სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (summary)

საქმის დასახელება    -   სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ 

საჩივრის ნომერი  -  39726/04  Summary

მოპასუხე სახელმწიფო    -  საქართველო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   30/09/2014

შედეგი:   საქმეთა სიიდან ამოირიცხა

  

 

 

საკვანძო სიტყვები: (მე-3 მუხლი) წამების აკრძალვა

(მე-5 მუხლი) თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება

(მე-6 მუხლი) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მე-14 მუხლი) დისკრიმინაციის აკრძალვა

(39-ე მუხლი) მორიგების მიღწევა

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

 

ფაქტები: მომჩივანი, სულხან მოლაშვილი, ეროვნებით ქართველია. იგი დაიბადა 1969 წელს და ცხოვრობს თბილისში. 2000 წლის მაისიდან  2004 წლის 4 იანვრამდე მომჩივანს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. აღნიშნული სახელმწიფო უწყება სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოს ფინანსური საქმიანობის კონტროლს ახორციელებდა. 2000 და 2003 წლებში კონტროლის პალატამ თბილისის საკრებულოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფინანსური ოპერაციების აუდიტი ჩაატარა. ორივე აუდიტი იმ დროს განხორციელდა, როდესაც იუსტიციის მინისტრი და საკრებულოსთან მიმართებით, შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარე, ბ-ნი მ. სააკაშვილი გახლდათ. აუდიტის დასკვნების შედეგად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხასიათის ფინანსური დარღვევების არსებობა. ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად, რომელიც 2003 წლის ნოემბერში განხორციელდა და რამაც ქვეყნის წინა პრეზიდენტის გადადგომა განაპირობა, 2004 წლის 4 იანვარს, ახალ პრეზიდენტად ბ-ნი სააკაშვილი აირჩიეს. 2004 წლის 4 იანვარს, იმავე დღეს, მომჩივანმა პარლამენტს კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მიმართა. 2004 წლის 22 აპრილს, უწყების საპასუხოდ, მომჩივანი მთავარი პროკურატურის ოფისში დაკითხვისათვის ნებაყოფლობით გამოცხადდა. მას ბრალი დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მომჩივნის განცხადებით, 2004 წლის 22 აპრილის ღამეს მის საკანში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამი ან ოთხი მამაკაცი შევიდა და მას შემდეგ, რაც მას სკამზე მჯდომს ხელბორკილები დაადეს, ხერხემალსა და მკერდზე სიგარეტი მიაწვეს. საქმის მასალები ადასტურებენ მის სხეულზე სიგარეტის ნამწვის ნიშნებს. მომდევნო დღეს, 2004 წლის 23 აპრილს, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მომჩივნის პატიმრობის ბრძანება გასცა. შემდგომში, მომჩივნის პატიმრობა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. 2004 წლის 11 ივნისსა და 2 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ორი საჯარო განცხადება გააკეთა, რომელიც ნაციონალური სატელევიზიო არხებით გადაიცა, რომელშიც იგი მომჩივანს კორუფციასა და ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს. 2004 წლის 5 ივლისს მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, თუმცა გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. საქმეზე პასუხისმგებელმა პროკურორმა 2004 წლის 13 ივლისის სატელევიზიო ინტერვიუს დროს გამოთქვა მოსაზრება, რომ მომჩივანმა, როგორც ჩანს, სიგარეტით დაზიანება თავად მიიყენა, იმ განზრახვით, რომ სკანდალი შეექმნა, ,,გავლენა მოეხდინა საზოგადოების აზრზე და საჩივარი შეეტანა სტრასბურგის სასამართლოში“. მომჩივანს 2004 წლის ივლისის შუა რიცხვებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რომლის ადეკვატურობაც მხარეთა შორის დავის საგანი გახდა. პატიმრობის პერიოდის განმავლობაში მომჩივანი და მისი ადვოკატები ჩიოდნენ ადეკვატური სამედიცინო მომსახურების ნაკლებობაზე, თუმცა აღნიშნული საჩივრები ან დაუსაბუთებლობის საფუძველზე არ კმაყოფილდებოდა ან შიდა ხელისუფლების მიერ რეაგირების გარეშე რჩებოდა. 2004 წლის 12 ივლისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა სპეციალური კომიტეტის წევრმა, მათიაშ იორშმა, მომჩივანი ციხეში მოინახულა. აღნიშნულ ვიზიტს ბ-ნი იორშის საჯარო განცხადება მოჰყვა, სადაც მან აღშფოთება გამოთქვა მომჩივნის პატიმრობის გაუსაძლისი პირობების შესახებ. მომჩივნის პატიმრობის პირობები, ასევე, დაგმო სახალხო დამცველმა. 2005 წლის 18 იანვარს გამოძიება დასრულდა და 2005 წლის 21 ივლისს სასამართლოში მომჩივნის საქმის განხილვა დაიწყო. 2005 წლის 4 ივლისს, ფინანსურ საკითხებში დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მომჩივნის თავმჯდომარეობის დროინდელი კონტროლის პალატის მრავალტომიანი ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შემდეგ,  გამოსცა დასკვნა, რომელშიც გამორიცხა რაიმე სახის დარღვევის არსებობა. მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო. რამდენიმე სასამართლო სხდომის შემდეგ, რომლის სამართლიანობაც მხარეებს შორის სადავო გახდა, რაც განპირობებული იყო სასამართლო გამოძიების წარმართვის ფორმით (კერძოდ, მომჩივანს არ მიეცა გარკვეული მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვის უფლება და აგრეთვე, რამდენიმე სხდომაზე უფლება არ მისცეს წარმოდგენილი ყოფილიყო მის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მომჩივანი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვაში და საზოგადოებრივი ფონდების მითვისებაში. ფინანსურ საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტის 2005 წლის 4 ივლისის დასკვნა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ ყოფილა მიღებული. მომჩივანს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2005 წლის 21 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტთან საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ მან უკვე იხილა მომჩივნის სისხლის სამართლის საქმის მასალები და დარწმუნებით შეუძლია დაადასტუროს, რომ 2004 წლის 7 სექტემბრის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კარგად იყო დასაბუთებული. მომჩივანმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და  ბრალდების ზოგიერთ ეპიზოდთან მიმართებით ნაწილობრივ გაამართლა იგი, თუმცა სხვა ნაწილთან დაკავშირებით მომჩივნის მსჯავრდება ძალაში დატოვა. მომჩივანს სასჯელად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან საკასაციო საჩივარი წარადგინა და უზენაესი სასამართლოს ყურადღება პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების მიერ  სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ჩადენილ სერიოზულ პროცედურულ დარღვევებზე გაამახვილა. უზენაესი სასამართლოს მსგავს საქმეებზე მითითებით, იგი, ასევე, დაობდა აშკარად მცდარ სამართლებრივ დასაბუთებაზე, რასაც შეიცავდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების  გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილები.

 

2006 წლის 18 მაისს, მას შემდეგ, რაც მომჩივანმა შეიტყო უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის ვინაობა, რომელთაც მისი საქმე უნდა განეხილა, მან მოითხოვა, რომ  შიდა კანონმდებლობის შესაბამისი მუხლების თანახმად, აღნიშნული ორი მოსამართლე არ ყოფილიყო მისი საქმის განმხილველი. ეს მოთხოვნა, დაუსაბუთებლობის საფუძვლით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 2006 წლის 23 ივნისს უზენაესი სასამართლოს შესაბამისმა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მომჩივნის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ერთ-ერთმა მოსამართლემ გამოთქვა განსხვავებული მოსაზრება, სადაც მან აღიარა, როგორც სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთების ხარვეზები, რომელმაც ვერ უზრუნველყო მომჩივნის ბრალის დასადასტურებელად საკმარისი მიზეზების მითითება, აგრეთვე, საქმის განხილვის დროს სერიოზული პროცედურული დარღვევების არსებობა.

 

2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სიიდან ამორიცხა საქმე „თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე. აღნიშნული დეკლარაცია, შეიცავს ისევე როგორც თაქთაქიშვილის წინააღმდეგ კონვენციის მე-6 მუხლის 1 პარაგრაფის დარღვევის აღიარებასა და მისთვის ფულადი კომპენსაციის შეთავაზებას, აგრეთვე, აღიარებს მომჩივნის უფლებას, მოითხოვოს შესაბამისი შიდა სამართალწარმოებით საქმის ხელახალი განხილვა. სტრასბურგის სასამართლომ დასაბუთებისას მხედველობაში მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ფორმულირება, დაადასტურა, რომ შიდა კანონმდებლობის დებულება ითვალისწინებდა ეროვნული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის პროცედურულ შესაძლებლობას იმ საფუძვლით, რომ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება,  რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით. 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, დაეყრდნო რა სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2012 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ განჩინებას საქმის სიიდან ამორიცხვის თაობაზე, საქმის ხელახლა განხილვის მიზნით, გადაწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხელმეორედ დაწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად. მოგვიანებით, ქ-ნი თაქთაქიშვილი გაამართლეს წარდგენილ ბრალდებაში, რომლისთვისაც იგი თავდაპირველად დამნაშავედ ცნეს.

 

მომჩივანი კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე დაობდა, რომ 2004 წლის 22 აპრილის ღამეს თბილისის მთავარ სამმართველოში წინასწარი პატიმრობის დროს მას არასათანადოდ მოეპყრნენ და რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება. იგი ასევე ჩიოდა, რომ მისი პატიმრობის პირობები იყო არაადამიანური და რომ ციხეში არაადეკვატურმა სამედიცინო მკურნალობამ  მისთვის სხვადასხვა სერიოზული დაავადება გამოიწვია. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მომჩივანი დაობდა, რომ მისი დაკავების გარკვეული პერიოდები უკანონო იყო, რადგან არ არსებობდა სასამართლოს ბრძანება დაკავების თაობაზე, ასევე, ჩიოდა, რომ მისი წინასწარი პატიმრობის დრო იყო არაგონივრული და არ ეფუძნებოდა დაკავების შესახებ საკმარისად დასაბუთებულ ბრძანებას და რომ მისი დაკავების ზოგიერთი სასამართლო გადასინჯვა შესაბამისობაში არ იყო სამართლიანობის გარანტიების მინიმუმ მოთხოვნებთან. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და მე-3 პარაგრაფის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით მომჩივანი, საქმის კონკრეტულ და რელევანტურ გარემოებებზე მითითებით, დაობდა, რომ ეროვნული სამართალწარმოების დროს დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რადგან მას გარკვეული მოწმეებისა და ექსპერტის დაკითხვაზე უარი განუცხადეს. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებათა დასაბუთება აშკარად მიკერძოებულიიყო, ვინაიდან სასამართლოებმა დაცვის მხარის მთავარ არგუმენტებზე, მათ შორის 2005 წლის 4 ივლისის აუდიტის დასკვნის შესახებ მითითებაზე, პასუხის გაცემა ვერ უზრუნველყვეს. კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით მომჩივანი დაობდა, რომ პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო განცხადებები არღვევდა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას. კონვენციის მე-14 მუხლზე მითითებით მე-6 მუხლის 1-ლ პარაგრაფთან ერთად, მომჩივანი დაობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება მისი ძველი პოლიტიკური მტრის, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, პოლიტიკური მოტივებით მის დასჯას წარმოადგენდა.

 

სამართალი: მორიგების რამდენიმე  წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2014 წლის 11 მარტს მთავრობამ ევროპულ სასამართლოს აცნობა, რომ ისინი მომჩივნის მიერ წამოჭრილი საკითხების გადაჭრის თვალსაზრისით აპირებდნენ დეკლარაციის წარდგენას. ამის შემდგომ მთავრობამ სასამართლოს კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად საჩივრის სიიდან ამორიცხვა მოსთხოვა. წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით:

,,საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ წინამდებარე საქმეში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლით, მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის „გ“ ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფებით, მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით, მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფით, მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-14 მუხლით გათვალისწინებული მომჩივნის უფლებების დარღვევას.აღნიშნული დეკლარაციის ფარგლებში, მთავრობამ იკისრა ვალდებულება, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად, მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება აწარმოოს.

მთავრობამ აღიარა, რომ მომჩივანს, მისი სურვილის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა იმისათვის, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეხელახლა იქნეს განხილული. ზემოაღნიშნულისა და მომჩივნის საქმის კონკრეტული ფაქტების ფონზე, მთავრობამ განაცხადა, რომ ის მზად არის ბ-ნ მოლაშვილს 20,000 (ოცი ათასი) ევრო გადაუხადოს, რათა აანაზღაუროს მატერიალური და მორალური ზიანი, ისევე, როგორც ხარჯები და დანახარჯები. თანხა გადახდილ უნდა იქნეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში.

მთავრობის ცალმხრივი აღიარების, კერძოდ, მომჩივნისათვის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის უფლების უზრუნველყოფის ვალდებულების მხარდასაჭერად, მთავრობამ დამატებითი არგუმენტები წარმოადგინა და მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 14 იანვარს ლონდა თაქთაქიშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დადგინდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახლა განხილვის პროცედურული მექანიზმი სრულად ფუნქციონირებდა.

2014 წლის 4 აპრილის წერილით, მომჩივანმა, რომელსაც მთავრობის ცალმხრივი აღიარების თაობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, სტრასბურგის სასამართლოს აცნობა, რომ დეკლარაციაში მითითებული პირობების საფუძველზე, იგი თანახმა იყო საჩივრის საქმეთა სიიდან ამორიცხვაზე. მომჩივანმა ევროპულ სასამართლოს მოუწოდა, უზრუნველეყო, რომ მორიგების პირობები, კერძოდ, მისი არასათანადო მოპყრობის ეფექტური გამოძიება და მისი საქმის ეროვნულ დონეზე ხელახალი განხილვა, სათანადოდ და დროულად განხორციელებულიყო.

სასამართლო მომჩივნის მიერ მთავრობის ცალმხრივი აღიარების პირობებზე დათანხმების შემდეგ ადგენს, რომ საქმეზე მხარეებს შორის მორიგება შედგა. სტრასბურგის სასამართლო მომჩივანს პასუხობს, რომ მორიგების პირობების აღსრულების მონიტორინგი მინისტრთა კომიტეტის პრეროგატივაა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგება დაფუძნებულია კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე და ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რათა განაგრძოს საჩივრის განხილვა.

 

შესაბამისად, მორიგების თანახმად, საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ წინამდებარე საქმეში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლით, მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის „გ“ ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფებით, მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით, მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფით, მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-14 მუხლით გათვალისწინებული მომჩივნის უფლებების დარღვევა. აგრეთვე, საქართველოს მთავრობამ სულხან მოლაშვილისათვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი  გამოძიების ვალდებულება იკისრა.

 

დასკვნა: ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ კონვენციის 39-ე მუხლის თანახმად საჩივარი საქმეთა სიიდან ამოირიცხოს.