ბექაური საქართველოს წინააღმდეგ
საჩივრის ნომერი - 14102/02 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - საქართველო
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 10/04/2012
შედეგი: პირველადი პრეტენზიები დაუშვეს (მუხლი 35-3 - შუამდგომლობის უფლების შელახვა)
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35-3) შუამდგომლობის უფლების შელახვა
საქმეზე ბექაური საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
ფრანსუაზ ტულკენსი, თავმჯდომარე,
დანუტე იოჩიენე,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
ანდრაშ შაიო, ნონა წოწორია,
კრისტინა პარდალოსი,
გვიდო რაიმონდი, მოსამართლეები,
და სტენლი ნაისმითი, სექციის განმწესრიგებელი,
იმსჯელა რა 2012 წ. 20 მარტის დახურულ თათბირზე, გამოიტანა შემდეგი განჩინება:
პროცედურა
1. საქმის საფუძველია განაცხადი (№14102/02) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, ბ-ნმა ფრიდონ ბექაურმა („განმცხადებელი“) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის თანახმად, 2002 წ. 31 მარტს შეიტანა სასამართლოში.
2. სასამართლოში განმცხადებელს წარმოადგენდნენ ადვოკატები ქ-ნები ელისო ბუთხუზი, ლია მუხაშავრია და ბ-ნი ვახტანგ ვახტანგიძე, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ეწევიან თბილისში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წამოადგენდნენ ბ-ნი კონსტანტინე კორკელია, იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და ამჟამინდელი სახელმწიფო წარმომადგენელი ბ-ნი ლევან მესხორაძე, იუსტიციის სამინისტროდან.
3. განმცხადებელი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მისთვის შეფარდებული სამუდამო პატიმრობა არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს.
4. 2010 წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ განმცხადებლის მიერ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზია დასაშვებად ცნო, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაუშვებლად.
5. მთავრობამ და განმცხადებელმა, 2010 წ. 5 ოქტომბერს, 30 ნოემბერსა და 2011 წ. 28 თებერვალს, სათითაოდ წარადგინეს მიმოხილვები განაცხადის არსებით მხარეთან დაკავშირებით (სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 59§1).
ფაქტები
6. განმცხადებელი დაიბადა 1977 წელს და ამჟამად სასჯელს იხდის ქსნის №7 საპყრობილეში.
I. საქმის მდგომარეობა - 2010 წ. 29 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებამდე
7. 2005 წ. 2 მაისს, სასამართლომ განაცხადი მხარეებს გადაუგზავნა და ჰკითხა, რამდენად შეესაბამება კონვენციის მე-3 მუხლს განმცხადებლის უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მას პოლიციის ოფიცრის მკვლელობის გამო შეეფარდა.
8. 2005 წ. 30 აგვისტოს, მთავრობამ წარადგინა თავისი მიმოხილვა განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ, რომელიც სასამართლომ გადაუგზავნა განმცხადებელს. იმ დროისთვის მის ინტერესებს ქ-ნი ბუთხუზი („პირველი ადვოკატი“) იცავდა. ადვოკატს ეთხოვა, სასამართლოსთვის საკუთარი კლიენტის სახელით, მიმოხილვა 2005 წ. 24 ნოემბრამდე წარედგინა, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. ამის შემდეგ, სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით, შესაბამისი ვადა 2006 წ. 10 თებერვლამდე გააგრძელა, თუმცა ადვოკატმა კვლავ არ წარადგინა არავითარი მიმოხილვა.
9. 2006 წ. 14 თებერვლის წერილით, სასამართლომ, აღნიშნა რა განმცხადებლის მხრიდან მიმოხილვის გამუდმებული წარუდგენლობა, აცნობა ქ-ნ ბუთხუზს, რომ საქმის განხილვას მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე გააგრძელებდა.
10. 2006 წ. 10 მაისს, პირველმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მან დაკარგა საქმის მასალები და თხოვნით მიმართა სასამართლოს, მისთვის გაეგზავნა საქმის მასალების ასლები. 2006 წ. 16 მაისს, სასამართლომ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
11. 2006 წ. 3 ივლისს ქ-ნმა მუხაშავრიამ და ბ-ნმა ვახტანგიძემ სასამართლოს აცნობეს, რომ ისინი განმცხადებლის ადვოკატები იყვნენ („ახალი ადვოკატები“) და გამოთქვეს მზადყოფნა, სასამართლოსთვის უახლოეს მომავალში წარედგინათ მიმოხილვა განაცხადის დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით. სასამართლომ 2006 წ. 10 ივლისს უპასუხა და ახალ ადვოკატებს შეახსენა განმცხადებელის მიერ, მიმოხილვის დაუსაბუთებელი წარუდგენლობისა და შესაბამისი ვადის გაგრძელების შესახებ. სასამართლომ განაცხადა, რომ ვადის შემდგომი გაგრძელება აღარ მოხდებოდა და ახალ ადვოკატებს ურჩია, დაკავშირებოდნენ თავიანთ კოლეგას, ქ-ნ ბუთხუზს, რათა მიეღოთ ყველა საჭირო დოკუმენტი და დამატებითი ინფორმაცია საქმის განხილვის შესახებ.
12. 2006 წ. 12 ივლისს, ახალმა ადვოკატებმა ხელახლა მიმართეს სასამართლოს, მიმოხილვის წარსადგენად დამატებითი დროის მიცემის თხოვნით. 2006 წ. 31 ივლისს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული განმეორებით მოთხოვნა.
13. 2007 წ. 15 თებერვალს, ახალმა ადვოკატებმა სასამართლოს საქმის მასალების ასლების გაცემის თხოვნით მიმართეს, რაც იმით ახსნეს, რომ პირველი ადვოკატი არ აძლევდა მათ საქმის გაცნობის საშუალებას. ამის პასუხად, 2007 წ. 6 მარტს, სასამართლომ, აღნიშნა რა, რომ შესაბამისი მასალები უკვე გადაუგზავნა პირველ ადვოკატს, გამონაკლისის სახით მაინც დააკმაყოფილა ახალი ადვოკატების მოთხოვნა და მათ საქმის მასალების ასლები გაუგზავნა.
14. 2007 წ. 7 მაისს განმცხადებლის ახალმა ადვოკატებმა მესამედ განაცხადეს, რომ მზად იყვნენ განმცხადებლის სახელით წარედგინათ მიმოხილვა.
15. 2010 წ. 21 იანვარს, განმცხადებლის მამამ სასამართლოსგან მოითხოვა ინფორმაცია საქმის განხილვის მიმდინარეობის შესახებ. იგი ჩიოდა, რომ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციულ ვაკუმში იმყოფებოდა და ასევე მოითხოვა საქმის მასალების ასლების მიწოდება.
II. 2010 წ. 29 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩენილი გარემოებები
16. 2010 წ. 5 ოქტომბერს, მთავრობამ, არსებით მხარესთან დაკავშირებული მოსაზრებების ნაწილის სახით, წარადგინა უზენაესი სასამართლოს 2007 წ. 12 მაისის საბოლოო და აღსასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების ასლი.
17. როგორც აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გაირკვა, უზენაესმა სასამართლომ, დააკმაყოფილა რა ქ-ნი ბუთხუზის 2006 წ. 28 აპრილის შუამდგომლობა, განმცხადებლის მიმართ შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეცვალა 16 წლით პატიმრობით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც განმცხადებლის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს ამსუბუქებდა. შესაბამისად, განმცხადებლის ახალი პატიმრობის ვადა 2014 წ. 7 აგვისტოს ამოიწურება და იგი გათავისუფლდება.
სამართალი
18. განმცხადებელი ჩივის, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უვადო პატიმრობის სასჯელის მოხდის რეჟიმი შეუსაბამო იყო კონვენციის მე-3 მუხლთან. აღნიშნული მუხლის თანახმად:
“არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს.“
მთავრობის წინასწარი პრეტენზიები
ა. მხარეთა არგუმენტები
19. თავის მიმოხილვაში, რომელიც ეხება განმცხადებლის მიერ, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიის არსებით მხარეს, მთავრობამ წამოაყენა ორი წინასწარი პრეტენზია. პირველ რიგში, მიუთითა რა 2007 წ. 12 მარტს, უზენაესი სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობის შეცვლაზე, მთავრობამ აღნიშნა, რომ განმცხადებელმა დაკარგა მსხვერპლის სტატუსი. გარდა ამისა, მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლის მიერ სასამართლოსთვის მის საქმეში არსებული ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილების შეუტყობინებლობა, კონვენციის 35§3 მუხლის თვალსაზრისით, წარმოადგენს მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას.
20. პასუხად, განმცხადებლის ახალმა ადვოკატებმა, გარდა იმისა, რომ ძალაში დატოვეს მათი პოზიცია განაცხადის არსებით მხარესთან დაკავშირებით, მხოლოდ მოკლედ აღნიშნეს, რომ მათ, კლიენტის მიმართ გამოტანილი სასჯელის შეცვლის თაობაზე მასთან შეხვედრისას, 2010 წ. მაისის ბოლოს შეიტყვეს. მათ ასევე დაამატეს, რომ თავად განმცხადებელმა უზენაესი სასამართლოს 2007 წ. 12 მარტის გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ 2007 წლის ნოემბერში შეიტყო.
ბ. სასამართლოს შეფასება
21. სასამართლო მიუთითებს, რომ რეგლამენტის 47§4 მუხლის თანახმად, განმცხადებლები, თავად იცავენ თავს თუ ადვოკატების მეშვეობით, იმყოფებიან განგრძობადი ვალდებულების ქვეშ, სრულად მიაწოდონ სასამართლოს ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ, რომელიც მათ საქმეს ეხება. სასამართლო შეახსენებს, რომ კონვენციის 35§3 მუხლის საფუძველზე, განაცხადი, შესაძლოა, დაუშვებლად იქნას ცნობილი სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენების გამო, თუკი სხვა მიზეზებთან ერთად, ის შეგნებულად ეფუძნება ტყუილ ფაქტებს (იხ. Keretchashvili v. Georgia (dec.), no. 5667/02, 2 May 2006; and Rehak v. Czech Republic (dec.), no. 67208/01, 18 May 2004). არასრული და შესაბამისად, მცდარი ინფორმაცია, შესაძლოა, ასევე განხილულ იქნას, როგორც მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით თუ ინფორმაცია ეხება საქმის ყველაზე მნუშვნელოვან ასპექტს და არ არსებობს ჯეროვანი განმარტება იმისა თუ რატომ არ იქნა წარმოდგენილი ან გამჟღავნებული აღნიშნული ინფორმაცია (იხ. Pirtskhalaishvili v. Georgia (dec.), no. 44328/05, 29 April 2010; and Khvichia v. Georgia (dec.), no. 26446/06,
23 June 2009). გარდა ამისა, სასამართლო კვლავ შეახსენებს, რომ მის მოვალეობას არ წარმოადგენს, დაკავდეს მთელი რიგი დაუსაბუთებელი და ჭირვეული პრეტენზიების ან განმცხადებლებისა თუ მათი ადვოკატების მხრიდან აშკარად შეუსაბამო ქმედებების განხილვით, რაც მას უზარმაზარ სამუშაოს უქმნის და ყოვლად შეუთავსებელია კონვენციით დადგენილ მის ნამდვილ ფუნქციებთან (იხ. Petrović v. Serbia (dec.), no. 56551/11, 18 October 2011; and The Georgian Labour Party v. Georgia (dec.), no. 9103/04, 22 May 2007).
22. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ადგენს, რომ განმცხადებლის პირველი ადვოკატის, ქ-ნი ბუთხუზის ქცევა უაღრესად სამწუხარო იყო. გარდა იმისა, რომ მან არ წარადგინა მიმოხილვა დასაშვებობისა და არსებითი მხარის თაობაზე, მიუხედავად ვადის გაგრძელებისა, ორჯერ დაკარგა საქმის მასალები, არ ითანამშრომლა განმცხადებლის სხვა ადვოკატებთან და სავარაუდოდ, საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში დატოვა განმცხადებლის ოჯახი, რა შეცდომებმაც დამატებით გამოიწვია სასამართლოს ადმინისტრაციული გადატვირთვა. მისი გულგრილი დამოკიდებულება იმდენად შორს წავიდა, რომ მან სასამართლოს არ აცნობა უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლისთვის შეფარდებული სამუდამო პატიმრობის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებული განაცხადის არსთან.
23. რაც შეეხება განმცხადებლის ახალ ადვოკატებს, სასამართლოს მიუღებლად მიაჩნია, რომ მათ, როგორც ადვოკატებმა, რომლებმაც 2006 წ. 3 ივლისიდან იტვირთეს საქმეზე პასუხისმგებლობა, 2010 წ. მაისის ბოლომდე არ იცოდნენ მათი კლიენტის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს რეგლამენტის 47§4 მუხლის თანახმად, განმცხადებელიცა და მისი ადვოკატებიც ვალდებულნი იყვნენ, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია სასამართლოსთვის, როგორც კი ეს მათთვის ცნობილი გახდა. აღნიშნულ მნიშვნელოვან გარემოებას სასამართლო გაითვალისწინებდა განაცხადის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას, 2010 წ. 29 ივნისს. სამწუხაროდ, მათ ეს არ გააკეთეს და რაიმე დასაბუთებული განმარტებაც კი ვერ წარმოადგინეს ასეთ სერიოზულ პროცედურულ შეცდომაზე.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლისა და მისი ადვოკატების, განსაკუთრებით კი ქ-ნი ბუთხუზის ქმედება, იყო „უპასუხისმგებლობის გამაოგნებელი გამოვლინება“ (იხ. The Georgian Labour Party, მითითებული ზემოთ), რაც შეუსაბამოა კონვენციით დადგენილ ინდივიდუალური განაცხადით მიმართვის უფლებასთან და მნიშვნელოვნად აფერხებს სასამართლოს გამართულ საქმიანობას. საერთოდ, ადვოკატებს უნდა ესმოდეთ, რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი მოვალეობები სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების განსახილველად, რა დროსაც, მათ უნდა წარმოაჩინონ პროფესიული კეთილგონიერების მაღალი დონე და სასამართლოსთან ღირებული თანამშრომლობის მზაობა. ეს კი უნდა გამოიხატოს იმით, რომ სასამართლოს აარიდონ შეუსაბამო საჩივრები და თუკი საქმის განხილვა დაიწყება, ზედმიწევნად ზუსტად დაიცვან პროცედურის ყველა შესაბამისი წესი და თავიანთ კლიენტებსაც იგივე მოსთხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს რესურსების თვითნებურმა თუ გულგრილმა, არასწორმა გამოყენებამ, შესაძლებელია დააზარალოს ადვოკატების საქმიანობისადმი ნდობა სასამართლოს თვალში და თუკი ეს სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, სასამართლოს რეგლამენტის 36§4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაძლოა, მათ აეკრძალოთ კიდეც სასამართლოს წინაშე განმცხადებელთა ინტერესების დაცვა (იხ. Petrović, მითითებული ზემოთ).
25. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის წინასწარი პრეტენზია საკმარისად დასაბუთებულია და წარმოდგენილი განაცხადი, კონვენციის 35§3 მუხლის თანახმად, in fine წარმოადგენს სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას.
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
მხარს უჭერს მთავრობის წინასწარ პრეტენზიას მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენების შესახებ და ადგენს, რომ არ განიხილავს საქმის არსებითი მხარეს.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ 2012 წ. 10 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად.
სტენლი ნაისმიტი ფრანსუაზ ტულკენსი
განმწესრიგებელი თავმჯდომარე