დე პიტა საქართველოს წინააღმდეგ

De Pita v. Georgia

საჩივრის ნომერი  -  22958/11

მოპასუხე სახელმწიფო    -   საქართველო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   19/05/2015

შედეგი: ამორიცხულ იქნა საქმეთა სიიდან

ნაწილობრივ დაუშვებელი

განსხვავებული აზრი: არა

 

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მე-7 დამატებითი ოქმის მე-5 მუხლი) - მეუღლეებს შორის თანასწორობა

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მეოთხე სექცია

განჩინება

საჩივარი No 22958/11

პრისკო მასიმო რობერტ ნილს დე პიტა საქართველოს წინააღმდეგ

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:

ლედი ბიანკუ, თავმჯდომარე,

პოლ მაჰოუნი,

კრისტოფ ვოიჩეკი

და სექციის განმწესრიგებელი ფატოშ აროჩი,

მხედველობაში მიიღო 2011 წლის 7 აპრილს წარდგენილი წინამდებარე საჩივარი, აგრეთვე,

მოპასუხე სახელმწიფოს მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი დეკლარაცია, რომელიც ევროსასამართლოს საქმეთა სიიდან მოცემული საქმის ამორიცხვას თხოვდა და აპლიკანტის პასუხი აღნიშნულ თხოვნაზე,

2015 წლის 19 მაისს გამართულ თათბირზე, განიხილა და გადაწყვიტა:

ფაქტები:

1. აპლიკანტი, ბ-ნი პრისკო, მასსიმო, რობერტ, ნილს დე პიტა, 1974 წელს დაიბადა, იგი წარმოშობით შვეიცარიელია და ლოზანაში ცხოვრობს. ევროსასამართლოს წინაშე მას მიმდევრობით წარმოადგენდნენ  ბ-ნი A. Lestourneaud და ქ-ნი M. Marques, მოქმედი იურისტები, შესაბამისად, Thonon-les-Bains-სა და Grenoble-ში, საფრანგეთში.

2. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა ბ-ნი ლ. მესხორაძე, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან. შვეიცარიის მთავრობამ კონვენციის 36-ე მუხლის შესაბამისად არ ისურვა საქმეში ჩართვა.

3. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტები, შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს:

ა. ოჯახური საკითხები

4. 2001 წლის 1-ელ სექტემბერს მომჩივანი დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე, ქ-ნ ნ.ა.-ზე. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და სანაცვლოდ შვეიცარიის მოქალაქეობა მოიპოვა. წყვილმა ოჯახური ცხოვრება ლოზანაში, განმცხადებლის სახლში დაიწყო.

5. საქმის მასალების მიხედვით, ქ-ნი ნ.ა. ცნობილი და მოთხოვნადი მხატვარი (მხატვარი/დეკორატორი) იყო, როგორც ლოზანაში, სადაც მას საკუთარი სამხატვრო გალერეა ჰქონდა, აგრეთვე, საქართველოში. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ მას, 2007 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში, დაავალა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რისთვისაც მან ჰონორარის სახით 165, 000 ევრო მიიღო.

6. 2005 წლის 2 მაისს დაიბადა ბავშვი, რ., რომელმაც მშობლების მსგავსად შვეიცარიის მოქალაქეობა მოიპოვა. აპლიკანტმა და მისმა ცოლმა, შვეიცარიის კანონმდებლობის მიხედვით, ქალიშვილზე ერთობლივი მეურვეობის განხორციელება დაიწყეს.

7. მომჩივნის ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები 2007 წლიდან გაჩნდა.

8. საქართველოს პრეზიდენტმა, 2008 წლის 18 დეკემბრის N609 განკარგულებით, ქ-ნ ნ.ა.-სა და რ.-ს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათ, შვეიცარიის მოქალაქეობის დაკარგვის გარეშე, მოიპოვეს საქართველოს მოქალაქეობაც.

9. 2009 წლის მაისის დასაწყისში, ორივე მშობლის თანხმობით, რ. ქ-ნი ნ.ა.ს დამ ზაფხულის არდადეგებზე საქართველოში წაიყვანა. მომჩივნის ცოლი საქართველოში ივლისში წამოვიდა. მშობლები შეთანხმებულები იყვნენ, რომ მათი ქალიშვილი 2009 წლის 3 აგვისტოსთვის ლოზანაში დაბრუნდებოდა, რომელიც მის მუდმივი საცხოვრებელ ადგილად იყო რეგისტრირებული, რათა მამას შეძლებოდა ზაფხულის ნაწილი ქალიშვილთან გაეტარებინა; აგრეთვე, დაესრულებინა ბავშვის დაწყებით სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებული პროცედურები.

10. მიუხედავად ამისა, დედამ რ.-ს არ მისცა საქართველოს დატოვების უფლება. მომჩივანმა, რომელიც 2009 წლის 3 აგვისტოს დილით ჟენევის აეროპორტში ამაოდ ელოდა ქალიშვილის ჩამოსვლას, იმავე დღეს მიიღო 2009 წლის 2 აგვისტოს დათარიღებული წერილი მეუღლისგან. წერილის შინაარსის მიხედვით, არც ქ-ნი ნ.ა. და არც ბავშვი არასდროს აღარ დაბრუნდებოდა ლოზანაში; და მომჩივანს რ.-ს კეთილდღეობის შესახებ არ უნდა ენერვიულა.

ბ. ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოება

11. აპლიკანტმა მოგვიანებით შეიტყო, რომ მისმა ცოლმა 2009 წლის 23 ივლისს საქართველოში განქორწინების და ბავშვის მეურვეობის მოპოვების მოთხოვნით სამართალწარმოება დაიწყო; ეს მოხდა ზემოთ ხსენებული 2009 წლის 2 აგვისტოს გამოსამშვიდობებელი წერილის დაწერამდე რამდენიმე დღით ადრე. ქ-ნმა ნ.ა.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. იგი მოითხოვდა ქორწინების გაუქმებას, ბავშვზე სრულ მეურვეობას და, აგრეთვე, განმცხადებლისთვის, რომლის  ყოველთვიური შემოსავალი 11,485 შვეიცარიული ფრანკი (CHF) (დაახლოებით 11,040 ევრო (EUR)) იყო, ბავშვის შენახვის ხარჯების დაკისრებას, რაც ყოველთვიურად 5,000 ფრანკს (დაახოებით 4,800 ევრო) წარმოადგენდა.

12. 2009 წლის 28 ივლისის ბრძანებით, სასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით მიუთითა, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის დასრულებამდე ეკრძალებოდა რ.-ს საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა. დასაშვებად მიიჩნია რა ქ-ნი ნ.ა.-ს სარჩელი, საქალაქო სასამართლომ იგი ლოზანაში, მომჩივნის მისამართზე გააგზავნა და აპლიკანტს დოკუმენტის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში საკუთარი არგუმენტების წარმოდგენისკენ მოუწოდა.

13. 2009 წლის 27 ოქტომბერს აპლიკანტმა საქალაქო სასამართლოს საკუთარი პოზიცია წარუდგინა. იგი აცხადებდა, რომ ის თანახმა იყო განქორწინებაზე და, აგრეთვე, მისი ქალიშვილის საცხოვრებელ ადგილად თბილისში ქ-ნი ნ.ა.-ს მისამართის განსაზღვრაზე. რაც შეეხება ბავშვის შენახვასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, აპლიკანტმა განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებული იყო, იმის გათვალისწინებით, რომ იმავე ასაკის ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ხარჯები საქართველოში 300 ევროს არ აჭარბებდა და დაამატა, რომ მიუხედავად ამისა იგი მზად იყო ყოველთვიურად 2000 CHF (დაახლოებით 1920 ევრო) გადაეხადა. გარდა ამისა, აპლიკანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვა, რომ მისთვის მიეცათ უფლება ზაფხულის არდადეგების დროს ქალიშვილი თვენახევრით, ხოლო საშობაო არდადეგების დროს ორი კვირით შვეიცარიაში წაეყვანა; მან, ასევე, თხოვა სასამართლოს მისთვის ნებართვა მიეცა, რომ საქართველოში ვიზიტის დროს სამი ან ოთხი დღე ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა.

14. 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ ქ-ნი ნ.ა.-ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სასამართლომ წინამდებარე დავასთან მიმართებით, მოსარჩელის ქართული ეროვნების საფუძველზე, დაადასტურა საკუთარი იურისდიქცია, განქორწინების მოთხოვნა დააკმაყოფილა. შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რ.-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ნ.ა.-სთან, თბილისში. რაც შეეხება მომჩივანს, მას სასამართლომ უფლება მისცა ქალიშვილი ყოველ შაბათ-კვირას ენახა, თუმცა მხოლოდ დღის განმავლობაში და ყოფილი ცოლის თანდასწრებით, ბავშვთან მარტო დარჩენის შესაძლებლობის გარეშე. უფრო მეტიც, აპლიკანტს ბავშვის შენახვის ხარჯებისთვის ყოველთვიურად 3,500 CHF -ს (დაახლოებით 3,365 ევრო) გადახდა დაეკისრა.

15. აპლიკანტმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სხვებს შორის, იგი ჩიოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მის მეუღლეს, როგორც ცნობილ და მოთხოვნად მხატვარს/დეკორატორს,  საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდა. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ, 2007 წლის და 2009 წლის პერიოდში, მას დაავალა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რისთვისაც მან ჰონორარის სახით 165,000 ევრო მიიღო. ყოველთვიურად 3, 365 ევროს ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრება მომჩივნისთვის არაპროპორციულად მძიმე ფინანსური ტვირთი იქნებოდა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მის ეკონომიკურ შესაძლებლობას, საქართველოში იმდენჯერ ჩამოსულიყო, რამდენჯერაც მოესურვებოდა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, როდესაც განსაზღვრა, რომ აპლიკანტს შვილი ყოველ შაბათ-კვირას უნდა ენახა, მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მომჩივანი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და შვეიცარიიდან საქართველოში ყოველ შაბათ-კვირას ჩასვლა როგორც ფინანსურად, აგრეთვე, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. აპლიკანტმა კვლავ მოითხოვა, რომ ალიმენტის ოდენობა 2,000  CHF (1,920 ევრო) განსაზღვრულიყო.

16. 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ აპლიკანტის საჩივარი არ დააკმაყოფილა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. მამის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დედა ნამდვილად იღებდა ანაზღაურებას დავალებული სამხატვრო სამუშაოს შესრულებისთვის, ამგვარი შემოსავალი არ იყო სტაბილური. შესაბამისად, მომჩივანი, რომელსაც სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი ჰქონდა, ვალდებული იყო გადაეხადა პირველი ინსტანციის მიერ სწორად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა. რაც შეეხება მამის ბავშვთან ვიზიტის სიხშირესა და წესს, სააპელაციო სასამართლომ, მხედველობაში მიიღო რა ქართველი სოციალური მუშაკის მოსაზრება, რომელიც აკვირდებოდა ქ-ნ ნ.ა.-სა და ბავშვის ურთიერთკავშირს, დაადგინა, რომ ბავშვის საუკეთესი ინტერესი იყო დარჩენილიყო დედასთან და არ გამგზავრებულიყო შვეიცარიაში, ვინაიდან ასეთ პატარა ასაკში (რ.-ი ოთხი წლის იყო) ხანგრძლივი დროის პერიოდში დედასგან მოშორებით ყოფნა, უარყოფით გავლენას მოახდენდა ბავშვის ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე.

17. 2010 წლის 12 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მომჩივნის საკასაციო საჩივარი, რომელიც იმეორებდა აპლიკანტის მიერ პირველი ორი ინსტანციის სასამართლოს წინაშე დაფიქსირებულ არგუმენტებს.

18. საქმის მასალების მიხედვით, 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება მეტწილად შეუსრულებელი დარჩა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სავალდებულო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოსთვის, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფორმალური კომუნიკაციის მეშვეობით,  ცნობილი იყო აპლიკანტის წინაშე არსებული სირთულეების შესახებ. ამრიგად, 2010 წლის ოქტომბრისა და 2011 წლის მარტის პერიოდში იგი ამაოდ ესტუმრა საქართველოს, ვინაიდან ყოფილმა ცოლმა არცერთხელ არ მისცა შვილის- რ.-ს ნახვის უფლება. 2011 წლის სექტემბერსა და 2012 წლის ოქტომბერში, ქ-ნმა ნ.ა.-მ აპლიკანტს უფლება მისცა ქალიშვილი რამდენიმე საათით ენახა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც მომჩივნის ყოფილმა მეუღლემ მას ახალი პირობები წაუყენა, როგორიცაა ქალიშვილის საერთაშორისო პასპორტის განახლებისათვის მამის თანხმობის მიცემა და აპლიკანტის მიერ ბავშვის თბილისში საერთაშორისო სწავლების ხარჯების დაფარვის თაობაზე მასთან მოლაპარაკებების წარმოება.

საჩივრები

19. აპლიკანტი კონვენციის მე-8 მუხლის და მე-7 დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის საფუძველზე ჩიოდა. იგი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ, ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის (დადებულია 1980 წლის 25 ოქტომბერს) საწინააღმდეგოდ, მისი ყოფილი ცოლის მიერ ქალიშვილის გატაცებაზე ქართულმა ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა; აპლიკანტი ასევე დავობდა, რომ ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავასთან მიმართებით ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები მიკერძოებული იყო.

სამართალი

20. 2013 წლის 18 დეკემბერს მთავრობას გადაეცა შეტყობინება საჩივრის თაობაზე.

ა. კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით წარდგენილი საჩივარი ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შესახებ

21. მას შემდეგ რაც მორიგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება წარუმატებლად დასრულდა, 2014 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული წერილით მთავრობამ აცნობა ევროსასამართლოს, რომ ისინი განაცხადის გაკეთებას სთავაზობდნენ იმ მოტივით, რომ გადაეწყვიტათ აპლიკანტის მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი საკითხი.

22. შესაბამისად, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, ბავშვის მეურვეობის სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ  ცალსახად აღიარა, რომ მომჩივანი უფლებამოსილი იყო საქმის წარმოების განახლების  მოთხოვნით მიემართა შესაბამისი ეროვნული სასამართლოებისთვის, ევროსასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების  საფუძველზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტი); მთავრობამ, აგრეთვე, განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოები ძალღონეს არ დაიშურებენ, რათა ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებული განახლებული სამართალწარმოება დროულად გადაწყვიტონ, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მხედველობაში მიღებით. მთავრობამ იკისრა ვალდებულება მომჩივნისთვის  გადაეხადა 7,000 (შვიდი ათასი) ევრო, რათა დაეფარა მატერიალური და არამატერიალური ზიანი, ასევე, ხარჯები და დანახარჯები. აღნიშნული თანხა სახელმწიფომ მომჩივანს უნდა გადაუხადოს ევროსასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში,   ნებისმიერი დამატებითი გადასახადის გარეშე, რომელიც შეიძლება დაკისრებულ იქნას. იმ შემთხვევაში თუ ზემოხსენებული სამი თვის ამოწურვამდე თანხის გადახდა არ მოხდება, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ თანხაზე გადახდილი უნდა იქნეს ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთი, რაც გადაუხდელობის პერიოდში არსებული ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლია. აღნიშნულს უნდა დაემატოს სამი პროცენტი. მთავრობამ შემდგომში სასამართლოს თხოვა საჩივარი საქმეთა სიიდან ამოერიცხა.

23. 2015 წლის 29 იანვარს სასამართლომ მომჩივნისგან წერილი მიიღო. წარმოადგინა რა დამატებითი მიზეზები წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის დასადასტურებლად, მომჩივანმა მოუწოდა სასამართლოს დაემოწმებინა მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის პირობები, კერძოდ, საკუთარ გადაწყვეტილებაში მიეთითებინა მთავრობის მიერ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის აღიარების და არასწორი სიტუაციის გამოსასწორებლად აღებული ვალდებულებების, მათ შორის, მისთვის ზემოთ ხსენებული  თანხის გადახდის შესახებ.

24. ითვალისწინებს რა, კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე, ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავასთან მიმართებით ეროვნული სასამართლოების მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე აპლიკანტის საჩივარს, ევროსასამართლო ადგენს, რომ მთავრობის მიერ გაკეთებული დეკლარაციის პირობების აპლიკანტის მიერ დადასტურების შემდეგ, საქმეზე მორიგება შედგა. ამრიგად, სასამართლო მხედველობაში იღებს აღნიშნული მეგობრული მორიგების პირობებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობის მიერ მომჩივნის უფლების, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უფლების, აღიარებას. სასამართლო ახსენებს აპლიკანტს, რომ მეგობრული მორიგების აღსრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება მინისტრთა კომიტეტის პრეროგატივაა (კონვენციის 39-ე მუხლის მე-4 პარაგრაფი). სტრასბურგის სასამართლო კმაყოფილია, რომ მორიგება დაფუძნებულია, კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით განმარტებულ, ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე  და ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რაც გაამართლებს საჩივრის განხილვის გაგრძელებას.

25. ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, წინამდებარე საქმე ამოირიცხოს საქმეთა სიიდან, ვინაიდან იგი დაკავშირებული იყო ზემოთ აღნიშნულ საჩივართან.

ბ. საჩივრის დარჩენილი ნაწილი

26. კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანი, აგრეთვე, ასაჩივრებდა, რომ ქართულმა ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა მისი ყოფილი ცოლის მიერ ქალიშვილის გატაცებაზე.

27. მთავრობამ გააპროტესტა აღნიშნული საჩივარი იმ საფუძვლით, რომ იგი დაუშვებელი იყო, ვინაიდან არ იქნა ამოწურული შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება. ამრიგად, გაიხსენა რა, რომ 1980 წლის 25 ოქტომბრის ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენცია საქართველოსთან მიმართებით ძალაში შევიდა 1997 წლის ოქტომბერში, მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანს არასდროს უცდია დაეწყო ბავშვის დაბრუნების პროცედურები საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის მეშვეობით. მომჩივანი არ დაეთანხმა აღნიშნულ პოზიციას.

28. საქმის მასალების გათვალისწინებით, სასამართლომ შენიშნა, რომ აპლიკანტს ეროვნული ხელისუფლების წინაშე არასდროს გაუხმოვანებია მისი წუხილი ყოფილი ცოლის მიერ ბავშვის გატაცების თაობაზე. ამდენად, მან არც ბავშვის დაბრუნების პროცედურების დაწყება სცადა ჰააგის კონვენციის მიხედვით (შეადარე X v. Latvia, no. 27853/09, §§ 17-24, 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება) და არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად წარუდგენია სისხლის სამართლის საჩივარი (შეადარე Qama v. Albania and Italy, no. 4604/09, §§ 69‑74, 2013 წლის 8 იანვარი). შესაბამისად, ეს კონკრეტული საჩივარი, ვინაიდან არ იქნა ამოწურული შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალებები, უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პარაგრაფის მიხედვით.

29. და ბოლოს, მომჩივანი კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებდა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების მიკერძოებულობას, ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებასთან მიმართებით.

30. თუმცა, მხარეებს შორის მიღწეული მეგობრული მორიგების (იხ. პარაგრაფი 24) პირობების, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად აღიარა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების მიერ კონვენციის დარღვევა და აპლიკანტის უფლება, არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად შესაბამისი საქმის წარმოების განახლება დაეწყო, ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ იგივე საკითხები არ ექვემდებარებოდა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის ჭრილში ცალკე განხილვას.

აღნიშნული მიზეზების გამო სასამართლო ერთხმად :

გადაწყვეტს, საჩივარი კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა სიიდან ამორიცხოს, რამდენადაც წინამდებარე საჩივარი ეხება კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევას, ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მიკერძოებულობის საფუძველზე;

საჩივრის დარჩენილ ნაწილს დაუშვებლად ცნობს.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობათ 2015 წლის 11 ივნისს.

ფატოშ არაჩი                                                                 ლედი ბიანკუ

განმწესრიგებელი                                                         თავმჯდომარე