სტამოსე ბულგარეთის წინააღმდეგ
Stamose v. Bulgaria
საჩივრის ნომერი: 29713/05 PDF summary
მოპასუხე სახელმწიფო: ბულგარეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 27.11.2012
შედეგი: დაირღვა მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი - მიმოსვლის თავისუფლება [ზოგადი] (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პარაგრაფი - ქვეყნის დატოვების ტავისუფლება)
დაირღვა მე-13 მუხლი - უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე (მუხლი 13 - ეფექტური საშუალება)
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 13) უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე
(მუხლი 13) ეფექტური საშუალება
(მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) მიმოსვლის თავისუფლება [ზოგადი]
(მე-4 დამატებითი ოქმის მე-2.2 მუხლი) ქვეყნის დატოვების თავისუფლება
(მე-4 დამატებითი ოქმის მე-2.3 მუხლი) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(მე-4 დამატებითი ოქმის მე-2.3 მუხლი) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
(მე-4 დამატებითი ოქმის მე-2.3 მუხლი) სხვათა უფლბების და თავისუფლებების დაცვა
პროპორციულობა
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საქმეზე „სტამოსე ბულგარეთის წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ინეტა ზიემელე, თავმჯდომარე,
დავიდ თორ ბიორგვინსონი,
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაიჯიევა,
ვინსენტ ა. დე გაეტანო, მოსამართლეები,
და ლორენს ერლი, სექციის სასამართლო გამწესრიგებელი,
2012 წლის 6 ნოემბრის დახურული თათბირის შედეგად, იმავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№29713/05), რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, ბულგარეთის მოქალაქემ, ბ-ნმა თეოდორ ვასილიუს სტამოსემ (შემდეგში „მომჩივანი“),2005 წლის 22 ივლისსბულგარეთის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი ბ. ცანოვი, სოფიაში მოღვაწე იურისტი, ხოლო ბულგარეთის მთავრობას (შემდეგში „მთავრობა“) - სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ქ-ნი მ. დიმოვა.
3. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის ორი წლის განმავლობაში ბულგარეთის ტერიტორიის დატოვების აკრძალვა გაუმართლებელი იყო; რომ ეს აკრძალვა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მისი დედა და ძმა ცხოვრობდნენ, მოგზაურობის უფლებას არ აძლევდა, მის ოჯახურ ცხოვრებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენდა; და რომ ამ აკრძალვასთან დაკავშირებით მისი საჩივრის განხილვისას სასამართლოებმა არ განიხილეს აკრძალვის პროპორციულობა.
4. 2009 წლის 28 სექტემბერს სასამართლომ (მეხუთე სექცია) გადაწყვიტა, საჩივრის შესახებ მთავრობისთვის ეცნობებინა. ასევე გადაწყვიტა, საჩივრის დასაშვებობასა და მის არსებით მხარეზე ერთდროულად ემსჯელა (კონვენციის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
5. 2011 წლის 1 თებერვალს სასამართლოს სექციების შემადგენლობის ცვლილების შემდეგ საჩივარი მეოთხე სექციას გადაეცა.
6. შენიშნა რა, რომ მომჩივანს საქმის დასაშვებობის ან არსებითი მხარის შესახებ მოსაზრებები, ან სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნა არ წარუდგენია მეხუთე სექციის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადებში, 2011 წლის 2 აგვისტოს სასამართლოს სამდივნომ მომჩივანს შეკვეთილი წერილი გაუგზავნა და აცნობა კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) პუნქტის პირობები. 2011 წლის 4 ნოემბრის ფაქსში, რომელსაც 2011 წლის 4 ნოემბრით დათარიღებული წერილი ერთვოდა, მომჩივანი აცხადებდა, რომ სურდა, სასამართლოს მისი საჩივარი განეხილა და რომ უფრო ადრე მოსაზრებებისა თუ სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნის წარუდგენლობის მიზეზი მასა და მის კანონიერ წარმომადგენელს შორის კომუნიკაციის პრობლემა იყო.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
7. მომჩივანი 1974 წელს დაიბადა და ცხოვრობს შეფილდში, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც იგი 2010 წლის თებერვალში დასახლდა.
8. 1998 წელს მომჩივანი, ვინც მისურის შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში იყო ჩარიცხული, სტუდენტური ვიზით ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა მოგვიანებით მან სწავლას თავი დაანება და ანაზღაურებადი სამსახური დაიწყო. 2000 წლის იანვარში ხელისუფლებამ, მიიჩნია რა, რომ მომჩივანმა, ამგვარად, ვიზის პირობები დაარღვია, მის მიმართ დეპორტაციის პროცესი წამოიწყო. 2003 წლის 29 ოქტომბერს მომჩივანს დეპორტაცია გაუკეთეს ბულგარეთში.
9. ამასობაში, 2000 წლის აპრილში, მომჩივნის დედა ამერიკის მოქალაქეზე დაქორწინდა. 2000 წლის მაისში მომჩივნის დედა ამერიკის შეერთებული შატატებში მუდმივად მცხოვრები პირი გახდა, ხოლო მოგვიანებით - ამერიკის მოქალაქე. მომჩივნის ძმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუდმივად მცხოვრები პირი იყო.
10. 2003 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, მოქმედებდა რა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ 1998 წლის კანონის 76-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 17) და ითვალისწინებდა რა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წერილს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წერილი ერთვოდა თან, მომჩივანს, 2003 წლის 20 ოქტომბრიდან, ორი წლით აუკრძალა მოგზაურობა და უფლებამოსილ ორგანოებს მისთვის პასპორტის ჩამორთმევა დაავალა. შესაბამისად, 2003 წლის 4 ნოემბერს ბურგასის პოლიციამ მომჩივანს პასპორტის ჩაბარება მოსთხოვა.
11. მომჩივანმა ეს ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა, ამტკიცებდა რა, inter alia, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეცდა, რადგან მხედველობაში არ მიიღო მისი პირადი სიტუაცია და თავისი დისკრეციიული უფლებამოსილების მის წინააღმდეგ გამოყენება არჩია.
12. 2004 წლის 11 მაისს სოფიის საქალაქო სასამართლომ საჩივარი უარყო. მან დაადგინა, inter alia, რომ ბრძანების გამოცემისას ხელისუფლებამ ყველა რელევანტური ფაქტი გაითვალისწინა, კერძოდ, ის, რომ მომჩივანს დეპორტაცია გაუკეთდა და რომ ბულგარეთის ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმირებული იყო. დეპორტაციის მიზნები და მომჩივნის პირადი გარემოებები უმნიშვნელო იყო ისევე, როგორც იმის შესაძლებლობა, რომ მომჩივანი სხვა ვიზას მიიღებდა, რაც უფლებას მისცემდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელახლა შესულიყო. ბრძანება შეესაბამებოდა კანონის მიზანს, რომ დაებრკოლებინა ბულგარეთის იმ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება, ვინც უცხო ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობა დაარღვიეს.
13. მომჩივანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა და ხელახლა წამოაყენა არგუმენტი, რომ ხელისუფლებას მისი ინდივიდუალური გარემოებები უნდა გაეთვალისწინებინა.
14. 2005 წლის 30 მარტის საბოლოო გადაწყვეტილებით (реш. № 2952 от 30 март 2005 г. по адм. д. № 6206/2004 г., ВАС, V о.) უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დაადგინა, interalia, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ 1998 წლის კანონის 76-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა დისკრეციას, გამოეყენებინა სადავო ზომა ან თავი შეეკავებინა მისგან და ამ საქმეში მისი არჩევანი სასამართლოების მიერ განხილვას არ ექვემდებარებოდა. მომჩივნის საქმეში ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში მიიღო ყველა რელევანტური გარემოება და განსაზღვრა, რომ ეს ზომა იყო საჭირო.
II. შესაბამისი ეროვნული სამართალი
15. 1991 წლის კონსტიტუციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს, inter alia, რომ ყველა ადამიანს აქვს ქვეყნის დატოვების უფლება და რომ ეს უფლება კანონით შეიძლება შეიზღუდოს ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.
16. საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შესახებ 1998 წლის კანონის (Закон за българските документи за самоличност) (2009 წლის ოქტომბერში კანონს სახელი შეეცვალა და ეწოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ კანონი - Закон за българските лични документи) (შემდეგში „1998 წლის კანონი“) 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს, რომ ბულგარეთის ყველა მოქალაქეს ქვეყნის დატოვების და უკან დაბრუნების უფლება აქვს პასპორტით ან მისი შემცვლელი დოკუმენტით. 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს უფლებები არ შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ შეზღუდვებს ითვალისწინებს კანონი და აუცილებელია ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
17. კანონის 76-ე მუხლის მე-6 ნაწილი, მისი თავდაპირველი სახით, ითვალისწინებდა, რომ ბულგარეთის მოქალაქეს, ვისაც სხვა ქვეყნიდან დეპორტაცია გაუკეთდა იმ ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო, შესაძლოა, აეკრძალოს ბულგარეთის დატოვება და ჩამოერთვას პასპორტი ერთი წლის ვადით. მუხლის ამ ნაწილში ცვლილება შევიდა, რომელიც 2003 წლის 31 მარტიდან ამოქმედდა და რომელიც აკრძალვის ორ წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობდა.
18. ამ დებულებასთან დაკავშირებულ პრეცედენტულ სამართალში უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო თანმიმდევრულად ადგენდა, რომ სასამართლოები უფლებამოსილი არ იყვნენ, განეხილათ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ გამოიყენა თუ არა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება ამგვარი ზომის საჭიროების შესაფასებლად; ერთადერთი, რაც სასამართლოებს უნდა დაედასტურებინათ, იყო ის, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დეპორტაციას, მისი საფუძვლების მიუხედავად, რის გამოც მოხდა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება (იხილეთ реш. № 10917 от 3 декември 2002 г. по адм. д. № 7044/2002 г., ВАС, V о.; реш. № 2365 от 14 март 2003 г. по адм. д. № 10736/2002 г., ВАС, V о.; реш. № 9652 от 22 ноември 2004 г. по адм. д. № 4636/2004 г., ВАС, V о.; реш. № 9653 от 22 ноември 2004 г. по адм. д. № 4637/2004 г., ВАС, V о.; реш. № 9654 от 22 ноември 2004 г. по адм. д. № 4635/2004 г., ВАС, V о.; реш. № 3497 от 18 април 2005 г. по адм. д. № 542/2005 г., ВАС, V о.; реш. № 94 от 5 януари 2006 г. по адм. д. № 5672/2005 г., ВАС, V о.; реш. № 5034 от 11 май 2006 г. по адм. д. № 9710/2005 г., ВАС, V о.; реш. № 5229 от 17 май 2006 г. по адм. д. № 535/2006 г., ВАС, V о.; реш. № 5966 от 2 юни 2006 г. по адм. д. № 829/2006 г., ВАС, V о.; реш. № 7176 от 28 юни 2006 г. по адм. д. № 3700/2006 г., ВАС, V о.; реш. № 10919 от 6 ноември 2006 г. по адм. д. № 4522/2006 г., ВАС, V о.; реш. № 12533 от 13 декември 2006 г. по адм. д. № 6522/2006 г., ВАС, V о.; реш. № 12551 от 13 декември 2006 г. по адм. д. № 7065/2006 г., ВАС, V о.; andреш. № 1869 от 22 февруари 2007 г. по адм. д. № 9680/2006 г., ВАС, V о.).
19. 2009 წლის 21 აგვისტოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 1998 წლის კანონში შესატანი ცვლილების კანონპროექტი, რომელიც, interalia, 76-ე მუხლის მე-6 ნაწილის გაუქმებას ითვალისწინებდა. 2009 წლის 1 ოქტომბერს პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა და 2009 წლის 20 ოქტომბერს კანონის ცვლილება ძალაში შევიდა. შემდგომ პრეცედენტულ სამართალში უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოხსენებული დებულების გაუქმება ავტომატურად არ აუქმებდა 76-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ აკრძალვებს მოგზაურობაზე, რომლებიც ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე დაწესდა (იხილეთ реш. № 13819 от 17 ноември 2009 г. по адм. д. № 6999/2007 г., ВАС, ІІІ о.; реш. № 15106 от 10 декември 2009 г. по адм. д. № 7052/2009 г., ВАС, V о.;and реш. № 10449 от 13 август 2010 г. по адм. д. № 1609/2010 г., ВАС, VІІ о.). საკითხი გადაიჭრა 1998 წლის კანონში შემდგომ შეტანილი ცვლილებებით, რომლითაც გარდამავალი და დასკვნითი დებულებების მე-5 პარაგრაფი ამოქმედებით. იგი ძალაში შევიდა 2010 წლის 10 აპრილს და კონკრეტულად მიუთითებდა, რომ მისი ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში ყველა ზომა, რომელიც 76-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად იყო დაწესებული, ძალას კარგავდა.
III. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები
20. შრომის საერთაშორისო ბიუროს მიერ თავის ჟურნალში „საერთაშორისო მიგრაციის დოკუმენტების“ სერიაში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით (August Gächter, The Ambiguities of Emigration: Bulgaria since 1988, available at http://www.ilo.org/public/english/protection/migrant/download/imp/imp39.pdf (accessed on 6 November 2012)), 1989-1998 წლებში ბუგარეთიდან მიგრანტთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 747,000 შეადგინა. მათგან 2,253 ადამიანი შვეიცარიაში გადასახლდა, 124,383 - გერმანიაში, 32,978 - საბერძნეთში, 344,849 - თურქეთში, ხოლო 6,307 - ამერიკის შეერთებულ შტატებში.
IV. სხვა შესაბამისი მასალები
21. 1995 წლის 25 სექტემბრის საბჭოს (EC) №2317/95 რეგულაციის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის და დანართის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარე საზღვრების გადაკვეთისას ბულგარეთის მოქალაქეები ვალდებულები იყვნენ, ვიზები ჰქონოდათ. ეს შეიცვალა 2001 წლის 15 მარტის საბჭოს (EC) №539/2001 რეგულაციის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით და II დანართით, რომლის მიხედვითაც ბულგარეთის მოქალაქეები თავისუფლდებოდნენ ვიზის ქონის ვალდებულებისგან, თუ მათი ვიზიტის ხანგრძლივობა ჯამში სამ თვეს არ აღემატებოდა.
22. ევროპული პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში (What about the Neighbours? The Impact of Schengen along the EU’s External Borders, CEPS Working Document No. 210/October 2004, available athttp://aei.pitt.edu/6641/1/1171_210.pdf (accessed on 6 November 2012)), აღნიშნული იყო შემდეგი:
“ექვსი წლის მანძილზე ევროკავშირი იდგა ისეთ პოზიციაზე, რომ საკითხების ფართო სპექტრზე, რომლებიც საზღვრებსა და პირთა გადაადგილებას უკავშირდებოდა, მნიშვნელოვან დათმობებს ითხოვდა სავიზო მოთხოვნის გაუქმების სანაცვლოდ. ამ პერიოდში ბულგარეთის მთავრობამ და, მთლიანად, საზოგადოებამ მუშაობა დაიწყო კომპლექსურ სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა სავიზო მოთხოვნისგან ბულგარეთის მოქალაქეების საბოლოო გათავისუფლებას.”
23. აშრომში შემდეგ მითითებული იყო ევროპის კომისრის 2001 წლის ანგარიში, რომელსაც ბულგარეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნის გაუქმება მოჰყვა (საბჭოსადმი კომისრის ანგარიში ბულგარეთთან დაკავშირებით რეგულაციის მიღების პერსექტივაში, რომელიც განსაზღვრავს მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ ვიზები გარე საზღვრების გადაკვეთისას და რომელთა მოქალაქეებიც თავისუფლდებიან ამ მოთხოვნისგან,COM(2001) 61 საბოლოო, 2001 წლის 2 თებერვალი, ბრიუსელი). ანგარიშში, სათაურით „წევრ ქვეყნებში უკანონო ემიგრაციასთან დაკავშირებული სანქციები“, აღნიშნული იყო, რომ „[იმ დროს] მოქმედი [1998 წლის კანონის] 76-ე [მუხლის] შესაბამისად, ბულგარეთის მოქალაქეებს, ვინც სხვა ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობა დაარღვიეს ან სხვა ქვეყნიდან იქნენ გაძევებული, ერთი წლით აეკრძალათ ქვეყნის დატოვება.“ ბულგარეთის მთავრობის შემდგომი საკანონმდებლო ღონისძიებების განხილვისას ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ „76-ე [მუხლის] ცვლილების პროექტი ითვალისწინებდა ქვეყნის დატოვების აკრძალვის 2 წლამდე გახანგრძლივებას, რაც ბულგარეთის მოქალაქეებს [შეიძლება] დაეკისროს“. ყველა შესაბამისი საკანონმდებლო დებულების განხილვის შემდეგ ანგარიშში მოცემულია დასკვნა, რომ „ბულგარეთის ხელისუფლების მიერ საბჭოში გადაგზავნილი ინფორმაციისა და საბჭოს მისიის თანახმად, ნათელი [იყო], რომ ბულგარეთში არსებობდა მისი ტერიტორიიდან უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სამართლებრივი მექნიზმები”.
სამართალი
I. მე-4 ოქმის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
24. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლთან დაკავშირებით, რომ მისთვის ბულგარეთის ტერიტორიის დატოვების აკრძალვა გაუმართლებელი და არაპროპორციული იყო.
25. მე-4 ოქმის მე-2 მუხლის შესაბამის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:
“...
2. ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის საკუთარი, ქვეყანა.
3. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაზე შეზღუდვის დაწესება, გარდა იმისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის ინტერესებისათვის ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
...”
26. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოების მიერ მომჩივანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი და სწორი იყო. არსებული საფუძვლები 1998 წლის კანონის 76-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. აკრძალვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წერილმა გამოიწვია. ამ გარემოებებში ხელისუფლებამ, თავისი დისკრეციის განხორციელებისას, მართებულად დაადგინა, რომ ეს ზომა საჭირო იყო კანონის მიზნების მისაღწევად. სასამართლოებს უფლება ჰქონდათ, ზომის კანონიერება განეხილათ, მაგრამ არა - მისი საჭიროების საკითხი, და მათ კანონი სწორად გამოიყენეს. და ბოლოს, მთავრობამ აღნიშნა, რომ 76-ე მუხლის მე-6 ნაწილი 2009 წლის ოქტომბერში გაუქმდა.
27. მომჩივანს თავისი მოსაზრებები არ წარუდგენია.
28. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის მნიშვნელობით, იგი არც რაიმე სხვა საფუძვლით არის დაუშვებელი. ამგვარად, საჩივარი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
29. არსებით მხარესთან დაკავშირებით სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ ეს საქმე ახალ საკითხს წამოჭრის, რადგან აქამდე სასამართლოს არ მისცემია შესაძლებლობა, განეხილა მოგზაურობის აკრძალვები, რომლებიც დაწესებული იყო ეროვნული თუ უცხო ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. მე-4 ოქმის მე-2 მუხლთან დაკავშირებულ ადრინდელ საქმეებში სასამართლო ან ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია იმგვარ აკრძალვებს განიხილავდა, რომლებიც დაწესებული იყო სისხლის სამართლის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით (იხილეთ შმიდტი ავსტრიის წინააღმდეგ, №10670/83, კომისიის 1985 წლის 9 ივლისის განჩინება, Decisions and Reports (DR) 44, p. 195;ბაუმანი საფრანგეთის წინააღმდეგ, №33592/96, ECHR 2001‑V; ფოლდეზ და ფოლდეზნე ჰაილიკი უნგრეთის წინააღმდეგ, №41463/02, ECHR 2006‑XII; სისანისი რუმინეთის წინააღმდეგ, №23468/02, 2007 წლის 25 იანვარი; ბესენიეი უნგრეთის წინააღმდეგ, №37509/06, 2008 წლის 21 ოქტომბერი; ა.ე. პოლონეთის წინააღმდეგ, №14480/04, 2009 წლის 31 მარტი; იორდან იორდანოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ, №23530/02, 2009 წლის 2 ივლისი; მაკედონსკი ბულგარეთის წინააღმდეგ, №36036/04, 2011 წლის 20 იანვარი; პფეიფერი ბულგარეთის წინააღმდეგ, №24733/04, 2011 წლის 17 თებერვალი; პრეშერი ბულგარეთის წინააღმდეგ, №6767/04, 2011 წლის 7 ივნისი; და მიაჟდიკი პოლონეთის წინააღმდეგ, №23592/07, 2012 წლის 24 იანვარი), სისხლის სამართლის სასჯელების აღსრულებასთან დაკავშირებით (იხილეთ მ. გერმანიის წინააღმდეგ, №10307/83, კომისიის 1984 წლის 6 მარტის განჩინება, DR 37, p. 113), სისხლის სამართლის დანაშაულთა მიმართ რეაბილიტაციის არარსებობასთან დაკავშირებით (იხილეთ ნალბანცკი ბულგარეთის წინააღმდეგ, №30943/04, 2011 წლის 10 თებერვალი), გაკოტრების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით (იხილეთ ლუორდო იტალიის წინააღმდეგ, №32190/96, ECHR 2003‑IX), საბაჟო ჯარიმების გადახდაზე უარის თქმასთან დაკავშირებით (იხილეთ ნაპიჯალო ხორვატიის წინააღმდეგ, №66485/01, 2003 წლის 13 ნოემბერი), გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით (იხილეთ რინერი ბულგარეთის წინააღმდეგ, №46343/99, 2006 წლის 23 მაისი), სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალების კერძო პირებისთვის გადაუხდელობასთან დაკავშირებით (იხილეთ იგნატოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, №50/02, 2009 წლის 2 ივლისი, და გოჩევი ბულგარეთის წინააღმდეგ, №34383/03, 2009 წლის 26 ნოემბერი), „სახელმწიფო საიდუმლოებების“ ცოდნასთან დაკავშირებით (იხილეთ ბარტიკი რუსეთის წინააღმდეგ, №55565/00, ECHR 2006‑XV), სამხედრო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით (იხილეთ პელტონენი ფინეთის წინააღმდეგ, №19583/92, კომისიის 1995 წლის 20 თებერვლის განჩინება, DR 80‑a, p. 38, და მარანგოსი კვიპროსის წინააღმდეგ, №31106/96, კომისიის 1997 წლის 20 მაისის განჩინება, გამოუქვეყნებელი), ფსიქიკურ ავადმყოფობასთან ერთად დანიშნულების ქვეყანაში სათანადო მკურნალობის შესაძლებლობების არარსებობასთან დაკავშირებით (იხილეთ ნორდბლადი შვედეთის წინააღმდეგ, №19076/91, კომისიის 1993 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, გამოუქვეყნებელი), და სასამართლო ბრძანებებთან დაკავშირებით, რომლებიც მცირეწლოვანი ბავშვების უცხო ქვეყნებში გაძევებას კრძალავდა (იხილეთ როლდან ტექსეირა და სხვები იტალიის წინააღმდეგ (განჩინება), №40655/98, 2000 წლის 26 ოქტომბერი, და დიამანტე და პელიკიონი სან მარინოს წინააღმდეგ, №32250/08, 2011 წლის 27 სექტემბერი). სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმ საქმეების განსხვავებულობისა, მათში მოცემული პრინციპები, გამოყენებადია წინამდებარე საქმეშიც.
30. მე-4 ოქმის მე-2 მუხლი იცავს თითოეული ადამიანის უფლებას, დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა და წავიდეს მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მას შესვლის უფლება აქვს. მომჩივნისთვის ბულგარეთის დატოვების აკრძალვა, უდავოდ, მის ამ უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა. გარდა ამისა, მომჩივნისთვის პასპორტის ჩამორთმევა ასევე იყო ამგვარი ჩარევა (იხილეთ ზემოხსენებული პელტონენი, at p. 43; ბაუმანი, §§ 62‑63; ნაპიჯალო, §§ 69‑73; და ნალბანცკი, § 61).ამდენად, უნდა განისაზღვროს, ეს ჩარევა მოხდა თუ არა „კანონის შესაბამისად“, ისახავდა რა მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულ ერთ ან მეტ მართლზომიერ მიზანს, და ამგვარი მიზნის მისაღწევად იყო თუ არა ის „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
31. ჩარევა ეფუძნებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ 1998 წლის კანონის 76-ე მუხლის მე-6 ნაწილს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 10 და 17) და, ამდენად, მას აშკარად ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში. მომჩივანს არ უდავია, რომ რაიმე სხვა საფუძვლით ჩარევა „კანონის შესაბამისად“ არ მომხდარა და სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, დაადგინოს, რომ ჩარევა ამ მოთხოვნას არ შეესაბამებოდა.
32. გარდა ამისა, კონტექსტიდან, რომელშიც კანონით დადგენილი დებულებები, რაც მომჩივნის წინააღმდეგ გამოყენებულ ზომას დაედო საფუძვლად, ამოქმედდა და შემდეგ გამკაცრდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 21-23), ცხადია, რომ ჩარევის მიზანი სხვა ქვეყნების იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის დემოტივაცია და პრევენცია იყო და, ამდენად, იმის ალბათობის შემცირება, რომ იმ ქვეყნებს ბულგარეთის სხვა მოქალაქეებისთვის მათ ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვათ, გაემკაცრებინათ სავიზო რეჟიმი ან უარი ეთქვათ ბულგარეთის მოქალაქეებისთვის მის გამარტივებაზე. თუნდაც სასამართლო მზად ყოფილიყო, ეღიარებინა, რომ ეს ჩარევა ordre public-ის ან სხვა ადამიანების უფლებების დაცვის მართლზომიერ მიზანს ისახავდა, წინამდებარე საქმეში არ არის საჭირო ამ საკითხის უფრო გავრცობა, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ეს ქვევით არის განმარტებული, მოგზაურობის აკრძალვამ ვერ დააკმაყოფილა პუნქტი - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ - და მასში ნაგულისხმევი პროპორციულობის მოთხოვნა.
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოგზაურობის აკრძალვა, რომელიც მომჩივანს დაუწესდა, ძალიან დიდხანს არ გაგრძელებულა: აკრძალვის ხანგრძლივობა კანონით ზუსტად ორ წელს შეადგენდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 17). თუმცა, ეს არ არის მთავარი საკითხი (განსხვავებით ზემოხსენებული საქმისა ნალბანცკი, § 56): არსებითი თემაა, იყო თუ არა პროპორციული ზომა მოჩივნისთვის, ერთი კონკრეტული ქვეყნის იმიგრაციის კანონმდებლობის დარღვევის გამო, ნებისმიერ სხვა უცხო ქვეყანაში გამგზავრების ავტომატურად აკრძალვა.
34. სასამართლო ამგვარ საერთო და ზოგადი ხასიათის ზომას ვერ მიიჩნევს პროპორციულად. ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის სერიოზული დარღვევის ჩვეულებრივი შედეგი იქნებოდა ამ ქვეყნიდან განსახილველი პირის გაძევება და მისთვის (ამ ქვეყნის კანონმდებლობით) ქვეყანაში ხელახლა შესვლის გარკვეული პერიოდით აკრძალვა. მართლაც, მომჩივნისთვის ეს შედეგები მოიტანა სტუდენტური ვიზის პირობების დარღვევამ - მას დეპორტაცია გაუკეთეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 8). ბულგარეთის სახელმწიფომ, რომელიც მომჩივნის მიერ ამერიკის იმიგრაციის კანონმდებლობის დარღვევით უშუალოდ დაზარალებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, საკმაოდ დრაკონულ ზომას მიმართა, რადგან მომჩივანს ორი წლის განმავლობაში ნებისმიერ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა.
35. გარდა ამისა, შესაბამის ორგანოებს არ განუმარტავს მისი განკარგულების მიზეზები და, როგორც ჩანს, საჭიროდ არ მიუჩნევია, განეხილა მომჩივნის ინდივიდუალური გარემოებები; ხოლო სასამართლოებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ ამ საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის განხორციელების საკითხს ისინი ვერ განიხილავდნენ (შედარებისთვის, mutatis mutandis, ზემოხსენებული რინერი, § 126; გოჩევი, § 54; და ნალბანცკი, § 66).ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დებულება ადმინისტრაციულ ორგანოებს ანიჭებდა დისკრეციას, დაეწესებინა თუ არა სადავო ზომა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ დისკრეციის განხორციელებისას ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღო მომჩივნის კონკრეტული გარემოებები, როგორიცაა ამერიკის იმიგრაციის კანონმდებლობის დარღვევის სიმძიმე, რამაც მისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეპორტაცია გამოიწვია, მომჩივნის მიერ სხვა ქვეყნების კანონმდებლობების დარღვევის შესაძლო რისკი, მისი ოჯახური, ფინანსური და პირადი მდგომარეობა, და იყო თუ არა იგი წარსულში ნასამართლევი. სხვადასხვა კონტექსტში სასამართლოს ადრე დადგენილი აქვს, რომ ამგვარი ზოგადი და, ფაქტობრივად, ავტომატური აკრძალვები ვერ ჩაითვლება გამართლებულად მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მიზნებისთვის (იხილეთ ზემოხსენებული რინერი, §§ 127‑28; ბარტიკი, § 48; გოჩევი, §§ 53 და 57; და ნალბანცკიi, §§ 66‑67).
36. მართალია, იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ კანონით დადგენილი დებულება, რასაც ბრძანება ეფუძნებოდა, ამოქმედდებოდა, ბულგარეთი მიგრანტთა სერიოზული წყარო გახდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 20); იმ გარემოებებში, სულ მცირე, დასაბუთებადია, რომ ბულგარეთის სახელმწიფოს აუცილებლად მიეჩნია, საერთაშორისო თავაზიანობისა და პრაქტიკული მიზეზების გამო, სხვა სახელმწიფოებს მათი იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობისა და პოლიტიკის განხორციელებაში დახმარებოდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 32). ასევე, როგორც ჩანს, განსახილველი ნორმა ამოქმედდა და შემდეგ გამკაცრდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 17), როგორც იმ ზომების პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა, ბულგარეთიდან უკანონო ემიგრაციასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ევროკავშირის მაშინდელი წევრი სახელმწიფოების შიშები შეემცირებინა და მან თავისი როლი ითამაშა ევროკავშირის 2001 წლის მარტის გადაწყვეტილებაში, რომ ბულგარეთის მოქალაქეები, მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში, სავიზო მოთხოვნებისგან გაეთავისუფლებინათ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 21-23). რვა წლის შემდეგ, 2009 წელს, როცა მისი საჭიროება აშკარად შემცირდა, ეს დებულება გაუქმდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 19). თუმცა ის ფაქტი, რომ კანონი, რომელიც სადავო ზომას ითვალისწინებდა, ამ ფონზე ამოქმედდა, მას კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით განხილვისგან არ ათავისუფლებს (იხილეთ, mutatis mutandis, Capital Bank AD ბულგარეთის წინააღმდეგ, №49429/99, §§ 110‑11, 2005 წლის 24 ნოემბერი). თავისთავად ზომა, რომელიც მომჩივნის მიმართ იქნა გამოყენებული, არ შეიძლება იყოს გამართლებული მხოლოდ იმ ფაქტით, რომ იგი შეიძლება ამგვარმა ზეწოლამ გამოიწვია (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 10) და გასამართლებლად მოპასუხე სახელმწიფო ვერ დაყრდნობა ამგვარ საფუძვლებს (იხილეთ, mutatis mutandis, ნადა შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №10593/08, § 196, ECHR 2012). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო შეიძლება მზად ყოფილიყო, გაეზიარებინა ის, რომ იმიგრაციის შესახებ სხვა ქვეყნის კანონდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით პირისთვის მშობლიური ქვეყნის დატოვების აკრძალვის დაწესება გარკვეულ განსაკუთრებულ სიტუაციებში შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, იგი არ მიიჩნევს, რომ ამგვარი ზომის ავტომატურად, განსახილველი პირის ინდივიდუალური გარემოებების გაუთვალისწინებლად გამოყენება შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
37. ამგვარად, დაირღვა მე-4 ოქმის მე-2 მუხლი.
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
38. მომჩივანი კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით ჩიოდა, რომ მოგზაურობის აკრძალვა, რომელიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მისი დედა და ძმა ცხოვრობდნენ, გამგზავრების უფლებას არ აძლევდა, მის ოჯახურ ცხოვრებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენდა.
39. კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისი ნაწილი თანახმად:
“1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.”
40. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მოგზაურობის აკრძალვა კანონის შესაბამისად დაუწესდა პირს, რომელიც ოცდაათი წლის ზრდასრული ადამიანი იყო. ამასთან, იმის შესაძლებლობა, რომ მომჩივანი დედასთან და ძმასთან ჩასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბულგარეთის ხელისუფლებაზე არ იყო დამოკიდებული, არამედ - იმ ქვეყნის იმიგრაციის პოლიტიკაზე. და ბოლოს, არ არსებობდა არანაირი დაბრკოლება, რომ მომჩივნის ნათესავები მასთან ბულგარეთში ჩასულიყვნენ.
41. მომჩივანს მოსაზრებები არ წარუდგენია.
42. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის მნიშვნელობით, იგი არც რაიმე სხვა საფუძვლით არის დაუშვებელი. ამდენად, საჩივარი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
43. თუმცა, მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევის დადგენის ფონზე, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს, მომჩივანზე დაწესებული მოგზაურობის აკრძალვა კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებაშიც განიხილოს (იხილეთ ზემოხსენებულირინერი, § 134; ა.ე. პოლონეთის წინააღმდეგ, §§ 53‑54; დაპფეიფერი, § 62; და შედარებისთვის - ილეთმიში თურქეთის წინააღმდეგ, №29871/96, §§ 42‑50, ECHR 2005‑XII, დაფაშაოღლუ თურქეთის წინააღმდეგ,№8932/03, §§ 41‑48, 2008 წლის 8 ივლისი, სადაც სასამართლომ მოგზაურობის აკრძალვები კონვენციის მე-8 მუხლთან, და არა - მე-4 ოქმის მე-2 მუხლთან, დაკავშირებით განიხილა, რადგან ეს უკანასკნელი თურქეთის მიერ ხელმოწერილი იყო, მაგრამ არ იყო რატიფიცირებული).
III. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
44. მომჩივანი ჩიოდა, რომ აკრძალვასთან დაკავშირებით მისი საჩივრის განხილვისას სასამართლოებმა არ იმსჯელეს ამ ზომის პროპორციულობაზე.
45. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი განხილული უნდა იქნეს კონვენციის მე-13 მუხლთან მიმართებაში, რომლის თანახმადაც:
“ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
46. მთავრობას თავის მოსაზრებებში ამ საჩივართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
47. მომჩივანს მოსაზრებები არ წარუდენია.
48. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის მნიშვნელობით, იგი არც რაიმე სხვა საფუძვლით არის დაუშვებელი. ამდენად, საჩივარი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
49. როცა არსებობს დასაბუთებადი საჩივარი, რომ ხელისუფლების ქმედება შეიძლება არღვევდეს პირის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ უფლებას, კონვენციის მე-13 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნული სამართლებრივი სისტემა პირს უნდა ჰქონდეს ქმედითი საშუალება, იდაოს გასაჩივრებული ზომის კანონიერებაზე; მას ასევე უნდა ჰქონდეს დასმული საკითხების განხილვა მოხდეს შესაბამისი პროცესუალური გარანტიების დაცვით და საფუძვლიანად, რაც საშუალებას მისცემს პირს, წარადგინოს ყველა არგუმენტი, რაც ამ ზომის პროპორციულობას (ამ სიტყვის კონვენციისეული გაგებით) შეეხება (იხილეთ ზემოხსენებული რინერი, §§ 138 და 142, დაპფეიფერი, § 67).
50. ითვალისწინებს რა თავის დასკვნას მომჩივანზე დაწესებულ მოგზაურობის აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საჩივარი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით დასაბუთებადი იყო. ამდენად, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი გასაჩივრების საშუალება, რომელიც ზემოხსენებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
51. აქ მთავარი საკითხია ის, განიხილეს თუ არა სასამართლოებმა მომჩივნის შუამდგომლობები და შემდგომი საჩივრები საკმარისად საფუძვლიანად და კონვენციის შესაბამისად აკრძალვის გამამართლებელ რელევანტურ ფაქტორებზე მითითებით (იხილეთ ზემოხსენებული პფეიფერი, § 71).როგორც მათი გადაწყვეტილებებიდან ჩანს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 12 და 14), სასამართლოებმა მომჩივნის არგუმენტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა იმას, თუ რამდენად გამართლებული იყო ზომა, არარელევანტურად მიიჩნიეს, შეეხნენ რა მხოლოდ აკრძალვის ფორმალურ კანონიერებას; კერძოდ, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ისინი ვერ განიხილავდნენ ხელისუფლების მიერ აკრძალვის საჭიროების დისკრეციულ შეფასებას, რაც მომჩივნის მიერ წამოჭრილი მთავარი საკითხი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 11 და 13) და მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ბალანსის ტესტის არსებითი ნაწილი იყო. განხილვის შეზღუდული ფარგლების გამო, ამგვარი პროცედურა კონვენციასთან დაკავშირებული დასაბუთებადი საჩივრის არსებითი მხარის განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა და, ამდენად, მე-13 მუხლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს (იხილეთ ზემოხსენებული რინერი, §§ 142‑43, და, mutatis mutandis, Glas Nadezhda EOOD და ანატოლი ელენკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, №14134/02, §§ 69‑70, 2007 წლის 11 ოქტომბერი, და კ.გ. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ, №1365/07, § 62, 2008 წლის 24 აპრილი, შემდგომი მითითებით წყაროებზე).
52. ამგვარად, დარღვეულია კონვენციის მე-13 მუხლი.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
53. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
54. სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნა მომჩივანს არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს საჩივარს დასაშვებად;
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი;
3. ადგენს, რომ არ არის საჭირო კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა;
4. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი.
გადაწყვეტილება შედგენილია ინგლისურ ენაზე და წერილობითი შეტყობინება მის შესახებ გაიგზავნა 2012 წლის 27 ნოემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად.
ლორენს ერლი ინეტა ზიემელე
სასამართლო გამწესრიგებელი თავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .