ლინდსტრომი და მასელი ფინეთის წინააღმდეგ
Lindström and Mässeli v. Finland
საჩივრის ნომერი - 24630/10
მოპასუხე სახელმწიფო - ფინეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 14/1/2014
შედეგი - არ დაირღვა მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) (მატერიალური ნაწილი),
დაირღვა მე-8 მუხლი - ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება (მუხლი 8-1 - პირადი ცხოვრების პატივისცემა)
არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა
(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა
(მუხლი 8) ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა
(მუხლი 8-2) კანონით გათვალისწინებული
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადი)
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 170
იანვარი 2014
ლინდსტრომი და მასელი ფინეთის წინააღმდეგ - 24630/10
Lindström and Mässeli v. Finland - 24630/10
გადაწყვეტილება 14.1.2014 [IV სექცია]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
პატიმრების ვალდებულება, ატარონ დახურული კომბინიზონები მოკლევადიან იზოლაციაში ყოფნის დროს: არ არის დარღვევა
ფაქტები – 2004 წელს ორი მომჩივანი, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს ციხეში, გადაიყვანეს იზოლაციაში (პირველი მომჩივანი - სამი დღით, მეორე - შვიდი დღით), რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ისინი შეეცადნენ ციხეში ნარკოტიკების შეტანას. იზოლაციაში ყოფნის დროს მათ აიძულებდნენ, ეტარებინათ კომბინიზონები, რომელიც სხეულს ფარავდა კისრიდან ტერფამდე, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მიერ „დალუქული“ იყო პლატიკური ზონრებით. მათ არ შეეძლოთ თვითონ გაეხადათ კომბინიზონები ან ხელი გაეყოთ სახელოებში. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ არსებობდა შემთხვევები, როცა მათ მოუწიათ დეფეკაცია აღნიშნულ კომბინიზონებში, რადგან ციხის დაცვა ვერ ახერხებდა დროულად მათ წაყვანას მეთვალყურეობის ქვეშ არსებულ საპირფარეშოში და პატიმრებს ასევე არ რთავდნენ ნებას, ამის შემდეგ გამოეცვალათ კომბინიზონები ან დაებანათ იზოლაციის განმავლობაში. შედეგად მათ აწუხებდათ კანის პრობლემები. 2005 წელს მოჩივნებმა მიმართეს პოლიციას; ხელისუფლების ორგანოებმა ბრალი დასდეს ციხის უფროსსა და ორ უფროს მცველს. თუმცა, 2007 წელს რაიონულმა სასამართლომ უარყო ყველა ბრალდება. გასაჩივრების შემდეგ ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
სამართალი – მუხლი 3: ციხეში წესრიგის და უსაფრთხოების შენარჩუნება და პატიმართა კეთილდღეობის უზრუნველყოფა შეიძლება მიჩნეულ იქნეს იზოლაციის დროს დახურული კომბინიზონების სისტემის გამოყენების სათანადო საფუძვლად. გარდა ამისა, აღნიშნული ზომები მიზნად ისახავდა პატიმართა ჯანმრთელობის დაცვას და არა - მათ შეურაცხყოფას. მიუხედავად ამისა, ასეთი ღონისძიებები შეიძლება სხვაგვარად იქნეს შეფასებული, თუ კონკრეტულ შემთხვევებში მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ მოხდა მათი განხორციელება. მოცემულ საქმეში, შიდა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ პატიმრებისათვის კომბინიზონებში დეფეკაციის იძულება არ ხდებოდა განზრახ და ასევე არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ დაცვის წევრები დროულად არ რეაგირებდნენ მომჩივნების მიერ საპირფარეშოთი სარგებლობის თხოვნაზე. ასევე არ დადასტურდა ის, რომ მომჩივნებს არ ჰქონდათ დაბანის შესაძლებლობა ან ის, რომ მათ უწევდათ დაბინძურებული კომბინიზონების ტარება. მომჩივნებმა ვერ დაამტკიცეს, რომ პლასტიკურმა ზონრებმა დაუზიანეს მაჯები და ვერც ის, რომ კომბინიზონებმა გამოიწვიეს ალერგიული რეაქცია. სასამართლოს არ ევალებოდა შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ ფაქტების შეფასების სისწორის დადგენა. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც არსებობდა უსაფრთხოების დაცვის გონივრული საჭიროება, დახურული კომბინიზონების გამოყენება იზოლაციის შედარებით მოკლევადიან პერიოდში მე-3 მუხლით დადგენილ ზღვარს ვერ გადააჭარბებდა. ეს განსაკუთრებით ნათელი იყო მომჩივნების შემთხვევაში, რადგან მათ ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის ელემენტების არსებობას.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რადგან მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა არ განხორციელებულა კანონის შესაბამისად. მომჩივნებმა მიიღეს 3,000 ევროს ოდენობით კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის.
(იხილეთ კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudła v. Poland [GC], 30210/96, 26 ოქტომბერი 2000, საინფორმაციო ბარათი 23); პირსი საბერძნეთის წინააღმდეგ (Peers v. Greece, 28524/95, 19 აპრილი 2001, საინფორმაციო ბარათი 29); დოერგა ნიდერლანდების წინააღმდეგ (Doerga v. the Netherlands, 50210/99, 27 აპრილი 2004, საინფორმაციო ბარათი 63); და ვისე საფრანგეთის წინააღმდეგ (Wisse v. France, 71611/01, 20 დეკემბერი 2005).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes