შილიაიევი რუსეთის წინააღმდეგ
Shilyayev v. Russia
საჩივრის ნომერი - 9647/02 Summary
მოპასუხე სახელმწიფო - რუსეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 06/01/2006
შედეგი: არ დარღვეულა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი;
დაირღვა მე-6 მუხლის 1 პარაგრაფი; დაირღვა 1 დამატებითი ოქმის 1 პარაგრაფი
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალების ამოწურვა
(მუხლი 35-3) სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება
(დამატებითი ოქმი 7-3) კომპენსაცია უკანონო მსჯავრდებისთვის
(დამატებითი ოქმი 7-3) კომპენსაცია
(34) ინდივიდუალური განაცხადი
(34) მსხვერპლი
(დამატებითი ოქმი 1-1) საკუთრების დაცვა
(დამატებითი ოქმი 1-1-1) საკუთრებით სარგებლობის უფლება ჩარევის გარეშე
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება
(მუხლი 6-1) სასამართლოს ხელმისაწვდომობა
(მუხლი 6) აღსრულების პროცედურები
(მუხლი 6-1) სამართლიანი სასამართლო მოსმენა
(მუხლი 5) თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება
(მუხლი 5-5) კომპენსაცია
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება
ფაქტები: 1997 წელს პერმის რეგიონულმა სასამართლომ მომჩივანს მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1998 წელს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ, ხოლო 1999 წელს ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე რეგიონულმა სასამართლომ გააუქმა მსჯავრი და მომჩივანი გამართლდა. 2001 წელს, კომპენსაციის სახით, სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს დაავალა მომჩივნისთვის 70 000 რუსული რუბლის (იმ დროისთვის 2740 ევროს) გადახდა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო უკანონოდ დაკავების ვადა და მისი შესაბამისი გავლენა მომჩივანზე, რაც მოიცავდა პიროვნულ აშლილობას, ტანჯვასა და იზოლაციის განცდას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ განხორციელდა. პირველ ეტაპზე მიზეზი იყო ის, რომ მომჩივანმა აღსრულებისთვის შეცდომით მიმართა არასწორ უწყებას, მეორე ცდაზე კი ფინანსთა სამინისტრომ მიუთითა მომჩივანს, რომ სააღსრულებო ფურცელი არასწორად იყო შევსებული, კერძოდ, სწორად არ იყო მითითებული მომჩივნის მისამართი და სხვა დეტალები. საბოლოო ჯამში, 2003 წლის 20 ივნისს ფინანსთა სამინისტრომ გადაურიცხა მომჩივანს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული თანხა. მომჩივანმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მისი თქმით, ერთი მხრივ, დაგვიანებული აღსრულება და, მეორე მხრივ, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება არღვევდა მის უფლებებს, რომლებიც გამომდინარეობდნენ კონვენციის მე-5 მუხლიდან, კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლიდან, კონვენციის მე-6 მუხლიდან და მისი 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლიდან.
სამართალი: სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-5 მუხლი და მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი არ დარღვეულა. სასამართლოს განცხადებით ზემოთ ხსენებული დებულებები არ უკრძალავენ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, კომპენსაციის გაცემამდე, მხარისაგან კონკრეტული ზიანის მტკიცება მოითხოვონ. აღნიშნული დებულებები, აგრეთვე, არ მიუთითებენ რაიმე კონკრეტული თანხის რაოდენობას, რომელიც უნდა იქნას გაცემული კომპენსაციის სახით. სასამართლოს განცხადებით, სახელისუფლებო ორგანოებმა აღიარეს, რომ მსჯავრდება არ იყო კანონიერი, ამავდროულად, ორივე ინსტანციის სასამართლომ ზედმიწევნით განიხილა ინდივიდუალური შემთხვევა და ყველა გარემოება, მათ შორის მომჩივნის პირადი მდგომარეობა, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ბუნება, მისი დაკავების ერთიანი ვადა, პატიმრობის ეფექტები მომჩივანზე, რომელთა საფუძველზეც კომპენსაციის რაოდენობის თაობაზე დასაბუთებული დასკვნა გამოიტანეს. კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში, მხარის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-6 მუხლის1 პარაგრაფი. კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლება იქნებოდა თეორიული თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა დაუშვებდა, რომ საბოლოო, სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილება, მომჩივნის საზიანოდ, აღუსრულებელი დარჩენილიყო. მე-6 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილების აღსრულება დასაშვებია, თუმცა ამან არ უნდა დაარღვიოს მე-6 მუხლის 1 პარაგრაფით გათვალისწინებული უფლება. სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომები არ წარმოადგენდა მომჩივნის პირად შეცდომას; ფინანსთა სამინისტროს 2 წელზე მეტი დასჭირდა აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღსრულების გადავადების გასამართლებლად მთავრობამ ვერ შეძლო დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების დიდი ხნის განმავლობაში აღუსრულებლობამ ხელი შეუშალა მომჩივნის მიერ კომპენსაციის მიღებას, რაც საკუთრებით სარგებლობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა.
სასამართლოს არგუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ თუ შიდა სასამართლოებმა ინდივიდუალურ საფუძველზე, ზედმიწევნით განიხილეს საქმე და მიაქციეს ყურადღება პიროვნულ და სხვა გარემოებებს კომპენსაციის დანიშვნის დროს, ეს არ ჩაითვლება კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევად.
დასკვნა: ზემოთ თქმულისა და კონვენციის 41- მუხლის საფუძველზე, სასამართლომ არ გაითვალისწინა მომჩივნის მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ მისთვის 100 000 ევროს გადახდის თაობაზე და, კომპენსაციის სახით, სახელმწიფოს 3000 ევროს გადახდა დააკისრა.