ერი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ
Er and others v. Turkey
საჩივრის ნომერი - 23016/04 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - თურქეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 31/10/2012
შედეგი: წინასწარი განაცხადი დაუშვებლად გამოცხადდა (მუხლი 35-1 - ექვსთვიანი პერიოდი),
დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (მუხლი 2-1 - სიცოცხლე) (მატერიალური ნაწილი),
კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (მუხლი 2-1 - ეფექტიანი გამოძიება) (პროცედურული ნაწილი),
კონვენციის მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - არაადამიანური მოპყრობა) (მატერიალური ნაწილი),
კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მუხლი 5-1 - კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება),
კონვენციის მე-13 მუხლი - სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მუხლი 13 - სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება),
მატერიალური და არამატერიალური ზიანი - ანაზღაურება
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება
(მუხლის 2-1) ეფექტიანი გამოძიება
(მუხლი 2-1) სიცოცხლე
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა
(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
(მუხლი 5-1) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება
(მუხლი 13) ეფექტური მისაგებლის უფლება
(მუხლი 13) ეფექტური მისაგებელი
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35-1) ექვსთვიანი პერიოდი
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება-{ზოგადი}
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საქმე ერი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექციამ) შემდეგი შემადგენლობით:
ფრანსუაზ ტულკენსი, პრეზიდენტი
დანუტე ჟოსიენე,
დრაგოლჟუბ პოპოვიჩი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ანდრას საჟო,
ისინ კარაკასი,
გიდო რაიმონდი, მოსამართლეები,
და სტენლი ნაისმითი, სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე,
განიხილა რა საქმე 2012 წლის 3 ივლისის დახურულ სხდომაზე გამოიტანა 2012 წლის 3 ივლისს შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№ 23016/04), რომელიც 2004 წლის 16 მაისს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ თურქეთის ცხრა მოქალაქემ - ბ-მა მეჰმეტ ერმა, ქ-მა გულსენ ერმა, ბ-მა ისლამ ერმა, ბ-მა ადნან ერმა, ბ-მა ჰიზირ ერმა, ქ-მა ჰატის ერმა, ქ-მა ბელკისა ერმა, ბ-მა ალი ერმა და ქ-მა მუმი ერმა („მომჩივნები“) შემოიტანეს.
2. მომჩივნებს ჰაკარიში მოღვაწე იურისტი, ბ-ნი მიკაილ დემიროგლუ წარმოადგენდა. თურქეთის მთავრობას („მთავრობა“) მათი სახელმწიფო წარმომადგენლები წარმოადგენდნენ.
3. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ჟანდარმერიამ მათი ნათესავი, ახმეტ ერი დააკავა, ის გაუჩინარდა ვითარებაში, რომელიც კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-13 მუხლების ფარგლებში მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იწვევდა.
4. 2008 წლის 26 თებერვალს, სასამართლომ საჩივრის შესახებ მთავრობას აცნობა. იმავდროულად, მან საჩივრის დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთობლივად განხილვის შესახებ (29-ე მუხლი 1-ლი ნაწილი) დადგენილება გამოიტანა.
ფაქტები
საქმის გარემოებები
5. მომჩივნები 1980, 1974, 1978, 1984, 1989, 1990, 1994, 1954 და 1953 წლებში დაიბადნენ და ხაკარიში ცხოვრობდნენ. პირველი შვიდი მომჩივანი 1995 წლის ივლისში გაუჩინარებული ბ-ნი ახმეტ ერის შვილები, ხოლო დანარჩენები, მისი დედმამიშვლები არიან. გაუჩინარებისას, ახმეტ ერი 44 წლის იყო.
ა. შესავალი
6. საქმის გარემოებები მხარეების მხრიდან სადავო გახდა. მომჩივნების მიერ წარმოდგენილი ფაქტები „ბ“ პარაგრაფშია მოყვანილი, ფაქტებთან დაკავშირებული მთავრობის მოსაზრებები კი „გ“ პარაგრაფში. მომჩივნებისა და მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები „დ“ პარაგრაფში არის თავმოყრილი.
ბ. მომჩივნების მიერ წარმოდგენილი ფაქტები
7. 1995 წლის 14 ივლისს, სოფელ კურუდერში, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. ჩუქურჯას ადმინისტრაციულ იურისდიქციაში მდებარეობს, ქურთისტანის მშრომელთა პარტიის[1] („ქმპ“) წევრებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სამხედროებმა მომჩივნების ნათესავი - ახმეტ ერი და მისი ხანშიშესული ნათესავი, ხაჯი მეხრაპ ერი, სოფელ კურუდერიდან ჟანდარმერიის უახლოეს განყოფილებაში წაიყვანეს.
8. იმავე დღეს, მომჩივნებმა ჩუქურჯას პროკურორს მომხდარის შესახებ შეატყობინეს.
9. 1995 წლის 15 ივლისს სამხედროებმა გაათავისუფლეს ხაჯი მეხრაპ ერი, ხოლო ახმეტ ერის შესახებ ცნობილი არაფერი იყო.
გ. ფაქტებთან დაკავშირებული მთავრობის მოსაზრებები
10. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ახმეტ ერი არ დაუკავებიათ. ის სამხედროებს ტერორისტების მიერ დადებული ნაღმების ძებნაში ეხმარებოდა, ხოლო სამხედროების ყაზარმებში დაბრუნების შემდეგ, ის გაათავისუფლეს.
11. სასამართლო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ეფექტიანი გამოძიების თანახმად, გათავისუფლების შემდეგ, ახმეტ ერი ჩრდილოეთ ერაყში ტერორისტებს შეუერთდა.
დ. მხარეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები
12. შემდგომი ინფორმაცია მხარეების მიერ მოწოდებული მასალებიდან გამომდინარეობს.
13. 1995 წლის 14 ივლისს, ბ-მა ალი ერმა, რომელიც ახმეტ ერისა და ერთ-ერთი მომჩივნის ძმაა, ჩუქურჯას პროკურორს მისი ძმის გაუჩინარების შესახებ წერილობით შეატყობინა. ის აცხადებდა, რომ ოჯახი ახმეტ ერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შფოთავდა და პროკურორს დახმარებას სთხოვდა.
14. 1995 წლის 16 ივლისს ჩუქურჯას პროკურორმა ჩუქურჯას კომანდოს შტაბის მაიორთან მისი სატელეფონო საუბრის შესახებ ჩანაწერი გააკეთა. მაიორი 14 ივლისს ჩატარებულ ოპერაციაში მონაწილე სამხედროებს მეთაურობდა. მაიორმა პროკურორს განუცხადა, რომ ახმეტ ერი 14 ივლისს სოფლიდან სამხედროებმა, ჩასატარებელ ოპერაციაში დახმარების გასაწევად წამოიყვანეს. თუმცა, 1995 წლის 16 ივლისს ის სოფელ ნარლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათავისუფლეს.
15. 1995 წლის 18 ივლისს, ალი ერმა გუბერნატორისა და ჩუქურჯას პროკურორის ოფისებში განაცხადი შეიტანა. მისი თქმით, პროკურორის მიერ 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ძმა გაათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მან დაამატა, რომ მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში ის თავის ძმას ამაოდ ეძებდა.
16. იმავე დღეს, ჩუქურჯას პროკურორმა ახმეტ ერის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო; მან ჩუქურჯას ჟანდარმერიასა და ჩუქურჯას კომანდოს შტაბს ახმეტ ერის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოწოდების შესახებ მიმართა. პროკურორმა სამხედრო ხელმძღვანელობას შეახსენა, რომ თუ ახმეტ ერი მათ მიერ იყო დაკავებული, საამისოდ ოფიციალური ნებართვა მხოლოდ პროკურატურას შეეძო გაეცა.
17. 1995 წლის 1 აგვისტოს ჩუქურჯას ჟანდარმერიის მეთაურმა, კაპიტანმა ს.ა.უ., ჩუქურჯას პროკურორს მისი წერილის პასუხად შეატყობინა, რომ ახმეტ ერი მის განყოფილებაში დაკავებული არ ყოფილა. უსაფრთხოების მიზნით, სოფელი კურუდერი ევაკუირებული იყო, რაც ახმეტ ერის კვალის მიდევნებას შეუძლებელს ხდიდა.
18. ჩუქურჯას კომანდოს შტაბიდან პროკურორის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის შემდეგ, ჩუქურჯას პროკურორმა 1995 წლის 25 აგვისტოს წერილით კომანდოს შტაბიდან ინფორმაცია კვლავ გამოითხოვა; პროკურორმა მაიორ სი-სთან თავისი სატელეფონო საუბარი შეახსენა (იხ. ზემოთ პარაგრაფი 14) და კომანდოს შტაბს მიმართა თხოვნით, მიეწოდებინათ მისთვის ზუსტი ინფორმაცია ახმეტ ერის გათავისუფლების ადგილისა და ამ ფაქტს შესწრებული მოწმეების შესახებ.
19. 1995 წლის 22 სექტემბრის წერილში კომანდოს შტაბის ოფიცერმა ჩუქურჯას პროკურორს შეატყობინა, რომ 1995 წლის 14 ივლისს, ახმეტ ერი თავის „ხანშიშესულ ნათესავთან“ ერთად სამხედროებმა სოფლიდან წამოიყვანეს მიმდებარე ტერიტორიაზე გასაძღოლად. ეს ადამიანები სამხედროებს ნაღმების ძებნაში ეხმარებოდნენ, ხოლო იმავე დღეს, 15.00 სთ-ზე, სამხედროების მიერ გათავისუფლდნენ. ვინაიდან ისინი არ დაუკავებიათ, დოკუმენტების შედგენა არ მომხდარა.
20. 1995 წლის 16 ოქტომბერს პროკურორმა დაკითხა მომჩივანი ალი ერი, რომელმაც გაიმეორა, რომ მისი ძმა სოფლიდან, სამხედროებმა, 1995 წლის 14 ივლისს წაიყვანეს. იმ დღეს სამხედროებთან ერთად მყოფმა ჟანდარმერიის უფროსმა ლეიტენანტმა თანასოფლელების თვალწინ ახმეტ ერის სოფლიდან წაყვანისას მას გაარტყა. ამ ინციდენტის შემდეგ, იმავე დღეს, სოფლის მაცხოვრებლებმა სოფელი დატოვეს, გარდა მომჩივნის ხანშიშესული ბიძისა, რომელიც დარჩა და ახმეტის დაბრუნებას ელოდებოდა. ეს უკანასკნელი სოფელში იმავე საღამოს, სამხედროებთან ერთად, ძალიან გაღიზიანებული დაბრუნდა. სამხედროებმა ორივე - ახმეტი და ხაჯი მეხრაპ ერი იშიკლის ჟანდარმერიაში წაიყვანეს, ბოძზე მიაბეს და იქ დილამდე დატოვეს. ორივე მამაკაცი სცემეს. მომდევნო დილას, ხაჯი მეხრაპ ერი ორ თანასოფლელთან ერთად, რომლებიც სამხედროებმა ასევე წამოიყვანეს, გაათავისუფლეს. ბიძის თქმით, როცა ისინი გამოუშვეს, ახმეტ ერი უგონოდ იყო. გარდა ამისა, თანასოფლელმა ფეტახ არსლანმა დაინახა, თუ როგორ ჩასვეს მომჩივნის ძმა იშიკლის კომანდოს ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო მანქანაში.
21. პროკურორმა ხაჯი მეხრაპ ერი და ფეტახ არსლანი თავის სამუშაო ოთახში დაიბარა. 1995 წლის 23 ოქტომბერს ფეტახ არსლანმა პროკურორს განუცხადა, რომ მან ახმეტ ერი სამხედრო მანქანაში ბორკილდადებული დაინახა.
22. 1995 წლის 25 ოქტომბერს ხაჯი მეხრაპ ერმა პროკურორს განუცხადა, რომ მომხდარი ინციდენტის დღეს, სოფლის მაცხოვრებლები სამხედროების ბრძანებით, სოფლის დატოვებისთვის ემზადებოდნენ. თუმცა, ქურთისტანის მშრომელთა პარტიის რამოდენიმე წევრმა ევაკუაციისა და სოფელში სამხედროების ყოფნის შესახებ შეიტყვეს და მათ თავს დაესხნენ. მომხდარი შეიარაღებული შეტაკების დროს, ახმეტ ერმა სოფლის დატოვება და მინდორში გასული შვილის საძებნელად წასვლა დააპირა. სამხედროებმა ახმეტ ერის განზრახვა არასწორედ გაიგეს და იშიკლის ჟანდარმერიაში წაიყვანეს. შემდგომში, ხაჯი მეხრაპ ერიც იშიკლის ჟანდარმერიაში მიიყვანეს, სადაც ახმეტთან ერთად ბოძზე მიაბეს და სცემეს. სამხედროებმა მათ ასევე ცხელი წყალი გადაასხეს, ხოლო ახმეტს ფეხები ქვით დაუმტვრიეს. მომდევნო დილას ხაჯი მეხრაპ ერი გაათავისუფლეს, მან დაინახა, თუ როგორ მიათრევდა ათი თუ თერთმეტი სამხედრო ახმეტს მიწაზე. დაბრუნების შემდეგ მას სოფელი სამხედროების მიერ გადამწვარი დახვდა.
23. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1995 წლის 14 დეკემბერს, პროკურორმა ჩუქურჯას კომანდოს შტაბის მაიორი, ს.ი., დაკითხა . მან დაადასტურა, რომ 1995 წლის 14 ივლისს, ახმეტ ერი სამხედროებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიის დასათვალიერებლად წაიყვანეს. მისი პროკურორთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მან ახმეტ ერის გათავისუფლების ბრძანება გასცა. თუმცა მოგვიანებით მაიორმა შეიტყო, რომ მისი ბრძანებით გათავისუფლებული პირი ახმეტ ერი არ ყოფილა. მან დაამატა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროების მიერ ახმეტ ერის წაყვანის შესახებ მან არ იცოდა.
24. უფროსი ლეიტენენტი ხ.ო. რომელიც სამ სამხედრო დანაყოფს მეთაურობდა და 1995 წლის 14 ივლისის ოპერაციაში მონაწილეობდა, პროკურორმა 1996 წლის 1 თებერვალს დაკითხა. უფროსმა ლეიტენანტმა დაადასტურა, რომ ინციდენტის დღეს სამხედროებთან ერთად ის სოფელ კურუდერეში შევიდა. ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წევრებთან შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც ერთი ოფიცერი დაიღუპა, ხოლო ორი სამხედრო დაიჭრა, მათ დაინახეს, თუ როგორ გარბოდა სოფლიდან ახმეტ ერი. მას რამოდენიმე სამხედრო დაადევნეს. სამხედროებმა ის დაიჭირეს და „შესაძლოა რამოდენიმეჯერ დაარტყეს“, ვინაიდან ჩათვალეს, რომ ის „ქმპ“-ს ეხმარებოდა. ახმეტ ერი სამხედროებს ნაღმების ძებნაში ეხმარებოდა. გზაში ისინი ხაჯი მეხრაპ ერს შეხვდნენ, რომელმაც სამხედროებთან ერთად წამოსვლის ნებართვა ითხოვა. სამხედროებმა ახმეტ ერი და ხაჯი მეხრაპ ერი ჟანდარმერიაში წაიყვანეს. უფროსი ლეიტენანტი ტელეფონით მის ხელმძღვანელობას ბატალიონის შტაბში დაუკავშირდა და ორი პირის შესახებ შეატყობინა. დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო, ხელმძღვანელობამ უფროს ლეიტენანტს მათი გათავისუფლება უბრძანა. ახმეტმა და ხაჯი მეხრაპმა ღამე სამხედროებთან ერთად იშიკლის ჟანდარმერიის განყოფილებაში გაატარეს. შესაძლებელია, სამხედროებმა „ეს ორი პიროვნება გალანძღეს და ცემეს“, მაგრამ არ უწამებიათ და ახმეტ ერისთვის ფეხები არ დაუმტვრევიათ. მომდევნო დღეს, „ხანშიშესული ადამიანი“ განყოფილებიდან გაათავისუფლეს, ხოლო ახმეტ ერი ჟანდარმერიიდან 200 მეტრის მოშორებით გაიყვანეს და გაათავისუფლეს.
25. უფროსი ლეიტენანტი ს.ო. ინციდენტის დღეს სხვა შენაერთს მეთაურობდა. პროკურორს მან ანალოგიური ჩვენება მისაცა.
26. 1996 წლის 2 თებერვალს, პროკურორმა 1995 წლის 14 ივლისის ოპერაციაში მონაწილე ჟანდარმერიის ოთხი ოფიცერი დაკითხა. ოფიცრებმა დაადასტურეს, რომ მათ ახმეტ ერი და ხაჯი მეხრაპ ერი იშიკლის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი უარჰყვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ორი პიროვნება მათ მეორე დღესვე გაათავისუფლეს, მათ ასევე დაამატეს, რომ ახმეტ ერის გათავისუფლების შემდეგ, მან ოფიცრებს ხელი დაუქნია. ოფიცრებმა პროკურორს ასევე უთხრეს, რომ შესაძლოა, ახმეტ ერი ქურთისტანის მშრომელთა პარტიას შეუერთდა.
27. 1996 წლის 16 თებერვალს, ჩუქურჯას პროკურორმა ახმეტ ერზე ძებნა გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით ყოველ სამ თვეში ერთხელ სიახლეების შესახებ მისთვის შეტყობინება მოითხოვა. თავის განცხადებაში პროკურორი მიუთითებდა, რომ ახმეტ ერი სამხედროებს არ დაუპატიმრებიათ, ის მიმდებარე ტერიტორიაზე გასაძღოლად წაიყვანეს. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ახმეტ ერის ორი ვაჟი ქურთისტანის მშრომელთა პარტიას შეუერთდა, შესაძლებელი იყო, რომ თვით ახმეტ ერმაც მათ მიბაძა.
28. მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიცია და სამხედროები ახმეტ ერს უშედეგოდ ეძებდნენ, ხოლო ამის შესახებ პროკურორს 2000 წლის 2 ოქტომბრამდე რეგულარულად ატყობინებდნენ. 2001 წლის 1 თებერვალს, ჩუქურჯას პროკურორმა პოლიციას ძებნის გაგრძელება სთხოვა. პროკურორის წერილის შემდეგ, პოლიცია ორ თვეში ერთხელ პროკურორს ახმეტ ერის უშედეგო ძებნის შესახებ ატყობინებდა.
29. 2002 წლის 3 მაისს პირველმა მომჩივანმა, მეხმეტ ერმა, ხაკარის საქალაქო სასამართლოს განუცხადა, რომ 1995 წლის 14 ივლისს, მამამისი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებში გაუჩინარდა და რომ იმ დღიდან მოყოლებული, მასზე არაფერი სმენიათ. მან მამამისის გარდაცვლილად ცნობის დადგენილების მიღების მოთხოვნით ხაკარის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მისი მოთხოვნა 2003 წლის 29 მაისს სასამართლომ დააკმაყოფილა. 2004 წლის 24 თებერვალს ახმეტ ერის სამ უმცროს შვილზე, ასევე მომჩივნებზე - ხიზირ ერი, ხატის ერი და ბელკისა ერზე - მეურვეობა მათ უფროსს ძმას, ასევე მომჩივანს, ისლამ ერს დაეკისრა.
30. 2003 წლის 10 დეკემბერს, ჩუქურჯას პროკურორმა გამოსცა დადგენილება, სადაც ნათქვამია, რომ თვითმხილველთა განცხადებებისა და მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ახმეტ ერი უკანასკნელად სამხედრო ნაწილის განლაგების მიდამოებში შეამჩნიეს და მას „სამხედროები აწამებდნენ“. ამგვარად, მოცემულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა სამხედროებს ეკისრებოდათ, ხოლო ქალაქ ვანის სამხედრო პროკურორს გამოძიების წარმართვის იურისდიქცია გააჩნდა.
31. 2004 წლის 14 იანვარს ვანის პროკურორმა გამოძიება დაიწყო. მან ადგილობრივი სამხედრო ნაწილებიდან ახმეტ ერის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, ასევე მისი შვილების შესახებ, რომლებიც ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წევრები იყვნენ. მან ყოველ სამ თვეში ინფორმაციის რეგულარული გადამოწმება მოითხოვა.
32. 2004 წლის 10 თებერვალს, მას სამხედრო ნაწილიდან შეატყობინეს, რომ დაზვერვის ოფიცერთა მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახმეტ ერი სოფლიდან სამხედროებმა წაიყვანეს. 1995 წლის 16 ივლისს გათავისუფლების შემდეგ, ახმეტ ერი ჩრდილოეთ ერაყში გაემართა, სადაც „ქმპ“-ს შეუერთდა. მას შემდეგ მის შესახებ ცნობები აღარ მოიპოვებოდა.
33. 2004 წლის 17 თებერვალს, სამხედრო პროკურორმა მომჩივნები ალი ერი და ხაჯი მეხრაპ ერი დაკითხა. ორივე პიროვნებამ ჩუქურჯას პროკურორისთვის მათ მიერ უკვე მიწოდებული ინფორმაცია დაადასტურეს.
34. 2004 წლის 3 მარტს, მომჩივნების კანონიერმა წარმომადგენელმა ჩუქურჯას პროკურორს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა. მას შეატყობინეს, რომ გამოძიება ქალაქ ვანის სამხედრო პროკურატურას გადაეცა.
35. ქ.ვანის სამხედრო პროკურორის 2004 წლის 14 იანვრის მოთხოვნის საფუძველზე, 2004 წლის 7 აპრილიდან 2005 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, მან სხვადასხვა სამხედრო ოფიცრის ხელმოწერით რვა იდენტური დოკუმენტის ასლი მიიღო სადაც ნათქვამია, რომ ახმეტ ერი ქურთისტანის მშრომელთა პარტიას შეუერთდა (იხ. ზემოთ 31-ე პარაგრაფი).
36. 2005 წლის 28 ივლისს სამხედრო პროკურორმა განაცხადა, რომ გაუჩინარების საქმის გამოსაძიებლად, მას საკმარისი იურისდიქცია არ გააჩნდა. მან ჩატარებული გამოძიების შედეგები შეაჯამა და თავის დადგენილებაში განაცხადა, რომ 1995 წლის 14 ივლისს ახმეტ ერის საეჭვო ქცევის გამო, სამხედროებმა ის დააკავეს. მან სამხედროებს ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წევრების მიერ სხვადასხვა ადგილზე დადებული ნაღმების ადგილმდებარეობა აჩვენა. სამხედროებმა ის ყაზარმაში მიიყვანეს. სამხედრო პროკურორის დადგენილების თანახმად, ახმეტ ერის დასაკითხად ყაზარმაში მიყვანა სამხედროების მხრიდან უფრო სასამართლო ფუნქციების შესრულება იყო ვიდრე სამხედრო. სამხედრო პროკურორების ფუნქციებში მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება შედიოდა. ამგვარად, გამოძიების გასაგრძელებლად იურისდიქცია სამოქალაქო პროკურორებს გააჩნდათ. ამიტომ, საქმის მასალები ისევ ჩუქურჯას პროკურატურაში გადაიგზავნა.
37. ჩუქურჯას პროკურორმა გამოძიება გააგრძელა და ჟანდარმებს ახმეტ ერის ძებნა დაავალა.
38. 2005 წლის 15 დეკემბერს, ჩუქურჯას პროკურორმა თავის ანგარიშში გამოძიების შედეგები შეაჯამა. ანგარიშის მიხედვით, 1995 წლის 14 ივლისს ახმეტ ერი საეჭვოდ იქცეოდა, რის შედეგადაც სამხედროებმა ის აიყვანეს. ახმეტ ერი სამხედროებს ორი ნაღმის მოძებნაში დაეხმარა. ის იშიკლის ჟანდარმერიაში იმყოფებოდა და 1995 წლის 16 ივლისს „გაათავისუფლეს“. ჟანდარმების მიერ ჩატარებული „საიდუმლო გამოძიების“ თანახმად, ახმეტ ერი გათავისუფლების შემდეგ ქურთისტანის მშრომელთა პარტიას შეუერთდა. ჩუქურჯას პროკურორმა დაასკვნა, რომ ქ.ვანის პროკურატურას გამოძიების გასაგრძელებლად იურისდიქცია გააჩნდა და საგამოძიებო მასალები იქ გადააგზავნა.
39. 2006 წლის 5 იანვარს, ქალაქ ვანის პროკურორმა, არალეგალურ ორგანიზაცია ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წევრობისთვის ახმეტ ერის ძებნისა და დაპატიმრების შესახებ ორდერი გასცა.
40. ჩუქურჯას ჟანდარმერიის მიმართვის პასუხად ქ. ვანის პროკურორმა თავის 2006 წლის 29 მარტის წერილში აღნიშნა ის ფაქტი, რომ ოჯახმა სამოქალაქო სასამართლოს მიერ ახმეტ ერის გარდაცვლილად ცნობის შესახებ დადგენილება მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ახმეტ ერი ნამდვილად გარდაცვლილი იყო. მან მიიჩნია, რომ 2006 წლის 5 იანვრის ბრძანების შესაბამისად, ახმეტ ერის დაპატიმრების მიზნით ძებნა უნდა გაგრძელებულიყო.
41. მომდევნო პერიოდში, ქ. ვანის პროკურორს ჩუქურჯას ჟანდარმერიიდან შეატყობინეს, რომ ახმეტ ერის პოვნისა და მისი დაპატიმრების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
სამართალი
1. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
42. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათი ნათესავის გაუჩინარებაზე პასუხისმგებელნი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ. მათი აზრით, ახმეტ ერი დაღუპულად უნდა მიჩნეულიყო, რაც კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ნიშნავდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ხელისუფლებამ ახმეტ ერის გაუჩინარების ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიება არ ჩაატარა.
43. კონვენციის მე-2 მუხლი ადგენს:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. დაუშვებელია სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, გარდა სიკვდილით დასჯისა, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფერდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისთვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სოცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს:
(ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისგან;
(ბ) კანონიერი დაკავებისთვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
(გ) აჯანყების ან ამბოხების ჩახშობის მიზნით კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის.“
44. მთავრობამ ეს არგუმენტი სადავო გახადა.
ა. დასაშვებობა
45. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნებმა კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებები არ ამოწურეს. ამასთან დაკავშირებით მათ მაგალითად საქმე Uca v. Turkey ((dec.), no. 3743/06, 2008 წლის 29 აპრილი) მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მომჩივნებს ტერორიზმის ან ტერორიზმთან ბრძოლის შედეგად მიღებული ზიანის კომპენსაციის შესახებ 2004 წლის კანონის თანახმად, კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლოთ (იხ.İçyer v. Turkey (dec.), no. 18888/02, § 44, ECHR 2006 I).
46. ალტერნატიულ არგუმენტად მთავრობამ მოიყვანა ის, რომ მომჩივნებმა კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადა დაარღვიეს. ამასთან დაკავშირებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ 2003 წლის 29 მაისის ხაკარის პირველი ინსტანციის სასამართლო განჩინების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში მომჩივნებს სასამართლოსთვის უნდა მიემართათ (იხ. ზემოთ 29-ე პარაგრაფი). საქმეების Kıniş v. Turkey ((dec.), no. 13635/04, 2005 წლის 28 ივნისი) და Aydın and Others v. Turkey ((dec.) no. 46231/99, 2005 წლის 26 მაისი) გათვალისწინებით მთავრობა ასაბუთებდა, რომ როდესაც ხაკარის პირველი ინსტანციის სასამართლომ ახმეტ ერი გარდაცვლილად სცნო, მომჩივნები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მისი პოვნის შესაძლებლობა აღარ არსებობდა.
47. მომჩივნები მთავრობის მოსაზრებებს შეეწინააღმდეგნენ და განაცხადეს, რომ ახმეტ ერის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ გამოტანილი დადგენილება მემკვიდრეობასთან იყო დაკავშირებული. ეს გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ახმეტ ერის გაუჩინარებისა და უსაფრთხოების ძალების მიერ მათი სოფლის განადგურების შემდეგ, ისინი იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლები და ხაკარიში დასახლებულიყვნენ. მომხდარი ინციდენტის დროს, მომჩივანთაგან ზოგიერთი ძალიან ახალგაზრდა იყო. გარდა ამისა, ისინი ღარიბები და გაუნათლებლები იყვნენ და თავისი უფლებების შესახებ არაფერი იცოდნენ. ხაკარიში გადასახლებიდან მხოლოდ რამოდენიმე წელიწადში შესძლეს მათ ადვოკატის აყვანა.
48. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს მომჩივნების მხრიდან კომპენსაციის არ-მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მან უკვე განიხილა და უარჰყო მთავრობის იდენტური პოზიცია ზემოხსენებულ Uca -ს განჩინებასთან მიმართებაში ორ სხვა საქმეში, რომელიც ასევე სიცოცხლის უფლებას ეხებოდა (იხ.mutatis mutandis, Gasyak and Others v. Turkey, no. 27872/03, §§ 66-72, 2009 წლის 13 ოქტომბერი; Fadime and Turan Karabulut v. Turkey, no. 23872/04, § 38, 2010 წლის 27 მაისი). მოცემულ საქმეში არ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელიც ზემოხსენებულ საქმეებთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებზე მას აზრის შეცვლას აიძულებენ.
49. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს მთავრობის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ექვსთვიანი ვადის ათვლა 2003 წლის 29 მაისს დაიწყო, როდესაც ხაკარის პირველი ინსტანციის სასამართლომ ახმეტ ერის გარდაცვლილად ცნობის შესახებ დადგენილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მომჩივნებმა სამართალწარმოება გარდაცვლილად ცნობის შესახებ დადგენილების მისაღებად წამოიწყეს, რაც საკუთრებისა და ახმეტ ერის უმცროს შვილებზე მეურვეობის საკითხებთან იყო დაკავშირებული.
50. გარდა ამისა, გაუჩინარების ან უკანონო ქმედების ჩამდენის გამოვლენისა და დასჯის ვალდებულება, ასევე გამოძიების ჩატარების პროცედურული ვალდებულება ვერ დასრულდებოდა გვამის აღმოჩენისა ან გარდაცვლილად ცნობის შესახებ დადგენილების მიღების შემთხვევაშიც კი (იხ.mutatis mutandis, Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 and 16073/90, § 145, ECHR 2009). მართლაც, პროკურორმა ჩათვალა, რომ სასამართლოს მიერ ახმეტ ერის გარდაცვლილად ცნობის შესახებ დადგენილების მიღება არ ნიშნავდა, რომ ის გარდაცვლილი იყო და მისი ძებნის გაგრძელების ბრძანება გასცა (იხ. ზემოთ მე-40 პარაგრაფი).
51. ზემოთქმულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ გარდაცვლილად ცნობის შესახებ ეროვნულ სამართალწარმოებას ექვსთვიანი ვადის დინებასთან კავშირი ვერ ექნება. სასამართლოს დარჩა გასარკვევი, თუ რამდენად ექვემდებარებიან კრიტიკას მომჩივნები, რომელთაც სასამართლოში საჩივარი ახმეტ ერის გაუჩინარებიდან მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ შემოიტანეს.
52. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებში, სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობის ან მათი არაეფექტიანობის შემთხვევაში, ექვსთვიანი ვადის მოქმედება სადავო ქმედების განხორციელების მომენტიდან იწყება. განსაკუთრებული მიდგომა შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში, როდესაც მომჩივანმა სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებები გამოიყენა და მისთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ან უნდა გამხდარიყო ცნობილი იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ხსენებულ საშუალებებს არაეფექტიანს ხდიდა. ასეთ ვითარებაში, ექვსთვიანი ვადის ათვლა შესაძლებელია იმ მომენტიდან დაიწყოს, როდესაც მომჩივნისთვის ხსენებული გარემოებები ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო (იხ.Hazar and others v. Turkey (dec.), no. 62566/00, 2002 წლის 10 იანვარი; Bulut and Yavuz v. Turkey (dec.), no. 73065/01, 2002 წლის 28 მაისი;Bayram and Yıldırım v. Turkey (dec.), no. 38587/97, ECHR 2002-III).
53. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მთავრობის მიერ ზემონახსენები გადაწყვეტილებები იმის შესახებ (იხ. ზემოთ 46-ე პარაგრაფი), რომ მომჩივნებისთვის სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ ცნობილი ადრეულ საფეხურზე უნდა გამხდარიყო, მსგავსად წინა პარაგრაფში ნახსენები სიცოცხლის უკანონო ხელყოფასთან დაკავშირებული განჩინებებისა, გამოძიების ხასიათითა და მიზნებით განსხვავდება გაუჩინარებასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიებისგან.
54. სიცოცხლის ხელყოფის გამოძიებისას, როგორ წესი, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებისთვის გამოძიების საწყისს ეტაპზეა ხელმისაწვდომი. მსხვერპლის ცხედარი, შემთხვევის ადგილი, თვითმხილველები, დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იარაღი - ტყვიები და მასრები - ყველაფერი ეს გამომძიებლებს დახმარებას უწევს და გამოძიებისთვის მის საწყისს ეტაპზე მიმართულების მიმცემია. ამგვარად, თუ ეროვნული ხელისუფლება, მიუხედავად მსგავსი მონაცემების არსებობისა, არ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ან თუ გამოძიება კარგავს ქმედითუნარიანობას და მომჩივნებისთვის გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ ცნობილი ხდება, მათ შეუძლიათ სასამართლოს გადაუდებლად მიმართონ.
55. მეორეს მხრივ, გაუჩინარების საქმეების უმეტეს შემთხვევებში, საგამოძიებო ორგანოები გამოძიებას ძალიან მწირი მტკიცებულებებით იწყებენ, მიუხედავად ამისა, მათ უნდა მოიპოვონ მტკიცებულებები, რომელიც მათ გაუჩინარებული პირის ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმარება. გადამწყვეტი მტკიცებულებები შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოაშკარავდეს (იხ.Varnava and Others, ზემოთ 162-ე პარაგრაფში).
56. გარდა ამისა, მკვლელობის გამოძიებისგან განსხვავებით, გაუჩინარების საქმის ძიება არ ემსახურება ერთადერთ მიზანს - მკვლელობის გარემოებების დადგენას, დამნაშავის პოვნასა და დასჯას. გაუჩინარების საქმეზე გამოძიების პრინციპული განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება ასევე მოწოდებულია იპოვოს დაკარგული ადამიანი ან გაარკვიოს, თუ რა შეემთხვა მას. ამგვარად, Varnava and Others საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ გაუჩინარების საქმეებში, სადაც უგულებელყოფისა და გაურკვევლობის მდგომარეობა არსებობდა, მომხდარის ახსნის შეუძლებლობა, რომ არა ხელისუფლების ზოგიერთი ორგანოს მხრიდან ინფორმაციის განზრახ დაფარვა და ობსტრუქცია, მკვლელობის საქმეებთან შედარებით, გაუჩინარების საქმე ნაკლებად ცხადი იქნებოდა. გაუჩინარებული პირის ნათესავებისთვის მეტად რთულია იმის შეფასება, თუ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს. ხშირად გაუჩინარების შემდგომ წარმოქმნილი გაურკვევლობისა და დაბნეულობის აღმოსაფხვრელად, დათმობები უნდა მოხდეს (ibid.).
57. გარდა ამისა, როგორც სასამართლომ Varnava and Others საქმეზე განაცხადა, გაუჩინარების საქმეებზე ექვსთვიანი ვადის დაცვასთან დაკავშირებით ნაკლებად მკაცრი მიდგომა ორი დამატებითი მიზეზის არსებობით არის განპირობებული. პირველი, საერთაშორისო სამართლაში არსებული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ დამნაშავეების სისხლისსამართლებრივი დევნა მსგავსი დანაშაულებების ჩადენიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც უნდა იყოს შესაძლებელი. გაუჩინარებების სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, ნათესავების მხრიდან სწრაფად (ოპერატიულად) მოქმედების მოთხოვნა კონვენციის ფარგლებში ზედმეტად მკაცრად არ უნდა დადგეს (იხ.Varnava and Others ზემოთ 162-ე 164-ე პარაგრაფებში). ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალები გადაეგზავნა სამხედრო პროკურორს, რომელმაც ახალი გამოძიება 2004 წელს დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას, სამხედრო პროკურორმა ადგილობრივი სამხედრო ნაწილებიდან დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა და ერთ-ერთი მომჩივანი და ორი თვითმხილველი დაკითხა. მეორე, სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმის ფაქტების გამოძიება და საკითხების გადაწყვეტა, შეძლებისდაგვარად, უმჯობესია ეროვნულ დონეზე მოხდეს. ეს როგორც მომჩივანის, ასევე კონვენციის სისტემის ეფექტიანობის ინტერესებსაც გამოხატავს - უფრო მომგებიან მდგომარეობაში მყოფმა ეროვნულმა ხელისუფლებამ კონვენციის ნებისმიერი სავარაუდო დარღვევა უნდა გამოასწოროს.
58. Varnava and Others საქმეზე თავის გადაწყვეტილებაში 166-ე პარაგრაფში სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„საერთაშორისო ქონფლიქტების პირობებში, გაუჩინარების მსგავს რთულ საქმეებში, როდესაც ფაქტობრივად არც გამოძიება ჩატარებულა და ხელისუფლებასთან კონტაქტიც არ შემდგარა, მოსალოდნელია, რომ ნათესავები საქმეს განსახილველად, მომხდარიდან რამოდენიმე წელიწადში წარადგენენ. თუმცა სპორადიული ან პრობლემატური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, სანამ ეფქტიანი გამოძიების ჩატარების შანსი საბოლოოდ არ გაქრება, ნათესავებმა შესაძლოა რამოდენიმე წელი გონივრულად დაცდა ამჯობინონ. ათი ან მეტი წლის გასვლის შემდეგ, მომჩივნებმა საქმის მიმდინარეობა და მასში მიღწეული პროგრესი დამაჯერებლად უნდა წარმოაჩინონ, რათა სტრასბურგში დაგვიანება გაამართლონ. უფრო მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მომჩივნებს საგამოძიებო ორგანოებთან პირდაპირი შიდა წვდომა გააჩნიათ."
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მომჩივნებმა მათი ნათესავის გაუჩინარების შესახებ საჩივარი ათი წლის ვადაში წარმოადგინეს. რაც შეეხება სასამართლოს მხრიდან მკაცრ მოლოდინს იქიდან გამომდინარე, რომ მომჩივნებს საგამოძიებო ორგანოებთან პირდაპირი კავშირი გააჩნდათ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა პროკურორს სამხედროების მიერ მათი ნათესავის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს. შემდგომში, მათ პროკურორთან ითანამშრომლეს და თვითმხილველთა ჩვენებები წარუდგინეს. იმ პროკურორის მიერ აქტიური გამოძიება 1996 წლის 16 თებერვლამდე გაგრძელდა. გამოძიების მსვლელობისას შემდგომი ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო პროკურორმა 2003 წლის 10 დეკემბერს მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ სამხედრო პროკურორს გამოძიების გაგრძელებაზე იურისდიქცია გააჩნდა. 2004 წელს დაწყებული ახალი გამოძიების მიმდინარეობისას, სამხედრო პროკურორმა ადგილობრივი სამხედრო ნაწილებიდან დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა და თავის კაბინეტში ერთ-ერთი მომჩივანი და ორი თვითმხილველი გამოიძახა. ოჯახის წევრებმა და თვითმხილველებმა სამხედრო პროკურორთან ითანამშრომლეს და შემდეგი განცხადებები გააკეთეს (იხ. ზემოთ 33-ე პარაგრაფი). იმ ეტაპზე მომჩივნების მიერ საქმეზე აყვანილი ადვოკატი პროკურატურას დაუკავშირდა და გამოძიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა (იხ. ზემოთ 34-ე პარაგრაფი).
60. ამგვარად სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიება, მართალია სპორადული ხასიათის, მიმდინარეობდა (იხ.Varnava and Others, ზემოთ 166-ე პარაგრაფში) და რომ მომჩივნებმა ხელისუფლების დასახმარებლად შეძლებისდაგვარად ყველა ღნეს მიმართეს. გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2003 წელს სამოქალაქო პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება, რომელმაც გაუჩინარებაში სამხედროების მონაწილეობის შესახებ მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება დამაჯერებლად ჩათვალა, ასევე სამხედრო პრკურორის მიერ ჩატარებული შემდგომი გამოძიება, მომჩივნებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენდა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნებმა გამოძიებისას შედეგების მისაღწევად საჭირო გულმოდგინება გამოიჩინეს და, შესაბამისად, სასამართლო უარყოფს ექვსთვიანი ვადის დაუკმაყოფილებლობის გამო მთავრობის არგუმენტს საჩივრის მიუღებლობაზე.
61. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი. ის ასევე არ არის დაუშვებელი სხვა საფუძვლით და, შესაბამისად, ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
ბ. არსებითი მხარე
62. მომჩივნები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედროებმა მათი ნათესავი მიმდებარე ტერიტორიაზე გასაძღოლად წაიყვანეს, სამხედროებს შესაბამისი პროცედურები უნდა დაეცვათ, კერძოდ, ოფიციალური ჩანაწერი გაეკეთებინათ ჟანდარმერიის განყოფილებაში დაკავებულის მოთავსებისა და მისი გათავისუფლების დროის შესახებ, ასევე უზრუნველყოთ ექიმის მიერ მისი შემოწმება, განთავისუფლებამდე.
63. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ახმეტ ერი უსაფრთხოების ძალებსა და ტერორისტებს შორის შეტაკების შემდეგ წაიყვანეს. მოგვიანებით ის სამხედროებს ტერორისტების მიერ დადებული ნაღმების პოვნაში დაეხმარა. ჟანდარმერიაში მთელი რიგი პროცედურული შემოწმების გავლის შემდეგ, სამხედროებმა ახმეტ ერი გაათავისუფლეს.
64. მთავრობის აზრით, ახმეტ ერის საქმის განხილვა არ იძლევა იმის ვარუდის საფუძველს, რომ ის გარდაცვლილია. გათავისუფლების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ერაყში ტერორისტებს შეუერთდა.
65. მთავრობის აზრით, ვინაიდან ახმეტ ერი არ დაუპატიმრებიათ, დაპატიმრებისას ჩასატარებელი პროცედურული მოქმედებების განხორციელება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ახმეტ ერის გაუჩინარების შემდეგ, მისი ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, ჩატარდა ეფექტიანი გამოძიება, რომლის დროსაც დაიკითხნენ მოწმეები და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები. ქვეყნიდან გასული პირის ძებნა ეროვნული ხელისუფლების მოვალეობაში არ შედის.
1. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება და ფაქტების დადგენა
66. სასამართლო შეახსენებს, რომ ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია დაპატიმრებული პირის ჯანმრთელობაზე, ასევე დაპატიმრებული პირის გარდაცვალების, გაუჩინარების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია გააკეთოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტებები (იხ. შესაბამისად, Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 87, ECHR 1999-V; Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 99, ECHR 2000 VII; და Tanış and Others v. Turkey,, no. 65899/01, § 160, ECHR 2005–VIII).
67. სასამართლო აღნიშნვს, რომ მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა საკითხი ის ფაქტი, რომ მომჩივნების ნათესავი, ახმეტ ერი, 1995 წლის 14 ივლისს სამხედროებმა ჟანდარმერიაში წაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ბევრმა სამხედრო ოფიცერმა აღიარა, რომ ახმეტ ერი ჟანდარმერიაში იყო მიყვანილი (იხ. ზემოთ პარაგრაფები მე-14, 26-ე და 27-ე). სადავო რჩება საკითხი იმის შესახებ, გაათავისუფლეს კი ის 1995 წლის 16 ივლისს, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა.
68. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ მიიღებს მთავრობის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ვინაიდან ახმეტ ერი არ დაუპატიმრებიათ, დაპატიმრებისას ჩასატარებელი პროცესუალური მოქმედებების განხორციელება აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
69. სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შესაბამისი საბუთების შედგენის გარეშე პირთა უკანონო დაპატიმრებას, სასამართლო ქვემორე გადაწყვეტილებებში შეეხო (იხ. inter alia, Orhan v. Turkey no. 25656/94, § 372, 18 June 2002). მთელ რიგ გადაწყვეტილებებში სასამართლომ შეისწავალა შეიარაღებული ძალების მიერ პირების დაპატიმრებისას შესაბამისი ჩანაწერების გაკეთებაზე უარის თქმის შემთხვევები და დაასკვნა, რომ მსგავსი ჩანაწერების არარსებობა პატიმრობაში აყვანილი პირების გაუჩინარებისგან ეფქტიანი დაცვის საშუალებას არ იძლეოდა. (ibid., §§ 313 and 372 და აქვე მოყვანილი საქმეები; იხ. ასევე Çiçek v. Turkey, no. 25704/94, § 137, 2001 წლის 27 თებერვალი). ამგვარად, სასამართლო დაპატიმრებასა და სამხედროების დასახმარებლად პირის აყვანას შორის არადამაკმაყოფილებელ და თვითნებურ გამიჯვნას ვერ დაეთანხმა (იხ.mutatis mutandis, Çiçek, ზემოთმოყვანილი § 137).
70. შესაბამისად, სასამართლო ჟანდარმერიაში ახმეტ ერის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ საჩივარზე კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში იმსჯელებს (იხ. ქვემოთ 98-ე 105-ე პარაგრაფები). მოცემულ ეტაპზე, საკმარისია აღინიშნოს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, პირის დაპატიმრებულად ცნობა, შესაბამისი ეროვნული პროცედურების დაცვას არ მოითხოვს. არსებობს პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოვალეობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ დადასტურებულა, რომ ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა, ან დადასტურებულია, რომ იგი შეიარაღებულმა ძალებმა ან პოლიციამ ოფიციალურად გამოიძახა და ის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მსგავს გარემოებებში, პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა - განმარტება იმისა, თუ რა მოხდა დაკავების ადგილზე და აჩვენოს, რომ ხელისუფლების მხრიდან მის დაპატიმრებას ადგილი არ ჰქონდა (იხ.Tanış and Others, ზემოთ 160-ე პარაგრაფი).
71. როგორც სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში Tanış and Others აღნიშნავს, პირის გათავისუფლებამდე, ხელისუფლება ვალდებულია დაკავებულის ბედზე იზრუნოს. გარდა ამისა, საქმეში Süheyla Aydın v. Turkey (no. 25660/94, § 154, 2005 წლის 24 მაისი), რომელიც ქ-ნი აიდინის მეუღლის უკანონო მკვლელობას ეხებოდა მას მერე, რაც მან სავარაუდოდ საპატიმრო ადგილი დატოვა, სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების შესახებ ოფიციალური საბუთის არარსებობის გამო, მთავრობამ ვერ დაამტკიცა, რომ ბ-ნი აიდინი ნამდვილად გაათავისუფლეს და მოპასუხე სახელმწიფოს სიცოცხლის მოსპობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა.
72. Süheyla Aydınსაქმეზე საკუთარ დასკვნაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო ყველა პირის იძულებით გაუჩინარებისგან დაცვის დეკლარაციის მე-11 მუხლი (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გენერალური ასამბლეის 1992 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია 47/133), რომელიც ითვალისწინებს - „ყველა პირი, რომელსაც თავისუფლება აღეკვეთა, უნდა გათავისუფლდეს იმ პირობებში, რომელშიც შესაძლებელი იქნება დარწმუნება იმაში, რომ ის ნამდვილად გათავისუფლდა, ასევე, ისეთ პირობებში, რომელიც მისი ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უფლებების განხორციელების გარანტი იქნება“ (იხ. ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის საერთაშორისო კონვენციის 21-ე მუხლი, რომელიც ძალაში 2010 წლის 23 დეკემბერს შევიდა).
73. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ახმეტ ერის ჟანდარმერიაში ყოფნა დასტურდებოდა, მისი დაპატიმრებისა ან გათავისუფლების შესახებ სამხედრო ძალების მიერ არც ერთი დოკუმენტი არ შედგენილა. გარდა ამისა, გაუჩინარების გამოძიებისას, ჟანდარმერიიდან ახმეტ ერის სავარაუდო გათავისუფლების შესახებ სამხედრო ძალების მიერ პროკურორისთვის არეული და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იყო მიწოდებული (იხ. ზემოთ მე-14, 23-ე, 24-ე და 26-ე პარაგრაფები).
74. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნების ნათესავი - ახმეტ ერი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა ვალდებული იყო მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები გაეკეთებინა.
75. ამ დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო მომჩივნების საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით განიხილავს.
2. ახმეტ ერის გაუჩინარება
76. Timurtaş v. Turkey გადაწყვეტილებაში (no. 23531/94, §§ 82-83, ECHR 2000‑VI) სასამართლო დაადგინა შემდეგი:
"...იმ შემთხვევაში, თუ დაპატიმრებისას პირის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ხოლო გათავისუფლებისას მას აღენიშნებოდა დაზიანებები, სახელმწიფო ვალდებულია ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი ახსნა-განმარტებები გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად განიხილება...იმავე ჭრილში, მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია დაკავებული, ან ხელისუფლების კონტროლ ქვეშ მყოფი პირის ადგილსამყოფელის შესახებ... დაკავებულის გაუჩინარების შემთხვევაში, მისი ბედის შესახებ ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელ ახსნა-განმარტებებზე უარის თქმის შემთხვევაში, საკითხი შესაძლოა კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში მოექცეს, ეს დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, კერძოდ, კონკრეტულ ელემენტებზე დაფუძნებულ საკმარის ირიბ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დაკავებული სავარაუდოდ პატიმრობაში გარდაიცვალა...
ამ მხრივ, პირის დაკავების მომენტიდან გასული დროის მონაკვეთი, მართალია, არა გადამწყვეტი, თუმცა არსებითად ყურადსაღები ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტო დრო გადის გაუჩინარებულზე ინფორმაციის მოპოვების გარეშე, მით უფრო დიდია, მისი გარდაცვალების ალბათობა. დროის გასვლა, გარკვეულწილად ირიბ მტკიცებულებათა სხვა ელემენტებზე ახდენს გავლენას, იმ დრომდე, სანამ პირის სავარაუდო გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასკვნის გამოტანა გახდება შესაძლებელი. გასულმა დროის პერიოდმა შესაძლოა გარკვეული გავლენა სხვა ირიბი მტკიცებულებების ელემენტებზე მოახდინოს მანამ, სანამ დაკავებული პირი გარდაცვლილად ჩაითვლება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა არასწორ დაკავებას, რამაც მე-5 მუხლის დარღვევა გამოიწვია. მსგავსი განმარტება მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის გარანტიასთანაა შესაბამისობაში, რაც კონვენციის ყველაზე ფუნდამენტურ დებულებას წარმოადგენს...“
77. მოცემულ საქმეში, მომჩივანთა ნათესავი, ახმეტ ერი, 1995 წელს გაუჩინარდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი გაუჩინარება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 1992-1996 წლებში უამრავი ადამიანის გაუჩინარებას ემთხვევა. გაუჩინარებათა მთელი რიგი საქმეების განხილვისას სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გარკვეული დროის მონაკვეთში ადამიანთა გაუჩინარება სიცოცხლისთვის საშიში იყო (იხ. სხვებთან ერთად, Osmanoğlu v. Turkey, no. 48804/99, 2008 წლის 24 იანვარი; Akdeniz v. Turkey, no. 25165/94, 2005 წლის 31 მაისი; İpek v. Turkey, no. 25760/94, ECHR 2004‑II (extracts); Akdeniz and Others v. Turkey, no. 23954/94, 2001 წლის 31 მაისი; Çiçek, cited above; Taş v. Turkey, no. 24396/94, 2000 წლის 14 ნოემბერი; Timurtaş, cited above; Ertak v. Turkey, no. 20764/92, ECHR 2000‑V; and Çakıcı v. Turkey [GC], no. 23657/94, ECHR 1999‑IV).
78. გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ ახმეტ ერის ჟანდარმერიაში დაკავებასთან დაკავშირებით დოკუმენტური მტკიცებულებების არარსებობა, მისი გაუჩინარების მომენტში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ზოგადი ვითარების კონტექსტში, მისი სიცოცხლის ხელყოფის რისკს ზრდიდა.
79. ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ახმეტ ერის დაკავებიდან 17 წლის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაცხადებულა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის გარდაცვლილად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მოპასუხე სახელმწიფოა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებას არ განუმარტავს, თუ რა მოხდა ახმეტ ერის დაკავებისას; ასევე სახელმწიფო არ მსჯელობს სამხედროთა მხრიდან შესაძლო ლეტალური ძალის გამართლებულ გამოყენებასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ახმეტ ერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. შესაბამისად, მატერიალურ ნაწილში, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.
3. ახმეტ ერის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიების ეფექტიანობა
80. სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს მთავარ ვალდებულებასთან ერთობლიობაში - „თავისი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ კონვენციით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“ - გულისხობს, რომ ძალის გამოყენების შედეგად ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, აუცილებელია ეფექტიანი ოფიციალური გამოძიების ჩატარება (იხ. McCann and Others v. the United Kingdom, 1995 წლის 27 სექტემბერი, § 161, Series A no. 324). ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ვალდებულება არ შემოიფარგლება იმ საქმეებით, როდესაც მკვლელობა სახელმწიფო მოხელის მიერაა ჩადენილი (იხ. Salman, ზემოთ 105-ე პარაგრაფში).
81. ეფექტიანი გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენითა და დასჯით უნდა დასრულდეს (იხ. Oğur v. Turkey [GC], no. 21594/93, § 88, ECHR 1999-III). ეს არა შედეგის, არამედ საშუალების ვალდებულებაა. ხელისუფლებამ საქმეზე მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად მის განკარგულებაში არსებული ყველა ზომა უნდა გამოიყენოს, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებები (იხ.Tanrıkulu v. Turkey [GC], no. 23763/94, § 109, ECHR 1999‑IV). არასრულყოფილად ჩატარებული გამოძიება ან მასზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენის უნარი არ შესწევს, ამ სტანდარტის დარღვევის წინაპირობას ქმნის. ოპერატიულობის აუცილებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პატიმრობაში მყოფი პირის გაუჩინარებასთან დაკავშირებული ბრალდებების წამოყენება ხდება.
82. ზემოხსენებული ვალდებულებები თანაბრად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი გაუჩინარდა გარემოებებში, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშად განიხილებოდეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე განაცხადა, რომ მომჩივნების ნათესავის გაუჩინარება, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებში მოხდა (იხ. ზემოთ 77-ე პარაგრაფი).
83. მოცემულ საქმეში, პროკურატურას ახმეტ ერის დაკავების შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს, 1995 წლის 14 ივლისს მიაწოდეს. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ მომჩივნების ნათესავის დაკავებასთან დაკავშირებულმა სწრაფად მიწოდებულმა, დეტალურმა და სერიოზულმა ბრალდებებმა, პროკურორი სათანადოდ ვერ აამოქმედეს.
84. კომანდოს მაიორთან სატელეფონო საუბრამდე, რამოდენიმე დღის მანძილზე, მას არაფერი მოუმოქმედია (იხ. ზემოთ 14-ე პარაგრაფი). მაშინაც კი, როდესაც კომანდოს მაიორმა ახმეტ ერის ჟანდარმერიაში მიყვანა დაადასტურა, ხოლო ოჯახმა დაადასტურა, რომ ის არ გაუთავისუფლებიათ, პროკურორს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ხუთი თვის მანძილზე არ დაუკითხავს (იხ. ზემოთ 23-ე პარაგრაფი). მართალია, პროკურორმა მასალები შეაგროვა და სამხედრო მოსამსახურეებისგან ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა ისინი მის გამოძახებას უგულვებელყოფდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა დაადასტურეს, რომ ახმეტ ერი სამხედრო განყოფილებაში მიიყვანეს, ხოლო შესაბამისი შიდა პროცედურები არ ჩაატარეს, მისმა გამოძიებამ იმპულსი დაკარგა.
85. როგორც ჩანს, სამოქალაქო პროკურორმა მიიღო სამხედროების ვერსია ახმეტ ერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემდგომი გამოძიების ჩატარების გარეშე. პროკურორს არანაირი ზომები არ მიუღია, მაგ. განყოფილებაში ახმეტ ერის უკანანო დაკავებასთან მიმართებაში სამხედრო ჩინოვნიკებისთვის პასუხის მოთხოვნის მიზნით.
86. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების ნათესავის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად, პროკურორის მხრიდან სერიოზული მცდელობების განხორციელებას ადგილი არ ჰქონდა.
87. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მომჩივნების ნათესავის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და ამრიგად, სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურული ვალდებულების დარღვევით. შესაბამისად პროცედურულ ნაწილში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.
II. ახმეტ ერთან დაკავშირებით კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
88. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და ამტკიცებდნენ, რომ ჟანდარმერიაში დაკავების პერიოდში, ახმეტ ერი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
89. მთავრობამ აღნიშნული არგუმენტი სადავოდ გახადა.
90. სასამართლო მომჩივანთა მოსაზრებებს, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში განიხილავს. ის თვლის, რომ არ არსებობდა საკმარისი საფუძველი იმის დასადგენად, რომ ჟანდარმერიაში ახმეტ ერი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რაც კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება.
91. აქედან გამომდინარე, მოცემული საჩივარი არის აშკარად დაუსაბუთებელი და კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, უნდა ეთქვას უარი.
III. მომჩივნებთან დაკავშირებით კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
92. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, თუ რა მოუვიდა მათ ნათესავს. კონვენციის მე-3 მუხლი ითვალისწინებს:
„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია."
93. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი უკავშირდებოდა ზემოთ განხილულს (61-ე პარაგრაფი), ამიტომ უნდა ჩაითვალოს დასაშვებად.
94. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ ჰქონდა თუ არა „გაუჩინარებული პირის“ ოჯახის წევრისადმი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ადგილი, დამოკიდებულია განსაკუთრებული ფაქტორების არსებობაზე, რომელიც განსაზღვრავს მომჩივნისადმი მიყენებული ზარალის ხასიათს და განასხვავებს ემოციური აშლილობისგან, რომელიც მსხვერპლის ნათესავების მიმართ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად შეიძლება განიხილებოდეს. არსებითი ელემენტები შეიცავენ ახლო ნათესაურ კავშირს - ამ კონტექსტში მნიშვნელობა მიეცა მშობლებსა და შვილებს - კონკრეტულ ურთიერთობებს, რამდენად მონაწილეობდა ესა თუ ის ოჯახის წევრი მოწმეთა დაკითხვებში, გაუჩინარებული პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, მისი ჩართულობა და როგორ პასუხობდა ხელისუფლება მათ მოთხოვნებს (იხ. ზემოთ İpek, §§ 181-183, და აქვე ნახსენები წყაროები ). გარდა ამისა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი დარღვევების არსი არა ოჯახის წევრის „გაუჩინარებაში“, არამედ შეტყობისთანავე, შექმნილი ვითარების მიმართ ხელისუფლების რეაქციასა და დამოკიდებულებაში მდგომარეობს. სწორედ რომ ამ უკანასკნელის ძალით შესაძლოა ნათესავმა ხელისუფლების ქმედებების მსხვერპლად გამოაცხადოს თავი (იხ. ზემოთ Çakıcı, 98-ე პარაგრაფი).
95. მოცემულ საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნები გაუჩინარებული ახმეტ ერის შვილები, დედმამიშვილები არიან. ზოგიერთი მათგანი იყო თვითმხილველი იმისა, როგორ წაიყვანეს ის სამხედროებმა ჩვიდმეტი წლის წინ და დღემდე მის შესახებ არაფერი სმენიათ. მართალია, მომჩივნებმა მიმართეს ეროვნულ ხელისუფლებას და მათი ნათესავის გაუჩინარებისა და არდადასტურებული დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ხელისუფლებას, მიუხედავად უკანონო დაკავებისა, არანაირი ქმედითი ზომები არ მიუღია (იხ. ზემოთ 87-ე პარაგრაფი).
96. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნები განიცდიდნენ და დღემდე განიცდიან ემოციურ სტრესსა და მორალურ ტანჯვას ნათესავის გაუჩინარებისა და იმის გამო, რომ არ შეუძლიათ იმის დადგენა, რა დაემართა მას. ის, რა გზითაც ხელისუფლებამ საჩივარი განიხილა, არაადამიანურ მოპყრობად უნდა ჩაითვალოც, რაც კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაა (იხ. ზემოთ Tanış and Others, 218-ე 221-ე პარაგრაფები).
97. სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნების მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
IV. კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
98. ასევე მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათ ნათესავს თავისუფლება კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით აღეკვეთა.
99. მთავრობამ აღნიშნული არგუმენტი სადავოდ გახადა.
100. კონვენციის მე-5 მუხლი, იმ ნაწილში, რომელიც რელევანტურია, ითვალისწინებს:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად:
(ა) კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა;
(ბ) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ანდა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
(გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გონივრული ეჭვი, ან გონივრულადაა მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ან მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
(დ) არასრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;
(ე) პირის კანონიერი დაპატიმრება გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და მაწანწალის კანონიერი დაპატიმრება;
(ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციის ან ექსტრადიციისთვის.
...“
101. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი უკავშირდებოდა ზემოთ განხილულს (61-ე პარაგრაფი) და ასევე უნდა ჩათვლილიყო დასაშვებად.
102. სასამართლო ხაზს უსვამს კონვენციის მე-5 მუხლში მოცემულ გარანტიათა ფუნდამენტურ მნიშვნელობას, რომლებიც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერ პირს თვითნებური დაკავებისგან იცავენ. ამასთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად არსებითი და პროცედურული ნორმების დაცვით უნდა ხდებოდეს, თუმცა ამავდროულად, კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს, მათ შორის, იცავდეს ნებისმიერ პირს თვითნებური დაკავებისგან.
103. თვითნებური დაკავების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, კონვენციის მე-5 მუხლი მთელ რიგ სუბსტანტიურ უფლებებს ითვალისწინებს, რათა თავისუფლების აღკვეთა დამოუკიდებელი სასამართლოს საგულდაგული შესწავლის საგანი უნდა გახდეს და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება უზრუნველყოს. პირის არდადასტურებული დაკავება ამ გარანტიათა სრულ უარყოფას ნიშნავს და კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელოვან დარღვევად გვევლინება. ხელისუფლების მხრიდან მის კონტროლ ქვეშ მყოფ პირებზე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, კონვენციის მე-5 მუხლი მათგან გაუჩინარების რისკის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღებას მოითხოვს და სადავო საჩივარზე ეფექტური გამოძიების ჩატარებას, რომელიც ეხება პირის გაუჩინარებასა და იმის მტკიცებას, რომ იმ მომენტიდან მასზე აღარაფერია ცნობილი (იხ. ზემოთ Akdeniz, 129-ე პარაგრაფი და იქვე ნახსენები წყაროები).
104. სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნების ნათესავი ახმეტ ერი, უშიშროების ძალებმა, 1995 წლის 14 ივლისს საკუთარი სოფლიდან წაიყვანეს და ის უკანასკნელად ჟანდარმერიის განყოფილებაში, იმავე ძალების ხელში ნახეს. მისი დაკავება ოფიციალურად არ გაფომებულა, ისევე, როგორც არარსებობდა მისი სავარაუდო გათავისუფლების ოფიციალური საბუთიც. სასამართლოს აზრით, თავისთავად ეს ფაქტი სერიუზულ დაუდევრობად ითვლება, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის აქტსა და დაკავებულის ბედზე პასუხისმგებელ პირებს, დანაშაულში თანამონაწილეობის, კვალის დაფარვისა და პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევის საშუალება მიეცა. გარდა ამისა, ისეთი მონაცემების შემცველი მასალების არარსებობა, როგორიცაა - დაკავების თარიღი, დრო და ადგილი, დაკავებულის სახელი, დაკავების მიზეზი, შემსრულებელი პირის სახელი, ასევე გათავისუფლების თარიღი და დრო, კონვენციის მე-5 მუხლის უმთავრეს მიზანთან შეუთავსებელია (ibid., § 130).
105. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ახმეტ ერის მიმართ კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარანტიების სრული უგულვებელყოფით, დაუდასტურებელი დაკავება განხორციელდა და ხსნებული დებულებით გარანტირებული თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დარღვევას ჰქონდა ადგილი.
V. კონვენციის 13-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
106. და ბოლოს, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათ კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება არ გააჩნდათ, რითაც მათი ნათესავის გაუჩინარებისა და შემდგომი გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ჩატარება და კომპენსაციის მოთხოვნის საშუალება ეძლეოდათ.
107. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ეფექტური გამოძიება ეროვნული ხელისუფლების მიერ ჩატარდა.
108. კონვენციის მე-13 მუხლი ითვალისწინებს:
„ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“
109. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი უკავშირდებოდა ზემოთგანხილულს (61-ე პარაგრაფი) და ასევე უნდა ჩათვლილიყო დასაშვებად.
110. სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ კონვენციის მე-13 მუხლი ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებათა არსებობის გარანტიას იძლევა, კონვენციით გათვალისწინებული უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის განსახორციელებლად, რა ფორმითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ კანონმდებლობაში. ამგვარად, კონვენციის მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების უზრუნველყოფას, კონვენციით გათვალისწინებული „სადავო საჩივრების“ არსებითი განხილვისთვის მოითხოვს, ასევე შესაბამისი დახმარების გაწევას, თუმცა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეძლევათ ერთგვარი თავისუფლება კონვენციით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების მოცემულ დებულებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებათა ფარგლები ასევე იცვლება მომჩივანის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ხასიათიდან გამომდინარე კონვენციის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად მოთხოვნილი სამართლებრივი დაცვის საშუალებები უნდა იყოს „ეფექტიანი“ როგორც პრაქტიკაში, ისე სამართალში, კერძოდ, იმ თვალსაზრისით, რომ მათი გამოყენება მოპასუხე-სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ არ უნდა იყოს გაუმართლებლად გართულებული მისი ქმედებებითა ან უმოქმედობით (იხ. Aksoy v. Turkey, 1996 წლის 18 დეკემბერი, § 95, Reports of Judgments and Decisions 1996-VI).
120. გარდა ამისა, თუ ნათესავებს გააჩნიათ დასაბუთებული საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ოჯახის წევრი ხელისუფლების ხელში გაუჩინარდა და თუ ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, საფრთხე ემუქრება, აუცილებლობის შემთხვევაში კონვენციის მე-13 მუხლი კომპენსაციის გადახდის გარდა, ეფექტიანი გამოძიების ჩატარებასაც მოითხოვს, რომელიც სიმართლის დადგენასა და დამნაშავეების დასჯას უზრუნველყოფს (იხ. ზემოთTimurtaş, § 111,და იქვე სხვა წყაროები).
121. სასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან ეროვნულმა ხელისუფლებამ მომჩივანთა ნათესავის სიცოცხლის დაცვა ვერ უზრუნველჰყო, მომჩივნებს ზემომოყვანილი პარაგრაფის ფარგლებში, სამართლებრივი დაცვის ეფქტურ საშუალებათა უფლება გააჩნდათ.
122. შესაბამისად, ხელისუფლების მოვალეობაში მომჩივანთა ნათესავის გაუჩინარების ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება შედიოდა. ზემომოყვნილი 83-ე და 87-ე პარაგრაფების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის 13-ე მუხლის დარღვევას.
VI. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
123. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
"თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. მატერიალური ზიანი
124. შვიდი მომჩივანი, ახმეტ ერის შვილები, თითოეულისთვის 25 000 თურქულ ლირას[2] ითხოვდნენ, ხოლო მერვე მომჩივანი, ალი ერი, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 45 000 თურქულ ლირას[3] ითხოვდა. მეცხრე მომჩივანს, ქ-ნ მუმი ერს, მატერიალური ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია.
125. მომჩივანი ალი ერი ამტკიცებდა, რომ მისი ძმის გაუჩინარებიდან ორ წელიწადში, მისი ძმის მეუღლე გარდაიცვალა და რომ ბავშვებს მომვლელი აღარ დარჩათ. ბ-ნი ერი ამტკიცებდა, რომ მამის გაუჩინარების შემდეგ, ბავშვებს ის უვლიდა. თავისი ჩვენების დასამტკიცებლად, მან სასამართლოს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი წერილი წარუდგინა, საიდანაც ირკვეოდა, რომ პირველი შვიდი მომჩივანთაგან ექვსი, ბ-ნი ალი ერის მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა.
126. მთავრობამ აზრით, მომჩივნების მიერ წარმოდგენილ საჩივარსა და მათ მიერ მოთხოვნილ ზიანის ანაზღაურებას შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობდა.
127. რაც შეეხება მომჩივნების მიერ მოთხოვნილ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივნების მიერ მოთხოვნილ ასანაზღაურებელ ზიანდა და კონვენციის დარღვევას შორის მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უნდა არსებობდეს და გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება,ლ საშემოსავლო დანაკარგსაც შეიცავდეს (იხ. სხვა წყაროებს შორის, Barberà, Messegué and Jabardo v. Spain (Article 50), 1994 წლის 13 ივნისი, §§ 16-20, Series A no. 285‑C, and Çakıcı, იხ ზემოთ, § 127). სასამართლო ასკვნის (იხ. ზემოთ 79-ე პარაგრაფი), რომ ხელისუფლება კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, მომჩივნების ნათესავის გაუჩინარებასა და შემდგომ გარდაცვალებაზე იყო პასუხიმგებელი.
128. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მერვე მომჩივანის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ძმის გარდაცვალების შემდგომ მის შვილებს ის მეურვეობდა, მთავრობის მიერ სადავო არ გამხდარა. ამ ვითარებაში მე-2 მუხლის დარღვევასა და ახმეტ ერის მხრიდან მომჩივნებისადმი ფინანსურ უზრუნველყოფას შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგინდა.
129. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო, სამართლიანობის საფუძველზე გაკეთებული შეფასების საფუძველზე, მერვე მომჩივანს, ალი ერის, ზიანის ანაზღაურების სახით 25 000 ევროს მიაკუთვნებს. იგი ასევე, ზიანის ანაზღაურების სახით, პირველიდან მეშვიდე მომჩივნს - ბ-ნ მეხმეტ ერს, ქ-ნ გუსლენ ერს, ბ-ნ ისლამ ერს, ბ-ნ ადნან ერს, ბ-ნ ხიზირ ერს, ქ-ნ ხატისე ერს და ქ-ნ ბელკისა ერს ერთობლივად, 5,000 ევროს მიაკუთვნებს.
ბ. მორალური ზიანი
130.ცხრავე მომჩივანი, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, თითოეული მათგანისთვის, 35 000 თურქულ ლირას[4] ითხოვდა.
131. მთავრობამ ჩათვალა, რომ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი იყო. მათი აზრით, თვით დარღვევის აღიარება, მომჩივნებისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკმარისს კომპენსაციას წარმოადგენდა.
132. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მომჩივნების ნათესავის გაუჩინარებასა და გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა. მე-2, მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევასთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ ხელისუფლებამ სათანადო გამოძიება ვერ ჩაატარა და ამ დარღვევებთან დაკავშირებით სამართლებრივი დაცვის საშუალებები ვერ წარმოადგინა, რაც კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ვალდებულებას ეწინააღმდეგება და კონვენციის მე-13 მუხლს არღვევს. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს მერვე და მეცხრე მომჩივნებისთვის, კერძოდ, ალი ერისა და მუმი ერისთვის - 5,000 ევროს გადახდის, ხოლო დანარჩენი შვიდი მომჩივნის მორალური ზიანისთვის ერთობლივად - 55,000 ევროს გადახდის გადაწყვეტილებას იღებს.
გ. სასამართლო ხარჯები
133.მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათი საჩივრის განხილვისას, მათ გარკვეული ხარჯები გაწიეს. მათ სასამართლოში გამოაგზავნეს საბუთები, რითაც დასტურდებოდა, რომ თარგმანთან დაკავშირებული ხარჯები - 450 თურქული ლირა[5], მათ თავის კანონიერ წარმომადგენელს გადასცეს. მომჩივნებმა სასამართლოს გადასცეს საბუთები, რითაც მათი რეგულარული შეხვედრები მათ კანონიერ წარმომადგენელთან დასტურდებოდა.
134. მთავრობამ ჩათვალა, რომ მომჩივნებს მათ მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ განუცხადებიათ.
135. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანს აქვს უფლება მოითხოვოს წარმოდგენილი ხარჯების ანაზღაურება, თუ ეს ხარჯები რეალური, აუცილებელი და გონივრული იყო. მოცემულ შემთხვევაში, ზემომოყვანილი კრიტერიუმებისა და მათ ხელთ არსებული საბუთების გათვალისწინებით, სასამართლო მომჩივნებისთვის ერთობლივად, თარგმანისთვის გაწეული ხარჯების - 250 ევროს გადახდის გადაწყვეტილებას იღებს.
დ. საურავი
136. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
- აცხადებს, რომ ჟანდარმერიაში მომჩივნების ნათესავის, ახმეტ ერის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ საჩივარს დაუშვებლად სცნობს, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს - დასაშვებად;
- ადგენს, რომ მომჩივნების ნათესავის გაუჩინარებასთან და სავარაუდო გარდაცვალებასთნ დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას;
- ადგენს, რომ მომჩივნების ნათესავის გაუჩინარებისა და სავარაუდო გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლებამ ადექვატური და ეფექტიანი გამოძიება არ ჩაატარა, რაც კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას წარმოადგენს;
- ადგენს, რომ მომჩივნების მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;
- ადგენს, რომ ჟანდარმერიაში მომჩივნების ნათესავის არაკანონიერ დაკავებასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას;
- ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას;
- ადგენს,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, მომჩივნებს კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში უნდა გადაუხადოს:
(i) (EUR) 35,000 (ოცდათხუტმეტი ათასი ევრო) ერთობლივად შვიდ მომჩივანს, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხას შეიძლება დაეკისროს;
(ii) (EUR) 25,000 (ოცდახუთი ათასი ევრო) მეცხრე მომჩივანისთვის, ბ-ნი ალი ერისთვის, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხას შეიძლება დაეკისროს;
(iii) (EUR) 5,000 (ხუთი ათასი ევრო) მერვე და მეცხრე მომჩივანს - ბ-ნ ალი ერსა და ქ-ნ მუმი ერს - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხას შეიძლება დაეკისროს;
(iv) (EUR) 55,000 (ორმოცდათხუტმეტი ათასი ევრო) ერთობლივად შვიდ მომჩივანს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხას შეიძლება დაეკისროს;
(v) (EUR) 250 (ორასორმოცდაათი ევრო) ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხას შეიძლება დაეკისროს;
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულისასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
- უარყოფს მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და სასამართლო რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად წერილობით ეცნობა 2012 წლის 31 ივლისს.
სტენლი ნაისმითი სს ფრანსუაზ ტულკენსი
სასამართლო მდივანი პრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე ა. შაიოს განსხვავებული აზრი.
ფ.ტ.
ს.ნ.ს
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
[1]ქურთისტანის მშრომელთა პარტია, არალეგალური ორგანიზაცია.
[2]დაახლოებით 14,000 ევრო
[3]დაახლოებით 25,000 ევრო
[4]დაახლოებით 19,500 ევრო
[5]დაახლოებით 250 ევრო