მატვიევი რუსეთის წინააღმდეგ

MATVEYEV v. RUSSIA

საჩივრის ნომერი  -  26601/02  Summary

მოპასუხე სახელმწიფო    -   რუსეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   3/07/2008

შედეგი: საქმის გარემოებები არ ქმნიდა პირობებს, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სასამართლოს განეხილა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი

განსხვავებული აზრი: არა

 

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 35-3) Ratione materiae

(მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) კომპენსაცია უკანონო მსჯავრდებისათვის

(მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) კომპენსაცია

(მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) ახალი ან ახლადაღმოჩენილი გარემოებები

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

ფაქტები: 1980 წელს, მომჩივანმა და მისმა მეუღლემ საკუთარი სახლიდან მოკლე-ტალღური რადიო გადაცემის მაუწყებლობა დაიწყო, რომელიც 1981 წელს შეწყვეტილ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ. ამის შემდეგ, მათ სახლში განხორციელდა ჩხრეკა და ამოღებული იქნა ყალბი საფოსტო მარკები. იმავე წელს,  ლომონოსოვის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო საფოსტო მარკების გაყალბებისთვის. არხანგელსკის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

1999 წელს, სამეთვალყურეო განხილვაზე, არხანგელსკის საოლქო სამართლომ დაადგინა, რომ მატვიევის მსჯავრდება უკანონო იყო, რადგან ჩხრეკის დროს ამოღებული მარკები არ იყო მოქმედი იმ დროისთვის და გამოიყენებოდა მხოლოდ 1980 წლამდე. თუმცა რაიმე ახლად აღმოჩენილი გარემოება და მისი გავლენა მატვიევის საქმეზე სასამართლოს არ განუხილავს.

ამის შემდეგ, მომჩივანმა ზიანის ანაზღაურების მიზნით აღძრა სარჩელები. სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მომჩივანის მოთხოვნა არამატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, იმ მიზეზით, რომ მსჯავრდების დროს შიდა სამართალი არ შეიცავდა ასეთ ნორმას. მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კი დაკმაყოფილებულ იქნა და, საბოლოო ჯამში, მომჩივანმა კომპენსაციის სახით  393,574.87 რუსული რუბლი მიიღო.

სამართალი: მატვიევმა მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მისი თქმით არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა. მთავრობის არგუმენტით, მომჩივანის მსჯავრდება გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ მტკიცებულებები არასწორად იქნა შეფასებული, ხოლო მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მიხედვით, აუცილებელია საქმეში არსებობდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება, რათა მოხდეს პირისთვის კომპენსაციის გაცემა.

სასამართლო დაეთანხმა იმ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც მატვიევი გამართლდა არა ახალი ან ახლად აღმოჩენილი გარემოების, არამედ ძველი ფაქტის ხელახალი შეფასების საფუძველზე. შესაბამისად უარი არამატერიალური ზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვერ იქნებოდა კონვენციის დარღვევა და ვერ მოექცეოდა მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის ფარგლებში.

აქედან გამომდინაროებს, რომ მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მიზნებისთვის ძველი მტკიცებულების ახლებური შეფასება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. აუცილებელია საქმეში გამოჩნდეს რაღაც ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მანამდე საგამოძიებო ორგანოებისთვის და სასამართლოსთვის უცნობი იყო, თუმცა, ფაქტის შესახებ სასამართლოს მოსაზრების ცვლილება ვერ იქნება ახლად აღმოჩენილი გარემოება.

დასკვნა: ამრიგად, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ საქმეს არსებითად არ განიხილავს.