გებრემედინი საფრანგეთის წინააღმდეგ
(Gebremedhin [Gaberamadhien] v. France)
საჩივრის ნომერი - 25389/05 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - საფრანგეთი
გადაწყვეტილების მიღების თარღი - 26/07/2007
შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მე-13 მუხლთან ერთობლიობაში,
არ დაირღვა მე-5-1-ვ მუხლი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 34-ე) ინდივიდუალური განაცხადი
(მუხლი 34-ე) მსხვერპლი
(მუხლი მე-13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება
(მუხლი მე-13) სადავო მოთხოვნა
(მუხლი მე-13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება
(მუხლი მე-5) თავისფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება
(მუხლი მე-5-1) თავისუფლების აღკვეთა
(მუხლი მე-5-1-ვ) გაძევება
(მუხლი მე-5-1)კანონიერი დაკავება/დაპატიმრება
(მუხლი მე-5-1-ვ) ქვეყანაში უნებართვო შესვლის აღკვეთა
(მუხლი მე-5-1) კანონით განსაზღვრული პროცედურა
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #96
აპრილი, 2007
გებრემედჰინი (Gebremedhin [Gaberamadhien]) საფრანგეთის წინააღმდეგ - 25389/05
გადაწყვეტილება 26.4.2007 [II სექცია]
მე-13 მუხლი
ქმედითი სამართლებრივი საშუალება
აეროპორტის მოსაცდელ ზონაში მომლოდინე თავშესაფრის მაძიებლისთვის საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლაზე უარისა და იმ ადგილის დატოვების შესახებ ბრძანების წინააღმდეგ ავტომატური შემაჩერებელი ეფექტის მქონე ქმედითი სამართლებრივი საშუალების არ არსებობა: დარღვევა
მე-5 მუხლი
მუხლი 5.1.f
ქვეყანაში ნებართვის გარეშე შესვლის თავიდან აცილება
თავშესაფრის მაძიებლის განგრძობადი დაკავება აეროპორტის მოსაცდელ ზონაში სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს დროებითი მითითების პასუხად, რომლის თანახმადაც ის არ უნდა დაბრუნებულიყო წარმოშობის ქვეყანაში: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: განმცხადებელი ერიტრეას მოქალაქეა. 1998 წელს ის და მისი ოჯახი ეთიოპიიდან ერიტრეაში გადავიდნენ, სადაც ის მუშაობდა ადგილობრივ გაზეთში მიმომხილველად და ფოტოგრაფად. 2000 წელს ის და გაზეთის მთავარი რედაქტორი დააპატიმრეს, აშკარად მათი პროფესიული საქმიანობის გამო. ორივე მამაკაცი პატიმრობაში იმყოფებოდა რამდენიმე თვე. 2001 წლის სექტემბერში განმცხადებელმა დატოვა ქვეყანა. ის დააპატიმრეს და დაკითხეს მისი მეგობრის შესახებ, მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. ის პატიმრობაში იმყოფებოდა ექვსი თვის განმავლობაში სანამ ციხის საავადმყოფოდან გაპარვას მოახერხებდა. საავადმყოფოში ის ტუბერკულოზით დაავადების შემდეგ გადაიყვანეს. ის გაიქცა სუდანში, საიდანაც გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში, ვარაუდობდა რა, რომ მისი მეუღლე საფრთხეში იყო. სხვა სახელით აღებული სუდანის პასპორტით და სამგზავრო დოკუმენტების გარეშე ის ჩავიდა პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში. 2005 წლის 1 ივლისს მან მოითხოვა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა, რათა თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება წარედგინა საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებისთვის. ის განათავსეს აეროპორტის მოსაცდელ ზონაში. 2005 წლის 5 ივლისს განმცხადებლის ინტერვიურების შემდეგ, ლტოლვილთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სააგენტომ (OFPRA) მიიღო დასკვნა იმის შესახებ, რომ განმცხადებელი არ უნდა დაშვებულიყო საფრანგეთში, მისი განცხადებების ურთიერთ შეუსაბამობის გამო, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლეოდა, რომ მან წარსული გააყალბა. მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა განმცხადებელს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლით საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრა და გასცა მითითებები მისი ერიტრეაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დაბრუნების შესახებ, სადაც მას ლეგალურად მიიღებდნენ. თუკი განმცხადებელს ქვეყანაში შესვლის ნებას დართავდნენ, მასზე სასაზღვრო პოლიციის მიერ გაიცემოდა დამცავი მოწმობა, რომელიც მას ქვეყანაში შესვლის და იქ რვა დღით დარჩენის უფლებას მიანიჭებდა. ამ დროში კი ის შეძლებდა თავშესაფრის შესახებ კანონის საფუძველზე თავშესაფრის მოთხოვნის განცხადების წარდგენას შესაბამის სახელმწიფო ორგანოში. პირებმა, რომელთაც არ დაუშვებენ ქვეყანაში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ აეროპორტის ტერიტორია.
განმცხადებელმა დაუყოვნებლივ მიმართა ადმინისტრაციულ სასამართლოს და მოითხოვა თავშესაფრის მოსათხოვნად ქვეყანაში შესვლის ნებართვა. ის კვლავ ამტკიცებდა, რომ იდევნებოდა და მის სიცოცხლეს ემუქრებოდნენ. სასწრაფო განცხადებების განმხილველმა მოსამართლემ მომდევნო დღესვე, 2005 წლის 8 ივლისს, არ დააკმაყოფილა მისი განცხადება.
განმცხადებელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა განაცხადი. სასამართლომ 2005 წლის 15 ივლისს მიუთითა საფრანგეთის მთავრობას, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად (დროებითი ღონისძიება), სასურველი იყო არ დაებრუნებინათ ის ერიტრეაში გარკვეული დროის განმავლობაში. განმცხადებელს კვლავ „ღუაზის“ აეროპორტის მოსაცდელ ზონაში ამყოფებდნენ. 2005 წლის 20 ივლისს, ევროპული სასამართლოს მითითების საფუძველზე საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უფლება მიანიჭეს განმცხადებელს შესულიყო საფრანგეთში და დარჩენილიყო რვა დღით, რათა წვეოდა პრეფექტურას და თავშესაფრის მაძიებლობის საფუძველზე მიემართა დროებითი ბინადრობის უფლების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიმართა სათანადო ზომებს და მასზე გაიცა ერთთვიანი ბინადრობის მოწმობა, რამაც საშუალება მისცა მიემართა OFPRA-სთვის თავშესაფრის მოთხოვნით. 2005 წლის ნოემბერში OFPRA -მ მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.
კანონი: მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში - ფრანგული სამართლის მიხედვით, ქვეყანაში შესვლაზე უარი აღმოჩნდა განმცხადებლისთვის თავშესაფრის მოთხოვნისთვის მიმართვის დაბრკოლება; უფრო მეტიც, ასეთი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც ამ პროცესის მონაწილე ადამიანი უმალვე დაექვემდებარებოდა იმ ქვეყანაში დაბრუნებას, საიდანაც მისივე მტკიცებით გამოიქცა. წინამდებარე საქმეზე, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შეფარდების შედეგად, განმცხადებელს ნება დაერთო შესულიყო ქვეყანაში და თავშესაფრის მოთხოვნით მიემართა OFPRA-სთვის, რომელმაც მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. ამ მომენტიდან კი ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია ამოქმედდა მის გაძევებასთან მიმართებით. შესაბამისად, ამის შემდეგ განმცხადებელი აღარ იყო მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევის მსხვერპლი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მტკიცებები ერიტრეაში არასათანადო მოპყრობის რისკის შესახებ საკმარისად სარწმუნო იყო იმისთვის, რომ მისი საჩივარი მე-3 მუხლის ფარგლებში „განსახილველად“ ჩათვლილიყო. შესაბამისად, განმცხადებელს შეეძლო მე-3 მუხლს დაყრდნობოდა მე-13 მუხლთან ერთობლიობაში. ეს უკანასკნელი ნორმა კი მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც გადაწყდა დაბრუნება იმ ქვეყანაში, სადაც მათ მიმართ მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ არასათანადო მოპყრობის რისკი არსებობს, უნდა ქონდეთ ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ქმედითი სამართლებრივი საშუალებები შეჩერების ეფექტით. თავშესაფრის მაძიებელთა შემთხვევაში, რომლებიც ამტკიცებენ რომ ასეთი რისკის წინაშე არიან და რომელთაც საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა მიეცათ, საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს პროცედურას, რომელიც ამ მოთხოვნათა გარკვეულ ნაწილს აკმაყოფილებს. თუმცა ეს პროცედურა არ ვრცელდება მაგალითად, იმ პირებზე, რომლებიც ამტკიცებენ ასეთი რისკის არსებობას და რომლებიც აღმოჩნდნენ საზღვარზე, აეროპორტში მოხვედრის შემდგომ. იმისათვის, რომ OFPRA-ს მიმართონ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ საფრანგეთს ტერიტორიაზე. თუ ისინი საზღვარზე აღმოჩნდებიან, ვერ შეძლებენ ასეთი განცხადების წარდგენას თუ მათ ქვეყანაში შესვლის ნებართვას არ მისცემენ. თუ მათ არ აქვთ საჭირო დოკუმენტები, უნდა მოითხოვონ შესვლის უფლება თავშესაფრის საფუძვლით. ამ პერიოდში ისინი თავსდებიან „მოსაცდელ ზონაში“, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები მოიკვლევენ, არის თუ არა მათი თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება „აშკარად დაუსაბუთებელი“. თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩათვლიან რომ განცხადება „აშკარად დაუსაბუთებელია“, ისინი უარს ეუბნებიან ამ ადამიანს ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე. ამის შემდეგ ეს ადამიანი ექვემდებარება ავტომატურ გაძევებას, OFPRA-სთვის თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ პირს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს ადმინისტრაციულ სასამართლოს შესვლის ნებართვაზე უარის შესახებ სააღსრულებო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ასეთ განცხადებას არ აქვს შემაჩერებელი ეფექტი და არ არის განსაზღვრული დროითი შეზღუდვები. შესაბამისად, მას შეუძლია მიმართოს გადაუდებელ განაცხადთა განმხილველ მოსამართლეს, რაც განმცხადებელმა გააკეთა კიდეც, თუმცა წარუმატებლად. თუმცა, არც ამ საშუალებას ქონდა შემაჩერებელი ეფექტი, რის შედეგადაც მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პირი შეიძლება გაეძევებინათ. მე-3 მუხლის მნიშვნელობიდან და წამების ან არასათანადო მოპყრობის რისკის რეალიზების შედეგად დამდგარი შესაძლო ზიანის შეუქცევადი ხასიათიდან გამომდინარე, მე-13 მუხლი ადგენს მოთხოვნას, თუკი მონაწილე სახელმწიფო გადაწყვეტს დააბრუნოს უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს მიზეზები ვარაუდისთვის რომ მის მიმართ მაღალია ასეთი რისკი, ამ პირს უნდა ქონდეს წვდომა სამართლებრივი დაცვის ისეთ საშუალებებზე, რომელიც ავტომატურ შეჩერებას იწვევს (ასეთი ეფექტის მქონე სამართლებრივი დაცვის საშუალება „პრაქტიკაში“ არ იყო საკმარისი). განმცხადებელს არ ქონდა ასეთ საშუალებაზე წვდომა მოსაცდელ ზონაში ყოფნისას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 5(1)(f) – 2005 წლის 1 ივლისს „მოსაცდელ ზონაში“ განთავსების შემდეგ და 20 ივლისს საფრანგეთში შესვლის ნებართვის მიღებამდე, განმცხადებელი „თავისუფლების აღკვეთის“ სუბიექტი იყო. 15 ივლისს სასამართლომ გადაწყვიტე მითითება მიეცა საფრანგეთის მთავრობისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე, რომ ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა არ მომხდარიყო განმცხადებლის ერიტრეაში დაბრუნება 2005 წლის 30 აგვისტოს შუა ღამემდე. შესაბამისად, 2005 წლის 15 ივლისიდან მოპასუხე სახელმწიფო ვერ შეძლებდა განმცხადებლის ერიტრეაში დაბრუნებას კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გარეშე. თუმცა, მათ არაფერი აბრკოლებდათ გადაეგზავნათ ეს ადამიანი სხვა ქვეყანაში, იმის უზრუნველყოფით, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება არ დააბრუნებდა მას სასამართლოს მიერ მითითებულ ქვეყანაში. შესაბამისად, 39-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ, ამ მიზნებისთვის განმცხადებლის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს იმ პირის „კანონიერ“ დაკავებასთან გათანაბრებულად, „ვის მიმართაც დეპორტაციის ან ექსტრადიციის მიზნით ღონისძიებები ტარდება“ კონვენციის 5(1)(f) მუხლის მიზნებისთვის. ამასთან, 39-ე მუხლის შეფარდების შემდგომ, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ქონდათ სხვა გზა გარდა ამ პირის თავისუფლების აღკვეთის შეწყვეტისა მის დეპორტაციასთან მიმართებით და მისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის გაცემას მიზნებისთვის შესაძლოა აუცილებელი ყოფილიყო მისი თავისუფლების აღკვეთა მკაცრად განსაზღვრული დროით, რაც აუცილებელი იქნებოდა ხელისფლების წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში მისი შესვლის კანონიერების დასადგენად. ეს შეიძლება ჩაითვალოს „პირის კანონიერ დაკავებად ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად“ კონვენციის 5(1)(f) მუხლის მიზნებისთვის.
მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ სწორედ ამას ქონდა ადგილი განმცხადებლის შემთხვევაში და სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება, რაც 15 ივლისიდან 20 ივლისამდე პერიოდში განმცხადებლის უკანონო დაკავებაზე მიუთითებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 15 ივლისის შემდეგ განმცხადებლის „მოსაცდელ ზონაში“ დაკავება უთანაბრდებოდა „„პირის კანონიერ დაკავებას ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად“ 5(1)(f) მუხლის მიზნებისთვის.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
41-ე მუხლი - არამატერიალური ზიანი: დარღვევის დადგენა საკმარისია.