კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ
KOPECKÝ v. SLOVAKIA
საჩივრის ნომერი :44912/98 Summary
მოპასუხე სახელმწიფო: სლოვაკეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 28/09/2004
შედეგი: 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ დარღვეულა
საკვანძო სიტყვები: (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) საკუთრების დაცვა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) საკუთრება
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ფაქტები: 1959 წლის 12 თებერვალს მომჩივნის მამა დამნაშავედ ცნეს, იმდროინდელი რეგულაციების საწინააღმდეგოდ, ნუმიზმატიკური ღირებულების 131 ოქროსა და 2,151 ვერცხლის მონეტის შენახვაში. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, იგი დააჯარიმეს და მონეტების კონფისკაცია მოახდინეს. 1992 წლის 1 აპრილს, სასამართლო რეაბილიტაციის 1990 წლის კანონით უზრუნველყოფილი სასამართლო რეაბილიტაციის კონტექსტში, სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1959 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, მისი თანმდევი შედეგები და მომჩივნის გარდაცვლილი მამა უდანაშაულოდ ცნო. 1992 წლის 30 სექტემბერს მომჩივანმა, არასასამართლო რეაბილიტაციის შესახებ 1991 წლის აქტის მიხედვით, მამის მონეტების რესტიტუცია მოითხოვა. 1995 წლის 19 სექტემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრძანა მომჩივნისათვის მონეტები უკან დაებრუნებინა. სასამართლომ დაადგინა, რომ მონეტები მომჩივნის მამას 1958 წლის 21 ნოემბერს ჩამოერთვა და 1958 წლის 12 დეკემბერს ბრატისლავაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალურ ადმინისტრაციას გადაეცა. 1958 წლის 19 დეკემბერს მონეტები ექსპერტმა შეამოწმა და აღწერისათვის შსს-ს რეგიონალურ ადმინისტრაციას გადაუგზავნა. 1995 წლის 1 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება. მისი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტი განადგურებული იყო და რომ მონეტების ადგილმდებარეობის მტკიცების ტვირთი მომჩივანს ჰქონდა დაკისრებული. 1997 წლის 19 იანვარს ბრატისლავას რეგიონალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი და განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მიეთითებინა თუ სად იყო მონეტები განთავსებული იმ დროს, როდესაც აქტი 1991 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა. რეგიონალურმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩამორთმეული საკუთრება გადაცემული უნდა ყოფილიყო პროკურორისათვის და შემდგომში, როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილება საბოლოო გახდებოდა, ადგილობრივი მთავრობის ფინანსური დეპარტამენტისათვის. სასამართლომ გამოიკვლია მომჩივნის მამასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე და დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სლოვაკეთის ეროვნული ბანკის და სახელმწიფოს რეგიონის არქივი არ შეიცავდა რაიმე დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებული იყო სადავო მონეტებთან. სასამართლო პროცესზე აგრეთვე დაკითხულ იქნა მოწმე, რომელიც 1958 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ოფისში მუშაობდა; მიუხედავად ამისა, მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოეპოვებოდა.
1998 წლის 27 იანვარს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის საჩივარი სამართლის საკითხებთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა რეგიონალური სასამართლოს მოსაზრება, რომ მომჩივანმა ვერ უზრუნველყო მტკიცებულების წარმოდგენა, აღნიშნული მონეტების მოპასუხე სამინისტროს მფლობელობაში არსებობის თაობაზე.
მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე დაობდა, რომ მისი მოთხოვნაზე უარის თქმის შედეგად, მას ხელი შეეშალა მამამისის საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობაში. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ წინამდებარე საქმეზე დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი, რომელიც ადგენს შემდეგს:
,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ‘’
სტრასბურგის სასამართლოს შეფასება
კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით შემდგომი პრინციპები იქნა ჩამოყალიბებული:
ა)საკუთრების ჩამორთმევა, პრინციპში, ერთჯერადი ქმედებაა და არ წარმოადგენს ,,უფლების ჩამორთმევის’’ განგრძობით მდგომარეობას (იხილეთ Malhous v. the Czech Republic (dec.) [GC], საჩ. ნომ. 33071/96, ECHR 2000-XII).
ბ) 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ განამტკიცებს საკუთრების მოპოვების უფლებას (იხილეთ, Van der Mussele v. Belgium, 1983 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, Series A no. 70, p. 23, § 48, and Slivenko v. Latvia (dec.) [GC], no. 48321/99, § 121, ECHR 2002-II).
გ) მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მის ,,საკუთრებას’’ აღნიშნული დებულების მნიშვნელობის ფარგლებში. ,,საკუთრება’’ შეიძლება იყოს ,,არსებული საკუთრება’’ ან აქტივები, მათ შორის მოთხოვნები, რომელთა მიმართებითაც მომჩივანს შეუძლია იდაოს, რომ სულ მცირე მას ჰქონდა ,,ლეგიტიმური მოლოდინი’’ საკუთრების შეუფერხებლად სარგებლობის უფლების ეფექტური მოპოვებისა.
აღნიშნული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება
სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ 1991 წლის აქტის თანახმად საკუთრების რესტიტუცია შეზღუდულია და ექვემდებარება რამდენიმე პირობის არსებობას არ არღვევს მომჩივნის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით განმტკიცებულ უფლებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ხელისუფლების მიერ შესაბამისი სამართლებრივი დებულებების კონკრეტულ საქმეში იმპლემენტაციამ არ შეიძლება წარმოშვას 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევის საკითხი. იმის განხილვისათვის შესაბამისი კანონმდებლობის გამოყენებისას ჰქონდა თუ არა ადგილი მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევას, ევროპულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს მისი მოთხოვნა წარმოადგენდა თუ არა ,,საკუთრებას’’ კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში.
მომჩივანი საკუთარ მოთხოვნას 1991 წლის აქტზე აფუძნებდა. საკუთრების უფლების აღდგენა სასამართლოების ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. საკუთრების მიმართ ინტერესი, რომელიც მომჩივანს ჰქონდა, მოთხოვნის სახით იყო ჩამოყალიბებული და, შესაბამისად, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობის ფარგლებში მიჩნეული ვერ იქნებოდა ,,არსებულ საკუთრებად’’. ამრიგად, უნდა შეფასდეს წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული მოთხოვნა ,,აქტივს’’. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მომჩივანს სამართალწარმოებასთან მიმართებით ჰქონდა თუ არა ,,ლეგიტიმური მოლოდინი’’ საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლების ეფექტური მოპოვებისა. პალატის უმრავლესობის მოსაზრებით, ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფდა, რომ მომჩივანს შეეძლო მოეთხოვნა გონივრული საფუძვლებით, რომ იგი აკმაყოფილებდა მამამისის საკუთრების რესტიტუციისათვის საჭირო მოთხოვნებს. შესაბამისად, არსებობდა ,,ნამდვილი დავა’’. მომჩივანს ჰქონდა ,,ლეგიტიმური მოლოდინი’’, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, რაც მის მოთხოვნას 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ,,საკუთრებად’’ გადააქცევდა. თუმცა პრეცედენტული სამართალი ,,ნამდვილი დავის’’ ან ,,გონივრული მოთხოვნის’’ არსებობას არ მიიჩნევს ,,ლეგიტიმური მოლოდინის’’ განსაზღვრის კრიტერიუმად. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ვერ გაიზიარებს პალატის უმრავლებოსის მოსაზრებას. პირიქით, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების მიმართ ინტერესი, რომელიც მოთხოვნის სახით არის წარმოდგენილი შეიძლება მიჩნეულ იყოს ,,აქტივად’’ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ეროვნულ კანონმდებლობაში საკმარისი საფუძველი აქვს, მაგალითად, თუ ამ პოზიციის მხარდასაჭერად არსებობს ეროვნული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა.
მოცემულ საქმეში საკუთრების მიმართ არსებული მომჩივნის ინტერესი რომელიმე კონკრეტულ სამართლებრივ აქტზე დაფუძნების შედეგად არ დაზარალებულა. შესაბამისად, მას არ შეუძლია განაცხადოს, რომ ,,ლეგიტიმური მოლოდინი’’ ჰქონდა. ევროპულმა სასამართლომ უნდა განიხილოს არსებობდა თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მომჩივნის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რათა გამართლდეს მისი მოთხოვნის ,,აქტივად’’ მიჩნევა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოსთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხია არსებობდა თუ არა ეროვნულ კანონმდებლობაში საკმარისი საფუძველი, რათა მომჩივნის მოთხოვნა, კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის, დაკვალიფიცირებულიყო როგორც ,,აქტივი’’. ამ თვალსაზრისით ერთადერთი სადავო საკითხს წარმოადგენდა შეიძლება თუ არა მიჩნეული ყოფილიყო, რომ მომჩივანმა დააკმაყოფილა ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნა, მიეთითებინა ,,თუ სად იყო საკუთრება’’.
მომჩივანი აცხადებდა, რომ, განსხვავებით ბრატისლავას რეგიონალური სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს მოსაზრებისა, იმის მითითებით თუ როდის და როგორ გადაეცა საკუთრება სახელმწიფოს, მან აღნიშნული მოთხოვნა შეასრულა, ხოლო ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ბედი ეწია შემდგომში მონეტებს. ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში აღნიშნეს, რომ 1991 წლის აქტი აწესებდა მოსარჩელის ვალდებულებას მიეთითებინა თუ სად იყო სადავო საკუთრება 1991 წლის 1 აპრილს, როდესაც აქტი ძალაში შევიდა. რეგიონალურმა სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენდა იმის საკმარის მტკიცებულებას, რომ 1958 წელს მამამისისათვის ჩამორთმეული მონეტები 1991 წელს კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში იყო. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ბრატისლავას რეგიონალურმა სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის საქმე მიკერძოებულად განიხილა. შესაბამისად, არ არსებობდა რაიმე საფუძველი, რომ სტრასბურგის სასამართლოს განსხვავებული მოსაზრება ჰქონოდა და მიეჩნია, რომ მომჩივანმა შეასრულა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ რესტიტუციასთან დაკავშირებული მომჩივნის მოთხოვნა თავიდანვე პირობითი იყო და რომ საკითხი აკმაყოფილებდა თუ არა იგი საკანონმდებლო მოთხოვნებს სამართალწარმოების შედეგად უნდა დადგენილიყო. ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ იგი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამრიგად, სტრასბურგის სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ არგუმენტს, რომ რესტიტუციული მოთხოვნის წარდგენისას, შეიძლებოდა საფუძვლიანად მიჩნეული ყოფილიყო, რომ მოთხოვნა ,,აქტივს’’ წარმოადგენდა და ამდენად კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დაცვის სფეროში ექცეოდა.
მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ შეუძლებელი იყო მომჩივანს საკუთრების ზუსტი ადგილმდებარეობა მიეთითებინა და ბრძანება გასცა მონეტების მისთვის დაბრუნების თაობაზე, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლოებმა შეცვალეს, ამრიგად, მის პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომჩივანს არ აძლევდა მონეტების დაბრუნების აღსრულების უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება საკმარისი არ იყო, რომ საკუთრების მიმართ არსებული ინტერესი ,,აქტივად’’ შეფასებულიყო.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რესტიტუციასთან დაკავშირებული მოთხოვნის კონტექსტში, მომჩივანი კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი წინადადების მნიშვნელობის ფარგლებში ,,საკუთრებას’’ არ ფლობდა. შესაბამისად, ამ მუხლით განმტკიცებული გარანტიები წინამდებარე საქმეზე არ გავრცელდებოდა.
დასკვნა: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.