ერდოღან გუკჩე თურქეთის წინააღმდეგ
Erdoğan Gökçe v. Turkey
საჩივრის ნომერი - 31736/04 Summary
მოპასუხე სახელმწიფო - თურქეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 14/10/2014
შედეგი: წინასწარი პრეტენზიები გაერთიანდა არსებით ნაწილთან და არ დაკმაყოფილდა (მუხლი 35-1 - შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა)
საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებელად ცნეს
მე-10 მუხლის დარღვევა - გამოხატვის თავისუფლება - (ზოგადი) (მუხლი 10-1 - გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება)
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 10) გამოხატვის თავისუფლება (ზოგადი)
(მუხლი 10–1) გამოხატვის თავისუფლება
(მუხლი 10–1) ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
(მუხლი 10–2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(მუხლი 10-2) არეულობის პრევენცია
(მუხლი 10-2) სხვათა უფლებების დაცვა
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები
(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა
პროპორციულობა
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 178
ოქტომბერი 2014
ერდოღანგუკჩე თურქეთის წინააღმდეგ - 31736/04
Erdoğan Gökçe v. Turkey - 31736/04
გადაწყვეტილება 14.10.2014 [სექციაII]
მუხლი10
მუხლი 10-1
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
მუნიციპალური არჩევნების კანდიდატის თავისუფლების აღკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის კანონით განსაზღვრულ პერიოდამდე ინფორმაციის გამჟღავნებისთვის: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი აპირებდა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელ არჩევნებში. 2003 წლის მარტში, როცა როგორც ჟურნალისტიდემონსტრაციას აშუქებდა, მან დაარიგა პრესისთვის განკუთვნილი წერილობითი განცხადება, რომელშიც ასახა 2004 წლის მუნიციპალური არჩევნებისთვის თავისი პროგრამის მთავარი თემები.
2003 წლის ოქტომბერში პროკურატურამ, მუნიციპალური არჩევნებისთვის კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდის დარღვევისთვის, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 2003 წლის დეკემბერში პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლომ მას სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმა დააკისრა. თავისუფლების აღკვეთა შეიცვალა უფრო დიდი ჯარიმით.
მომჩივნის აპელაცია არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, მან ვერ გადაიხადა ჯარიმა, რადგან არ ჰქონდა ამისთვის საკმარისი რესურსი. 2004 წლის მაისში პროკურატურამ გადაუხდელობისთვის მას 27 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომლიდანაც 14 დღით თავისუფლების აღკვეთა გადავადდებოდა. მომჩივანი დაკავებული იყო 2004 წლის 20 მაისიდან 2 ივნისამდე.
კანდიდატებმა, რომლებიც 2004 წლის მარტის მუნიციპალურ არჩევნებში სხვა პოლიტიკური პარტიებიდან იღებდნენ მონაწილეობას, 2003 წლის ივნისის ბოლოდან წარადგინეს საკუთარი თავი და 2003 წლის აგვისტოდან გაასაჯაროვეს მათი საარჩევნო პროგრამების მთავარი თემები.
სამართალი – მუხლი 10: მომჩივნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და მსჯავრდებულად იქნა ცნობილი no. 298 კანონის 49-ე მუხლის მიერ დადგენილი 10-დღიანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდის მოთხოვნის დარღვევის გამო.
არ დადგინდა ის, რომ თურქეთის კანონმდებლობით დადგენილი 10-დღიანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი მიზნად ისახავდა აზრებისა და შეხედულებების გამოხატვის ყველა ფორმის შეზღუდვას მინიციპალური არჩევნების შესახებ ამ პერიოდის გარეთ. 2010 წელს no. 298 კანონში შეტანილმა შესწორებებმა ნათლად მიუთითა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ბეჭდვით მედიაში ან ინტერნეტში თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო განხორციელებული ამ პერიოდის დასრულებამდე (ამ უკანასკნელის საწყისი ეტაპის განსაზღვრის გარეშე) და რომ პამფლეტების, ბროშურებისა და სხვა სარეკლამო საშუალებების გავრცელება,რომლებზეც გამოსახული იყო პოლიტიკური პარტიების სიმბოლოები, საარჩევნო პერიოდში შეუზღუდავი იყო (ზოგადად რომ ვთქვათ, არჩევნებამდე სამი თვით ადრე).
თუმცა, 2010 წლის ცვლილებებამდე და დამატებითი კრიტერიუმის არარსებობისას, სასამართლო ორგანოები გამოხატვის ნებისმიერი ფორმის მიმართ, რომელიც ეხებოდა მუნიციპალურ არჩევნებს და რომელიც წინასაარჩევო კამპანიამდე განხორციელდა, სისხლის სამართალს იყენებდნენ.
მომჩივნის საქმეში სასამართლო ორგანოები არ აფასებდნენ, წარმოადგენდა თუ არა სადავოდ გამხდარი აკრძალვა ჭეშმარიტად აუცილებელს არჩევნების სათანადოდ ჩატარებისთვის. მათ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდის ნებადამრთველი დებულების ინტერპრეტაცია მკაცრად მოახდინეს. შესაბამისად, მომჩივანს აღარ ეძლეოდა საშუალება ამ პერიოდის გარეთ გამოეხატა საკუთარი შეხედულებები იმ საკითხებზე, რომლებიც საჯარო სამსახურს ეხებოდა, მიუხედავად მისი განზრახვისა, მონაწილეობა მიეღო შემდეგ წელს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებში.
მუნიციპალური არჩევნების სხვა კანდიდატების მიერ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე მათი კანდიდატურის წამოყენების მიზეზებისა და მათი პროგრამების განხილვა მიუთითებს, რომ სასამართლო ორგანოები, ფაქტობრივად, ყოველთვის არ ახდენდნენ შესაბამისი კანონმდებლობის ასეთ მკაცრ ინტერპრეტაციას.
ამ გარემოებების გამო, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ არჩევნებამდე ათი დღით ადრე პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მომჩივანს შეეძლო თავისუფლად გამოეხატა საკუთარი შეხედულებები მუნიციპალურ სამსახურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, განპირობებული იყო სოციალური საჭიროებით, მიუხედავად იმისა, რომ ის მონაწილეობას იღებდა მომავალ მუნიციპალურ არჩევნებში.
გარდა ამისა, მომჩივანმა, მისი მსჯავრდებულად ცნობის შედეგად, მოიხადა 13 დღიანი სასჯელი თავისუფლების რეალური აღკვეთის სახით 14 დღიან პირობით გათავისუფლებასთან ერთად. თავისი ბუნებით და სიმკაცრით, მომჩივნისთვის მისჯილი საპატიმრო სასჯელი გაუთანაბრდა ისეთ ჩარევას, რომელიც ეროვნული ორგანოების მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. იმ ფაქტმა, რომ თავდაპირველი საპატიმრო სასჯელი შეიცვალა ჯარიმით, რომელიც მომჩივანმა ვერ გადაიხადა საშუალებების უქონლობის გამო, ვერ შეცვალა მასზე დაკისრებული სანქციის სიმძიმის შეფასება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: ხანდაზმული მოთხოვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes