კარიმოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ
Karimov v. Azerbaijan
საჩივრის ნომერი - 12535/06
მოპასუხე სახელმწიფო - აზერბაიჯანი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 25/9/2014
შედეგი - საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი,
დაირღვა I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი (თავისუფალი არჩევნების უფლება (ზოგადი)
(I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი - ხმის მიცემა)
არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა
მატერიალური ზიანი - უარი ეთქვა
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადი)
(I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) თავისუფალი არჩევნების უფლება (ზოგადი)
(I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) ხმის მიცემა
შეფასების ზღვარი
პროპორციულობა
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 177
აგვისტო-სექტემბერი 2014
კარიმოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ - 12535/06
Karimov v. Azerbaijan - 12535/06
გადაწყვეტილება 25.9.2014 [I სექცია]
I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი
ხალხის აზრის გამოხატვის თავისუფლება
ხმის მიცემა
სპეციალური საარჩევნო უბნების გამოყენება სამხედროებისთვის შიდასახელმწიფოებრივი სამართლით აკრძალულ შემთხვევებში: დარღვევა
ფაქტები – აზერბაიჯანის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სამხედრო პერსონალი არჩევნებში ხმას აძლევდა ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებში. თუმცა, როცა ეს პრაქტიკულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, გათვალისწინებული იყო სამხედრო საარჩევნო უბნების მოწყობა სამი პირობის დაცვით: დანაყოფი განთავსებული იყო დასახლებული ადგილის გარეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩვეულებრივ საარჩევნო უბანში მისვლას სჭირდებოდა ერთ საათზე მეტი და სამხედრო მომსახურეთა რაოდენობა აღემატებოდა 50 ადამიანს. მომჩივანმა, რომელიც 2005 წლის საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატი იყო, საარჩევნო კომისიასა და ეროვნულ სასამართლოებს მიმართა სარჩელით, რომ სპეციალური საარჩევნო უბნები მის საარჩევნო ოლქში შექმნილი იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან სამხედრო დანაყოფები განთავსებული იყო დასახლებულ ადგილზე, ჩვეულებრივი საარჩევნო უბნიდან ფეხით სავალ მანძილზე. მისი სარჩელი და შემდგომ მისი გასაჩივრება ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.
სამართალი – I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი: მიუხედავად იმისა, რომ I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედების „კანონიერებაზე“, კანონის უზენაესობა არის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების მუხლების თანდაყოლილი ნიშანი. ეს პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, რომ მან შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო ზოგადად კონვენციითა და კონკრეტულად I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით. სახელმწიფო ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ ამ ვალდებულებების შესრულების დროს საჯარო მოხელეები მოქმედებენ არა კანონის ფარგლებს გარეთ, არამედ ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებას კანონის დებულებების დაცვით.
სასამართლოს პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით არ ევალებოდა, შეემოწმებინა, ყველა სახის საარჩევნო რეგულაციის დარღვევა წარმოადგენდა თუ არა შიდასახელმწიფოებრივი საარჩევნო სამართლის დარღვევას. მიუხედავად ამისა, სასამართლო ზოგადი თვალსაზრისიდან გამომდინარე უნდა დარწმუნებულიყო, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაიცვა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ვალდებულება და უზრუნველყო ინდივიდუალური საარჩევნო უფლების ეფექტურად განხორციელება. იმ საქმეებში, რომლებშიც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა შიდასახელმწიფოებრივი ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მთლიანად არჩევნების კანონიერებას, I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი სასამართლოს ავალდებულებდა, დაედგინა, რეალურად მოხდა თუ არა ასეთი დარღვევები და შედეგად საფრთხე შეექმნა თუ არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამ მიზნით სასამართლოს შეეძლო, განეხილა, ჰქონდათ თუ არა გაკეთებული შეფასება ამ თვალსაზრისით შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს. ამ საკითზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასამართლოს შეეძლო, ემსჯელა, იყო თუ არა შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი. თუმცა მომჩივნის საქმეში ასეთი შეფასება არ გაკეთებულა.
აშკარაა, რომ არჩევნები განსახილველ ორ საარჩევნო უბანში ჩატარდა მოქმედი სამართლის ჩარჩოს ფარგლებს გარეთ და იყო უკანონო. იმ ფაქტმა, რომ ამ საარჩევნო უბნების ხმები გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩამტარებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ და დათვლილ იქნა კანონიერად მიღებულ ხმებთან ერთად, რამაც დიდი გავლენა მოახდინა არჩევნების საერთო შედეგებზე, ძირი გამოუთხარა მომჩივნის საარჩევნო ოლქში ჩატარებული მთლიანი საარჩევნო პროცესის ერთიანობას.
საქმის გარემოებებმა და 2005 წლის არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR-ის საბოლოო მოხსენებამ* აჩვენა, რომ ეს სიტუაცია განპირობებული იყო არა შეცდომის შედეგად, არამედ ეს იყო განზრახული პრაქტიკის შედეგი, რომელიც გულისხმობდა სამხედრო საარჩევნო უბნების მოწყობას საარჩევნო კოდექსის დარღვევით. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმით, თუ როგორ მოახდინა საარჩევნო კომისიამ მომჩივნის სარჩელის იგნორირება, ხოლო შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა კი სარჩელი არ დააკმაყოფილეს არსებითი განხილვის გარეშე. საარჩევნო კომისიისა და ეროვნული სასამართლოების მხრიდან ამგვარმა ქმედებებმა ნათლად აჩვენა კანონის უზენაესობისა და არჩევნების ერთიანობის დაცვის ნების არარსებობა.
ეს გარემოებები სასამართლოსათვის საკმარისია, რათა დაადგინოს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ორგანოებმა მომჩივნის საარჩევნო ოლქში I დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით არჩევნების ჩატარება ვერ მოახერხეს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 7,500 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.
*ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) დაადგინა, რომ სპეციალური სამხედრო საარჩევნო უბნების მოწყობა მოხდა სპეციალური პირობების დარღვევით, ასეთ უბნებში ჩატარებულ არჩევნებს ახასიათებდა გამჭვირვალობის დაბალი მაჩვენებელი და ამომრჩეველთა აქტივობა და ხმის მიცემის პროცედურები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი საარჩევნო უბნების პროცედურებისგან.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes