გარაბაევი რუსეთის წინააღმდეგ
Garabayev v. Russia
საჩივრის ნომერი: -38411/02
მოპასუხე სახელმწიფო: რუსეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 07/06/2007
შედეგი:
წინასწარი პრეტენზიები არ დაკმაყოფდილდა (სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა)
დაირღვა მე-3 მუხლი (თურქმენეთში ექსტრადიციის შემთხვევაში)
დაირღვა მე-5(1-f0) მუხლი
დაირღვა მე-5(4) მუხლი
დაირღვა მე-5(3) მუხლი
დაირღვა მე-13+მე-3 მუხლი
არ არის აუცილებელი მე-13+მე-5 მუხლის გამოკვლევა
არამატერიალური ზიანი- ფინანსური ანაზღაურება
ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურება- შიდაახელმწიფოებრივი და კონვენციის სამართალწარმოება
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები :
(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება
(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა
(მუხლი 3) ექსტრადიცია
(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა
(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
(მუხლი 5-1) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება
(მუხლის 5-1) კანონით გათვალისწინებული პროცედურა
(მუხლი 5-1-F) ექსტრადიცია
(მუხლი 5-3) მოსამართლის ან სხვა მოხელის წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენა (მუხლი 5-4) დაკავების კანონიერების შემოწმება
(მუხლი 5-4) სამართალწარმოების წარმართვა
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციობარათისასამართლოსპრეცედენტულსამართალზე No. 98
ივნისი 2007
გარაბაევი რუსეთის წინააღმდეგ - 38411/02
გადაწყვეტილება 7.6.2007 [სექცია I]
მუხლი 3
ექსტრადიცია
შიდა კანონმდებლობის დარღვევით დაკავება და ექსტრადიცია იმ გარემოებებში, როდესაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, რომ მომჩივანი არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანი იყო რუსეთისა და თურქმენეთის მოქალაქე. 2002 წლის სექტემბერში თურქმენეთის ხელისუფლების ორგანოებმა რუსეთის ხელისუფლების ორგანოებს მოსთხოვეს მისი დაპატიმრება და ექსტრადიცია სავარუდოდ მის მიერ ჩადენილ საბანკო დანაშაულებებთან დაკავშირებით. მომჩივანი დააკავეს მოსკოვში და მოათავსეს საპატიმროში. მისმა ადვოკატმა რუსეთის ხელისუფლების ორგანოებს განუცხადა, რომ მისი, როგორც რუსეთის მოქალაქის, თურქმენეთში ექსტრადიცია არ შეიძლებოდა. მან ასევე მიუთითა ადამიანის უფლებების ანგარიშებზე, რომელიც მიანიშნებდა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაშიმომჩივანი შესაძლოა წამების ან არადაამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის რისკის ქვეშ მოხვედრილიყო. რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციამ და სახელმწიფო დუმას (პარლამენტის) წევრმა ასევე მისწერეს ხელისუფლების ორგანოებს მის რუსულ მოქალაქეობაზე, წამების რისკისა და სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების არარასებობაზე მითითებით. 2002 წლის 18 და 24 ოქტომბერს მომჩივნის ადვოკატმა გაასაჩივრა აპლიკანტის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ ბრძანებები საქალაქო სასამართლოში, რომელმაც უარყო დაკავების შესახებ საჩივრის განხილვის განსჯადობის უფლებამოსილება და უარი თქვა მომჩივნის დასწრების გარეშე ექსტრადიციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გადახედვაზე. 2002 წლის 24 ოქტომბერს მოხდა მომჩივნის ექსტრადიცია თურქმენეთში. მომჩივანი აცხადებს, რომ მას ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების ასლი პირველად აჩვენეს აეროპორტში და რომ მისი მოთხოვნა, ენახა ადვოკატი, არ დაკმაყოფილდა. 2002 წლის დეკემბერში საქალაქო სასამართლომ განიხილა მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება. მან დაადგინა, რომ ექსტრადიცია იყო უკანონო მისი რუსეთის მოქალაქეობის გათვალისწინებით და (ექსტრადიციის შესახებ ბრძანება) ოფიციალურად არ ჩაბარებია მას ან მის ადვოკატს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მისი დაკავება იყო უკანონო. აპლიკანტი ჩიოდა, რომ თურქმენეთში პატიმრობისას მას ემუქრებოდნენ წამებით და რეპრესალიებით მისი ოჯახის წინააღმდეგ, მას ურტყამდნენ თავში და ზურგზე და ამყოფებდნენ არადამაკმაყოფილებელ პირობებში. იგი დაკითხეს ორჯერ ადვოკატის გარეშე და რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებს არ მისცეს მასთან შესვლის შესაძლებლობა. 2003 წლის თებერვალში მომჩივანი დააბრუნეს მოსკოვში, სადაც იგი დააკავეს და დააპატიმრეს (წინასწარ პატიმრობაში ამყოფეს) ქონების მითვისების ბრალდებით. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ დედამისს, საქმის ხელახალი გადასინჯვის შემდეგ, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და რომ იგივე სასჯელი შეუფარდეს ასევე მის დასა და ბიძას. 2004 წლის მარტში მომჩივანი დამნაშავედ სცნეს ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში და დააჯარიმეს. სხვა ბრალდებებში იგი გაამართლეს და გაათავისუფლეს პატიმრობიდან. რუსეთის მთავრობამ მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მისცა გარანტიები, რომ, მომჩივნის რუსული მოქალაქეობის გათვალისწინებით, არ მოხდებოდა მისი თურქმენეთში ექსტრადიცია.
სამართალი: მუხლი 3 – კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოები საკმარისად ინფორმირებულები იყვნენ მომჩივნის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი არასათანადოდ მოპყრობის რისკის შესახებ, ვინაიდან მომჩივანი, მისი ადვოკატები და სხვადასხვა საჯარო ფიგურები უგზავნიდნენ წერილებს მთავარ პროკურორს. შესაბამისად, მისი ექსტრადიციის დღეს არსებობდა არსებითი საფუძვლები იმის დამადასტურებლად, რომ იგი აკრძალული მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა. თუმცა არ მომხდარა მომჩივნის უსაფრთხოებისათვის რაიმე გარანტიებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების სამედიცინო ანგარიშების ან ვიზიტების მოთხოვნა ან მოპოვება; მომჩივანმა მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება შეიტყო მხოლოდ გადაყვანის დღეს და არ ჰქონდა მისი გასაჩივრების ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა; საბოლოოდ, შიდა სასამართლომ, რომელმაც მას შემდეგ, რაც ექსტრადიცია მოხდა, დაადგინა, რომ ექსტრადიცია იყო უკანონო, ასევე ვერ გაითვალისწინა მე-3 მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადებები. ის დასკვნა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მოახდინეს არასათანადოდ მოპყრობის რისკების სათანადო შეფასება მომჩივნის ექსტრადიციამდე, განმტკიცდა ექსტრადიციის შემდეგ თურქმენეთში მის მიმართ უდაოდ განხორციელებული მოპყრობით: მომჩივანმა მისი სამთვიანი პატიმრობის უმეტესი დრო გაატარა 10 კვ.მ-ის საკანში, რომელსაც კიდევ სხვა ორ თანამესაკნესთან ერთად ინაწილებდა; მას ძალიან მცირედით ან საერთოდ არ ჰქონდა ვარჯიშის შესაძლებლობა, უარი ეთქვა საკონსულოსთან შეხვედრაზე და ცხოვრობდა თავისი სიცოცხლისა და თავისი ნათესავების უსაფრთხოებასთან მიმართებით მუდმივ შიშში; და რამდენიმე შემთხვევაში გამომძიებლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 5 § 1 (f) – მომჩივანი რუსეთში იყო დაკავებული თურქმენეთში პროკურორის მიერ გაცემული დაკავების დადგენილებით, რომელიც არ იყო დამტკიცებული რუსეთის სასამართლოს მიერ და ეწინააღმდეგებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებებს. ამგვარად, მისი წინასწარი დაკავება ექსტრადიციის პერიოდში არ იყო შესაბამისი „კანონით გათვალისწინებულ პროცედურასთან“. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ მისი დაკავება თავიდანვე უკანონოდ ცნო, ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივი სამართალი ცალსახა ფორმულირებით გამორიცხავდა რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციას. პროცედურული დეფექტი მომჩივანის დაპატიმრების ავტორიზაციის დადგენილებაში იყო იმდენად ფუნდამენტური, რომ მიჩნეულ უნდა ყოფილიყო თვითნებურად და იურიდიულად ძალადაკარგულად. ეს დასკვნა ასევე გაძლიერდა მომჩივნის ექსტრადიციამდე მისი დაკავების კანონიერების სასამართლო კონტროლის არაარსებობით. შესაბამისად მომჩივნის დაკავება განსახილველ პერიოდში იყო უკანონო და თვითნებური.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 5 § 3 – ერთი თვისა და 19 დღის პერიოდი, რომელიც დასჭირდა მომჩივნის თურქმენეთიდან დაბრუნებისას რუსეთში დაპატიმრების შემდეგ სასამართლოში მიყვანას, შეუსაბამო იყო დაპატიმრებული პირებისათვის დადგენილ მკაცრ მოთხოვნებთან, მომხდარიყო მისი წარდგენა მოსამართლესთან დაუყოვნებლივ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 5 § 4 – მომჩივნის ექსტრადიციამდე საქალაქო სასამართლომ უარი თქვა განსჯადობაზე, განეხილა მისი დაკავების კანონიერება. თუმცა მან (სასამართლომ) საბოლოოდ ამ საკითხს მიმართა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდა მისი ექსტრადიცია. ამგვარად, მომჩივნის დაკავების კანონიერება შესაბამის დროში არ გამოკვლეულა რომელიმე სასამართლოს მიერ, მიუხედავად ამ კუთხით მისი მოთხოვნებისა. ამრიგად, თუნდაც ჩაითვალოს, რომ მე-5(4) მუხლით მოთხოვნილი სამართლებრივი დაცვის საშუალება ხელმისაწვდომი იყო შიდასახელმწიფოებრივ სამართალში, მომჩივანს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა ამით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობები დაპატიმრების თვითნებობის შესახებ ასევე იყო პირდაპირ რელევანტური, ვინაიდან სასამართლო უკეთეს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რათა გამოევლინა დაკავების ბრძანებაში არსებული ფუნდამენტური დეფექტი და გაეცა მომჩივნის გათავისუფლების ბრძანება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 13 (მე-3 მუხლთან კავშირში) – მომჩივანი ვერ უზრუნველყვეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით მის სარჩელთან დაკავშირებით, რომ ექსტრადიცია მას არასათანადოდ მოპყრობის რისკის ქვეშ დააყენებდა. კერძოდ, მას ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მისი გადაყვანის დღეს შეატყობინეს; შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევით, მას არ ჰქონდა ადვოკატთან დაკავშირების ან სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა; და დაგეგმილი ექსტრადიციის შესაბამისობა მე-3 მუხლთან არ გამოიკვლიეს შესაბამისმა ორგანოებმა მანამ, სანამ ექსტრადიცია მოხდებოდა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41 – 20,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes