ბეკოსი და კუტროპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ

Bekos and Koutropoulos v. Greece

საჩივრის ნომერი - 15250/02    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - საბერძნეთი

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 13/03/2006

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი

არ დაგინდა დაირღვა კონვენციის მე-14+3 მუხლი

განსხვავებული აზრი: კი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 14) დისკრიმინაცია

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) არა ადამიანური მოპყრობა

(მუხლი 13) ეფექტური მისაგებლის უფლება

(მუხლი 13) ეფექტიანი მისაგებელი

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება

                                                                                                                             

საქმეზე ბეკოსი და კუტროპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ,

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:

სერ ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი,

ჯ. კასადევალი,

ც.ლ. როზაკისი,

გ. ბონელო,

რ. მარუსტე,

ს. პავლოვში,

ჯ. ბორეგო ბორეგო, მოსამართლეები

და მ. ო’ბოილი, სექციის რეგისტრატორი, 

იმსჯელა განმარტოებით 2005 წლის 29 ნოემბერს და იმავე დღეს გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება:

 

პროცედურა

1. საქმე დაიწყო განაცხადით (no. 15250/02) საბერძნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს წარუდგინა ორმა ბერძენმა მოქალაქემ ბოშათა ეთნიკური ჯგუფიდან, ბ-ნმა ლაზაროს ბეკოსმა და ბ-ნმა ელეფთერიოს კუტროპულოსმა („განმცხადებლები“) 2002 წლის 4 აპრილს, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის თანახმად.

2. განმცხადებლებს წარმოადგენდა ბოშათა უფლებების ევროპული ცენტრი – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს უწევს ბოშათა უფლებების მდგომარეობას ევროპაში და საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორი – ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. საბერძნეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდნენ მისი აგენტის დელეგატები, ბ-ნი ვ. კირიაზოპულოსი, სახელმწიფოს იურიდიული საბჭოს მრჩეველი, და ქ-ნი ვ. პელეკუ, სახელმწიფოს იურიდიული საბჭოს თანაშემწე.

3. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი დაექვემდებარნენ პოლიციის სასტიკ მოპყრობას და ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა შემთხვევის სათანადო გამოძიება, კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევით. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ სადავო მოვლენები მოტივირებული იყო რასისტული სტერეოტიპებით, კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით.

4. განაცხადი გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). ამ სექციის ფარგლებში შედგა პალატა, როგორც ამას ითვალისწინებს რეგლამენტის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომელსაც უნდა განეხილა საქმე (კონვენციის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტი).

5. 2004 წლის 1 ნოემბერს სასამართლომ შეცვალა მისი სექციების შემადგენლობა. ეს საქმე გადაეცა ახლად შექმნილ მეოთხე სექციას (რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი).

6. 2004 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ განაცხადი მიიჩნია არსებით განხილვაზე დაშვებულად.

7. განმცხადებლებმა და მთავრობამ,ორივემ, წარმოადგინეს არგუმენტები საქმის არსებით მხარეებზე (რეგლამენტის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტი).

 

ფაქტები

8. განმცხადებლები, რომლებიც არიან საბერძნეთის მოქალაქეები, ეთნიკური ბოშები, დაიბადნენ 1980 წელს და ცხოვრობენ მესოლონგში (დასავლეთი საბერძენეთი).

I.  საქმის გარემოებები

a) მოვლენების აღწერა

9. 1998 წლის 8 მაისს, დაახლოებით, 00:45 საათზე, მესოლონგის პოლიციის განყოფილების პატრულის მანქანამ მოახდინა რეაგირება სატელეფონო საჩივარზე, რომლის თანახმადაც, იყო ჯიხურის გაძარცვის მცდელობა. სატელეფონო ზარი განახორციელა ჯიხურის მფლობელის – ბ-ნ პავლაკისის – შვილიშვილმა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ამ უკანასკნელმა ნახა პირველი განმცხადებელი, რომელიც ცდილობდა ჯიხურის გატეხას რკინის ბარით, ხოლო მეორე განმცხადებელი ამ დროს ზვერავდა გარემოს. ის შეეტაკა მეორე განმცხადებელს, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ბ-ნმა პავლაკისმა მას მუშტი უთავაზა სახეში.

10. ამ ეტაპზე მოვიდა პოლიციის სამი ოფიცერი: ბ-ნი სომპოლოსი, ბ-ნი ალექსოპულოსი და ბ-ნი განავიასი. პირველი განმცხადებელი აცხადებდა, რომ თავდაპირველად მას ბორკილებით შეუკრეს ხელები, მაგრამ არ უცემიათ. შემდეგ, პოლიციის ოფიცერმა მოხსნა ხელბორკილები და არაერთხელ ჩაარტყა ხელკეტი ზურგსა და თავში. მან ცემა შეწყვიტა მხოლოდ მაშინ, როცა პირველმა განმცხადებელმა უთხრა, რომ სამედიცინო პრობლემა ჰქონდა და თავბრუსხვევა დაეწყო.

11. დაკავების შემდეგ, განმცხადებლები წაიყვანეს მესოლონგის პოლიციის განყოფილებაში, სადაც იმყოფებოდნენ ოფიცრები – ციკრიკასი, ავგერისი, ზალოკოსტასი, სკუტასი და კამინატოსი. პირველმა განმცხადებელმა განაცხადა, რომ როცა ის მიჰყავდათ მის საკანში, ერთმა ოფიცერმა ორჯერ ჩაარტყა ხელკეტი, ხოლო მეორემ შემოულაწუნა სახეში.

12. 10:00 საათზე პირველი განმცხადებელი შეიყვანეს დაკითხვების ოთახში, სადაც, სავარაუდოდ, პოლიციის სამმა ოფიცერმა მუშტი ჩაარტყა მუხლსა და ზურგში, რამდენადაც ცდილობდნენ მოეპოვებინათ აღიარება სხვა დანაშაულების შესახებ და ინფორმაცია – თუ ვინ იყო დაკავებული ნარკოტიკებით იმ არეალში. პირველი განმცხადებლის თქმით, პოლიციის ოფიცრები რიგ-რიგობით სცემდნენ მას, ურტყამდნენ მთელ სხეულზე. პირველმა განმცხადებელმა შემდეგ განაცხადა, რომ ერთმა ოფიცერმა სცემა იმ რკინის ბარით, რომელსაც იყენებდა ქურდობისას. მან აღნიშნა, რომ ამ ოფიცერმა ის მიაყენა კედელთან, ახრჩობდა რკინის ბარით და ემუქრებოდა გაუპატიურებით, ყვიროდა: „მე შენ მოგტ...“, ცდილობდა რა, ჩაეხადა მისთვის შარვალი.

13. მეორე განმცხადებელმა თქვა, რომ ისიც აწამეს დაკითხვისას. დილით ადრე ერთმა ოფიცერმა ზურგზე ხელკეტით სცემა და მუცელშიც ჩაარტყა, მოგვიანებით იგი ისევ დაბრუნდა მის კიდევ ერთხელ საცემად. შემდგომში, მეორე განმცხადებელმა ამოიცნო ეს ოფიცერი – ბ-ნი ციკრიკასი. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ პოლიციის ოფიცრებმა „ხელკეტი შეუდეს უკანა ტანში, ხოლო შემდეგ ეს ხელკეტი მიუტანეს სახესთან და ეკითხებოდნენ, როგორი სუნი ჰქონდა მას.“

14. განმცხადებლებმა თქვეს, რომ მათ ესმოდათ ერთმანეთის კვნესა და ტირილი დაკითხვის დროს. პირველმა განმცხადებელმა ეროვნული სასამართლოს წინაშე განაცხადა: „მე მესმოდა კუტროპულოსის ტირილი მეორე ოთახიდან“. მეორე განმცხადებელმა თქვა: „მე ვკვნესოდი და ვტიროდი, როცა ისინი მირტყამდნენ. მესმოდა ბეკოსის ტირილისა და კვნესის ხმაც“. მათ ასევე განაცხადეს, რომ არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ახსენებდნენ რა მათ ბოშურ წარმომავლობას. წერილობით ჩვენებაში, რომელიც თარიღდება 1998 წლის 3 ივლისით, პირველი განმცხადებელი ამბობს საზოგადოებრივი პროკურორის წინაშე, რომ ოფიცერი, რომელიც ახრჩობდა რკინის ბარით, ეუბნებოდა: „ეი, ბიჭები, თქვენ მოგიტ... დები“ და „თქვენი დედები მოტ... სხვებმა“ (იხ. აგრეთვე 25-ე პუნქტი ქვემოთ).

15. მთავრობა აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ განმცხადებლებზე ფიზიკურად ძალადობდნენ ან მათ მიაყენეს შეურაცხყოფა რასობრივ ნიადაგზე პოლიციაში დაკავებისას. 

16. განმცხადებლები დაკავებულნი იყვნენ 1998 წლის 9 მაისის დილამდე. 11:00 საათზე ისინი წარუდგინეს მესოლონგის საზოგადოებრივ პროკურორს. პირველ განმცხადებელს ბრალი წაუყენეს ქურდობის მცდელობისათვის, ხოლო მეორეს –თანამზრახველობისათვის. საზოგადოებრივმა პროკურორმა დანიშნა სასამართლო განხილვის დღე და განმცხადებლები გაუშვა. 1999 წლის ნოემბერში განმცხადებლებს მიუსაჯეს პატიმრობა 30 და 20 დღით, რაც თითოეულ შემთხვევაში გადაიდო სამი წლით.

17. 1998 წლის 9 მაისს განმცხადებლებმა მიმართეს რეგიონულ საავადმყოფოს მათი დაზიანებების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობისათვის. თუმცა, პრაქტიკანტმა, რომელიც საავადმყოფოში დახვდათ, მხოლოდ ის აღმოაჩინა, რომ ორივეს ჰქონდა ჩალურჯებები.დაზიანებების უფრო დამარწმუნებელი ცნობის მისაღებად, განმცხადებლებმა მიმართეს სასამართლო ექიმს პატრაში. ამ უკანასკნელმა 1998 წლის 9 მაისის თარიღით გასცა სამედიცინო ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ განმცხადებლებს ჰქონდათ „სხეულის ზომიერი დაზიანებები, მიღებული გასული 24 საათის განმავლობაში და გამოწვეული ბლაგვი იარაღით“... კერძოდ, პირველ განმცხადებელს ჰქონდა „ორი მუქი წითელი, (თითქმის შავი) ერთმანეთის პარალელური ჩალურჯება, გარშემო დაუზიანებელი კანის არეალით, დაახლოებით 10 სმ სიგრძის, მარცხენა მხრის სახსრიდან დელტოიდური კუნთისა და მარჯვენა მხრის სახსრის არემდე. იგი უჩივის ტკივილს მუხლის სახსარში, ასევე, მარცხენა პარიეტალურ ზონაში“. მეორე განმცხადებელს ჰქონდა „მრავლობითი მუქი წითელი (თითქმის შავი), პარალელური „ორმაგი“ ჩალურჯებები, გარშემო დაუზიანებელი კანის არეალით, დაახლოებით 12 სმ სიგრძის, მარცხენა მხრის სახსრიდან იღლიის უკანა ნაწილის გასწვრივ, მხრის ბრტყელი ძვლის დაბალ წვერომდე. ასევე ჩალურჯება, დაახლოებით 5 სმ, ზემოხსენებული ფერის – მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე, და ამავე ფერის ჩალურჯება, დაახლოებით 2 სმ,მარჯვენა მაჯის სახსართან. იგი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა პარიეტალურ ზონაში და ტკივილს შუა ნაწილში. იგი უჩიოდა, რომ გაგლეჯილი ჰქონდა მარჯვენა მუხლის მენისკი, სტკიოდა მუხლი გადაადგილებისას და უჭირდა მოძრაობა“. განმცხადებლებმა სასამართლოს წარუდგინეს გათავისუფლების დღეს გადაღებული სურათები, რომლებზეც ჩანდა მათიდაზიანებები. მთავრობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ სურათების ავთენტიკურობა და განაცხადა, რომ ისინი თავდაპირველად ეროვნული სასამართლოებისათვის უნდა წარედგინათ. ასევე დაეჭვდა იმ სასამართლოს ექიმის სანდოობაში, რომელმაც განმცხადებლები გასინჯა, და განაცხადა, რომ ის გასამართლებული იყო ცრუ ჩვენებისათვის.

18. 1998 წლის 11 მაისს საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორმა და საბერძნეთის უმცირესობათა უფლებების დაცვის ჯგუფმა ერთობლივი ღია წერილი გაუგზავნეს საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროს, სადაც აპროტესტებდნენ მომხდარ ფაქტს. წერილი, სათაურით – „თემა: პოლიციის ოფიცერთა მხრიდან ახალგაზრდა ბოშების (ჯიფსების) მიმართ არასათნადო მოპყრობის ფაქტი“, აცხადებდა, რომ ზემოხსენებულ ორგანიზაციათა წევრები საბერძნეთის ბოშათა ბანაკებში ხანგრძლივი ვიზიტებისას ეკონტაქტებოდნენ ორ მსხვერპლს და შეაგროვეს, დაახლოებით, ოცდაათი განცხადება ბოშების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის მსგავს შემთხვევებზე. საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორისა და საბერძნეთის უმცირესობათა უფლებების დაცვის ჯგუფის ანგარიშები მოუწოდებენ პირადად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრს, რომ უზრუნველყოს შემთხვევის დაუყოვნებელი გამოძიება და ამ საქმეში ჩართული პოლიციელების დასჯა. მათ გამოთქვეს აზრი, რომ ზუსტი და დეტალური მითითებები უნდა მიეცეს პოლიციის ყველა განყოფილებას ქვეყანაში პოლიციის მხრიდან ბოშების მოპყრობასთან დაკავშირებით. ანგარიში შემთხვევის შესახებ შემდეგ გამოქვეყნდა რამდენიმე ბერძნულ გაზეთში.

b) შემთხვევის ადმინისტრაციული გამოძიება

19. 1998 წლის 12 მაისს, უპასუხა რა წარმოშობილ საზოგადოებრივ ინტერესს, საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრმა დაიწყო საქმის არაფორმალური მოკვლევა.

20. მას შემდეგ, რაც შემთხვევას მოჰყვა დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, საბერძნეთის პოლიციის ქვეგანყოფილებებმა მოითხოვეს, რომ შიდა გამოძიება შეცვლილიყო ადმინისტრაციული მოკვლევით – ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით (Ενορκη Διοικητική Εξέταση) – რომელიც დაიწყო 1998 წლის 26 მაისს.

21. ანგარიში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ადმინისტრაციული მოკვლევის დასკვნებზე გამოვიდა 1999 წლის 18 მაისს. იგი გამოყოფს ოფიცრებს, რომლებმაც დააკავეს განმცხადებლები და მათ ქცევას მიიჩნევს „კანონიერად და სათანადოდ“. ის ასკვნის, რომ პოლიციის ორი ოფიცერი, ბ-ნი ციკრიკასი და ბ-ნი ავგერისი, განმცხადებლებს ეპყრობოდნენ „განსაკუთრებული სისასტიკით მათი პატიმრობისას“. ანგარიშში ნათქვამია, რომ პირველმა განმცხადებელმა ამოიცნო აღნიშნული ოფიცრები თავის 1998 წლის 30 ივნისისა და 23 ოქტომბრის წერილობით ჩვენებებში, ხოლო მეორე განმცხადებელი ასევე თანმიმდევრულად და არაერთხელ იმეორებდა გამოძიების მანძილზე, რომ ბ-ნი ციკრიკასი იყო ის პოლიციელი, რომელიც უპატიოდ ეპყრობოდა მას.

22. უფრო კონკრეტულად, დადგინდა – ბ-ნმა ციკრიკასმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა განმცხადებელს იმით, რომ სცემდა ხელკეტით და/ან ურტყამდა მუცელში. გარდა ამისა, დადგინდა, რომ მართალია, ორმა ოფიცერმა უარყო განმცხადებელთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა ლოგიკურად და დამაჯერებლად, თუ „სად და როგორ მიიღეს მსჯავრდებულებმა დაზიანებები, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ექიმის დასკვნით, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა იმ დროს, როცა ისინი იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში“.

23. შედეგად, რეკომენდებული იყო, რომ ბ-ნების: ციკრიკასისა და ავგერისის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ადმინისტრაციული სასჯელი „სამუშაო ადგლიდან დროებით ჩამოშორების“ სახით. მოკვლევამ გაამართლა პოლიციის დანარჩენი ოფიცრები, რომლებიც ამოიცნეს განმცხადებლებმა. ზემოთ მოცემული რეკომენდაციის მიუხედავად, არც ციკრიკასი და არც ავგერისი არასოდეს გაუთავისუფლებიათ.

24. 1999 წლის 14 ივლისს საბერძნეთის პოლიციის უფროსმა ბ-ნ ციკრიკასს დააკისრა ჯარიმის გადახდა 20,000 დრაჰმის (ნაკლებია 59 ევროზე) ოდენობით– იმის გამო, რომ „არ მიიღო სათანადო ზომები, რათა თავიდან აეცილებინა სასტიკი მოპყრობა მის დაქვემდებარებულ პირთა მხრიდანთავისუფლებააღკვეთილთა მიმართ“. საბერძნეთის პოლიციის უფროსმა გაიგო, რომ განმცხადებლებს არასათანადოდ მოეპყრნენ. მან განაცხადა, რომ „თავისუფლებააღკვეთილებიპოლიციის ოფიცრებმა სცემეს დაკავებისას... და მიაყენეს სხეულის დაზიანებები“.

c) სისხლის სამართალწარმოება პოლიციის ოფიცრების მიმართ

25. 1998 წლის 1 ივლისს, განმცხადებლებმა და პირველი განმცხადებლის მამამ სისხლის სამართლის საჩივარი აღძრეს მესოლონგის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილისა და სხვა „პასუხისმგებელ“ ოფიცერთა მიმართ.

26. 1998 წლის 3 ივლისს პირველმა განმცხადებელმა მისცა წერილობითი ჩვენება მისივე გაცხადებული არასათანადო მოპყრობის შესახებ. იგი აღნიშნავდა, რომ დაკავებისას მას თავში ურტყამდა ხელკეტით „მაღალი, ქერა“ პოლიციელი, რომელმაც სცემა პოლიციის განყოფილებაშიც და, ასევე, შეურაცხყოფა მიაყენა რასობრივ ნიადაგზე (იხ. მე-14 პუნქტი).

27. 1998 წლის 18 დეკემბერს მესოლონგის საზოგადოებრივმა პროკურორმა სთხოვა გამომძიებელ მოსამართლეს, ჩაეტარებინა შემთხვევის (προανάκριση) წინასწარი მოკვლევა. დასკვნები შემდეგ გადაეგზავნა პატრას სააპელაციო სასამართლოს პროკურორს. 2000 წლის იანვარში პატრას სააპელაციო სასამართლომ მოითხოვა შემთხვევის ოფიციალური სასამართლო მოკვლევა (κύρια ανάκριση).

28. 1999 წლის 27 იანვარს და 2000 წლის 1 თებერვალს პირველმა განმცხადებელმა განაცხადა, რომ პოლიციის ოფიცერთა ქცევა „არც ისე ცუდი იყო“, რომ მას სურდა „ამ ისტორიის დასრულება“ და სულაც არ ესწრაფვოდა „პოლიციის ოფიცერთა დასჯას“. იმავე დღეს მეორე განმცხადებელმა გაიმეორა, რომ მას სცემა ბ-ნმა ციკრიკასმა, მაგრამ მისი თქმით, პოლიციის ოფიცერთა ქცევა იყო „სამართლებრივად ცუდი“ და არ სურდა მათი გასამართლება. მან ბოდიში მოუხადა ჯიხურის მფლობელს და აღნიშნა, რომ უნდოდა „ამ ისტორიის დასრულება“, რადგან აპირებდა ჯარში მსახურებას და სურდა „უსაფრთხოდ ყოფნა“.

29. 2000 წლის 31 აგვისტოს მესოლონგის საზოგადოებრივმა პროკურორმა გასცა რეკომენდაცია, რომ პოლიციის სამი ოფიცერი – ბ-ნი ციკრიკასი, ბ-ნი კამინატოსი და ბ-ნი სკუტასი – გაესამართლებინათ დაკითხვის დროს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისათვის.

30. 2000 წლის 24 ოქტომბერს მესოლონგის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს ბრალმდებელმა პალატამ (ΣυμβούλιοΠλημμελειοδικών) ბ-ნი ციკრიკასი წარუდგინა სასამართლოს (committed for trial). მან დაადგინა: „მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ბ-ნი ციკრიკასი არასათანადოდ მოეპყრო [განმცხადებლებს] წინასწარი დაკითხვისას, რათა მიეღო აღიარებითი ჩვენება ქურდობის მცდელობასა... და რაიმე მსგავს გაუხსნელ დანაშაულზე, რომელიც მათ ჩაუდენიათ წარსულში“. ბრალმდებელმა პალატამ კიდევ განაცხადა, რომ ბ-ნმა ციკრიკასმა ვერ წარმოადგინა დამარწმუნებელი ახსნა-განმარტება, თუ როგორ მიიღეს სხეულის დაზიანებები დაკითხვისას და აღნიშნა, რომ ორივე განმცხადებელმა მორიდების გარეშე დაადო ხელი ბ-ნ ციკრიკასს, როგორც ოფიცერს, რომელიც არასათანადოდ მოეპყრო მათ. მეორე მხრივ, გადაწყვიტა, რომ სისხლის სამართლებრივი ბრალდება მოეხსნათ ბ-ნი კამინატოსისა და ბ-ნი სკუტასისათვის, რადგან არ დადგინდა, ესწრებოდნენ თუ არა ისინი მომხდარს (საბრალდებო დასკვნა no. 56/2000).

31. ბ-ნი ციკრიკასის საქმის სასამართლო განხილვა გაიმართა 2001 წლის 8 და 9 ოქტომბერს პატრას სამწევრიან სააპელაციო სასამართლოში. სასამართლომ მოუსმინა რამდენიმე მოწმეს და განმცხადებლებს, რომლებმაც გაიმეორეს თვიანთი ბრალდება არასათანადო მოპყრობის შესახებ (იხ. ზემოთ მე-10-14 პუნქტები). სხვებთან ერთად, სასამართლომ მოუსმინა ბ-ნ დიმიტრასს, საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორის წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს საბერძნეთში ბოშების მდგომარეობას და რომ ამ შემთხვევის შესახებ მას უამბეს ბოშების/ჯიფსების ბანაკში ვიზიტისას. მან განაცხადა, რომ შეაძრწუნადაზიანებებმა განმცხადებლის სხეულზე და რომ ეს უკანასკნელი თავდაპირველად შიშობდა საჩივრის აღძვრას პოლიციის ოფიცრების მიმართ. ბ-ნი დიმიტრასი ასევე შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორმა განახორციელა განმცხადებელთა დასახმარებლად. სხვა დოკუმენტებთან ერთად, სასამართლომ ასევე წაიკითხა საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორისა და საბერძნეთის უმცირესობათა უფლებების დაცვის ჯგუფის ღია წერილი საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრისადმი (იხ. ზემოთ, მე-17 პუნქტი).

32. 2001 წლის 9 ოქტომბერს სასამართლომ დაადგინა: არ იყო არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბ-ნი ციკრიკასი მონაწილეობდა რაიმე სახის შეურაცხყოფაში და იგი აღიარა უდანაშაულოდ (გადაწყვეტილებაno. 1898/2001). კერძოდ, სასამართლომ, პირველ რიგში, განიხილა ის გარემოებები, რომლებიც ახლდა განმცხადებლების დაკავებას, და საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორის წევრების შემდგომი ჩართულობა საქმეში, აღნიშნა რა მათი როლი უმცირესობათა უფლებების სავარაუდო დარღვევების მონიტორინგში. ასევე, გაითვალისწინა სასამართლოს ექიმის დასკვნა და სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

„...საყოველთაო აღიარებით, მეორე განმცხადებელი და ბ-ნი პავლაკისი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლებს ეცვათ თხელი სამოსი, ლოგიკური იყო მათი დაზიანება დაკავებისას გამართული ჩხუბის დროს. თუნდაც განმცხადებელთა დაზიანებები გამოეწვიათ პოლიციის ოფიცრებს, არ არის დამტკიცებული, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ამ პროცესში ამა თუ იმ გზით, რადგან ის არ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, როცა განმცხადებლები იქ მიიყვანეს და არ უკონტაქტია მათთან, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში მისვლიდან. 1998 წლის 3 ივლისის წერილობით ჩვენებაში პირველმა განმცხადებელმა განაცხადა, რომ დაკავებისას იგი ხელკეტით სცემა მაღალმა, ქერა პოლიციის ოფიცერმა (ეს აღწერილობა არ შეესაბამება ბრალდებულის გარეგნულ შტრიხებს) და იმავე ოფიცერმა სცემა იგი წინასწარი პატიმრობისას. ამასთან, ბრალდებული არ ესწრებოდა განმცხადებელთა დაკავების პროცესს. თუ განმცხადებლები მართლაც სცემეს პოლიციის ოფიცრებმა წინასწარი პატიმრობისას, მათ ამის შესახებ უნდა ეცნობებინათ ნათესავებისათვის, რომლებიც იმავე ღამით მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში. აქედან გამომდინარე, ბრალდებული არ უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ“.

33. საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, განმცხადებლები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობდნენ როგორც სამოქალაქო მხარეები, ვერ შეძლებენ ამ გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრებას.

 

II. საერთაშორისო ორგანიზაციათა ანგარიშები ბოშების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ

34. ევროპის საბჭოს ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (European Commission against Racism and Intolerance at the Council of Europe (ECRI)) თავის ანგარიშში ქვეყნების მიხედვით, გამოხატავდა შეშფოთებას რასობრივი მოტივით პოლიციის ძალადობის გამო– კერძოდ კი ბოშების მიმართ – რიგ ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის, ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

35. ევროპის კავშირის (EU) ფუნდამენტურ უფლებებშიდამოუკიდებელ ექსპერტთა ქსელი ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში ვითარება ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში ფუნდამენტურ უფლებათა განხრით 2012 წელს inter aliaაღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან ბოშებისა და სხვა მსგავს ჯგუფთა მიმართ უპატიო მოპყრობა, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალის გადამეტებული გამოყენება, აღინიშნება ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოში, როგორიცაა ავსტრია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია და პორტუგალია.

36. 1999 წლის 10 დეკემბერს მიღებულ ანგარიშში საბერძნეთის შესახებ (გამოქვეყნდა 2000 წლის 27 ივნისს) ECRI-მ inter alia აღნიშნა:

„26. თანმიმდევრულად აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში პოლიცია ხშირად ძალიან ცუდად ექცევა ბოშებს/ჯიფსებს, ალბანელებსა და სხვა იმიგრანტებს. კერძოდ, ბოშები/ჯიფსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ხდებიან გადამეტებული ძალის გამოყენების რასაც ზოგჯერ სიკვდილის მოჰყვება არასათანადო მოპყრობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლნი. ფართოდაა გავრცელებული ამ ჯგუფების წევრთა დისკრიმინაციული შემოწმება. უმეტეს შემთხვევაში, ასეთ საქმეებს მცირედით იძიებენ და გამოძიების შედეგებიც დიდად გამჭვირვალე არ არის. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლი არ ასაჩივრებს მომხდარს, ხოლო როცა ჩივის სასამართლოში, მას ზოგჯერ აიძულებენ, გამოიტანოს საჩივარი. ECRI ხაზს უსვამს, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ გაუმჯობესდეს კონტროლის შიდა და გარე მექანიზმები იმ საჩივრების პასუხზე, რომლებიც აღძრულიაპოლიციის მხრიდან უმცირესობათა ჯგუფების წევრებისადმიvis a vis ცუდად მოპყრობის ფაქტებზე. ამასთან დაკავშირებით, ECRI ინტერესით აღნიშნავს საგანგებო ორგანოს შექმნის ფაქტს, რომლის მოვალეობაცაა შეისწავლოს საჩივრები პოლიციის მხრიდან ცუდად მოპყრობის განსაკუთრებით სერიოზულ შემთხვევებზე. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს მისი დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა ჯგუფების მხრიდან ხელმისაწვდომობის აუცილებლობას.

27. ECRI ასევე მოუწოდებს საბერძნეთის ხელისუფლებას, გაიღოს ძალისხმევა პოლიციისათვის შესავალი და მიმდინარე ტრენინგების ჩასატარებლად, სადაც მათ გააცნობს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციულ სტანდარტებს. დამატებითი ძალისხმევა სჭირდება უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა სამუშაოდ აყვანასა და მათ სტაბილურად ყოფნასპოლიციაში...

...

31. როგორც ECRI აღნიშნავს თავის პირველ ანგარიშში, ბოშების/ჯიფსების მოსახლეობა საბერძნეთში ყველაზე მოწყვლადია არახელსაყრელი პირობების, გარიყულობისა და ბევრ სფეროში დისკრიმინაციის გამო...

...

34. აღნიშნავენ, რომ ბოშები/ჯიფსები ასევე განიცდიან დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში... ისინი ხშირად განიცდიან დისკრიმინაციულ მოპყრობას და, ზოგჯერ, ძალადობასა და შეურაცხყოფას პოლიციის მხრიდან...“

37. 2003 წლის 5 დეკემბერს მიღებულ მესამე ანგარიშში საბერძნეთის შესახებ (გამოქვეყნდა 2004 წლის 8 ივნისს), ECRI inter alia აღნიშნავს:

„67. ECRI შეშფოთებით აღნიშნავს, რომ საბერძნეთის შესახებ მეორე ანგარიშის მიღების შემდეგ ბოშათა მდგომარეობა საბერძნეთში ფუნდამენტურად უცვლელია და ისინი, მთლიანობაში, იმავე პრობლემების წინაშე დგანან დისკრიმინაციის ჩათვლით დასახლების, დასაქმების, განათლებისა და საჯარო სამსახურების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით...

...

69. ECRI მიესალმება იმ ფაქტს, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საბერძნეთში ბოშათა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. მან შექმნა უწყებათაშორისი კომიტეტი ბოშათა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად...

70. ... ECRI მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლებები უარს ამბობენ ქმედებებზე ბოშათა ინტერესების დასაცავად, როცა მათ ავიწროებენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის ასევე მნიშნელოვანია, რომ არ მიანიჭონ მათ იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე ეს კანონმდებლობით გარანტირებულია ბოშათა თემის წევრებისათვისიმავე მოცულობით, როგორც სხვა ბერძენი მოქალაქეებისათვის...

...

105. ECRI გამოხატავს შეშფოთებას არასათანადო მოპყრობის სერიოზული დარღვევების გამო უმცირესობათა ჯგუფების წევრთა მიმართ, როგორებიც არიან ბოშები და ლეგალური თუ არალეგალური იმიგრანტები. არასათანადო მოპყრობა შეიძლება იყოს სხვადასხვა ქცევა დაწყებული რასისტული შეურაცხყოფიდან, ფიზიკური ძალადობით დამთავრებულიდა გვხვდება როგორც დაკავების, ასევე პატიმრობისას. ECRI განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ ფართოდაა გავრცელებული იარაღის არასათანადო გამოყენება, რასაც ზოგჯერ სიკვდილიც მოჰყვება. არანაკლებ შეშფოთებულია მცირეწლოვანთა არასათანადო მოპყრობით, ასევე იმით, რომ არამოქალაქეებს სამართლებრივი პროცედურების მიღმა ტოვებენ.

106. საბერძნეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ისინი ყურადღებით უწევენ მონიტორინგს არსებულ ვითრებას და მოქმედებს მექანიზმები ეფექტიანი რეაგირებისათვის ამგვარ შეურაცხყოფაზე. მაგალითად, 1999 წელს დაარსდა საბერძნეთის პოლიციის შინაგან საქმეთა დირექტორატი, რომელიც პასუხისმგებელია გამოძიების წარმართვაზე, კერძოდ, წამებისა და ადამიანური ღირსების დარღვევის ფაქტების გამოძიებაზე. პოლიცია კერძოდ, პოლიციის ოფიცრები, რომლებიც სხვა განყოფილებაში მუშაობენ, ეჭვმიტანილი პირის მსგავსად და გამოძიების მხარე თანაბრად არიან კომპეტენტურნი ამ საკითხებში და უნდა აცნობონ ზემოხსენებულ ორგანოს, როცა საქმე აქვთ შემთხვევებთან, რომლებშიც ჩართულია პოლიციის ოფიცერი. ომბუდსმენიც უფლებამოსილია, მოთხოვნისამებრ ან ex officio გამოიძიოს პოლიციის მხრიდან ცუდად მოპყრობის დარღვევები, მაგრამ მას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის უფლება აქვს, სათანადო ზომების მისაღებად. ECRI მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს მთავარმა პროკურორმა ბოლო დროს შეახსენა მის დაქვემდებარებაში მყოფთ: აუცილებელია პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის განსაკუთრებით, არამოქალაქეების მიმართ აღმოფხვრა და გამოძიება სათნადო სიმკაცრით. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ არასათნადო მოპყრობა, უმთავრესად, განპირობებულია მძიმე ვითარებით დაკავების იზოლატორებში. ECRI კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ სამართალდამცველთა საქმეები არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოიძიეს და, ზოგიერთ შემთხვევაში, დამნაშავეები დასაჯეს. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დარგშიყურადღებას მიაპყრობენ სხვა შემთხვევებს, როცა ძალადობაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები დაუსჯელნი რჩებიან და მათი საქმეების გამოძიება უშედეგოდ მთავრდება, ზოგჯერ კი არც იწყება. ECRI მწუხარებას გამოთქვამს ამგვარი ვითრების გამო და იმედოვნებს, რომ მსგავსი ქმედება არ იქნება შეწყნარებული“.

38. ბოშათა უფლებების ევროპული ცენტრისა (ERRC) და საბერძნეთის ჰელსინკის კავშირის (GHM) ერთობლივ ანგარიშში („წმენდის ოპერაცია ბოშათა გარიყვა საბერძნეთში“ („Cleaning Operations – Excluding Roma in Greece”),გამოქვეყნდა 2003 წლის აპრილში), რომელშიც წარმოდგენილნი არიან წინამდებარე საქმის განმცხადებლები, inter aliaნათქვამია:

“ERRC/GHM, უწევს რა მონიტორინგს პოლიციას საბერძნეთში ბოლო ხუთი წლის მანძილზე, მიიჩნევს, რომ პოლიციის დაწესებულებებში გავრცელებულია ბოშათა მიმართ არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, ფიზიკური და რასისტული ხასიათის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ხელისუფლება უარყოფს ბოშათა მიმართ არასათანადო მოპყრობის რასისტულ მოტივაციას, თავად ბოშები ERRC/GHM-თან საუბარში ადასტურებენ, რომ პოლიციის ოფიცრები სიტყვიერად შურაცხყოფდნენ მათ, მიმართავდნენ რა რასისტული ეპითეტებით.

ანტიბოშური განწყობა პოლიციის ოფიცრებს შორის ხშირად იწვევს მათი მხრიდან ბოშათა შევიწროებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, უკანონო დაკავებასა და პატიმრობას. პოლიციის მხრიდან ბოშათა შურაცხყოფის ზოგიერთ შემთხვევაში, ოფიცრების მიერ რასობრივი ეპითეტების გამოყენება აჩვენებს, რომ რასობრივი სტერეოტიპები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბოშათა მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში პოლიციის ოფიცერთა მხრიდან...“

 

III. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

39. საბერძნეთის კონსტიტუციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საბერძნეთის სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი და „უპირველესი ვალდებულებაა“ „ადამიანის ყოფიერების ღირებულება“.

40. კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამგვარად იკითხება:

„საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს მისი სიცოცხლის სრული დაცვით, პატივითა და თავისუფლებითმიუხედავად მისი ეროვნებისა, რასისა ან ენისა და რელიგიური თუ პოლიტიკური რწმენისა. გამონაკლისი შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ შემთხვევებში...“

კანონი no. 927/1979 (შესწორებული კანონით no. 1419/1984 დაკანონით no. 2910/2001) მთავარი კანონმდებლობაა, რომელიც აღკვეთს რასობრივ ან რელიგიურ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ქმედებებსა ან საქმიანობებს.

 

IV. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი

41. ევროპის კავშირის საბჭოს 2000 წლის 29 ივნისის დირექტივა, რომელიც ითვალისწინებს ადამიანების თანასწორი მოპყრობის პრინციპსმიუხედავად მათი რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობისადა საბჭოს 2000 წლის 27 ნოემბრის დირექტივა 2000/78/CE, რომელიც აწესებს ზოგად ჩარჩოს თანაბარი მოპყრობისათვის სამუშაოზე აყვანისა და დასაქმებისას, ამბობს, შესაბამისად, მე-8 და მე-10 მუხლებში:

„1. წევრმა სახელმწიფოებმა, მათი ეროვნული სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, უნდა მიიღონ ზომები, რომლებიც აუცილებელია შემდეგის უზრუნველსაყოფად: როცა ადამიანი თავს დაჩაგრულად გრძნობს იმის გამო, რომ მის მიმართ არ გამოიყენეს თანასწორი მოპყრობის პრინციპი, სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს წინაშე წარმოადგინოს ფაქტები, რომლებითაც შეიძლება დადგინდეს, იყო თუ არა პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაცია, მოპასუხე მხარემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ თანასწორი მოპყრობის პრინციპი არ დარღვეულა.

2. 1-ლი პუნქტი არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს მტკიცებულებითი სამართლის ნორმების შემოღებას, რაც უფრო ხელსაყრელია მოწმეებისათვის.

3. 1-ლი პუნქტი არ გამოიყენება სისხლის სამართლის პროცესის მიმართ.

...

5. წევრმა სახელმწიფოებმა 1-ლი პუნქტი უნდა გამოიყენონ იმ სამართალწარმოებისას, რომელშიც სასამართლო ან კომპეტენტური ორგანოა ვალდებული, გამოიძიოს საქმის ფაქტები“.

 

სამართალი

I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

42. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ დაკავებისა და შემდგომი პატიმრობისას ისინი აღმოჩნდნენ პოლიციის სისასტიკის მსხვერპლნი, რამაც მათ მიაყენა მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი და გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ისინი აგრეთვე ჩიოდნენ, რომ საბერძნეთის საგამოძიებო ხელისუფლების ორგანოებმა ვერ ჩაატარეს შემთხვევის სწრაფი და ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც ამბობს:

„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.

a) მხარეთა არგუმენტები

43. განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს სხეულის სერიოზული დაზიანება პოლიციელთა ხელით, და რომ შემთხვევის გამოძიება და შემდგომი სამართალწარმოება იყო არაეფექტიანი, ხარვეზებიანი და არადამარწმუნებელი. ისინი ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ მოცემული მომენტისათვის იყვნენ ახალგაზრდები და მოწყვლადნი. ასევე, მათ ემუქრებოდნენ გამოძიების პროცესში. გარკვეულწილად, ამან განაპირობა მათი განცხადებები, თითქოსდა არ სურდათ, საჩივარი აღეძრათ პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ.

44. მთავრობა დაეყრდნო ეროვნული სასამართლოების დასკვნებს და განაცხადა, რომ განმცხადებელთა პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლო გახლდათ. ზომიერი დაზიანებები იყო შედეგი ჩხუბისა, რომელიც გაიმართა მათი დაკავებისას. თავად განმცხადებლებმა კი თქვეს, რომ პოლიციის ოფიცრების ქცევა იყო სამართლიანი და მათ არ სურდათ, ისინი გასამართლებულნი ენახათ. შემთხვევის გამოძიება ჩატარდა დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ამომწურავად და, შედეგად, ფულადი ჯარიმა დაეკისრა ბ-ნ ციკრიკასს. გარდა ამისა, მას წაუყენეს სისხლის სამართლებრივი ბრალდება. რამდენიმე მოწმე და განმცხადებლები დაიკითხნენ სასამართლოში. ბრალდებულის გამართლების ფაქტი გავლენას არ ახდენს გამოძიების ეფექტიანობაზე.

b) სასამართლოს შეფასება

სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით

45. როგორც არაერთხელ განუცხადებია სასამართლოს, მე-3 მუხლი მოიცავს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას. ყველა რთულ სიტუაციაშიც კი, როგორიცაა ბრძოლა ტერორიზმთან და ორგანიზებული დანაშაული, კონვენცია აბსოლუტური მნიშვნელობით კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. განსხვავებით კონვენციის სხვა მუხლებისაგან, ასევე 1-ლი და მე-4 მუხლებისაგან, მე-3 მუხლი არ ითვალისწინებს გამონაკლისებს და დაუშვებლად მიიჩნევს მისგან გადახვევას მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვით საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როცა საფრთხე ემუქრება ხალხისსიცოცხლეს (იხ. Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999‑V, დაAssenov and Others v. Bulgaria1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-VIII, p. 3288, §93). კონვენცია აბსოლუტური მნიშვნელობით კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად მსხვერპლის ქცევისა (იხ. Chahal v. the United Kingdom1996 წლის 15 ნომბრის გადაწყვეტილება, Reports 1996-V, p. 1855, § 79).

46. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა მტკიცებულების სტანდარტით „გონივრულ ეჭვს მიღმა“ (იხ.Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, Series A no. 25, pp. 64-65, § 161). თუმცა, ამგვარი მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად მტკიცე, ცხადი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან, ფაქტების მსგავსად, უტყუარი წანამძღვრებიდან. როცა განსახილველი შემთხვევა მთლიანად ან ბევრწილად ექცევა ექსკლუზიურად ხელისუფლების ცოდნის ფარგლებში – როგორც იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც იმყოფებოდნენ პატიმრობაში მათი კონტროლის ქვეშ – წარმოიშობა მყარი ვარაუდიამგვარი პატიმრობისას გაჩენილი დაზიანებების მიმართ. რასაკვირველია, მტკიცებულების ტვირთი ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი განმარტება (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII).

47. წინამდებარე საქმეში განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ დაკავებისა და შემდგომი პატიმრობისას მათ პოლიცია მოეპყრო სასტიკად. აღიარებულია, რომ პოლიციის დაწესებულებიდან გამოშვების დღეს განმცხადებლებს ჰქონდათ დაზიანებები. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „როცა ადამიანი მიჰყავთ პოლიციის დაწესებულებაში ჯანმრთელი, ხოლო იქიდან გამოსვლისას აღმოაჩნდება დაზიანებები, სახელმწიფო ვალდებულია, წარმოადგინოს დამარწმუნებელი განმარტება დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, თუ არა და აშკარად დგება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი (Aksoy v. Turkey, 1996 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, Reports 1996–VI, p. 2278, § 61).

48. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა ამგვარი განმარტებები. ამასთან დაკავშირებით, იგი აღნიშნავს, რომ პატრას სამწევრიანმა სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც გაასამართლა პოლიციის მხოლოდ ერთი ოფიცერი, წარდგენილი სასამართლო განხილვაზე, განმცხადებელთა დაზიანებები მიაწერა მათი დაკავებისას გამართულ ჩხუბს და მიიჩნია: „თუ განმცხადებლები მართლაც სცემეს პოლიციის ოფიცრებმა მათი დაკავებისას, ისინი ამის შესახებ ეტყოდნენ თავიანთ ნათესავებს“; სასამართლოს აზრით, დასკვნები ოდნავაც არ არის დამარწმუნებელი, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რაც შემთხვევის გარშემო ჩატარებული გამოძიებით დადგინდა: პატიმრობისას განმცხადებლებს მოეპყრნენ „განსაკუთრებული სისასტიკით“ და საბერძნეთის პოლიციის უფროსმა აღიარა, რომ განმცხადებლები პატიმრობისას სცემეს პოლიციის ოფიცრებმა.

49. აქედან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე იბადება კითხვა, წინამდებარე საქმეში მიღწეულია თუ არა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად აუცილებელი სისასტიკის მინიმალური ზღვარი (იხ. among other authorities İlhan v. Turkey [GC], no. 22277/93, § 84, ECHR 2000-VII). სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მინიმალური ზღვარის შეფასება ფარდობითია: იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე – მოპყრობის ხანგრძლივობაზე, მის ფიზიკურ/ფსიქიკურ შედეგებზე, ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობაზე (იხ. among other authorities, Tekin v. Turkey, 1998 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, Reports 1998-IV, p. 1517, § 52).

50. იმის განსაზღვრისას, დასჯა ან მოპყრობა არის თუ არა „დამამცირებელი“ კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით, სასამართლო ასევე გაითვალისწინებს ფაქტს, მიაყენეს თუ არა შეურაცხყოფა პირს და დაამცირეს თუ არა იგი, ასევე, რამდენადაც შედეგებიც საინტერესოა, გაითვალისწინებს, იმოქმედა თუ არა მის პიროვნებაზე მე-3 მუხლისათვის შეუსაბამო გზით (მაგალითად, იხ. Raninen v. Finland, 1997 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, Reports 1997-VIII, გვ. 2821-22, § 55).

51. ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელთა მიერ პოლიციის ხელში განცდილ სერიოზულ ფიზიკურ ზიანს, ასევე შიშის, ტკივილისა და დამცირების გრძნობას, რისი მიზეზიც იყო განსახილველი მოპყრობა, უნდა გამოეწვია განმცხადებელთა საკმარისად სასტიკი დაზიანება პოლიციის ქმედებათა გამო, რომელიც უნდა დახასიათდეს როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.

52. სასამართლო ასკვნის, რომ ამ თვალსაზრისით დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.

გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობასთან დაკავშირებით

52. სასამართლო კვლავ იმეორებს შემდეგს: როცა ადამიანი აცხადებს დამარწმუნებელ პრეტენზიას, რომ მან პოლიციის ან სახელმწიფოს სხვა მოხელეთა მხრიდან განიცადა მოპყრობა მე-3 მუხლის დარღვევით, ამ მუხლის დებულებები, წაკითხული კონვენციის 1-ლი მუხლის კონტექტსში – რომელიც სახელმწიფოს ზოგადად ავალდებულებს, „თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ ამ კონვენციაში... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“ –მოითხოვს ეფექტიან გამოძიებას. ისევე, როგორც მე-2 მუხლის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებისას, ამგვარმა გამოძიებამაც უნდა შეძლოს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. სხვა შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ზოგადი სამართლებრივი აკრძალვა, მიუხედავად მისი ფუნდამენტური მნიშვნელობისა, არაეფექტიანი იქნება პრაქტიკაში და, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფო მოხელეებს, ფაქტობრივი დაუსჯელობით, მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთაუფლებები დაარღვიონ (იხ. among other authorities, Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 131, ECHR 2000-IV).

53. წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის გარშემო ჩატარებული ადმინისტრაციული მოკვლევისასაც და შემდგომი სამართალწარმოებისასაც რამდენჯერმე აღიარეს, რომ განმცხადებლებს არასათანადოდ მოეპყრნენ დაწესებულებაში ყოფნისას. თუმცა, არასათანადო მოპყრობისათვის არც ერთი პოლიციის ოფიცერი არასოდეს დაუსჯიათ, არც სისხლის სამართალწარმოების შედეგად და არც პოლიციის შიდა დისციპლინური პროცედურების შესაბამისად. ამასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ-ნ ციკრიკასს 59 ევროზე ნაკლები ოდენობის ჯარიმა დააკისრეს არა საკუთრივ მისგან განმცხადებლების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა არასათანადო მოპყრობა მასზე დაქვემდებარებულ პირთა მხრიდან (იხ. ზემოთ, 23-ე პუნქტი). გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ბ-ნი ციკრიკასი და არც ბ-ნი ავგერისი არ 

ჩამოუშორებიათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან, მიუხედავად ადმინისტრაციული მოკვლევის დასკვნებში მოცემული რეკომენდაციისა (იხ. ზემოთ, 20-22-ე მუხლები). დაბოლოს, ეროვნული სასამართლო დააკმაყოფილა იმ ახსნამ, რომ თხელი ტანისამოსი გახდა ამ უკანასკნელის დაზიანების მიზეზი დაკავებისას. ამდენად, როგორც ჩანს, გამოძიებას არ წარმოუდგენია რაიმე არსებითი შედეგი და განმცხადებლებმა ვერ მიიღეს პასუხი მათ საჩივრებზე.

54. ამ გარემოებებთან დაკავშირებით, დამარწმუნებელი პრეტენზიის – ცემა დაწესებულებაში – არასაკმარისი ეფექტიანი გამოძიების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ამ თვალსაზრისით, დაირღვა კონვენციისმე-3 მუხლი.

 

II. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა 

კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა

55. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობით, რომელიც ამბობს:

„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა“.

56. იმ წანამძღვრების გათვალისწინებით, რითაც სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა მისი პროცედურული ასპექტების მიმართ (იხ. პუნქტები 53 და 55), სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო საჩივრისდამოუკიდებლად განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე.

 

III. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა

57. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა, ასევე, შემდგომ შემთხვევის ეფექტიანი გამოძიების ხარვეზები, ნაწილობრივ, განპირობებული იყო მათი ეთნიკური წარმომავლობით. ისინი ჩიოდნენ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევის გამო, რომელიც ამბობს:

„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თვისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა“.

a) მხარეთა არგუმენტები

58. განმცხადებლებმა გაიაზრეს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა მტკიცებულების სტანდარტით – „მტკიცებულება გონივრულ ეჭვს მიღმა“ – მაგრამ შენიშნეს, რაც სასამართლომ მკაფიოდ განმარტა: ეს სტანდარტი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მოითხოვს სარწმუნოობის ისეთ მაღალ ხარისხს, როგორსაც სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე. მათ დაადასტურეს, რომ მტკიცებულების ტვირთი მოპასუხე მთავრობაზე უნდა გადავიდეს მაშინ, როცა მომჩივანმა prima facie აღძრა დისკრიმინაციის საქმე.

59. მიუბრუნდნენ რა წინამდებარე საქმის ფაქტებს, განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ თავად შემთხვევის ტიპი, პოლიციის მხრიდან გამოყენებული რასისტული გამოთქმები და ეროვნული ხელისუფლებების გაუთავებელი მარცხი – უპასუხოს ანტიბოშური პოლიტიკის სისასტიკეს – ცხადად გამოკვეთს რასობრივი მოტივაციით შეურაცხყოფისა და უპასუხისმგებლობის სარწმუნო შემთხვევებს. ამასთან დაკავშირებით, განმცხადებლებმა კვლავ გაიმეორეს, რომ პოლიციის ოფიცრები აშკარად იყენებდნენ რასისტულ ენას და დამამცირებლად მოიხსენიებდნენ მათ ეთნიკურ წარმოშობას. გარდა ამისა, ისინი აცხადებდნენ, რომ დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარები, რომლებსაც პოლიცის ოფიცრები გაიძახოდნენ მათი პატიმრობის განმავლობაში, უნდა დავინახოთ სისტემატური რასიზმისა და მტრული დამოკიდებულების უფრო ფართო კონტექსტში –სამართალდამცველი ორგანოები საბერძნეთში მუდმივად ასე ექცევიან ბოშებს. ეს დამოკიდებულება ფართოდაა დოკუმენტირებული მთავრობათაშორისი და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მიერ.

60. მთავრობა ხაზს უსვამს, რომ სასამართლო ყოველთვის მოითხოვდა „მტკიცებულებას საფუძვლიან ეჭვს მიღმა“ და წინამდებარე საქმეში არ მოიძებნებოდა არანაირი მტკიცებულება ხელისუფლების მხრიდან რასისტული მოტივაციით ჩადენილი რაიმე ქმედებისა. მათ მტკიცედ უარყვეს, რომ განმცხადებლებს არასათანადოდ მოეპყრნენ; თუმცა, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ პოლიციის ოფიცრები იქცეოდნენ ძალადობრივად, მთავრობა დარწმუნებულია – ამგვარი ქცევა განპირობებული იყო არა რასისტული მოტივაციით, არამედ იმ ფაქტით, რომ განმცხადებლებს ადრეც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული.

61. გარდა ამისა, მთავრობა აცხადებდა, რომ მის ბოლო ანგარიშში საბერძნეთის შესახებ (იხ. ზემოთ 36-ე პუნქტი) ECRI-მ საბერძნეთის მთავრობის ყურადღება მიაპყრო ბოშათა მდგომარეობას, კერძოდ, გამოკვეთა დისკრიმინაციის პრობლემები ბინადრობის, დასაქმების, განათლებისა და საჯარო სამსახურებისხელმისაწვდომობის განხრით. ECRI-მასევე ხაზგასმით აღნიშნა ბოშებისათვის სასარგებლო ინიციატივათა ხელისშემშლელი ფაქტორების დაძლევის აუცილებლობა, მაგრამ მიესალმა იმ ფაქტს, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საბერძნეთში ბოშათა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ ანგარიშში არ არის აღნიშნული რამე სხვა ტიპის დისკრიმინაცია ბოშათა მიმართ, კონვენციით გარანტირებულ უფლებათა დარღვევის კუთხით. დაბოლოს, მათ დაადასტურეს, რომ საბერძნეთის კონსტიტუცია ცხადად კრძალავს რასობრივ დისკრიმინაციას და აღნიშნეს, რომ სახელმწიფომ ახლახან მიიღო ზომები საბერძნეთის სამართლებრივ სისტემაში ევროპული თემისა 2000/43 და 2000/78 ანტირასისტული დირექტივების შესატანად.

b) სასამართლოს შეფასება

არის თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებელი ღირსების შემლახველ მოპყრობაზე მსხვერპლთა რასის ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე

62. დისკრიმინაცია არის ადამიანებისადმი სხვადასხვაგვარი მოპყრობა მეტ-ნაკლებად მსგავს ვითარებაში, მიზნისა და გონივრული დასაბუთების გარეშე (იხ.Willis v. the United Kingdom, no. 36042/97, § 48, ECHR 2002‑IV). რასობრივი ძალადობა ადამიანური ღირსების განსაკუთრებული შელახვაა და სახიფათო შედეგების გამო საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან საგანგებო სიფხიზლესა და აქტიურ რეაგირებას. ამ მიზეზის გამო ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველანაირი საშუალება რასიზმისა და რასობრივი ძალადობის აღსაკვეთად, ამავდროულად, უნდა დანერგოს საზოგადოების დემოკრატიული ხედვა, რომელშიც მრავალფეროვნება აღიქმება არა საფრთხედ, არამედ სიმდიდრის წყაროდ (Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 და 43579/98, § 145, 6 ივლისი, 2005).

63. სასამართლოს წინაშეა განმცხადებელთა საჩივარი მე-14 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით – როგორც ეს ჩამოყალიბებულია – და იგი ვალდებულია დაადგინოს, იყო თუ არა რასიზმი პოლიციის ოფიცერთა მხრიდან საეჭვო ქცევის მიზეზი, რათა დააყენოს კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევის საკითხი, მე-3 მუხლთან ერთად.

64. სასამართლო იმეორებს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას მიღებულია მტკიცებულების სტანდარტი „გონივრულ ეჭვს მიღმა“ (იხ. ზემოთ 47-ე პუნქტი); ამასთან, ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სავარაუდო დისკრიმინაციის ზოგიერთ შემთხვევაში, მოპასუხე მთავრობას მოეთხოვოს დისკრიმინაციის სადავო დარღვევის გაქარწყლება, ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებენ, ამ საფუძველზე დადგინდეს კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა. თუმცა, როცა ივარაუდება – როგორც მოცემულ შემთხვევაში – რომ ძალადობრივი ქმედება მოტივირებული იყო რასობრივი სტერეოტიპით, ამგვარი მიდგომა გამოიწვევს მოპასუხე მთავრობისადმი მოთხოვნას – დაამტკიცოს საგანგებო განსაკუთრებული მიდგომის არარსებობა.

65. აქედან გამომდინარე, უბრუნდება რა წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლო მიიჩნევს: რამდენადაც პოლიციის ოფიცერთა ქცევა განმცხადებელთა პატიმრობისას იმსახურებს სერიოზულ კრიტიკას, ამგვარი ქცევა თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი იმის დასადგენად, რომ განმცხადებელთა მიმართ პოლიციის მოპყრობა განპირობებული იყო რასობრივი მოტივაციით. გარდა ამისა, რამდენადაც განმცხადებლები ეყრდნობოდნენ ზოგად ინფორმაციას საბერძნეთში ბოშათა შეურაცხყოფაზე პოლიციის მხრიდან, სასამართლოს არ შეუძლია დაივიწყოს ის ფაქტი, რომ მისი ერთადერთი საწუხარია დაადგინოს – იყო თუ არა რასიზმით მოტივირებული მოცემულ საქმეში განმცხადებელთა მიმართ მოპყრობა (იხ. ზემოთ მოყვანილი საქმე Nachova and Others v. Bulgaria, § 155). დაბოლოს, სასამართლო არ ფიქრობს, რომ ხელისუფლების მარცხი, ეფექტიანად გამოეძიებინა შემთხვევის სავარაუდო რასისტული მოტივი, გამოიწვევს მტკიცებულების ტვირთის გადაცემას მოპასუხე მთავრობისათვის – მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტებთან ერთად. იცავს თუ არა ხელისუფლება მის პროცედურულ ვალდებულებებს, დამოუკიდებელი საკითხია, რომელსაც სასამართლო მიუბრუნდება ქვემოთ (იხ. ზემოხსენებული საქმე Nachova and Others v. Bulgaria, § 157).

66. ჯამში, სასამართლო – შეაფასა რა ყველა შესაბამისი ელემენტი – არ მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, თითქოს რასისტულმა მიდგომამ გარკვეული როლი ითამაშა პოლიციის მხრიდან განმცხადებელთა მოპყრობაში.

67. შესაბამისად, იგი ადგენს, რომ კონვენციის მე-14 მუხლი, მე-3 მუხლის არსებით ასპექტთან კავშირში, არ დარღვეულა.

შეასრულა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ შესაძლო რასისტული მოტივაციის გამოძიების ვალდებულება

68. სასამართლო მიიჩნევს, რომ ძალადობრივი შემთხვევების გამოძიებისას სახელმწიფო ხელისუფლებები დამატებით ვალდებულნი არიან, გადადგან ყველა შესაძლო გონივრული ნაბიჯი ნებისმიერი რასისტული მოტივის გამოსავლენად და დაადგინონ, თამაშობდა თუ არა რაიმე როლს მომხდარში ეთნიკური სიძულვილი ან სტერეოტიპები. აღიარებულია, რომ რასობრივი მოტივაციის დადგენა ხშირად განსაკუთრებით რთულია პრაქტიკაში. მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება, გამოიძიოს ძალადობრივი აქტის შესაძლო რასისტული მოტივები, არა აბსოლუტური ვალდებულება, არამედ ამის მცდელობაა. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს რაც გონივრულია – გარემოებათაგან შაგროვოს და დაიცვას მტკიცებულებები, გამოიყენოს სიმართლის გამოვლენის ყველა პრაქტიკული საშუალება და გამოიტანოს სრულყოფილად დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები, საეჭვო ფაქტების უგულებელყოფის გარეშე, რომლებიც, შესაძლოა, მიუთითებდნენ რასობრივი მოტივით წარმოშობილ ძალადობაზე (იხ. mutatis mutandis, Nachova and Others v. Bulgaria, nos. 43577/98 and 43579/98, §§ 158-59, 26 February 2004).

69. გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ვალდებულება, გამოიძიოს შესაძლო კავშირების არსებობა რასისტულ დამოკიდებულებასა და ძალადობის აქტს შორის, მისი პროცედურული ვალდებულების ნაწილია, რომელსაც აკისრებს კონვენციის მე-3 მუხლი, მაგრამ იგი ასევე შეიძლება დავინახოთ კონვენციის მე-14 მუხლით დაკისრებულ ვადებულებათა შორის, რომელიც უზრუნველყოფს მე-3 მუხლში ჩადებული ფუნდამენტური ღირებულების დაცვას დისკრიმინაციის გარეშე. ამ ორი მუხლის ურთიერთქმედების წყალობით, იმგვარი საკითხები, როგორიც მოცემულია წინამდებარე საქმეში, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ერთი ან მეორე დებულების საფუძველზე, ან ორივე მუხლის საფუძველზე. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად, ფაქტების მიხედვით და დარღვევების ბუნებიდან გამომდინარე (იხ.mutatis mutandis, ზემოხსენებული საქმე Nachova and Others v. Bulgaria [GC], § 161).

70. წინამდებარე საქმეშისასამართლომ უკვე დაადგინა, რომ საბერძნეთის მთავრობამ კონვენციის მე-3 მუხლი დაარღვია იმით, რომ არ ჩაატარა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება. იგი მიიჩნევს, რომ ცალკე უნდა განიხილოს საჩივარი, რომელიც შეეხება შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოუძიებლობასსავარაუდო რასისტულ დამოკიდებულებასა და პოლიციის ხელში განმცხადებელთა შეურაცხყოფას შორის.

71. ხელისუფლება, რომელიც იძიებდა განმცხადებელთა მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობას, ფლობდა პირველი განმცხადებლის წერილობით ჩვენებას, სადაც აღინიშნებოდა, რომ ისინი გახდნენ სერიოზული თავდასხმის მსხვერპლნი და, გარდა ამისა, არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელი პოლიციელისაგან მიიღეს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა. ამასთან, მათ ჰქონდათ საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორისა და საბერძნეთის უმცირესობათა უფლებების ჯგუფის ერთობლივი ღია წერილი, სადაც ეს უკანასკნელნი აპროტესტებდნენ განმცხადებელთა მიმართ არასათანადო მოპყრობას და აძლევდნენ ასეთ კვალიფიკაციას– საბერძნეთის პოლიციის მიერ ბოშათა მიმართ გამოვლენილი სისასტიკე –და იხსენიებდნენ 30-მდე ზეპირ ჩვენებას ბოშათა თემის წარმომადგენელთა მიმართ არასაათანადო მოპყრობის მსგავსი შემთხვევების შესახებ. წერილი მთავრდებოდა მოწოდებით, რომ ქვეყანაში პოლიციის ყველა განყოფილებისათვის მიეცათ ზუსტი და დეტალური მითითებები ბოშების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით (იხ. ზემოთ მე-17 პუნქტი).

72. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები, რომლებსაც ახლავს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები საბერძნეთში პოლიციის მხრიდან ბოშებისა და სხვა მსგავსი ჯგუფების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფისა და გადამეტებული ძალის გამოყენების ჩათვლით, საჭიროებს შემოწმებას. სასამართლოს აზრით, თუ მტკიცებულებები აჩვენებს სიტყვიერ რასისტულ შეურაცხყოფას სამართალდამცველი მოხელეების მხრიდან, ამასთანავე, სავარაუდო არასათანადო მოპყრობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ –ეთნიკური ან სხვა უმცირესობიდან – ყველა ფაქტი უნდა შემოწმდეს ყოველმხრივ, რათა გამოვლინდეს ნებისმიერი რასობრივი მოტივი (იხ. mutatis mutandis, ზემოხსენებული საქმე Nachova and Others v. Bulgaria [GC], § 164).

73. წინამდებარე საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა განსახილველი საკითხის რაიმე ტიპის მოკვლევა, მიუხედავად სარწმუნო ინფორმაციისა ძალადობის შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, რასობრივი მოტივაცია ჰქონდა. კერძოდ, არაფერი გაუკეთებიათ, რათა შეემოწმებინათ პირველი განმცხადებლის განცხადებები – რომ მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა – ან ღია წერილში მოხსენიებული ბოშათა მიმართ არასათანადო მოპყრობის სხვა მსგავსი შემთხვევები. ჩანს, არც არანაირი მოკვლევა ჩაუტარებიათ, ყოფილა თუ არა ბ-ნი ციკრიკასი ადრე მსგავს შემთხვევებში ჩართული ან ოდესმე დაუდანაშაულებიათ თუ არა იგი ანტიბოშური დამოკიდებულების გამოვლენაში. გარდა ამისა, არც იმით დაინტერესებულან, ოდესმე ჩაუტარებიათ თუ არა რაიმე გამოძიება, როგორ ასრულებენ თვიანთ მოვალეობებს მესოლონგის პოლიციის განყოფილების სხვა ოფიცრები, როცა საქმე აქვთ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან. მეტიც, სასამართლო შენიშნავს, რომ საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორმა საქმის სასამართლო განხილვაზე წარმოადგინა მტკიცებულება განმცხადებლის საქმეზე და შემთხვევის შესაძლო რასობრივ მოტივს შეუძლებელია არ მიეპყრო სასამართლოს ყურადღება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ ამ ასპექტისათვის –სასამართლომ ეს საქმე ისევე განიხილა, როგორც განიხილავდა ნებისმიერ სხვას, რასობრივი ობერტონების გარეშე.

74. ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა კონვენციის მე-14 მუხლით – მე-3 მუხლთან ერთად –დაკისრებული მოვალეობა, გადაედგა ყველა შესაძლო ნაბიჯი იმის გამოსაძიებლად, ჰქონდა თუ არა რაიმე როლი დისკრიმინაციას ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლის – მე-3 მუხლთან ერთად – პროცედურული მხარე.

c) კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

75. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად,

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.

1. ზიანი

მატერიალური ზიანი

76. პირველი განმცხადებელი მოითხოვდა 4,540,80 ევროს (ევრო) შემთხვევიდან 12 თვის განმავლობაში შემოსავლის დაკარგვის სანაცვლოდ. მეორე განმცხადებელი მოითხოვდა 2,250 ევროს შემთხვევიდან 6 თვის მანძილზე შემოსავლის დაკარგვის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ მიღებული დაზიანებების გამო ვეღარ შეძლეს მანამდელი საქმიანობის გაგრძელება.

77. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ განმცხადებლებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს მატერიალური ზიანი და მათი პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ უნდა მიეღო სასამართლოს.

78.სასამართლო შენიშნავს, რომ პრეტენზია მატერიალური ზიანის შესახებ უკავშირდება შემოსავლის დაკარგვას, რაც მოჰყვა შემთხვევას მომდევნო 12 და 6 თვის განმავლობაში – შესაბამისად, თითოეულის შემთხვევაში. თუმცა, სასამართლო აკვირდება, რომ განმცხადებლებს არ წარმოუდგენიათ დანაკარგის დამადასტურებელი დეტალები, რაც ჩაითვლებოდა სპეკულაციურად. ამ მიზეზით, სასამართლო არაფერს აკუთვნებს ამისათვის.

არამატერიალური ზიანი

79. თითოეულმა განმცხადებელმა მოითხოვა 20,000 ევრო – შიშის, ტკივილისა და იმ დაზიანებების სანაცვლოდ, რაც მათ მიიღეს.

80. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი საზღაური არამატერიალური ზიანისათვის არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ევროს თითოეულ განმცხადებელზე.

81. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლებმა უეჭველად მიიღეს არამატერიალური ზიანი, რისი კომპენსირებაც შეუძლებელია მხოლოდ დარღვევების დადგენით. ითვალისწინებს რა საქმის განსაკუთრებულ გარემოებებს და იღებს გადაწყვეტილებას სამართლიან საწყისებზე, სასამართლო თითოეულ განმცხადებელს აკუთვნებს 10,000 ევროს, პლუს ნებისმიერი სახის გადასახადი, რითაც ეს თნხა შეიძლება დაიბეგროს.

2. ხარჯები და დანახარჯები

82. განმცხადებლებს არ წამოუყენებიათ მოთხოვნა ხარჯებისა და დანახარჯების გამო.

3. საურავი

83. სასამართლო შესაფერისად მიიჩნევს, რომ საურავი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური ნიხრით, რასაც უნდა დაემატოს თანხის სამი პროცენტი.

 

ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად

 

  1. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი განმცხადებელთა მიმართ პოლიციის მხრიდან მოპყრობის თვალსაზრისით;
  1. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი – იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება;
  1. ადგენს, რომ არ არის საჭირო საჩივრის ცალკე განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით;
  1. ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში,იმ პრეტენზიებთან მიმართებით, რომელთა თანახმადაც, პოლიციის მხრიდან განმცხადებელთა მოპყრობას რასობრივი მოტივაცია ედო საფუძვლად;
  1. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არ გამოიძია შემთხვევის შესაძლორასობრივი მოტივაცია;
  1. ადგენს

(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, თითოეულ განმცხადებელს გადაუხადოს10,000 ევრო (ათი ათასი ევრო) არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ – სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება გახდება საბოლოო კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პლუს ნებისმიერი სახის გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა;

(ბ)რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადახდის დღემდე ამ თანხაზე დაეკისრება საურავი იმ მოცულობით, რაც უტოლდება ევროპული ბანკის სესხისთვის განკუთვნილ მინიმალურ პროცენტს, რომელსაც უნდა დაემატოს სამპროცენტიანი განაკვეთი.

      7. უარყოფს განმცხადებლის სხვა პრეტენზიებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით2005 წლის 13 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

მაიკლ ო`ბოილი             ნიკოლას ბრატცა

რეგისტრატორი             პრეზიდენტი

 

კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას დაერთოგანსხვავებული მოსაზრებები:

(ა) სერ ნიკოლას ბრატცას აზრი

(ბ) ბ-ნ კასადევალის განსხვავებული აზრი

ნ.ბ.

მ.ო.ბ.

 

მოსამართლე სერ ნიკოლას ბრატცას განსხვავებული აზრი

ვეთანხმები პალატის დასკვნებსა და დასაბუთებას, გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილების 65-ე პუნქტთან დაკავშირებითმაქვს იგივე ეჭვი, რაც ნაჩოვას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების 157-ე პუნქტის შესახებ (Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos.43577/98 და 43579/98), თავად ნაჩოვას საქმეზეც რომ გამოვხატე.

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმის შედეგზე ეს გავლენას არ მოახდენს – ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად, ვიდრე ეს მოხდა ნაჩოვას საქმეში – ვრჩები იმავე აზრზე: პუნქტი ზედმეტად ზოგადადაა ჩამოყალიბებული, როცა ვარაუდობს, რომ იშვიათად – თუ არა არასოდეს – იქნება მიზანშეწონილი, მთავრობის წინაშე არსებული მტკიცებულებებთან დაკავშირებული სირთულის გამო, მთავრობას გადაეცეს მტკიცების ტვირთი იმაზე, რომ კონვენციის დამარღვეველი კონკრეტული ქმედება (წინამდებარე საქმეში – მე-3 მუხლი, ნაჩოვას საქმეში – მე-2 მუხლი) არ იყო რასობრივად მოტივირებული. როგორც თავად ნაჩოვას საქმეში, მიმაჩნია, რომ ადვილად შეიძლება ისეთ გარემოებათა წარმოდგენა, როცა სამართლიანი იქნება, მთავრობას მოეთხოვოს იმის დამტკიცება, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირის ეთნიკური წარმომავლობა არ იყო მატერიალური ფაქტორი მის მიმართ არასათანადო მოპყრობისას, რაც განახორციელეს სახელმწიფო მოხელეებმა.

 

კასადევალის განსხვავებული აზრი

(თარგმანი)

1. ხმა მივეცი – თუმცა, არც მთლად დარწმუნებით – იმ დასკვნას, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-14 მუხლი, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, განმცხადებლის პრეტენზიასთან მიმართებით – პოლიცის მხრიდან მისდამი მოპყრობას ჰქონდა რასობრივი მოტივაცია (ოპერატიული დებულებების operative provisions მე-2 პუნქტი). ჩემი ხმა განაპირობა დიდი პალატისადმი სოლიდარობისა და თანხვედრის საჭიროებამ საქმეზე Nachova v. Bulgari, რომელშიც წამოჭრილია წინამდებარე საქმის იდენტური საკითხი, კერძოდ, უსაფრთოხების ძალების წარმომადგენელთა ქცევაში რასობრივი მოტივების არსებობა. მხარს ვუჭერ მოსაზრებას, რომელიც ზოგიერთ ჩემს კოლეგასთან ერთად გამოვხატე ერთობლივ განსხვავებულ მოსაზრებაში. ეს განსხვავებული მოსაზრება ერთვის გადაწყვეტილებას ნაჩოვას საქმეზე.

2. რამდენადაც სასამართლომ (წინამდებარე საქმეშიც) დაადგინა, რომ მე-3 მუხლი ორმხრივად დაირღვა არსებითი და პროცედურული თვალსაზრისით, ჩემი აზრით, საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ სასამართლოს დაედგინა მე-14 მუხლის დარღვევაც, თუკი სარჩელს გლობალურად მიუდგებოდა, ნაცვლად პრობლემის მინიმალიზაციისა მე-3 მუხლის მხოლოდ პროცედურული ასპექტების წამოწევით.

3. სერიოზული, ზუსტი და გამამყარებელი წანამძღვრები, გამომდინარე საქმის მასალებიდან, „ხელისუფლების ხელთ არსებულ სარწმუნო ინფორმაციასთან ერთად, სავარაუდო ძალადობის რასობრივი მოტივაციის შესახებ...“

(გადაწყვეტილების 74-ე პუნქტი) და 1998 წლის 11 მაისით დათარიღებული, საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორისა და საბერძნეთის უმცირესობათა უფლებების ჯგუფის ერთობლივი ღია წერილი საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროსადმი (გადაწყვეტილების მე-17 პუნქტი), ადასტურებს დასკვნას, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, და არ არის საჭირო, განცალკევდეს არსებითი და პროცედურული ასპექტები.