ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ

საჩივრის ნომერი: 9043/05    PDF

მოპასუხე სახელმწიფო: საქართველო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 24/04/2014

შედეგი: მე-6 მუხლი არ დარღვეულა - უფლება სამართლიან სასამართლოზე (მე-6 მუხლი - სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება, მუხლი 6.1 - სამართლიანი სასამართლო განხილვა)

მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი არ დარღვეულა - გასაჩივრების უფლება სისხლისსამართლებრივ საქმეებზე (მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი - უმაღლესი ინსტანცია, მსჯავრდების გადასინჯვა, სასჯელის გადასინჯვა)

მე-6 მუხლი არ დარღვეულა - უფლება სამართლიან სასამართლოზე (მუხლი 6.2 - უდანაშაულობის პრეზუმფცია)

1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ დარღვეულა - საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი - საკუთრების ჩამორთმევა)

34-ე მუხლი არ დარღვეულა - ინდივიდუალური განაცხადები (მუხლი 34 - შუამდგომლობის უფლების გამოყენებისთვის ხელისშეშლა)

განსხვავებული აზრი: კი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 6) უფლება სამართლიან სასამართლოზე

(მუხლი 6) სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება

(მუხლი 6.1) სამართლიანი სასამართლო განხილვა

(მუხლი 6.2) უდანაშაულობის პრეზუმფცია

(მუხლი 34) ინდივიდუალური განცხადებები

(მუხლი 34) შაუმდგომლობის უფლების გამოყენებისთვის ხელისშეშლა

(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი)  საკუთრების დაცვა

(1-ლი დამატებითი ოქმის 1.1 მუხლი) საკუთრების ჩამორთმევა

(მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) გასაჩივრების უფლება სისხლისსამართლებრივ საქმეებზე

(მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) უმაღლესი ინსტანცია

(მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) მსჯავრდების გადასინჯვა

(მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) სასჯელის გადასინჯვა

შეფასების ზღვარი


 

[არაოფიციალური თარგმანი]
 

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და  ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ,

ევროპულმა სასამართლომ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ჯოსეფ კასადევალი

მოსამართლეები: ალვინა გიულუმიანი

კორნელიუ ბირშანი

ჟან შიკუტა

ნონა წოწორია

ქრისტინა პარდალოსი

ჯოანეს სილვისი

2014 წლის 3 აპრილს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება.

 

პროცედურა

2005 წლის 9 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ბატონმა ამირან ნაცვლიშვილმა (პირველი განმცხადებელი) და ქალბატონმა რუსუდან ტოგონიძემ (მეორე განმცხადებელი) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში “კონვენცია”) 34-ე მუხლის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ  წარადგინეს განაცხადი. განმცხადებლები წარმოდგენილნი იყვენენ საქართველოსა და რუსეთში მოღვაწე 3 ადვოკატის მიერ. მთავრობას წარმოადგენდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. განმცხადებლები დავობდნენ, რომ მათ მიმართ, საპროცესო შეთანხმების გამოყენებით, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი. ასევე, დავობდნენ პირველი განმცხადებლის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის  სავარაუდო დარღვევაზე. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის 34-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას. მხარეებმა წარმოადგინეს წერილობითი არგუმენტები და 2013 წლის 15 ოქტომბერს საქმის ზეპირი მოსმენა გაიმართა.

 

ფაქტები

1. საქმის გარემოებები

განმცხადებლები მეუღლეები არიან. მიმდინარე დროისათვის ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში.

პირველი განმცხადებელი 1993-1995 წლებში ქუთაისის მერის მოადგილე იყო და ქუთაისის საავტომობილო ქარხანას ხელმძღვანელობდა.  ამავდროულად, იგი ქარხნის უმსხვილესი აქციონერი იყო სახელმწიფოს შემდეგ.

2004 წლის  12 მარტს პირველ განმცხადებელს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება/გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის. მას ბრალად ედებოდა კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ფიქციური ნასყიდობის და გადარიცხვების განხორციელებაში. 2004 წლის 15 მარტს პოლიციამ და პროკურატურამ პირველი განმცხადებელი მის სამუშაო ადგილას დააკავა. აღნიშნული ფაქტი იმავე ღამით ადგილობრივ ტელევიზიაში გაშუქდა. ტელევიზიით აჩვენეს ხელებშეკრული განმცხადებელი, რომელსაც გარს პოლიციელები და ჟურნალისტები ეხვია. პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირველი განმცხადებლის ოფისიდან დოკუმენტების ამოღება მოხდა, რომლებიც „რელევანტურია მიმდინარე საქმისათვის და მოხდება მათი შეფასება და ანალიზი“. პირველი განმცხადებლისათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას  12 წლის ვადით.

აღნიშნულს მოჰყვა გუბერნატორის განცხადება, რომელმაც პირველი განმცხადებლის იდენტიფიცირების გარეშე, განმარტა, რომ „ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა გადაეხვიათ არჩეული გზისთვის, რათა მომხდარიყო იმ პირთა გამოვლენა და დასჯა, რომლებმაც სახელმწიფო სახსრები მიითვისეს. სწორედ მათ გამო ვერ ხდებოდა პენსიების და ხელფასების გაცემა“.

2004 წლის 16 მარტს განმცხადებელმა მისი ინტერესების დასაცავად ადვოკატი მოიწვია; 2004 17 მარტს პირველი განმცხადებელი დაიკითხა, რასაც მისი ადვოკატიც ესწრებოდა. განმცხადებელი თავს დამნაშავედ არ ცნობდა და დუმილის უფლებას იყენებდა. იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ განმცხადებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრა. 2004 წლის 25 მარტს, პირველმა განმცხადებელმა პროკურატურას მიმართა წერილით და გამოთქვა მზადყოფნა, აენაზღაურებინა ქუთაისის საავტომობილო ქარხნისთვის მიყენებული ზიანი. 

პატიმრობის პირველი ოთხი თვის განმავლობაში პირველ განმცხადებელთან ერთად საკანში ისხდნენ მკვლელობისთვის ბრალდებული პირი და ის პირი, რომელმაც 2002 წელს  პირველი განმცხადებელი გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცა. სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ იგი სხვა საკანში გადაიყვანეს.

2004 წლის 1 აგვისტოს პირველ განმცხადებელს და  მის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცათ. თავისი ინტერესების დასაცავად, მან მეორე ადვოკატიც მოიწვია. 2004 წლის 6 სექტემბერს გამოძიება დასრულდა, პირველმა განმცხადებელმა, რომელიც თავის უდანაშაულობაზე მიუთითებდა, გამოთქვა სურვილი, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. ამასთან, მას შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო სათანადო კონსულტაცია თავისი დამცველებისგან და გაცნობოდა საქმის მასალებს. იმავე დღეს პირველმა განმცხადებელმა აანაზღაურა ქარხნისთვის მიყენებული ზიანი და მის საკუთრებაში არსებული აქციები დააბრუნა.

საქმეში წარმოდგენილია განმცხადებლის დის განაცხადი, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ განმცხადებლის ოჯახს მოსთხოვა განვითარების ფონდისთვის 50000 ლარის გადახდა. თუმცა, პროკურატურა მოითხოვდა, რომ გადახდები პირველი განმცხადებლის სახელით არ განხორციელებულიყო, რის გამოც განმცხადებლის დამ თავისი სახელით განახორციელა.

2004 წლის 9 სექტემბერს პირველმა განმცხადებელმა განცხადებით მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, თუმცა გამოთქვამდა მზადყოფნას, დაედო შეთანხმება ზიანის ანაზღაურების და 35000 ლარის სახით ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ. იგი მიუთითებდა, რომ სრულად აცნობიერებდა საპროცესო შეთანხმების არსს. იმავე დღესვე განმცხადებელსა და პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება მოთხოვნილ სასჯელზე გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობის და ზიანის სახით 4 201 663 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ. პროკურორმა განმცხადებელს განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების გარეშე აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული.  ასევე, შეიძლება დაკისრებოდა ზიანის სრულად ანაზღაურება და დაპირდა, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე არსებითი განხილვის გარეშე სასჯელის სახედ განესაზღვრებოდა  ჯარიმა. ამასთან, განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებდა სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან. საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერეს პროკურორმა, პირველმა განმცხადებელმა და მისმა ადვოკატებმა. იმავე დღეს პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რასაც თან ერთვოდა თავად შეთანხმება და საქმის მასალები 12 ტომად. 35000 ლარი იმავე დღეს გადაირიცხა ბიუჯეტში.

2004 წლის 10 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა. სასამართლო სხდომას საპროცესო შეთანხმებაზე ხელმომწერი ადვოკატები ესწრებოდნენ. მოსამართლემ განუმარტა განმცხადებელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 679-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები. პასუხად განმცხადებელმა განმარტა, რომ იგი სრულად აცნობიერებდა თავის უფლებებს და საპროცესო შეთანხმების დადებაზე თანხმობას ნებაყოფლობით აცხადებდა. საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა რაიმე ძალადობის, ან უკანონო ქმედების შედეგი.  აღნიშნულს ადვოკატებიც დაეთანხმნენ და განმარტეს, რომ შეთანხმების დადებამდე პირველ განმცხადებელს სრული იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს. პირველმა განმცხადებელმა ითხოვა, სასამართლოს დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება და იგი სრულად აცნობიერებდა მის შედეგებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულები საკმარისი იყო ბრალდების დასასაბუთებლად  და დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობის და ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა რომ განმცხადებელი თავს დამნაშავედ არ ცნობდა და დუმილის უფლებას იყენებდა. ამასთან, მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის მიღწეული კანონის მოთხოვნათა დარღვევით და განმცხადებელი სრულად იცნობდა საქმის მასალებს. განმცხადებელი მაშინვე გაათავისუფლეს. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოო გახდა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. მისი გაუქმება დასაშვები იყო მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო.

2007 წლის 12 ნოემბერს განმცხადებელმა მიუთითა, რომ მთავრობის წარმომადგენლები მასზე  ახორციელებდნენ ზეწოლას, რათა მას უარი ეთქვა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოებაზე. ამის დასადასტურებლად განმცხადებელმა წარმოადგინა მისი ქალიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც მან [განცხადებლის ქალიშვილმა] განმცხადებლის საქმეთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიციის გასარკვევად მიმართა თავის ნაცნობს, რომელიც იმ დროისათვის პროკურატურაში მუშაობდა. მათ შორის მოხდა წერილების გაცვლა. ამ წერილებში განმცხადებლის შვილი და მისი ნაცნობი ერთმანეთს მეგობრულად და ფამილარულად მიმართავდნენ. ერთ-ერთ წერილში, პროკურატურის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ იცნობდა განმცხადებლის საქმეს, შეიძლება პროკურატურას თავიდან გამოეძიებინა აღნიშნული საქმე და ჯარიმის სახით გადახდილი თანხა უკან დაბრუნებოდათ. იგი ამტკიცებდა, რომ პროკურატურისთვის უნდა მიემართათ ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, რასაც შეიძლება განმცხადებლის რეაბილიტაცია მოჰყოლოდა და ჯარიმის სახით გადახდილი თანხა უკან  დაუბრუნდებოდათ, ისევე როგორც ქარხნის აქციების ნაწილი; ნაწილის დაბრუნება შეუძლებელი იყო მესამე პირთა საკუთრებაში არსებობის გამო. ასევე, გაუწია კონსულტაცია მეგობრული მორიგების პროცედურასთან დაკავშირებით.

 

სამართალი

I. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა

პირველი განმცხადებელი მიუთითებდა, რომ საპროცესო შეთანხმების გამოყენებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არ ჰქონის გამო, მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, რომლის მიხედვითაც:

 კონვენიციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი

„ყოველი ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლის სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“

კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი.

„ყველას, ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომელზეც დაყრდნობითაც ის შეიძლება განხორციელდეს, მოწესრიგებულია კანონით.“

ა. მთავრობის არგუმენტები

მთავრობამ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმება, როგორც მხარეთა თანხმობის საფუძველზე მიღწეული, სწრაფი მართლმსაჯულების საშუალება,  ფართოდ არის გავრცელებული და  სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სამართალი წარმატებით იყენებს.  იგი შესაბამისობაშია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან. საპროცესო შეთანხმების წარმოშობა და გავრცელება დაკავშირებულია საპროცესო ეკონომიის მზარდ ინტერესთან. მთავრობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 1987 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს ურჩიეს, ჩამოეყალიბებინათ სასამართლო განხილვის გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურა, რომელიც მოიცავს შემაჯამებელი გადაწყვეტილების, სასამართლოს გარეშე, მხარეთა მოლაპარაკებების წარმოების და დანაშაულის აღიარების ეტაპებს. ისინი მიუთითებდნენ, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი წარმოადგენს კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის  პრაქტიკულ და წარმატებულ საშუალებას. 2004 წელს საქართველოში საპროცესო შეთანხების ინსტიტუტის შემოღებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის შიგნით არსებული დანაშაულთა ხასიათი და იმ პერიოდში ქვეყანაში გავრცელებული კორუფციის დონე.  საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გამოიყენებოდა, როგორც აუცილებელი რეაქცია არსებული სისტემური პრობლემის მიმართ.

მთავრობამ მიუთითა, რომ  საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გულისხმობს სხვადასხვა საპროცესო უფლებაზე უარის თქმას სწრაფი მართლმსაჯულებისა და შემწყნარებელი (მსუბუქი) სასჯელის  სანაცვლოდ. აღნიშნულის მიუხედავად, შიდა კანონმდებლობით სამართლიანი სასამართლოს ძირითადი გარანტიები უზრუნველყოფილია, რაც პირველი განმცხადებლის საქმეში ჯეროვნად იყო დაცული. უპირველეს ყოვლისა, პირველი განმცხადებელი  წარმოდგენილი იყო კვალიფიციური დამცველის მიერ, რომელიც საქმეში საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებამდე ჩაერთო. დამცველს ევალებოდა ხელმოწერით დაედასტურებინა მიღწეული შეთანხმება. მოგვიანებით, სასამართლომ გამოიკვლია საპროცესო შეთანხმების პირობები სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც სასამართლომ გამოიძია, იყო თუ არა საპროცესო შეთანხმება მიღწეული ნებაყობლობით, იძულების ან რაიმე სხვა უკანონო ქმედების გარეშე და აცნობიერებდა თუ არა პირველი განმცხადებელი ბრალდების არსს და შესაძლო სასჯელის სიმძიმეს. როგორც დამატებითი გარანტია, მთავრობამ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ არა მხოლოდ პირველი განმცხადებელი იყო უფლებამოსილი, განეცხადებინა უარი  საპროცესო შეთანხმებაზე, არამედ მოსამართლეს ბრალდების საფუძვლიანობის გათვალისწინებით ჰქონდა შესაძლებლობა, უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.

მთავრობამ მიუთითა რა  საქმის გარემოებებზე, აღნიშნა, რომ პირველ განმცხადებელს შეგნებული ჰქონდა საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობა და მასზე თანხმობა ნებაყოფლობით განაცხადა.  უპირველესად, მთავრობამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველი განმცხადებლის დაცვას ახორციელებდა თავად განმცხადებლის მიერ არჩეული დამცველი, რომელიც საქმეში ჩაერთო  მისი დაკავებისთანავე, 2004 წლის 16 მარტს(იხ. ზემოთ).  2004 წლის 25 მარტს განმცხადებელმა წერილით მიმართა პროკურატურას, რათა შეთანხმების მიღწევის მიზნით ეთანამშრომლა გამოძიებასთან (იხ. ზემოთ). 2004 წლის 1 აგვისტოს პირველ განმცხადებელს გადაეცა საქმის მასალები და პირველმა განმცხადებელმა 2004 წლის 6 აგვისტოს მეორე დამცველი აიყვანა (იხ. ზემოთ).  2004 წლის 6 სექტემბერს გამოძიება დასრულდა და საბრალდებო დასკვნის მიხედვით პირველ განმცხადებელს ბრალი დაედო სახელმწიფო თანხების დიდი ოდენობით უკანონო მითვისებაში. საბრალდებო დასკვნისა და მოგროვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პირველმა განმცხადებელმა ორ დამცველთან კონსულტაციის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით კვლავ გამოთქვა მზადყოფნა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და იმავე დღეს, 2004 წლის 6 სექტემბერს აანაზღაურა ქარხნისთვის მიყენებული ზიანი (იხ. ზემოთ).

2004 წლის 9 სექტემბერს პირველმა განმცხადებელმა კვლავ მიმართა პროკურატურას 35 000 ლარი ჯარიმის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხების დადების თხოვნით. აღნიშნულ განცხადებაში ნათლად ადასტურებდა, რომ შეგნებული ჰქონდა საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობა.  იმავე დღეს პროკურორმა პირველი განმცხადებელი ციხეში მოინახულა და მისი 2 ადვოკატის თანდასწებით ხელი მოაწერინა საპროცესო შეთანხმების პირობებზე. აღნიშნულ პირობებზე ადვოკატებმაც მოაწერეს ხელი. მოგვიანებით, სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია აღნიშნული შეთანხმება (იხ. ზემოთ).

პირველ განმცხადებელსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების სასამართლოს რევიზიასთან დაკავშირებით მთავრობამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2004 წლის 10 სექტემბერს, სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გამოიკვლია პირველი განმცხადებლის ნება. ამის დასადასტურებლად მთავრობამ სასამართლო სხდომის ჩანაწერები წარმოადგინა. მთავრობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა შეემოწმებინა, დაცული იყო თუ არა სამართლიანი სასამართლოს ძირითადი გარანტიები საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დროს. ასევე გამოიკვლია, გადაეცა თუ არა განმცხადებელს საქმის მასალები სრულად. სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს პირველი განმცხადებლის 2004 წლის 9 სექტემბრის განცხადება, თავად შეთანხმება და პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

უფრო მეტიც, საქალაქო სასამართლომ გამოკითხა პირველი განმცხადებელი, რომელიც ცალსხად ადასტურებდა, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საქმის დასრულება მის ინტერესებში იყო. იგივე დაადასტურეს განმცხადებლის ადვოკატებმაც. აღნიშნული დასტურდება სასამართლო სხდომის ჩანაწერებით.  სხვა სიტყვებით რომ ითქვას, საქალაქო სასამართლომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განმცხადებელს თავისუფლად გამოეხატა ნება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს შეეძლო უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე. მთავრობა მიუთითა, რომ  საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კონფენდენციალურობის მუხლი გამოეყებინათ (სსსკ-ის  679-ე მუხლი, მე-4 ნაწილი). 2004 წლის 10 სექტემბრის სასამართლო სხდომა საჯარო იყო. აღნიშნულის დასადასტურებლად მთავრობამ წარმოადგინა წერილობითი განცხადება პირველი განმცხადებლის ადვოკატის, პროკურორის და სასამართლოს თანამშრომლის მიერ ხელმოწერილი, რომლებიც აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ და ადასტურებდნენ, რომ ღია სასამართლო სხდომა ჩატარდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო დასწრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს   2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ პირველმა განმცხადებელმა საპროცესო შეთანხებით ცალსახად უარი განაცხადა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებებზე, მათ შორის გასაჩივრების უფლებაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობა მიუთითებდა, რომ არსებითი განხილვის გარეშე  პირველი განმცხადებლის დამნაშავედ ცნობა არ არღვევს კონვენციის მე-6 მუხლისა და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. 

ბ. პირველი განმცხადებლის არგუმენტები

პირველი განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გამოყენებამ არსებითად დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, რადგან მას შესაძლებლობა არ ჰქონდა, ესარგებლა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით და ვერ შეძლო გადაწყვეტილების გასაჩივრება. როცა მან თანხმობა განაცხადა  საპროცესო შეთანხმებაზე, აღნიშნულით მან უარი განაცხადა საპროცესო უფლებებზე, თუმცა იგი დაცული არ იყო პროკურატურის მხრიდან განხორციელებული დარღვევებისგან. ქართული საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ნაკლოვანების საჩვენებლად პირველმა განმცხადებელმა წარმოადგინა ამ საკითხის საკუთარი, მეცნიერული შეფასება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ევროპულ ქვეყნებში (კერძოდ: გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, საფრანგეთსა და რუსეთში).  ამ შედარებითი ანალიზის საფუძველზე პირველი განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან განსხვავებით ქართული საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ბრალდებულს არ აძლევს შესაძლებლობას მოლაპარაკების დაწყებამდე დამცველით ყოფილიყო წარმოდგენილი და ასევე, მოსამართლეს არ აქვს სათანადო უფლებამოსილება, ჯეროვანი ზედამხედველობა განახორციელოს საპროცესო შეთანხმების პირობებზე.

ქართული საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებულ ფაქტებზე მითითებით პირველი განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ  ასეთი პროცესების 99% არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს. იგი ასევე მიუთითებდა  კვლევაზე, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმეებში გამართლებულთა რიცხვი მხოლოდ15-20% შეადგენდა. ამასთან, ხშირი იყო უდანაშაულო პირთა მიერ დანაშაულის აღიარების შემთხვევა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ასეთ სისტემაში შეუძლებელია საპროცესო შეთანხმების დადებაზე თანხმობა ნებაყოფლობითად ჩაითვალოს. საპროცესო შეთანხმების დადება მისთვის ერთადერთი შესაძლებლობა იყო, რათა თავიდან აეცილებინა  ხანგძლივი დროით  პატიმრობა. პირველი განმცხადებელი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების დროისათვის იგი წინასწარ პატიმრობაში იყო.  ძალიან აუტანელ და  სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მისი თანამოსაკნენი იყვნენ:  მკვლელი და ის პირი, იყო რომელმაც 2002 წლის დეკემბერში მის მიმართ არასათანადო მოპყრობა განახორციელა.  იგი ასევე მიუთითებდა იმ დროსათვის საქართველოს საპატიმრო ადგილებში შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე.

 პირველი განმცხადებელი დავობდა, რომ საპროცესო შეთანხმების ქართული მოდელის შესაბამისად პროკურატურას შეუზღუდავი უფლებები და პრივილეგიები ენიჭებოდა. არსებობდა სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც გამორიცხავდა  საპროცესო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკების დროს მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობის არსებობას. აღნიშნულის დასადასტურებლად პირველი განმცხადებელი „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ  შედგენილ დასკვნაზე მიუთითებდა. იგი აღნიშნავდა, რომ შიდა კანონმდებლობის მიხედვით  მხოლოდ პროკურორი იყო უფლებამოსილი, მიემართა სასამართლოსთვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით და განესაზღვრა სასჯელი. პირველი განმცხადებელი აკრიტიკებდა იმ ფაქტს, რომ ტერმინის -  „გამოძიებასთან თანამშრომლობის“  ზუსტი დეფინიცია კანონმდებლობაში არ არსებობდა და საკანონმდებლო ხარვეზის გამო იზრდებოდა საპროცესო უფლებების დარღვევის რისკი.

პირველი განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგები მხოლოდ პროკურორისგან განემარტა. იგი მიუთითებდა, რომ შიდა სასამართლოებს არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა, ჯეროვნად შეემოწმებინა საპროცესო შეთანხმების პირობები და გამოერიცხა პროკურატურის მხრიდან შესაძლო დარღვევები. სასამართლოს უფლება ენიჭებოდა მხოლოდ გადაეხედა თავად საპროცესო შეთანხმების დოკუმენტზე, თუმცა არ შეეძლო გამოძიებინა მოლაპარაკების დროს განხორციელებული შესაძლო დარღვევები, რადგან არ არსებობდა აღნიშნული მოლაპარაკების ამსახველი დოკუმენტალური თუ აუდიო მტკიცებულება.  2004 წლის 10 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თუნდაც ფორმალურად მაინც რომ ეკითხა განმცხადებლისათვის მის მიმართ განხორციელებული შესაძლო დარღვევების შესახებ, აღნიშნული გამოკითხვა არ იქნებოდა ეფექტიანი. რადგან განმცხადებელი, რომელიც იმ დროისათვის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლქვეშ იმყოფებოდა, ვერ გაბედავდა განეცხადებინა მის მიმართ  განხორციელებული იძულების თაობაზე. უფრო მეტიც,  შიდა სასამართლოს არც კი უცდია  უზრუნველეყო მისთვის, როგორც პატიმრობაში მყოფი პირისათვის, ის, რომ სრულად გაეგო ბრალდებასთან  დაკავშირებული ფაქტები.   

პირველი განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ერთ დღეში გადაამოწმა საპროცესო შეთანხმება, თუმცა, ეს შეუძლებელი იყო საქმის მოცულობიდან გამომდინარე. მისი დამნაშავეობა და სასჯელი პროკურატურის მიერ იყო განსაზღვრული და სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად დაამოწმა პროკურორის დასკვნები. უფრო მეტიც, ის მიუთითებდა, რომ  ზიანის ანაზღაურება საპროცესო შეთანხმების დადებამდე განხორციელდა. იგი ამტკიცებდა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მისი პატიმრობა გაგრძელდებოდა.  აღნიშნულის გამო მან თანხა  წინასწარ გადაიხადა.  პირველმა განმცხადებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ უცვნია. ამასთან, საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკებაში იძულებითი მონაწილეობის გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.

გ. სასამართლოს შეფასება

უპირველეს ყოვლისა,   სასამართლო შენიშნავს, რომ   იგი აფასებს, განმცხადებლის საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს  დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით  სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ  საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას; რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე  შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძელზე, ზოგიერთ  საპროცესო უფლებაზე უარის თქმით, სისხლის სამართალწარმოების შემცირება  ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; § 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17 September 2009). სასამართლო შენიშნავს, რომ  ჯერ კიდევ 1987 წელს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წარმომადგენლებმა მოუწოდეს წევრ სახელმწიფოებს, დაენერგათ გამარტივებული სამართალწარმოება. თუმცა, იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. დამატებით, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, § 135-136; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, § 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; და ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, § 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006‑XII).

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელზე შეთანხმებით პირველმა განმცხადებელმა უარი განაცხადა საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე. თუმცა  ასეთი უარის საფუძვლიანობაზე ზემოთ აღნიშნული პრინციპები ანალოგიის საფუძველზე უნდა იქნეს გამოყენებული და სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის გადაწყვეტილება, გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: (1) განმცხადებელს საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა ნებაყოფლობით უნდა  განეცხადებინა და გაცნობოდა საქმის მასალებს სრულად და (2) სასამართლოს მხრიდან ჯეროვნად უნდა შემოწმებულიყო მხარებს შორის მიღწეული შეთანხმების და მოლაპარაკების სამართლიანობა.

ამასთან დაკავშირებით, უპირველესად სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველმა განმცხადებელმა თავად მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას ინიციატივა პირადად მისგან მომდინარეობდა და პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალდატანებას. განმცხადებელმა ნათლად გამოხატა სურვილი, აენაზღაურებინა მის მიერ მიყენებული ზიანი (იხ. ზემოთ). საქმის მასალები ბევრად ადრე, 2004 წლის  1 აგვისტოს გადაეცა (იხ. ზემოთ). სასამართლო შენიშნავს, რომ პირველი განმცხადებელი წარმოდგენილი იყო ორიარჩეული დამცველის მიერ (შეადარე ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, § 79). ერთ-ერთი მათგანი განმცხადებლის დაცვას სისხლის სამართლის საქმის დასაწყისიდანვე ახორციელებდა და მონაწილეობდა მის დაკითხვაში.  ორივე დამცველმა უზრუნველყო განმცხადებელი, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, სათანადო კონსულტაციით და ასევე, ორივე მონაწილეობდა სასამართლო განხილვაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2004 წლის 10 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განმცხადებელსა და მის ადვოკატებს  გამოკითხა, ხომ არ დაექვემდებარა განმცხადებელი იძულებას ან სხვა უკანონო ქმედებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია, კერძოდ: რომ აცნობიერებდა საპროცესო შეთანხმების პირობებს, მის მნიშვნელობას და სამართლებრივ შედეგებს; და აღნიშნული საპროცესო შეთანხმება იძულების ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა.

სასამართლო შენიშნავს, რომ პირველ განმცხადებელსა და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტალურად დაფიქსირდა, მასზე ხელი პროკურორმა, განმცხადებელმა და მისმა ადვოკატებმა მოაწერეს და გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს გადაეცა. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ფაქტორია იმდენად, რამდენაც მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა სასამართლო გადასიჯვას დაექვემდებარა.

საპროცესო შეთანხმების ჯეროვანი სასამართლო კონტროლის მიზნით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ შიდა კანონმდებლობის მიხედვით სასამართლო არ იყო შეზღუდული საპროცესო შეთანმხების პირობებით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სასამართლოს შეეძლო უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე, თუკი მიიჩნევდა, რომ საპროცესო შეთანმხების პირობები ან მისი დადების პროცედურა კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა (ან უსამართლო იყო). სასამართლოს უფლება ჰქონდა, არა მხოლოდ შეეფასებინა პროკურატურის მიერ შემოთავაზებული სასჯელი, არამედ შეემცირებინა კიდეც  (მუხლი 679-4, ნაწ. 1,3,4,6). სასამართლო შენიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმებაში პროკურატურის როლის ჯეროვანი შეფასებისათვის, სასამართლო კონტროლის მიზნებიდან გამომდინარე, გამოიძია, იყო თუ არა განმცხადებლის მიმართ წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით გამყარებული (მუხლი 679-4, 5). ის ფაქტი, რომ აღნიშნული გარემოებები ღია სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული სსკ-ის 679-3-ე  მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჯეროვანი, ეფექტიანი სასამართლო შემოწმების თვალსაზრისით.

და ბოლოს, პირველი განმცხადებლის საჩივარის გამო მე-7 დამატებითი ოქმის მეორე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით,  სასამართლო მიიჩნევს, რომ  ნორმალურია,  გასაჩივრების უფლება შეიზღუდოს საპროცესო შეთანხმებიდან გამომდინარე. რადგან ბრალდებული უარს ამბობს საქმის არსებითად განხილვაზე. (კრომბახი საფრანგეთის წინააღმდეგ, § 96, Krombach v. France, no. 29731/96, ECHR 2001‑II). სასამართლო მიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე თანხმობის განცხადებით, პირველმა განმცხადებელმა დათმო თავისი უფლებები საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გადასინჯვის თაობაზე. ეს საპროცესო შეთანხმების ჩვეული შედეგია, რაც ნათლად არის ჩამოყალიბებული კანონმდებლობაში (მუხლი  679-7, ნაწ. 2). განმცხადებელს აღნიშნული  მისმა  ადვოკატებმა განუმარტეს, ან უნდა განემარტათ მისთვის. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობის ანალოგიით გამოყენებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების უფლების შეზღუდვა თვითნებური არ ყოფილა და არ ეწინააღდეგება მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მოთხოვნებს (გალსტიანი სომხეთი წინააღმდეგ, § 125, Galstyan v. Armenia, no. 26986/03, 15 November 2007).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით განმცხადებელმა უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე და გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით  უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. არ დგინდება ის, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება

აღნიშნულის გათვალისწინებით, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი.

 

II.  კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის სავარაუდო დარღვევა

პირველი განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისი საჯარო დაკავებით და განსაკუთრებით, გუბერნატორის განცხადებით მის მიმართ  კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი დაირღვა, რომლის მიხედვითაც:

„ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.“ 

ა. მხარეთა არგუმენტები

მთავრობა ამტკიცებდა, რომ გუბერნატორს ინტერვიუში არ მიუთითებია განმცხადებელის დამნაშავეობაზე. მას არ გაუკეთებია რაიმე სპეციალური მითითება, რომ სისხლის სამართლის საქმე პირველი განმცხადებლის მიმართ მიმდინარეობდა. მხოლოდ  კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია გამოხატა, ისე რომ პირველი განმცხადებლის სახელი არც კი უხსენებია. პირველი განმცხადებლის დაკავებით პრესა იყო დაინტერესებული. გუბერნატორმა მხოლოდ მიუთითა, რომ განმცხადებელს შეეძლო,  პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაექარწყლებინა.

პირველი განმცხადებელი არ ეთანხმება წარმოდგენილ პოზიციას და მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ მოწვეული ჟურნალისტების თვალწინ მოხდა მისი დაკავება. აღნიშნული, გუბერნატორის განცხადებასთან ერთად, მიზნად ისახავდა იმას, რომ საზოგადოება მის დამნაშავეობაში დაერწმუნებინა. პირველი განმცხადებელი დავობს, რომ პროკურატურამ და გუბერნატორმა მის მიმართ აქტიური მედია კამპანია აწარმოეს, რამაც მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია და უარყოფითად აისახა სასამართლო პროცესზე.

ბ. სასამართლოს შეფასება

სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომელიც სამართლიანი სასამართლო უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილია. უდანაშაულობის პრეზუმპცია დაირღვევა, თუკი საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელების განცხადება, პირის დანაშაულში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გამოხატავს აზრს ამ პირის დამნაშავეობაზე. აღნიშნული განცხადება სასამართლოს მიერ დანაშაულის დამტკიცებას წინ  უნდა უძღოდეს. აღნიშნულისათვის საკმარისია ვარაუდი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებულს დამნაშავედ მიიჩნევენ (ალენ დე რიბემონი საფრანდეთის წინააღმდეგ, § 35, Allenet de Ribemont v. France, 10 February 1995, Series A no. 308, და მინელი შვეიცარიის წინააღმდეგ, § 37, Minelli v. Switzerland, 25 March 1983, Series A no. 62). სასამართლო  ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების წარმომადგენელთა სიტყვების მნიშვნელობაზე (დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, § 41, Daktaras v. Lithuania, no.42095/98, ECHR 2000‑X). უდანაშაულობის პრეზუმპცია შეიძლება დაირღვეს არა მხოლოდ სასამართლოს და მოსამართლეთა მხრიდან, არამედ, ასევე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მხრიდან, მათ შორის პროკურატურის მხრიდან  (კუზმინი რუსეთის წინააღმდეგ, §§ 51-63, Kuzmin v. Russia, no. 58939/00, 18 March 2010 დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, § 42;კონსტანსი საბერძნეთის წინააღმდეგ, § 32,  Konstas v. Greece, no. 53466/07, 24 May 2011). არღვევს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება უდანაშაულობის პრეზუმპციას უნდა შეფასდეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც განცხადების გაკეთებასთან იყო დაკავშირებული (დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, §43).

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმაზე, რომ გუბერნატორის განცხადებაში არ იყო მითითებული პირველი განმცხადებლის დამნაშავეობაზე. უფრო მეტიც, არ იყო მითითებული, რომ პირველ განმცხადებელს კავშირი ჰქონდა სისხლის სამართლის საქმესთან.  გუბერნატორმა მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სახელმწიფოს პოზიცია დააფიქსირა. აღნიშნული ინტერვიუს შეფასებით სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ გუბერნატორმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიუთითა პირველი განმცხადებელზე (შეადარე კონსტანსი საბერძნეთის წინააღმდეგ &&39-40).

პირველი განმცხადებლის მითითებასთან დაკავშირებით პროკურატურის და გუბერნატორის მიერ წარმოებულ მედია კამპანიასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ აგრესიულმა მედია-კამპანიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამართლიან სასამართლო განხილვაზე. აღნიშნულს შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც სასამართლოს მიუკერძოებლობის, ასევე უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის თვალსაზრისით (შუვალოვი ესტონეთის წინააღმდეგ, § 82, Shuvalov v. Estonia, no. 39820/08 and 14942/09, 29 May 2012; ნინ-ჰანსერი დანიის წინააღმდეგ, Ninn-Hansen v.Denmark (dec.), no. 28972/95, ECHR 1999‑V; ანგუელოვი ბულგარეთის წინააღმდეგ Anguelov v.Bulgaria (dec.), no. 45963/99, 14 December 2004). თუმცა სასამართლო არ მიჩნევს, რომ პირველი განმცხადებლის დაკავება ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენელთა თანდასწრებით აგრესიულ მედია-კამპანიას წარმოადგენდა, რასაც შეიძლება დაერღვია სამართლიან სასამართლოზე უფლება, ან მედიის ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან იყო გამოწვეული. იმის გამო, რომ პირველი განმცხადებლის საქმის მიმართ პრესის ინტერესი არ გაგრძელებულა, სასამართლო მიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქარხნის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის გამო არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.

 

III. პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სავარაუდო დარღვევა

ორივე განმცხადებელი დავობს, რომ ზიანის ძალდატანებით ანაზღაურებითა და  ჯარიმის სანაცვლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტით მათ მიმართ ადგილი ჰქონდა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც:

„ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო  სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

ამასთან, წინარე დებულება ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად  საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის ან გადასახადებისა და თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“ 

ა. მხარეთა არგუმენტები

მთავრობა ამტკიცებს, რომ ადგილი არ ჰქონია პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას, რადგან ზიანის ანაზღაურების და ჯარიმის სახით ფულადი თანხის გადახდისას ადგილი არ ჰქონია საკუთრების უფლების ჩამორთმევას ან მისი სარგებლობით სხვაგვარ ხელშეშლას. ზიანის ანაზღაურება და ჯარიმის გადახდა ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოწვეული იყო პირველი განმცხადებლის წარსული დანაშაულებრივი ქმედებებით და აღნიშნული საპროცესო შეთანხმების დადების  კანონიერ და პროპორციულ საშუალებას წარმოადგენდა.

 განმცხადებელი არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურება და ჯარიმის გადახდა იძულებითი ქმედება იყო, რაც პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით ზეწოლის შედეგი იყო. 

ბ. სასამართლოს შეფასება

სასამართლო იმეორებს, რომ საპროცესო შეთანხმებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება და სხვა ფულადი გადასახდელი პირველი განმცხადებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობდა (ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ,  § 84, Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (dec.), no. 9043/05, 25 June 2013).  აღნიშნული ფულადი გადასახდელების კანონიერება  არ შეიძლება გაიმიჯნოს საპროცესო შეთანხმების სამართლიანობისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას.

 

IV. კონვენციის 34-ე მუხლიდან გამომდინარე ინდივიდუალური განაცხადის გამოყენებაზე სავარაუდო ხელშეშლა

ორივე განმცხადებელი დავობს, რომ მთავარმა პროკურატურამ განახორციელა  ზეწოლა მათზე, რათა კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ განცხადზე უარი ეთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი განმცხადებლის მიმართ სისხლის სასამართლის საქმის წარმოება განახლდებოდა. კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად:

„საჩივრით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა ... მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას,  არ დააბრკოლონ ამ უფლების სრულად განხორციელება.“ 

ა. მხარეთა არგუმენტები

მთავრობა მიუთითებდა, რომ მთავარი პროკურატურა ცდილობდა განმცხადებლებთან მეგობრული მორიგებისთვის მიეღწია. განმცხადებლისგან არაეთიკურად უნდა ჩაითვალოს მოლაპარაკების პირობების გამჟღავნება, რაც სასამართლოს რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კონფიდენციალურია. იმის გათვალისწინებით, რომ კონვენცია უშვებს სასამართლოს გარეთ და სასამართლოში შეთანხმების მიღწევას, რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის ქალიშვილსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენელს შორის წარმოებული მიმოწერა სასამართლოს გარეთ მოლაპარაკებად უნდა ჩაითვალოს.

მთავრობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის ქალიშვილმა პირველმა მიმართა პროკურატურას მეგობრული შეთანხმების პროცედურაზე კონსულტაციის მისაღებად. პროკურატურის წარმომადგენელმა  განმცხადებლის ქალიშვილს ელექტრონულ ფოსტაზე მიაწოდა ინფორმაცია შესაბამისი პროცედურის შესახებ და ასევე რჩვები. თუმცა განაცხადის გამოთხოვა არასდროს მიუთხოვია. ცდილობდა, შეთანხმება მისაღები ყოფილიყო ორივე მხარისათვის.

განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოლაპარაკების კონფიდენციალურობის პრინციპი ვერ იქნებოდა გამოყენებული, რადგან განმცხადებლის ქალიშვილსა და პროკურატურას შორის მოლაპარაკება სასამართლოს გარეთ შეთანხმების ჩარჩოებს ცდებოდა, რადგან, პროკურატურის წარმომადგენელმა 2006 წლის 11 დეკებრის წერილით განმცხადებლის ქალიშვილი გააფრთხილა, რომ მამამისის მიმართ შეიძლება ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაწყებულიყო, თუკი შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული და ევროსასამართლოში საქმის წარმოება გაგრძელდებოდა. 

ბ. სასამართლოს შეფასება

სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მეგობრული მორიგება არის კონფიდენციალური. უფრო მეტიც, რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ უნდა გამჟღავნდეს მეგობრულ მორიგებისთან დაკავშირებული ნებისმიერი, წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაციის საფუძველზე გადაცემული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიუხედავად, სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს კონფიდენციალურობის დარღვევას იმ შემთხვევაში თუკი ადგილი ჰქონდა განაცხადის შეტანაზე ხელის შეშლას (მიროლუბოვსი და სხვები ლატვიის წინააღმდეგ, § 68, Miroļubovs and Others v. Latvia, no.798/05, 15 September 2009, ბალენოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, Balenović v. Croatia (dec.), no.28369/07, 30 September 2010).

თუმცა, სასამართლო მისაღებად არ მიიჩნევს  მოცემულ საქმეში მოლაპარაკების კონფიდენციალურობის პრინციპის გამოყენებას.  აღნიშნული მოლაპარაკება წარმოებდა განმცხადებლის ქალიშვილსა და პროკურატურის წარმომადგენელს შორის სასამართლოს მონაწილეობის გარეშე. მხარეთა მეგობრული შეთანხმების წინადადება ან ამასთან დაკავშირებული მათი პოზიცია სასამართლოს რეგისტრატურაში წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლოს აზრით, კონფიდენციალურობის პრინციპი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან აღნიშნულ ქმედებებს პროცედურების გარეშე ჰქონდა ადგილი. აღნიშნულს გამო მთავრობის შეპასუხება უარყოფილია.

განმცხადებლის მტკიცებასთან დაკავშირებით იმაზე, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა განაცხადის გამოთხოვის მიზნით,  სასამართლო ყურადღებას მიაქცევს  ინდივიდუალური განაცხადით სარგებლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მიუთითებს, კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად განმცხადებელს ან პოტენციურ განმცხადებელს სასამართლოსთან თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს  და დაცული უნდა იყვნენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისაგან (აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, § 105, Akdivar and Others v. Turkey, 16 September 1996, Reports of Judgments and Decisions 1996‑IV, აკსოი თურქეთის წინააღმდეგ, § 105, Aksoy v. Turkey, 18 December 1996, Reports 1996-VI). აღნიშნული მიზნებისთვის „ზეწოლა“  მოიცავს არა მხოლოდ პირდაპირ იძულების ან დაშინების შემაძრწუნებელ აქტს, არამედ, ასევე არაპირდაპირ, შეუსაბამო ქმედებებს, გადაარწმუნოს განმცხადებელი კონვენციით გათვალისწინებული საშულებების გამოყენებისგან (კურტი თურქეთის წინააღმდეგ, Kurt v. Turkey, 25 May 1998, § 159, Reports, 1998‑III).

აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ელექტრონული წერილის გაგზავნა განმცხადებლის ქალიშვილისათვის, რომლის ინიციატორიც თავად განმცხადებლის ქალიშვილი იყო და რომელიც მოცემულ საქმეში განმცხადებლის მტკიცებულებას წარმოადგენს, არ იყო შეუთავსებელი კონვენციის 34-ე მუხლის მოთხოვნებთან. მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს განაცხადის გამოთხოვის მიზნით განხორციელებულ ქმედებად (შეადარე კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ, Konstantin Markin v. Russia[GC], no. 30078/06,  §§ 162-163, ECHR 2012).

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ შეეძლოთ, ხელი შეეშალათ განმცხადებლისათვის თავისი უფლებების განხორციელებაში და შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის 34-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას.

 

ზემოთქმეულის გათვალისწინებით, სასამართლო

  1. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი.
  2. ერთხმად ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.
  3. ერთხმად ადგენს, რომ არ დარღვეულა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.
  4. ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის 34-ე მუხლი.