რაელიენ სუის მოძრაობა შვეიცარიის წინააღმდეგ
Mouvement raëlien suisse v. Switzerland [GC]
საჩივრის ნომერი: 16354/06 PDF summary
მოპასუხე სახელმწიფო: შვეიცარია
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 13/07/2012
შედედგი: წინასწარი პრეტენზია არ იქნა მიღებული (მუხლი 35.3 - აშკარად დაუსაბუთებელია)
მე-10 მუხლი არ დარღვეულა - გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი] (მუხლი 10.1 - გამოხატვის თავისუფლება)
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 10) გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი]
(მუხლი 10.1) გამოხატვის თავისუფლება
(მუხლი 10.2) ჩარევა
(მუხლი 10.2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(მუხლი 10.2) დანაშაულის პრევენცია
(მუხლი 10.2) ჯანმრთელობის დაცვა
(მუხლი 10.2) მორალის დაცვა
(მუხლი 10.2) სხვათა უფლებების დაცვა
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35.3) აშკარად დაუსაბუთებელია
შეფასების ზღვარი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საქმეზე რაელიენ სუის მოძრაობა (MOUVEMENT RAËLIEN SUISSE) შვეიცარიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დიდი პალატის შემდეგი შემადგენლობით:
ნიკოლას ბრატზა, პრეზიდენტი,
ფრასუაზ ტულკენი,
ჯოზეფ კასადევალი,
კორნელიუ ბირსანი,
ეგბერტ მიერი,
მარკ ვილიგერი,
პაივი ჰირველა,
ანდრას საიო,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ,
ანნ პავერ-ფორდე,
მიჰაი პოალელუნგი,
ნებოისა ვუჩინიცი,
კრისტინა პარდალოსი,
განნა იუდივსკა,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
ელენ კელერი, მოსამართლეები და
მაიკლ ობოილე, სასამართლო მდივნის მოადგილე,
2011 წლის 16 ნოემბერს და 2012 წლის 9 მაისს ითათბირა და ბოლოს მითითებულ დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენციის“) 34-ე მუხლიდან გამომდინარე, შვეიცარიის კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ასოციაციის „რელიენ სუისე მოძრაობის“ („განმცხადებელი ასოციაცია“) მიერ შვეიცარიის კონფედერაციის წინააღმდეგ 2006 წლის 10 აპრილს [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადი (# 16354/06).
2. განმცხადებელ ასოციაციას წარმოადგენდა შვეიცარიის ქალაქ ლუზანეში მოღვაწე ადვოკატი ბატონი ე. ელკემი. შვეიცარიის მხარე („მოპასუხე სახელმწიფოს“) წარმოადგენდა იუსტიციის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი ბატონი ფ. შურმანი.
3. განმცხადებელი ასოციაცია ამტკიცებდა, რომ შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოების მიერ მათი პოსტერების აკრძალვამ დაარღვია მათთვის კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლებით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები.
4. განაცხადი გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ელი პუნქტი). 2008 წლის 15 მაისს სასამართლომ გადაწყვიტა მოპასუხე სახელმწიფოსთვის გაეგზავნა შეტყობინება განაცხადის თაობაზე და იმ დროისთვის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეესწავლა საქმის დასაშვებობა და იმავდროულად მისი არსებითი მხარე.
5. 2011 წლის 13 იანვარს მითითებული სექციის პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: ხრისტოს როზაკისი, ნინა ვაჟიკი, ხანლარ ჰაჯიევი, დენ სპილმანი, სვერე ერიკ იებენსი, გიორგიო მალინვერნი და ჯორჯ ნიკოლაუ, ასევე სექციის მდივანი სიონენ ნილსენი, მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი არ ქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას, ხოლო მე-9 მუხლთან მიმართებით წარდგენილი საჩივრის ცალკე განხილვის საჭიროება არ არსებობდა. მოსამართლეების როზაკისა და ვაჟიკის განსხვავებული მოსაზრებები დაერთო გადაწყვეტილებას.
6. 2011 წლის 12 აპრილს განმცხადებელმა ასოციაციამ კონვენციის 43-ე მუხლის და [რეგლამენტის] 75-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა. 2011 წლის 20 ივნისს დიდი პალატის პანელმა დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა.
7. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და [რეგლამენტის] 24-ე მუხლით. მოსამართლე მიჰაი პოლელუნგის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოიწურა 2012 წლის 30 აპრილს. მან განაგრძო საქმის განხილვაში მონაწილეობა (კონვენციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი და [რეგლამენტის] 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
8. განმცხადებელმა ასოციაციამ და მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინეს თავიანთი წერილობითი მოსაზრებები ([რეგლამენტის] 59.1 მუხლი). ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციისგან „მე-19 მუხლი“ მიღებულ იქნა მესამე პირის კომენტარები. ამ ორგანიზაციას [სასამართლოს] პრეზიდენტმა უფლება მისცა ჩართულიყო წერილობით პროცედურაში (კონვენციის 36.2 მუხლი და [რეგლამენტის] 44.3 მუხლი).
9. საქმის მოსმენა საჯაროდ გაიმართა 2011 წლის 16 ნოემბერს ადამიანის უფლებათა სახლში, სტრასბურგში ([რეგლამენტის] 59.3 მუხლი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) მოპასუხე სახელმწიფოს სახელით:
ბატონი ფ. შურმანი, ევროპული სამართლისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა განყოფილების უფროსი, იუსტიციის ფედერალური სამსახური, ფედერალური პოლიციისა და იუსტიციის დეპარტამენტი, წარმომადგენელი საქმეზე,
ბატონი ა. ტენდონი, იურისტი, ნეუშატელის კანტონის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი,
ქალბატონი დ. სტეიგერ ლეუბა, ტექნიკური მრჩეველი, ევროპული სამართლისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა განყოფილება, იუსტიციის ფედერალური სამსახური, ფედერალური პოლიციისა და იუსტიციის დეპარტამენტი, მრჩევლები;
(b) განმცხადებელი ასოციაციის სახელით:
ბატონი ე. ელკემი, ადვოკატი,
ბატონი ნ.ბლანკი, ასოცირებული ადვოკატი, მრჩეველი,
ბატონი მ.პ. შაბლოზი, „რაელიენ სუის მოძრაობის“ ხელმძღვანელი და სპიკერი, მრჩეველი.
სასამართლომ მოისმინა ბატონი ელკემის და ბატონი შურმანის გამოსვლები, ასევე მათი პასუხები მოსამართლეთა კითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
A. განმცხადებელი ასოციაცია და რაელიანური მოძრაობა
10. განმცხადებელი ასოციაცია დაარსდა 1977 წელს და წარმოადგენს რენაზში (ვაუდის კანტონი) რეგისტრირებულ არასამეწარმეო ასოციაციას. ეს არის „რაელის“ სახელით ცნობილი კლოდ ვარილჰონის მიერ 1976 წელს ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაციის რაელიანური მოძრაობის ეროვნული ფილიალი. ორგანიზაციის წესდების თანახმად მისი მიზანია უცხოპლანეტელებთან პირველი კავშირის და კარგი ურთიერთობის დამყარება.
11. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის განმცხადებელი ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რაელიანური მოძრაობის დოქტრინა ემყარება რაელის სავარაუდო კონტაქტს „ელოჰიმთან“, უცხოპლანეტელებთან „განვითარებული ტექნოლოგიით“, რომელთაც დედამიწაზე შექმნეს სიცოცხლე და მთელი რიგი რელიგიებისა, მათ შორის ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი. რაელიანური მოძრაობის მიმდევრებს სწამთ, რომ სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა და კლონირება და „ცნობიერების გადაცემა“ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს გახდეს უკვდავი. ამასთან მიმართებით რაელიანურმა მოძრაობამ ადამიანის კლონირების მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა.
12. რაელიანური მოძრაობის ზოგი განაცხადი თუ თვით რაელის ნაშრომები მხარს უჭერდა ხელისუფლების სისტემას სახელწოდებით „გენიოკრატია“, დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება უნდა გადაეცეს მხოლოდ იმ ინდივიდებს, რომელთაც აქვთ ინტელექტის უმაღლესი მაჩვენებელი.
13. თავის წიგნში მგრძნობელობითი მედიტაცია რაელი ამ კონცეფციას უწოდებს უცხოპლანეტელების მიერ ადამიანებისთვის მიცემულ „სახელმძღვანელო ინსტრუქციას“, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს „აღმოაჩინოს საკუთარი სხეული, განსაკუთრებით კი ისწავლოს, თუ როგორ გამოიყენოს ის იმისთვის, რომ დატკბეს ბგერებით, ფერებით, სურნელით, გემოთი, ალერსით და განსაკუთრებით ყველას გრძნობით აღქმული სექსუალობით, რათა გამოსცადონ კოსმიური ორგაზმი, უსასრულო და აბსოლუტური, რაც გაანათლებს იმის გონებას, ვინც მას მიაღწია, იმ სამყაროებთან დაკავშირებით, რომლისგანაც ის წარმოიშვა და წარმოიშობა“.
B. შესაბამისი პროცედურები
14. 2001 წლის 7 მარტს განმცხადებელმა ასოციაციამ ქალაქ ნეუშატელის პოლიციის ადმინისტრაციას („პოლიციის ადმიისტრაცია“) 2001 წლის 2-დან 13 აპრილამდე პოსტერების კამპანიის განხორციელების ნებართვა სთხოვა. სადაო პოსტერი ზომით 97სმX69სმ ზედა ნაწილში შეიცავდა დიდი ზომის ყვითელ წარწერას მუქ ლურჯ ფონზე: „უცხოპლანეტელთა გზავნილი“; პოსტერის ქვედა ნაწილში იმავე ზომის მაგრამ მუქი სიმბოლოებით მითითებული იყო რაელიანური მოძრაობის ვებ-გვერდის მისამართი, საფრანგეთში მათ ტელეფონის ნომერთან ერთად; ხოლო ბოლოს განთავსებული იყო ფრაზა „მეცნიერება ბოლოს და ბოლოს ცვლის რელიგიას“. პოსტერის შუაში გამოსახული იყო უცხოპლანეტელთა სახეები და პირამიდა მფრინავ თეფშთან და დედამიწასთან ერთად.
15. 2001 წლის 29 მარტს პოლიციის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა ნებართვაზე მოთხოვნა, დაეყრდნო რა წინა ორ უარს. საფრანგეთის 1995 წლის საპარლამენტო ანგარიშში სექტების შესახებ და ლა სარინის (ფრიბურგის კანტონი) რაიონის სამოქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ რაელიანური მოძრაობა ჩაბმული იყო საჯარო წესრიგის (ordre public) საწინააღმდეგო და ამორალურ საქმიანობაში.
16. 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ქალაქ ნეუშატელის მუნიციპალურმა საბჭომ განმცხადებელი ასოციაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა, დაადგინა რა რომ ის ვერ დაეყრდნობოდა რელიგიის თავისუფლებას, რადგანაც საშიშ სექტად განიხილებოდა. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა ეფუძნებოდა ქალაქ ნეუშატელის ადმინისტრაციული რეგლამენტის („რეგლამენტი“) მე-19 მუხლს; მისი მიზანი იყო საჯარო ინტერესის დაცვა და პროპორციულ ზომას წარმოადგენდა, ვინაიდან ორგანიზაცია სხვა საკითხებთან ერთად მხარს უჭერდა ადამიანის კლონირებას, „გენოცრატიას“ და „მგრძნობელობით მედიტაციას“.
17. 2003 წლის 27 ოქტომბერს ნეუშატელის ლანდის მართვის დირექტორატმა ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ რაელიანური მოძრაობისთვის დედამიწაზე სიცოცხლე უხცოპლანეტელებმა შექმნეს, რომელთაც ასევე დააფუძნეს სხვადასხვა რელიგიები და შეეძლოთ სამყაროს გადარჩენა, და აღიარა, რომ ეს უტოლდებოდა სინდისისა და მრწამსის თავისუფლებით დაცულ რელიგიურ მრწამსს. დირექტორატმა ასევე გაიზიარა, რომ რეგლამენტი ასეთ გარემოებებში წარმოადგენდა საკმარის სამართლებრივ ბაზისს. დირექტორატმა დაადგინა, რომ პოსტერის ტექსტი და გამოსახულება თუ უცხოპლანეტელებზე მითითება არ იყო შეურაცხმყოფელი. თუმცა, მან მიუთითა ფაქტზე, რომ რაელიანური მოძრაობა მხარს უჭერდა გენიოკრატიას (ინტელექტზე დამყარებული პოლიტიკური მოდელი) და ადამიანის კლონირებას. უფრო მეტიც, ფრიბურგის კანტონის სასამართლომ თავისი 1998 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოძრაობა თეორიულად მხარს უჭერდა პედოფილიას და ინცესტს, განსაკუთრებით თავად რაელის ნაშრომებში. „მგრძნობელობით მედიტაციასაც“ მარტივად შეეძლო გამოეწვია დარღვევა. ამასთან, რაელიანური მოძრაობის ვებ-გვერდზე არსებული ბმული კლონედის ვებ-გვერდზე სთავაზობდა მომსახურებას კლონირების სფეროში, ასევე ევგენიკის ცნება ეწინააღმდეგებოდა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. პოსტერის კამპანია ეწინააღმდეგებოდა მორალს და სხვათა უფლებებს. ნებისმიერ შემთხვევაში რაელიანურ მოძრაობას გააჩნდა საკუთარი იდეების გავრცელების სხვა საშუალებები.
18. განმცხადებელმა ასოციაციამ საჩივრით მიმართა ნეუშატელის კანტონის ადმინისტრაციულ სასამართლოს. მან სხვა საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ „გენიოკრატიის“, კლონირების და მგრძნობელობითი მედიტაციის მხოლოდ დაცვა არ წარმოადგენდა შეურაცხმყოფელ მოსაზრებას. უფრო მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ მოძრაობამ დაგმო პედოფილია მისი ასოციაციის ნოპედოს მეშვეობით. შესაბამისად, მათთვის პოსტერების გავრცელებაზე ნებართვის მიცემაზე უარი პირდაპირ ცენზურას წარმოადგენდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი ასოციაციის ვებ-გვერდი ნებისმიერ შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო საძიებლის მეშვეობით.
19. 2005 წლის 22 აპრილს ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, თუმცა ამავდროულად აღიარა, რომ განმცხადებელი ასოციაცია იცავდა სამყაროს გლობალურ ხედვას და უფლებამოსილი იყო როგორც აზრის ისე რელიგიის თავისუფლებაზე. მან პირველ ყოვლისა დაადგინა, რომ სადავო ღონისძიება ეფუძნებოდა ადმინისტრაციულ რეგლამენტს, რომელიც მატერიალურ კანონმდებლობას წარმოადგენდა, ხოლო პოსტერი უნდა შეფასებულიყო იმ გზავნილთან ერთობლიობაში, რომელიც მომდინარეობდა მოძრაობის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი წიგნებიდან და ბმულებიდან. კლონადის მიერ შეთავაზებული მომსახურებები აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა შვეიცარიის საჯარო წესრიგთან. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რაელიანური მოძრაობის წინაღმდეგ არსებობდა სისხლის სამართლის საჩივრები, რომლებიც ამხელდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს მიმართულს მცირე ასაკის მოზარდების გარყვნისკენ. „გენიოკრატიისა“ და „მგრძნობელობითი მედიტაციის“ შესახებ ნაშრომების შინაარსს შეეძლო ზრდასრულები წაეხალისებინა ბავშვების მიმართ სექსუალური ქმედებებისკენ, რადგანაც ბავშვი აღწერილი იყო როგორც „პრივილეგირებული სექსუალური ობიექტი“. „გენიოკრატიის“ შესახებ კომენტარები და თანამედროვე დემოკრატიის კრიტიკა მეტწილად ბღალავდა საჯარო წესრიგს, უსაფრთხოებას და მორალს. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ გაუმართლებელი იქნებოდა ამგვარი იდეების საჯარო სივრცეში გავრცელების დაშვება.
20. განმცხადებელმა ასოციაციამ საჯარო სამართლის საჩივარი წარადგინა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის მოპასუხე სახელმწიფო ორგანოსთვის დაბრუნება ახალი გადაწყვეტილებისთვის.
21. 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც განმცხადებელ ასოციაციას 2005 წლის 10 ოქტომბერს გადაეცა, ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. წარმოგიდგენთ შესაბამის ამონარიდებს გადაწყვეტილებიდან:
“დირექტორატმა და შესაბამისად ადმინისტრაციულმა სასამართლომ აღიარეს რომ [განმცხადებელი] ასოციაცია უფლებამოსილია დაეყრდნოს რელიგიის თავისუფლების უფლებას (კონსტიტუციის მე-15 მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი და გაეროს II პაქტის მე-18 მუხლი), სამყაროს გლობალური ხედვის ფარგლებში, განსაკუთრებით კი სამყაროს შექმნასა და სხვადასხვა რელიგიების წარმოშობასთან მიმართებით. ქალაქი ნეუშატელი სადაოდ ხდის აღნიშნულს, მიუთითებს რა რომ [განმცხადებელი] ასოციაციის მიზანი არ არის ბუნებით რელიგიური, როგორც ეს კონსტიტუციის მე-2 მუხლშია მითითებული. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისთვის 1995 წელს მომზადებული სექტების შესახებ ანგარიშის მიხედვით რაელიანური მოძრაობა იმ მოძრაობების რიგს არის მიკუთვნებული, რომლებიც ადამიანთათვის საფრთხეს წარმოადგენენ, განსაკუთრებით წევრების მიმართ გადამეტებული ფინანსური მოთხოვნებიდან და სხეულის დაზიანების პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე საზოგადოებისთვის საფრთხის შემქმნელად, კერძოდ კი ანტისოციალური დისკურსის გზით. მოძრაობის პუბლიკაციათა მრავალი ამონარიდი აღწერილია როგორც შეურაცხმყოფელი.
არ არსებობს იმის დადგენის აუცილებლობა, უნდა შეეზღუდოს თუ არა მოძრაობას რელიგიის თავისუფლების უფლება მისგან მომდინარე საფრთხეზე დაყრდნობით, ან [განმცხადებელი] ასოციაცია წარმოადგენს თუ არა ასეთ საფრთხეს. ნამდვილად, მხარეები თანხმდებიან, რომ [განმცხადებელი] უფლებამოსილია დაეყრდნოს აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლებას. რაც შეეხება ამ თავისუფლების შეზღუდვის პირობებს, კონსტიტუციის 36-ე მუხლიდან გამომდინარე მცირედი განსხვავებაა იმის მიხედვით კონსტიტუციის მე-15 მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა ეს საკითხი თუ მე-16 მუხლის (იხილეთ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 9.2 და 10.2 მუხლები). [განმცხადებელი] სადაოდ არ ხდის იმას, რომ განსახილველი ღონისძიება აკნინებს მისი რელიგიური თავისუფლების არსს, ან რომ ამ თავისუფლებაზე შეზღუდვები საქმის გარემოებიდან გამომდინარე ექვემდებარება უფრო მკაცრ პირობებს. საპირისპიროდ ამისა [განმცხადებელი] ეყრდნობა პროპორციულობისა და საჯარო ინტერესის პრინციპებს, განურჩევლად განსახილველი კონსტიტუციური უფლებისა.
...
5.2 პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოქალაქეებს არ გააჩნიათ საჯარო სივრცის ფართოდ გამოყენების უპირობო უფლება, კერძოდ კი, როდესაც საჯარო სივრცეში რეკლამირება გულისხმობს გარკვეული მოცულობისა და ხანგრძლივობის აქტივობას და გამორიცხავს რაიმე მსგავს გამოყენებას მესამე მხარის მიერ (ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 128 I 295 საკითხი 3c/aa გვ. 300 და იქვე ციტირებული გადაწყვეტილებები). როდესაც სახელმწიფოს სურს საჯარო სივრცის ფართო ან კერძო განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭოს, ან როდესაც ზედამხედველობს ლიცენზიის გამოყენების პირობებს, სახელმწიფომ მაინც განსახილველი ინტერესების დაბალანსებისას უნდა გაითვალისწინოს გამოხატვის თავისუფლების უფლების მატერიალური შინაარსი (ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 100 Ia 392 საკითხი 5 გვ. 402)
5.3 წინამდებარე საქმეზე, კანტონის სასამართლოს მიერ ქალაქ ნეუშატელის უარის დასადასტურებლად მოყვანილი არგუმენტები ეხებოდა ზნეობრიობის პატივისცემას და შვეიცარულ სამართლებრივ რეჟიმს. ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ აუცილებელი იყო არა მარტო პოსტერის შინაარსის გათვალისწინება, არამედ ასევე რაელიანური მოძრაობის მიერ გავრცელებული იდეები მათ ნაშრომებთან და იმ ვებ-გვერდებთან ერთობლიობაში, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მოძრაობის ვებ-გვერდიდან. შესაბამისად, სამი განსხვავებული კრიტიკული პოზიცია არსებობს [განმცხადებელი] ასოციაციის წინააღმდეგ. პირველი - [განმცხადებელი] ასოციაციის ვებ-გვერდზე მოცემულია კლონადის ბმული, რომლის მეშვეობითაც ეს კომპანია სთავაზობს კლონირებასთან დაკავშირებულ სპეციალურ მომსახურებას ზოგადად საზოგადოებას და როგორც 2003 წლის დასაწყისში გაჟღერდა, კლონირებული ბავშვების დაბადებას. კლონირება აკრძალულია შვეიცარიის კანონმდებლობით, კონსტიტუციის 119-ე მუხლითა და სამედიცინო რეპროდუცირების კანონით (RS 814.90). მეორე - ადმინისტრაციულმა სასამართლომ მითითება გააკეთა ლა სარინის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მოძრაობის მრავალი წევრი დაექვემდებარა პოლიციის მხრიდან გამოძიებას მათ სქესობრივ ცხოვრებასთან მიმართებით. მესამე - ‘გენიოკრატიის’, დოქტრინის, რომლის თანახმადაც ძალაუფლება უნდა გადაეცეს ინტელექტუალ ინდივიდებს, პოპულარიზაცია და ამის შედეგად თანამედროვე დემოკრატიების კრიტიკა, მაღალი ალბათობით საფრთხეს უქმნის საჯარო წესრიგს, უსაფრთხოებას და ზნეობრიობას.
5.4 ამ ეტაპისთვის [განმცხადებელი] სადავოდ აღარ ხდის შესატყვისი სამართლებრივი ბაზის, კერძოდ კი ამ შემთხვევაში რეგლამენტის მე-19 მუხლის არსებობას. დემოკრატიული ლეგიტიმაციის თვალსაზრისით მუნიციპალური კანონქვემდებარე აქტი იგივე გარანტიებს ამტკიცებს და შესაბამისად საკმარის სამართლებრივ ბაზისს ქმნის (2002 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება 1P.293/2004, საკითხი 4.3, ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 131 I xxx; ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 122 I 305, საკითხი 5a, p. 312; 120 Ia 265, საკითხი 2a, გვ. 266-267 და იქვე მოცემული ციტირებანი). თუმცა [განმცხადებელი] ასოციაცია ეყრდნობა საჯარო ინტერესის პრინციპს და აკრიტიკებს მოპასუხე სახელმწიფოს პოსტერის შინაარსის ფარგლებს გარეთ [განმცხადებელი] ასოციაციის საქმიანობის შეფასებისთვის. ის ამტკიცებს, რომ თუკი ის ამორალურ ქცევებში ჩაებმებოდა და საზოგადოებრივი წესრიგს დაარღვევდა, მას სამოქალაქო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გააუქმებდა სასამართლო. თუკი ასეთი გადაწყვეტილებას არ ქონდა ადგილი, შესაბამისად შესაძლებელი არ უნდა ყოფილიყო მათთვის საკუთარი ფილოსოფიისა და სამყაროს ხედვის გამოქვეყნების აკრძალვა.
5.5 თავად პოსტერი არ შეიცავდა რაიმე უკანონო ან ზოგადად საზოგადოების შეურაცხმყოფელ ტექსტს ან ილუსტრაციას. ცენტრალური გამოსახულების ზემოთ მოცემულია ტექსტი - „გზავნილი უცხოპლანეტელებისგან“, რაიმე განმარტების გარეშე. ამის ქვემოთ გამუქებული შრიფტით მითითებულია [განმცხადებელი] ასოციაციის ვებ-გვერდის მისამართი და ტელეფონის ნომერი. ფრაზამ „მეცნიერებამ ბოლოს და ბოლოს ჩაანაცვლა რელიგია“ ნამდვილად შეიძლება შეურაცხყოს კონკრეტული პირების რელიგიური რწმენა, მაგრამ ეს მხოლოდ მოძრაობის დოქტრინის გამოხატვაა და არ შეიძლება შეფასდეს როგორც განსაკუთრებით პროვოკაციული.
პოსტერი შეიძლება აშკარად განხილულ იქნას მოსაწვევად, ეწვიონ [განმცხადებელი] ასოციაციის ვებ-გვერდს ან დაუკავშირდნენ მას ტელეფონით. ასეთი რეკლამის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ არა მარტო ის თუ სარეკლამო გზავნილი რამდენად მისაღებია, არამედ მისი შინაარსიც. შესაბამისად, ლეგიტიმურია იმის გარკვევა, განსახილველი ვებ-გვერდი შეიცავდა თუ არა ინფორმაციას, მონაცემებს ან ბმულებს რომელთაც შეიძლება დაეზიანებინა ხალხი ან დაერღვია კანონი,
უფრო მეტიც, [განმცხადებლის] მტკიცების საპირისპიროდ, ასოციაცია შეიძლება კრიტიკას დაექვემდებაროს მოსაზრებებისთვის ან საქმიანობისთვის, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად ასოციაციის გაუქმების საფუძვლებს, მაინც ამართლებს რეკლამირებაზე შეზღუდვის დაწესებას.
5.5.1 რაც შეეხება კლონირებას, დასჯა მოხდა არა [განმცხადებელი] ასოციაციის მხრიდან ამგვარი პრაქტიკის მხარდასაჭერი აზრების გამო (კერძოდ კი წიგნში „კი ადამიანის კლონირებას“, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი იყო [განმცხადებლის] ვებ-გვერდზე), არამედ კომპანია კლონადთან კავშირისთვის, რომელიც თვით ასოციაციამ შექმნა და რომელიც ამ სფეროში სხვადასხვა ანაზღაურებად მომსახურებას სთავაზობს. თუმცა საპირისპიროდ იმისა, რასაც [განმცხადებელი] ამტკიცებს, აქ არ დგას მარტივად კლონირების მხარდამჭერი მოსაზრების გამოხატვის საკითხი, რაც კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად დაცულია, არამედ ასეთი საქმიანობის განხორციელება, რაც თავის მხრივ არღვევს კონსტიტუციის 119.2.ა მუხლის აკრძალვას. მოსახლეობის უმრავლესობის და შვეიცარიის კანტონების მიერ 1992 წელს მიღებული ეს დებულება ექცევა ადამიანის ღირსების დაცვის პოლიტიკის ქვეშ, იმ კონცეფციის თანახმად რომელიც ზოგადად საერთოა ქვეყნისთვის (FF 1996 III 278; იხილეთ ასევე ფედერალური საბჭოს პასუხი რ. გონსეტის 1997 წლის 9 ივნისის კითხვაზე). [განმცხადებელი] სადავოს არ ხდის ადამიანის კლონირების უკანონობას, განსაკუთრებით თუ ეს კომერციული მიზნებისთვის ხორციელდება (36- მუხლი, სამედიცინო რეპროდუქციის კანონი, კონსტიტუციის 119.2.ე მუხლი). არც ის გაუხდია განსაკუთრებით სადაოდ, რომ კლონადის ვებ-გვერდის ბმული ემსახურება უკანონო საქმიანობის პოპულარიზაციას და მოსაზრების გამოხატვის ფარგლებს სცდება. პირველ საკითხთან მიმართებით, რაც თავისთავად ამართლებს საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, [განმცხადებელს] არ წამოუყენებია რაიმე რეალური და შესატყვისი არგუმენტი მართლმსაჯულების ორგანიზების შესახებ კანონის 90.1.ბ მუხლთან მიმართებით.
5.5.2 2003 წლის 15 ოქტომბერს საერთაშორისო რწმენათა საინფორმაციო ცენტრმა რაელიანური მოძრაობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. ეს ინფორმაცია სხვა საკითხებთან ერთად ცხადყოფს, რომ მოძრაობას რეალურად პოლიტიკური მისია აქვს. დემოკრატიებზე აგრესიული თავდასხმით, რომლებსაც მოიხსენიებს როგორც ‘მედიოკრატიებს’, ის იცავს ‘გენიოკრატიას’, პოლიტიკურ მოდელს, რომელიც ეფუძნება ადამიანთა ინტელექტის მაჩვენებელს. მსოფლიო მთავრობა უნდა შედგებოდეს გენიოსებისგან, რომელთაც ირჩევენ ის ადამიანები, რომელთა ინტელექტის მაჩვენებელი საშუალოზე 10%-ით მეტია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ‘გენიოკრატია’ უტოპიური პროექტია და არ განიხილება წმინდა პოლიტიკურ პროექტად; ადმინისტრაციული სასამართლოს მიგნებების საპირისპიროდ ეს დოქტრინა ნაკლებუნარიანია შელახოს საჯარო წესრიგი ან უსაფრთხოება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დოქტრინა მეტწილად ევგენიკების შთაგონებით არსებობს, მას აშკარად შეუძლია შებღალოს დემოკრატიული და ანტიდისკრიმინაციული მრწამსი, რასაც თავის მხრივ ეფუძნება კანონის უზენაესობა (კონკრეტულად იხილეთ 1999 წლის 18 აპრილის კონსტიტუციის პრეამბულა კონსტიტუციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, თანასწორობასთან და დისკრიმინაციის აკრძალვასთან მიმართებით).
5.5.3 და ბოლოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად არ შეიძლება იმის მიჩნევა, რომ რაელიანური მოძრაობა მხარს უჭერს პედოფილიას. თუმცა მრავალი წევრის მიმართ პოლიცია ძიებას აწარმოებდა მათ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ლა სარინის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად რაელიან სუის მოძრაობის მიერ მოთხოვნილ პასუხის გაცემის უფლებასთან დაკავშირებით, რაელის მიერ თავის ნაშრომებში მოყვანილ შენიშვნებს შეუძლია გარკვეული ზრდასრული ადამიანები წააქეზოს ბავშვების მიმართ სქესობრივი ძალადობისკენ. სასამართლო გადაწყვეტილება ციტირებს რაელის ნაშრომებს, რომლებიც ხელმისაწვდომია [განმცხადებელი] ასოციაციის ვებ-გვერდზე და რომლის თანახმადაც ბავშვთა სექსუალური განათლება არ უნდა იყოს მხოლოდ თეორიული, არამედ უნდა მოიცავდეს ხორციელ განათლებას, რომლითაც მოხდება მისგან სიამოვნების მიღების დემონსტრირება. სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი უარყოფის მიუხედავად კვარტალურ ცნობის ფურცელში აპოკალიფსი გამოქვეყნებულ კონკრეტულ სტატიაში ბავშვი აღწერილი იყო როგორც ‘პრივილეგირებული სექსუალური ობიექტი’. და ბოლოს, ასევე აღინიშნა, რომ რაელიანური მოძრაობის მეგობარი და წევრი ვაუკლუზ ასიზის სასამართლომ გაასამართლა და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა თორმეტი წლის გოგონაზე სქესობრივი ძალადობისთვის. გადაწყვეტილება 1998 წლის 13 თებერვალს ძალაში დატოვა ფრიბურგის კანტონის სასამართლომ. ფედერალურმა სასამართლომ 1998 წლის 24 აგვისტოს არ დააკმაყოფილა რაელიანური მოძრაობის მიმდინარე და საჯარო სამართლის საჩივარი, გაითვალისწინა რა მოძრაობის დამფუძნებლისა და წევრების ორაზროვანი ნაშრომები (გადაწყვეტილებები 5P.172/1998 და 5C.104/1998).
უფრო მეტიც, საქმის მასალებში მოცემულია მრავალი დოკუმენტი სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობდა [განმცხადებელი ასოციაციის] წევრების მიმართ სქესობრივი ძალადობისთვის. ლიონის სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება აშკარად აჩვენებს, რომ სქესობრივი ძალადობის აქტები მოძრაობის ლიდერებმა ჩაიდინეს მცირეწლოვნების მიმართ. მოძრაობის ლიდერებს ეუბნებიან მოახდინონ „ფართო სქესობრივი თავისუფლების ადვოკატირება, რაც ამ ქმედებისკენ შეგულიანებაა“; შესაბამისად, მათ გარყვნეს ახალგაზრდები სავარაუდოდ ფილოსოფიური დისკურსით, მოჭარბებული სექსუალური ალერსით და უფრო და უფრო მეტად ძალადობრივად მათი ცდუნებით, რათა დაეკმაყოფილებინათ ‘მათი სქესობრივი მოთხოვნილებები და ფანტაზიები ახალგაზრდა გოგონებთან, რომლებიც ახლახან გახდნენ თხუთმეტის და ძალიან ხშირად იცვლიდნენ პარტნიორებს’.
ის ფაქტი, რომ სადავო სტატიები 1980-იანი წლებით თარიღდება და შვეიცარიაში მსჯავრდებას არ ქონდა ადგილი, არ გამორიცხავს [განმცხადებელი] ასოციაციის წევრების ჩართულობას ისეთ საქმიანობაში, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. [განმცხადებელი] სადაოს არ ხდის იმ ფაქტს, რომ მისი ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი წიგნების გარკვეული პასაჟებს შეუძლია უბიძგოს ზრდასრულ ადამიანს ბავშვზე ძალადობისკენ. ამ საკითხთან მიმართებით [განმცხადებლის] არგუმენტები არ ეხმაურება გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლებს. ვინაიდან უფლებების შელახვის ფაქტები მართლაც რაელიანური მოძრაობის კონკრეტული წევრებთან მიმართებით ფიქსირდება, არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოძრაობის ოფიციალური დოქტრინა მკაცრად გმობს პედოფილიას არ არის დამაჯერებელი.
5.6 ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით [განმცხადებლისთვის] მოთხოვნაზე უარი გამართლებულია საკმარისი საჯარო ინტერესის საფუძვლით, რადგანაც აუცილებელია შვეიცარიის კანონმდებლობით სისხლის სამართლის სამართალდარღვევად აღიარებული ქმედებების პრევენცია (რეპროდუქციული კლონირება და ბავშვებთან სქესობრივი კავშირი). უფრო მეტიც, [განმცხადებლის] ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი ნაშრომების ამონარიდები (კერძოდ კი ბავშვების ‘მგრძნობელობითი გამოღვიძებისა’ და ‘გენიოკრატიის’ შესახებ) მკითხველისათვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია.
5.7 [განმცხადებელი] უთითებს პროპორციულობის პრინციპზე. ის მიუთითებს, რომ მხოლოდ პოსტერი საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოს არაფერს შეიცავს, და ამტკიცებს, რომ მიღებული ზომები დასახული მიზნის მიმართ არაპროპორციული იყო.
5.7.1 კონსტიტუციის 36.3 მუხლის თანახმად ძირითადი უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს დასახული მიზნის პროპორციული. ის შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ამ მიზნის შესრულებასთან და კერძო ინტერესისთვის ნებისმიერი ზიანი მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი (ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება 125 I 474, ნაწილი 3, გვ. 482 და იქვე მითითებული ციტირებები).
5.7.2 წინამდებარე საქმეში საჯარო ინტერესის მატარებელი არ არის მხოლოდ [განმცხადებელი] ასოციაციის ვებ-გვერდისათვის მინიჭებული საჯაროობის შეზღუდვა, საჯარო წესრიგისათვის და ზნეობრიობისათვის ზემოთ მითითებული დათქმების ჭრილში; უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ სახელმწიფო რაიმე ფორმით მხარს არ უჭერს ასეთ გასაჯაროვებას მისთვის საჯარო სივრცის უზრუნველყოფით, რაც შეიძლება შეთავაზებული იყოს მოსაზრებების ან სადავო ქცევის აღიარებით ან მხარდაჭერით. ამ გადმოსახედიდან პოსტერების აკრძალვა დასახული მიზნის შესატყვისია. უფრო მეტიც, [განმცხადებლის] მიერ გაკრიტიკებული ზომები შემოიფარგლება პოსტერების საჯარო ადგილებში გამოქვეყნებით. [განმცხადებელ] ასოციაციას არ ეზღუდება მის ხელთ არსებული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით საკუთარი მრწამსის გამოხატვა (იხილეთ მერფის საქმეზე 2003 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, ECHR 2003-IX, გვ. 33, § 74).
5.7.3 [განმცხადებელი] იკავებს პოზიციას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ორგანოებს მისთვის უნდა შეეთავაზებინა ცვლილებების შეტანა პოსტერში, რათა მისი შინაარსი მისაღები გამხდარიყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ [განმცხადებელმა] იცოდა პოსტერის კამპანიის წინააღმდეგ არსებული პოზიცია, მას არ შეუთავაზებია პოსტერის ისეთი ვერსია, რომელიც შესაძლოა ნებადართულიყო. ადმინისტრაციულმა სასამართლომ თავის მხრივ დაადგინა, რომ პოსტერი უნდა აიკრძალოს ვებ-გვერდზე მინიშნების გარეშეც, თუმცა ეს სადაოა; ეჭვგარეშეა, რომ ვებ-გვერდის მისამართის მოშლა პოსტერს კამპანიის მთავარ მიზანს გამოაცლიდა, რაც, როგორც გამოჩნდა თავად ვებ-გვერდის რეკლამირება იყო. შესაბამისად, ძნელია დავინახოთ, პოსტერს რა მნიშვნელობა ექნებოდა ვებ-გვერდზე და ტელეფონის ნომერზე მითითების გარეშე.
5.7.4 შესაბამისად სადავო ნორმა შესაბამისობაშია პროპორციულობის პრინციპთან ყველა ასპექტში. იგივე საფუძვლებზე დაყრდნობით ის შეიცავს შეზღუდვებს, რომლებიც აუცილებელია ‘დემოკრატიულ საზოგადოებაში’, კერძოდ კი ზნეობის დასაცავად ადამიანის უფლებათა კონვენციის 9.2 და 10.2 მუხლების მიზნებისთვის.“
C. განმცხადებელი ასოციაციის პოსტერების კამპანია შვეიცარიის სხვა ქალაქებში
22. 1992 წლის დეკემბერში შვეიცარიის რიგ ქალაქებში, როგორიც არის ციურიხი და ლუსანე გაიცა ნებართვები წინამდებარე საქმეზე განხილული პოსტერების მსგავსი პოსტერებისთვის, რომლებზეც ასევე იყო მითითებული რაელიანური მოძრაობის ვებ-გვერდის მისამართი და ტელეფონის ნომერი, თუმცა სხვა ტექსტით - „ღმერთის ნამდვილი სახე“. განმცხადებელმა ასოციაციამ ასევე შეძლო განსხვავებული დიზაინის პოსტერებით კამპანიის განხორციელება ნეუშატელის გარდა შვეიცარიის სხვა ქალაქებში, 2004 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში. თუმცა, 2004 წლის ოქტომბერში, დელემონტის ქალაქის საბჭომ უარი განუცხადა მათ პოსტერების წარწერით „ღმერთი არ არსებობს“ - გამოქვეყნებისთვის ნებართვის გაცემაზე.
II. შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. შიდა კანონმდებლობა
1. კონსტიტუცია
23. 1999 წლის 18 აპრილის ფედერალური კონსტიტუციის 119-ე მუხლი ეხება რეპროდუქციულ მედიცინას და ადამიანთან დაკავშირებულ გენურ ტექნოლოგიას. ეს მუხლი ასე იკითხება:
“ადამიანები დაცული უნდა იყვნენ რეპროდუქციული მედიცინისა და გენური ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენებისგან.
კონფედერაცია ქმნის ადამიანის რეპროდუქციისა და გენეტიკური მასალის გამოყენების შესახებ კანონმდებლობას. ამ დროს მან უნდა უზრუნველყოს ადამიანის ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და ოჯახის დაცვა და დაეყრდნოს შემდეგ პრინციპებს:
(a) უკანონოა ნებისმიერი ფორმით კლონირება და ადამიანის რეპროდუქციული უჯრედების და ემბრიონის გენეტიკურ მასალაში ჩარევა.
(b) არა ადამიანური რეპროდუქციული და გენეტიკური მასალა არ უნდა შეერიოს ან შეერწყას ადამიანის რეპროდუქციულ მასალას.
(c) სამედიცინო რეპროდუქციული მეთოდების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უნაყოფობის ან მძიმე გადამდები დაავადების პრობლემის გადალახვა სხვაგვარად ვერ ხერხდება, მაგრამ არა კონკრეტული მონაცემების მქონე ბავშვის ჩასახვის ან კვლევითი მიზნებისთვის; ქალის სხეულს გარეთ ადამიანის კვერცხუჯრედის განაყოფიერება დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილი გარემოებების არსებობისას; ქალის სხეულს გარეთ შეიძლება განაყოფიერდეს მხოლოდ იმ რაოდენობის კვერცხუჯრედი რამდენის დაუყოვნებელი იმპლანტაციაც არის შესაძლებელი.
(d) ემბრიონის დონორობა და ყველა სახის სუროგატი დედობა უკანონოა.
(e) ადამიანის რეპროდუქციული მასალით და ემბრიონებიდან მიღებული პროდუქტებით ვაჭრობა აკრძალულია.
(f) ადამიანის გენეტიკური მასალა შეიძლება შესწავლილ იქნას, დარეგისტრირდეს ან გასაჯაროვდეს მხოლოდ ამ ადამიანის თანხმობით ან თუ კანონი ითვალისწინებს ამგვარს.
(g) ყველას უნდა ქონდეს მისი წარმოშობის შესახებ მონაცემებზე წვდომა“.
24. შვეიცარიის ეროვნული საბჭოს წევრისთვის, რომელმაც იკითხა, რაელიანური მოძრაობის წინააღმდეგ მიღებული ზომები ექცეოდა თუ არა ამ მუხლის „a“ ნაწილის მოქმედების ქვეშ, ფედერალურმა საბჭომ 2003 წლის 21 მაისს გაცემულ პასუხში აღნიშნა:
“რადგანაც რაელიანური მოძრაობა შვეიცარიაში მხოლოდ მოუწოდებს კლონირების ტექნიკის საზოგადოებრივი აღიარებისკენ ან კლონირების აკრძალვის მოხსნაზე - ის ექცევა აზრის თავისუფლების ქვეშ...“
2. ნეუშატელის ადმინისტრაციული რეგლამენტი
25. ნეუშატელში, ისევე როგორც შვეიცარიის სხვა მუნიციპალიტეტებში, საჯარო ადგილებში პოსტერების გამოკვრის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კერძო კომპანიას. მუნიციპალურმა საბჭომ ამ კომპანიას 2000 წლის 17 იანვრის ადმინისტრაციული რეგლამენტის საფუძველზე კონცესიის ხელშეკრულება გაუფორმა. იხილეთ რეგლამენტის შესაბამისი დებულებები:
მუხლი 18
“1. ბილბორდებისა და სარეკლამო დაფების საჯარო ადგილებში და საჯარო სივრციდან ხილულ კერძო ადგილებში განთავსება ხდება ნებართვის საფუძველზე.
2. ასეთი ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შეთხვევაში თუ ურბანული დაგეგმარებისა და უსაფრთხოების პირობები დაცულია.”
მუხლი 19
“1. პოლიციამ შესაძლოა აკრძალოს უკანონო ან ამორალური პოსტერები.
2. არანებადართულ ადგილებში პოსტერების გაკვრა აკრძალულია.”
მუხლი 20
“მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პოსტერების გაკვრის ექსკლუზიურ უფლებას გასცემს მუნიციპალური საბჭო.”
B. საერთაშორისო სამართალი
26. ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენებასთან მიმართებით ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის კონვენცია, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით „კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“, ხელმოსაწერად გაიხსნა 1997 წლის 4 აპრილს ოვიედოში („ოვიედოს კონვენცია“) და ძალაში შევიდა 1999 წლის 1 დეკემბერს. ის შვეიცარიისთვის მოქმედია 2008 წლის 1 ნოემბრიდან.
27. ოვიედოს კონვენციის დამატებითი ოქმი ხელმოსაწერად გაიხსნა 1998 წლის 12 იანვარს პარიზში, ძალაში შევიდა 2006 წლის 1 მაისს და შვეიცარიისთვის მოქმედია 2010 წლის 1 მარტიდან. ის კრძალავს „ნებისმიერ ჩარევას, რომელიც მიმართულია სხვა ცოცხალი ან მკვდარი ადამიანის გენეტიკურად იდენტური ადამიანის შექმნისკენ“.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-10 მუხლის გაცხადებული დარღვევა
28. განმცხადებელი ასოციაცია ამტკიცებდა, რომ შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოებმა პოსტერების გაკვრის აკრძალვით დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლით მათთვის გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. ეს ნორმები შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად...
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
A. მოპასუხე სახელმწიფოს პირველადი პრეტენზია
29. დიდი პალატისადმი თავის წერილობით და ზეპირ მოსაზრებებში მოპასუხე სახელმწიფომ [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს მოსთხოვა განაცხადის, როგორც აშკარად დაუსაბუთებელის დაუშვებლად ცნობა. სასამართლო აშკარად დაუშვებლად ვერ ცნობდა საჩივარს, რომელიც არსებითად განიხილა კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა იმ პროცედურით, რომელიც აკმაყოფილებდა სამართლიანობის მოთხოვნებს და არ იყო თვითნებური. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლომ საკუთარი შეფასებით არ უნდა ჩაანაცვლოს სხვადასხვა ეროვნული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისასა ფაქტების შეფასება.
30. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 43.3 მუხლის კონტექსტში დიდი პალატისადმი გადაგზავნილი საქმე მოიცავს პალატის მიერ დასაშვებად ცნობილი განაცხადის ყველა მხარეს (სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ, კ. და ტ. ფინეთის წინააღმდეგ (K. and T. v. Finland) [დიდი პალატა], no. 25702/94, § 141, ECHR 2001‑VII). თუმცა, პალატის მიერ საჩივრის დასაშვებად ცნობის გადაწყვეტილების შემდეგაც დიდმა პალატამ შეიძლება საჭიროებისამებრ შეისწავლოს განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად კონვენციის 35.4 მუხლის ჭრილში, რომლის თანახმადაც სასამართლო უფლებამოსილია „უარყოს ნებისმიერი განაცხადი, რომელსაც დაუშვებლად მიიჩნევს...საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე“, ან როდესაც ასეთი საკითხი დაერთო საქმის არსებით განხილვას ან როდესაც ეს სხვაგვარად რელევანტურია საქმის არსებით განხილვის ეტაპზე (იხილეთ კ. და ტ. ფინეთის წინააღმდეგ (K. and T. v. Finland)ციტირება მაღლა, § 141, და პერნა იტალიის წინააღმდეგ(Perna v. Italy)[დიდი პალატა],no. 48898/99, §§ 23-24, ECHR 2003‑V).
31. წინამდებარე საქმეზე დიდი პალატა მიუთითებს, რომ პალატამ თავის გადაწყვეტილებაში დაასკვნა, რომ განაცხადი არ იყო „აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3 მუხლის მნიშვნელობისთვის“ (იხილეთ პალატის გადაწყვეტილების 22-ე ნაწილი). სასამართლო ვერ ხედავს რაიმე საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა გაემიჯნოს ამ დასკვნას, მით უფრო რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ამასთან მიმართებით წამოჭრილი საკითხები უფრო ესადაგება საქმის არსებით განხილვას.
32. შესაბამისად, სასამართლო არ აკმაყოფილებს მოპასუხე სახელმწიფოს პირველად პრეტენზიას.
B. კონვენციის მე-10 მუხლთან შესაბამისობა
1. პალატის გადაწყვეტილება
33. 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაში პალატამ თავდაპირველად დაადგინა, რომ სადავო პოსტერების აკრძალვა წარმოადგენდა განმცხადებელი ასოციაციის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. პალატის აზრით ასეთი ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა დანაშაულის პრევენციის, ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვისა და სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. ჩარევის აუცილებლობასთან მიმართებით, პალატამ მას შემდეგ რაც აღნიშნა, რომ მას პირველად მიმართეს კითხვით, ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა საჯარო სივრცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის უნდა დართონ თუ არა ნება ასოციაციას, გაავრცელოს საკუთარი მოსაზრებები პოსტერების კამპანიით, მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო პოსტერი არ შეიცავდა რაიმე უკანონოს ან შოკის მომგვრელს, არც ტექსტში და არც ილუსტრაციაში, მასზე მითითებული იყო განმცხადებელი ასოციაციის ვებ-გვერდის მისამართი. პოსტერის ზოგადი კონტექსტის და უფრო კერძოდ კი ვებ-გვერდზე ასახული იდეებისა და სხვა ვებ-გვერდების ბმულების გათვალისწინებით, პალატამ აღნიშნა, რომ ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე საშუალებები და ის ფაქტი, რომ ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, პოსტერების კამპანიის ეფექტს მრავალჯერ გაზრდიდა. იმაზე დაკვირვებით, რომ შვეიცარიის სასამართლოებმა ყურადღებით დაასაბუთეს მათი გადაწყვეტილებები და ასევე გამოყენებული აკრძალვის შეზღუდული ფარგლების გათვალისწინებით, რომელიც არ გავრცელებულა ასოციაციაზე ან მის ვებ-გვერდზე, პალატამ დაასკვნა, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოები არ გასცდენიან თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებს, რაც მათთვის განსაზღვრული იყო საჯარო სივრცის გამოყენების რეგულირებასთან მიმართებით. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ადგილი არ ქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
2. მხარეთა არგუმენტები და მესამე მხარის პოზიცია
(a) განმცხადებელი ასოციაცია
34. განმცხადებელმა ასოციაციამ თავიდანვე აღნიშნა, რომ შვეიცარიისთვის საჯარო სივრცის გამოყენების რეგულირების სფეროში თავისუფალი შეფასების ამგვარი ფართო ფარგლების დადგენით, პალატამ დაადასტურა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილება. შესაბამისად, ქალაქის ან სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული, განაცხადოს, რომ მას არ სურს ასოცირებული იყოს კანონიერი მაგრამ უმცირესობის იდეებთან, რათა დაასაბუთოს ასეთი იდეების საჯარო სივრცეში გამოხატვაზე სისტემატური უარი და წინააღმდეგობა. განმცხადებელმა ასოციაციამ ამასთან მიმართებით მიუთითა სასამართლოს პოზიციაზე, რაც მან დააფიქსირე საქმეზე ქალები ტალღებზე და სხვები პორტუგალიის წინააღმდეგ (Women On Waves and Others v. Portugal) (no. 31276/05, 2009 წლის 3 თებერვალი), სადაც სასამართლომ გააკრიტიკა უმრავლესობისთვის მიუღებელი იდეების გავრცელებაზე დაწესებული აკრძალვა. მსგავსად ამისა, 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში (no. 1 BvR 699/06), გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო არგუმენტი იმის შესახებ, რომ დეპორტაციის პოლიტიკის საწინააღმდეგო ლიფლეტების აეროპორტში გავრცელებაზე აკრძალვა გამართლებული იყო სასიამოვნო გარემოს შენარჩუნების მიზნით. ამავე სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ ვერ გაიზიარებდა აკრძალვებს, რომლებიც მიმართული იყო სახელმწიფო ორგანოებისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამოხატვის თავიდან აცილებისკენ.
35. განმცხადებელი ასოციაცია ამტკიცებს, რომ ის არის შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად კანონიერად შექმნილი ასოციაცია და მის წინააღმდეგ არასდროს გამოყენებულა რაიმე სისხლის სამართლის ღონისძიება ან აკრძალვა. განმცხადებლის არგუმენტებით, ვინაიდან სადავოდ არ გამხდარა ის, რომ პოსტერი შეიცავდა რაიმე უკანონოს ან საზოგადოების შეურაცხმყოფელს, მისი აკრძალვის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ პოსტერი მიუთითებდა რაელიანური მოძრაობის ვებ-გვერდზე და ამით კავშირს ამყარებდა იქ გამოთქმულ მოსაზრებებთან. განმცხადებელი ასოციაცია ამტკიცებდა, რომ აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როცა მას შეეზღუდა პოსტერის მეშვეობით საკუთარი იდეების გავრცელება, მაშინ როცა არსებობდა მათი გავრცელების სხვა საშუალებები, მაგალითად ინტერნეტი, რისი გამოყენებაც მას შეეძლო, მაგრამ როდესაც მან პოსტერზე გამოაქვეყნა ვებ-გვერდის მისამართი, მას აუკრძალეს ამის გაკეთება იმ საფუძვლით, რომ ამან საზოგადოებისათვის სავარაუდოდ საშიშ იდეებთან კავშირი შექმნა. განმცხადებელი ასოციაციის პოზიციიდან გამომდინარე, შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოების მიდგომა, რომელიც პალატამაც გაიზიარა, მათი იდეების ნებისმიერი გასაჯაროების ან გავრცელების გადაჭარბებულად გართულებას ან შეზღუდვასაც კი უტოლდებოდა.
36. რაც შეეხება იმ იდეებს, რომელთა გამოც შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოებმა და პალატამ შესაძლოდ მიიჩნია პოსტერების აკრძალვის გამართლება, განმცხადებელმა ასოციაციამ განაცხადა, რომ კლონირების ან „გენიოკრატიის“ მხარდამჭერი მოსაზრებების გამოხატვაში არაფერი იყო უკანონო. ასოციაციამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კლონირების მხარდამჭერი მოსაზრებების გამოხატვისა, მას არასდროს მიუღია მონაწილეობა კლონირებასთან დაკავშირებულ თერაპიულ ან ექსპერიმენტულ ღონისძიებებში. რაც შეეხება „გენიოკრატიის“ კონცეფციას, მან განაცხადა, რომ მის უფლებებში ჩარევა უფრო მკაცრი იყო რადგანაც არც სადავო პოსტერი და არც რაელიანური მოძრაობის ვებ-გვერდი არ შეიცავდა მითითებას მასზე. განმცხადებელმა ასოციაციამ განმარტა რომ ეს კონცეფცია მომდინარეობდა ვებ-გვერდზე რეკლამის სახით მითითებული წიგნიდან, რომელშიც მოცემული იყო ფილოსოფიური მოსაზრებები და ამასთან ყველა თავისუფალი იყო დათანხმებოდა მას ან არ დათანხმებოდა.
37. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ რაელიანური მოძრაობის იდეებმა წაახალისა სქესობრივი ძალადობა, განმცხადებელმა ასოციაციამ განაცხადა, რომ არც პოლიციას და არც მართლმსაჯულების ორგანოებს უწარმოებიათ პედოფილიასთან ან სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებული საქმე მოძრაობის ან მისი რომელიმე წევრის წინააღმდეგ. პირიქით, ასოციაცია რაიმე ჭოჭმანის გარეშე რიცხავდა ნებისმიერ წევრს, რომლის წინააღმდეგაც მცირედი ეჭვი მაინც არსებობდა იმის თაობაზე, რომ მან მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.
38. განმცხადებელმა ასოციაციამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა პოსტერის აკრძალვის მწვავე აუცილებლობა, მხოლოდ იმის გამო რომ მასში მითითებული იყო ვებ-გვერდის მისამართი. იმაზე მითითებით, რომ კონვენციის მე-10 მუხლი ასევე იცავს იდეების გამოხატვის ფორმას (ციტირება საქმიდან თომა ლუქსემბურგის წინააღმდეგ (Thoma v. Luxembourg), no. 38432/97, § 45, ECHR 2001‑III) და მოსამართლეების როზაკისა და ვაჟიკის განსხვავებული მოსაზრების გაზიარებით, რომელთა თანახმადაც სახელმწიფო ორგანოების თავისუფალი შეფასების ფარგლები უფრო ვიწროა ნეგატიურ ვალდებულებებთან მიმართებით (ქალები ტალღებზე და სხვები (Women On Waves and Others), ციტირება ზემოთ, § 40), განმცხადებელი ასოციაცია ამტკიცებდა, რომ წინამდებარე საქმეზე ადგილი ქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
(b) მოპასუხე სახელმწიფო
39. მოპასუხე სახელმწიფო სრულად დაეთანხმა არა მარტო პალატის მიერ განმეორებულ გამოხატვის თავისუფლების ძირითად პრინციპებს, არამედ ასევე ამ პრინციპების შეფარდებას. მათი შეპასუხების თანახმად პალატამ სწორად დააბალანსა განსახილველი ინტერესები. ისინი ამტკიცებდნენ რომ შემდეგი საკითხები უნდა მიღებულიყო მხედველობაში.
40. პირველი - რაც შეეხება საჯარო სივრცის გამოყოფას, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ადამიანებს არ აქვთ ასეთი სივრცით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება, კერძოდ კი გარკვეული მოცულობისა და ხანგრძლივობის საქმიანობის რეკლამირების მიზნით. იმის მითითებით, რომ სადავო პოსტერი არ იყო პოლიტიკური ხასიათის, მოპასუხე სახელმწიფო დაეთანხმა ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მიგნებებს, განსაკუთრებით კი მოსაზრებას, რომ აუცილებელი იყო არა მხოლოდ რეკლამის გზავნილის შესწავლა, არამედ ასევე მისი შინაარსის, რომელიც შეიცავდა მითითებას ვებ-გვერდზე. ამასთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ აღიარა პალატის დასაბუთება იმის შესახებ, რომ სადავო პოსტერების ზეგავლენა მრავალჯერ გაიზრდებოდა მასში რაელიანური მოძრაობის ვებ-გვერდის მისამართის მითითებით.
41. რაც შეეხება თავისუფალი შეფასების ფარგლებს, მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ რაელიანური მოძრაობის ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომ სხვადასხვა გამოცემაში მითითებულ იდეებს შეეძლო შეელახა კონკრეტული ადამიანების რელიგიური მრწამსი და შესაბამისად სახელმწიფო ორგანოებს ამ სფეროში გააჩნდათ შეფასების ფართო ფარგლები (მხარემ მიუთითა საქმეზე მერფი ირლანდიის წინააღმდეგ (Murphy v. Ireland)no. 44179/98, § 67, ECHR 2003‑IX). ამასთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ გააკრიტიკა პალატის გადაწყვეტილებაზე თანდართული განსხვავებული მოსაზრება, იმაზე მითითებით, რომ ზედმეტი მნიშვნელობა ქონდა მინიჭებულ განსხვავებას პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის თავისუფალი შეფასების ფარგლების განსაზღვრისას. მოპასუხე სახელმწიფოს შეპასუხების თანახმად წინამდებარე საქმე განეკუთვნება იმ საქმეთა კატეგორიას, სადაც მოვალეობების პოზიტიურად ან ნეგატიურად მიჩნევა დამოკიდებულია კითხვის ფორმულირებაზე: სახელმწიფო ორგანოებს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ რაღაც გააკეთეს, თუ იმისთვის რომ რაღაც არ გააკეთეს. მათ აღიარეს, რომ სხვაგვარად იქნებოდა, თუ წინამდებარე საქმისგან განსხვავებით, საჯარო სივრცე არ დაექვემდებარებოდა რაიმე შეზღუდვას ან ნებართვის გაცემას.
42. სადავო აკრძალვის ლეგიტიმური მიზნის შესწავლასთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფო დაეთანხმა პალატის ანალიზს, რომლითაც დაადასტურა ოთხი სახელმწიფო ორგანოს არგუმენტი, რომლებიც მოიხმეს პოლიციის მიერ განმცხადებელი ასოციაციისთვის უართან დაკავშირებით. რაც შეეხება განმცხადებელი ასოციაციის მოსაზრებას ბავშვების „მგრძნობელობით გამოღვიძებასთან“ დაკავშირებით, მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა რაელიანური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ სქესობრივი ძალადობისთვის სხვადასხვა სამართალწარმოებაზე (ვუკლს ასიზის სასამართლო, ლიონის და კოლმარის სააპელაციო სასამართლოები, ვერსაილესის გამომძიებელი მოსამართლე). მათი განცხადებით, მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებები მკაცრად მიანიშნებდა, რომ მოძრაობის ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი გამოცემების კონკრეტულ ამონარიდებს შეეძლო ზრდასრული ადამიანების წახალისება, ჩაედინათ სქესობრივი ძალადობა ბავშვების წინააღმდეგ.
43. რაც შეეხება კლონირების საკითხს, მოპასუხე სახელმწიფომ ყურადღება გაამახვილა განმცხადებელ ასოციაციასა და კომპანია კლონადს შორის რაელის მიერ დამყარებულ ურთიერთობაზე. კომპანია მათი მტკიცებით ახორციელებდა სხვადასხვა პრაქტიკულ და ანაზღაურებად საქმიანობას კლონირების სფეროში, საქმიანობას რომელიც აკრძალული იყო ფედერალური კონსტიტუციით და სისხლის სამართლის კანონმდებლობით. კლონადის ვებ-გვერდის ბმულის არსებობა ემსახურებოდა უკანონო საქმიანობის პოპულარიზაციას და ამით ცდებოდა მოსაზრების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
44. რაც შეეხება „გენიოკრატიას“, მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ თუნდაც საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება არ შეელახა, ეს კონცეფცია შესაძლო შეურაცხყოფას აყენებს დემოკრატიულ და ანტი-დისკრიმინაციულ მრწამსს რასაც ემყარება კანონის უზენაესობა. ის დაეთანხმა ფედერალურ სასამართლოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „გენიოკრატია“ შესაძლოა უტოპია იყოს და არა რეალური პოლიტიკური პროექტი, ის ძირითადად ევგენიკების მიერ არის შთაგონებული და ემიჯნება დემოკრატიულ პრინციპებს.
45. და ბოლო არგუმენტად მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ აკრძალვის ფარგლები შეზღუდული იყო. ამასთან მიმართებით პალატის პოზიციაზე დათანხმებით, მან განაცხადა, რომ განმცხადებელ ასოციაციას არ შეზღუდვია მისი დოქტრინის გავრცელება კომუნიკაციის ხელმისაწვდომი საშუალებების, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. ამასთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ ხაზი გაუსვა იმას, რომ რაელიანური მოძრაობის ან მისი ვებ-გვერდის აკრძალვის საკითხი არც კი დამდგარა. თუმცა, მხარემ აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან უნდა გამიჯნულიყო ასოციაციის მიზნები, რაც საკმაოდ კანონიერი იყო, და ამ მიზნების მიღწევის საშუალებები, რაც ამ შემთხვევაში უკანონო იყო.
46. ამ მიზეზთა გამო მოპასუხე სახელმწიფომ სთხოვა დიდ პალატას, დაედასტურებინა პალატის გადაწყვეტილება და დაედგინა მე-10 მუხლის დარღვევა.
(c) მესამე მხარე
47.ორგანიზაცია მე-19 მუხლმა სასამართლოს თხოვა სიფრთხილით შეესწავლა სახელმწიფოთათვის დასაშვები თავისუფალი შეფასების ფარგლები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებით, როდესაც საქმე ეხებოდა ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელებას. მათი მოსაზრებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად ინტერნეტის მეშვეობით გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნება გულისხმობს, რომ სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები უნდა იყოს ვიწრო. უფრო კონკრეტულად კი სხვა ვებ-გვერდებზე ჰიპერბმულებთან დაკავშირებით ორგანიზაცია მე-19 მუხლი დაეყრდნო შედარებით-სამართლებრივ მასალას გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც აჩვენებდა, რომ ბმულის მოხსნის დავალდებულების ღონისძიება სავარაუდოდ უკანონო შინაარსის მქონე პირველად წყაროსთან მიმართებით რაიმე მოქმედების განხორციელების გარეშე ყოველთვის მიჩნეულია არაპროპორციულ ქმედებად.
3. სასამართლოს შეფასება
(a) ძირითადი პრინციპები
48. გამოხატვის თავისუფლების ძირითადი პრინციპები კარგად არის დადგენილი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. პალატის გადაწყვეტილებაში ეს პრინციპები კონკრეტულ საქმეებზე (სტოლი შვეცარიის წინააღმდეგ - Stoll v. Switzerland ([GC], no. 69698/01, § 101, ECHR 2007‑V)და სტილი და მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - Steel and Morris v. the United Kingdom (no. 68416/01, § 87, ECHR 2005-II)) მითითებით შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული (§ 49):
“(i) გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთერთ უმთავრეს საყრდენს და მისი პროგრესის და ასევე თითოეული ადამიანის თვითრეალიზაციის მთავარ პირობას წარმოადგენს. 10.2 მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ ‘ინფორმაციაზე’ ან ‘იდეებზე’ რომელიც სათანადოდ გავრცელდა ან მიჩნეულია არაშეურაცხმყოფელად ან ფაქტიურად ინდეფერენტულია, არამედ ასევე მათზე, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელი ან შემაწუხებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის ან ფართოდ აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს ‘დემოკრატიული საზოგადოება’. როგორც მე-10 მუხლშია მითითებული, ეს თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც ... ამავდროულად უნდა განისაზღვროს მკაცრად და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება უნდა დადგინდეს დამაჯერებლად...
(ii) ზედსართავი სახელი ‘აუცილებელი’ 10.2 მუხლის მნიშვნელობისთვის თავის თავში მოიცავს ‘მწვავე სოციალურ საჭიროებას’. ამ საჭიროების არსებობის შეფასებისას ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების გარკვეული ფარგლებით, მაგრამ ეს განუყრელია ევროპულ ზედამხედველობასთან, რაც მოიცავს როგორც კანონმდებლობას ისე მისი შეფარდებისას მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებს. შესაბამისად სასამართლოა უფლებამოსილი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს ‘შეზღუდვის’ მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისობის თაობაზე.
(iii) [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს ამოცანა არ არის თავისი საზედამხედველო იურისდიქციის გავრცელებისას ჩაანაცვლოს კომპეტენტური ეროვნული ორგანოები, არამედ მე-10 მუხლის ჭრილში განიხილოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მათი თავისუფალი შეფასების ფარგლებშია მიღებული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ზედამხედველობა იზღუდება იმის დადასტურებით, სახელმწიფომ თავისი დისკრეცია განახორციელა თუ არა გონივრულად, ყურადღებით და კეთილსინდისიერად; სასამართლომ უნდა განიხილოს გასაჩივრებული ჩარევა საქმის გარემოებების გათვალისწინებთ და დაადგინოს, იყო თუ არა ის ‘დასახული მიზნის პროპორციული’ და სახელმწიფო ორგანოების მიერ გასამართლებლად დასახელებული მიზეზები ‘შესატყვისი და საკმარისი’... ამ დროს სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნული ორგანოები დაეყრდნენ მე-10 მუხლში ასახული პრინციპების შესაბამის სტანდარტებს და უფრო მეტიც, დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას...“
(b) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(i) ადგილი ქონდა თუ არა ჩარევას
49. სადავო არ არის რომ განმცხადებელმა ასოციაციამ განიცადა მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მის მიერ განზრახული პოსტერების კამპანიის აკრძალვით. დიდი პალატის წინაშე მხარეების დავის საგანს წარმოადგენდა ეს აკრძალვა უნდა განხილულიყო ნეგატიური ვალდებულების თუ პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში.
50. სასამართლომ ამასთან მიმართებით გაიმეორა, რომ კონვენციის მიერ გარანტირებულ უფლებებში ჩარევისგან თავის შეკავების სახელმწიფოს მიერ იმთავითვე ნაკისრ ნეგატიურ ვალდებულებებთან ერთად ასეთ უფლებებში „შესაძლოა არსებობდეს თანდაყოლილი პოზიტიური ვალდებულებებიც“ (იხილეთ მარკსი ბელგიის წინააღმდეგ(Marckx v. Belgium), 1979 წლის 13 ივნისი, § 31, Series A no. 31). კონვენციის ფარგლებში სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის კავშირის ზუსტი განმარტება არ არის მოცემული (იხილეთVerein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (no. 2) [GC], no. 32772/02, § 82, ECHR 2009); ორივე შემთხვევაში, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური ვალდებულება, სახელმწიფო სარგებლობს თავისუფალი შეფასების გარკვეული ფარგლებით (მაგალითისთვის იხილეთკეეგანი ირლანდიის წინააღმდეგ (Keegan v. Ireland), 1994 წლის 26 მაისი, §§ 51-52, Series A no. 290).
51. წინამდებარე საქმესთან მიმართებით სასამართლო იღებს შემდეგ პოზიციას - არ არის აუცილებელი იმის შემდგომი შესწავლა მე-10 მუხლი შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოებს აკისრებდა თუ არა პოზიტიურ ვალდებულებას. ვინაიდან სადავო აკრძალვა ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენდა ჩარევას, ის მიუღებელი იქნება თუკი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
(ii) ჩარევის დასაბუთება/გამართლება
52. განმცხადებელი ასოციაციის გამოხატვის თავისუფლებაში ასეთი ჩარევა „კანონით უნდა იყოს განსაზღვრული“, გააჩნდეს 10.2 მუხლით გათვალისწინებული ლეგიტიმურიდან ერთი ან მეტი საფუძველი და „იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
53. სასამართლო იმთავითვე აღნიშნავს, რომ მხარეები არ დაობენ იმაზე, რომ განსახილველი შეზღუდვა ემყარებოდა ქალაქ ნეუშატელის ადმინისტრაციული რეგლამენტის მე-19 მუხლს (იხილეთ 25-ე პარაგრაფი აქვე).
54. რაც შეეხება შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, მოპასუხე სახელმწიფო მიუთითებს რომ ის ემსახურებოდა დანაშაულის თავიდან აცილებას, ჯანმრთელობისა ან ზნეობის და სხვათა უფლებების დაცვას.
55. დიდმა პალატამ, ისევე როგორც პალატამ დაადგინა, რომ განმცხადებელმა ასოციაციამ არ უარყო, რომ სადაო ღონისძიება ამ ლეგიტიმური მიზნების შესრულებას ემსახურებოდა. შესაბამისად, დიდმა პალატამ გაიზიარა, რომ განსახილველი შეზღუდვა ემსახურებოდა ზემოთაღნიშნულ ლეგიტიმურ მიზნებს.
56. ამას მოსდევს ის, რომ ამ საქმეზე მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, იყო თუ არა გამოყენებული ზომა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
57. პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმე ერთადერთია იმ თვალსაზრისით, რომ სვამს კითხვას, მოეთხოვებოდა თუ არა ეროვნულ ორგანოებს განმცხადებელი ასოციაციისთვის მისი პოსტერების კამპანიის მეშვეობით იდეების გავრცელების ნების დართვა საჯარო სივრცის ხელმისაწვდომობით. ამასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთის წინააღმდეგ ორ საქმეში მან დაადგინა დარღვევა პოლიტიკური პარტიებისთვის პოსტერების აკრძალვასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ საქმეებზე სასამართლოს მიგნებები ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ამ აკრძალვის შესაძლებლობის შემქმნელი რეგულაციები არ „ექვემდებარებოდა რაიმე სახის მკაცრ და ეფექტიან სასამართლო ზედამხედველობას“ (იხილეთ ტუზელი თურქეთის წინააღმდეგ(Tüzel v. Turkey), no. 57225/00, § 15, 2006 წლის 21 თებერვალი, და ტუზელი თრქეთის წინააღმდეგ(Tüzel v. Turkey) (no. 2), no. 71459/01, § 16, 2006 წლის 31 ოქტომბერი).
58. წინამდებარე საქმე შეგვიძლია ასევე განვასხვავოთ საქმისგან აპლები და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Appleby and Others v. the United Kingdom (no. 44306/98, ECHR 2003‑VI), რომელიც ეხება კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებული სივრცის გამოყენებას და საქმისგან ქალები ტალღებზე (Women On Waves), რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში გემის შესვლის ნებართვის გაცემაზე უარს, ტერიტორიაზე, რომელიც „თავისი ბუნებით იყო საჯარო და ღია“ (ციტირება მაღლა, § 40). წინამდებარე საქმეში ადგილი არ ქონია იდეების გავრცელებაზე რაიმე ზოგად აკრძალვას, იყო მხოლოდ საჯარო სივრცეში რეგულირებული და ზედამხედველობას დაქვემდებარებული საშუალებების გამოყენების აკრძალვა. როგორც პალატამ შვეიცარიის ფედერალური სასამართლოს მსგავსად აღნიშნა, ადამიანებს არ გააჩნიათ საჯარო სივრცის ფართოდ გამოყენების უპირობო და შეუზღუდავი უფლება, განსაკუთრებით რეკლამის ან საინფორმაციო კამპანიისთვის გამოყოფილი საშუალებებისა (იხილეთ პალატის გადაწყვეტილების მე-14 და 51-ე პარაგრაფები).
(α) თავისუფალი შეფასების ფარგლები
59.სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალზე, რომელიც ეხება იმას, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები მე-10 მუხლიდან გამომდინარე სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით ამავე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და ფარგლების შეფასებისას (იხილეთ ტამერი ესტონეთის წინააღმდეგ (Tammer v. Estonia), no. 41205/98, § 60, ECHR 2001-I).
60. თუმცა შეფასების ეს ფარგლები შერწყმულია ევროპულ ზედამხედველობასთან, რაც მოიცავს როგორც კანონმდებლობას, ისე მის აღსასრულებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებს (იხილეთ, კარჰუვაარა და ილტალეჰი ფინეთის წინააღმდეგ - Karhuvaara and Iltalehti v. Finland, no. 53678/00, § 38, ECHR 2004-X, და ფლინკილა და სხვები ფინეთის წინააღმდეგ - Flinkkilä and Others v. Finland,no. 25576/04, § 70, 2010 წლის 6 აპრილი). თავისი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას სასამართლოს ამოცანაა ეროვნული სასამართლოების არა ჩანაცვლება, არამედ საქმის როგორც ერთი მთლიანის გადახედვა, მათ მიერ თავისუფალი შეფასების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის შესაბამის ნორმებს (იხილეთ აქეს სპრინგერი AG გერმანიის წინააღმდეგ (Axel Springer AG v. Germany)[დიდი პალატა], no. 39954/08, § 86, 2012 წლის 7 თებერვალი).
61. ამგვარი თავისუფალი შეფასების ფარგლები განსხვავდება რამდენიმე ფაქტორის მიხედვით, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადაო განცხადების (გამოსვლის) სახე. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის 10.2 მუხლის ფარგლებში პოლიტიკურ გამოსვლებზე შეზღუდვები მცირე ფარგლებშია შესაძლებელი (იხილეთ ცეილანი თურქეთის წინააღმდეგ(Ceylan v. Turkey)[დიდი პალატა], no. 23556/94, § 34, ECHR 1999‑IV), ხელშემკვრელი მხარეები ზოგადად შეფასების ფართო ფარგლებით სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების რეგულირებისას იმ საკითხებთან მიმართებით, რაც სავარაუდოდ ხელყოფს პირად ინტიმურ მრწამსს მორალის და განსაკუთრებით რელიგიის სფეროში (იხილეთ მერფი(Murphy), ციტირება მაღლა, § 67). მსგავსად ამისა სახელმწიფოები თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით სარგებლობენ კომერციულ საკითხებზე და რეკლამირებისას გამოსვლების რეგულირების კუთხით (იხილეთmarkt intern Verlag GmbH and Klaus Beermann v. Germany, 1989 წლის 20 ნოემბერი, § 33, Series A no. 165, და Casado Coca v. Spain, 1994 წლის 24 თებერვალი, § 50, Series A no. 285‑A).
62. წინამდებარე საქმეში [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ადგენს, რომ შესაძლებელია იმის გონივრულად მტკიცება, რომ სადავო პოსტერების კამპანია ძირითადად მიმართულია საზოგადოების ყურადღების მიპყრობაზე სავარაუდოდ რელიგიური კონოტაციის მქონე ჯგუფების იმ იდეებსა და აქტივობებზე, რომლებიც ავრცელებენ უცხოპლანეტელებისგან მიღებულად გაცხადებულ გზავნილებს და ამ მიზნისთვის უთითებენ ვებ-გვერდის მისამართს. განმცხადებელი ასოციაციის ვებ-გვერდი მხოლოდ სხვათა შორის ეხება სოციალურ ან პოლიტიკურ იდეებს. სასამართლო იღებს პოზიციას, რომ სადავო გამოსვლის სახე არ არის პოლიტიკური, რადგანაც ვებ-გვერდის მთავარი მიზანია მიაახლოვოს ხალხი განმცხადებელი ასოციაციის მიზანთან და არა შეეხოს შვეიცარიაში პოლიტიკური დებატის თემებს. მაშინაც კი თუ განმცხადებელი ასოციაციის გამოსვლა კომერციული რეკლამირების კონტექსტიდან გადის - იქ არ არის რაიმე პროდუქტის ყიდვაზე მოწვევა - ის მაინც კომერციულ გამოსვლასთან არის უფრო ახლოს ვიდრე პოლიტიკურთან per se, რადგანაც მას აშკარად პროზელიტისტური ფუნქცია აქვს. შესაბამისად, სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები უფრო ფართოა.
63. ასეთ შემთხვევებში ფაქტიურად ეროვნული სახელმწიფო ორგანოები მათი ქვეყნის სასიცოცხლო ძალებთან პირდაპირი და განგრძობადი კავშირის გამო საერთაშორისო მოსამართლისგან განსხვავებით უკეთეს პოზიციაში არიან დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად განზრახული „შეზღუდვის“ ან „სასჯელის“ „აუცილებლობასთან“ დაკავშირებით მოსაზრების მიღებისას (იხილეთ მიულერი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ (Müller and Others v. Switzerland), 1988 24 მაისი, § 35, Series A no. 133).
64. ამ მიზეზებიდან გამომდინარე არა მკვეთრად პოლიტიკური პოსტერების კამპანიის კონტექსტში საჯარო ბილბორდების მართვა შესაძლოა განსხვავდებოდეს სახელმწიფოების მიხედვით, ან თუნდაც ერთი სახელმწიფოს ფარგლებში რეგიონებს შორის, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოში, სადაც ფედერალური პოლიტიკური წყობაა. ამასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ მუნიციპალურ ორგანოებს შესაძლოა მსგავს სიტუაციებში შეზღუდვების დაწესების მსგავსი საფუძვლები ქონდეს (იხილეთ, ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ(Handyside v. the United Kingdom), 1976 წლის 7 დეკემბერი, § 54, Series A no. 24). სასამართლო ვერ ჩაერევა ეროვნული და ადგილობრივი ორგანოების არჩევანში, რომელიც მათი ქვეყნის რეალობასთან უფრო ახლოა, რადგანაც ამით ის დაკარგავს კონვენციის სისტემის სუბსიდიური ბუნების ხედვას (იხილეთ საქმე „რომელიც დაკავშირებულია ბელგიაში განათების სფეროში ენების გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის კონკრეტულ ასპექტებთან“(არსებითი მხარე), 1968 წლის 23 ივლისი, p. 35, § 10, Series A no. 6).
65. ადგილობრივი ორგანოების მიერ საკითხის შესწავლა, აკმაყოფილებს თუ არა პოსტერი კანონისმიერ მოთხოვნებს შემდეგი ინტერესების დასაცავად, როგორიცაა მაგალითად ზნეობის, საგზაო უსაფრთხოების წესების თუ პეიზაჟის დაცვა, ექცევა სახელმწიფოსთვის დასაშვები თავისუფალი შეფასების ფარგლებში, რადგანაც ეს ორგანოები ამ სფეროში ნებართვების გაცემისას სარგებლობენ გარკვეული დისკრეციით.
66. წინამდებარე საქმეზე თავისუფალი შეფასების ფარგლებთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მხოლოდ განსაკუთრებული საფუძვლების არსებობამ შეიძლება გადააწყვეტინოს მას საკუთარი შეფასებით ჩაანაცვლოს ეროვნული ორგანოების შეფასება.
(β) ეროვნული სასამართლოების დასაბუთება
67. შესაბამისად სასამართლომ უნდა შეისწავლოს ეროვნული ორგანოების მიერ პოსტერების კამპანიის აკრძალვის გაცხადებული მიზეზები აკრძალვის ფარგლებთან ერთად, იმისათვის რომ დაადგინოს, იყო თუ არა ეს მიზეზები „შესატყვისი“ და „საკმარისი“ და ეროვნული ორგანოებისადმი მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლების გათვალისწინებით იყო თუ არა ჩარევა დასახული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული და ემსახურებოდა თუ არა „მწვავე სოციალურ საჭიროებას“. ამასთან მიმართებით მან აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული საქმეებისაგან განსხვავებით, სადაც სასამართლომ დარღვევა დაადგინა პოსტერების კამპანიის აკრძალვასთან დაკავშირებით მკაცრი და ეფექტიანი სასამართლო ზედამხედველობის არ არსებობის გამო (იხილეთ ტუზელი(Tüzel), ციტირება მაღლა, § 15, და ტუზელი(Tüzel) (no. 2), ციტირება მაღლა, § 16), წინამდებარე საქმესთან მიმართებით არ ისმის კითხვა ეროვნული სასამართლოების მიერ განხორციელებული სასამართლო ზედამხედველობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
68. მხარეებმა იმსჯელეს, საჭირო იყო თუ არა სადაო ღონისძიებების აუცილებლობის გამოსაკვლევად რაელიანური მოძრაობის ვებ-გვერდის შინაარსის გათვალისწინება, როგორც ეს ეროვნულმა სასამართლოებმა გააკეთეს. იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელთა ჭრილშიც უნდა განიმარტოს კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები (იხილეთ ტირერი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tyrer v. the United Kingdom), 1978 25 აპრილი, § 31, Series A no. 26, და ვო საფრანგეთის წინააღმდეგ(Vo v. France)[დიდი პალატა], no. 53924/00, § 82, ECHR 2004‑VIII), პალატამ დაასკვნა, რომ ვებ-გვერდი უნდა მიღებულიყო მხედველობაში, ვინაიდან ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, მათ შორის ბავშვებისთვის, საზოგადოებაზე პოსტერების გავლენა მრავალჯერ გაიზრდებოდა ვებ-გვერდის მისამართის მითითების გათვალისწინებით.
69. სასამართლო იმეორებს მის ზოგად პრინციპს იმის შესახებ, რომ სადაო ჩარევის შესწავლა უნდა მოხდეს საქმის, როგორც ერთი მთლიანობის ჭრილში, რათა დადგინდეს იყო თუ არა ჩარევა „დასახული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული“ და ეროვნული ორგანოების მიერ მის გასამართლებლად მოყვენილი მიზეზები იყო თუ არა „შესატყვისი და საკმარისი“ (იხილეთ 48-ე პარაგრაფი მაღლა). აშკარაა, რომ სადავო პოსტერის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ვებ-გვერდისკენ: ამ ვებ-გვერდის მისამართი მითითებული იყო მუქი სიმბოლოებით იქვე მითითებული გზავნილის მაღლა - „გზავნილი უცხოპლანეტელებისგან“ (იხილეთ მე-14 პარაგრაფი მაღლა). შესაბამისად, სასამართლოსთვის ალოგიკური იქნებოდა მხოლოდ პოსტერზე კონცენტრირება; მისთვის, როგორც ეროვნული სასამართლოებისთვის აუცილებელი იყო განსახილველი ვებ-გვერდის შინაარსის შესწავლა.
70. რაც შეეხება დასაბუთებას, სასამართლო, ისევე როგორც პალატა, პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ ხუთმა ეროვნულმა ორგანომ, რომლებმაც შეისწავლა საქმე (პოლიციის ადმინისტრაცია, მუნიციპალური საბჭო, ნეუშატელის ლანდის მართვის დირექტორატი, ადმინისტრაციული სასამართლო და ფედერალური სასამართლო) მათი გადაწყვეტილებები დეტალურად დაასაბუთა, სადაც ახსნა თუ რატომ მიიჩნიეს პოსტერების კამპანიისთვის ნებართვის გაცემაზე უარი შესაბამის ზომად. უმაღლესმა ეროვნულმა სასამართლომ - ფედერალურმა სასამართლომ მიუთითა კონვენციის მე-10 მუხლზე და ამ სფეროში [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს] პრეცედენტულ სამართალზე და შეისწავლა გამოყენებული ზომის პროპორციულობა.
71. კამპანიის წარმოებისთვის ნებართვის გაცემაზე უარის დასაბუთებისას ფედერალურმა სასამართლომ წარმატებით შეისწავლა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხმობილი თითოეული არგუმენტი უარის გასამართლებლად, კერძოდ კი ადამიანის კლონირების პოპულარიზაცია, „გენოციდის“ ადვოკატირება და იმის შესაძლებლობა, რომ რაელიანური მოძრაობის ლიტერატურას და იდეებს შეეძლო ზოგიერთი წევრის მხრიდან ბავშვებზე სქესობრივი ძალადობის პროვოცირება მოეხდინა.
72. მიუხედავად იმისა, რომ ამ არგუმენტთაგან ზოგიერთი ცალკე აღებული ვერ ამართლებს სადაო უარს, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო თვლის, რომ ეროვნული ორგანოები უფლებამოსილი იყვნენ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით მიეჩნიათ, რომ გარდაუვალი იყო ამ კამპანიის აკრძალვა ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა უფლებების დასაცავად და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. პალატამ კონკრეტულად შემდეგი დაადგინა (გადაწყვეტილების 55-57-ე პარაგრაფები):
“55. ...პირველი - ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო კლონადის ბმული, რომლის მეშვეობითად კომპანია საზოგადოებას თავაზობდა კლონირებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ მომსახურებას და რომელზეც მან 2003 წლის დასაწყისში გამოაცხადა კლონირებული ბავშვების დაბადება. მეორე - ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიუთითა ლა სარინის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ნახსენები იყო მცირეწლოვნებზე შესაძლო სქესობრივი ძალადობა. მესამე - ‘გენიოკრატიის’ სასარგებლოდ განხორციელებული პროპაგანდა, რომლის დოქტრინის თანახმად ძალაუფლება უნდა გადაეცეს უმაღლესი ინტელექტუალური მონაცემების ადამიანებს, და შედეგად თანამედროვე დემოკრატიების კრიტიკას შეეძლო საზოგადოებრივი წესრიგისთვის, უსაფრთხოებისთვისა და ზნეობისთვის საფრთხის შექმნა.
6. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელი ასოციაციის კონკრეტული წევრების მიმართ ეროვნული ორგანოების ბრალდებები მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობის შესახებ განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. ... ცნობილია, რომ სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის ეროვნული ორგანოების მიერ დადგენილი ფაქტების გადასინჯვა ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი შეფარდება; შესაბამისად, ის არ არის უფლებამოსილი დაადასტუროს იყო თუ არა სახელმწიფო ორგანოების ბრალდებები დამტკიცებული. თუმცა, სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით სახელმწიფო ორგანოებს საკმარისი საფუძვლები ქონდათ იმისთვის, რომ დაედგინათ განმცხადებელი ასოციაციის მხრიდან ნებართვის მოთხოვნაზე უარის აუცილებლობა.
57. მსგავსი მსჯელობა ვითარდება კლონირების საკითხთან მიმართებით. სასამართლო თვლის რომ ეროვნულმა ორგანოებმა, მოქმედებდნენ რა კეთილსინდისიერად, ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, გარდაუვალად მიიჩნიეს პოსტერების რეკლამირების კამპანიის აკრძალვა იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი ასოციაცია თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებდა კლონადის ბმულს, კომპანიისა, რომელიც მან დააფუძნა... უფრო მეტიც, ასოციაცია აღიარებდა, რომ ის მხარს უჭერდა კლონირებას, საქმიანობას, რომელსაც ფედერალური კონსტიტუციის 119.2.ა მუხლი აშკარად კრძალავდა...“
დიდი პალატა ვერ ხედავს რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ამასთან მიმართებით პალატის მსჯელობას. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნული ორგანოების წუხილები ეყრდნობოდა შესატყვის და საკმარის საფუძვლებს.
73. და ბოლოს პალატამ მიიჩნია, რომ შეფარდებული ღონისძიება მეტწილად შეზღუდული მოქმედების იყო, რადგანაც განმცხადებელ ასოციაციას დარჩა თავისუფლება „თავისი მრწამსი გამოეხატა მის ხელთა არსებული კომუნიკაციის მრავალი სხვა საშუალებით“; პალატამ ასევე მიუთითა, რომ „თავად განმცხადებელი ასოციაციის ან მისი ვებ-გვერდის აკრძალვის საკითხი არასდროს დამდგარა“ (იხილეთ პალატის გადაწყვეტილების 58-ე პარაგრაფი).
74. განმცხადებელი ასოციაცია ამტკიცებდა, რომ პალატის ეს პოზიცია წინააღმდეგობრივი იყო და იდეების გავრცელების ზედმეტად გართულებას ემსახურებოდა, ვინაიდან, მას ეკრძალებოდა ინფორმაციის გავრცელება პოსტერების მეშვეობით, იმ საფუძვლით, რომ მას ჰქონდა ვებ-გვერდი, მაგრამ მას შემდეგ რაც მან ვებ-გვერდის მისამართი მიუთითა პოსტერზე, მას აეკრძალა ეს რადგანაც ამით კავშირი დამყარდა მის იდეებთან, რომლებიც სავარაუდოდ საშიში იყო საზოგადოებისთვის.
75. თუმცა სასამართლოს აზრით ეს წინააღმდეგობრიობა მხოლოდ ხილულია. მოპასუხე სახელმწიფოს მსგავსად ის თვლის, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ასოციაციის მიზანი და ის საშუალებები, რომლებსაც იყენებს ამ მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში შესაძლოა არაპროპორციული ყოფილიყო თავად ასოციაციის ან მისი ვებ-გვერდის აკრძალვა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზე დაყრდნობით (ამასთან მიმართებით იხილეთ ასოციაცია რინო და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ (Association Rhino and Others v. Switzerland), no. 48848/07, §§ 66-67, 2011 წლის 11 ოქტომბერი). გამოყენებული აკრძალვის შემოფარგვლა მხოლოდ საჯარო ადგილებში პოსტერების გამოსახვით განმცხადებელი ასოციაციის უფლებებში მინიმალური ჩარევის უზრუნველყოფის გზას წარმოადგენდა. სასამართლომ ამასთან მიმართებით კვლავ გაიმეორა, რომ სახელმწიფო ორგანოებს მოეთხოვებათ ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შეარჩიონ ისეთი საშუალებები, რომლებიც ამ უფლებას მინიმალურად დააზარალებს (იხილეთ, ქალები ტალღებზე(Women On Waves), ციტირება მაღლა, § 41). იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელ ასოციაციას შეუძლია განაგრძოს საკუთარი იდეების გავრცელება ვებ-გვერდის მეშვეობით და მის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით, როგორიც არის ქუჩებში და საფოსტო ყუთების მეშვეობით ლიფლეტების გავრცელება, შეფარდებული აკრძალვა არ შეიძლება ჩაითვალოს არაპროპორციულად.
(c) დადგენილება
76. სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს არ გადაუბიჯებიათ მათთვის ამ საქმეზე დასაშვები თავისუფალი შეფასების ფარგლებისთვის და მათ მიერ გადაწყვეტილების გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები იყო „შესატყვისი და საკმარისი“ და აკმაყოფილებდა „მწვავე სოციალურ საჭიროებას“. შესაბამისად, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე სერიოზულ მიზეზს იმისთვის რომ საკუთარი შეფასებით ჩაანაცვლოს ფედერალური სასამართლოს შეფასება, რომელმაც სადავო საკითხი სიფრთხილით და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით შეაფასა.
77. შესაბამისად, ადგილი არ ქონდა მე-10 მუხლის დარღვევას.
...
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
1. ერთხმად არ აკმაყოფილებს მოპასუხე სახელმწიფოს პირველად პრეტენზიას;
2. ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ ადგენს, რომ ადგილი არ ქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას;
...
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოქვეყნდა საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2012 წლის 13 ივლისს.
მაიკს ო’ბოილე ნიკოლას ბრატზა
მდივნის მოადგილე პრეზიდენტი
კონვენციის 45.2 მუხლისა და [რეგლამენტის] 74.2 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(a) მოსამართლე ბრატზას თანმხვედრი მოსაზრება;
(b) მოსამართლეების ტულკენის, საიოს, ლაზაროვა ტრაიკოვსკა, ბიანკუ, პოვერ-ფორდე, ვუცინიკი და იუდკივსკას ერთობლივი განსხვავებული აზრი;
(c) მოსამართლეების საიო, ლაზაროვა ტრაიკოვსკა და ვუცინიკის ერთობლივი განსხვავებული აზრი;
(d) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს განსხვავებული აზრი.
N.B.
M.O’B.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
.
Click here for the Case-Law Information Notes