დრიზა ალბანეთის წინააღმდეგ
(Driza v. Albania)
საჩივრის ნომერი - 33771/02 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - ალბანეთი
გადაწყვეტილების მიღების თარღი - 13.11.2007
შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი,
დაირღვა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი,
დაირღვა მე-13 მუხლი 1-ელ დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთად
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35-ე) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35-1) შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა
(მუხლი 35-1) ექვსთვიანი ვადა
(მუხლი 46-ე) გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება
(მუხლი 46-1) გადაწყვეტილების შესრულება
(მუხლი 46-2) გადაწყვეტილების შესრულება
(მუხლი 46-2) ზოგადი ხასიათის ღონისძიებები
(1-ელი ოქმის 1-ელი მუხლი) საკუთრების დაცვა
(1-ელი ოქმის 1-ელი მუხლი (1) საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა
(1-ელი ოქმის 1-ელი მუხლი (1) საკუთრება
(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება
(მუხლი მე-6-1) სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა
(მუხლი მე-6) სამოქალაქო სამართალწარმოება
(მუხლი მე-6) აღსრულების სამართალწარმოება
(მუხლი მე-6-1) სამართლიანი განხილვა
(მუხლი მე-6-1) მიუკერძოებელი სასამართლო
(მუხლი მე-13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების უფლება
(მუხლი მე-13) ეფექტიანი საშუალება
(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება- ზოგადად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #102
ნოემბერი, 2007
დრიზა (Driza) ალბანეთის წინააღმდეგ - 33771/02
გადაწყვეტილება 13.11.2007
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6.1
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
სამართლიანი სასამართლო განხილვა
საბოლოო გადაწყვეტილების საზედამხედველო გადახედვა და უზენაესი სასამართლოს მხრიდან მიუკერძოებლობის არ არსებობა; საკუთრების რესტიტუციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა: დარღვევა
მე-13 მუხლი
სამართლებრივიდაცვისეფექტურისაშუალებები
სასამართლოს და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მინიჭებული კომპენსაციის მიღების შეუძლებლობა განმცხადებლის მიერ, შესაბამისი პროცედურისა და საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის გამო: დარღვევა
46-ე მუხლი
მუხლი 46-2
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ღონისძიებები
საკუთრების რესტიტუციისა და/ან კომპენსაციის მიღების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებათა და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებათა აღსრულების შეუძლებლობა განმცხადებლის მიერ ეროვნულ საკანონმდებლო ბაზაში სისტემური ჩავარდნების გამო: შესატყვის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო ღონისძიებათა განსაზღვრა.
[ეს მოკლე მიმოხილვა ასევე მოიცავს გადაწყვეტილებას საქმეზე რამადი და სხვები ალბანეთის წინააღმდეგ (Ramadhi and Others v. Albania), no. 38222/02, 13 ნოემბერი, 2007]
ფაქტები: ეს ორი საქმე ეხება განმცხადებლის მიერ „საკუთრების რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ 1993 წლის კანონის („საკუთრების კანონი“) თანახმად, კომუნისტური რეჟიმის დროს მათი მამებისთვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნების აღსრულების შეუძლებლობას.
დრიზას საქმეში განმცხადებელმა მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მისი მამის საკუთრების ნაციონალიზაცია უკანონოდ გამოცხადდა და განისაზღვრა რესტიტუცია. ვინაიდან სახელმწიფო ორგანოებს არ შეეძლოთ თავდაპირველი საკუთრების დაბრუნება, განმცხადებელს სანაცვლოდ გამოეყო ორი სხვა მიწის ნაკვეთი გადაწყვეტილებით, რომელიც დაადასტურა საკუთრების რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ. თუმცა განმცხადებელმა ვერ შეძლო საკუთრებით სარგებლობა, რადგანაც მიწის ნაკვეთები სხვა პირების მფლობელობაში იყო. ამის შემდეგ ორი დამოუკიდებელი სამართალწარმოება დაიწყო, რომლითაც საჩივრდებოდა განმცხადებლის უფლება ამ მიწის ნაკვეთებზე. პირველ საქმეში განმცხადებლის საჩივარი პატარა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა უზენაესი სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების მიერ მიწის ნაკვეთის მფლობელის წარმატებული საჩივრის შედეგად, რომელიც ითხოვდა საზედამხედველო გადასინჯვას უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, რომლითაც ძალაში დარჩა კომისიის გადაწყვეტილება. მეორე საქმეში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებამ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს განკარგულება კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ კომისიას არ გააჩნდა ამ საქმეზე იურისდიქცია. განმცხადებელს კომპენსაცია მიაკუთვნეს, მაგრამ არ გადაუხადეს.
რამადისა და სხვების საქმეში განმცხადებლებმა მიიღეს განკარგულება საკუთრების რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისგან, inter alia მიწის ნაკვეთის დაბრუნებისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაიბრუნეს მიწის ნაკვეთი, კომპენსაციის მიღება ვერ შეძლეს. შედეგად განმცხადებლებმა განცხადება წარადგინეს სხვა მიწის ნაკვეთის მოთხოვნით. თუმცა რაიონულ სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ სამმა განმცხადებელმა წარმატებას მიაღწია და მოიპოვა მიწის კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ დადასტურდა მათი უფლებები. თუმცა მიწის ნაკვეთები მაინც გადაეცა სხვა პირებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
კანონი: მუხლი 6.1 - დრიზა: განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ საზედამხედველო გადახედვის პროცედურის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმება წინააღმდეგობაში მოდიოდა საკანონმდებლო მდგრადობის პრინციპთა, ასევე უზენაესი სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიები არ იყო მიუკერძოებელი და სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება.
(ა) საკანონმდებლო მდგრადობა: საბოლოო გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის მიცემით და პარალელური სამართალწარმოების წარმართვის დაშვებით უზენაესი სასამართლო უდიერად მოექცა სამართალწარმოების მთელ პროცესს, რომელიც დასრულდა საბოლოო და აღსრულებადი სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც თავის მხრივ იყო res judicata.
(ბ) მიუკერძოებლობა: საზედამხედველო გადასინჯვის წარმოება დაიწყო უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის მოთხოვნით, ვისაც უკვე გამოტანილი ქონდა გადაწყვეტილება განმცხადებლის წინააღმდეგ. პრეზიდენტი ასევე შედიოდა უზენაესი სასამართლოს იმ შემადგენლობაში, რომელმაც შეისწავლა ეს მოთხოვნა და არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვიტა, გაეუქმებინა განმცხადებლის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება. ეს პრაქტიკა შეუსაბამობაში მოდიოდა „პირადი მიუკერძოებლობის“ პრინციპთან, რადგანაც არავინ შეიძლება იყოს იმავდროულად მოსარჩელე და მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების ობიექტური მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დადგა, რადგანაც სამი მოსამართლე, რომლებმაც უკვე განიხილეს ეს საქმე, მოიწვიეს დასაშვებობისა და, შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად. ასევე დანარჩენ სამ მოსამართლესაც მოუწევდა იმ საქმის განხილვა, რომელზეც უკვე გამოხატეს საკუთარი აზრი.
(გ) საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა: საკუთრების რესტიტუციასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის საქმეები ალბანეთში აშკარად მყარად იკვეთებოდა, მიუხედავად [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მხრიდან მინიშნებებისა. სახელმწიფო ორგანოების წარუმატებლობამ, მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მე-6 მუხლი 1-ელი ნაწილის დებულებებს ყოველგვარი სასარგებლო ეფექტი გამოაცალა.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად)
რამადი და სხვები - საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა: მიწის კომისიამ საბოლოოდ დაადგინა სამი განმცხადებლის უფლება სამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, მას შემდეგ რაც რაიონულმა სასამართლომ დაავალა ხელახლა განეხილა მათი მოთხოვნები. თუმცა, ამ დროისთვის მიწის ნაკვეთები მესამე პირების საკუთრებაში გადავიდა. შესაბამისად, სამი განმცხადებლის საკუთრების უფლება სულაც არ იყო გადაწყვეტილი და სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად)
მე-13 მუხლი - დრიზა: სახელმწიფომ ვერ შეძლო შეექმნა კომპენსაციის გაცემის ადეკვატური მექანიზმი, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ვერ ხერხდებოდა თავდაპირველი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის დაბრუნება. კერძოდ კი, მათ ვერ შეძლეს სათანადო ორგანოების შექმნა და რუკების მიღება, ფასეული საკუთრებით სარგებლობისთვის. ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ ეს სისტემა უსათუოდ ან საკმაოდ მალე შეიქმნებოდა და შესაძლებელს გახდიდა, განმცხადებლების უფლებების დადგენასთან დაკავშირებული დავის მოგვარებას.
დადგენილება: დარღვევა (მე-13 მუხლი 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში - ერთხმად).
რამადი და სხვები: მიუხედავად იმისა, აღსასრულებელი საბოლოო გადაწყვეტილება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, ეროვნული კანონმდებლობაც და კონვენციაც ადგენს, რომ ის უნდა აღსრულებულიყო. თუმცა, არანაირი ღონისძიება არ გატარებულა კომისიის გადაწყვეტილების განმცხადებლების სასარგებლოდ აღსასრულებლად. არ არსებობდა კანონმდებლობა, რომლითაც განისაზღვრებოდა კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების წესი, არ იყო განსაზღვრული კანონისმიერი ვადები ასეთი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის და კონკრეტული სამართლებრივი საშუალებები მათი აღსრულების უზრუნველსაყოფად. კომპენსაციის შესაბამისი ფორმისა და გზების დადგენა მინისტრთა საბჭოს ვალდებულებად განისაზღვრა, რომელმაც ჯერ კიდევ უნდა შეიმუშავოს დეტალური ინსტრუქცია და მეთოდი. განმცხადებლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები აღუსრულებელი დარჩა მომდევნო 11 წლის განმავლობაში და მოპასუხე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შესაბამისი ზომების გატარება იგეგმებოდა.
დადგენილება: დარღვევა (მე-13 მუხლი მე-6 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთობლიობაში - ერთხმად).
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი - ორივე საქმე: წლების განმავლობაში სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განმცხადებლების სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებათა და/ან ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობა წარმოადგენს მათ მიერ საკუთრების შეუზღუდავად სარგებლობის უფლებაში ჩარევას, რის შესახებაც მოპასუხე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაკმაყოფილებელი განმარტება. ფულადი რესურსის ნაკლებობა ვერ გაამართლებს სახელმწიფოს ვალის შესახებ საბოლოო და სავალდებულო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად)
46-ე მუხლი - ორივე საქმე: ალბანეთის სამართლებრივ სისტემაში აღმოჩენილი დეფექტები ნიშნავს, იმას რომ ადამიანთა მთელს კატეგორიას ეზღუდებოდა და ახლაც ეზღუდება მათი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება კომპენსაციის განსაზღვრის შესახებ მათ სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების და კომისიის გადაწყვეტილებების აღუსრულებლობით. სასამართლოში უკვე წარდგენილი იყო ათეულობით იდენტური განაცხადი. განმცხადებელთა რაოდენობის პროგრესული ზრდა დამამძიმებელ ფაქტორს წარმოადგენდა სახელმწიფოს კონვენციით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასთან მიმართებით და საფრთხეს უქმნიდა კონვენციის სისტემის ეფექტიანობას.
შესაბამისად, ალბანეთს მიეცა წინადადება, დაუყოვნებლივ მოხსნას ყველა დაბრკოლება საკუთრების კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებისთვის, იმის უზრუნველყოფით, რომ შესაბამისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ღონისძიებები გატარდება, მათ შორის მიღებული იქნება საკუთრების განფასების გეგმა და განისაზღვრება შესაბამისი ფულადი სახსრები.
41-ე მუხლი - დრიზა: პატარა ზომის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ალბანეთს დაევალა განმცხადებლისთვის 1650 მ2 მიწის ნაკვეთის დაბრუნება და დამატებით 50 000 ევროს გადახდა ან ამ რესტიტუციის შეუსრულებლობის შემთხვევაში 280 000 ევროს გადახდა მატერიალური და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. ასევე განისაზღვრა 500 000 ევროს გადახდა დიდი ზომის ნაკვეთთან დაკავშირებით მატერიალური და არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
რამადი და სხვები: ალბანეთს დაევალა 30 500 მ2 მიწის ნაკვეთის დაბრუნება პირველი სამი განმცხადებელისთვის და მატერიალური და არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ ერთობლივად 25 000 ევროს გადახდა. ამ რესტიტუციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ალბანეთი ვალდებულია გადაუხადოს განმცხადებლებს 120 000 ევრო არამატერიალური და მატერიალური ზიანის სანაცვლოდ. 5 500 მ2 მიწის ნაკვეთთან და მაღაზიებთან მიმართებით განმცხადებლებს ერთობლივად განესაზღვრათ კომპენსაცია 64 000 ევროს ოდენობით არამატერიალური და მატერიალური ზიანისთვის.