პალადი მოლდოვას წინააღმდეგ

Paladi v. Moldova

საჩივრის ნომერი: -39806/05

მოპასუხე სახელმწიფო: მოლდოვას რესპუბლიკა

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  10/03/2009

შედეგი: 

დაირღვა მე–3 მუხლი

დაირღვა მე-5(1) მუხლი

დაირღვა 34–ე მუხლი

მატერიალური და არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: კი

 

საკვანძო სიტყვები :

(მუხლი 34) ინდივიდუალური საჩივრები

(მუხლი 34) ინდივიდუალური განაცხადის უფლების განხორციელებაში ხელშეშლა

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა

(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა

(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

(მუხლი 5–1) კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება - {ზოგადი}

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე   No. 117

მარტი 2009

პალადი მოლდოვას წინააღმდეგ - 39806/05

გადაწყვეტილება 10.3.2009 [GC]

მუხლი 34

ინდივიდუალური განაცხადის უფლების განხორციელებაში ხელშეშლა

ხელისუფლების ორგანოების მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემული შუალედური ღონისძიების შეუსრულებლობა: დარღვევა

 

ფაქტები: 2004 წლის სექტემბერში მომჩივანი წაიყვანეს საპატიმროში სამსახურეობრივი თანამდებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე. მას ჰქონდა რამდენიმე სერიოზული დაავადება (დიაბეტი, ანგინა, გულის უკმარისობა,  ჰიპერტენზია, ქრონიკული ბრონქიტი, პანკრეატიტი და ჰეპატიტი) და მაშინ, როდესაც ის იყო დაკავებული, იგი გასინჯა რამდენიმე ექიმმა, რომლებიც სამედიცინო ზედამხედველობას ურჩევდნენ. თუმცა, მან მხოლოდ საავადმყოფოებში არარეგულარული სამედიცინო ვიზიტებისა და დახმარების მიღება შეძლო. 2005 წლის მარტში იგი გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. 2005 წლის მაისში რესპუბლიკური ნევროლოგიური ცენტრის ნევროლოგმა ურჩია მისი გადაყვანა იმ დაწესებულებაში, სადაც შეძლებდა ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპიის (HBO)  გავლას. თუმცა, მას არ დაუწყია თერაპიის მიღება 2005 წლის სექტემბრამდე. თერაპია მან მიიღო რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში და ამან დადებითი შედეგები გამოიღო. თერაპია დანიშნული იყო 2005 წლის ნოემბრამდე. 2005 წლის 10 ნოემბერს რაიონულმა სასამართლომ გასცა ბრძანება მომჩივნის უკან, ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, ვინაიდან რესპუბლიკურ ნევროლოგიურ ცენტრს არ მიუთითებია HBO–ს თერაპიაზე თავის უახლოეს რეკომენდაციებში და აღნიშნა, რომ მომჩივნის მდგომარეობა  დასტაბილურდა. იმავე საღამოს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მთავრობას ფაქსიმილიის მეშვეობით მიუთითა შუალედურ ღონისძიებაზე სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლის თანახმად და აღნიშნა, რომ მომჩივანი არ უნდა გადაეყვანათ უკან ციხის საავადმყოფოში მანამ, სანამ სასამართლოს არ ექნებოდა შესაძლებლობა, გამოეკვლია საქმე. მომდევნო დღეს სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილე უშედეგოდ ცდილობდა ტელეფონით რამდენიმეჯერ მოლდოვაში  მთავრობის წარმომადგენლობის ოფისთან დაკავშირებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მთავრობისადმი ფაქსის მეშვეობით მოთხოვნილ შუალედურ ღონისძიებაზე დაყრდნობით, მომჩივანმა მოთხოვა რაიონულ სასამართლოს მისი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.  მომჩივანი იმავე დღეს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბოლოოდ, როგორც მომჩივნის ადვოკატის, ასევე მთავრობის წარმომადგენლის მოთხოვნების შემდეგ, 2005 წლის 14 ნოემბერს რაიონულმა სასამართლომ გასცა ბრძანება მომჩივნის რესპუბლიკურ ნევროლოგიურ ცენტრში გადაყვანაზე. იგი იძულებული იყო, გადაყვანას ექვსი საათის განმავლობაში დალოდებოდა, სანამ აღნიშნულთან დაკავშირებით ნებართვა გაიცემოდა; თანხმობა აშკარად იმ ფაქტის გამო დაგვიანდა, რომ მისი პირადი სამედიცინო საქმე გვიან მიიტანეს. 2005 წლის დეკემბერში მომჩივნის წინასწარი დაკავება შეიცვალა ვალდებულებით, არ დაეტოვებინა ქვეყანა. 2006 წელს იგი მეორე ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად ცნეს.

სამართლი: მუხლი 3 – მომჩივანს ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც დაადასტურა ბევრმა სამედიცინო სპეციალისტმა. მიუხედავად ამისა, მისთვის სამედიცინო დახმარება არ იქნა უზრუნველყოფილი იმ დონით, რომელიც მის მდგომარეობასთან შესაბამისი იქნებოდა, როგორც ეს დაწვრილებით მითითებულია პალატის გადაწყვეტილებაში. ამრიგად, დიდი პალატა ეთანხმება პალატას, რომ სამედიცინო დახმარების საერთო დონე, რომელიც მომჩივანმა მიიღო პატიმრობაში ყოფნისას, იყო არასაკმარისი.

დასკვნა: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორი ხმის წინააღმდეგ).

მუხლი 34 – 2005 წლის 10 ნოემბერს გაცემული შუალედური ღონისძიება მოიცავდა ხელისუფლების ორგანოებისთვის მიცემულ მკაფიო ინსტრუქციებს, ნევროლოგიური ცენტრიდან მომჩივნის გადაყვანასთან დაკავშირებით შეეკავებინათ თავი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა აღნიშნული ღონისძიების შესახებ ყველაზე გვიან,  2005 წლის 11 ნოემბერს შეიტყვეს, მათ არ აღკვეთეს მომჩივნის გადაყვანა. მთავრობამ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო მითითებული ღონისძიების შესრულება 2005 წლის 14 ნოემბრამდე, როდესაც იგი ფაქტობრივად უკვე განხორციელებული იყო. მომჩივნის პატიმრობის ადგილის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ სასამართლოს მთავრობის წარმომადგენლობის ოფისმა შუალედური ღონისძიების შესახებ შეატყობინა პარასკევს, 2005 წლის 11 ნოემბერს, თუმცა სასამართლომ ვერ შეძლო ამ დღეს ყველა მხარის სასამართლოში გამოძახება. შესაბამისად, სხდომა ჩატარდა მომდევნო სამუშაო დღეს, რომელიც იყო ორშაბათი, 2005 წლის 14 ნოემბერი. თუმცა მთავრობამ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ საქმის განმხილველი სასამართლო ნამდვილად ცდილობდა 2005 წლის 11 ნოემბერს  მხარეების სასამართლოში გამოძახებას; თუნდაც დავუშვათ, რომ ცდილობდა, სამართალწარმოებაში მხოლოდ ორი მხარე იყო: მომჩივანი და პროკურორი. მომჩივნის ადვოკატი, რომელიც 11 ნოემბრის დილით თავად ითხოვდა დაჟინებით საქმის განმხილველ სასამართლოს მიერ სასამართლო აკრძალვის გაცემას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შუალედურ ღონისძიებაზე დაყრდნობით, ნამდვილად შეძლებდა სასამართლო განხილვაზე დასწრებას, მაშინ როდესაც პროკურატურის მიერ პროკურორისათვის სასწრაფო სხდომის შესახებ ინფორმაციის გაგზავნის შეუძლებლობა, რომელიც შეატყობინა საქმის განმხილველმა სასამართლომ, საეჭვო იყო. გარდა ამისა, თუნდაც საქმის განმხილველი სასამართლოსთვის შეუძლებელი ყოფილიყო მომჩივნის ადვოკატის შუამდგომლობის განხილვა 11 ნოემბერს, მას ამის გაკეთება უფრო ადრე შეეძლო, ვიდრე საბოლოოდ გააკეთა. მიღებული პრაქტიკა იყო, მოსამართლეებისათვის, დანიშნულიყო (მოვალეობის შესრულების) მორიგეობა ნებისმიერ სასწრაფო შუამდგომლობაზე საპასუხოდ, რომელიც შაბათ–კვირის ან ოფიციალურად დასვენების დღეებში შემოვიდოდა. საბოლოოდ, მის ხელთ არსებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს არ მიუღია მთავრობის წარმომადგენლის წერილი 2005 წლის 14 ნოემბრამდე გულგრილობის გამო, რომელიც შეუთავსებელი იყო მოთხოვნებთან, გატარებულიყო ყველა გონივრული ზომა, შუალედური ღონისძიების დროული შესრულების უზრუნველყოფისათვის. დამატებით, მთავრობის წარმომადგენლობის ოფისიდან არავინ არ იყო ხელმისაწვდომი, 2005 წლის 11 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგისტრატურის სასწრაფო ზარებზე ეპასუხა. ამრიგად, შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა  ვერ შეასრულეს ვალდებულება, დახმარებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული გამოუსწორებელი ზიანის მიყენება. გარდა ამისა, მთავრობამ ვერ აჩვენა ობიექტური დაბრკოლებების არსებობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მითითებული შუალედური ღონისძიების შესრულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მათ არგუმენტს, რომ საბოლოო დასკვნის თანახმად HBO თერაპია არ იყო არსებითი მომჩივნის მკურნალობისათვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელისუფლების ორგანოებმა არ იცოდნენ ასეთი ფაქტების შესახებ იმ დროს, როდესაც ეს მოვლენები მიმდინარეობდა. რამდენადაც იმ დროს ცნობილი იყო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შუალედური ღონისძიების შესრულებისათვის დროული ნაბიჯების გადადგმის განუხორციელებლობას შესაძლოა, მომჩივანი გამოუსწორებელ ზიანამდე მიეყვანა და შესაბამისად, სამართალწარმოებისათვის დაეკარგა მისი მიზანი. იმ ფაქტმა, რომ რისკი საბოლოოდ არ განხორციელდა, არ შეცვალა ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოების დამოკიდებულება და მათი უმოქმედობა შეუსაბამო იყო კონვენციის 34–ე მუხლიდან გამომდინარე მათ ვალდებულებებთან.

დასკვნა: დარღვევა (ცხრა ხმა რვა ხმის წინააღმდეგ).

სასამართლომ ასევე დაადგინა მე–5 მუხლის § 1–ის დარღვევა.

მუხლი 41 – 2,080 ევრო მატერიალური ზიანისათვის და 15,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes