ლონდა თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
TAKTAKISHVILI v. GEORGIA
საჩივრის ნომერი: - 46055/66
მოპასუხე სახელმწიფო: საქართველო
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 16/10/2012
შედეგი: ნაწილობრივ ამოირიცხა საქმეთა სიიდან
ნაწილობრივ დაუშვებელი
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლო უფლება
(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 37) საჩივრების ამორიცხვა
აპლიკანტი, ქ-ნი ლონდა თაქთაქიშვილი, ეროვნებით ქართველია. იგი 1929 წელს არის დაბადებული და ცხოვრობს ზუგდიდში. 2004 წლის 22 სექტემბერს მომჩივანი, სოციალური უსაფრთხოების სააგენტოს სამედიცინო ექსპერტი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მისი დაკავება, რომელიც ზუგდიდის ქუჩაში, მსხვერპლის მიერ აპლიკანტისთვის ქრთამის გადაცემის დროს განხორციელდა, დაგეგმილი იყო პოლიციის მიერ, მას შემდეგ, რაც მათ მსხვერპლისგან საჩივარი მიიღეს. ქრთამის აღების ფაქტს სამი თვითმხილველი ყავდა. მომჩივანი საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 2005 წლის 9 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მსჯავრდება ძირითადად ეფუძნებოდა მსხვერპლისა და პროკურატურის მოწმეების მამხილებელ ჩვენებებს. 2006 წლის 18 აპრილს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
აპლიკანტის დაცვის მტავარი არგუმენტი გახლდათ ის, რომ მსხვერპლი და პროკურატურის მოწმეები ფაქტობრივად პოლიციის მიერ დაქირავებული აგენტები იყვნენ. ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული არგუმენტი თავიანთ გადაწყვეტილებებში არ განიხილეს.
კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე მომჩივანი დავობდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა 2004 წლის 22 სექტემბერს დაკავების დროს მას ფიზიკური ტკივილი მიაყენეს. იგი ასევე ასაჩივრებდა, რომ მისი სისხლისსამნართლებრივი ბრალდება წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას.
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით, მომჩივანი დავობდა, რომ მისი შინაპატიმრობა დაუსაბუთებელი და უკანონო იყო.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პარაგრაფზე დაყრდნობით, აპლიკანტი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმე გაყალბებული იყო, ვინაიდან როგორც მსხვერპლი, ასევე პროკურატურის სამი მოწმიდან სულ მცირე ერთი პოლიციის მიერ დაქირავებული აგენტები იყვნენ.
საბოლოოდ, კონვენციის მე-8 მუხლსა და მე-4 დამატებითი ოქმის 1-ელ პარაგრაფზე მითითებით, აპლიკანტი იმეორებდა საკუთარ საჩივარს შინაპატიმრობასთან მიმართებით.
ევროსასამართლომ განაცხადა, რომ 2011 წლის 5 ოქტომბერს მან მომჩივნის საჩივრის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან დაკავშირებული ნაწილი საქართველოს მთავრობას გადასცა.
მას შემდეგ რაც საქმეზე მორიგება ვერ შედგა, 2012 წლის 16 მაისის წერილით მთავრობამ აცნობა ევროსასამართლოს, რომ მათ სურდათ ცალმხრივი დეკლარაციის გაკეთება იმ მიზნით, რომ გადაეჭრათ მათთვის გადაცემული საჩივრის ნაწილით წამოჭრილი საკითხი. მათ შემდგომში ევროსასამართლოს სთხოვეს კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად საჩივარი საქმეთა სიიდან ამოერიცხა.
დეკლარაციის შესაბამის ნაწილში მოცემულია შემდეგი:
,,მე, მთავრობის წარმომადგენელი, ლევან მესხორაძე, ვაცხადებ და ვაღიარებ, რომ წინამდებარე საქმეში გარკვეულმა ხარვეზებმა განაპირობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული აპლიკანტის უფლების დარღვევა.
მთავრობა აცხადებს, რომ აპლიკანტის საქმის განხილვა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ქართული სისხლის სამართლის სისტემა... სერიოზულ ხარვეზებს განიცდიდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუვლენია ძალისხმევა, რატა გაეუმჯობესებინა სისხლის სამართლის სისტემაში არსებული სიტუაცია...
მთავრობა მზადაა აპლიკანტს, ქ-ნ ლონდა თაქთაქიშვილს, ზიანის ასანაზღაურებლად 3,000 ევრო გადაუხადოს. აღნიშნული თანხა დაფარავს არამატერიალურ ზიანს და ხარჯებს და დანახარჯებს.
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მთავრობას სწამს, რომ ცალმხრივი დეკლარაციის გათვალისწინებული პირობები წარმოადგენს საკმარის ანაზღაურებას, რათა გამოსწორდეს წინამდებარე საქმეში გამოვლენილი ხარვეზები’’.
2012 წლის 4 ივლისის წერილით აპლიკანტმა განაცხალა, რომ იგი არ იყო ცალმხრივი დეკლარაციის პირობებით კმაყოფილი, ვინაიდან ისინი არ იყო საკმარისად ცხადად ჩამოყალიბებული; არ შეიცავდა მომჩივნის მიმართ კონვენციის სხვა მუხლების დარღვევის აღიარებას; და კომპენსაციის ოდენობა ვერ აანაზღაურებდა არასამართლიანი სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოებით მისი რეპუტაციისთვის მიყენებულ ზიანს. დამატებით, უთითებდა რა ევროსასამართლოს მიდგომაზე საქმეში ფირალი ორუჯოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (no. 8460/07, § 30, 3 February 2011), აპლიკანტი ამტკიცებდა, რომ მთავრობის ცალმხრივი დეკლარაცია არ იყო საკმარისი მისი სრული რეაბილიტაციისათვის, ვინაიდან, კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, საჩივრის საქმეთა სიიდან ამორიცხის შესახებ განჩინება მას არ მისცემდა შესაძლებლობას ეროვნულ დონეზე მოეთხოვა საქმის ხელახლა განხილვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით. მას ასევე არ შეეძლებოდა დაეწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც აგენტების ჩართულობის მეშვეობით შექმნეს მის წინააღმდეგ არსებული საქმე.
ევროსასამართლომ განაცხადა, რომ, კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მას მოპასუხე მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე შეუძლია ამორიცხოს საჩივარი საქმეთა სიიდან მაშინაც, როდესაც მომჩივანს სურს საჩივრის განხილვის გაგრძელება.
ყურადღებით შეისწავლა რა მთავრობის ცალმხრივი დეკლარაცია, ევროსასამართლო შენიშნავს, რომ დეკლარაცია შიეცავს მომჩივნის წინააღმდეგ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევის ცალსახა აღიარებას. ამასთან დაკავშირებით ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ უკვე არსებობს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართალი გასაჩივრებული საგამოძიებო მეთოდის გამოყენების ფარგლებთან მიმართებით (იხ., მაგალითად, Teixeira de Castro v. Portugal, 9 June 1998, §§ 35-36 and 39, Reports of Judgments and Decisions 1998-IV; Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, §§ 32-41, 24 June 2008; Ramanauskas v. Lithuania [GC], no. 74420/01, § 54, ECHR 2008; Gorgievski v. “the former Yugoslav Republic of Macedonia”, no. 18002/02, §§ 52 and 53, 16 July 2009; and Bannikova v. Russia, no. 18757/06, §§ 33-65, 4 November 2010).
რაც შეეხება აპლიკანტის პოზიციას, რომ მთავრობის ცალმხრივი აღიარება არ უზრუნველყოფდა მის სრულ რეაბილიტაციას, სტრასბურგის სასამართლო პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვასთან დაკავშირებული შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა (სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლი) აშკარად აცხადებს, რომ არამხოლოდ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ განჩინებაც, სადაც მოცემულია კონვენციის მუხლის დარღვევა, შეიძლება გამოყენებულ იქნას საქმის ხელახლა განხილვის საფუძვლად (შეადარე ფირალი ორუჯოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, & 30). სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთადერთი განჩინების მოდელი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მითითებას კონვენციის მუხლის დარღვევის თაობაზე, არის მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე მიღებული საჩივრის საქმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ განჩინება (იხ. სასამართლოს რეგლემანტის 61ა წესი).
ევროსასამართლო აღნიშნავს, აპლიკანტის მოსაზრება, რომ ეროვნულ დონეზე საქმის ხელახლა განხილვა აუცილებლად მიანიჭებს სრულ რეაბილიტაციას არის წმინდა ჰიპოთეტური, ვინაიდან, ეროვნული კანონმდებლობის ფორმულირების მიხედვით, საქმის ხელახლა განხილვა აუცილებლად არ ნიშნავს გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას. ევროსასამართლოს ასევე არ ესმის თუ რატომ არის აპლიკანტი დარწმუნებული იმაში, რომ საჩივრის განხილვის შემთვევაში გარდაუვლად დადგინდება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა. ევროსასამართლოს ამასთან მიმართებით სურს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ მთავრობის მიერ ცალმხრივი დეკლარაციის მეშვეობით დარღვევის აღიარება გავლენას არ მოახდენს სტრასბურგის სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმის დასაშვებობისა და არსებითი მხარის განხილვაზე.
ამრიგად, ევროსასამართლომ გადაწყვიტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან დაკავშირებული საჩივარი ამორიცხული უნდა იქნეს საქმეთა სიიდან.
კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
მიუთითებს რა იმ ფაქტზე, რომ აპლიკანტს არასდროს მოუთხოვია სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მისი დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ მე-3 მუხლტან დაკავშირებული ეს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პარაგრაფის საფუძველზე, ვინაიდან არ ამოწურულა ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებები.
რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას, არის აშკარად დაუსაბუთებელი და კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პარაგრაფის საფუძველზე უარი უნდა ეთქვას.
მომჩივანი დავობს, რომ მისი შინაპატიმრობაში მოთავსება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული საჩივარი წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას უარი უნდა ეთქვას კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პარაგრაფის მიხედვით.
საბოლოოდ, რაც შეეხება აპლიკანტის მიერ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფებზე, ასევე კონვენციის მე-8 მუხლსა და მე-4 დამატებით ოქმზე მითითებას, ევროსასამართლო, მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით, ადგენს, რომ არ არსებობს რაიმე ფაქტი, რაც მიუთითებს კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით უზრუნველყოფილი ზემოთ ხსენებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაზე. ამრიგად, საჩივრის ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელია და კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფის შესაბამისად უარი უნდა ეთქვას.