მ.ს.ს. ბელგიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ

(M.S.S. v. Belgium and Greece)

საჩივრის ნომერი - 30696/09    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - ბელგია და საბერძნეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 21/01/2011

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (საბერძნეთი),

მე-13 მუხლი + მე-3 მუხლი (საბერძნეთი); დაირღვა მე-3 მუხლი (ბელგია),

მე-13 მუხლს + მე-3 მუხლი (ბელგია);

არამატერიალური ზიანი - ანაზღაურება;

მოპასუხე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ინდივიდუალური ზომა

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 1) ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება

(მუხლი 1) სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა

(მუხლი 13) ეფექტური მისაგებლის უფლება

(მუხლი 13) სადავო მოთხოვნა

(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა

(მუხლი 3) გაძევება

(მუხლი 34) ინდივიდუალური საჩივრები

(მუხლი 34) მსხვერპლი

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა

(მუხლი 46) გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალა და აღსრულება

(მუხლი 46-2) გადაწყვეტილების აღსრულება

(მუხლი 46-2) ინდივიდუალური ღონისძიებები

პოზიტიური ვალდებულებები

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება-{ზოგადი}

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #137

იანვარი, 2011

 

მ.ს.ს. ბელგიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ - 30696/09

გადაწყვეტილება 21.1.2011 [დპ]

მე-3 მუხლი

დამამცირებელი მოპყრობა

გაძევება

დუბლინის რეგულაციის საფუძველზე გაძევებული თავშესაფრის მაძიებლის დაკავების და საარსებო პირობები: დარღვევა

მე-13 მუხლი

სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება

საბერძნეთში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურის ხარვეზები და გაძევების რისკი, თავშესაფრის შესახებ განცხადების არსებითი მხარის სერიოზული განხილვის ან სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების ხელმისაწვდომობის გარეშე: დარღვევა

 

ფაქტები - განმცხადებელი,ავღანეთის მოქალაქე, შევიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ კი საბერძნეთში. 2009 წლის თებერვალში ის ჩავიდა ბელგიაში, სადაც თავშესაფარი მოითხოვა. დუბლინის რეგულაციის შესაბამისად, უცხოელთა საქმეების სამსახურმა საბერძნეთის შესაბამის ორგანოებს მოსთხოვა თავშესაფრის მოთხოვნის ამ განცხადების განხილვა. მოგვიანებით, 2009 წლის მაისში უცხოელთა საქმეები სამსახურმა უბრძანა განმცხადებელს ქვეყნის დატოვება და საბერძნეთში დაბრუნება. განმცხადებელმა მოითხოვა განსაკუთრებით დაჩქარებული წესით განეხილათ ამ ბრძანების შეჩერების საკითხი, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 2009 წლის 4 ივნისს საბერძნეთის შესაბამისმა ორგანოებმა გაგზავნეს სტანდარტული დოკუმენტი, რომლითაც ადასტურებდნენ, რომ თავშესაფრის განცხადების განხილვა მათი პასუხისმგებლობა იყო და მიუთითეს რომ განმცხადებელი შეძლებდა თავშესაფრის მოთხოვნას საბერძნეთში ჩასვლისთანავე. განმცხადებელი დააბრუნეს საბერძნეთში 2009 წლის 15 ივნისს. ჩასვლისთანავე ის ოთხი დღით დააპატიმრეს აეროპორტთან მდებარე შენობაში, სადაც უმძიმესი პირობები იყო. 2009 წლის 18 ივნისს ის გაათავისუფლეს. მასზე გასცეს თავშესაფრის მაძიებლის ბარათი და შეტყობინება პოლიციის მთავარი განყოფილებისთვის, დაერეგისტრირებინათ მისი მისამართი, სადაც მისი მოძიება შეიძლებოდა თავშესაფრის განაცხადთან დაკავშირებით. განმცხადებელი არ გამოცხადებულა პოლიციის მთავარ განყოფილებაში. საარსებო წყაროს გარეშე, ის ქუჩაში ცხოვრობდა. მოგვიანებით, მან საბერძნეთის დატოვება სცადა. ის დააკავეს და ერთი კვირით დააპატიმრეს აეროპორტთან არსებულ შენობაში, სადაც სავარაუდოდ ცემა პოლიციამ. გათავისუფლების შემდეგ მან განაგრძო ქუჩაში ცხოვრება. 2009 წლის დეკემბერში როდესაც მისი თავშესაფრის მაძიებლის ბარათი განაახლეს, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა მისთვის საცხოვრებელის მოსაძებნად, მაგრამ უშედეგოდ.

კანონმდებლობა - მე-3 მუხლი

(ა) პატიმრობის პირობები საბერძნეთში - ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებიდან ემიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებით გამოწვეული სირთულეები არ ათავისუფლებს სახელმწიფოებს მე-3 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებებისგან. განმცხადებელზე პასუხისმგებლობის აღების 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საბერძნეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილი იყო განმცხადებლის ვინაობა და მისი, როგორც პოტენციურად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი. მიუხედავად ამისა, ის განმარტების გარეშე დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, რაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალი ანგარიშის მიხედვით ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ის მძიმე პირობებში განათავსეს და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნისას სასტიკ მოპყრობას და დამცირებას დაექვემდებარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობები უკვე აღიარებული იყო დამამცირებელ მოპყრობად, რადგანაც დაზარალებულები თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა მცირე-ვადიანი იყო, განმცხადებლის მიერ პატიმრობაში გატარებული დრო არ შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოდ. როგორც თვითნებობის განცდამ, ისე მეორეხარისხოვნებამ და ამასთან დაკავშირებული მღელვარების განცდამ, ასევე დაკავების ასეთი პირობების უდავოდ გადამეტებულმა ეფექტმა ადამიანის ღირსებაზე, დამამცირებელი მოპყრობა გამოიწვია. ამასთან, განმცხადებლის ტანჯვას ამძაფრებდა მისი როგორც თავშესაფრის მაძიებლის თანდაყოლილი მოწყვლადობა.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

(ბ) საცხოვრებელი პირობები საბერძნეთში - მიუხედავად შიდა კანონმდებლობითა და ევროკავშირის [თავშესაფრის მაძიებელთა] მიღების დირექტივის საბერძნეთის სახელმწიფო ორგანოებისათვის დაკისრებული ვალდებულებებისა, განმცხადებელი თვეების განმავლობაში ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, საკვების, საცხოვრებლისა და ჰიგიენის ხელმისაწვდომობის გარეშე. ის ცხოვრობდა თავდასხმისა და გაძარცვის მუდმივი შიშით, მდგომაროების გამოსწორების პერსპექტივის გარეშე. ამით აიხსნება ის, რომ მან რამდენჯერმე ცადა საბერძნეთის დატოვება. მის მიერ აღწერილი საცხოვრებელი პირობები ასევე დასტურდებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ორგანოების ანგარიშებით. არ მომხდარა განმცხადებლის სათანადოდ ინფორმირება მისთვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შესახებ. სახელმწიფო ორგანოებს შეიძლება არ ცოდნოდათ განმცხადებლის უსახლკაროდ ყოფნა, ასევე არ უნდა ქონოდათ მოლოდინი, რომ ის თავისი ინიციატივით გამოცხადდებოდა პოლიციის მთავარ განყოფილებაში აუცილებელ საჭიროებებთან დაკავშირებით. ეს მდგომარეობა გრძელდებოდა საბერძნეთში დაბრუნებიდან, 2009 წლის ივნისიდან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ორგანოებს შეეძლოთ მნიშვნელოვნად შეემცირებინათ მისი ტანჯვა მისი თავშესაფრის მოთხოვნის სწრაფი განხილვით. შესაბამისად, მათ სათანადოდ არ გაითვალისწინეს მისი, როგორც თავშესაფრის მაძიებლის მოწყვლადობა და თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით უმოქმედებისა და მოთხოვნის განუხილველობით გამოწვეული მრავალთვიანი მდგომაროების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. განმცხადებლის საცხოვრებელმა პირობებმა, მის მომავალთან დაკავშირებულ განგრძობად გაურკვეველ მდგომარეობასთან ერთად და მდგომარეობის გამოსწორების რაიმე პერსპექტივის არ არსებობამ მიაღწია კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ სისასტიკეს.

დადგენილება: დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).

(გ) განმცხადებლის გადაგზავნა ბელგიიდან საბერძნეთში - იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის თხოვნის განხილვის მიმდინარეობისას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ორგანოების ანგარიშები საბერძნეთში დუბლინის სისტემის მოქმედებასთან დაკავშირებით სირთულეების მსგავს შეფასებებს აკეთებდა, ასევე ლტოლვოლთა საქმეებზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა გააფრთხილა ბელგიის ხელისუფლება იქ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბელგიის სახელმწიფო ორგანოებს განმცხადებლის გაძევების შესახებ ბრძანების გაცემისას უნდა სცოდნოდათ საბერძნეთში თავშესაფრის სისტემის ხარვეზები და მას არ უნდა დაკისრებოდა ამ პროცედურების შედეგად მის წინაშე არსებული რისკის მტკიცების ტვირთი. ბელგიამ თავდაპირველად გაძევების ბრძანება გასცა საბერძნეთის სახელმწიფო ორგანოების მდუმარე თანხმობის გარეშე და დაიწყეს მისი აღსრულება საბერძნეთის მხარისგან რაიმე ინდივიდუალური გარანტიის მიღების გარეშე, მაშინ როცა მოსალოდნელი იყო მათგან მიღებაზე უარი. ბელგიის სახელმწიფო ორგანოებს არ უნდა ევარაუდათ, რომ განმცხადებელს მოეპყრობოდნენ კონვენციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; მათ უნდა გაერკვიათ, საბერძნეთის სახელმწიფო ორგანოები როგორ ასრულებდნენ თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობას პრაქტიკაში; მაგრამ ისინი ასე არ მოქცეულან.

დადგენილება: დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).

(დ) ბელგიის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილება, განმცხადებელი აღმოჩენილიყო საბერძნეთში არსებული დაკავებისა და საცხოვრებელ პირობებში - სასამართლომ საბერძნეთში განმცხადებლის დაკავებისა და საცხოვრებელი პირობები უკვე მიიჩნია დამამცირებლად. ეს პირობები განმცხადებლის საბერძნეთში დაბრუნებამდე დოკუმენტირებული და მარტივად გადამოწმებადი იყო სხვადასხვა წყაროებით. ამ მოცემულობაში განმცხადებლის საბერძნეთში გაგზავნით ბელგიის სახელმწიფო ორგანოებმა განმცხადებელი დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასი პატიმრობისა და საცხოვრებელ პირობებში აღმოჩენისთვის გაიმეტეს.

დადგენილება: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).

მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში

(ა) საბერძნეთთან მიმართებით ­- ავღანეთში არსებული მდგომარეობა დაუცველობის ფართოდ გავრცელებულ პრობლემას ქმნიდა და განმცხადებელი ანტი-სახელისუფლებო ძალების მხრიდან რეპრესიების რისკის ქვეშ იმყოფებოდა, რადგანაც იქ განთავსებული საერთაშორისო საჰაერო ძალების პერსონალისთვის თარჯიმნად მუშაობდა.

განმცხადებლისთვის მიცემული სამ-დღიანი ვადა პოლიციის მთავარი განყოფილებისთვის მითითების გადასაცემად მეტად მცირე იყო შენობაში შესვლის სირთულეების გათვალისწინებით. ამასთან, ისევე როგორც სხვა თავშესაფრის მაძიებლები, განმცხადებელიც თვლიდა, რომ ამ ფორმალობის დანიშნულება იყო საბერძნეთში მისი მისამართის დაფიქსირება, რისი გაკეთებაც მას არ შეეძლო, რადგანაც უსახლკარო იყო. შეტყობინების დოკუმენტში არ იყო ნახსენები იმის გაცხადების შესაძლებლობა, რომ არ ქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც სიახლეების სხვა საშუალებით მიწოდების შესაძლებლობას შექმნიდა. საბერძნეთის მთავრობის პასუხისმგებლობა იყო განმცხადებელთან კომუნიკაციის სანდო საშუალებების გამოძებნა, რათა მას აქტიური მონაწილეობა მიეღო მისი საქმის განხილვაში.

უფრო მეტიც, სახელმწიფო ორგანოების ჯერ კიდევ არ ქონდათ განხილული განმცხადებლის თავშესაფრის მოთხოვნა. არც რაიმე ზომები მიუღიათ მასთან ურთიერთობის დასამყარებლად, არც რაიმე გადაწყვეტილება. ამან მას მოუსპო თავისი საქმის წარმოდგენის რეალური და ადეკვატური შესაძლებლობა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი ორჯერ გადაურჩა გაძევებას, სავარაუდო იყო, რომ არსებობდა საქმის არსებითი განხილვის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების გარეშე განმცხადებლის ავღანეთში გადაგზავნის საფრთხე.

რაც შეეხება განმცხადებლის შესაძლებლობას, მიემართა საბერძნეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოსთვის თავშესაფრის მოთხოვნაზე პოტენციური უარის სასამართლო განხილვისთვის, სახელმწიფო ორგანოებმა არ უზრუნველყვეს მისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება. ამ ფაქტმა, უცნობ მისამართზე მყოფი პირებისთვის შეტყობინების სისტემის ცუდ ფუნქციონირებასთან ერთად ძალიან გაურკვეველი გახადა, განმცხადებელი შეძლებდა თუ არა თავშესაფრის განცხადებასთან დაკავშირებით შედეგების შესახებ ინფორმაციის სათანადო დროში მიღებას, რათა დროული რეაგირება მოეხდინა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა, ყოლოდა ადვოკატი, მას არ მიუღია ინფორმაცია იურიდიული დახმარების სისტემის საშუალებით კონსულტაციის ხელმისაწვდომობაზე, რაც თავის მხრივ არაეფექტურად მუშაობდა რეგისტრირებული ადვოკატების სიმწირის გამო. და ბოლოს, უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრები როგორც წესი იმდენად ხანგრძლივად განიხილებოდა, რომ თავშესაფრის მოთხოვნის არსებითად განხილვის გარანტიების არ არსებობასთან მიმართებით სამართლებრივი დაცვის საშუალებას არ წარმოადგენდა.

საბერძნეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ თავშესაფრის განცხადების განხილვის ხარვეზებისა და განმცხადებლის თავშესაფრის მოთხოვნის არსებითი განხილვის და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების ხელმისაწვდომობის გარეშე განმცხადებლის სამშობლოში პირდაპირ ან არაპირდაპირ დაბრუნების რისკის გამო ადგილი ქონდა მე-13 მუხლის დარღვევას მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

(ბ) ბელგიასთან მიმართებით - სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებით დაჩქარებული პროცედურა ვერ აკმაყოფილებდა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, ნებისმიერი საჩივარი ადამიანის იმ ქვეყანაში გაძევებასთან დაკავშირებით, სადაც ის შეიძლება მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას დაექვემდებაროს, ყურადღებით და დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და კომპეტენტურმა ორგანოს უნდა შეეძლოს მისი არსებითი განხილვა და სათანადო გამოსწორების შესაძლებლობაც უნდა არსებობდეს. ვინაიდან უცხოელთა საქმეების განმიხლველი სააპელაციო საბჭოს მიერ საქმეების განხილვა მეტწილად შემოიფარგლებოდა იმის გარკვევით, მომმართველმა წარმოადგინა თუ არა მე-3 მუხლის სავარაუდო პოტენციური დარღვევის შედეგად გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, განმცხადებლის საჩივარს წარმატების არანაირი შანსი არ ქონდა.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

46-ე მუხლი: მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებისთვის აუცილებელი ზოგადი ღონისძიებებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე, საბერძნეთს მოეთხოვება დაგვიანების გარეშე განმცხადებლის თავშესაფრის მოთხოვნის განცხადების არსებითი განხილვა კონვენციის მოთხოვნათა დაცვით და ამ შესწავლის შედეგების მიღებამდე, თავი შეიკავოს განმცხადებლის დეპორტაციისგან.

41-ე მუხლი: საბერძნეთმა და ბელგიამ განმცხადებელს უნდა გადაუხადონ შესაბამისად 1 000 ევრო და 24 900 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.