პენტიკაინენი ფინეთის წინააღმდეგ

Pentikäinen v. Finland

საჩივრის ნომერი - 11882/10

მოპასუხე სახელმწიფო - ფინეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 04/02/2014

შედეგი:

არ დარღვეულა მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლება -{ზოგადი} (მუხლი 10-1 - გამოხატვის თავისუფლება)

განსხვავებული აზრი:  დიახ

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 10) გამოხატვის თავისუფლება -{ზოგადი}

(მუხლი 10-1) გამოხატვის თავისუფლება

(მუხლი 10-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

შეფასების ზღვარი

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 171

თებერვალი 2014

პენტიკაინენი ფინეთის წინააღმდეგ

Pentikäinen v. Finland - 11882/10

განჩინება 4.2.2014 [სექცია IV]

მუხლი 10

მუხლი 10-1

გამოხატვის თავისუფლება

ჟურნალისტის დაპატიმრება და მსჯავრდება დემონსტრაციის დროს პოლიციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის გამო: არ არის დარღვევა

[ეს საქმე 2014 წლის 2 ივნისს განსახილველად  გადაეცა დიდ პალატას]

ფაქტები – მომჩივანი იყო ფოტოგრაფი და ჟურნალისტი, რომელიც ფინური ჟურნალისთვის მუშაობდა. 2006 წელს დემონსტრაციის შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ის ჰელსინკში გააგზავნეს. იმის მიუხედავად, რომ პრესისთვის  გამოყოფილი იყო უსაფრთხო ზონა, მომჩივანმა გადაწყვიტა, რომ არ ესარგებლა უსაფრთხო ზონით და დარჩა დემონსტრანტებთან ერთად. როდესაც დემონსტრაციამ ძალადობრივი სახე მიიღო, პოლიციამ გადაკეტა დაკავებული ტერიტორია და  პროტესტანტებს უბრძანა დაშლილიყვნენ. ადამიანთა უმრავლესობამ დატოვა ტერიტორია, თუმცა დაახლოებით 20 ადამიანი, მათ შორის მომჩივანიც, ადგილზე დარჩა. მათ კიდევ ერთხელ სთხოვეს, რომ დაშლილიყვნენ და გააფრთხილეს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დააპატიმრებდნენ. მომჩივანი დარჩა მოვლენათა ეპიცენტრში, იმედოვნებდა-რა, რომ პოლიციის ბრძანება ეხებოდა მხოლოდ დემონსტრანტებს. მალევე ის დააკავეს დარჩენილ დემონსტრანტებთან ერთად და დაპატიმრებულ იქნა დაახლოებით 17 საათის განმავლობაში.  დაუდგენელია, თუ ზუსტად როდის გაიგო პოლიციამ, რომ ის იყო ჟურნალისტი. შემდეგ, რაიონულმა სასამართლომ იგიპოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დამნაშავედ ცნო, მაგრამ გადაწყვიტა, არ დაეკისრებინა სასჯელი. აღნიშული გადაწყვეტილება არ შეცვლილა მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდეგ, ხოლო შემდგომ უზენაესმა სასამართლომ თქვა უარი მომჩივნის საჩივარზე.

სამართალი – მუხლი 10: მომჩივნის დაკავება და ბრალდება უნდა ჩაითვალოს, როგორც მისი გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა, რომელიც იყო „კანონით განსაზღვრული“ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და უწესრიგობის და დანაშაულის აღკვეთის ლეგიტიმურ მიზანთან შესაბამისი. რაც შეეხება პროპორციულობას, მომჩივანს რამდენჯერმე მიეცა  შესაძლებლობა, გაეშუქებინა მოვლენა ადეკვატურად. მაგალითად, ის არანაირად არ იყო შეზღუდული, გადაეღო ფოტოები დემონსტრაციისთვის და მან უარი თქვა თავის უფლებაზე, გამოეყენებინა პრესისთვის გამოყოფილი უსაფრთხო ზონა, გადაწყვიტა-რა ნაცვლად დარჩენისა, დამდგარიყო დემონსტრანტების გვერდით, დაშლის ბრძანების გაცემის შემდგომაც კი. მაშასადამე, მომჩივნის ჟურნალისტური თავისუფლების გამოყენებაში ჩარევა განხორციელდა მხოლოდ შეზღუდული მოცულობით. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი მსჯავრდებით სანქცირებული ქმედება არ იყო მომჩივნის ჟურნალისტური საქმიანობა როგორც ასეთი, არამედ მისი უარი, დამორჩილებულიყო პოლიციის ბრძანებას დემონსტრაციის დასრულებისას, რომელიც პოლიციამ დააკვალიფიცირა, როგორც არეულობა. იმის შეფასებისას, რამდენად იყო ასეთი ჩარევა „აუცილებელი“, დამაჯერებლად დადგენილი შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ, სასამართლო აღნიშნავს, რომ პრესისთვის განცალკევებული, უსაფრთხო ზონის შექმნით ხელისუფლების ორგანოები ადასტურებდნენ, რომ დემონსტრაცია იქნებოდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და რომ არსებობდა მის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების გამამართლებელი საფუძვლები. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა გააანალიზეს აღნიშნული საკითხი მე-10 მუხლის მიხედვით, დააბალანსეს-რა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების უფლება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და დაადგინეს, რომ სახეზე იყო გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროება, გაეტარებინათ გასაჩივრებული ღონისძიებები მომჩივნის წინააღმდეგ. კერძოდ, არეულობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო, რომ ბრბო დაშლილიყო და ხალხსაც ამიტომ ებრძანა, დაეტოვებინათ ადგილი. რაც შეეხება მომჩივნის მსჯავრდების საკითხს, არანაირი სასჯელი არ იყო დაკისრებული და არც მის ნასამართლეობის ცნობაში გაკეთებულა რაიმე ჩანაწერი. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებში სახელმწიფოთათვის მინიჭებული შეფასების ზღვარის გათვალისწინებით, ჩანს, რომ შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა წარმოადგინეს სათანადო და საკმარისი მიზეზები, რათა გაემართლებინათ მომჩივნის მსჯავრდება და, მაშასადამე,  დაეცვათ სამართლიანი ბალანსი შეპირისპირებულ ინტერესებს შორის.

დასკვნა: არ დარღვეულა (ხუთი ხმით ორი ხმის წინააღმდეგ).

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes