ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ

Oleksandr Volkov v. Ukraine

საჩივრის ნომერი: 21722/11    PDF   summary

მოპასუხე სახელმწიფო: უკრაინა

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 9.1.2013

განსხვავებული აზრი: კი 

 

შედეგი: მე-6 მუხლის დარღვევა - უფლება სამართლიან სასამართლოზე (მუხლი 6 - სამოქალაქო სამართალწარმოება,

მუხლი 6.1 - მიუკერძოებელი სასამართლო, დამოუკიდებელი სასამართლო)

მე-6 მუხლის დარღვევა - უფლება სამართლიან სასამართლოზე (მუხლი 6 - სამოქალაქო სამართალწარმოება,

მუხლი 6.1 - სამართლიანი სასამართლო განხილვა)

მე-6 მუხლის დარღვევა - უფლება სამართლიან სასამართლოზე (მუხლი 6 - სამოქალაქო სამართალწარმოება,

მუხლი 6.1 - კანონით დადგენილი სასამართლო)

მე-8 მუხლის დარღვევა - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მუხლი 8.1 - პირადი ცხოვრების პატივისცემა)

მოპასუხე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ინდივიდუალური ზომები (მუხლი 46.2 - საკანონმდებლო ცვლილებები)

მატერიალური ზარალი - დაცულია

არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 6) უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე

(მუხლი 6) სამოქალაქო სამართალწარმოება

(მუხლი 6.1) სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები

(მუხლი 6.1) სისხლისსამართლებრივი ბრალდება

(მუხლი 6.1) სამართლიანი სასამართლო განხილვა

(მუხლი 6.1) მიუკერძოებელი სასამართლო

(მუხლი 6.1) დამოუკიდებელი სასამართლო

(მუხლი 6.1) კანონით დადგენილი სასამართლო

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
 
(მუხლი 8.1) პირადი ცხოვრების პატივისცემა
 
(მუხლი 8.2) ჩარევა
 
(მუხლი 8.2) კანონით დადგენილი
 
(მუხლი 8.2) განჭვრეტადობა
 
(მუხლი 8.2) ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ გარანტიები
 
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]
 
(მუხლი 46) სავალდებულო ძალა და განჩინებათა აღსრულება
 
(მუხლი 46.2) განჩინების აღსრულება
 
(მუხლი 46.2) ინდივიდუალური ზომები
 
(მუხლი 46.2) ზოგადი ხასიათის ზომები
 
(მუხლი 46.2) საკანონმდებლო ცვლილებები
 
პროპორციულობა
 
 

©  ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (www.coe.int/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში. 

©  Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document. 

©  Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N. 159

იანვარი 2013

 

ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ - 21722/11

გადაწყვეტილება 9.1.2013 [სექცია V]

მუხლი 6

სამოქალაქო წარმოება

მუხლი 6-1

მიუკერძოებელი სასამართლო

დამოუკიდებელი სასამართლო

მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის სტრუქტურული ნაკლოვანებები: დარღვევა

სამართლიანი განხილვა

მოსამართლეებზე დისციპლინური სახდელის დასაკისრებლად ხანდაზმულობის ვადების არ არსებობა და კენჭისყრის ელექტრონული სისტემის ბოროტად გამოყენება პარლამენტში, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს: დარღვევები

კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო

მომჩივნის საქმის განმხილველი პალატის შემადგენლობის განსაზღვრა მოსამართლის მიერ, რომელსაც გასული ჰქონდა სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა: დარღვევა 

მუხლი 8

მუხლი 8-1

პირადი ცხოვრების დაცულობა

მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება „ფიცის დარღვევის“ საფუძველზე, აღნიშნული სამართალდარღვევის თანმიმდევრული ინტერპრეტაციისა და შესაბამისი პროცედურული გარანტიების არ არსებობის პირობებში: დარღვევა 

მუხლი 46

მუხლი 46-2

გადაწყვეტილების აღსრულება

ზოგადი ხასიათის ღონისძიებები

მოპასუხე სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება განეხორციელებინა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმირება 

გადაწყვეტილების აღსრულება

ინდივიდუალური ღონისძიებები

მოპასუხე სახელმწიფოს დაეკისრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მომჩივნის, მაქსიმალურად მოკლე ვადებში, აღდგენის უზრუნველყოფა

 

ფაქტები - 2003 წლიდან მომჩივანი უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2007 წლიდან ამავე სასამართლოს სამხედრო პალატის თავმჯდომარე იყო. 2007 წელს ის აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს („იუს“) წევრის თანამდებობაზე, თუმცა აღნიშნული თანამდებობა არ მიუღია, ვინაიდან მართლმსაჯულების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის („საპარლამენტო კომიტეტი“) თავმჯდომარემ ფიცის დადების უფლება არ მისცა მომჩივანს. 2008 და 2009 წლებში „იუს“ ორმა წევრმა- რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით „იუს“ თავმჯდომარედ აირჩიეს- ჩაატარა წინასწარი მოკვლევა მომჩივნის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით. მათ დაადგინეს, რომ მომჩივანმა გადასინჯა მისი მეუღლის ძმის მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები- რომელთა ნაწილი 2003 წლით თარიღდებოდა და რომ მომჩივანს ბრალი მიუძღოდა მძიმე პროცედურულ დარღვევებში, 2006 წელს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან მიმართებით. აღნიშნული მოკვლევის შემდეგ, „იუს“-ს თავმჯდომარემ პარლამენტს წარუდგინა ორი მიმართვა მოსამართლის თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლების თაობაზე. 2010 წელს პარლამენტმა განიხილა „იუს“-ს ზემოაღნიშნული მიმართვები, ასევე საპარლამენტო კომიტეტის რეკომენდაცია და კენჭი უყარა „ფიცის დარღვევის“ საფუძველზე მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს. მომჩივნის განცხადების თანახმად, ელექტრონული კენჭისყრის დროს, პარლამენტის წევრთა უმრავლესობა დარბაზში არ იმყოფებოდა, ხოლო სხდომაზე დამსწრე პარლამენტარებმა გამოიყენეს იმ კოლეგების ხმის მისაცემი ბარათები, რომლებიც დარბაზში არ იმყოფებოდნენ. მომჩივანმა სამსახურიდან გათავისუფლება უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც დაადგინა, რომ „იუს“-ს თავმჯდომარის მოკვლევის საფუძველზე, „იუს“ მიმართვა მომჩივნის გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული იყო. უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ „იუს“-ს გადაწყვეტილება, რომელიც მეორე მოკვლევის შედეგებს ეყრდნობოდა, უკანონო იყო, ვინაიდან მომჩივანი და მისი მეუღლის ძმა არ წარმოადგენდნენ ნათესავებს იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მიუხედავად აღნიშნულისა, უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ გააუქმა „იუს“-ს გადაწყვეტილება, მიუთითა რა, რომ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აღნიშნულის უფლებამოსილება არ გააჩნდა. უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს განმარტებით, არც საპარლამენტო კომიტეტში და არც პარლამენტში პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. 

სამართალი - მუხლი 6 § 1 

(ა) გამოყენებადობა- მომჩივნის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში „იუს“, საპარლამენტო კომიტეტი და პარლამენტის პლენარული სხდომა ერთობლიობაში სასამართლოს ფუნქციებს ასრულებდნენ. მომჩივნის გათავისუფლების თაობაზე მიღებული სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილება შემდგომში უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ განიხილა, რომელიც ეროვნულ დონეზე სასამართლო ხელისუფლების შემადგენელი ერთ-ერთი კლასიკური სასამართლო იყო. შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობით „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ცალსახად გამორიცხული“ არ იყო მომჩივნისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე-6 მუხლის სამოქალაქო ნაწილი გამოიყენებოდა მოცემულ შემთხვევაში. 

პროფესიული გადაცდომის საფუძველზე მომჩივნისთვის დაკისრებული სანქცია დისციპლინური პასუხისმგებლობის კლასიკურ ზომას წარმოადგენდა და ეროვნული კანონმდებლობის თვალსაზრისით, განსხვავდებოდა მოსამართლის მიერ განზრახ არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი სანქციებისგან. ასევე რელევანტური იყო, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, მომჩივანს არ ართმევდა უფლებას განეხორციელებინა სხვა საქმიანობა იურიდიული პროფესიის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე-6 მუხლის სისხლისსამართლებრივი ნაწილი არ გამოიყენებოდა.

(ბ) მომჩივნის საქმის განმხილველი ორგანოების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

(i)   „იუს“- მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოების დროს, გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ორგანოში მოსამართლეთა არსებითად მონაწილეობის აუცილებლობა, აღიარებული იყო მოსამართლეთა სტატუტის შესახებ ევროპული ქარტიით. „იუს“ 20 წევრისგან შედგებოდა, რომლებთაც სხვადასხვა ორგანოები ნიშნავდნენ. სამი წევრი პირდაპირ ინიშნებოდა უკრაინის პრზიდენტის მიერ, სამი წევრი უკრაინის პარლამენტის მიერ და ორი წევრი უკრაინის პროკურორთა საყოველთაო კონფერენციის მიერ. იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი “იუს“ ex officioწევრები იყვნენ. “იუს“ წევრთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ პიდაპირი გზით დანიშნული პირები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სასამართლო ხელისუფლებას. მომჩივნის საქმე გადაწყვიტა განხილვაზე დამსწრე “იუს“ თექვსმეტმა წევრმა, რომელთაგან მხოლოდ სამი წევრი იყო მოსამართლე. უფრო მეტიც, “იუს“ მხოლოდ ოთხი წევრი მუშაობდა “იუს“ -ში სრულ განაკვეთზე. დანარჩენი წევრები მუშაობას აგრძელებდნენ და ხელფასს ღებულობდნენ “იუს“ გარეთ, რაც გარდაუვალად დამოკიდებულებს ხდიდა მათ, მატერიალური, იერარქიული და ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ძირითად დამქირავებლებზე და საფრთხის ქვეშ აყენებდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. სასამართლომ მიუთითა ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე, რომლის თანახმად გენერალური პროკურორის მონაწილეობა იმ ორგანოს საქმიანობაში, რომლის ფუნქციაა მოსამართლეთა დანიშვნა, დისციპლინური სახდელების დაკისრება და გათავისუფლება, ქმნიდა საფრთხეს, რომ მოსამართლეები მიუკერძოებლად არ იმოქმედებდნენ ასეთ შემთხვევებში ან გენერალური პროკურორი არ იმოქმედებდა მიუკერძოებლად იმ მოსამართლეებთან მიმართებით, რომელთა მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებსაც არ იზიარებდა. მეტიც, “იუს“ იმ წევრებმა, რომლებმაც განახორციელეს წინასწარი მოკვლევა მომჩივნის საქმეზე და წარადგინეს შუამდგომლობები მომჩივნის გათავისუფლების თაობაზე, მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს მომჩივნის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ერთ-ერთი მათგანი “იუს“ თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს და ის მომჩივნის საქმის განხილვას თავმჯდომარეობდა. აღნიშნული წევრების როლმა მომჩივნის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაში, რომელსაც საფუძვლად მათ მიერვე წარმოებული წინასწარი მოკვლევა დაედო, ობიექტური ეჭვები წარმოშვა, მომჩივნის საქმის არსებითი განხილვის დროს, მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, წინამდებარე საქმის ფაქტებმა გამოავლინა მთელი რიგი სერიოზულ პრობლემები, რომლებიც მიუთითებდნენ საქმეთა განხილვისას “იუს“ -ში არსებულ სტრუქტურულ ნაკლოვანებებზე და ასევე “იუს“ იმ ზოგიერთი წევრის მიკერძოებულობაზე, რომლებმაც მომჩივნის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “იუს“ -ში წარმოებული პროცესები არ შეესაბამებოდა მე-6 §1 მუხლით დადგენილი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.

(ii) საპარლამენტო კომიტეტი- კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ამავდროულად “იუს“ წევრები იყვნენ და ორივე დონეზე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული მომჩივნის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის პროცესი. შესაბამისად, ისინი მიუკერძოებლად არ მოქმედებდნენ, როდესაც “იუს“ -ს მიერ წარდგენილ მიმართვებს განიხილავდნენ. ამას გარდა, სასამართლოს მოსაზრებები მიუკერძოებლობის შესახებ, თანაბრად ვრცელდებოდა პროცესის ამ ეტაპზეც. უფრო მეტიც, სათანადოდ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ თავმჯდომარემ საპარლამენტო კომიტეტის სხვა ორ წევრთან ერთად, მიმართა “იუს“ მომჩივნის მიერ სავარაუდო გადაცდომის ჩადენის ფაქტზე წინასწარი მოკვლევის ჩატარების მოთხოვნით. ამავდროულად,“იუს“ -ს წევრებს არ შეეძლოთ განეხორციელებინათ თვითაცილება ამა თუ იმ საქმეში მონაწილეობისაგან, ვინაიდან თვითაცილების პროცედურას არ ითვალისწინებდა შესაბამისი კანონმდებლობა. აღნიშნული მიუთითებდა, რომ არ არსებობდა სათანადო გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფდა სამართალწარმოების შესაბამისობას ობიექტური მიუკერძოებლობის კრიტერიუმებთან. 

(iii) პარლამენტის პლენარული სხდომა- აღნიშნულ ეტაპზე მომჩივნის საქმეზე მიღებულ იქნა სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილება, “იუს“ და საპარლამენტო კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნების საფუძველზე. მთლიანობაში, პროცედურა საპარლამენტო სხდომაზე არ წარმოადგენდა სათანადო ფორუმს ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების განსახილველად, მტკიცებულებათა თუ ფაქტების სამათლებრივად შესაფასებლად. მთავრობამ სათანადოდ ვერ განმარტა, თუ რაში გამოიხატებოდა პარლამენტში მსხდომი პოლიტიკოსების როლი, რომლებიც არ იყვნენ ვალდებულები ჰქონოდათ სათანადოიურიდიული გამოცდილება და არ შეესაბამებოდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს. 

(iv)  უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო- უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეცხადებინა „იუს“-ს და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოდ, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმების და შემდგომი ზომების მიღების უფლებამოსილება მას არ გააჩნდა. მარტოოდენ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს დეკლარაციული ხასიათის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუძლებელი იყო მოსამართლის თანამდებობაზე ავტომატური აღდგენა. მეტიც, მომჩივნის მიერ დაყენებულ მნიშვნელოვან არგუმენტებს არ მიექცა ჯეროვანი ყურადღება უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, მომჩივნის საქმის სასამართლო გადასინჯვა სათანადო არ იყო. ამასთან ერთად, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის კუთხით „იუს“-ს იურისდიქცია ვრცელდებოდა და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის წარმოება „იუს“-ში მიმდინარეობდა. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მოეხდინათ „დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის“ დემონსტრირება მე-6 მუხლის მოთხოვნათა თანახმად. 

ამიტომ, ხელისუფლების ეროვნულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მომჩივნის საქმეზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული დეფექტები არც სასამართლოს მიერ შემდგომი გადასინჯვით გამოსწორდა.

დასკვნა- დარღვევა (ერთხმად). 

 

(გ) ხანდაზმულობის ვადების არ არსებობა დისციპლინური სახდელის დაკისრებისთვის - მომჩივანი რთულ მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული, ვინაიდან „იუს“-ს წინაშე 2010 წელს, მას თავი უნდა დაეცვა შორეულ წარსულში (2003 და 2006 წლებში) მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა დროის შეზღუდვებს „ფიცის დარღვევის“ საფუძველზე მოსამართლის გათავისუფლების მიზნით სამართალწარმოების დასაწყებად. სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობის მითითება, თუმცა დაადგინა, რომ დროში ასეთი შეუზღუდავი მიდგომა მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოებისას, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს. 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

 

(დ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა- მომჩივნის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას კენჭი ეყარა პარლამენტის წევრთა უმრავლესობის არ ყოფნის პირობებში. სხდომაზე დამსწრე პარლამენტარებმა განზრახ და უკანონოდ რამდენჯერმე მისცეს ხმა სხდომაზე არ მყოფი კოლეგების ნაცვლად. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონტიტუციის, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონის და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით. შესაბამისად, მომჩივნის გათავისუფლების შესახებ ხმის მიცემის პროცედურა წარმოადგენდა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევას. უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ვერ უზრუნველყო აღნიშნულ საკითხზე სათანადო რეაგირება. 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად). 

 

(ე) უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს პალატის შემადგენლობა- ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, სპეციალური პალატის შემადგენლობას, რომელსაც მომჩივნის საქმე უნდა განეხილა, განსაზღვრავდა უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც ზემოაღნიშნული პალატის დაკომპლექტების დროს, გასული ჰქონდა თავმჯდომარეობის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. იმ დროისათვის, ეროვნული კანონმდებლობის რელევანტური დებულებები, რომლებიც სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშვნის წესებს არეგულირებდა, არაკონსტიტუციურად იყო ცნობილი, ხოლო ახალი დებულებები აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ იყო მიღებული.მოცემულ პერიოდში, სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი სერიოზული დაპირისპირების თემას წარმოადგენდა უკრაინის ხელისუფლებაში. სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მომჩივნის საქმის განმხილველი პალატა „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნათა შესაბამისად იყო დაკომპლექტებული. 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად). 

 

მუხლი 8: მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის კენჭისყრა მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო ეროვნული კანონმდებლობის თვალსაზრისით, საკმარისი იყო სასამართლოსთვის, მოცემულ შემთხვევაში ჩარევის გაუმართლებელი ხასიათისა და შესაბამისად, მე-8 მუხლის დარღვევის დასადგენად. მომჩივნის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, არ არსებობდა სახელმძღვანელო პრინციპები ან რაიმე პრაქტიკა, რომელიც „ფიცის დარღვევის“ ცნების თანმიმდევრულ ინტერპრეტაციას დაადგენდა და არც ადეკვატური პროცედურული გარანტიები არსებობდა შესაბამისი დებულებების თვითნებურად გამოყენებისაგან დასაცავად. კერძოდ, ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ვადებს „ფიცის დარღვევის“ საფუძველზე მოსამართლის წინააღმდეგ წარმოების დასაწყებად, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დამკისრებელ ორგანოებს განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებდა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევას იწვევდა. მეტიც, ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა დისციპლინური სამართალდარღვევებისთვის სანქციების გრადაციებს და არ არსებობდა შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფდა სანქციების გამოყენებას, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. და ბოლოს, ეროვნული კანონმდებლობა არ ადგენდა სამართლებრივ ფარგლებს, რაც „ფიცის დარღვევის“ საფუძველზე მოსამართლის გათავისუფლების საკითხის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის უზრუნველსაყოფად იყო საჭირო. 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად). 

მუხლი 41: 20 000 EUR მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი მატერიალური ზიანის სახით დარჩა ღია. 

 

მუხლი 46 

(ა) ზოგადი ხასიათის ღონისძიებები- საქმემ გამოავლენა უკრაინის სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირების სერიოზული სისტემური პრობლემები. კერძოდ, უკრაინაში მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა არ უზრუნველყოფდა სასამართლო ხელისუფლების გამოყოფას ხელისუფლების სხვა შტოებისგან. მეტიც, ის არ მოიცავდა დისციპლინური ღონისძიებების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის სათანადო გარანტიებს, სასამართლო დამოუკიდებლობის საზიანოდ. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს დაეკისრა ზოგადი ხასიათის მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმირების მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს საკანონმდებლო რეფორმებს სისტემის ინსტიტუციონალური საფუძვლების რესტრუქტურიზაციის მიზნით. მოცემულ სფეროში გატარებულ ღონისძიებებს ეროვნული კანონმდებლობის თანმიმდევრული გამოყენების შესაბამისი პრინციპების დანერგვა უნდა მოჰყვეს. 

(ბ) ინდივიდუალური ღონისძიებები- გაითვალისწინა რა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმირების აუცილებლობა, საქმის წარმოების განახლება ქვეყნის შიგნით, დადგენილი დარღვეული უფლებების აღდგენის სათანადო ფორმად ვერ განიხილებოდა. არ არსებობდა საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ უახლოეს მომავალში მომჩივნის საქმის ხელახალი განხილვა კონვენციის პრინციპების შესაბამისად მოხდებოდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ აზრი არ ჰქონდა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებაზე მითითებას. საქმის გამონაკლისი გარემოებების და კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების დარღვევების აღკვეთის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს დაეკისრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მომჩივნის, მაქსიმალურად მოკლე ვადებში, აღდგენის უზრუნველყოფა.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012

The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012

Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .