ჩუსანი და ფაზო იტალიის წინააღმდეგ

საქმის დასახელება - Cusan and Fazzo v. Italy

საჩივრის ნომერი - 77/07

მოპასუხე სახელმწიფო - იტალია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 07/01/2014

შედეგი:

დაირღვა მუხლი 14+8 - დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14 - დისკრიმინაცია) (მუხლი 8-1 –

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

მუხლი 8-1  -  პირადი ცხოვრების პატივისცემა)

მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა ზოგადი ხასიათის ღონისძიებების მიღება (მუხლი 46-2 - ზოგადი ხასიათის ღონისძიებები)

განსხვავებული აზრი: დიახ

 

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 14) შედარებადი მდგომარეობა

(მუხლი 14) დისკრიმინაცია

(მუხლი 46) გადაწყვეტილებათა მბოჭავი ძალა და აღსრულება

(მუხლი 46-2) გადაწყვეტილების აღსრულება

(მუხლი 46-2) ზოგადი ხასიათის ღონისძიებები

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 170

იანვარი 2014

ჩუსანი და ფაზო იტალიის წინააღმდეგ

Cusan and Fazzo v. Italy - 77/07

გადაწყვეტილება 7.1.2014 [სექცია II]

მუხლი 14

დისკრიმინაცია

დაქორწინებული წყვილის მიერ თავიანთი ლეგიტიმური შვილისთვის ცოლის გვარის მინიჭების შეუძლებლობა: დარღვევა

მუხლი 46

მუხლი 46-2

გადაწყვეტილების აღსრულება

ზოგადი ხასიათის ღონისძიებები

მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში და/ან პრაქტიკაში რეფორმის გატარება, რათა დაქორწინებული წყვილის ლეგიტიმურ ბავშვს დედის გვარის მინიჭების შესაძლებლობა მიეცეს

ფაქტები – მომჩივნები არიან დაქორწინებული წყვილი. 1999 წლის აპრილში დაიბადა მათი პირველი შვილი. მათი მოთხოვნა, რომ ის დაერეგისტრირებინათ დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების რეესტრში დედის გვარით,  უარყოფილ იქნა და ბავშვი დაარეგისტრირეს მამის გვარზე. 2012 წელს მილანის პრეფექტის მიერ მშობლებს მიეცათ უფლება, დაემატებინათ დედის გვარი ბავშვის სახელისთვის.

სამართალი – მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში: შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, „ლეგიტიმურ ბავშვებს“ დაბადებისას ეძლევათ მამის გვარი. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აღნიშნული წესიდან გამონაკლისს არ უშვებს. სავარაუდოდ, პრეზიდენტის დეკრეტი წარმოადგენს პირის გვარის შეცვლის საშუალებას და წინამდებარე საქმეში მომჩივნებს შვილისათვის გვარის დამატების უფლება მიეცათ. მიუხედავად ამისა, აუცილებელი იყო ერთმანეთისგან გამიჯნულიყო დაბადებისას ბავშვის გვარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და პირის ცხოვრების განმავლობაში გვარის შეცვლის შესაძლებლობა. მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების, სახელდობრ, ორი მომჩივნის, კერძოდ, ბავშვის მამისა და დედის მიმართ, მაშასადამე, განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა. განსხვავებით მამისგან, დედისთვის შეუძლებელი იყო საკუთარი გვარი გადაეცა ახალშობილისთვის, თავისი მეუღლის თანხმობის შემთხვევაშიც კი.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეკვლია გარკვეულწილად მსგავსი საკითხები საქმეებში Burghartz, Ünal Tekeli და Losonci Rose and Rose. პირველი საქმე ეხებოდა უარს ქმრის მოთხოვნაზე, ცოლის გვარი დაეყენებინა საკუთარი გვარის წინ. მეორე საქმე ეხებოდა თურქეთის საკანონმდებლო ნორმას, რომლის თანახმადაც დაქორწინებულ ქალს არ შეეძლო დაქორწინების შემდეგ ცალკე თავისი ქალიშვილობის გვარის გამოყენება, თუმცა დაქორწინებული კაცი ინარჩუნებდა თავის ქორწინებამდელ გვარს. Losonci Rose and Rose-ის საქმე ეხებოდა მოთხოვნას, შვედეთის კანონმდებლობის თანახმად, შეეტანათ ხელისუფლების ორგანოებში ერთობლივი მოთხოვნა, სადაც ორივე მეუღლეს სურდა, ეტარებინა ქალის გვარი, რომლის დაკმაყოფილების გარეშეც ქმრის გვარი ავტომატურად ვრცელდებოდა წყვილზე, როგორც ახალი გვარი ქორწინების შემდეგ. ყველა მოცემულ საქმეში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის გაიმეორა გენდერული თანასწორობის განვითარებისა და სქესის ნიშნით გვარის არჩევის ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის მნიშვნელობებზე. დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თვლის, რომ ტრადიციას, რომლის თანახმადაც ოჯახის ერთიანობა გამოისახებოდა მისი ყველა წევრისთვის მამის გვარის მიცემაში, არ შეუძლია გაამართლოს ქალების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია. 

შიდასახელმწიფოებრივი ორგანოების გადაწყვეტილებები იყო მსგავსი წინამდებარე საქმეშიც, სადაც „ლეგიტიმური ბავშვების“ გვარის არჩევა იყო განსაზღვრული მარტოოდენ დისკრიმინაციის საფუძველზე, გამომდინარე მშობელთა სქესიდან. სადავო ნორმა ითხოვდა, რომ ბავშვს მინიჭებოდა მამის გვარი, გამონაკლისის გარეშე, მეუღლეთა ერთობლივი ნების, როგორც რაიმე სახის ალტერნატივის მიუხედავად. მაშინ, როდესაც ნორმა, რომლის თანახმადაც მამის გვარი უნდა გადაცემოდა „ლეგიტიმურ ბავშვს“, შეიძლება ყოფილიყო აუცილებელი პრაქტიკაში და არ იყო აუცილებლად შეუსაბამო კონვენციასთან, ის ფაქტი, რომ შეუძლებელი იყო მისგან გადახვევა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, იყო მეტისმეტად მკაცრი და დისკრიმინაციული ქალების მიმართ.

დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმით ერთი ხმის წინააღმდეგ).

მუხლი 41: მოთხოვნა არ ყოფილა წარმოდგენილი.

მუხლი 46: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მომჩივნებისთვის შეუძლებელი იყო, როდესაც მათი ქალიშვილი დაიბადა, დაერეგისტრირებინათ ის დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეესტრში დედის გვარით. ეს შეუძლებლობა წარმოიშვა იტალიის საკანონმდებლო სისტემის ხარვეზით, რომლის თანახმადაც ყველა „ლეგიტიმური ბავშვი“ დარეგისტრირებული იყო დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეესტრში მამის გვარით, როგორც მისი საკუთარი გვარით, ყოველგვარი გადახვევის შესაძლებლობის გარეშე, მაშინაც კი, როცა მეუღლეები თანხმდებოდნენ ბავშვისთვის დედის გვარის მინიჭების თაობაზე. შედეგად, იტალიის კანონმდებლობაში და/ან პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს რეფორმები, რათა მოხდეს მათი და წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლების მოთხოვნების შესრულება.

(იხ.: Burgharz v. Switzerland, 16213/90, 22 თებერვალი 1994; Ünal Tekeli v. Turkey, 29865/96, 16 ნოემბერი 2004, Information Note 69; and Losonci Rose and Rose v. Switzerland, 664/06, 9 ნოემბერი 2010, Information Note 135)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes