ბრაუერი გერმანიის წინააღმდეგ
Brauer v. Gemany
საჩივრის ნომერი: - 3545/04
მოპასუხე სახელმწიფო: გერმანია
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 28/05/2009
შედეგი:
დაირღვა მე-14+8 მუხლი
სამართლიანი დაკმაყოფილება გადაიდო
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები :
(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა
(მუხლი 14) დისკრიმინაცია
პროპორციულობა
(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 8-1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 119
მაისი 2009
ბრაუერი გერმანიის წინააღმდეგ - 3545/04
გადაწყვეტილება 28.5.2009 [სექცია V]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
გამონაკლისი, რომელმაც, გერმანიის განსაკუთრებული ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ქორწინების გარეშე დაბადების საფუძველზე განსხვავებული მოპყრობა განაპირობა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანი, რომელიც დაიბადა 1948 წელს, არის ბატონი შილდგენის უკანონო შვილი. მამამ იგი დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აღიარა. აპლიკანტი 1989 წლამდე ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში (GDR), ხოლო მამა დასავლეთ გერმანიაში (FRG) ცხოვრობდა. ისინი ამ პერიოდში რეგულარულად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს; გერმანიის ხელახლა გაერთიანების შემდეგ შვილმა მოინახულა მამა. მამის სიკვდილის შემდეგ, მომჩივანმა შიდა სასამართლოებში შეიტანა რამდენიმე სარჩელი, რათა თავისი მემკვიდრეობის უფლება დაეცვა.
1998 წელს მან შეიტანა განცხადება, რათა მიეღო მემკვიდრეობის მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი უფლებამოსილი იყო, ყოფილიყო ბატონი შილდგენის ქონების სულ მცირე 50%-იანი წილის მფლობელი. მისი განცხადება არ დააკმაყოფილა პირველმა ინსტანციამ, იმ მიზეზით, რომ მიუხედავად მემკვიდრეობის უფლებათა გათანასწორების აქტით განხორციელებული მემკვიდრეობითი სამართლის რეფორმისა, 1969 წელს მიღებული ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა (იურიდიული სტატუსის) შესახებ კანონის (Children Born Outside Marriage (Legal Status) Act) სექცია 12(10)(2) –ის პირველი წინადადება კვლავ ძალაში რჩებოდა. ამ დებულების თანახმად, 1949 წლის 1 ივლისამდე ქორწინების გარეშე დადებული ბავშვი არ იყო კანონისმიერი მემკვიდრე. საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება იმავე საფუძლით. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა გააგზავნა საოლქო სასამართლოში და მოსთხოვა მას, დაედგინა, იყო თუ არა მომჩივანი მართლა ბატონი შილდგენის ქალიშვილი და არსებობდნენ თუ არა სხვა მემკვიდრეებიც. თუკი მომჩივანი შეიძლებოდა, მიჩნეული ყოფილიყო ქონების მინიმუმ 50%–იან წილზე უფლებამოსილ პირად, მაშინ საოლქო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა (იურიდიული სტატუსის) აქტის სექცია 12(10)(2)-ის პირველი წინადადების შესაბამისობა კონსტიტუციასთან. საოლქო სასამართლომ გაიმეორა წინა გადაწყვეტილება იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით. თუნდაც 99%-იანი ხარისხით დადასტურებული ყოფილიყო, რომ მომჩივანი იყო ბატონი შილდგენის ქალიშვილი და არ არსებობდნენ სხვა მემკვიდრეები, იგი გამორიცხული იყო კანონისმიერი მემკვიდრეობისგან ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა (იურიდიული სტატუსის) აქტის სექცია 12(10)(2)-ის პირველი წინადადების შესაბამისად. საოლქო სასამართლოს აზრით, ეს დებულება არ იყო შეუსაბამო კონსტიტუციასთან, მიუხედავად გერმანიის ხელახლა გაერთიანებისა, როგორც ეს აღნიშნა ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ 1996 წლის გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლომ კვლავ გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კვლავ გადააგზავნა საქმე იმის დადგენის მოთხოვნით, არსებობდნენ თუ არა სხვა „მეორე ან მესამე რიგის“ მემკვიდრეები და ასევე მოსთხოვა, ხელახლა გამოეკვლია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშთა (იურიდიული სტატუსის) აქტის სექცია 12(10)(2)-ის პირველი წინადადების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო იყო ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე. საოლქო სასამართლომ კვლავ გაიმეორა წინა გადაწყვეტილებები, რომლებიც ისევ იმავე არგუმენტებს ეყრდნობოდა. სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მომჩივანს საჩივარზე იმ საფუძვლით, რომ იგი შებოჭილი იყო ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც მან მიიჩნია რომ ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა (იურიდიული სტატუსის) აქტის სექცია 12(10)(2)-ის პირველი წინადადება შესაბამისობაში იყო კონსტიტუციასთან. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა ახალი საჩივრის დაშვებაზე.
სამართალი: მთავრობა არ შეწინააღმდეგებია იმ ფაქტს, რომ შიდა სამართლის შესაბამისი დებულებების გამოყენებამ შექმნა ვითარება, რომლის თანახმადაც 1949 წლის 1 ივლისამდე ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მიმართ მოპყრობა იყო განსხვავებული, არამხოლოდ იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც ქორწინებაში დაიბადნენ, არამედ იმ ბავშვებთან მიმართებაშიც, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ ამ თარიღამდე - ეს ეხება იმ ბავშვებს, რომლებზეც ვრცელდებოდა ყოფილი GDR -ის სამართალი თუ გარდაცვლილი მამა იყო გაერთიანების დროს GDR -ის ტერიტორიაზე რეზიდენტი - და ამ თარიღის შემდეგ ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვებთან მიმართებაში. შესაბამისად, უნდა დადგინილიყო, ეს გასაჩივრებული დიფერენცირებული მოპყრობა გამართლებული იყო, თუ - არა.
ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა ამჟამად დიდ ყურადღებას ანიჭებენ ქორწინებაში და მის გარეშე დაბადებულ ბავშვთა შორის თანასწორობაზე. შესაბამისად, ძალიან წონადი მიზეზები უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა ქორწინების გარეშე დაბადების ნიშნით განსხვავებული მოპყრობა მიჩნეულ იქნეს კონვენციასთან შესაბამისად. გასაჩივრებული დებულების შენარჩუნებისათვის გათვალისწინებული მიზანი, კერძოდ კი სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფა და გარდაცვლილისა და მისი ოჯახის დაცვა, იყო საკამათოდ ლეგიტიმური. გარდა ამისა, როგორც ეს იყო სხვა ხელმომწერი სახელმწიფოების შემთხვევაში, გერმანიის საკანონმდებლო ხელისუფლებამ თანდათანობით შექმნა თანასწორი სტატუსი მემკვიდრეობის მიზნებისათვის ქორწინებაში და მის გარეთ დაბადებული ბავშვებისათვის. გერმანიის ხელახლა გაერთიანების შემდეგ, იმისათვის, რათა მომხდარიყო არახელსაყრელი მდგომარეობის თავიდან აცილება იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ განსხვავებულ სოციალურ კონტექსტში, მათ მიენიჭათ იგივე მემკვიდრეობითი უფლებები, რაც ჰქონდათ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვებს, იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილი პირი ცხოვრობდა ყოფილ GDR-ში ხელახლა გაერთიანების დროს. თუმცა, საკანონმდებლო ხელისუფლება ინარჩუნებდა გამონაკლისს, რომელიც მოცემული იყო ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების (იურიდიული სტატუსის) აქტის სექცია 12(10)(2)-ის პირველ წინადადებაში, რომელიც გამორიცხავდა 1949 წლის 1 ივლისამდე ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვებს კანონისმიერი მემკვიდრეობისგან და რომლის კონსტიტუციურობაც დაადასტურა ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ. მაშინ როდესაც კანონმდებლის მიერ ამ გამონაკლისის შენარჩუნება ასახავდა გერმანიის სახელმწიფოს საზოგადოებას იმ დროს და არსებობდა ნამდვილი პრაქტიკული და პროცედურული სირთულეები ბავშვის მამობის დადგენაში, ესეთი მდგომარეობა დიდი ხანია აღარ არსებობდა. საბოლოოდ, შეიქმნა ახალი ვითარება გერმანიის ხელახალი გაერთიანებით და გერმანიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ქორწინებაში და მის გარეთ დაბადებულ ბავშვებს შორის იურიდიული სტატუსის გათანასწორებით. კერძოდ, ამ სფეროში ცვალებადი ევროპული კონტექსტის გათვალისწინებით, გარდაცვლილი პირებისა და მათი ოჯახების „ლეგიტიმური მოლოდინის“ დაცვის ასპექტი უნდა დაქვემდებარებოდა ქორწინებაში და ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვებს შორის თანასწორი მოპყრობის იმპერატივს.
იმასთან დაკავშირებით, გამოყენებული საშუალებები იყო თუ არა გათვალისწინებული მიზნის პროპორციული, სასამართლოსათვის ამ საქმეში სამი დამატებითი მსჯელობა იყო გადამწყვეტი. პირველ რიგში, მომჩივნის მამამ აღიარა იგი დაბადების შემდეგ და ჰქონდა რეგულარული კონტაქტი მასთან, მიუხედავად რთული გარემოებებისა, რომელიც დაკავშირებული იყო ორი გაყოფილი გერმანული სახელმწიფოს არსებობით. მას არ ჰყავდა არც მეუღლე და არც სხვა პირდაპირი შთამომავალი, არამედ მხოლოდ „მესამე რიგის“ მემკვიდრეები, რომლებსაც იგი აშკარად არ იცნობდა. შესაბამისად, ამ შორეული ნათესავების მიმართ „ლეგიტიმური მოლოდინის“ დაცვა, ვერ იქნება აქტუალური საკითხი. მეორე რიგში, მომჩივანმა გაატარა მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ყოფილ GDR-ში, სადაც იგი გაიზარდა იმ სოციალურ კონტექსტში, რომელშიც ქორწინებაში და მის გარეთ დაბადებული ბავშვები თანასწორი სტატუსით სარგებლობდნენ. თუმცა, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო რაიმე სარგებელი იმ წესებისგან, რომელიც ქორწინებაში და ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების თანასწორ მემკვიდრეობის უფლებას ეხება, ვინაიდან მისი მამა არ იყო ყოფილი GDR-ის ტერიტორიის რეზიდენტი გერმანიის ხელახალი გაერთიანების დროს. მაშინ როდესაც ეს განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ყოფილი GDR-ის სოციალურ კონტექსტში, მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა ეფექტი, რომელიც ამძიმებდა არსებულ უთანასწორობას 1949 წლის 1 ივლისამდე ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვებთან მიმართებაში, რომელთა მამებიც იყვნენ FRG-ს რეზიდენტები. ბოლოს, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების (იურიდიული სტატუსის) აქტის სექცია 12(10)(2)-ის პირველი წინადადების გამოყენებამ მთლიანად გამორიცხა მომჩივანი ქონებაზე ნებისმიერი კანონისმიერი უფლების მინიჭებისაგან, მისთვის რაიმე ფინანსური კომპენსაციის მიღების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა რაიმე საფუძველი, რომლითაც ასეთი დისკრიმინაცია, რომელიც ეფუძნება ქორწინების გარეშე დაბადებას, დღეს შეიძლება გამართლებული ყოფილიყო. ამგვარად, არ არსებობდა გონივრული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41 – საკითხი გადაიდო.
©
ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes