ბისერ კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ
Biser Kostov v. Bulgaria
საჩივრის ნომერი - 32662/06 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - ბულგარეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 10/01/2012
შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) ეფექტური გამოძიება
საქმეზე ბისერ კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლეხ გარლიცკი, თავმჯდომარე,
დავიდ ტორ ბიორგვინსონი,
ჯორჯ ნიკოლაო,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაიჯიევა,
ნებოცა ვუჩინიჩი,
ვინცენტ ა. დე გაეტანო, მოსამართლეები,
და ფატოს არაცი, სექციის მდივნის მოადგილე,
მოითათბირა დახურულ კარს მიღმა 2011 წლის 6 დეკემბერს, გამოიტანა და ამავე დღეს დაამტკიცა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო განაცხადი #32662/06, რომელიც 2006 წლის 1 აგვისტოს ბულგარეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა ბულგარეთის მოქალაქემ, ბატონმა ბისერ მილანოვ კოსტოვმა (შემდგომში „განმცხადებელი“), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად.
2. განმცხადებლის ინტერესებს იცავდა ქალბატონი ჟ. ალდინოვა, იამბოლ-ში მოღვაწე ადვოკატი. ბულგარეთის მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) სასამართლოში წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ქალბატონი ნ. ნიკოლოვა.
3. განმცხადებელი ჩიოდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ დასაჯეს პირები, რომლებიც მას თავს დაესხნენ.
4. 2010 წლის 4 მარტს მეხუთე სექციის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, განმცხადებლის შეტყობინება მთავრობისთვის ეცნობებინათ. ასევე გადაწყდა, რომ განაცხადის არსებითი მხარე და დასაშვებობის საკითხი ერთდროულად განეხილათ (კონვენციის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი).
5. მოგვიანებით, 2011 წლის 1 თებერვალს სასამართლოს სექციების შემადგენლობათა შეცვლის შემდეგ, განაცხადი მეოთხე სექციას გადაეცა.
ფაქტები
1. საქმის გარემოებები
6. განმცხადებელი დაიბადა 1951 წელს და ცხოვრობს ქ. იამბოლში.
A. 2004 წლის 21 აპრილს მომხდარი ინციდენტი
7. 2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 09:00, განმცხადებელი ქალაქ იამბოლის პატარა სუპერმარკეტში ვაჭრობისას გააჩერა ამ მაღაზიის თანამშრომელმა, არყის პატარა ბოთლის მოპარვის ბრალდებით. ბოთლის ფასი იყო 1.2 ბულგარული ლევი, დაახლოებით 61 ევროცენტის ეკვივალენტი ლევში. სუპერმარკეტის თანამშრომლებმა განმცხადებელი უკან, სამუშაო ოთახში გაიყვანეს და მენეჯერ შ.F.-თან დატოვეს. ამ ფაქტის შესახებ ასევე ეცნობა მაღაზიის მეპატრონეს, P.D.-ს, რომელიც სუპერმარკეტში პოლიციის მისვლამდე გამოცხადდა.
8. ამ პერიოდში ვიღაცამ დაურეკა პოლიციას და შეატყობინა, რომ სუპერმარკეტში მოხდა ქურდობა.
9. განმცხადებლის თქმით, იგი გაჩხრიკეს და ჩამოართვეს სავაჭრო კალათა. ამის შემდეგ შ.F.-მა მას ბრალი დასდო ქურდობაში, სახეში გაარტყა, იატაკზე დააგდო და გულმკერდში წიხლით სცემდა, განმცხადებელი კი ყვიროდა და გაჩერებას სთხოვდა. როცა შ.F. გაჩერდა, განმცხადებელმა წამოდგომა მოახერხა და აღმოაჩინა, რომ მცირე თანხა აკლდა. როცა განმცხადებელმა თანხისა და სათვალის დაბრუნება ითხოვა, რომელიც ცემისას დაუვარდა, შ.F.-მა თავის არეში კვლავ შემოჰკრა ხელი და ძირს დააგდო, რის შემდეგაც P.D.-მ რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა და უთხრა, რომ ასეთი ადამიანები მის ბიზნესს აზარალებდნენ.
10. ცოტა ხნის შემდეგ სუპერმარკეტში ორი პოლიციელი მივიდა, რომლებსაც განმცხადებელი, შ.F.-ისა და P.D.-ს თანდასწრებით, კედელთან მიყენებული დახვდათ. P.D. პოლიციის მოსვლისთანავე წავიდა, სავარაუდოდ, უკანა კარით.
11. განმცხადებლის ვერსიის თანახმად, საგამოძიებო პროცესისას მან პოლიციელებს უთხრა, რომ სცემა ორმა მამაკაცმა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. იგი ასევე აცხადებდა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სიარული უჭირდა და პოლიციელები პოლიციის მანქანამდე მისვლაში დაეხმარნენ. გამოძიების პროცესში პოლიციის ოფიცრებმა აღნიშნეს, რომ სუპერმარკეტში მისვლისას განმცხადებელმა მათ აცნობა ცემის ფაქტის შესახებ. მათ ეჭვქვეშ დააყენეს განმცხადებლის მტკიცება, რომ მას სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, აღნიშნეს რა, რომ განმცხადებელს დაზიანებები არ ჰქონდა და გადაადგილებაც დამოუკიდებლად შეეძლო.
12. პოლიციელებმა განმცხადებელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ქურდობასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. მოსაცდელში, საქმის განმხილველი ოფიცრის ლოდინისას, განმცხადებელმა, სავარაუდოდ, ძლიერი ტკივილი იგრძნო, შენობა დატოვა და უცნობ მძღოლს სახლში წაყვანა სთხოვა.
13. მალევე ზემოხსენებული ორი პოლიციელი განმცხადებლის ბინისკენ გაემართა. მათ იგი სახლის წინ, სკამზე ჩამომჯდარი იპოვეს და ბინაში შეიყვანეს. იქ განმცხადებელმა ხელი მოაწერა ძარცვასთან დაკავშირებულ ოქმს. შემდგომი გამოძიებისას ერთ-ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, რომ განმცხადებელი ბინაში მათი ყოფნისას საწოლზე წამოწვა და ცუდად გამოიყურებოდა.
14. პოლიციელების წასვლის შემდეგ განმცხადებელი ცუდად გახდა და მისმა ცოლმა სასწრაფო გამოიძახა.
B. განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა
15. იმავე დღეს განმცხადებელი მოხვდა იამბოლის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, სადაც დადგინდა, რომ მოტეხილი ჰქონდა ხუთი ნეკნი, აღენიშნებოდა ორმაგი პნევმოთორაქსი, სხეულის ზედა ნაწილის კანქვეშა ემფიზემა და დალურჯებები თავის, გულმკერდისა და მუცლის არეებში.
16. ორი დღის შემდეგ, 2004 წლის 23 აპრილს, განმცხადებელი გადაიყვანეს სტარა ზაგორას საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე გამოკვლევა. სამედიცინო დასკვნების თანახმად, მას ჩამსხვრეული ჰქონდა 10 ნეკნი, აღენიშნებოდა კანქვეშა ემფიზემა, ჰემატომები გულმკერდზე, ზურგსა და ორივე გვერდზე, დიდი ზომის ჰემატომა წელის არეში და ორმაგი ჰემოპნევმოთორაქსი. 2004 წლის 28 აპრილს განმცხადებელს ჩაუტარდა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა ორმხრივი პლევრიტი და ფუნქციური ცვლილებები თირკმელებში, ტრავმის ფონზე.
17. განმცხადებელს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა, ინტერ ალია პლევროცენტეზის ჩათვლით, რა დროსაც 200 მლ სითხე ამოიღეს პლევრის ღრუდან.
18. განმცხადებელი საავადმყოფოდან 2004 წლის 5 მაისს გაწერეს და 45-დღიანი ბიულეტენი მისცეს.
19. 2004 წლის 14 მაისს განმცხადებელმა ჩაიტარა გულმკერდისა და ფილტვების გამოკვლევა. ექიმმა დასკვნაში ყურადღება გაამახვილა ადრე ჩატეხილ ათ ნეკნსა და ფილტვების ფიბროზზე. 2004 წლის 4 ივნისს, მეორე შემოწმებისას, ექიმი იმეორებს მანამდელ დასკვნებს.
c. სისხლის სამართლებრივი გამოძიება
20. 2004 წლის 21 აპრილის საღამოს იამბოლის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ პოლიციას შეატყობინა განმცხადებლის მიღების ფაქტი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პოლიციის ოფიცერი მიავლინეს საავადმყოფოში, თუმცა, მან განმცხადებლის ნახვა ვერ შეძლო მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო.
21. მომდევნო დღეს, 2004 წლის 22 აპრილს, პოლიციის იმავე ოფიცერმა განმცხადებელი საავადმყოფოში მოინახულა. ამ დროისთვის განმცხადებელს ურთიერთობა შეეძლო და პოლიციის ოფიცერს აცნობა, რომ სუპერმარკეტში ორმა მამაკაცმა სცემა და მათი ამოცნობა შეეძლო.
22. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაუდგენელი დამნაშავეების მიმართ.
23. 2004 წლის 23 აპრილს განმცხადებლის მეუღლემ იამბოლის საქალაქო პოლიციის ადმინისტრაციას მიმართა ოფიციალური საჩივრით, რომელშიც აღწერდა ფაქტებს და ითხოვდა გამოძიების დაწყებასა და დამნაშავეთა დასჯას.
24. 2004 წლის 23 აპრილიდან 18 მაისამდე პოლიციის გამომძიებელმა დაკითხა P.D. შ.F. და მაღაზიის ორი თანამშრომელი, ინციდენტის ადგილას გამოძახებული პოლიციელები, პოლიციელი, რომელმაც განმცხადებელი საავადმყოფოში მოინახულა და თვითონ განმცხადებელი. სუპერმარკეტში ნამყოფი პოლიციელების თქმით, განმცხადებელმა, რომელსაც ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, მათ უთხრა, რომ სცემეს, მაგრამ სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ასევე, დამატებით აღნიშნეს, რომ განმცხადებელს დაუხმარებლად სიარული შეეძლო და სამედიცინო დახმარება არ მოუთხოვია. შ.F.-მა განაცხადა, რომ როცა პოლიციაში რეკავდა, განმცხადებელმა ოთახის დატოვება სცადა. შ.F.-მა მას მკერდზე ხელი სტაცა და ეს უკანასკნელი კარს შეეჯახა. მან უარყო განმცხადებლის ცემის ფაქტი და კვლავ აღნიშნა, რომ განმცხადებელი მთვრალი იყო და მათ ემუქრებოდა. P.D. ირწმუნებოდა, რომ როცა ის სუპერმარკეტში მივიდა, შ.F. და განმცხადებელი მართლაც უკანა ოთახში იმყოფებოდნენ, მაგრამ განმცხადებელს, რომელიც მთვრალი იყო, არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. მან უარყო განმცხადებლის ცემის ფაქტი და დამატებით აღნიშნა, რომ არ იცოდა, რა მოხდა განმცხადებელსა და შ.F.-ს შორის, სანამ ისინი მარტო იყვნენ ოთახში. განმცხადებელმა დეტალურად აღწერა ფაქტები, მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, ინციდენტის შემდეგ რამდენიმე მომენტს ბუნდოვნად იხსენებდა მიღებული შოკის გამო.
25. პოლიციის გამომძიებელმა 18 მაისს მოითხოვა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რომლის დასკვნაც მას 2004 წლის 23 მაისს მიეწოდა. ეს დასკვნა იმეორებდა განმცხადებლის სამედიცინო ისტორიაში არსებულ ინფორმაციას. სამედიცინო ექსპერტმა დაასკვნა, რომ განმცხადებელს დაზიანებები შეიძლება მიეღო მის მიერ აღწერილ სიტუაციაში, კერძოდ, მუშტებითა და წიხლებით ცემით, მაგრამ არა შ.F.-ის მიერ აღწერილი ფორმით.
26. 2004 წლის 25 მაისს გამომძიებელმა ამოცნობის პროცედურა ჩაატარა, რა დროსაც განმცხადებელმა ამოიცნო სუპერმარკეტის მენეჯერი შ.F. და ამ სუპერმარკეტის მეპატრონე P.D. - პირები, რომლებმაც იგი სცემეს.
27. 2004 წლის 27 მაისს განმცხადებელი დაკითხა იამბოლის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ. განმცხადებელმა გაიმეორა მოვლენების თანმიმდევრობა და განაცხადა, რომ სასამართლოში სამართალწარმოებისას სამოქალაქო სარჩელს შეიტანდა სავარაუდო დამნაშავეთა წინააღმდეგ.
28. 2004 წლის 2 ივნისს შ.F. დაიკითხა, როგორც ეჭვმიტანილი. მან დუმილის უფლებით ისარგებლა. იმავე დღეს პოლიციის გამომძიებელმა გამოძიება დაასრულა და საქმე იამბოლის საქალაქო პროკურატურას გადასცა იმ საფუძვლით, რომ შ.F. სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო განმცხადებლისთვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამო. როგორც ირკვევა, P.D.-ს ბრალი არ წაჰყენებია.
29. 2004 წლის 8 ივნისს იამბოლის საქალაქო პროკურატურის პროკურორმა ღ.L.-მა შ.F.-ის მიმართ საქმისწარმოება შეწყვიტა, დაადგინა რა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება შ.F.-ისა და P.D.-ს მიერ განმცხადებლის ცემისა. კერძოდ, პროკურორმა განაცხადა, რომ განმცხადებლის მოთხრობილ მოვლენათა თანმიმდევრობა ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მან ამ მიმართულებით ორ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება: პირველი, განმცხადებელმა არ აცნობა პოლიციელებს, რომ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება; და მეორე, მიუხედავად მისი ჩვენებისა, რომ თავში ორჯერ ჩაარტყეს, მოწმეების ჩვენებათა თანახმად, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ექიმების დასკვნებშიც არაფერია ნათქვამი მათ შესახებ. დამატებით, პროკურორმა აღნიშნა, რომ განმცხადებელს ბუნდოვნად ახსოვდა ინციდენტის შემდგომი პერიოდი.
30. განმცხადებელმა (თარიღი დაუდგენელია) გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მან კვლავ გაიმეორა, რომ აცნობა პოლიციელებს მისი ცემის შესახებ, და რომ დაზიანებები, ბუნებრივია, თვალსაჩინო მოგვიანებით გახდა. მან ასევე სადავო გახადა მოვლენათა პროკურორისეული ვერსია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, იმგვარად განიმარტებოდა, თითქოს მან თავი თვითონ დაიზიანა.
31. 2004 წლის 2 ივლისს იამბოლის საქალაქო სასამართლომ პროკურორის დადგენილება დაუსაბუთებლობის საფუძვლით გააუქმა და საქმე შემდგომი გამოძიებისთვის დააბრუნა. მოსამართლე D.შ.-მა დაადგინა, რომ საქმეში იყო არსებითი ფაქტობრივი მტკიცებულება მაღაზიაში ორი მამაკაცის მიერ განმცხადებლის ცემის შესახებ. პროკურორის დასკვნებთან დაკავშირებით კი სასამართლომ აღნიშნა: ინციდენტის დასრულებისთანავე განმცხადებელმა პოლიციელებს აცნობა, რომ ორმა ადამიანმა სცემა, შემდგომ კი ამოიცნო ისინი. სავარაუდო ჩარტყმა თავში კი დაფიქსირდა სამედიცინო დოკუმენტში, რომელშიც ინტერ ალია მითითებულია, რომ პაციენტს აღენიშნებოდა სხეულის ზედა ნაწილის კანქვეშა ემფიზემა და თავის დახურული ტრავმა. სასამართლომ ასევე მოიხმო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომელშიც დადგენილია, რომ განმცხადებელს დაზიანებები, შესაძლოა, მის მიერ აღწერილ გარემოებებში მიეღო, კერძოდ, მუშტებითა და წიხლებით ცემისას, მაგრამ არა შ.F.-ის მიერ აღწერილი ფორმით.
32. საქმის დაბრუნების შემდეგ, 2004 წლის 15 ივლისს, პროკურორმა მითითება მისცა გამომძიებელს, დაეკითხა პოლიციის ის ოფიცრები, რომლებმაც განმცხადებელი პოლიციის განყოფილებაში ნახეს, რათა გაერკვია, აღენიშნებოდა თუ არა განმცხადებელს თვალსაჩინო დაზიანებები, მოითხოვა თუ არა სამედიცინო დახმარება, თუ დასჭირდა სიარულისას დახმარება და თუ იყო ნასვამი. 2004 წლის 16 და 19 ივლისს პოლიციის გამომძიებელმა რამდენიმე პოლიციელი დაკითხა. მოწმეებმა განაცხადეს, რომ განმცხადებელს შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და თვალსაჩინო დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
33. 2004 წლის 20 ივლისს პოლიციის გამომძიებელმა გამოძიება დაასრულა და საქმე პროკურატურას გადასცა იმ საფუძვლით, რომ შ.F. სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო განმცხადებლისთვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამო.
34. 2004 წლის 22 ივლისს პროკურორმა ღ.L.-მა შ.F.-ის მიმართ კვლავ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე იდენტური საფუძვლით - რომ დამატებითი საგამოძიებო ზომების მიღების მიუხედავად, არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა განმცხადებლის ცემას სავარაუდო დამნაშავეების მიერ. მან დამატებით მიუთითა, რომ განმცხადებელს სამედიცინო დახმარება არ მოუთხოვია და თვალსაჩინო დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
35. განმცხადებელმა წინამდებარე დადგენილება გაასაჩივრა, კვლავ აღნიშნა რა, რომ პროკურორმა არსებითი მტკიცებულების განხილვა ვერ შეძლო. დამატებით, იგი ირწმუნებოდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ამყარებდა მის ბრალდებებს არა მარტო შ.F.-ის, არამედ P.D.-ის წინააღმდეგ.
36. 2004 წლის 4 ოქტომბერს იამბოლის საქალაქო სასამართლომ გააუქმა 2004 წლის 22 ივლისის დადგენილება - დაუსაბუთებლობის გამო - და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის დააბრუნა. მოსამართლე G.K.-მ, სახელდობრ, აღნიშნა: განმცხადებელმა პოლიციელებს განუცხადა, რომ სცემეს და მოგვიანებით სავარაუდო დამნაშავეებიც ამოიცნო; მეტიც, მისი განცხადებები დაზიანებებთან დაკავშირებით ექიმების დასკვნებითაც გამყარდა. ამის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ საკმარისი მტკიცებულება არსებობდა ბრალდებულთა წარსადგენად სასამართლოს წინაშე. თუმცა, მტკიცებულებათა გასამყარებლად, სასამართლომ საგამოძიებო ორგანოებს მითითება მისცა, დაეკითხათ განმცხადებლის მეუღლე და მაღაზიის თანამშრომელი, რომელიც მანამდე არ დაკითხულა.
37. საქმის გამოძიებაში დაბრუნების შემდეგ, სასამართლოს მითითების შესაბამისად, პოლიციის გამომძიებელმა ზემოაღნიშნული მოწმეები დაკითხა. 2004 წლის 15 ოქტომბერს პოლიციის გამომძიებელმა გამოძიება დაასრულა და საქმე პროკურატურას გადაუგზავნა იმ საფუძვლით, რომ შ.F. სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო.
38. 2004 წლის 3 ნოემბერს პროკურორმა ღ.L.-მა, იმავე საფუძვლით, კვლავ შეწყვიტა სისხლის სამართალწარმოება შ.F.-ის წინააღმდეგ. მან ასევე დაასკვნა, რომ დამატებით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები მის ადრინდელ დასკვნებს ვერ ცვლიდა.
39. განმცხადებელმა აღნიშნული გაასაჩივრა და, საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კვლავ მოიხმო ადრინდელი არგუმენტები. 2004 წლის 9 დეკემბერს საქალაქო სასამართლომ გააუქმა 2004 წლის 3 ნოემბრის დადგენილება და საქმე მესამედ დაუბრუნა გამოძიებას. მოსამართლე N.N.-მა აღნიშნა, რომ დაზიანებათა უმრავლესობა შინაგანი იყო და, შესაბამისად, მოწმეებმა ისინი გარეგნულად ვერ შენიშნეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორის დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამებოდა, მან არ გაითვალისწინა სამედიცინო დასკვნები, და რომ საკმარისი მტკიცებულება არსებობდა დამნაშავეთა დასასჯელად. ასევე მისი მითითებით, პროკურორს უნდა დაეკითხა ერთ-ერთი იმ პოლიციელთაგანი, რომელიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა.
40. ამის პარალელურად, განმცხადებელმა იამბოლის საოლქო საზოგადოებრივ პროკურატურას მიმართა საჩივრით, რომელშიც აღნიშნა, რომ პროკურორი ღ.L. მიკერძოებული იყო და ითხოვდა მის აცილებას. 2004 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით, საოლქო პროკურორმა საჩივარი არ დააკმაყოფილა. მან დაადგინა, რომ გამოძიების შეწყვეტა ეფუძნებოდა პროკურორის მოსაზრებას, ჩამოყალიბებულს სასამართლოს მითითებით ჩატარებული დამატებითი გამოძიების საფუძველზე, და სხვა მინიშნებათა არარსებობის შემთხვევაში, უბრალო ფაქტი, რომ პროკურორმა სამართალწარმოება რამდენჯერმე შეწყვიტა, მის მიკერძოებულობას არ ადასტურებდა.
41. 2005 წლის 17 იანვარს პოლიციის გამომძიებელმა ერთ-ერთი იმ პოლიციელთაგანი დაკითხა, რომელიც სუპერმარკეტში იმყოფებოდა და 2005 წლის 21 იანვარს გამოძიება დაასრულა იმ მოსაზრებით, რომ ბრალდებული სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო. 2005 წლის 25 თებერვალს იმავე პროკურორმა, იმავე საფუძვლით, მეოთხედ შეწყვიტა სისხლის სამართლწარმოება. მან აღნიშნა, რომ განმცხადებელს ბუნდოვნად ახსოვდა საქმის გარემოებები და არ არსებობდა ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა მის მიერ პოლიციის განყოფილების დატოვებიდან შინ მისვლამდე.
42. განმცხადებელმა აღნიშნული დადგენილება კვლავ გაასაჩივრა. 2005 წლის 11 ივლისს საქალაქო სასამართლომ გააუქმა 2005 წლის 25 თებერვლის დადგენილება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, და საქმე გამოძიებას დაუბრუნა. მოსამართლე A.A.-მ დაადგინა ინტერ ალია: პროკურორის დასკვნები მიანიშნებდა იმაზე, რომ განმცხადებელმა პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ როგორღაც თავი დაიზიანა ან უცნობი პირების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ დროისა და ადგილის გათვალისწინებით, რა პირობებშიც, პროკურორის ვერსიით, უნდა მომხდარიყო ინციდენტი - კერძოდ, განმცხადებლის შინ დაბრუნებისას - ძნელი სავარაუდოა, ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
D. სისხლის სამართალწარმოების შეწყვეტა
43. ამის პარალელურად, (თარიღი დაუდგენელია) შ.F.-მა, 1974 წლის სისხლის საპროცესო კოდექსის 239-ე (ა) პუნქტის თანახმად, მოითხოვა, რომ მისი საქმე სასამართლოს განეხილა ან სამართალწარმოება შეწყვეტილიყო, რადგან ისედაც დიდხანს გაგრძელდა. 2005 წლის 24 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ პროკურორს მითითება მისცა: ან ორი თვის ვადაში საბრალდებო დასკვნა წარედგინა მისთვის, ან საქმისწარმოება შეეწყვიტა.
44. ირკვევა, რომ გამოძიება არ ჩატარებულა 2005 წლის 11 ივლისიდან 2 დეკემბრამდე. 2005 წლის 2 დეკემბერს საქმე გადაეცა სხვა პროკურორს, რადგან პროკურორი ღ.L. დააწინაურეს.
45. 2006 წლის 10 იანვარს პროკურორმა მითითება მისცა პოლიციის სხვა გამომძიებელს, გაეგრძელებინა გამოძიება.
46. 2006 წლის 17 იანვარს პოლიციის გამომძიებელმა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. 2006 წლის 2 თებერვლამდე (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) სამედიცინო ექსპერტმა თავისი დასკვნები წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ განმცხადებლის დაზიანებები დამძიმდა დროის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, ინციდენტის მერე მას ჯერ კიდევ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ასევე აღნიშნა, რომ ჰემატომა თვალსაჩინო ხდება სისხლჩაქცევიდან ნახევარი საათის შემდეგ, ორ საათის განმავლობაში, შესაბამისად, შესაძლებელი იყო, განმცხადებლის დაზიანებები მაშინვე ვერ შეენიშნათ.
47. ამასობაში 239 (ა) მუხლის საფუძველზე დადგენილი ორთვიანი ვადა - იმისთვის, რომ საქმისწარმოება ან შეწყვეტილიყო, ან პროკურორს საბრალდებო დასკვნით მიემართა სასამართლოსთვის - ამოიწურა. საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 9 თებერვალს შეწყვიტა სისხლის სამართალწარმოება.
48. განმცხადებელმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. იგი ამტკიცებდა: იმის გათვალისწინებით, რომ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მძიმე დანაშაული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად და ბრალდებულს, შესაბამისად, უფლება ჰქონდა სამართალწარმოების პროცესის შეწყვეტა მოეთხოვა გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ეს ვადა არ იყო ამოწურული და განმცხადებლის მოთხოვნაც ამ საკითხთან დაკავშირებით ნაადრევი გახლდათ.
49. 2006 წლის 8 მაისს იამბოლის საოლქო სასამართლომ წინა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მან დაადგინა, რომ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მე-7 პუნქტის ფარგლებში არ ხვდებოდა და, შესაბამისად, ბრალდებულის მოთხოვნა ნაადრევი არ ყოფილა. სასამართლომ დაასაბუთა, რომ 1974 წლის სისხლის საპროცესო კოდექსის 239(ა) მუხლის თანახმად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებულს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მისი საქმის განხილვა ან შეწყვეტა სასამართლოს მიერ. წინამდებარე საქმეში სასამართლო უფლებამოსილი იყო დაედგინა მხოლოდ ის, თუ რამდენად დაიცვეს საგამოძიებო ორგანოებმა ვადები და არ შეეძლო საქმის არსებითად განხილვა.
E. სხვა მოვლენები
50. 2006 წლის 3 აგვისტოს განმცხადებელმა მთავარ საზოგადოებრივ პროკურორს მიმართა საჩივრით, რომელშიც აცხადებდა, რომ პროკურორმა ღ.L.-მა რამდენჯერმე შეწყვიტა სისხლის სამართალწარმოება; მიუხედავად სასამართლოს მითითებებისა, ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარედგინა, მეორე პროკურორმა, რომელსაც საქმე მოგვიანებით გადაეცა, არაფერი მოიმოქმედა და ხელი შეუწყო საქმისწარმოების შეწყვეტას.
51. 2006 წლის 16 აგვისტოს უმაღლესი საკასაციო პროკურატურის პროკურორმა მოკვლევა ჩაატარა განმცხადებლის ბრალდებათა ირგვლივ და საქმეზე მომუშავე მეორე პროკურორისა და ზემდგომი პროკურორისაგან ახსნა-განმარტება ითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაგვიანდა სასამართლოსთვის საბრალდებო დასკვნის მიწოდება.
52. 2007 წლის 30 აგვისტოს იამბოლის საქალაქო პროკურორმა უმაღლეს საკასაციო პროკურატურას აცნობა, რომ საქმეზე მომუშავე პროკურორის მიმართ დისციპლინური სანქციები არ დაწესებულა, რადგან იგი სანდო თანამშრომლად ითვლებოდა და ის, რომ საბრალდებო დასკვნა დროულად ვერ მომზადდა, იყო შეცდომა, რომელიც განზრახ არ დაუშვია.
53. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, დაწესდა თუ არა რაიმე დისციპლინური სანქცია პროკურორ ღ.L.-ის მიმართ.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
1. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება
54. 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსი სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას (средна телесна повреда) განსაზღვრავს, როგორც ინტერ ალია ჯანმრთელობის დროებით საშიშ მდგომარეობას სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობის მუდმივ აშლილობას, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს (129-ე მუხლის მე-2 პუნქტი). იმ დროისათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ნებით მიყენება ისჯებოდა 5 წლამდე პატიმრობით (129 (1)). ის ექვემდებარება საზოგადოებრივ დევნას (მუხლი 161).
55. 93-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ დანაშაული, რომელიც ისჯება 5 წელზე მეტი ვადით, უნდა ჩაითვალოს „მძიმედ“ ამ კოდექსის მიზნებისათვის.
2. საქმის სასამართლოსთვის გადაცემა ბრალდებულის მოთხოვნით
56. შესაბამის დროს მოქმედი 1974 წლის სისხლის საპროცესო კოდექსის 239(ა) მუხლი ინტერ ალია ითვალისწინებდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირებს, რომელთა მიმართაც წინასწარი გამოძიება ერთ წელიწადში დასრულდა, უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ მათი საქმის განხილვა ან შეწყვეტა სასამართლოს მიერ. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნა შესაძლებელი იყო, თუ შესაბამისი ორგანოები ორი წლის განმავლობაში წინასწარ გამოძიებას ვერ დაასრულებდნენ.
57. ამგვარ შემთხვევაში, სასამართლო საქმეს უგზავნის საზოგადოებრივ პროკურორს მითითებით, რომ ორი თვის ვადაში საბრალდებო დასკვნით მიმართოს სასამართლოს, ან შეწყვიტოს საქმისწარმოება. თუ პროკურატურა უმოქმედოა, სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს სისხლის სამართალწარმოება.
58. წინამდებარე დებულება თითქმის სიტყვა-სიტყვით გადავიდა 2005 წლის ახალი სისხლის საპროცესო კოდექსის 368-ე და 369-ე მუხლებში. 2010 წლის 25 მარტს პარლამენტმა 368-ე და 369-ე მუხლები გააუქმა, რაც ძალაში 2010 წლის 28 მაისს შევიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (реш. № 10 от 28 септември 2010 г. по к. д. № 10/2010 г. обн. ДВ, бр. 80 от 12 октомври
2010 г.), რესპუბლიკის პრეზიდენტის მოთხოვნას - მუხლების გაუქმება არაკონსტიტუციურად ეცნო - უარი უთხრა. მან დაადგინა, რომ კანონის შესაბამისი მუხლების გაუქმება კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა. ასევე, ინტერ ალია აღნიშნა: გაუქმებული პროცედურის სისუსტე ის იყო, რომ იგი იყენებდა ფორმალურ, პირწმინდად რაოდენობრივ პრინციპებს, რათა განესაზღვრა წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის „გონივრული დრო“. მან დამატებით აღნიშნა: საქმეთა დიდ ნაწილში ამ მიდგომებით, შესაძლოა, სწორი დასკვნა გაკეთებულიყო, მაგრამ ზოგ რთულ საქმეში ეს პრინციპი, საზოგადოებრივი ინტერესის საზიანოდ - რომ ყველა დამნაშავე უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე - ბრალდებულს არასათანადო უპირატესობას ანიჭებდა.
3. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მიყენებულ ზიანზე
59. ზიანზე სახელმწიფოსა და თვითმმართველობათა პასუხისმგებლობების შესახებ 1988 წლის აქტის (შემდგომში „სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აქტი“) 1-ლი სექციის თანახმად, სახელმწიფო პასუხისმგებელია ზიანზე, რაც ინდივიდს მიადგა იმ უკანონო გადაწყვეტილებათა შედეგად, რომლებიც მიღებულია სახელმწიფო ორგანოებისა და მისი მოხელეების ქმედებებით ან უმოქმედობით, ადმინისტრაციული ქმედებისას ან მასთან დაკავშირებით. უმაღლესი საკასაციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სისხლის სამართლის გამოძიების კონტექსტში, საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოთა ქმედებები ადმინისტრაციული არ არის და, შესაბამისად, ზემოხსენებული ორგანოები აქტის 1-ლი სექციის მოქმედების ქვეშ არ ხვდებიან (тълк. реш. № 3 от 22 април 2005 г. на ВКС по тълк.д. № 3/2004 г. ОСГК).
60. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აქტის მეორე სექცია ადგენს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ზიანზე, რომელიც ინდივიდს მიადგა ინტერ ალია საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების მიერ - (ი) უკანონო წინასწარი პატიმრობის სახით, (იი) ბრალის უკანონოდ წარდგენით, (იიი) სასჯელის აღსრულებით მისჯილზე მეტი ვადით.
სამართალი
1. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
61. განმცხადებელი ჩიოდა, რომ მის მიმართ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტიანი იყო. მტკიცებისას იგი მოიხმობდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტს.
62. სასამართლო მიიჩნევს, რომ განაცხადის ეს ნაწილი ხვდება კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს: „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
A. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობა
63. მთავრობის მტკიცებით, განმცხადებელს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები არ ამოუწურავს, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აქტის თანახმად, მას საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ შუამდგომლობა არ დაუყენებია, არც სავარაუდო დამნაშავეთა წინააღმდეგ შეუტანია სამოქალაქო საჩივარი.
64. დამატებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო და დროულად და ყოვლისმომცველად მიმდინარეობდა. პროკურორი ზუსტად ითვალისწინებდა მოსამართლის მითითებებს საქმის გამოძიებაში დაბრუნებისას და შესაბამის დამატებით საგამოძიებო ქმედებებს ასრულებდა.
65. სათანადო ორგანოებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს ფაქტების დასადგენად და საქმეზე მოაგროვეს არსებითი მტკიცებულებები. ამგვარად, მთავრობის აზრით, დადგინდა, რომ განმცხადებელმა მიიღო ალკოჰოლი, სუპერმარკეტში იქურდა და იმის ნაცვლად, რომ პოლიციელებისთვის დახმარება ეთხოვა, პრაქტიკულად გაიპარა პოლიციის განყოფილებიდან.
66. მთავრობამ დამატებით აღნიშნა, რომ განმცხადებლის ვერსიაში საუბარია ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებზე, რომლებიც არ მყარდება მოწმეთა ჩვენებებით ან სამედიცინო დოკუმენტებით. მთავრობამ აღნიშნა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში საკმარისი დამაჯერებლობით ვერ დადგინდა, რომ განმცხადებელი დაზიანდა მის მიერ აღწერილი ქმედებებით. ასევე, 2004 წლის 4 ივნისის ჩანაწერში ექიმი აღნიშნავს „ძველ დაზიანებებს“ განმცხადებლის ნეკნზე, რაც ეჭვს ბადებს ამ დაზიანებათა ზუსტ დროსთან დაკავშირებით.
2. განმცხადებელი
67. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მას არ ევალებოდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აქტის გამოყენება, რადგან იგი არც ბრალდებული იყო და არც მსჯავრდებული.
68. განმცხადებელი დამატებით აღნიშნავს, რომ მას ქურდობა არასოდეს ჩაუდენია და რომც ჩაედინა, ეს უკანასკნელი მაინც ვერ გაამართლებდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. ამას გარდა, მან სამედიცინო დახმარება ინციდენტის დღესვე ითხოვა და მისი დაზიანებები აღწერილია რამდენიმე სამედიცინო დოკუმენტში. მთავრობის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის დასკვნა სათანადოდ დამაჯერებელი არ იყო, განმცხადებელი ირწმუნება: ექსპერტიზის დასკვნაში ნათლადაა დადგენილი, რომ დაზიანებები პირს შეიძლება მიეღო მის მიერ აღწერილი ფორმით.
69. განმცხადებელი დამატებით ამტკიცებს, რომ გამოძიება ეფექტიანად ვერ ჩაითვლებოდა. იგი აღნიშნავს, რომ პროკურორმა ვერ შეძლო სათანადო გამოძიების ჩატარება, მიუხედავად სასამართლოს უამრავი მითითებისა. ვადაში გაწელილი და დაგვიანებული გამოძიების შედეგად, ბრალდებულმა მოახერხა სამართალწარმოების შეწყვეტა 1974 წლის სისხლის საპროცესო კოდექსის 239(ა) მუხლის შესაბამისად.
B. სასამართლოს შეფასება
1. დასაშვებობა
70. მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებელს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები არ ამოუწურავს, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აქტის თანახმად, მას შეეძლო შუამდგომლობა დაეყენებინა საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ, ან სავარაუდო დამნაშავეთა წინააღმდეგ შეეტანა სამოქალაქო საჩივარი.
71. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოტენციური საჩივარი საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ არ ხვდება სახელწიფოს პასუხისმგებლობის აქტის ფარგლებში. ადგილობრივი პრეცედენტებით, საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოები პასუხისმგებელნი არ არიან სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აქტის 1-ლი სექციის შესრულებაზე. ამავე დროს, მეორე სექციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული გარემოებები, რომლებშიც შეიძლება დაისვას საგამოძიებო ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა, ამ სიაში არ ხვდება განმცხადებელის სიტუაცია (იხ. ზემოთ პუნქტები 59-60). ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა მტკიცება იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აქტი წინამდებარე საქმეში უნდა გამოყენებულიყო - შესაბამისი შიდასამართლებრივი პრეცედენტების წარმოდგენით, მსგავს სიტუაციებში ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
72. რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეთა წინააღმდეგ სამოქალაქო საჩივრის შეტანას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს, რომელმაც სისხლის სამართლის სისტემაში არსებული ყველა შესაძლებლობა ამოწურა, არ მოეთხოვებოდა მთავრობის მიერ აღნიშნული დაცვის სამოქალაქო სამართლებრივი საშუალების გამოყენება (იხ. მუტატის მუტანდის, Aსსენოვ ანდ Oტჰერს ვ. Bულგარია, 28 ოქტომბერი 1998, § 86, ღეპორტს ოფ ჟუდგმენტს ანდ Dეცისიონს 1998 VIII). მეტიც, სამოქალაქო სამართლებრივი საშუალება, რომელზეც მთავრობამ გაამახვილა ყურადღება, წინამდებარე საქმის გარემოებებში ვერ ჩაითვლებოდა საკმარისად მე-3 მუხლის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან იგი მიზნად ისახავდა ზიანის ანაზღაურებას, და არა დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას (იხ. Bეგანოვიć ვ. ჩროატია, ნო. 46423/06, § 56, 25 ივნისი 2009).
73. შესაბამისად, სასამართლო უკუაგდებს მთავრობის არგუმენტს მე-3 მუხლთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრის მიმართ, რომ განმცხადებელს დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები არ ამოუწურავს.
74. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განაცხადის ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელი არ არის კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(ა) პუნქტის მიხედვით და დაუშვებელი არ არის არც ერთი სხვა საფუძვლით. შესაბამისად, იგი ცხადდება დასაშვებად.
2. საქმის არსებითი მხარეები
(ა) ზოგადი პრინციპები
75. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მე-3 მუხლი ითვალისწინებს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. იგი აბსოლუტური იმპერატიულობით კრძალავს წამებას ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
76. არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა მოხვდეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. ამ ზღვრის შეფასება ფარდობითია, იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა: მოპყრობის ბუნება და კონტექსტი, მისი ხანგრძლივობა, ფიზიკური და სულიერი შედეგები და, ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობა (იხ. A. ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ, 23 სექტემბერი 1998, § 20, ღეპორტს ოფ ჟუდგმენტს ანდ Dეცისიონს 1998 VI).
77. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონვენციის 1-ლი მუხლით, მა- ღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია, მისი იურისდიქციის ქვეშ ყველასთვის უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. კონვენციის ეს მუხლი, მე-3 მუხლთან ერთად, სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მათი იურისდიქციის
ქვეშ მყოფი პირები არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას, კერძო პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ჩათვლით (იხ. სხვა საქმეებთან ერთად, Šეčიć ვ. ჩროატია, ნო. 40116/02, § 52, 31 მაისი 2007).
78. როდესაც ინდივიდი არასათანადო მოპყრობის შესახებ დასაბუთებულ საჩივარს წარადგენს (აქ იგულისხმება საჩივრები კერძო პირთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შესახებაც), კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, სახელწიფოს ეკისრება საპროცესო ვალდებულება - ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება კანონის ფარგლებში (იხ. Šეčიć, ციტირებულია ზემოთ, § 53; Nიკოლაყ Dიმიტროვ ვ. Bულგარია, ნო. 72663/01, § 67, 27 სექტემბერი 2007 და, მუტატის მუტანდის, Mენსონ ანდ Oტჰერს ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ (დეც.), ნო. 47916/99, 6 მაისი 2003). გამოძიებისას შესაძლებელი უნდა გახდეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა მათი დასჯის მიზნით.
79. ამ ვალდებულების ფარგლები სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი საშუალებაა, და არა ერთ-ერთი შედეგი; შესაბამისმა ორგანოებმა მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადადგან, რათა დაიცვან ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები (იხ. Nიკოლაყ Dიმიტროვ, ციტირებულია ზემოთ, § 69, და, მუტატის მუტანდის, Mენსონ ანდ Oტჰერს, ციტირებულია ზემოთ). ამ კონტექსტში ნათელი მოთხოვნაა გამოძიების დაუყოვნებლივ და გონივრული სისწრაფით ჩატარება. ხელისუფლების ორგანოთა შემწყნარებლობა ამგვარი ქმედებების მიმართ მხოლოდ დააკნინებს საზოგადოების რწმენას კანონიერების პრინციპისა და სახელმწიფოს მიერ სამართლებრივი წყობის შენარჩუნებისადმი (იხ. მაგალითად, Mემბერს (97) ოფ ტჰე Gლდანი ჩონგრეგატიონ ოფ ჟეჰოვაჰ’ს ჭიტნესსეს ვ. Gეორგია, ნო. 71156/01, § 97, EჩHღ 2007 V, და Mილანოვიć ვ. შერბია, ნო. 44614/07, § 86, 14 დეკემბერი 2010).
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
80. სასამართლოსათვის მიწოდებული სანდო და ამომწურავი სამედიცინო მტკიცებულების საფუძველზე, რომელშიც დადგენილია, რომ განმცხადებელს გატეხილი ჰქონდა ათი ნეკნი, სხეულის ზედა ნაწილზე აღენიშნებოდა დიდი ზომის სისხლჩაქცევები, ჰქონდა ემფიზემა და პნევმოთორაქსი და საჭიროებდა სერიოზულ ქირურგიულ ჩარევას, სასამართლო მიიჩნევს: განმცხადებლის მიერ გასაჩივრებული მოპყრობა საკმარისად სერიოზული იყო იმისათვის, რომ კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არასათანადო მოპყრობად ჩაეთვალათ.
81. შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებოდათ საპროცესო ვალდებულება, კანონის ფარგლებში ჩაეტარებინათ ოფიციალური გამოძიება. სასამართლო აღნიშნავს, რომ სათანადო ორგანოებმა თავდაპირველად რამდენიმე საგამო- ძიებო ნაბიჯი გადადგეს. მათ ინციდენტიდან მალევე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, დაკითხეს მოწმეები, ჩაატარეს სამედიცინო ექსპერტიზა და ამოცნობის პროცედურა. პოლიციის გამომძიებელმა - როგორც საწყის, ასევე განახლებულ საგამო- ძიებო ეტაპებზე - შეაფასა რა მტკიცებულებები, მიმართა პროკურორს, რომ შ.F. წარედგინა სასამართლოს წინაშე. ეს ყოველივე მიანიშნებს იმაზე, რომ გამოძიების საწყის ეტაპებზე ხელისუფლების ორგანოებმა გონივრული ძალისხმევა გამოიყენეს მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და ფაქტების დასადგენად.
82. მეორე მხრივ, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პროკურორმა, დაასკვნა რა, რომ სუპერმარკეტში არასათანადო მოპყრობა არ მომხდარა, გადაწყვიტა სამართალწარმოება შეეწყვიტა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი დაეყრდნო ორ მთავარ საფუძველს - განმცხადებელს პოლიციის ოფიცრებისათვის არ უთხოვია, უზრუნველეყოთ სამედიცინო დახმარებით; და მიუხედავად განმცხადებლის არაერთი საჩივრისა, რომ მას თავში ორჯერ ჩაარტყეს, მოწმეებს არაფერი უთქვამთ ამ ადამიანის სხეულის დაზიანებათა შესახებ, ექიმებს კი, რომლებმაც იგი გამოიკვლიეს, ამგვარი დაზიანებები არ დაუფიქსირებიათ. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა სცადა პროკურორის დადგენილებათა გადასინჯვა სასამართლო წესით, რა დროსაც იგი სადავოს ხდიდა ამ დადგენილებების დასაბუთებულობას და ხაზს უსვამდა, რომ განმცხადებლის საჩივრების განხილვისას ადგილობრივი სასამართლო მის არგუმენტაციას ეთანხმებოდა და პროკურორის დასკვნებს, როგორც დაუსაბუთებელს, უარყოფდა (იხ. ზემოთ პუნქტები 30 და 31). თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიუხედავად, რომლებიც ცალსახად აქარწყლებდა საქმისწარმოების შეწყვეტის ორივე არსებით არგუმენტს, პროკურორმა საქმისწარმოება კიდევ სამჯერ შეწყვიტა იმავე არგუმენტით, რამაც სასამართლო გადასინჯვა პრაქტიკულად არაეფექტიან საშუალებად აქცია.
83. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო - აცნობიერებს რა, რომ პროკურორს გარკვეული დისკრეცია ჰქონდა მტკიცებულებათა შეფასების დროს და იმის გადაწყვეტისას, წარედგინა თუ არა ბრალდებული სასამართლოს წინაშე - ადგენს: წინამდებარე საქმის გარემოებებში, ერთი და იმავე საფუძვლით სისხლის სამართალწარმოების ოთხჯერ შეწყვეტით - მიუხედავად სასამართლოს დადგენილებებისა, რომლებიც არ ეთანხმებოდა პროკურორის პოზიციას და ღიად აცხადებდა, რომ საკმარისი მტკიცებულება არსებობდა ბრალდებულის სასამართლოს წინაშე წარსადგენად - პროკურატურამ ვერ შეძლო ემოქმედა სათანადოდ და გაუმართლებლად დააბრკოლა სამართალწარმოების პროცესი.
84. ამას გარდა, საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდგომ, რომლითაც პროკურატურას ორთვიანი ვადა მიეცა საბრალდებო დასკვნის წარმოსადგენად, იგი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ ემოქმედა. ამის ნაცვლად, პროკურატურამ საქმეზე მუშაობა 2006 წლის 10 იანვარს განაგრძო და სამედიცინო ექსპერტიზა მხოლოდ 2006 წლის 17 იანვარს მოითხოვა. ექსპერტის ანგარიში შესაბამის ორგანოებს 2006 წლის 2 თებერვალს გადაეცათ, მაგრამ ანგარიშისეული დასკვნების მიუხედავად, მათ მაინც ვერ შეძლეს დაუყოვნებლივ ემოქმედათ. ამგვარად, პროკურორის მიერ საქმის გაწელვის შედეგად, სამართალწარმოება შეწყდა, 1974 წლის სისხლის საპროცესო კოდექსის 239(ა) მუხლის თანახმად.
85. რაც შეეხება 239(ა) მუხლით დადგენილ პროცედურას, სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ ეს იყო ერთადერთი სამართლებრივი საშუალება, რომელიც შესაძლოა ეფექტიანად ჩათვლილიყო (ზოგიერთ სიტუაციაში მაინც) სისხლის სამართალწარმოების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებულ საჩივრებთან მიმართებით. თუმცა, როგორც ბულგარეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა (იხ. ზემოთ პუნქტი 58), ეს სამართლებრივი საშუალება იყენებდა ფორმალურ კრიტერიუმს „გონივრული დროის“ განსაზღვრისათვის, რასაც, ზოგიერთ საქმეში, შესაძლოა, შედეგად მოჰყოლოდა სისხლის სამართლებრივი დევნის ნაადრევი შეწყვეტა, ეს კი ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს - დამნა- შავენი წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე (იხ. Dიმიტროვ ანდ Hამანოვ ვ. Bულგარია, ნოს. 48059/06 ანდ 2708/09, § 119, 10 მაისი 2011). სასამართლოს აზრით, სწორედ ასე მოხდა წინამდებარე საქმეშიც. ბრალდებულის მიერ 239(ა) მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალების წარმატებით გამოყენებამ არასრული გამოძიება - რომელიც ხასიათდებოდა პროკურორის დაჟინებული უარით, გაეთვალისწინებინა სასამართლოს მიერ არაერთხელ აღნიშნული საკითხები - მყისიერად დაამთავრა. შედეგი უნდა ჩაითვალოს მოპასუხე სახელმწიფოსათვის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად დადგენილ საპროცესო ვალდებულებათა შესრულების მოთხოვნის დარღვევად (იხ. ამასთან დაკავშირებით, Bეგანოვიć, ციტირებულია ზემოთ, §§ 85-87).
86. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმეში ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს, ეფექტიანად გამოეძიებინათ განმცხადებლის ბრალდებები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია შესაბამისი საგამოძიებო ვადის ამოწურვა და მოსპო შემდგომი დევნის შესაძლებლობა. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის საპროცესო მოთხოვნები.
II. განაცხადის სხვა ნაწილები
87. განმცხადებელი, მოიხმობდა რა მე-6 მუხლის 1-ლ პუქნტს, ასევე ჩიოდა, რომ საზოგადოებრივი პროკურორის უმოქმედობამ ხელი შეუშალა, თავდამსხმელებისგან ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა.
88. სასამართლომ განიხილა განაცხადის ეს ნაწილი. თუმცა, მის ხელთ არსებული ყველა მასალის შესწავლის საფუძველზე - და იმ კომპეტენციით, რომელშიც განსახილველი საკითხი მოხვდა - დაადგინა, რომ არ ვლინდებოდა კონვენციასა და მის ოქმებში არსებულ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა.
89. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ განაცხადის ამ ნაწილს უარი უნდა ეთქვას აშკარა დაუსაბუთებლობის გამო, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
90. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად: „თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
A. ზიანი
91. განმცხადებელი არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ ითხოვდა 15 000 ევროს.
92. მთავრობამ ამ მოთხოვნას დაუსაბუთებელი და გადამეტებული უწოდა და იგი სადავო გახადა.
93. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი უფლებათა დარღვევის დადგენის შედეგად შფოთვასა და იმედგაცრუებას განიცდიდა. ამიტომ, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელს ანიჭებს 4 000 ევროს.
B. ხარჯები და დანახარჯები
94. განმცხადებელი ასევე ითხოვდა 1 500 ევროს - წინამდებარე განაცხადის კომუნიცირების შემდეგ სასამართლოში მისი იურიდიული მომსახურების
ხარჯებისა და დანახარჯებისათვის. ამ მოთხოვნის დასასაბუთებლად, მან იურიდიულ წარმომადგენელთან გაფორმებული კონტრაქტი წარმოადგინა, სადაც აღნიშნული თანხა დაფიქსირებული იყო, როგორც ანაზღაურება იურიდიული მომსახურებისთვის.
95. მთავრობამ ამ მოთხოვნას დაუსაბუთებელი და გადამეტებული უწოდა და იგი სადავო გახადა.
96. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, განმცხადებელს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა ასაბუთებს, რომ ეს თანხა რეალურად და აუცილებლობიდან გამომდინარე გაიღო, და როცა საუბარია გონივრულ თანხაზე. წინამდებარე საქმეში სასამართლო - აღნიშნავს რა, რომ არ მითითებულა იურიდიული მომსახურების საათების ზუსტი რაოდენობა და განმცხადებელს ადვოკატი არ წარმოადგენდა სამართალწარმოების საწყის ეტაპზე (იხ. იგივე მიდგომა საქმეში Bაცჰვაროვი ვ. Bულგარია, ნო. 24186/04, § 40, 7 იანვარი 2010) - გონივრულად მიიჩნევს განცხადებლისთვის 1 000 ევროს მინიჭებას ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
c. საურავი
97. სასამართლო შესაფერისად მიიჩნევს, რომ საურავი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური ნიხრით, რასაც უნდა დაემატოს თანხის სამი პროცენტი.
ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. დასაშვებად აცხადებს განაცხადის იმ ნაწილს, რომელიც ეხება განმცხადებლის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიების სავარაუდო არაეფექტიანობას, ხოლო განაცხადის დანარჩენ ნაწილს აცხადებს დაუშვებლად;
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის საპროცესო ნაწილი;
3. ადგენს:
(ა) კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან 3 თვის განმავლობაში, მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხის ეკვივალენტი ბულგარულ ლევებში, გადახდის დღეს არსებული კურსით:
(ი) 4 000 ევრო (ოთხი ათასი ევრო) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. ამას დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა;
(იი) 1 000 ევრო (ათასი ევრო) ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად. ამას დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა;
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადახდის დღემდე, აღნიშნულ თანხას დაემატება საურავი იმ მოცულობით, რაც უტოლდება ევროპული ბანკის სესხისათვის განკუთვნილ მინიმალურ პროცენტს, რომელსაც უნდა დაემატოს სამპროცენტიანი განაკვეთი.
5. უარყოფს განმცხადებლის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2012 წლის
10 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ფატოს არაცი ლეხ გარლიცკი
რეგისტრატორის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების - კალაჯიევასა და დე გაეტანოს - განსხვავებული მოსაზრება.
მოსამართლეების კალაჯიევისა და დე გაეტანოს ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება
1. ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით დასკვნას, რომ ბულგარეთის ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს კონვენციის მე-3 მუხლის საპროცესო ნაწილის დაცვა. თუმცა, გამოძიების დაგვიანებასთან დაკავშირებულ მსჯელობათა მიღმა, ჩვენი აზრით, საქმეში მნიშვნელოვანი კითხვები დაისმის პოზიტიური ვალდებულების სხვა ასპექტთან დაკავშირებით - ჩატარდეს „დამოუკიდებელი გამოძიება კანონის ფარგლებში.... რაც შესაძლებელს გახდის პასუხისმგებელ პირთა გამოვლენას მათი დასჯის მიზნით” (§ 78). ეს ასპექტი სათანადოდ არ განხილულა წინამდებარე გადაწყვეტილებაში.
2. მზად ვართ რა, ვაღიაროთ, რომ პროკურორი უნდა მოქმედებდეს დისკრეციის ფარგლებში იმის დადგენისას, მყარდება თუ არა ფაქტებითა და მტკიცებულებებით გადაწყვეტილება სავარაუდო დამნაშავის სასამართლოების წინაშე წარდგენაზე - მისი დასჯის მიზნით - ასევე, გვჯერა, რომ ეს უფლებამოსილება ემყარება რწმენას პროკურორის მიერ დისკრეციის კეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ. ზოგადად, ამ დისკრეციით სარგებლობა მე-3 მუხლით გარანტირებული პოზიტიური ვალდებულების შესაბამისი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მას თან სდევს ურთიერთშეზღუდვის გარკვეული სისტემა (სყსტემ ოფ აპპროპრიატე ცჰეცკს ანდ ბალანცეს), რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. როცა ამ დისკრეციით სარგებლობა უკანონო და არაკეთილსინდისიერია, როგორც წინამდებარე საქმეში, კნინდება მე-3 მუხლის საპროცესო მოთხოვნის არსი, რადგან დასჯის კომპონენტის მატერიალიზება შეუძლებელი ხდება მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებით შესაძლებელი გახდა დამნაშავის ან დამნაშავეების გამოვლენა.
3. საგამოძიებო მოქმედებათა შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ბრძანებების გასაჩივრება განმცხადებლის მიერ, ადგილობრივ დონეზე ამგვარი ურთიერთშეზღუდვის ეფექტს ქმნიდა და, მართლაც, შედეგად მოჰყვა ოთხი სხვადასხვა მოსამართლის პოზიციის ნათლად გამოხატვა პროკურატურის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი განმეორებით ადგენდა, რომ საქმეში არსებული ფაქტები და მტკიცებულებები არასაკმარისი იყო ბრალდების წასაყენებლად. თუნდაც ვივარაუდოთ, რომ წინამდებარე საქმეში პროკურორებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ ეჭვმიტანილის/ეჭვმიტანილთა მიმართ ბრალდების წასაყენებლად ფაქტები და მტკიცებულებები არასაკმარისი იყო, ვერ ვხედავთ ვერანაირ დასაბუთებას, თუ რატომ არ ჩატარდა სხვა მიმართულებით შემდგომი გულისხმიერი გამოძიება, რომლითაც პროკურატურა განმცხადებლის სერიოზულ დაზიანებებს უფრო სარწმუნო ახსნას მოუძებნიდა. სასამართლოში საქმისწარმოებისას, ერთ-ერთი მოსამართლის აზრით, „პროკურორის დასკვნები მიანიშნებდა იმაზე, რომ… განმცხადებელმა როგორღაც თავი დაიზიანა ან უცხო პირთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა… ინციდენტის პროკურორის მიერ მითითებული დროისა და ადგილის გათვალისწინებით, კერძოდ მაშინ, როცა განმცხადებელი შინ ბრუნდებოდა, თითქმის შეუძლებელი იყო, ეს შეუმჩნევლი დარჩენილიყო“.
4. არაკეთილსინდისიერების საკითხი, რის გამოც საგამოძიებო პროცესი არაერთხელ შეწყდა, საკმარისი ხარისხით დაისვა ზემდგომ პროკურატურაში, რომელმაც იმსჯელა პასუხისმგებელ პროკურორთა მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ მათი შეშფოთება არ გაგიზიაროთ. თუმცა, ამგვარი შეშფოთება აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა - როგორც სასამართლოს წინაშე გამოვლენილი ეჭვმიტანილების წარსადგენად, ასევე შემდგომი გამოძიების დასაწყებად სხვა გარემოებათა ან დამნაშავეთა დადგენის მიზნით.
5. წინამდებარე საქმეში არსებული სიტუაცია უტოლდება ხელისუფლების ორგანოთა მიერ დე ფაცტო შემწყნარებლობას ძალადობისადმი, რომელმაც გამოიწვია ტანჯვა მე-3 მუხლით დადგენილ ზღვარს მიღმა. ეს მხოლოდ აკნინებს საზოგადოების რწმენას კანონიერების პრინციპისა და სამართლებრივი სახელმწიფო წესრიგის შენარჩუნებისადმი. ვწუხვართ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში განხილული არ არის, თუ რამდენად შეუწყო ხელი საპროკურორო დისკრეციის უკანონოდ გამოყენებამ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მე-3 მუხლით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას. უპასუხისმგებლო დისკრეცია მნიშვნელობას აკარგვინებს პოზიტიურ ვალდებულებას - ჩატარდეს გამოძიება დამნაშავეთა დასჯის მიზნით და პრაქტიკულად, მსხვერპლს აბრუნებს იმ მდგომარეობაში, ვიდრე ჩამოყალიბდებოდა პოზიტიური ვალდებულების დოქტრინა მე-2 და მე-3 მუხლების ფარგლებში.