ, პირველი მომჩივნისთვის შეუძლებელს ხდიდა ორივე შვილი ერთდროულად ენახა. ითვალისწინებს რა წინამდებარე საჩივარში მითითებულ ფაქტებს და გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე ეროვნული სასამართლოებისადმი მომჩივნების მიერ წარდგენილ არაერთ საჩივარს, ევროსასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განიხილოს, შეასრულა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და მოქმედებდნენ თუ არა მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახური კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების განზრახვით.
საკითხის განხილვისას სტრასბურგის სასამართლო მხედველობაში მიიღებს მე-8 მუხლთან მიმართებით დადგენილ პრეცედენტულ პრაქტიკას, რომელიც ხაზს უსვამს ხელისუფლების ვალდებულებაზე, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით (იხილეთ, Maslov v. Austria [GC], საჩ. ნომ. 1638/03, § 82, 2008 წლის 23 ივნისი). გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასება ევროსასამართლოსაგან მოითხოვს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (იხილეთ, მაგალითად, Havelka and Others v. the Czech Republic, საჩ. ნომ. 23499/06, § 62, 2007 წლის 21 ივნისი; Haase v. Germany, საჩ. ნომ. 11057/02, § 97, ECHR 2004-III (extracts)).
ევროსასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მეორე მომჩივნისა და მისი დის მეურვეობა ოდემის სასამართლომ საკუთარი ინიციატვით განსაზღვრა; არცერთ მშობელს არ მოუთხოვია მოსამართლისთვის აღნიშნულის განხორციელება. ფაქტობრივად, ოდემის სასამართლოს დედამ ორივე შვილის მისთვის მიკუთვნება თხოვა. შესაბამისად, არ არსებობს ბავშვების განცალკევების გონივრული გამართლება.
მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და-ძმას ერთმანეთის ნახვას არ უკრძალავდა, ვინაიდან ბავშვები სამეზობლოში ცხოვრობდნენ და, ამრიგად, ერთმანეთთან კონტაქტის შენარჩუნება შესაძლებელი იყო. სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტი და მიიჩნია, რომ ბავშვებს შორის კავშირის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღნიშნულის მშობლების დისკრეციისა და ახირებისთვის მინდობა დაუშვებელი იყო. დანამდვილებით, მთავრობა სადავოს არ ხდის იმ გარემოებას, რომ დედა ბავშვებს, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, დალაპარაკებასაც კი უკრძალავდა.
მომჩივნებმა ოდემის სასამართლოს ორჯერ წარუდგინეს შესაბამისი მოთხოვნები და დაობდნენ რომ ბავშვთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება შლიდა მათსა და დამლას შორის ოჯახურ კავშირს. მათ, აგრეთვე, განაცხადეს, რომ სიტუაცია ბავშვებისათვის ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევდა. ოდემის სასამართლოს ეცნობა დედის არათანამშრომლობითი ქცევის შესახებ. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებსა და დამლას შორის მომჩივნების მიერ მოთხოვნილი კონტაქტის შემთხვევაში, ადგილი ექნებოდა დამლას გარემოს მუდმივ ცვლილებას და აღნიშნული დაუპირისპირდებოდა მის დისციპლინას.
სტრასბურგის სასამართლო ვერ დაეთანხმება წინამდებარე დასკვნას რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ ოდემის სასამართლოს არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება თუ რატომ და ზუსტად როგორ შეეწინააღმდეგებოდა დამლას დისციპლინას და-ძმისთვის ყოველ შაბათ-კვირას დროის ერთად გატარების უფლების მინიჭება ან რატომ იქნებოდა ეს დამლას გარემოს მიუღებელი ცვლილება, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ალტერნატივის სახით, მომჩივნების მიერ შეთავაზებული ვარიანტი შეუფერებლადაც რომ მიეჩნია, ოდემის სასამართლოს შეეძლო, ბავშვების მიერ ერთმანეთის ნახვის სხვა მეთოდები განეხილა და, ამრიგად, დაეცვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებები.
ოდემის სასამართლო არ ეცადა წინამდებარე საქმე განესხვავებინა მომჩივნების მიერ საკუთარი არგუმენტების გასამყარებად მითითებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისაგან; აღნიშნული გადაწყვეტილებები ცხადყოფდა, რომ თურქეთში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, უნდა უზრუნველყოფილიყო, რომ განქორწინებული წყვილის შვილებს შორის კონტაქტი შენარჩუნებულია. უფრო მეტიც, ევროსასამართლო შენიშნავს, რომ ოდემის სასამართლომ არა მხოლოდ ვერ უზრუნველყო ბავშვების მოსაზრებების მოსმენა, არამედ, აგრეთვე, საკუთარი გადაწყვეტილებები ვერ დააყრდნო რაიმე მტკიცებულებას, მაგ.: როგორიცაა ფსიქოლოგის ან სხვა ექსპერტის შეფასებები, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მომჩივნებმა მას აცნობეს, რომ აღნიშნული სიტუაცია მათზე უარყოფით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა.
სტრასბურგის სასამართლო, აგრეთვე, ვერ დაეთანხმება მთავრობის არგუმენტს, რომ დამლას მიერ ყოველი შაბათ-კვირის მამასთან ერთად გატარება უარყოფითად იმოქმედებდა მის განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება, როგორიცაა ფსიქოლოგის ან სხვა ექსპერტის შეფასებები. ამასთან დაკავშირებით ევროსასამართლო აცხადებს, რომ მთავრობის არგუმენტის საწინააღმდეგოდ, მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა კონვენციის ,,ოჯახური ცხოვრების’’ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს, მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (იხილეთ, Kutzner v. Germany, საჩ. ნომ. 46544/99, § 58, ECHR 2002-I).
სტრასბურგის სასამართლო სინანულით აღნიშნავს, რომ, საკასაციო სასამართლომ, მიუხედავად მის წინაშე არსებული განსახილველი საქმის მნიშვნელობისა, საჩივარზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში არ განიხილა მომჩივნების მიერ წარდგენილი ორი არგუმენტი, რაც მოიცავდა მის სასამართლო პრაქტიკაზე მითითებასაც, არამედ მხოლოდ დაადგინა, რომ ოდემის სასამართლომ ,,ადეკვატურად შეისწავლა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები და რომ სასამართლოს დასკვნა თავსებადი იყო გამოსაყენებელ კანონმდებლობასთან’’.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე სახელმწიფომ დაარღვია მე-8 მუხლით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება, ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა, აპლიკანტების საჩივრის განხილვისას, ვერ უზრუნველყვეს ოჯახის საუკეთესო ინტერესების მხედველობაში მიღება.
დასკვნა: ამრიგად, მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.