დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
საჩივრის ნომერი - 19634/07 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - საქართველო
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 18/12/2012
შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი – წამების აკრძალვა (მუხლი 3 – დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა) (მატერიალურ –სამართლებრივი ასპექტი)
დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი – წამების აკრძალვა (მუხლი 3 – ეფექტიანი გამოძიება) (პროცედურული ასპექტი)
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა
(მუხლი 6.3) ეფექტიანი გამოძიება
(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა
საქმეზე დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მესამე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
ჯოზეპკასადევალი, თავმჯდომარე,
ალვინა გულუმიანი,
კორნელიუ ბირსანი,
იან სიკუტა,
ლუის ლოპეზ გუერა
ნონა წოწორია
კრისტინა პარდალოსი, მოსამართლეები,
და სანტიაგო კესადა, სექციის განმწესრიგებელი,
2012 წლის 27 ნოემბერს გამართული დახურული თათბირის შემდეგ, გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის საფუძველია საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი რევაზ დვალიშვილის („მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2007 წლის 6 აპრილს, სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი (no 19634/07)
2. მომჩივანს წარმოადგენდა ადვოკატი - ბ-ნი ზაზა ხატიაშვილი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ლევან მესხორაძე.
3. 2011 წლის 24 თებერვალს სასამართლომ გადაწყვიტა მთავრობისთვის კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების ცნობება, რომლებიც უკავშირება პოლიციის მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას და პროკურატურის უუნარობას, ჩაეტარებინა ამ მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა საჩივრის მისაღებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვა (მუხლი 29§1).
4. 2011 წლის 14 ოქტომბერს მთავრობამ და 2011 წლის 30 ივნისსა და 25 აგვისტოს - მომჩივანმა წარმოადგინეს საჩივრის მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებული პოზიციები (სასამართლოს რეგლამენტის 54-ე „ა“ მუხლი). 2011 წლის 14 ოქტომბერს მთავრობამ წარმოადგინა დამატებითი კომენტარები მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
ა. მომჩივნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
5. მომჩივანი დაიბადა 1984 წელს და ცხოვრობს სოფ. გვიშტიბში, საქართველო. 2005 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 21.50 საათზე, მომჩივანი დააკავა სამმა პოლიციელმა ქ. წყალტუბოში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ტაქსის მძღოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ეჭვის საფუძველზე. ის მიიყვანეს ქ. წყალტუბოს პოლიციის სამმართველოში, სადაც ეჭვმიტანილის სტატუსით, მან თავი დამნაშავედ არ სცნო და გამოიყენა დუმილის უფლება. ამოცნობის პროცედურა მაშინვე ჩატარდა და ტაქსის მძღოლმა ამოიცნო მომჩივანი, როგორც ერთ-ერთი თავდამსხმელი. მომჩივნის განცხადებით, შემდეგ ის ძლიერ იქნა ნაცემი სამი პოლიციელის - ბ.ღ.-ს, მ.კ.-სა და მ.მ.-ა მიერ, რომლებმაც მისგან მოითხოვეს ტაქსის მძღოლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების აღიარება.
6. მეორე დღეს, მომჩივანს ბრალი წარედგინა საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამო - დანაშაული, რომელიც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე (§2 „ა“) მუხლით. ის ბრალდებულის სტატუსით დაკითხეს, ადვოკატის გარეშე, და მან დანაშაული აღიარა. მოგვიანებით, მომჩივნისთვის გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა. სასწრაფო დახმარების ექიმმა და ექთანმა, რომლებმაც ვიზუალურად შეამოწმეს მომჩივანი პროკურორის თანდასწრებით, შეადგინეს დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მომჩივანს ჰქონდა ჩალურჯებული მარჯვენა თვალი და ნაკაწრი ცხვირზე. როდესაც ჰკითხეს დაზიანების მიზეზი, მომჩივანმა განაცხადა, რომ ის წაიქცა, როდესაც, დაკავების დროს, პოლიციელებისგან თავისდაღწევას ცდილობდა.
7. 2005 წლის 29 დეკემბერს ქ. წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მომჩივნის განცხადებით, სასამართლო პროცესის დროს, მან გაიმეორა თავისი აღიარებითი ჩვენება, ვინაიდან პოლიციელები განთავისუფლებას დაპირდნენ.
8. 2005 წლის 30 დეკემბერს, მომჩივანი, რომელსაც იმ დროისთვის აწუხებდა თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და გულისრევა, წაიყვანეს ქ. ქუთაისის საავადმყოფოში. საავადმყოფოში მიღებისას მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა სცემეს. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ მომჩივანს დაესვა დიაგნოზი: თავის შიდა ტრავმა, ტვინის შერყევა და ქრონიკული გასტროდუოდენიტი. ჰემატომა ზომით 2x2.5 სმ შეიმჩნეოდა მარჯვენა თვალზე, აგრეთვე მცირე სისხლჩაქცევები მარჯვენა ბარძაყზე, მარცხენა მხარსა და მარჯვენა ხელზე; მცირედი შეშუპებები აღინიშნებოდა მარჯვენა საფეთქლის მიდამოში და ქვედა ყბაზეც. მომჩივანი საავადმყოფოში 2006 წლის 6 იანვრამდე მკურნალობდა.
9. 2006 წლის 7 იანვარს მომჩივანი კვლავ ჰოსპიტალიზებული იქნა განმეორებადი თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის გამო. მას ორი კვირის განმავლობაშიუმკურნალეს და საავადმყოფოდან 2006 წლის 20 იანვარს გაწერეს.
10. საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის თებერვალში მომჩივანმა ექიმთან რამდენიმე დამატებითი კონსულტაცია გაიარა თავსა და მუცლის ღრუში ძლიერი ტკვილების გამო.
11. 2006 წლის 21 მარტს მომჩივნის საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება გასცა, რათა დადგენილიყო მომჩივნის დაზიანებათა სიმძიმის ხარისხი და მათი გამომწვევი სავარაუდო მიზეზი. იმავე დღეს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა გასცა დასკვნა მომჩივნის სამედიცინოდოკუმენტაციის საფუძველზე. დაადასტურა რა მომჩივნის დიაგნოზი, ექსპერტმა დაადგინა, რომ დაზიანებები მიყენებული იყო მაგარი ბლაგვი საგნით და მიეკუთვნებოდა დაბალი სიმძიმის დაზიანებათა კატეგორიას, რომელმაც ხანგრძლივი ზიანი მიაყენა მომჩივნის ჯანმრთელობას.
12. 2006 წლის 12 ოქტომბერს მომჩივნის ადვოკატმა ორგანიზება გაუკეთა მომჩივნის სამედიცინო დოკუმენტაციის ალტერნატიულ, დამოუკიდებელ შემოწმებას, განსაკუთრებით იმის გარკვევას, იყო თუ არა აღნიშნული დაზიანებები გამოწვეული მხოლოდ მიწაზე დაცემით, როგორც ამას მომჩივანი აცხადებდა აღიარებით ჩვენებაში და პოლიციელები - თავიანთ ჩვენებებში (იხ. §13). 2006 წლის 25 ოქტომბრის ანგარიშში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა დაადგინეს შემდეგი:
„რევაზ დვალიშვილისთვის 2005 წლის 27 დეკემბერს მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, [მას ჰქონდა] ჰემატომა მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა თვალის მიდამოში და ჩალურჯებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა ხელის მეოთხე და მეხუთე თითებს შორის. დაზიანებები მიყენებულ იქნა მაგარი ბლაგვი საგნით. დაზიანებების ადგილის გათვალისწინებით, ისინი არ შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ მაგარ ბლაგვ საგანზე სხეულის დაცემით“.
13. 2006 წლის 28 დეკემბერს წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევისთვის ერთწლიანი პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდა. დადგინდა, რომ 2005 წლის 27 დეკემბერს, მომჩივანმა, ორ ნაცნობთან ერთად, დაიქირავა ტაქსი, რათა ქუთაისიდან წყალტუბოში წასულიყო. მისი ერთ-ერთი ნაცნობი ჩამოვიდა წყალტუბოსკენ მიმავალ გზაზე. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, მომჩივანმა, რომელიც ძალიან მთვრალი იყო, უარი თქვა მგზავრობის თანხის გადახდაზე და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტაქსის მძღოლს. ამის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე. მომჩივანმა და მისმა ნაცნობმა გაქცევა სცადეს. მომჩივანი დაეცა ბეტონის ფილებზე და საბოლოოდ, ისდააპატიმრეს, მისმა ნაცნობმა კი გაქცევა მოახერხა.
14. განაჩენი, inter alia, დაეფუძნა დაზარალებულის ჩვენებას, რომელმაც ამოიცნო მომჩივანი, როგორც თავდამსხმელი; პოლიციის სამი თანამშრომლის ჩვენებებს, რომლებმაც მომჩივანი დააკავეს და სხვადასხვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების შედეგებს. განაჩენის გამოტანისას არ იქნა გათვალისწინებული მომჩივნის აღიარებითი ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ადვოკატმა წყალტუბოს რაიონული სასამართლოსგან მოითხოვა მომჩივნის აღიარებითი ჩვენების დაუშვებლად ცნობა, განმარტა რა, რომ აღნიშნული ჩვენება მოპოვებულ იქნა არასათანადო მოპყრობის შედეგად, თუმცა ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მომჩივნის ბრალდებებს არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
15. 2007 წლის 9 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, შეცვალა რა დანაშაულის სიმძიმე და მიანიჭა რა მას საზოგადოებრივი წესრიგის მსუბუქი დარღვევის კვალიფიკაცია, ძალაში დატოვა მომჩივნის მსჯავრი და პატიმრობა ჯარიმით შეცვალა. სააპელაციო სასამართლომ ასევე უარყო მომჩივნის ბრალდება არასათანადო მოპყრობისშესახებ, როგორც დაუსაბუთებელი.
16. 2008 წლის 1-ლი აპრილის განჩინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო მომჩივნის სარჩელი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ბ. მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამოძიება
17. 2006 წლის 10 თებერვალს მომჩივანმა შეიტანა სარჩელი პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, მის მიართ არასათანადო მოპყრობის გამო. სარჩელი შეტანილ იქნა დასავლეთ საქართველოს პროკურორის სახელზე. იმავე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (§1) მუხლის საფუძველზე.
18. პროკურორმა დაკითხა 7 პოლიციელი, იმ პოლიციელთა ჩათვლით, რომლებმაც მომჩივანი დააკავეს და რომელთაგან ორი, მომჩივნის მტკიცებით, მონაწილეობდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში. ყველა პოლიციელმა უარყო მომჩივნის ცემა. მათ განაცხადეს, რომ მომჩივანმა მაშინ მიიღო ნაკაწრები ცხვირსა და ორივე ხელზე, როდესაც დაეცა ბეტონის ფილებზე და ცდილობდა დანაშაულის ადგილიდან გაქცევას. ორმა პოლიციელმა, რომლებიც დაედევნენ მომჩივანს, დამატებით განაცხადეს, რომ სიბნელეში მათ ვერ შეამჩნიეს მომჩივანი და მას ზედ დაეცნენ.
19. პროკურორმა ასევე დაკითხა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ამოიცნო მომჩივანი, როგორც თავდამსხმელი და 5 მოწმე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამოცნობის პროცესში. ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ 2005 წლის 27 დეკემბერს, მომჩივანთან შეხებისას, მას არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია პოლიციის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მათ ვერ გაიხსენეს მომჩივნის ფიზიკური დაზიანების რაიმე აშკარა ნიშნები. ტაქსის მძღოლმა ასევე დაადასტურა, რომ მან დაინახა მომჩივანი, რომელიც დაეცა, პოლიციის თანამშრომლები კი მას დაეცნენ.
20. გამოძიების პროცესში ასევე დაიკითხნენ სასწრაფო დახმარების ექიმი და ექთანი, რომლებმაც ვიზუალურად შეამოწმეს მომჩივანი 2005 წლის 28 დეკემბერს. მათ დაადასტურეს თავიანთი დასკვნების სიზუსტე დაზიანებებთან დაკავშირებით, რომელიც შეამჩნიეს მომჩივანს დაკავების მე-2 დღეს (იხ. §6). შემდგომში მათ კვლავ გაიმეორეს, რომ მომჩივანს არ გამოუთქვამს პრეტენზიები პოლიციასთან მიმართებით და რომ დაზიანებები იყო შემთხვევითი დაცემის მიზეზი, როდესაც მომჩივანი ცდილობდა გაქცეოდა პოლიციას. სხვა საგამოძიებო ზომები მიღებული არ ყოფილა.
21. 2006 წლის 24 მაისს პროკურორმა მიიღო დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ, მტკიცებულებათა უკმარისობის გამო. პროკურორი, სხვებს შორის, დაეყრდნო მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების შედეგებს, რომელიც იმ დროისთვის წინასწარი გამოძიების ეტაპზე იყო. ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში შეგროვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, პროკურორმა დაასკვნა, რომ მომჩივნის ბრალი ნამდვილად მტკიცდებოდა.
22. მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებით, პროკურორი დაეთანხმა პოლიციელთა მიერ წარმოდგენილ მოვლენათა განვითარების ვერსიას მომჩივნის დაცემასთან მიმართებით. დადგენილება უშუალოდ დაეფუძნა პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მომჩივანი, შესაძლოა, დაზიანებულიყო ბეტონის ფილებზე დაცემისას, დანაშაულის ადგილიდან გაქცევისას ან დაკავებისას. თავისი პოზიციის გასამყარებლად, პროკურორი დამატებით დაეყრდნო მომჩივნის აღიარებით ჩვენებას, რომელიც, მისივე თანახმად, მომჩივანმა 2005 წლის 29 დეკემბრის პროცესზე გაიმეორა. იმ ფაქტს, რომ მომჩივანმა არც 2005 წლის 28 დეკემბრის სამედიცინო შემოწმების დროს მიუთითა პოლიციელებზე, რომლებმაც მას დაზიანებები მიაყენეს და არც 2005 წლის 29 დეკემბრის პროცესზე, პროკურორმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.
23. საბოლოოდ, 2006 წლის 21 მარტის სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით (იხ. §11), პროკურორმა დაასკვნა, რომ მან ვერ შეძლო დაედგინა პოლიციელთა მხრიდან მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი და აღნიშნა, რომ მომჩივანს დაზიანებები მიადგა შემთხვევით დაცემის გამო ან „პოლიციელთა მიერ, დაკავების მიზნით, ძალის მართლზომიერი გამოყენების შედეგად“.
24. მომჩივნის ადვოკატმა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა პროკურორის 2006 წლის 24 მაისის დადგენილება. სარჩელში ის დავობდა იმის შესახებ, რომ მომჩივნის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წაყენებული ბრალდებების შესწავლის ნაცვლად, პროკურორმა უბრალოდ გაიმეორა მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წინასწარი გამოძიების შედეგები. ადვოკატმა განსაკუთრებით გააპროტესტა ის ფაქტი, რომ პროკურორი დაეყრდნო მომჩივნის აღიარებით ჩვენებას იმის ნაცვლად, რომ გაერკვია, იყო თუ არა აღნიშნული ჩვენება მოპოვებული არასათანადო მოპყრობის შედეგად. ადვოკატმა ასევე ხაზი გაუსვა პროკურატურის ორგანოთა უუნარობას, უზრუნველეყოთ სრული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცატარება, რომელიც დაადგენდა მომჩივნის დაზიანებათა გამომწვევ მიზეზებს, ასევე მათი უუნარობა, მისულიყვნენ და დაეთვალიერებინათ შემთხვევის ადგილი.
25. 2006 წლის 1-ლი აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, მომჩივნის ადვოკატმა აღნიშნა რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე აგრეთვე მონაწილეობდა მომჩივნისთვის გირაოს შეფარდების საკითხის განხილვაში მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში და მოითხოვა მოსამართლის აცილება. მიუხედავად ამისა, ხსენებულმა მოსამართლემ, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა. მისი დასკვნით, გირაოს შეფარდების პროცესში მომჩივანს პოლიციელთა წინააღმდეგ არ წამოუყენებია არავითარი პრეტენზია არასათანადო მოპყრობის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობდა მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვისშეტანის საფუძველი.
26. 2006 წლის 1-ლ აგვისტოს წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ, დაუსაბუთებლობის მოტივით, დაუშვებლად სცნო მომჩივნის სარჩელი. მომჩივნის აღიარებით ჩვენებაზე, პოლიციელების ჩვენებებსა და 2005 წლის 28 დეკემბერისა და 2006 წლის 21 მარტის სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ გაითვალისწინა პოლიციელთა მიერ წარმოდგენილი ფაქტების ვერსია. კერძოდ, მან დაადგინა;
„ზემოხსენებულის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ რევაზ დვალიშვილმა აღიარა დანაშაული, მან არ წამოაყენა რაიმე ბრალდება პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, კერძოდ, დაკავების დროს მის ცემასთან დაკავშირებით, პროკურორთან შეხვედრისას ან წინასწარი პატიმრობის პერიოდში. ...
საქმის მასალებში არ არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება პოლიციელთა მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სარჩელი არ არის გამყარებული საქმესთან დაკავშირებული რეალური გარემოებებით ან კანონმდებლობით და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.“
27. 2006 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2006 წლის 1-ლი აგვისტოს განჩინება, დაადასტურა რა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი არგუმენტები.
II. შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (სსსკ) შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციით
28. სსსკ-ის 28-ე (§1 “ა“) მუხლის თანახმად, წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში თუ ქმედება ან უმოქმედობა არ წარმოადგენს დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.
ბ. წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტის 2006 წლის 25 ივლისის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში (CAT/C/GEO/CO/3)
29. ანგარიშის შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
„გ. შეშფოთების საგანი და რეკომენდაციები
9. კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ სერიოზული საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, დაუსჯელობა და დაშინება ჯერ კიდევ რჩება სახელმწიფოში, განსაკუთრებით გადაჭარბებული ძალის გამოყენებასთან მიმართებაში, რაც მოიცავს წამებას და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან, განსაკუთრებით დაკავებამდე ან მის პროცესში...
12. კომიტეტი აგრეთვე შეშფოთებულია განაჩენებისა და დისციპლინარული ზომების დაბალი მაჩვენებლებით, რომელთა შეფარდება ხდება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის წამებისა და სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სხვა ფაქტებთან დაკავშირებული უამრავი ბრალდებების ფონზე...“
გ. საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა. დარჩენილი პრობლემა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, Amnesty International-ის 2005 წლის 23 ნოემბრისანგარიში (Index AI: EUR 56/001/2005)
30. Amnesty International-ის ანგარიშის შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
“შესავალი
... Amnesty International აგრძელებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ანგარიშების მიღებას საქართველოდან. მრავალი საქმე ჯერ კიდევ არ არის გამოაშკარავებული, ვინაიდან პოლიცია გულდასმით ფარავს თავის დანაშაულს და დაკავებულებს ხშირად ეშინიათ უჩივლონ ან ამოიცნონ დამნაშავევები ამ ფაქტთან დაკავშირებული შედეგების გამო. წამების გამო დაუსჯელობა ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა. Amnesty International შეშფოთებულია იმით, რომ პროკურატურა არ იწყებს საგამოძიებო პროცესებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა სავარუდო ფაქტებთან დაკავშირებით სისტემატურად. რამოდენიმე შემთხვევაში პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ დამნაშავეები არ წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. ანგარიშში მოყვანილი შემთხვევები უჩვენებს იმას, რომ გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ხშირად არ ტარდება სათანადოდ, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.
მეტია გასაკეთებლი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოსაფხვრელად.
2005 წელს დაზიანებათა უმრავლესობა სავარაუდოდ მიყენებულ იქნა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის შედეგად დაკავების პროცესში. იგივე პერიოდში Amnesty International იღებდა საქმეებს, სადაც დაკავებულები, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აწამეს ან ჰყავდათ არასათანადო მოპყრობის ქვეშ მანქანებში, როდესაც გადაჰყავდათ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ერთი დაკავებული აცხადებდა, რომ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა მოსმენისას. აგრეთვე იყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ რამდენიმე ადამიანს ქუჩაში თავს დაესხნენ სამოქალქო ტანსაცმელში გამოწყობილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან წაიყვანეს დაუსახლებელ ტერიტორიაზე, როგორიცაა სასაფლაო ან ტყე და ჰყავდათ არასათანადო მოპყრობის ქვეშ.
დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის დროს გამოყენებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როგორც ეს მითითებული Amnesty International-ის ანგარიშებში, ეს მეთოდები მოიცავს ელეტრო შოკს, ცელოფნის პარკების ჩამოფარებას დაკავებულის სახეზე, სიგარეტითა და სანთლით დაწვას, იარაღის მოთავსებას დაკავებულის პირში გასროლის მუქარით, თვალების ახვევას საიზოლაციო ლენტით, გახსნილი ხელისგულით დაკავებულის ყურში დარტყმით მოძრაობების კეთებას, ოჯახის წევრების ცემის მუქარას, პირში ნაჭრის ჩადებას, რომ დაკავებულმა ვერ შეძლოს ყვირილი, ხელკეტებისა და იარაღის გამოყენებას და ფეხებით ცემას“.
სამართალი
I. კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევა
31. კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე მომჩივანმა წამოაყენა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას წყალტუბოს პოლიციის სამმართველოში, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით. მომჩივანმა შემდგომში განაცხადა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა არ ჩაატარეს არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული მისი ბრალდების სრულყოფილი და ადეკვატური გამოძიება. მომჩივანმა მოიყვანა კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლები, რომლებიც შემდეგნაირად იკითხება:
მუხლი 3
„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“
მუხლი 13
„ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“
ა. მისაღებობა
32. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე (§3) თვალსაზრისით. ის არ არის მიუღებელი რაიმე სხვა მიზეზის გამო. შესაბამისად, ის მისაღებადუნდა იქნესცნობილი.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
33. მთავრობამ არ დაეთანხმა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფაქტების ვერსიას და განაცხადა, რომ 2005 წლის 27 დეკემბერს მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ამ არგუმენტის გასამყარებლად მთავრობამ წარმოადგინა დროებითი დაკავების იზოლატორის სარეგისტრაციო ჟურნალის ამონაწერი, რომლის მიხედვით, იზოლატორში მიღებისას მომჩივანს ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება - 2005 წლის 27 დეკემბერს და მას ჰქონდა რამდენიმე ნაკაწრი ცხვირზე, მარჯვენა თვალის არეში და ორივე ხელზე. მომჩივანმა აღნიშნულ ჟურნალში ჩაწერა, რომ პოლიციის წინააღმდეგ არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა.
34. მთავრობამ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მომჩივანს რამდენჯერმე ჰქონდა შესაძლებლობა, განეცხადებინა არასათანადო მოპყრობის შესახებ, განსაკუთრებით - პოლიციაში დაკითხვისას, როდესაც ის გასინჯა სასწრაფოს ექიმმა - 2005 წლის 28 დეკემბერს და აგრეთვე მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ გამართულ პროცესზე - 2005 წლის 29 დეკემბერს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. უფრო მეტიც, დაკავებისთანავე მომჩივანს განემარტა მისი უფლება, მოეთხოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ მან არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მასალებსა და პოლიციის სამმართველოში მომჩივნის გარეგანი დათვალიერების შედეგად გაკეთებულ დასკვნებზე დაყრდნობით, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ დაასაბუთა, რომდაკავებისას მისმიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
35. კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის ბრალდებები სათანადოდ იქნა გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ და გამოძიების ეფექტიანობა შეამოწმა და დაადასტურა ორი ინსტანციის სასამართლომ.
36. მომჩივანი არ დაეთანხმა მთავრობის ამ არგუმენტს. მან განაცხადა, რომ საქმის მასალები შეიცავს საკმაო მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მას დაზიანებები პოლიციამ მიაყენა და რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი ალტერნატიული განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ იქნა ეს დაზიანებები მიყენებული. ამ თვალსაზრისით, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი პრეტენზიის შესწავლა მოხდა ზედაპირულად, პასუხისმგებელმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს ამ დაზიანებათა მიზეზების დასადგენად, არ გაცემულა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება და არ მომხდარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შესაბამისად, მომჩივნის განცხადებით, გამოძიება არ იყო სრულყოფილი და ეფექტიანი.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
37. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი გულისხმობს ადამიანის წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აბსოლუტურ აკრძალვას. არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ დონეს, იმისათვის რომ ის მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში. აღნიშნული მინიმუმის შეფასება შედარებითია: ის დამოკიდებულია საქმის მთელ რიგ გარემოებებზე, როგორებიცაა; მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგები და ზოგიერთ შემთხვევაში - სქესი, ასაკი და დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თავისუფლებააღკვეთილი პირის შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც არ არის აუცილებელი, ამცირებს ადამიანურ ღირსებას და პრინციპში, წარმოადგენს მე-3 მუხლით აღიარებული უფლების დარღვევას (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, 6 April 2000, §§ 119-20, ECHR 2000-IV).
38. სასამართლო განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავისი როლის სუბსიდიარული ბუნების მიმართ და აღიარებს, რომ უნდა იყო ფრთხილი, როდესაც ასრულებს 1-ლი ინსტანციის სასამართლოს როლს, იქ, სადაც ეს გარდაუვალი არ ხდება საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. McKerr v. the United Kingdom (განჩინება), no. 28883/95, 4 April 2000). თუმცა, როდესაც არსებობს კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიები, სასამართლომ გულდასმით უნდა შეისწავლოს სიტუაცია (იხ. Ülkü Ekinci v. Turkey, no. 27602/95, §135, 16 July 2002) და ესუნდა გააკეთოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე.
39. მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლომ დაამკვიდრა მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი (იხ. Orhan v. Turkey, no. 25656/94, §264, 18 June 2002, and Avşar v. Turkey, no. 25657/94, §282, ECHR 2001 VII). თუმცა მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან (იხ. Ülkü Ekinci, ხსენებული ზემოთ, §142). უფრო მეტიც, როდესაც სადავო შემთხვევები,მთლიანად ან ნაწილობრივ, წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, როგორც ეს დაკავებული პირების შემთხვევაშია, ჩნდება ძლიერი ეჭვები პატიმრობის პერიოდში წარმოქმნილ დაზიანებებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მტკიცების ტვირთი ეკისრება შესაბამის ორგანოებს, რათა მათ წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება (იხ. Salman v. Turkey[GC], no. 21986/93, §100, ECHR 2000 VII).
40. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზულ არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული დებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად, „ყველასათვის,თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში,უზრუნველყონ ... კონვენციით ... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მოითხოვს, რომ ჩატარდესეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. აღნიშნულ გამოძიებას შედეგად უნდა მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ლეგალური აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან, მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევას, თითქმის სრული დაუსჯელობის პირობებში (იხ. Assenov and Others v. Bulgaria, 28 October 1998, §102, Reports of Judgments and Decisions 1998 VIII).
(ბ) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის გარემოებებთან მიმართებაში
(i) რაც შეეხება სავარაუდო არასათანადო მოპყრობას
41. სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივნის დაზიანებათა მიზეზებთან დაკავშირებით, მხარეებმა გასხვავებული განმარტებები წარმოადგინეს. ერთი მხრივ, მომჩივანმა წარმოადგინა სამედიცინო მტკიცებულებაზე დაფუძნებული თანმიმდევრული ანგარიში (იხ. §§ 8 და 12), რომლის მიხედვითაც მას სცემეს წყალტუბოს პოლიციის განყოფილებაში. მეორე მხრივ, შესაბამისი ორგანოებისვერსიით, რომელიც განმტკიცებულია პოლიციისა და დაზარალებულის ჩვენებებით, დაზიანებები გამოწვეულია მომჩივნის ბეტონის ფილებზე დაცემით, როდესაც ის გარბოდა შემთხვევის ადგილიდან, ან დაკავებისას.
42. მომჩივნის ფიზიკურ დაზიანებათა ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მათ საკმარისად სერიოზულად თვლის იმისათვის, რომ ისინი მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მთავრობას, რათა მან წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და სარწმუნო განმარტება დაზიანებათა მიზეზებთან დაკავშირებით. ამასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მომჩივნის სახის დაზიანებაზე ფოკუსირებით, მთავრობამ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მომჩივნის ჯანმრთელობას ასევე მიადგა ხანგრძლივი ზიანი, მას ჰქონდა თავის შიდა ტრავმა, ტვინის შერყევა და დალურჯებული ადგილები სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე (იხ. §§ 8 და 12). შესაბამისმა ორგანოებმა ყურადღება არ მიაქციეს 2006 წლის 21 მარტის დასკვნას (იხ. §§ 23 და 26) და მთავრობამ სასამართლოს წინაშე პოზიციის წარმოდგენისას უბრალოდ უარყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2006 წლის 25 ოქტომბრის დასკვნა, განაცხადა რა, რომ აღნიშნულმა დასკვნამ ვერ დაადასტურა მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი. აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ინფორმაციის უგულვებელყოფით, მთავრობას არ უცდია გაეპროტესტებინა ექსპერტთა დასკვნა იმის შესახებ, რომ მომჩივნის სხვადასხვა დაზიანებებს ერთხელ დაცემა ვერ გამოიწვევდა (იხ. §12).
43. სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს მთავრობის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მოვლენათა განვითარების ვერსია დაადასტურეს დამოუკიდებელმა მოწმეებმა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ მომჩივანთან მისი დაკავებისთანავე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მოწმეებმა მონაწილეობა მიიღეს ამოცნობის პროცედურაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობამდე (იხ. §5). შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელმა მოწმეებმა ვერ შენიშნეს მომჩივნის დაზიანებები, მხოლოდ ამყარებს მომჩივნის ბრალდებას შემდგომში განცდილ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
44. სასამართლო ასევე არ იზიარებს მთავრობის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ვინაიდან მომჩივანმა არ განაცხადა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ მისი დაკავების პირველ დღეებში პროკურორის, მოსამართლის ან სხვა პირთა წინაშე, ეს ამცირებს მისი ბრალდების დამაჯერობლობას. მან შესაძლოა ვერც გაბედა ბრალდებების წარმოდგენა იმის გამო, რომ იმყოფებოდა იმ პირთა კონტროლქვეშ, რომლებსაც ის ადანაშაულებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში (იხ. Nadrosov v. Russia, no. 9297/02, §33, 31 July 2008). ამასთანავე, დაკავების საწყის პერიოდში,მომჩივანს არ იცავდა ადვოკატი. უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივანმა არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა (იხ. §8) და პროკურატურის წინაშე აღნიშნული საკითხი საავადმყოფოდან გაწერისთანავე დააყენა (იხ. §17).
45. ზემოხსენებულისა და იმ დროისთვის საქართველოს პოლიციაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი მაჩვენებლების გათვალისწინებით (იხ. §§ 29-30), სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, ვინაიდან მომჩივანმა პოლიციის მხრიდან განიცადა არასათანადო მოპყრობა.
(ii) რაც შეეხება გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობას
46. პირველ რიგში, სასამართლო შენიშნავს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიეს მომჩივნის ბრალდებები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და სწრაფად გაატარეს გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებები, როგორიცაა სხვადასხვა მოწმეთა დაკითხვა. თუმცა სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ გამოძიება იყო საკმარისად სრულყოფილი და ეფექტიანი. შესაბამისად, მას არ შეუძლია მხედველობაში არ მიიღოს ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეში გამოძიებამ არ ჩართო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მომჩივნის დაზიანებათა ხარისხისა და მიზეზის დასადგენად. პროკურატურა დაეყრდნო ორ სამედიცინო დასკვნას, რომლებიც მომზადდა მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დროს. თუმცა სასამართლოს გააჩნია გარკვეული ეჭვები ამ დასკვნების სიზუსტესა და საიმედოობასთან დაკავშირებით.
47. 2005 წლის 28 დეკემბრის 1-ლი დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო ჩალურჯება მომჩივნის მარჯვენა თვალზე და ნაკაწრი ცხვირზე, იყო მხოლოდ სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ, პროკურორის თანდასწრებით, მომჩივნის გარეგანი დათვალიერების შედეგი. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლის სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩატარდეს პოლიციელებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გარეშე, რათა დაცულ იქნეს დამოუკიდებლობისა და სიზუსტის სტანდარტი (იხ. Akkoç v. Turkey, nos. 22947/93 and 22948/93, § 118, ECHR 2000 X; Karademir v. Turkey, no. 32990/96, §53, 30 October 2001; და Lopata v. Russia, no. 72250/01, 114, 13 July 2010).
48. რაც შეეხება 2006 წლის 21 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მე-2 დასკვნას, რომელიც გაიცა მომჩივნის დეტალური შემოწმების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს დაზიანებათა დეტალურ აღწერას, ეს დასკვნა არ იძლევა მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ სარწმუნო განმარტებას და შესაბამისად, ვერ გადაჭრის ძირითად საკითხს, კერძოდ, შეიძლება თუ არა მომჩივნის მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე აიხსნას მხოლოდ ერთი დაცემით, როგორც ამას პოლიციელები ამტკიცებდნენ. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიების ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა იყო მომჩივნისთვის სათანადო სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და ინციდენტთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა მოპოვების ვერუზრუნველყოფა.
49. სასამართლო დანანებით აღნიშნავს, რომ მომჩივნის შემთხვევითი დაცემის შესახებ ანგარიშის მხედველობაში მიღებისას, შესაბამისი ორგანოები არ შეეცადნენ დეტალურად შეესწავლათ მისი სანდოობა. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოებმა არ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რათა შეემოწმებინათ პოლიციელთა ჩვენებების უტყუარობა, რაც ეხება მოცემულ ადგილზე ბეტონის ფილების არსებობას. ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა არ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მომჩივანს აღნიშნული დაზიანებები მიეღო მხოლოდ ერთხელ დაცემის შედეგად. საქმეში მონაწილე პოლიციელთა დაკითხვა იყო ზედაპირული. მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, სასამართლო შენიშნავს, რომ ყველა მათგანმა მისცა შაბლონური ჩვენება, რომელთა თანახმად, მათ არ მიუღიათ მონაწილეობა არასათანადო მოპყრობაში. არ იყო მცდელობა იმისა, რომ უფრო მიზანმიმართული კითხვები დაესვათ პოლიციელებისთვის; ასევე გაუგებარია, საერთოდ დაიკითხა თუ არა მომჩივნის მიერ დასახელებული მესამე პოლიციელი, მ.კ.. მთავრობამ აღნიშნულისთაობაზე ვერავითარი დოკუმენტის ასლი ვერ წარმოადგინა.
50. სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეში შესაბამისი ორგანოების მხრიდან მტკიცებულებათა შეფასებისადმი არასწორ მიდგომაზე. აშკარაა, რომ პროკურატურისა და შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებები ძირითადად ეფუძნება ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს, მომჩივნის აღიარებით ჩვენებასა და მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების დროს ჩატარებული წინასწარი გამოძიების შედეგებს. სასამართლოსთვის გაუგებარია, რომ პასუხისმგებელი ორგანოები არასათანადო მოპყრობის შესახებ მომჩივნის ბრალდებების შემოწმების ნაცვლად, დაეყრდნენ მის აღიარებით ჩვენებას, რომელიც, როგორც მომჩივანმა განაცხადა, ფიზიკური ზეწოლის ქვეშ მისცა (იხ. §26). ამასთანავე, პროკურატურამ და სასამართლოებმა ყოველგვარი დამაჯერებელი არგუმენტების გარეშე მიიღეს მხედველობაში პოლიციელთა ჩვენებები, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ აღნიშნული ჩვენებები შესაძლოა იყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არიდებას. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა მათი დისციპლინური თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი (იხ. Ognyanova and Choban v. Bulgaria, no. 46317/99, §99, 23 February 2006, and Antipenkov v. Russia, no. 33470/03, §69, 15 October 2009).
51. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ დარღვევას.
52. მე-3 მუხლის საფუძველზე მიღებული დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლო არ თვლის საჭიროდ იმის განხილვას, ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისა და სასამართლო პროცესისსამართლიანად წარმართვისკუთხით.
II. კონვენციის სხვასავარაუდო დარღვევები
53. კონვენციის მე-6 (§1) მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანმა განაცხადა თავისი უდანაშაულობის შესახებ, რომ მის მიმართ არასამართლიანი განაჩენი გამოიტანეს. მან აგრეთვე გაასაჩივრა უზენაესი სასამართლოს ხელმისაწვდომობის დაუსაბუთებლად შეზღუდვა.
54. სასამართლო, მის ხელთ არსებულ ყველა მასალაზე დაყრდნობით, ასკვნის, რომ აღნიშნული პრეტენზიები არ წამოჭრის კონვენციის მე-6 (§1) მუხლის კუთხით განსახილვეკლ რაიმე სადავო საკითხს და კონვენციის 35-ე (§§ 3 და 4) მუხლის საფუძველზე მიუღებლად უნდა იქნესცნობილი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
III. კონვენციის 41-ემუხლის გამოყენება
55. კონვენციის 41-ემუხლი შემდეგნაირად იკითხება:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
56. მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით, მომჩივანმა განაცხადა, რომ დაკავების დროს, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგად, მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, მან გაიღო სერიოზული ხარჯები მიყენებულ დაზიანებათა სამკურნალოდ. მომჩივანმა შემდგომში განაცხადა, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მას მომავალშიც დაჭირდებოდა სამედიცინო მკურნალობა. მომჩივანმა ვერ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნული იქნებოდა გაწეული ხარჯების ოდენობა. თუმცა მან მოითხოვა 300 000 ევრო გაღებული და მომავალი სამედიცინო ხარჯების ასანაზღაურებლად. მორალურ ზიანთან მიმართებით, მომჩივნმა მოითხოვა 2 000 000 ევრო განცდილი ტრავმის გამო, რომელიც არასათანადო მოპყრობით იყო გამოწვეული.
57. მთავრობამ განაცხადა, რომ ადგილი არ ჰქონია ისეთ დარღვევას, რომელიც კომპენსაციას მოითხოვდა. ალტერნატივის სახით, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული შესაბამისი დოკუმენტებით. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მთავრობამ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად მიიჩნია.
58. სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ არის გამყარებული სამედიცინო დოკუმენტაციით და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, არ მიაკუთვნოს მას რაიმე თანხა მატერიალური ზარალის ანაზღაურების სახით.
59. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივანმა განიცადა დამცირება და სტრესი არასათანადო მოპყრობის გამო. მიუხედავად ამისა, მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებული ჩანს. სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 12 000 ევროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, რომელიც მან არასათანადო მოპყრობის შედეგად განიცადა.
ბ. ხარჯები და დანახარჯები
60. ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებული პრეტენზიის არარსებობის პირობებში, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ ამ კუთხით მომჩივნისთვის რაიმე თანხის მიკუთვნებას.
გ. საურავი
61. სასამართლოს მიაჩნია, საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,სასამართლო, ერთხმად
1. აცხადებს მისაღებად კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზეწამოყენებულ პრეტენზიებსდა საჩივრის დანარჩენ ნაწილს - მიუღებლად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებით დარღვევასმომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულდარღვევას მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების არჩატარებისგამო.
4. ადგენს, რომ არ არსებობს მომჩივნის მიერ კონვენციის მე-13 მუხლისსაფუძველზე წამოყენებული პრეტენზიის ცალკე განხილვის საჭიროება;
5. ადგენს, რომ
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე (§2) მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს 12.000 (თორმეტი ათასი) ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, აგრეთვე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამთანხასთან შეიძლება იყოსდაკავშირებული;
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
6. უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2012 წლის 18 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე (§§ 2 და 3) მუხლის შესაბამისად.
სანტიაგო კესადა ჯოზეპკასადევალი
სექციის განმწესრიგებელი თავმჯდომარე