გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
Gablishvili v. Georgia
საჩივრის ნომერი: 7088/11
მოპასუხე სახელმწიფო: საქართველო
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 2019 წლის 21 თებერვალი
შედეგი: დაირღვა მე-3 მუხლი (მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი)
მე-3 მუხლი არ დარღვეულა (მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი)
დაირღვა მე-3 მუხლი - (ეფექტური გამოძიება) (პროცედურული ნაწილი)
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა
(მუხლი 3) ეფექტური გამოძიება
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივნები, გიორგი გაბლიშვილი, რომიკ კასიანოვი, ზურაბ გაჩეჩილაძე და გიორგი მჭედლიძე არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაიბადნენ შესაბამისად 1988, 1982, 1984 და 1987 წლებში. საჩივრის წარდგენის დროისთვის, ისინი სასჯელს იხდიდნენ რუსთავის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (საქართველო). წინამდებარე საქმე ეხება პატიმართა სავარაუდო არასათანადო მოპყრობას და ამ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო გამოძიებას. 2009 წლის 30 მარტს, მომჩივნები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევის მცდელობის დროს, ამავე დაწესებულების ეზოში დააკავეს. მათ განაცხადეს, რომ ღია კარის მეშვეობით დატოვეს ციხის ტერიტორია, გადავიდნენ მაღალ კედელზე და გადმოხტნენ ციხის უკან, ეზოში; ამ დროს მათ თავს დაესხნენ ციხის თანამშრომლები და სასტიკად სცემეს ხის ჯოხებითა და რკინის მილებით. დაკავების შემდეგ მომჩივნები მოათავსეს საკანში, სადაც ციხის თანამშრომლებმა გააგრძელეს მათი ცემა. იმავე დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მომჩივანთა გაქცევის მცდელობაზე. გამომძიებელმა დაკითხა მომჩივნები, რომლებიც ყველა მიღებულ დაზიანებას უკავშირებდნენ ციხის მაღალი კედლიდან გადმოხტომას. შემდგომში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამომძიებელმა დასკვნის გაკეთება დაავალა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ამ უკანასკნელმა დაასკვნა, რომ მომჩივანთა დაზიანებები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მძიმე, ბლაგვი საგნის დარტყმით, გაქცევის მცდელობის დროს. სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების დროს, მომჩივნებმა უარი თქვეს თავდაპირველ განცხადებებზე და დაადასტურეს არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათი დაკავებისას და დაკავების შემდგომ. 2009 წლის დეკემბერში, მომჩივნები რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის. მეორე და მესამე მომჩივნები ასევე დამნაშავედ ცნეს ციხის თანამშრომლებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებაში ხელის შეშლისთვის. 2010 წლის 25 მარტს სააპელაციო სასამართლომ მათი მსჯავრდება ძალაში დატოვა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს წინაშე მომჩივნებმა გააჟღერეს არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ბრალდებები, თუმცა სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე არ იმსჯელა. 2010 წლის 26 ივლისს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მომჩივნების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი.
მომჩივანთა არასათანადო მოპყრობის გამოძიება
2009 წლის 10 ნოემბერს მომჩივნებმა მიმართეს მთავარ პროკურორს, აცხადებდნენ რა, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და ამ ფაქტთან დაკავშირებით ითხოვდნენ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას. სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაკითხა ციხის უფროსი და ციხის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობდნენ მომჩივანთა დაკავებაში. დაკითხვისას ყველა მათგანმა უარყო მომჩივანთა ცემის ფაქტი.
2012 წლის 20 აგვისტოს, საქმის განმხილველმა პროკურორმა შეწყვიტა საქმის წარმოება საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის საფუძველზე. გამომძიებელი სრულად დაეთანხმა ციხის თანამშრომელთა ვერსიას ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ მომჩივანთა დაზიანებები შესაძლოა კედლიდან გადმოხტომას გამოეწვია. მომჩივნებს არ ეცნობათ ამ გადაწყვეტილების თაობაზე და მხოლოდ 2014 წელს შეიტყვეს მის შესახებ.
კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე (წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მომჩივნები დავობდნენ, რომ ციხიდან გაქცევის მცდელობისას მათი დაკავების დროს და დაკავების შემდგომ, ციხის თანამშრომლების მხრიდან დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას. ისინი მოგვიანებით აცხადებდნენ, რომ მათ ბრალდებებზე არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო სრულყოფილი, ადეკვატური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება.
სასამართლოს შეფასება
(i) სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით
სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ მხარეებმა მომჩივანთა დაზიანებების წარმოშობის სხვადასხვა მიზეზები წარმოადგინეს. მომჩივანთა ფიზიკური დაზიანებების ბუნების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ექცევა კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, მთავრობას ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს დამაჯერებელი არგუმენტები, დაზიანებათა გამომწვევი მიზეზების შესახებ (იხ. მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ N18996/06, §73, 9 ოქტომბერი 2012 და დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ N19634/07, §42, 18 დეკემბერი 2012).
მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანთა ფიზიკური დაზიანებები გამოწვეული იყო ორი მეტრის სიმაღლის კედლიდან გადმოხტომით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზიანებათა ბუნებიდან და სასამართლო სამედიცინო დასკვნიდან გამომდინარე, ეს არგუმენტი არადამაჯერებელი იყო და ორი მეტრის სიმაღლის კედლიდან ერთჯერადად გადმოხტომა ვერ გამოიწვევდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მრავალ დაზიანებას (იხ. მსგავსი დასკვნები საქმეებში ნადროსოვი რუსეთის წინააღმდეგ, N9297/02, §33, 31 ივლისი 2008, და დვალიშვილი, ციტირებული ზემოთ, §42).
მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მომჩივნებს შეეძლოთ მიეღოთ დაზიანებები როდესაც დაკავებისას, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ციხის თანამშრომლებმა მათზე აუცილებელი ფიზიკური ძალა გამოიყენეს. სასამართლომ განაცხადა, რომ ეს ვერსია არ შეესაბამება პირველ და მეოთხე მომჩივანთა შემთხვევას, რომლებსაც ბრალად არც კი ედებათ ციხის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, განსხვავებით მეორე და მესამე მომჩივნისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულება პირველი და მეოთხე მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებით. ერთობლივად, როგორც სასამართლო სამედიცინო დასკვნის და მომჩივანთა დაზიანებების ბუნებიდან გამომდინარე, ასევე მომჩივანთა დეტალური და თანმიმდევრული განცხადებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მოცემული დაზიანებები გამოწვეული იყო არასათანადო მოპყრობის შედეგად, რომელიც მომჩივნებმა განიცადეს დაკავებისას ან/და მომდევნო დღეს (იხ. მიქიაშვილი, ციტირებული ზემოთ, §§76-77).
რაც შეეხება მეორე და მესამე მომჩივანს, შესწავლილი უნდა იქნეს, არსებობდა თუ არა მკაცრად აუცილებელი განსაკუთრებული გარემოებები, დაკავების დროს მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებისთვის.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ციხის თანამშრომელებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მომჩივანთა დაკავებაში, სასამართლო ექსპერტიზის შედეგად აღმოაჩნდათ სხეულზე დაზიანებები და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ციხის თანამშრომელი დაეთანხმა პირველი და მეოთხე მომჩივნის განცხადებას - რომ არცერთ მათგანს არ გაუწევია წინააღმდეგობა დაკავებისას, სტრასბურგის სასამართლო მზად არის გაითვალისწინოს მათი განცხადებები, რომ მეორე და მესამე მომჩივანი არ დაემორჩილა ციხის თანამშრომელთა ბრძანებას - შეეწყვიტათ წინააღდეგობის გაწევა. ეს გარემოებები პირველ და მეოთხე მომჩივანს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მტკიცების ტვირთის ვალდებულება - დაემტკიცებინა, რომ გამოყენებული ძალა არ იყო გადაჭარბებული, ნაკლებად მკაცრია (იხ. სპინოვი უკრაინის წინააღმდეგ, N34331/03, §49, 27 ნოემბერი 2008; რეჰბოკი სლოვენიის წინააღმდეგ N29462/95, §§ 65-78, ECHR 2000-XII; და ბართა უნგრეთის წინააღმდეგ N26137/04, §71,10 აპრილი 2007).
სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოებს შესაძლოა სირთულეები შეხვდეთ პენიტენციურ დაწესებულებებში წესრიგისა და დისციპლინის დამყარებისას და პატიმართა უბრალო დაუმორჩილებლობაც კი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს მასობრივ არეულობაში (იხ. გომი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, N35962/97, §77, 21 დეკემბერი 2006; საპოზკოვსი ლატვიის წინააღმდეგ N8550/03, §64, 11 თებერვალი 2014; და ტალი ესტონეთის წინააღმდეგ N66393/10, §75, 13 თებერვალი 2014). სასამართლო ადგენს, რომ სამმა ციხის თანამშრომელმა, რომლებიც მონაწილეობდნენ მომჩივანთა დაკავებაში, მიიღეს სხვადასხვა დაზიანება აღნიშნული შემთხვევის დროს (იხ. დილეკ ასლანი თურქეთის წინააღმდეგ N34364/08, §48, 20 ოქტომბერი 2015, და მის საპირისპიროდ, დედოვსკი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ N7178/03, §82, ECHR 2008 (ამონარიდები)). მეორე მხრივ, ორი მომჩივნის დაზიანებები მიჩნეული იყო კუმულაციურად როგორც მცირე დაზიანებები, რომლებიც ხანგრძლივ გავლენას არ ახდენდნენ ჯანმრთელობაზე (იხ. სპინოვი, §50 და ტუზუნი თურქეთის წინააღმდეგ, N24164/07, §37, 5 ნოემბერი 2013; ასევე შედარებისთვის იხილეთ მიქიაშვილი და დვალიშვილი). ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ მომჩივნის სხეულზე დაზიანებების ხარისხი ვერ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ დაზიანებები წარმოიშვა ძალის აუცილებელი გამოყენებისას (იხ. საპოზკოვი, §§65-66, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ მომჩივნის სხეულზე და კიდურებზე „მრავალი“ სისხლჩაქცევა საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა). საქმეში არსებული მასალებიდან ჩანს, რომ გაქცევის მცდელობა ვითარდებოდა სპონტანურად. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ დაკავებაში, შესაძლოა ვერ შეძლეს შესაბამისი ზომების მიღება, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ თანმდევი დაზიანებები (იხ. ბერლინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, N27715/95 და 30209/96, §62, 20 ივნისი 2002; და, საპირისპიროდ კურნაზი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, N36672/97, §55, 24 ივლისი 2007).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო მის წინაშე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ციხის თანამშრომლებმა გამოიყენეს გადაჭარბებული ფიზიკური ძალა მეორე და მესამე მომჩივნების დაკავებისას (შედარებისთვის იხილეთ კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ [კომიტეტი], N2316/09, §§23-24, 17 იანვარი 2019, ასევე იხ. სტიტიჩი ხორვატიიის წინააღმდეგ [კომიტეტი], N16883/15, 6 სექტემბერი 2018). სასამართლომ ასევე იმსჯელა მომჩივნების განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მათ ცემას განაგრძობდნენ ჩაბარების შემდეგაც. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მწირი სამედიცინო მტკიცებულებები არ ასხვავებს დაზიანებებს, რომლებიც გამოწვეული იყო დაკავებისას თავდაპირველი ძალის გამოყენების შედეგად და დაზიანებებს, რომლებიც სავარაუდოდ მოჰყვა შემდგომ არასათანადო მოპყრობას. არსებულ გარემოებებსა და დასკვნებზე დაყრდნობით, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაასკვნის, რომ მომჩივნები სცემეს საკანში. ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ დასკვნის გამოტანის შეუძლებლობა იმასთან დაკავშირებით, მომჩივანთა დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა თუ არა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობას, გამომდინარეობს ეროვნული ხელისუფლების მარცხისგან, ეფექტურად გამოეძიებინათ მომჩივანთა საჩივარი (იხ. ზოუ კვიპროსის წინააღმდეგ, N3869/07, §§148-149, 4 აპრილი 2017).
საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევას პირველ და მეოთხე მომჩივანთან მიმართებით. ასევე ადგენს, რომ მეორე და მესამე მომჩივანთან მიმართებით კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი არ დარღვეულა.
(ii) გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობასთან დაკავშირებით
რაც შეეხება სახელმწიფოს პროცედურულ ვალდებულებას კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გამოიძია მომჩივანთა ბრალდებები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და გაატარა რიგი შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. თუმცა, სასამართლო არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს გამოძიება იყო საკმარისად დამოუკიდებელი, ყოველმხრივი და ეფექტური.
პირველ რიგში, ყველა საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ; იმავე სამინისტრო პასუხისმგებელი იყო ციხის სისტემაზე. გამოძიების შედეგად გაკეთებული დასკვნები პროკურატურამ უბრალოდ დაადასტურა, რაიმე დამატებითი გამოძიების ჩატარების გარეშე. აღნიშნული ინსტიტუციური კავშირი გამომძიებელსა და მათ შორის, რომელთა სადავო შემთხვევაში მონაწილეობაზეც განაცხადეს მომჩივნებმა, სასამართლოს აზრით, წარმოშობდა გონივრულ ეჭვებს გამოძიების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით (იხ. მიქიაშვილი, §87, შემდგომი მითითებებით). ის ფაქტი, რომ პროკურორს არ ჰქონია მცდელობა შეესწავლა გამომძიებლის დასკვნა სადავო შემთხვევასთან დაკავშირებით, შემდგომში ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტურობას (იხ. მატკო სლოვენიის წინააღმდეგ, N43393/98, §90, 2 ნოემბერი, და დურდევიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, N52442/09, §§89-90, ECHR 2011 (ამონარიდები)). ასევე, სასამართლო ექსპერტიზა მომჩივანთა დაზიანებების თაობაზე არ შეესაბამება დამოუკიდებლობის სტანდარტების მოთხოვნებს, რადგან იგი ჩატარდა იმ გამომძიებლის თანდასწრებით, რომელსაც მოგვიანებით მომჩივნები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ (დვალიშვილი, §47; აკკოცი თურქეთის წინააღმდეგ, N22947/93 და 22948/93, §118, ECHR 2000-X; ოსმან კარადემირი თურქეთის წინააღმდეგ, N30009/03, §53, 22 ივლისი 2008; და ლოპოტა რუსეთის წინააღმდეგ, N72250/01, §114, 13 ივლისი 2010).
როგორც სტრასბურგის სასამართლომ მრავალ წინა შემთხვევაზე ხაზგასმით აღნიშნა, ხელისუფლების სწრაფი პასუხი, არასათანადო მოპყრობის თაობაზე ბრალდებებთან დაკავშირებით, შესაძლოა მიჩნეული იყოს არსებითად საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და იმის საჩვენებლად, რომ ისინი იცავენ კანონის უზენაესობას და თავიდან ირიდებენ უკანონო ქმედებების მიმართ შემწყნარებლობის ან შეთქმულების ნებისმიერ გამოვლინებას (ბოუიდი ბელგიის წინააღმდეგ, §133, და მოკანუ და სხვები, §323). წინამდებარე საქმეში, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ მყისიერად ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზა მომჩივანთა დაზიანებების თაობაზე, სტრასბურგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის ოფიციალური გამოძიებისა და შესაბამის მოწმეთაგან ჩვენების ჩამორთმევის ხანგრძლივობას (იხ. ასევე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ N73235/12, §66, 12 მაისი 2015, და ტიმურტასი თურქეთის წინააღმდეგ, N23531/94, §89, ECHR 2000 – VI). შესაბამისად, გამოძიება არ ჩატარდა შესაბამისი სტანდარტების დაცვით, ამ თვალსაზრისითაც.
ასევე, სისხლისსამართლებრივი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ დასკვნები ეფუძნებოდა მხოლოდ აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე ციხის თანამშრომელთა ჩვენებას. პროკურორმა ციხის თანამშრომელთა განცხადებების სანდოდ მიიჩნია ისე, რომ არ წარმოუდგენია ამის გამამყარებელი მიზეზები, აგრეთვე იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს განცხადებები შეიძლება ყოფილიყო სუბიექტური და შესაძლოა მიზნად ისახავდა მომჩივანთა წინააღმდეგ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. ციხის თანამშრომელთა განცხადებების სანდოობა უნდა შემოწმებულიყო, რადგან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა ისინი პასუხისმგებელნი სისხლის სამართლის ბრალდებებზე (იხ. ოგნიანოვა და ჩობანი ბულგარეთის წინააღმდეგ, N46317/99, §99, 23 თებერვალი 2006, და ანტიპენკოვი რუსეთის წინააღმდეგ, N33470/03, §69, 15 ოქტომბერი 2009). გარდა ამისა, დაკავებაში მონაწილე ძალოვნები ზედაპირულად დაიკითხნენ. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველა მათგანის განცხადებები იყო შაბლონური, ისინი აცხადებდნენ, რომ მონაწილეობა არ მიუღიათ არასათანადო მოპყრობის განხორციელებაში და ფიზიკური ძალა, რომელიც მომჩივანთა დაკავებისას მათ გამოიყენეს აუცილებელი იყო (იხ. დვალიშვილი, §49, და ბუნტოვი რუსეთის წინააღმდეგ, N27026/10, §131, 5 ივნისი 2012). ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სასამართლო სამედიცინო დასკვნის ძლიერი მტკიცებულებითი ღირებულებისა, გამოძიებას არც კი უცდია ჩვენებების აღნიშნული გზით დადასტურება (დვალიშვილი, §48).
გარდა ამისა, გაურკვეველია ხელისუფლებამ გამოკითხა თუ არა პოტენციურად მნიშვნელოვანი მოწმეები. მაგალითად, ციხის დაცვა, რომელსაც, მომჩივანთა განცხადებით, ციხის უფროსისგან დავალებული ჰქონდა დაკავების შემდეგ ესროლა მომჩივნებისთვის; გამომძიებელი, რომელმაც სავარაუდოდ მომჩივნებს თავდაპირველი განცხადებების გაკეთება აიძულა; დ.ჩ - ციხის უფროსი, რომელმაც სავარაუდოდ ინციდენტის შემდეგ მალევე მოინახულა მომჩივნები და სიჩუმის სანაცვლოდ შემწყნარებლობას დაპირდა. სახელმწიფოს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნულ პოტენციურ მოწმეთა განცხადებების რაიმე ასლი, როგორც გამოძიების ნაწილი (იხ. დვალიშვილი, §49).
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო დამოუკიდებელი, საფუძვლიანი და ეფექტური გამოძიების ჩატარება 2009 წლის 30 მარტის შემთხვევასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი, ყველა მომჩივანთან მიმართებით.
დასკვნა:
1. დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი, პირველ და მეოთხე მომჩივნებთან მიმართებით;
2. მეორე და მესამე მომჩივნებთან მიმართებით, კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტი არ დარღვეულა.
3. დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი, ოთხივე მომჩივანთან მიმართებით.
ზიანი:
სასამართლომ პირველ და მეოთხე მომჩივანს, ცალ-ცალკე, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 6, 000 ევრო მიაკუთვნა.
სასამართლომ მესამე და მესამე მომჩივანს, ცალ-ცალკე, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 3, 000 ევრო მიაკუთვნა.